ჯარიმები ხე-ტყისა და ხრეშის უკანონო მოპოვებისთვის

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში გასულ და მიმდინარე წელს, გარემოსდამცველებმა არაერთი ისეთი ჯარიმა გამოწერეს, რომელიც მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალის მოპოვებას უკავშირდებოდა. არადა, ეს მდინარეები ჰესების მშენებლობის გამო სულ მალე უნდა დაიტბოროს.

 

„შუახევში კაცი რომ ცხოვრობს და ბებიის სასაფლაოს ვერ აკეთებს, ეს ხომ წარმოუდგენელია. სოფელში ხშირია ფაქტი, როცა ადამიანებს აჯარიმებენ მდინარიდან ქვა-ღორღის ამოღებისთვის და ტყის გაჩეხვისთვის. ტყე უნდა დავიცვათ და ბუნება, მაგრამ ხე მოჭრა გასათბობად და დაგაჯარიმონ?! გაჭირვებული გლეხისთვის ჯარიმებით ამოხრჩობა ძნელია“, – ამბობს სოფელ პაპოშვილების რწმუნებული სულიკო ფუტკარაძე. 

 

 

სწორედ მისი შუამდგომლობითა და დახმარებით არ დააჯარიმა სასამართლომ მდინარიდან ქვა-ღორღის ამოღებისთვის ის ადამიანი, ვისაც ბებიის საფლავის მოპირკეთება უნდოდა და ამისთვის მდინარიდან ინერტული მასალა ამოიღო. მეზობლებმა და სოფლის რწმუნებულმა სოფელში ხელწერები შეაგროვეს, ბებიის გარდაცვალების დოკუმენტი თან დაურთეს და მოსამართლეს გაუგზავნეს.

 

დაჯარიმებული საჯაროდ საუბარს ერიდება.

 

წელს, 10 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონის მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ 640 ლარით დააჯარიმა მოქალაქე გარემოზე ზიანის მიყენების გამო. დაჯარიმებულმა ერთი ძირი თხემლის ხე მოჭრა. მან განმარტა, რომ ხე ზამთარში ოჯახის გასათბობად სჭირდებოდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მოქალაქეს დამატებით 500 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

 

ასი სანტიმეტრის წიფლის ჯიშის ხე მოჭრა ხელვაჩაურში მცხოვრებმა კიდევ ერთმა მოქალაქემ. მოსამართლემ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 652 ლარად შეაფასა. ადმინისტრაციული ჯარიმის სახით ამ მოქალაქესაც, დამატებით 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

 

2011, 2012, 2013 წლებში, ხელვაჩაურის რაიონული, ქედის, ხულოსა და შუახევის მაგისტრანტი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სულ 306 ადამიანი დაჯარიმდა ხე-ტყის უკანონო მოჭრის გამო. 2014 წლის 26 თებერვლამდე კი იმავე სასამართლოებმა 61 ადამიანი დააჯარიმა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოქალაქეების უმრავლესობას ჯარიმები გადახდილი არ აქვთ. სასამართლოში ასევე არ ყოფილა პრეცედენტი, როცა გარემოსდამცველები კომპანიას ან ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს უჩივიან გარემოზე ზიანის მიყენების გამო ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტზე.

 

2013 წლის განმავლობაში და 2014 წლის ამ დრომდე რამდენი სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა აჭარაში ხე-ტყის გაჩევისა და ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე და ჯარიმებით რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში – ამ კითხვით სააღსრულებო ბიუროს მივმართეთ, თუმცა გამარტივებული წარმოების სამსახურის უფროსმა ლეილა მიქელაძემ მოგვწერა, რომ გამიჯნულად ჯარიმების სტატისტიკა არ აქვთ, ამიტომ „სააღსრულებო ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკამყოფილოს მოთხოვნა“.

 

ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის გამო გამართული სასამართლო გადაწყვეტილების ასლების მიხედვით, რომელიც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდანაა გამოთხოვილი, საშუალოდ ერთ ადამიანს 1500 ლარით აჯარიმებენ, გამოდის, რომ 2011, 2012, 2013 და 2014 წლის 26 თებერვლამდე დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდა დაეკისრა მოქალაქეებს.

 

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ ძირითადად იმ გლეხებს აჯარიმებენ, რომლებიც ხეებს გასათბობად ჭრიან. სამაგიეროდ, თითქმის არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც დააჯარიმეს კომპანიები, რომლებიც ხე-ტყით გაყიდვაზე მუშაობენ.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროსის ვახტანგ ღოღობერიძის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრიდან 5 მარტამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში 12 ფაქტი დაფიქსირდა წიაღის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოპოვების ფაქტზე, ხელვაჩაურში – 11, ქედის მუნციპალიტეტში კი – 1 ფაქტი. უცნობია ასევე, უკანონოდ ინერტული მასალის მოპოვების გამო დაჯარიმებით, რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში.

 

 

 

ინერტული მასალების და ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის ჯარიმების რაოდენობა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია

წყლის დაცვის დღეს ჭოროხის დელტა დაასუფთავეს

 

ჭოროხის დელტა ბიომრავალფეროვნებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია და  უნიკალური მოსასვენებელი ადგილია გადამფრენი ფრინველებისთვის.

 

პროექტი ,,დავასუფთავოთ საქართველო“ 22 მარტიდან დაიწყო და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქალაქებში, დაბებში და სოფლებში  დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანიიის წამოწყებას ითვალისწინებს.

 

 კიდევ ერთი აქციის – ,,ლურჯი ნაკადულის“,  მიზანია რუების, ნაკადულების, ღელეების პატარა მდინარეებისა და მათი ნაპირების დასუფთავება.

 

„წყლის დღე შეახსენებს ყველას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები“ –  ამბობენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

წყლის რესურსების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 1993 წლის 22 თებერვლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

 

 

გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთი მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში კი სასმელი წყალი მხოლოდ იყიდება. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები. კლიმატის გლობალური ცვლილებები კი უფრო ართულებს სიტუაციას.

 

 

 

წყლის დღე

მიწა გლეხს თუ კომპანიას-სახელმწიფოს არჩევანი

თინათინ ყოლბაია

ქალბატონო თინათინ, რატომ დააყენა საჯარო რეესტრმა მის მიერვე მიღებული აქტების კანონიერება ეჭვქვეშ, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?

-საჯარო რეესტრი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიღებული თავისი გადაწყვეტილებების კანონიერება გადაამოწმოს. ის ასევე ვალდებულია განახორციელოს თანამდებობის პირებზე ადმინისტრაციული კონტროლი. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება.

რეგისტრაციის კანონიერებაზე „აჭარ-ენერჯი-2007“-იც დავობს, რომელმაც სარჩელით სასამართლოს მიმართა. კონკრეტულად რას ითხოვს კომპანია?

-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გამოიწვია არსებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა, არის სწორედ „აჭარ-ენერჯი-2007“-ის სარჩელი, რომელიც ზუსტად ამ ნაკვეთებს უკავშირდება. კომპანია რეგისტრაციების გაბათილებას ითხოვს; არსებობს რისკები, რომ სასამართლომ გააბათილოს ეს სადავო რეგისტრაციები. როცა ამ ოდენობით სასარჩელო მოთხოვნაა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეამოწმოს იმ აქტების კანონიერება, რომლებზეც არის დავა. ასეთი სასარჩელო მოთხოვნით დავა სასამართლოში ჯერ არ გვქონია.

რა ეტაპზეა პროცესი სასამართლოში?

– გაიზარდა სასარჩელო მოთხოვნა. პირველ ეტაპზე მოიცავდა 89 მიწის ნაკვეთს, შემდეგ დაემატა 10 ნაკვეთი. კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენს ამ 99 მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა. სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის. სასამართლოში მხარედ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურია. გვაქვს წარდგენილი ჩვენი წერილობითი პოზიცია და მტკიცებულებები.

სხვა რეგიონებში თუ გადაგიმოწმებიათ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობა?

– რა თქმა უნდა. სხვა რეგიონებშიც და თბილისშიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ვერ გეტყვით, რომ ამგვარ პირთა ფართო წრე ხშირად არის, მაგრამ ყოველთვის გვაქვს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება რამდენიმე პირს ან ინდივიდუალურად ერთი რეგისტრაციის საგანს.

რეგისტრაციის გაბათილების შემთხვევაში ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება?

– ეს ჩვენი კომპეტენციის საგანი არ არის. ვიღებთ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის კანონიერების დადასტურების შესახებ, ან პირობითად, რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.

რეგისტრაციების გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილებას ვინ იღებს?

– ამ წარმოების შედეგი იქნება ან კანონიერების დადასტურება, ან რეგისტრაციების ბათილად ცნობა. ეს იქნება საჯარო რეესტრის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს დადგენილი წესით ჩაბარდებათ, რის შემდეგაც მათ ეძლევათ გასაჩივრების უფლება. წინასწარ, რა გადაწყვეტილება მოყვება ამ წარმოებას, ჩვენთვის უცნობია.

 

 

-რატომ გადაწყვიტეთ ამ ადამიანებთან საჯარო შეხვედრა, ეს პირველი შემთხვევაა?

– ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იცნობს წარმოების სამ ფორმას – მარტივს, ფორმალურსა და საჯარო ადმინისტრაციულს. ასეთი მაღალი სტანდარტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება პირთა ფართო წრეს და გვინდა ყველა მონაწილე პირის უფლება იყოს დაცული, შეძლონ მათ თავიანთი პოზიციებისა და არგუმენტების წარმოდგენა.

ხელვაჩაურიდან თბილისში ჩამოსვლა ბევრად უფრო რთული იქნებოდა მოსახლეობისთვის, ვიდრე – ბათუმში. ამიტომაც გადავწყვიტეთ საჯარო საქმის განხილვა ბათუმის იუსტიციის სახლში. თუმცა ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ სხვა რეგიონში ყოფილიყოს ასეთი მაღალი სტანდარტის ადმინისტრაციული წარმოება.

ამ მოსახლეობის მიწების საკუთრების კანონიერება სადავოა, ვინაიდან მათ აქვთ მდინარის პირას მიწის ნაკვეთები, ზოგს კლდოვანი ან სასოფლო დანიშნულებისთვის გამოუსადეგარი მიწა და ა.შ. თავის დროზე რატომ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა ეს ნაკვეთები?

-ამ ეტაპზე სწორედ ეს არის განხილვის საგანი. თქვენს კითხვებს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გაეცეს პასუხი. მანამდე ეს იქნება წინასწარი მოსაზრების გამოთქმა, ამიტომ ნამდვილად არ გვაქვს ამისი არც შესაძლებლობა და არც უფლება.

შეხვედრა მოსახლეობასთან იუსტიციის სახლში

მოხუცთა მოვლის პროგრამა ბათუმში

 

სერვისი ითვალისწინებს ექიმის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს და სხვა პროცედურებს. ასევე, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებას.

 

პროგრამის ბიუჯეტი 100 ათას 800 ლარს შეადგენს და 40 პაციენტზეა გათვლილი. პროგრამის მიმდინარეობას დღეს ბათუმის მერი გაეცნო და აღნიშნა, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე პროგრამის გაფართოება იგეგმება ანუ 20 ბენეფიციარის დამატება იგიგმება.

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი ბათუმელია

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი 26 წლის პატიმარი ავთანდილ მაისურაძე ბათუმელია. ის სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,   2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე,  სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში გარდაიცვალა.   

 

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მომხდარი მალევე ეცნობა ოჯახს. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კი დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

ციხე
ციხე

დღეს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, ტუბერკულოზზე მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  „მთლიანად ფინანსდება მკურნალობა, სრული დიაგნოსტიკა  და  ტრანსპორტირებაც კი.  პირველი იანვრიდან კი ბათუმში დაიწყო სწრაფი დიაგნოსტიკა მოლეკულური მეთოდით, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ტესტირებას“.

ნინო გუგუშვილის განცხადებით, ტუბერკულოზზე მკურნალობის მონაცემები აჭარაში ბოლო ორ წელიწადში სტაბილურია.   „ყოველწლიურად შემოსული ნიმუშების საერთო რაოდენობა  750-800 შეადგენს. პაციენტთა რაოდენობა საშუალოდ 400-450-ია აჭარის მასშტაბით.  პირველად დიაგნოსტიკაზე მოსულ პაციენტთა რაოდენობა კი თვეში დაახლოებით 25 -ია“.

როგორც სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, ლაბორატორია არის ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის თანამედროვე პრინციპების აგებული  და მთლიანად აჭარის რეგიონს ემსახურება.  

ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე

„შავი ზღვის აუზში ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელის ფორმირება“ – პროექტის პრეზენტაცია

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში. ეს არის კოალიციურ პროექტი – „Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region (BS NST)“ „შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები“, რომელიც მიზნად ისახავს ეკო/აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას.

პროექტი დაფინანსებულია „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2007-2013“-ს მიერ ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება 18 თვის განმავლობაში 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბულგარეთი და თურქეთი. საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC),  აჭარის არ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

 

პროექტის პარტნიორები  

 

– ბიზნესსაკონსულტაციო ინსტიტუტი (BCI), მოლდოვა, კიშინიოვი;

– საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC), საქართველო, აჭარის არ;

– აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველო, აჭარის არ;

– ბურგასის მუნიციპალიტეტი, ბულგარეთი;

– რეგიონალური განვითარების სააგენტო (ARD), უკრაინა, ოდესის რეგიონი;

– აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო  (DOKA), თურქეთი, აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონი.

 

პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები

 

– რეგიონში საერთო სტრატეგიის დაგეგმარების, კოორდინაციისა და განხორციელების შესაძლებლობების გაუმჯობესება;

– საბაზრო მოთხოვნაზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტების შექმნისა და პრომოუშენის ხელშეწყობისთვის ეფექტური ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა;

– ცოდნის/კვალიფიკაციის ამაღლება და ტურისტული პროდუქტების განვითარება პარტნიორ რეგიონებში საერთაშორისო ბაზარზე არსებული საჭიროებების მიხედვით;

– რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით შავი ზღვის აუზში ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო კოალიციური გარემოს შექმნა;

– ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება ტურიზმის საშუალებით.

 

სამიზნე ჯგუფ(ებ)

 

– საჯარო სექტორი – ტურიზმის დეპარტამენტები, რეგიონალური ხელმძღვანელობები, მუნიციპალიტეტები და სხვ;

– არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მუშაობენ – ტურისტული ასოციაციები, ტურიზმის განვითარების ორგანიზაციები და სხვ;

– კერძო სექტორი – ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები, სასტუმროების მეპატრონეები, სასტუმროები და სხვ.

 

პროექტის ძირითადი აქტივობები

 

  1. ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიების განვითარება

 

– მარკეტინგული კვლევები – მარკეტინგული კვლევების შედეგად თითოეულ რეგიონში მოიპოვება საჭირო ანალიტიკური ინფორმაცია. ეს სასარგებლო იქნება ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებისთვის, ასევე, შეგროვილი მონაცემები გამოიყენება პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ ვებპორტალისთვისაც (საჭირო ტურისტული ინფორმაციის შესავსებად);

 

– ახალი პროდუქტებისა და ტრანს-სასაზღვრო რეგიონებში ტურპროდუქტების პოტენციალის შესწავლა – მსგავსი ტურპროდუქტების შესაძლებლობების ანალიზი მაგ.: მოლდოვა/უკრაინა/ბულგარეთი, საქართველო/თურქეთი – ერთობლივი ტურისტული პაკეტი, რომელსაც შესთავაზებენ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს;

– ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიის განვითარება პარტნიორი ქვეყნების ტურპროდუქტების პრომოუშენის და ერთობლივი ტურისტული პაკეტების ხელშეწყობისათვის.

 

2. ტურიზმის სფეროში კვალიფიკაციის გაუმჯობესება

 

– ტრენინგები პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის – შეიქმნება ოთხი ტრენინგპაკეტი და ჩატარდება ტრენინგები შემდეგი თემატიკის მიხედვით:

 

I პაკეტი – ტრენინგები ტურისტული ადგილებისა და ინტერნეტ/სოციალურ მედიამარკეტინგში (3 დღე);

II პაკეტი – ღვინის/ეკო ტურიზმის სპეციფიკა, მარკეტინგი და სხვ;

III პაკეტი – ტრენინგები/ვორკშოპები PPP (კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის) პარტნიორობის მეშვეობით ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში;

IV პაკეტი – ვორკშოპი ტურიზმის პროდუქტების ერთობლივი პრომოუშენისთვის- საჯარო/კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა.

– პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლითი ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით.

– ვორკშოპები ტურიზმის სფეროში PPP (კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორობა) განვითარებაზე – პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ჩატარდება 2 ვორკშოპი ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისთვის ტურიზმის სტეიკჰოლდერებთან (მაგ.: ტურიზმის ასოციაციები, კერძო ტურ კომპანიები, ადგილობრივი ექსპერტები, მთავრობა და სხვ).

 

3. ეფექტური ონლაინპლატფორმის შექმნა ტურიზმის პროდუქტების ერთობლივი პრომოუშენისთვის

 

ტურიზმის საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა – თითოეული პარტნიორი IT პლატფორმისთვის აგროვებს შესაბამის მონაცემებს, მაგ.: მარშრუტების რუკები, ადგილობრივი ხელისუფლების იდენტიფიკაცია, ტურიზმის პროდუქტები, სიახლეები, ფესტივალები და სხვ.

 

IT პლატფორმის/ვებგვერდის შექმნა და განვითარება – წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პროექტის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების შესახებ: მარკეტინგული სტრატეგიები, ტურისტული მიმართულებები, ტენდენციები, სიახლეები, ფესტივალები და სხვ. პორტალი ასევე იმუშავებს, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმა პროექტის პარტნიორებისა და ადგილობრივ სტეიკჰოლდერებს შორის, ახალი ტურპროდუქტების პრომოუშენისთვის და სხვ.

 

პროექტის ფარგლებში სოციალური მედიის პლატფორმის განვითარება – სოციალური მედიასაშუალებების პაკეტი (Blog, Facebook, Twitter, Youtube, Flickr და IT პლატფორმასთან.

 

4. პროექტის საინფორმაციო PR აქტივობები

 

– პრესკონფერენციები და საგაზეთო ჩანართები – თითოეულ ქვეყანაში ორგანიზებული იქნება პრესკონფერენციები, პროექტის უმთავრესი აქტივობების მედიაგაშუქება, ვებპორტალის პრეზენტაცია და სხვ;

– პარტნიორების მიერ რეგიონალურ ტურიზმის ბაზარზე BS ტურიზმის პროექტის შესახებ კატალოგისა და საინფორმაციო მასალის გავრცელება;

– შავი ზღვის ტურიზმის ფინალური კონფერენცია – ჩატარდება ბულგარეთში (ბურგასი) და ეს იქნება ფიზიკური პლატფორმა ყველა პარტნიორისთვის, ტრადიციულ და ახალი ტურისტულ პროდუქტების პრომოუშენისთვის;

პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გამოქვეყნდება საგაზეთო ჩანართის ფარგლებში და ასევე ორგანიზაციის ვებგვერდზე და ფეისბუქგვერდზე (www.biaff.org, www.facebook.com/biaffbatumi).

 


 


მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC)  მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2007-2013“. ჩანართის ტექსტში გამოთქმული  მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

 

“Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region” (BS NST)

MIS-ETC 2605

საკონტაქტო ინფორმაცია:

IBDIPC

Tel: 599-482 181

E-mail: ibdipc@gmail.com; Web: www.ibdipc.org;

 

 

ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღესვე გამოვლინდა  გამარჯვებული სამი გუნდი,  რომლებიც თასებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

პირველ  ადგილას ბათუმის პირველი  საჯარო სკოლის გუნდი „პირველები“ გავიდა, მეორე ადგილი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა „ვოლდანმა“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ნაკრებმა გუნდმა  „სიმპსონები”.

ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

ტანვარჯიშის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

 

– ბატონო გურამ, რა შედის თქვენ მოვალეობაში, რა გეგმები გაქვთ დასახული ტანვარჯიშის განვითარებისთვის?


– პრეზიდენტის უშუალო მოვალეობა ნაკრები წევრების მეთვალყურეობა, სპონსორების მოძიება, სხვა ქვეყნის ფედერაციებთან ურთიერთობის დამყარებაა. მაგალითად, შარშან გაცვლითი ღონისძიება გვქონდა სომხეთთან, ქალაქ პანაძორის ტანვარჯიშის სპორტული სკოლის ფედერაციასთან, სადაც დეპარტამენტის ხელშეწყობით ვიყავით შეჯიბრებაზე. ისინიც იყვნენ ჩამოსული. გასვლით შეჯიბრებებზე ბავშვების დაოსტატება სწრაფად მიმდინარეობს. როდესაც ბავშვი ხედავს შეჯიბრებაზე ის ილეთი, რომელიც მას არ გამოსდის, ვიღაცამ უკეთ შეასრულა, გაჯიბრების მეტი სტიმული ეძლევა. წელს გასვლითი შეჯიბრების ჩატარებას თურქეთში ვგეგმავთ.

სამომავლოდ ყველაზე მთავარი პერსპექტიული ბავშვების გამოვლენა და მათზე ყურადღების მიქცევაა. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელი ფაქტორი ბავშვის ბუნებრივი ნიჭია, შემდეგ კი – შრომა და ვარჯიში.

 

– რამდენია ფედერაციის ბიუჯეტი, რა ღონისძიებებზეა გათვლილი და საკმარისია გასვლითი შეჯიბრებების ჩასატარებლად?


– აჭარის სპორტის დეპარტამენტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 300%-ით გაგვიზარდა დაფინანსება. მოიმატა შეჯიბრებების რაოდენობამაც. ფედერაციის ბიუჯეტი წელს 50 ათასი ლარია. გასულ წელს 30 ათასი იყო, 2012 წელს კი – 17 ათასი. თანხა ნაწილდება საქართველოს ჩემპიონატების, საქართველოს თასის, ტურნირების ხარჯებზე. დარჩენილი თანხით იგეგმება სხვა ღონისძიებები. დაფინანსების წყალობით წელს ჩვენ ვატარებთ ორ საერთაშორისო ტურნირს – რუსიკო სიხარულიძის საერთაშორისო ტურნირს აგვისტოში და ბატუტზე ხტომების საერთაშორისო ტურნირს. 2009 წელს სამინისტრომ სპორტული ინვენტარი შეგვიძინა. ჩვენი ძალებითაც ვაკეთებთ დამხმარე ინვენტარს, მაგრამ არსებობს ქარხნული წესით დამზადებული, რომელსაც ჩვენი ძალებით ვერ ვწვდებით. დეპარტამენტი ეტაპობრივად დახმარება შეგვპირდა. გარდა ამისა, წელს შეგვიძინა ახალი ბატუტი, რომლის ღირებულება 20 ათას ლარზე მეტია. საკმაოდ ძვირადღირებული სპორტის სახეობაა, მისი ინვენტარი ძვირია, ფინანსური მოგება კი ნაკლებად მოაქვს. ეს უფრო ესთეტიკური სილამაზის ძალისმიერი სპორტის სახეა, თუმცა ლამაზი მოძრაობების უკან საკმაოდ შრომატევადი მუშაობაა.  

 

 

– რამდენი ბავშვი გესახებათ წარმატებულ სპორტსმენად?


– ბათუმის ტანვარჯიშის ფედერაციაში ოთხი სახეობა ერთიანდება. თითოეულ სახეობას ჰყავს ნაკრები. სპორტულ ტანვარჯიშში (ვაჟთა და ქალთა) – 10 ბავშვი, მხატვრული ტანვარჯიშში (მხოლოდ ქალები მონაწილეობენ ამ სახეობაში) – 6 გოგო, ბატუტზე ხტომაში (ვაჟთა და ქალთა) – 8, სპორტული აკრობატიკაში – 9 ბავშვი გამოირჩევა. ამჟამად სპორტსკოლაში ტანვარჯიშზე 220 ბავშვი დადის და მათ 23 მწვრთნელი ავარჯიშებს. შეიძლება ერთი, ორი წელი გავიდეს და ერთი პერსპექტიული მოსწავლეც არ დარჩეს სკოლაში. დაინტერესება დიდია. მშობლებს ბავშვები მოჰყავთ ძირითადად გამაჯანსაღებელი მიზნით. ყველა მშობელს უნდა, როცა ბავშვი ოდნავ მსუქანია, წონაში დაიკლოს, მოდუნებული კუნთები გაუმაგრდეს. ტანვარჯიში სქოლიოზით დაავადებულებისთვისაც სასარგებლოა. ხშირად აღნიშნავენ მშობლები, რომ ამ სპორტში ბავშვების მოყვანის მერე ბავშვები ნაკლებად ავადდებიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობელს ნაკრებიდან მიჰყავს ბავშვი და მთავრდება პერსპექტიულ ბავშვთან ორ-სამწლიანი მუშაობა. ძირითადი შრომა როცა ჩადებულია, სწორედ მაშინ მიდიან ბავშვები. მშობელი თავისი შვილისთვის ყოველთვის ირჩევს სწავლას, რა თქმა უნდა, მშობელი არც გაიმტყუნება.

ინვენტარის შეძენამ გამოგვაცოცხლა და შედეგიც არის. გვყავს სპორტული ტანვარჯიშის საქართველოს სამგზის ჩემპიონი  გიორგი აროშიძე.

 

– შესაძლებელია ტანვარჯიში  პრიორიტეტული სპორტის სახეობა გახდეს აჭარაში?


– ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, ეს ფანტაზიის ტოლფასი იქნება. ჭიდაობა საქართველოში ყოველთვის იქნება წინა პლანზე, ეს იგივეა, როგორც, ვთქვათ, ბრაზილიაში ფეხბურთი. მთავარი აქ ის არის, რომ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები. ტანვარჯიშზე ბევრი ბავშვი მოდის, რომელსაც ვამზადებთ იმისათვის, რომ სამომავლოდ აქტიურად ჩაერთონ ჭიდაობაში. მან თუ წარმატებას მიაღწია, ეს ჩვენი მუშაობის შედეგიც იქნება.

 

 

სამსაუკუნოვანი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში ამბობენ, რომ ხიდი სამი საუკუნის წინ ოსტატ ბერიძეს სოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია. სოფლის რწუმებულის  ინფორმაციით ხიდს წარსულში სატრანზიტო მნიშვნელობა ჰქონდა, ის შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის  სოფლების – ბრილის, მოხევისა და ბარათაულის დამაკავშირებელი გზა იყო, ასევე უკავშირდებოდა ხულოს მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ გზას.

 

ხიდი ბზის მასალითაა აგებული, გამოყენებულია წაბლის მასალაც, მისი ბალავარი კი ქვითკირით ნაგებია. 

 

ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი წარსულში ყავრით იყო გადახურული, მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში კი, დაზიანების გამო, ხიდი თუნუქით გადახურეს.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ხიდის რესტავრაციას გეგმავს.

 

„სააგენტო ეძებს ოსტატებს, რომლებიც ამ ხიდის რეაბილიტაციას შეძლებენ, ასეთი ოსტატები შუახევში გვყავს“, – უთხრა „ბათუმელებს“ შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ. 

 

ბოლო პერიოდში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აჭარაში ასევე მიანიჭა სოფელ მახოს გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებულ ხის ხიდს და სოფელ მახინჯაურში მდებარე გრაფინია ფესენკოს აგარაკს.

 

 

 

არჩევნების სამზადისი

 

გამგებლის, პროპორციულ და მაჟორიტარული სიით ერთიან კანდიდატზე „ქართული ოცნება“ ხულოში ჯერ არ შეთანხმებულა, კოალიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, მათი ვინაობა საჯაროდ არ სახელდება.

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ ძირკვაძე ამბობს, რომ მაჟორიტარები აქ პრაიმერით შეირჩევიან.

 

„რამდენიმე სავარაუდო კანდიდატს განვიხილავთ, მაგრამ ვინაობას ვერ დაგისახელებთ, შესაძლებელია შეიცვალოს საარჩევნო სია. კოალიციურ შტაბში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც თემებში პრაიმერს ჩაატარებს, პრაიმერი გამოავლენს მაჟორიტარობის კანდიდატებს, ხულოელებმა უნდა გადაწყვიტონ მათი კადრები. ვფიქრობ, ყურადღება პროფესიონალიზმს და ხალხისთვის მისაღებ პიროვნებას მივაქციოთ, თვითმართველობაში უმრავლესობით მოვალთ“, – აცხადებს რამაზ ძირკვაძე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გამგებლის კანდიდატად აქ მოქმედი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის კანდიდატურას განიხილავს. რამაზ ძირკვაძე ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

„ბესიკ ბაუჩაძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არ არის გამორიცხული დასახელდეს კიდეც კანდიდატად. ერთი კი ცხადია, ის, ვინც ხულოს საკრებულოში „ნაციონალური“ პარტიით შევიდა და ახლა „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, კანდიდატად არ დასახელდება,“ –  ამბობს რამაზ ძირკვაძე.

 

გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ კენჭისყრას აპირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

 

„ნაციონალურ“ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა დეკანაძე ამბობს, რომ კადრებთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სიის პირველ ნომრად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, ნოდარ თავართქილაძის კანდიდატურა განიხილება.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებს არ ასახელებს შუახევშიც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამგებლობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ნუგზარ ამაღლობელი, პროპორციული სიით პირველ ნომრად კი მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მევლუდ ჭურკვეიძე განიხილება. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“  შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსლან ზოიძე არ უარყოფს. მისი განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დელეგატებთან ერთად პოლიტსაბჭო მიიღებს.

 

„რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა, საბოლოო გადაწყვეტილებას, დელეგატებთან და პოლიტ საბჭოსთან ერთად მივიღებთ და დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. კანდიდატად შეიძლება ჭურკვეიძეც დასახელდეს, მეგრელიძეც, ამაღლობელიც და სხვებიც, არც ის არის გამორიცხული, მოსახლეობაში გამოკითხვა ჩავატაროთ. მაქვს მოლოდინი საკმაოდ მაღალ პროცენტს ავიღებთ არჩევნებზე, მაჟორიტარებში ნახევარზე მეტს მაინც გავიყვათ“, –  ამბობს სოსლან ზოიძე.

 

„ქართული ოცნების“ შუახევის ორგანიზაციის თავჯდომარის, ნოდარი ქარცივაძის თქმით, სიით და მაჟორიტარი კანდიდატები ადგილზე შეირჩევიან, გამგებლის კანდიდატურაზე კი პოლიტსაბჭო იმსჯელებს.

 

„შუახევის საკრებულოს მომავალი ბედი მხოლოდ შუახევში უნდა გადაწყდეს, აქ მაცხოვრებლებმა უნდა შეარჩიონ,“ –  ამბობს ნოდარ ქარცივაძე.

 

შუახევის მოქმედი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტლება არ მიუღია. „მაგრამ, თუ მივიღებ მონაწილეობას, კენჭს მხოლოდ გამგებლობაზე ვიყრი“, – ამბობს ის. 

 

ვის წარადგენს გამგებლად „ქართული ოცნება“ ქედაში, ამ ეტაპზე უცნობია. პარტიას ქედაში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ ჰყავს, სიით პირველ კანდიდატად ამირან დევაძე მოიაზრება.

 

ქედის მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ შეთავაზებას თუ მიიღებს, უარს არ იტყვის.

 

„ეს საკითხი იმ პარტიის გადასაწყვეტია, რომელსაც წარმოვადგენ. თუ შემომთავაზებენ უარს ნამდვილად არ ვეტყვი. ამბიციური გეგმები მაქვს ქედის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით“, –  აცხადებს დავით დუმბაძე.

 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ ყველა კანდიდატს პრაიმერით შეარჩევენ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქედაში პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის ყოფილის გამგებლის, ვაჟა ბოლქვაძისა და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ შარაძის  კანდიდატურებს განიხილავს გამგებლის პოზციაზე, სიაში პირველ ნომრად კი ქედის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ზვიად თურმანიძე და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე განიხლებიან.

„რაც კარგები ვართ…“

 

„მამაჩემთან ხშირად მაქვს დავა საბჭოთა ეპოქაზე, აზრი ვერ შევაცვლევინე. ვფიქრობ, მისთვის უკვე ძნელია გადააფასოს ღირებულებები. ზეაღმატებითი პათოსიც მგონია, რომ სწორედ ამ ეპოქიდან მოდის, რადგან პოპულიზმი და სიყალბე ყველაზე მეტად ამ პერიოდს ახასიათებდა“,  – გვეუბნება სტუდენტი ედო არძენაძე. მისი აზრით, აღმატებითი ფორმა  –  „ყველაზე კარგები ვართ“ ინერციით კვებავდა ყველა შემდგომ თაობას, თუმცა ეს ტენდენციები  დღესაც განიცდის ფორმაციას.

 

„ჩვენს თაობაში სნობიზმი უფრო მოდაშია, ვიდრე პათეტიკა. ასე მგონია გულზე მჯიღის ცემა ქართველების გამორჩეულობის გამო, ძველ თაობას უფრო ახასიათებს“, – ამასაც ახალგაზრდა ედო ფიქრობს. 

 

ედო არძენაძე

 

მისი აზრით, სტერეოტიპებზე საზოგადოებას არ უყვარს ფიქრი და განსჯა. „ამიტომ სჭარბობს ზეაღმატებითი კლიშეები ქართულ საზოგადოებაში, ქართველს ემოციაზე, ნაპერწკალზე აყოლა უყვარს, ფიქრი და განსჯა კი – ნაკლებად. ამიტომ არის ჩვენი მწერლობა და პოეზიაც პათეტიკით გაჯერებული. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ოქროს შუალედის პოვნა ყოველთვის გვიჭირს“.

 

ედო მიიჩნევს, რომ სტერეოტიპებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა განათლებაა: „ვიკითხოთ და ვიფიქროთ ბევრი. როცა ამას გააკეთებ, მართვადი აღარ იქნები“. 

 

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის განმარტებით, არ შეიძლება მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული აზროვნებისა თუ თვითშეფასების კლიშეთი („რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“) რაიმე სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ ერის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მაგრამ ფართომასშტაბიანი კრიზისების დროს დიდ ჯგუფებს, მათ შორის – ერებს, ახასიათებთ ერთგვარი გადახრა ნარცისიზმისკენ. „და აი აქ, ყურს მიჩვეული და ერთი შეხედვით უწყინარი კლიშე – „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ – შესაძლოა სწორედ ამ პრობლემურ მდგომარეობაში გადასვლის ერთ-ერთი ინდიკატორი გახდეს. გამომდინარე იქედან, რომ პერმანენტულ კრიზისში ვართ, ჩვენთვის არ არის უცხო ნარცისტული რეაქციები. ნარცისტული მდგომარეობაა საზოგადოების ფრაგმენტაცია, რომელიც თავს იჩენს სტერეოტიპული დამოკიდებულებით „მე კარგი ვარ, შენ ცუდი“, სადაც უმრავლესობა ვერ იტანს უმცირესობას, უმცირესობა – უმრავლესობას, და ყველა ერთად კი -ერთმანეთს“.

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ დიდი ჯგუფების ფსიქოლოგიაში, აგრეთვე, ქრესტომათიულია ნარცისიზმის ისეთი გამოვლენა, როცა მთელი ერი საკუთარ მდგომარეობაზე ზრუნვას მხოლოდ ერთ ადამიანს დააკისრებს, „როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. როცა სამი-ოთხმილიონიანი საზოგადოება საკუთარი ცხოვრების გამო პასუხისმგებლობას ერთ კონკრეტულ ადამიანს აკისრებს, ეს ძალიან უხერხულია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ცდილობს, წავიდეს ქვეყნის პოლიტიკური ავანსცენიდან“.

 

ჯანა ჯავახიშვილი

ფსიქოლოგის შეფასებით, გამორჩეულობის ან ღვთიური მისიის მატარებლის (მაგალითად, კლიშე – „ღვთისმშობლის წილხვედრი) იდეა, რომელიც ასე აქტუალურია ქართულ დისკურსში, პატარა ერებისთვის დამახასიათებელია: „იგივე კლიშეები აქვთ, მაგალითად, სომხებსაც, როდესაც საუბრობენ საკუთარ უნიკალობაზე; თუმცა, ეს ნამდვილად არ არის უცხო არც დიდი ერებისთვის, კრიზისის დროს – „გავიხსენოთ თუნდაც 11 სექტემბრის მაგალითი, ან ბოსტონის მარათონის ტრაგედია, რომელმაც ამერიკის მოქალაქეებში, აბსოლუტურად მსგავსად ჩვენისა, პატრიოტიზმზე პედალირებისა და პატრიოტიზმით მანიპულირების რეაქციები გააღვიძა“.

 

ფსიქოლოგის აზრით, კლიშეების მოშლისთვის აუცილებელია განათლება, სამოქალაქო ფასეულობებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. „დემოკრატიული ფასეულობები არ არის აბსტრაქტული ცნება, ეს უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების გაცნობიერებას, გაფრთხილებასა და დაცვას გულისხმობს. დემოკრატია არ ნიშნავს უმრავლესობის ჰეგემონიას უმცირესობაზე ან პირიქით – ეს გაკვეთილი საბჭოთა პერიოდში უკვე გავიარეთ. დემოკრატია ნიშნავს ყოველი კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვას. თუნდაც ერთი ადამიანის უფლებების ნიველირება იმ მიზეზით, რომ `ხალხს ასე უნდა“  – დიდი შეცდომაა. დემოკრატია შენდება ყოველი კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვით“.

 

პედაგოგი ნინო სურმანიძე მიიჩნევს, რომ პიროვნების იდენტობის ბაზისი, ოჯახის შემდეგ საგანმანათლებლო გარემოში ყალიბდება: „ყველა გონიერმა ერმა იცის, რომ არც სხვაზე ბევრად უარესია და არც უკეთესი. ყველა ერს აქვს გამორჩეული და რაღაც თვითმყოფადი, ისევე როგორც ქართველებს. `რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტია, თუმცა ერმა არ უნდა დაკარგოს რეალური თვითშეფასების უნარი. დღეს ცოტა გაღიზიანებული ვართ თურქებზე ხომ? იმიტომ, რომ უფრო განვითარებულია. ჩვენ ხშირად გულზე ვსკდებით იმის გამო, რომ სხვა გვჯობნის“.

 

ნინო სურმანიძე აკაკი ბაქრაძეს იხსენებს: „მწერალთა კავშირიდან გამოსვლის დროს ერთ მოხუც სომეხს უთქვამს, როგორი ჭკვიანები ხართ ქართველები და ჩვენ რა სისულელე ვქენით, გასტრიტი ავიკიდეთ – არ ვჭამეთ, არ ვსვით და ფული ვაგროვეთ, მოვიდნენ კომუნისტები და ყველაფერი წაგვართვეს, თქვენ ქეიფი მაინც შეგრჩათო. ერთი შეხედვით, როგორც ბაქრაძე ამბობდა, სასაცილოა ეს ამბავი, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს კითხვა, – რომ არ მოსულიყვნენ კომუნისტები? ჩვენის დაფასებაც უნდა ვისწავლოთ და კრიტიკულად შეხედვაც. ქართველები ლაღები ვართ და ამ სილაღეში ბევრი რამ გამოგვეპარა. პრობლემაა ის, რომ დღემდე საბჭოთა ეპოქას მივტირით, ეპოქას სადაც უზნეო ადამიანებს ვზრდიდით, სადაც სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, სახელმწიფო ქონების ქურდობა, ქურდობა არ იყო, ავტობუსში სკამების დაჭრა უწესობა არ იყო. აღზრდა მარტო წიგნის წაკითხვა არ არის. წიგნს თეიმურაზ ხევისთავიც კითხულობდა, მაგრამ მაგაზე ბნელი პერსონაჟი ჯერ არ შემხვედრია. წაკითხულის ანალიზია მნიშვნელოვანი“. 

 

ნინო სურმანიძის აზრით, კლიშეები უნდა დაინგრეს და გადასარჩენი უნდა გადარჩეს:

 

„რაც მოსაშორებელია ნელ-ნელა მოშორდება. შეიცვალა გლოვის ფორმები, თუმცა ჯერ ქელეხებს არაფერი შველის. როცა ვიღაც არ აკეთებს, მე ვეუბნები ხოლმე, თქვით, რომ ეს კარგია. კურიოზია, რომ დღესაც კი, ცოცხალი ადამიანები სასაფლაოზე თავიანთ თავს ახატავენ. ერის საუკეთესო თვისებად არც ყანწებით ღვინის სმა მიმაჩნია, მაგრამ თანამედროვე ბავშვებმა მინდა გაიგონ, რომ რუსთაველი და ვაჟაც ქართველები არიან და მათი შემოქმედება უდიდესი ფასეულობების მატარებელია. უნდა გადარჩეს ქვევრის ღვინო, ქართული ფოლკლორი და ბევრი რამ, რაც ჩვენი იდენტობისთვის მნიშვნელოვანია“.

 

ნინო სურმანიძე

 

ნინო სურმანიძის აზრით, ერთ-ერთი პოპულარული კლიშე – „ქართველები ყველაზე ტოლერანტი ერი ვართ“, პატარა ერის სინდრომით საზრდოობს: „ჩვენ გვაქვს გლობალიზაციის შიში, ამიტომ არის, რომ ამ კლიშეს საწინააღმდეგოდ მოქმედებს სიძულვილი. ეს არის შიში, რომ შესაძლებელია ეთნოსის გარეგნული და სულიერი ნიშნები შეიცვალოს. ის, რომ ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი ფერადკანიანია, შეიძლება დღეს არ არის პრობლემა, მაგრამ გვაშინებს ის, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება ქართველის ფერი შეიცვალოს. ქართველის ადაპტირება ევროპაში ადვილია, რადგან არ არსებობს რასობრივი ბარიერი, ევროპაში წასული ქართველები ხშირად იცვლიან სახელს, გვარს… ამ ტენდენციის გაგრძელების ეშინია ქართველს. ზეაღმატებითი კლიშეებიც – „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ – ამ შიშით არის  გამყარებული.

 

ქართველი ერის იდენტობის, ფასეულობების შესახებ დისკუსიას მეტ-ნაკლებად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითქმის ყოველთვის სჭარბობს აღმატებითი ფორმა – „ყველაზე კარგები“. თუმცა შეიმჩნევა ახალი ტენდენციაც – გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სვამენ კრიტიკულ კითხვას – რით გამოვირჩევით სხვებისგან?

 

ატესტაცია განათლების სამინისტროში

 

სპეციალურ კომისიას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ხელმძღვანელობდა.

 

„ზეპირი გასაუბრება ჩატარდა იმ თანამშრომლებისთვის რომლებიც ექვემდებარებოდნენ. ატესტაციას. იცით ალბათ საჯარო მოხელეებმა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ხვალ დილით  დღის პირველ ნახევარში გამოვაქვეყნებთ შედეგებს,“ – განაცხადა  კომისიის ხელმძღვანელმა სულიკო თებიძემ.

 

მისივე თქმით, თუ თანამშრომლები ატესტაციას ვერ გაივლიან, თანამდებობა დარჩება ვაკანტური და გამოცხადება კონკურსი.

აჭარის პირველობა სპორტულ აკრობატიკაში

 

ღია პირველობაში 36 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც  სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ხოლო დანარჩენ მონაწილეებს წამახალისებელი სიგელებით  გადაეცათ.

 

შეჯიბრების მიზანი აჭარაში სპორტული აკრობატიკის განვითარება და  პოპულარიზაცია იყო.

 

ღონისძიება აჭარის ტანვარჯიშის  ფედერაციისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.  

 

აჭარის ჩემპიონატი ფრენბურთში

 

შეჯიბრების მიზანი პერსპექტიული ფრენდბურთელების გამოვლენა  და საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებაა.  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულები  სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

 

ღონისძიების ორგანოზატორები აჭარის ფრენბურთის ფედერაცია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტია.

27 მარტს აჭარის ჩემპიონატი ფრენბურთში 16:00  საათზე დაიწყება.

 

 

 

 

ბათუმის გათავისუფლების ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღე

„დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ქართველს, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიიღეს მონაწილეობა აქ მიმდინარე ბრძოლებში. თავი გასწირეს  ქვეყნისთვის. სწორედ ეს გახდა ერთიანობისა  და თავგანწირვის სიმბოლო მთელი ქვეყნისათვის,“  –  განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

იქ, სადაც ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების  საფლავები იყო განთავსებული, დღეს სკვერია მოწყობილი და ჯვარია აღმართული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის და რა ფორმით დაიდგმება  მემორიალი.

„ამ სკვერთან დაკავშირებით მრავალჯერ იყო გადაწყვეტილება  მიღებული, მაგრამ  დღეს რაც არის ის არის. ვერ წავიწიეთ წინ. დგას ჯვარი. ჯვარი სიმბოლოა, გამოხატულებაა  დაღუპული ადამიანებისა და ამ ადამიანებმა თავიანთი გმირობით უკვდაყვეს თავიანთი თავი. რა ფორმას მიიღებს შემდეგში, რა ძეგლი დაიდგება და როგორი კომპოზიცია იქნება, ეს არის ჯერ გადაწყვეტილი,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

დღესვე ბათუმელი ფოტოგრაფის, გიზო ჩიგოგიძის ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელიც 90-იან წლებში, ბათუმის გათავისულფებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა საფლავების აღმოჩენის პერიოდს ასახავს.

1921 წლის მარტში, მას შემდეგ რაც თებერვალში საქართველოს გაასაბჭოეს, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა მაზნიაშვილმა, ბათუმი თურქი ჯარისკაცებისგან გაათავისუფლა. ბათუმის გათავისუფლების ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლათა დღეს ყოველწლიურად, 23 მარტს აღნიშნავენ.

ერთი დღე სამაშველო სამსახურში

 

სამაშველო სამსახური  – „ბაზა“

 

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო სამი წელია არსებობს. მისი ხელმძღვანელი მამუკა თურმანიძეა. ექვს განყოფილებაში 94 თანამშრომელი მუშაობს; 26 ავტომანქანა, კატარღა, კვადროციკლი და წყლის მოტოსკუტერი აქვთ. ზღავზე, მთაში და ხმელეთზე ადამიანებს ეხმარება 59 მაშველი, 6 მყვინთავი, 5 გემთწამყვანი და 2 მოტორისტი. სააგენტო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამინისტრომ სააგენტოს წელს 2 464 250 ლარი უნდა დაუმტკიცოს. 

 

ბაზას 37 თანამშრომელი ჰყავს. ყველაზე მეტი, 16 მაშველი აქ არის მობილიზებული. „ბაზის“ ეკიპაჟი 4-კაციანია.

 

სააგენტოს ცენტრალური განყოფილება, რომელსაც თანამშრომლები „ბაზას“ უწოდებენ, ხელვაჩაურის გამგეობის შენობის უკან მდებარეობს. ეზოში, ხის ძირას, საბურავებდაშვებული სამი მსუბუქი მანქანა დგას. ხეზე რამდენიმე ადგილას განასკვული მსხვილი ბაწარი ჰკიდია. როგორც მამუკა თურმანიძე ამბობს, მანქანები სააგენტოს ჩამოწერილი ქონებაა და მაშველები სავარჯიშოდ იყენებენ.

იქვე ტექნიკური აღჭურვილობის შესანახი საწყობია. მის უკან დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის რკინის კონსტრუქცია დგას. შენობის პირველ სართულზე საკონფერენციო ოთახი, ოპერატორის განყოფილება, „რეაგირების ოთახი“ და სამზარეულოა, მეორე სართულზე კი, ბუღალტრისა და სააგენტოს ხელმძღვანელის კაბინეტებია განთავსებული.

 

 

ახლო ხედით

 

დღეს დათო ქადიეშვილი, ჯანი ხალვაში, გიორგი ბარამიძე და ვახტანგ დევაძე მორიგეობენ. მაშველებიდან ყველაზე უმცროსი 23 წლის გიორგი ბარამიძეა.

 

მაშველები გამოძახებას რეაგირების ოთახში ელიან. როცა „112“  – გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი არ რეკავს, მაშველებს თავისუფალი დრო აქვთ: ეზოში, სიმაღლეში ასვლა-ჩამოსვლაში, კარის გახსნაში, თოკზე ცოცვასა და სხვადასხვა სახის ნასკვის გაკეთებაში ვარჯიშობენ (ასეთი ნასკვი აუცილებელია სადმე ჩავარდნილი ადამიანის ამოსაყვანად) ან ტელევიზორს უყურებენ და ჩაისა და ყავას იმზადებენ. თუ გამოძახება არ არის და ძალიან მოიწყინეს, ამბობენ: „კარის გაღება მაინც გვქონდესო“, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას კარი ჩაეკეტა და მათ საშველად უხმობენ. დათო ამბობს, რომ მას შემდეგ გახშირდა ასეთი ტიპის გამოძახებები, რაც სახლებში ჩინური კარების დამონტაჟება დაიწყეს.

 

„რეაგირების“ ოთახში ორსართულიან ორ საწოლზე ლებები აგია თეთრეულის გარეშე. თეთრეული აქ ზედმეტია მაშველები სამაშველო ფორმაში ათევენ ღამეს. საწოლი იმისთვის დგას, რომ მშვიდ ღამეში, როცა არაფერი ხდება, დაისვენონ, თუმცა ოპერატორის წითელი ღილაკით სიფხიზლეს ინარჩუნებენ.

 

ზარს დღეს ოპერატორი ნარგიზ დევაძე პასუხობს. მაგიდაზე აქვს ხაზის ტელეფონი ნომრით: 25 94 94 და მობილური ტელეფონი ნომრით: 514 25 94 94, კომპიუტერი, სტიკერები, რვეულები და რაცია. ძირითადი შეტყობინება 112-დან შემოდის, მაგრამ ნარგიზი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მობილურის ნომერი სამაშველოს ავტომობილზე დაწერეს, მოსახლეობა ხშირად ამ ნომერზე უკავშირდება.

 

112-დან შემოსულ ზარების შინაარსს და მისამართს ნარგიზი სტიკერზე ან რვეულში ინიშნავს და განყოფილების უფროსებს გადასცემს. მაგრამ თუკი ავტოავარია, ხანძარი, სტიქია ან სხვა რამ ბათუმში ან ხელვაჩაურში მოხდა, ოპერატორი წითელ ღილაკზე აჭერს თითს და რეაგირების ოთახში მყოფი მაშველები დავალების მისაღებად მასთან მიდიან.

 

ოპერატორის მაგიდის ერთ მხარეს რვეულები აწყვია. თითოეულ რვეულს აწერია: „ბაზა“, „ხულო“, „ქობულეთი“, „ქედა“, „შუახევი“, „ზღვა“. მასში სტატისტიკურ მონაცემებს ინახავენ. რვეული, წარწერით – „ზღვა“, ყველაზე ბოლოს დევს. სააგენტოს ხელმძღვანელი, მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მათი სამუშაო სეზონის მიხედვითაა დაყოფილი, მაგალითად, ზღვაზე შემთხვევები ზაფხულში ფიქსირდება. ახლა საგანგებო შემთხვევები თითქმის არ არის და „ზღვაში“ აღნიშვნებიც იშვიათად იწერება. თუმცა ზაფხულში ყველაზე მეტი მუშაობა საზღვაო სამაშველოს უწევს. მაგალითად, 2013 წელს 1549 გასვლიდან 555 გასვლა საზღვაო სამაშველოზე მოდის. ეს მონაცემი ყველა სხვა კატეგორიის მონაცემზე – ავტოავარიაზე, სტიქიაზე, სახანძრო შემთხვევებზე – ორჯერ მეტია. 

 

ამ რვეულებში ნახავთ ყველაზე მძიმე შემთხვევებს, რომლებიც მთავრდება ადამიანის სიკვდილით და კურიოზულ გამოძახებებსაც: კატა ვერ ჩამოვიდა ხიდან, გველი შეძვრა ავტომობილის ქვეშ, მობილური ჩავარდა წყალში, ქარმა მოქალაქეს დაუზიანა სახურავი და ის სამაშველოსგან შეკეთებას მოითხოვს… 2014 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში ყველაზე მეტი – 112 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, სამი თვის განმავლობაში მოხდა 29 საყოფაცხოვრებო შემთხვევა, მასში შედის კარის ჩაკეტვა, 30 ხანძარი, 8 სტიქია, 18 სხვადასხვა შემთხვევა, მაგალითად, ხის წაქცევა, ხის მოჭრა, 3 სამძებრო, 4 ცხოველებთან და ქვეწარმავლებთან დაკავშირებული შემთხვევა… საზღვაო სამაშველოს მონაცემებით ამ დრომდე  სამი სამძებრო-სამაშველო სამუშაო განხორციელდა და კიდევ ერთი – ამოიღეს ზღვაში ჩავარდნილი მობილური ტელეფონი.

 

ყველაზე დაძაბული მუშაობა ზამთარში ჰქონდათ, როცა თოვლმა მოსახლეობას მიმოსვლის პრობლემები შეუქმნა. სააგენტო ამ პერიოდში საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. „ამ პერიოდმა სამაშველოს კისერზე გადაიარა. ფაქტობრივად, სამაშველომ შეასრულა როგორც სახანძროს, ასევე სასწრაფო დახმარების ფუნქციაც. ავარია იქნებოდა, თუ ავადმყოფის გამოყვანა – იქ, სადაც ვერ ადიოდა სასწრაფო დახმარების ტექნიკა, ჩვენი სამაშველოს „ჰაი ლუქსები“ მიდიოდნენ, მაგრამ ხშირად 5 კილომეტრი ფეხით გავლა და ავადმყოფის საკაცით გამოყვანა უხდებოდათ“, – იხსენებს მამუკა თურმანიძე.

 

14:43 საათზე ოპერატორი ზარს პასუხობს. ზარი 112-დანაა. ნარგიზი სწრაფად ინიშნავს რვეულში რაღაცას. „სასწრაფო გჭირდებათ თუ სამაშველო?“ –  ეკითხება ზარის ავტორს. ზარის შინაარსი შემდეგია: ქობულეთში, აღმაშენებლის #251-ში 11 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ქობულეთის სამაშველოს უფროსი სულხან ხაბაზი დღეს ცენტრალურ განყოფილებაშია. ნარგიზი მას შეტყობინებას აცნობს და თან ეკითხება, უნდა გავიდეს თუ არა ქობულეთის სამაშველო მომხდარ ადგილზე. იგი ამბობს, რომ ეს სამაშველოს შესასრულებელი საქმე არ არის და მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა საჭირო. ნარგიზ დევაძე ისევ ტელეფონზე რეკავს.

 

 

წამის მეათედი

 

20:48 საათზე ზარის ხმა ისმის. ოპერატორი ყურმილს იღებს. მაშველები მისი საუბრის და ხმის ტემბრის მიხედვით ცდილობენ გამოიცნონ, რა დავალება ელოდებათ წინ. ამჯერად კარის გაღების დრო დადგა, პუშკინის ქუჩაზე ვიღაცა ითხოვს შველას.

 

საჭესთან ვახტანგ დევაძე  ჯდება. თითოეულ ეკიპაჟს თავისი მძღოლი ჰყავს. მას სწრაფი ტარება უნდა შეეძლოს და საჭეს ადვილად უნდა იმორჩილებდეს. სირენა ჩართულია, სამაშველო გზის დათმობას ითხოვს. ეს რომ არ შველის, დათო რაციას იღებს: „მარჯვნივ იმოძრავე, მარჯვნივ!“. ავტომობილები სამაშველოს გზას უთმობენ,  თუმცა სამაშველო მანქანაში როცა ზიხარ, გარეთ ყველაფერი უძრავი და ნელი გეჩვენება. მაშველისთვის წამი დიდი დროა. გიორგი ამბობს, ჩვენი მოქმედება წამის მეათედზეა დამოკიდებულიო. 

გიორგი და ჯანი გზაში ხელთათმანებს იკეთებენ და საბარგულიდან კარის გაღებისთვის საჭირო იარაღებს იღებენ. გიორგის მხარზე გადაკიდული აქვს სპეციალური ხელსაწყო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წელზე დაიმაგრებს და სართულიდან სართულზე გადაძვრება.

 

მესამე სართულზე, ჩაკეტილ ბინაში, ოთხი წლის ბავშვს სძინავს. ოთახს ფანჯარა არ აქვს,  კარის სახელური მომძვრალია. ვახტანგი ყუთიდან რკინის იარაღს იღებს და კარი იღება. ბავშვი ლოგინში წევს და სძინავს. არც ჩოჩქოლი ესმის და ვერც ახლობლებისა და მაშველების მოღიმარ სახეებს ხედავს. მაშველები ხელსაწყოებს ალაგებენ და უკან ბრუნდებიან.  ვახო მობილურზე რეკავს და ოპერატორს დავალების შესრულების შინაარს გადასცემს.

 

„ახლა შეგვიძლია მუსიკას მოვუსმინოთ და ნელა ვიაროთ“, ამბობენ მანქანაში უკან მომავალი მაშველები, მაგრამ რაციაზე ისევ ოპერატორი იხმობს და ატყობინებს: პუშკინზე #29-ში, ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი გაუჩნდა. მანქანა წამის მეათედი სისწრაფით უხვევს და იმავე ქუჩაზე მიემართება, თუმცა ხანძარი უკვე ჩამქრალია.

 

მაშველები ამბობენ, რომ გამოძახება ყოველთვის ასე ბედნიერად არ სრულდება.

„ორი-სამი წელია აქ ვმუშაობთ. დამწვარიც გვინახავს, დასახიჩრებულიც, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ხუთი წლის ბავშვი რომ ამოვიყვანეთ მდინარიდან დამხრჩვალი, ორი წლის წინ, კირნათის გადასახვევთან. მამას ჰყავდა მდინარეზე საბანაოდ შვილი, ქვებზე თამაშობდა, დაუცურდა ფეხი და ჩავარდა წყალში,“ – ყვება დათო ქადიეშვილი.

 

მაშველებს ავარიები სძულთ, როცა მანქანის გაჭრა და იქიდან დასახიჩრებული ადამიანების გამოყვანა უწევთ და კიდევ უფრო სძულთ ის შემთხვევები, როცა მათ მისვლას აზრი აღარ აქვს და ადამიანი დაღუპულია. 

 

მაშველების მონათხრობი

 

ჯანი ხალვაში ერთ საგზაო შემთხვევას იხსენებს, როცა უშუალოდ მაშველების დროული მოქმედება იყო გადამწყვეტი. „ავარიაში მოყვა ორი ადამიანი. მანქანა გადატრიალდა და ქვეშ მოიმწყვდია ისინი. ჩვენ ისე უნდა გაგვეჭრა მანქანა, რომ არ დაშავებულიყვნენ. დღეს ჯანმრთელები არიან და ხშირად გვკითხულობენ. თუ დავაგვიანებდით ან არასწორად ვიმოქმედებდით, შეიძლება დაღუპულიყვნენ“.

 

სააგენტოს უფროსი, მამუკა თურმანიძე მიიჩნევს, რომ მაშველის მუშაობას სისწრაფე, ტექნიკა და გამოცდილება ქმნის. მეტი ეფექტურობისთვის ის სააგენტოში ცვლილებებს გეგმავს: აპირებს დაამატოს სახანძრო და სამთო-სამაშველო ინსტრუქტორი, რომელიც ინსტრუქციას გაუწევს მაშველებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ უფრო ეფექტურად ხანძრის დროს, ანდა როგორ მოიხმარონ ალპური აღჭურვილობა რთულ რელიეფურ პირობებში. სააგენტოს ზაფხულში 100 საზღვაო მაშველი აჰყავს სამუშაოდ. მათ სეზონურ მაშველებს უწოდებენ. წელს მათი რიცხვი 120-მდე გაიზრდება. მალე სააგენტო ადგილმდებარეობასაც შეიცვლის და შედარებით დიდ ფართობზე განთავსდება.

 

„ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა ადამიანს რაღაცა უჭირს, შენს იმედზეა და   გადაარჩენ“, _ ასეთია მაშველის განცდა, რომლის პროფესია რეაგირება, სისწრაფე და დახმარებაა. ხვალ, 10 საათზე, ახალი სამაშველო დღე დაიწყება. მაშველები ტელევიზორთან იქნებიან, ივარჯიშებენ თუ ყავას მოიმზადებენ, ეცმევათ ფორმა. დარეკავს ტელეფონი და დროსთან მათი შეჯიბრებაც დაიწყება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მკლავჭიდელი ჩემპიონები

 

დარინა ცეცხლაძე

 

სხვადასხვა წონით კატეგორიაში აჭარიდან კიდევ ხუთმა მკლავჭიდელმა მოიპოვა პირველობა. 21 წლამდე ბიჭებს შორის პირველი ადგილი ლევან პოღოსიანმა და მერაბ კაკაბაძემ მოიპოვეს, 21 წელს გადაცილებულ გოგონებს შორის კი – მარინა ფუტკარაძემ, ნინო მახარაძემ, დარინა ცეცხლაძემ და ლამზირა ლეონიძემ. მკლავჭიდის ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაახლოებით 400  სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე ამბობს, აჭარამ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 

გოჩა შავაძე: „წლების განმავლობაში წარმატებულად გამოდიან ჩვენი მკლავჭიდელები, განსაკუთრებით უფროსი ასაკის გოგონები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე სხვა რეგიონების სპორტსმენებს არ უტოვებენ მედალს. მედლების 96 პროცენტი წელსაც გოგონებმა მოიპოვეს აჭარიდან. წელს ლამზირა ლეონიძემ პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული +65 წონით კატეგორიაში, მარცხენა მკლავში. აღსანიშნავია გასული წლების საქართველოს ჩემპიონები, მარინე ფუტკარაძე, რომელსაც ბადალი არ ჰყავს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ბიჭებში ყველაზე კარგად წელს პირველად გამოვიდა 80-კილოგრამ წონით კატეგორიაში 17 წლის გია მარკოიძე (მარცხენა მკლავი), რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი აიღო და ჩვენი სპორტსმენი, 21 წლამდე მაჰმუდ ჭელიძე, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი აიღო 21 წლამდე. განუმეორებელია მერაბ კაკაბაძე, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი, მარცხენა მკლავში პირველი ადგილის მფლობელი. ბიჭებიდან გვაქვს შემდეგი შედეგი: პირველი ადგილი – 6, მეორე – 5, მესამე ადგილი – 5.

 

მკლავჭიდელები შეკრებებს და წვრთნებს ბათუმის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გადიან. მათ წვრთნებს თემურ ლიპარტაშვილი უტარებს. ნინო მახარაძე კი, რომელიც სტუდენტია და თბილისში ღია უნივერსიტეტში სწავლობს, უნივერსიტეტის სპორტდარბაზში ემზადება დამატებით შეჯიბრებისთვის, რომელიც საქართველოდან ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გოგონების შერჩევას ითვალისწინებს. ნინო 22 წლისაა, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. ამჟამად მას ორი მიზანი აქვს: წარჩინებული სწავლით მოიპოვოს გრანტი და მოემზადოს ევროპის ჩემპიონის შესარჩევი შეჯიბრებისთვის. კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მკლავჭიდისადმი მისი დიდი ინტერესი, ის პასუხობს:

 

„მიჭირდა იმასთან შეგუება, თუ როგორ შეიძლება ყოფილიყო ქალი მკლავჭიდში. ამან გამოიწვია ჩემში დიდი ინტერესი. გოჩა შავაძესთან შემთხვევით მოვხვდი, შემომთავაზა ხელვაჩაურში გამართულ ჩემპიონატში მიმეღო მონაწილეობა და აქედან გამიჩნდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი უფრო მაღალ სტატუსზე, გავმხდარიყავი აჭარის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი. უკვე მეხუთე წელია, რაც ამ სპორტში ვარ და ძალიან მომწონს. უკვე სამგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ძალიან დიდს, რაც ბევრი ქალისთვის შეუძლებელია. ჩემთვისაც თავიდან რთული იყო, როცა გიწევს მძიმე წონასთან მუშაობა, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევი და როცა მიგაჩნია თავი წარმატებულ სპორტსმენად, უფრო და უფრო გიძლიერდება სურვილი, მეტი იმუშაო უკეთესი შედეგისთვის“.

 

ნინო მახარაძე

 

ნინო ყოველდღიურად სამ საათს ვარჯიშობს.

 

დარინა ამბობს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ქალიც ისე ვარჯიშობს, როგორც კაცი. მას ქალის ასპარეზობა უფრო საინტერესოდ მიაჩნია: „ქალის ასპარეზობის დროს მკლავჭიდზე უფრო მეტი მონდომება მოდის. ყველაზე კარგი მომენტია, როცა ხელს წევ და უკან გესმის რამდენიმე ასეული ადამიანის ხმა, მათი შეძახილები, ეს გამხნევება ორმაგ დატვირთვასა და პასუხისმგებლობას გაკისრებს“.

 

აჭარის მკლავჭიდის ფედერაცია ოფიციალურად 2009 წელს ჩამოყალიბდა. დღემდე მას ჩატარებული აქვს დაახლოებით 80 ტურნირი. ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის დახმარებით, რომელმაც რვა მაგიდა შეუძინა მათ, პრიზიორების რიცხვი გაიზარდა. გადაწყვეტილია, რომ რამდენიმე სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მაისში მერაბ კაკაბაძე ბაქოში გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ასევე გოგონებიდან მარინა ფუტკარაძეც, და შესაძლოა ნინო მახარაძე, თუკი ის შესარჩევ ეტაპს გადალახავს. 

ორი ოჯახი ავარიულ სახლში

 

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ სახლში ექვსი ოჯახი ცხოვრობდა, ხელისუფლებამ  ექვსი ოჯახიდან საცხოვრებელი ფართობით ხუთი მათგანი დააკმაყოფილა და ბინა ეკომიგრანტთა სახლში გადასცა. ბინა არ გადასცეს ირაკლი დიასამიძის ოჯახს. ირაკლი დიასამიძე ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში შვიდი წელია ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, ყველასთვის ცნობილია მისი სოციალური მდგომარეობა და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

 

„ყველამ იცის წასასვლელი არ გამაჩნია, ხელისუფლებისგან ველოდებით დახმარებას,” – ამბობს ირაკლი.

 

დიასამიძეების გარდა ავარიულ სახლში ერთი წელია მარტოხელა დედა, მადონა ჯაყელიც ცხოვრობს. მადონა ამბობს, რომ ავარიულ სახლში ის შვილთან ერთად ყოფილმა გამგებელმა, თამაზ დიასამიძემ შეასახლა.

 

„საცხოვრებელი არ გამაჩნდა, ყოფილმა გამგებელმა მითხრა, დროებით აქ იყავი, შემდეგ კი ბინას ეკომიგრანტთა სახლში გადმოგცემო. გამგებელი შეიცვალა და დავრჩი ასე. არ ვმუშაობ, ჩემი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება –  60 ლარია, ადრე 108 ლარს ვიღებდი, წელს ჩემი შვილი, ნათია, (სურმანიძე) სტუდენტი გახდა, პირველი კურსის სტუდენტია და ბათუმში ჩემს ძმასთან რჩება, რადგან აქ არ ცხოვრობს, მისი დახმარება მომიხსნეს და მხოლოდ მე დამიტოვეს დახმარება. მეც მიკვირს 60 ლარს როგორ ვანაწილებ, ფქვილს იყიდი, პურს გამოაცხობ და ჭამ, სხვა რა უნდა იყიდო?! გაწამებული ვარ, ვინც მიცნობს, იცის ჩემი გასაჭირი, მაგრამ სხვა ამ გასაჭირს ვერ მიხვდება. დღეს ყველას უჭირს, ვის აქვს, რომ დაგეხმაროს, ან ყოველთვის როგორ დაგეხმარება სხვა, ყველას მისი ოჯახი აქვს“, –  ამბობს მადონა.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ ირაკლი დიასამიძის ოჯახისთვის ბინის გადაცემის საკითხი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეგზავნა. მისივე თქმით, სოციალური სახლი მხოლოდ ეკომიგრანტებისთვის არის განკუთვნილი, მარტოხელა და უსახლკარო ოჯახები აღნიშნულ სახლში ბინით ვერ დაკმაყოფილდებიან:

 

„მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცხრა ოჯახის მონაცემები აჭარის სამთავრობო კომისიას განსახილველად გადავუგზავნეთ, მათგან ერთ-ერთი ირაკლი დიასამიძის ოჯახია. ადრე რატომ არ გადაეცა ამ ოჯახს ბინა, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ეკომიგრანტთა სახლში 16 ბინა თავისუფალია, თუმცა გაცილებით მეტი ეკომიგრანტი გვყავს, დიდთოვლობამ და მეწყრულმა მოვლენებმა ეკომიგრანტების რაოდენობა გაზარდა. გარდა ეკომიგრანტებისა, მარტოხელა და უსახლკარო ოჯახებიც ბევრია“.

 

ტარიელ ებრალიძე ეხმაურება მადონა ჯაყელის თხოვნასაც: „ეს ქალბატონი თვითნებურად შეიჭრა ეკომიგრანტთა სახლში, საიდანაც გამოასახლეს და ახლა „კოლმშენის~ სახლში ცხოვრობს. შეიძლება იმავე სახლში ერთი თვის შემდეგ ვინმე შევიდეს და მერე ბინა მოითხოვოს. ასე არ შეიძლება – ეკომიგრანტთა სახლში ბინები მარტოხელებისა და უსახლკაროებისთვის არ არის გათვალისწინებული. ამის მიუხედავად, ამ ქალს მცირე ფართობი უნდა გამოვუნახოთ, ღია ცის ქვეშ ვერ დავტოვებთ“.

რაში დაიხარჯება ყველაზე მეტი თანხა ქედაში

 

ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე მეტი თანხა ქედაში საკანალიზაციო სისტემის გამართვისთვის დაიხარჯება. წყალსადინარი სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ 450 000 ლარია გამოყოფილი.

 

კანალიზაციის შემდეგ ყველაზე ბევრი თანხა –  380 000 ლარი, სასმელი წყლის მაგისტრალების რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული.

 

მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული სანიაღვრე არხების გამართვას – 250 000, 11 სოფელში სარწყავი არხის მშენებლობას კი, 64 000 ლარი მოხმარდება.

 

გაზრდილია საბინაო ამხანაგობის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, ბინების გადახურვასა და ფასადების მოწესრიგებისთვის 140 00 ლარი გაწერილი.

 

დაბა ქედისა და მახუნცეთის კეთილმოწყობაზე 350 000 ლარია გამოყოფილი.

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ქედაში ჯერ არ დაწყებულა, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ გამგეობა ამ ეტაპზე არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციაზე მუშაობს.

 

„ჩემი მიზანია ყველაფერი კარგად და ხარისხიანად გაკეთდეს, მირჩევნია სამუშაოები 10 დღით დაგვიანებით დავიწყო, ოღონდ ხარისხზე იყოს ორიენტირებული, შესაბამისი პროექტები მომზადდეს და ცდომილება არ იყოს. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.  მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის სათანადო დაგეგმარება, ასევე მშენებლობის წარმართვაც”, – აცხადებს გამგებელი.

გასული წლისგან განსხვავებით მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტებზე მომუშავე კომპანიებს წელს კონკურსით შეარჩევს. კონკურსით გამოვლინდება ის კომპანიებიც, რომლებიც ქედაში ძვირადღირებულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

კონკურსის მთავარი მოთხოვნა კი ლიცენზირებული ექსპერტიზის დასკვნაა. არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის კომპანიებს საექსპერტო დასკვნასთან ერთად შესაბამისი პროექტის სქემა და აქამდე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ევალებათ. ასევე დამკვეთი ითხოვს კონკურსში მონაწილე კომპანიის ძირითადი თანამშრომლების კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის გამგეობა გამარჯვებულს გამოავლენს 10-ქულიანი შეფასების სისტემით და ხელშეკრულებას გაუფორმებს.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული შესაბამისი კომისია ვეღარ ჩაიბარებს, მშენებლობის პროცესს კი თვითონ გააკონტროლებს:

 

“საპროექტო სამუშაოებზე წინა წლებში ტენდერი ცხადდებოდა. ის იმარჯვებდა, ვინც ნაკლებ თანხას შესთავაზებდა, რაც ზოგჯერ ცუდი შედეგით მთავრდებოდა. მაგალითად, დოლოგნის ბაგა-ბაღი, რომელიც პროექტით ყოფილ შენობაზე მეორე სართულის დაშენებას ითვალისწინებდა, მშენებლობის დროს ჩამოინგრა. საპროექტომ არ შეამოწმა შენობის მდგრადობა და პროექტი არამდგრად შენობაზე შეიმუშავა, ეს დაუდევრობაა, რამაც მშენებლობის პროცესი შეაყოვნა. მე ყველა პროექტზე კონკურსი გამოვაცხადე. პროცესის გასაკონტროლებლად, მთავარ მოთხოვნად საექსპერტო დასკვნა ჩავდე“.

 

დავით დუმბაძის აზრით, „არ შეიძლება მილიონ-ნახევარი დახარჯო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის და ორი წლის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდეს“.

 

ქედის მუნიციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების უფროსი გივი დევაძე ამბობს, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს: „ჩვენი გადასაწყვეტია, კონკურსს გამოვაცხადებთ, თუ ტენდერს, რთულ ობიექტებზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონკურსის გამართვა, რადგან ფირმა სხვადასხვა კრიტერიუმით ირჩევა. გასულ წელს კონკურსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვქონდა. რაც შეეხება ტენდერებს, უმეტეს შემთხვევაში საექსპერტო დასკვნა იყო ჩადებული მთავარ მოთხოვნად“.

საბაჟოზე განადგურებული და უკან გაბრუნებული საქონელი

 

საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ პერიოდებში შემდეგი სახის დარღვევებია გამოვლენილი (გთავაზობთ სტატისტიკას):

 

2012 წელი:

 

– თურქეთიდან იმპორტირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაწლავიდან აღებულ ნიმუშში ლაბორატორიულად დადასტურდა E.Coli (მიკრობები; იწ­ვევს ისეთ ნაწ­ლა­ვურ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა სალ­მო­ნე­ლო­ზი, ამე­ბი­ა­ზი და სხვ – ავტორი). შემდგომი რეაგირებისათვის ინფორმაცია გადაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს;

 

– ირანიდან კარტოფილის ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა საკარანტინო მავნებელი კარტოფილის ჩრჩილი. საქონელი გაბრუნდა უკან;

 

– ინდოეთიდან იმპორტირებულ ნიორს აღენიშნებოდა ვეგეტაციის პერიოდი და ლპობა. საქონელი გაბრუნდა უკან.

 

2013 წელი:

 

– თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილის ერთ სასაქონლო პარტიაში, ფიტოსანიტარიული მონიტორინგის გეგმის თანახმად აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო დაავადება – კარტოფილის კიბო და კარტოფილის მურა სიდამპლე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. საქონელი განადგურდა;

 

– ნიდერლანდებიდან იმპორტირებული ხახვის ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ღეროს ნემატოდას მკვდარი ფორმები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

 

– თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილის 11 სასაქონლო პარტიაში ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო დაავადება – კარტოფილის კიბო და კარტოფილის მურა სიდამპლე. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

– ირანიდან იმპორტირებული კარტოფილის 3 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო მავნებელი – კარტოფილის ჩრჩილი. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– სომხეთიდან იმპორტირებული სასურსათო კარტოფილის 70 და სათესლე კარტოფილის 4 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო დაავადება – კარტოფილის მურა სიდამპლე. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან იმპორტირებულ ბამბის ბოჭკოს 3 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– არგენტინიდან იმპორტირებული სოიოს შროტის ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. აღნიშნული სასაქონლო პარტია დაექვემდებარა ფუმიგაციას (მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით – ავტორი);

 

– რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული ქერის ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. აღნიშნული სასაქონლო პარტია დაექვემდებარა ფუმიგაციას;

 

– უკრაინიდან იმპორტირებული წიწვოვანი ხის მორების 6 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა მავნებელი ips.sp (ქერქიჭამია – ავტორი). აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა ფუმიგაციას;

 

– ინდოეთიდან იმპორტირებული ბრინჯის 2 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა არასაკარანტინო მავნებლები. აღნიშნული სასაქონლო პარტია ფუმიგაციის შემდგომ მოექცა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

 

– ჩინეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული წიწიბურას 2 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა არასაკარანტინო მავნებლები. აღნიშნული სასაქონლო პარტიები ფუმიგაციის შემდგომ მოექცა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

 

– ირანიდან იმპორტირებულ ახალი ხილის 6 სასაქონლო პარტიაში შესაფუთი მასალა (თივა, ხის მასალა) არ აკმაყოფილებდა ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს და განხორციელდა საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებებში;

 

– კენიიდან იმპორტისთვის განკუთვნილ ლობიოს 1 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. ფუმიგაციის შემდგომ მოექცა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

 

– ეკვადორიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ბანანი აღმოჩნდა საკვებად უვარგისი და დაექვემდებარა განადგურებას;

 

– სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტისთვის განკუთვნილი 16 სასაქონლო პარტიაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი და აღნიშნული სასაქონლო პარტიები იმპორტიორის განცხადების საფუძველზე დაექვემდებარა უკან გაბრუნებას ან განადგურებას;

 

– ინდოეთიდან შემოტანილი გაყინული კამეჩის ხორცის 3 პარტიაში აღმოჩნდა შეუსაბამობები, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გახსნის შემდგომ და იდენტურობის კონტროლის პროცედურების განხორციელებისას დადგინდა, რომ საქონლის გარკვეულ ნაწილს არ გააჩნდა სათანადო ეტიკეტი, ასევე არ იყო დატანილი ვარგისიანობის თარიღები და ექსპორტირებული იყო იმ საწარმოდან, რომელიც არ არის შეტანილი საქართველოში ექსპორტზე უფლებამოსილ საწარმოთა ნუსხაში. სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან გაბრუნებას;

 

– ინდოეთიდან შემოტანილი გაყინული კამეჩის ხორცის 8 პარტიაში ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა კოლიფორმები (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – ავტორი), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები ნორმაზე მეტი. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა გადამუშავებას;

 

– აზერბაიჯანიდან შემოტანილ ცხვრის ნაწლავის 1 სასაქონლო პარტიაში ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმები. აღნიშნული სასაქონლო პარტია დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– ირანიდან შემოტანილი სასურსათო კვერცხის 2 სასაქონლო პარტია, შესაბამისი დოკუმენტების არქონის გამო დაექვემდებარა უკან დაბრუნებას.

 

– თურქეთიდან იმპორტირებულ გაცივებული ქათმის 1 სასასქონლო პარტია ტრანსპორტირების პირობების დარღვევის გამო დაექვემდებარა განადგურებას.

 

– თურქეთიდან იმპორტირებულ გაცივებული შინაური ფრინველის ხორცი და საკვები სუბპროდუქტები აღმოჩნდა ვადაგასული და გაბრუნდა უკან.

 

– ბრაზილიიდან იმპორტისთვის განკუთვნილ საქონლის ხორცში აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება და საქონელი დაექვემდებარა უკან გაბრუნებას.

 

– ბრაზილიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი გაყინული ქათამი აღმოჩნდა ვადაგასული და დაექვემდებარა განადგურებას.

 

– ესპანეთიდან შემოტანილ გაყინული თევზის 2 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ეგზოპარაზიტები და საქონელი დაექვემდებარა გადამუშავებას.

 

– რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებულ დამარილებული თევზის 2 სასაქონლო პარტიას არ აღმოაჩნდა ეტიკეტი, ვარგისიანობის ვადები და საქონელი გაბრუნდა უკან.

 

– ყაზახეთიდან იმპორტირებულ დამარილებლი თევზის ერთ სასაქონლო პარტიას არ აღმოაჩნდა ეტიკეტი, ვარგისიანობის ვადები და საქონელი გაბრუნდა უკან.

 

– ნიდერლანდებიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ზღვის პროდუქტები აღმოჩნდა საკვებად უვარგისი და გაბრუნდა უკან;

 

– სომხეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ძეხვეული და სოსისი აღმოჩნდა ვადაგასული და გაბრუნდა უკან;

– ირანიდან იმპორტირებული თევზის კონსერვი დოკუმენტების არქონის გამო გაბრუნდა უკან;

 

– თურქეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილ სასურსათო კვერცხის ერთ სასაქონლო პარტიას არ გააჩნდა მარკირება და გაბრუნდა უკან;

 

– რუსეთის ფედერაციიდან იმპორტისთვის განკუთვნილ თაფლზე, ძეხვზე და არაჟანზე არ იქნა წარმოდგენილი ვეტერინარული სერტიფიკატები და საქონელი გაბრუნდა უკან;

– იტალიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ყველი, ღორის ხორცი და ქონი აღმოჩნდა ვადაგასული და გაბრუნდა უკან;

 

– იტალიიდან იმპორტისთვის განკუთვნილ კოპტონს არ გააჩნდა ვეტერინარული სერტიფიკატი და დაექვემდებარა განადგურებას;

 

– რუსეთის ფედერაციიდან იმპორტისთვის განკუთვნილი რძის პროდუქცია ასორტიმენტში აღმოჩნდა გაფუჭებული, იოგურტი იყო დაობებული და დაბინძურებული მატლებით. საქონელი გაბრუნდა უკან.

 

– ბელორუსიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ქაშაყის ფილე და ზღვის პროდუქტები არადამაკმაყოფილებელი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების (უშუალოდ გემოთი, ყნოსვით (და არა ქიმიური ანალიზით ან ფიზიკური ხელსაწყოებით) გარკვეული, შემოწმებული – თ.ჯ.) გამო გაბრუნდა უკან.

 

– ბრაზილიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი გაყინული ღორის ხორცი აღმოჩნდა ვადაგასული და დაექვემდებარა განადგურებას;

 

– თურქეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ერთ სასაქონლო პარტიაზე – მზა ხორცპროდუქტები, ბულიონი, ნაწარმი რძისგან – არ იქნა წარმოდგენილი ვეტერინარული სერტიფიკატი და საქონელი დაექვემდებარა განადგურებას;

 

– გერმანიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ყავის დანამატები რძის შემცველობით სერტიფიკატის უქონლობის გამო დაექვემდებარა განადგურებას;

 

– ყაზახეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი თევზი ვეტერინარული სერტიფიკატის უქონლობის გამო გაბრუნდა უკან;

 

– ირანიდან იმპორტირებული იოგურტი დოკუმენტების არქონის გამო გაბრუნდა უკან;

– სომხეთიდან იმპორტისათვის განკუთვნილი თუთიყუშები დოკუმენტების არქონის გამო გაბრუნდა უკან;

 

– ჩინეთიდან იმპორტირებული გაყინული თევზის ერთი სასაქონლო პარტია მარკირების (გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადები) არქონის გამო გაბრუნებულია უკან;

 

– ესპანეთიდან იმპორტირებული თევზის ფარში ვეტერინარული სერტიფიკატის და მარკირების არქონის გამო განადგურდა;

 

– სომხეთიდან იმპორტირებული კიბორჩხალას გაყინული ხორცი მარკირების არქონის გამო გაბრუნებულია უკან;

 

– თურქეთიდან იმპორტირებული ყველი იდენტურობის შემოწმების ვერ გავლის გამო გაბრუნებულია უკან;

 

– თურქეთიდან იმპორტირებული გაციებული თევზი მარკირების არქონის გამო გაბრუნებულია უკან;

 

– უნგრეთიდან იმპორტირებულ ერთდღიან წიწილებზე არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და განადგურდა;

 

– ნიდერლანდებიდან იმპორტირებული ცხოველთა საკვები და რძის ფხვნილი დაბრუნებულია უკან დოკუმენტების არქონის გამო.

 

2014 წელი:

 

– სომხეთიდან იმპორტირებული სასურსათო კარტოფილის 4 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო დაავადება – კარტოფილის მურა სიდამპლე. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– გერმანიიდან იმპორტირებული ქატო და სიმინდის მარცვალი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო დაექვემდებარა განადგურებას;

 

– ირანიდან იმპორტისათვის გამიზნული ქიშმიში, კოწახური, მუხუდო, სოიოს პროტეინი, გარგარის ჩირი, ციტრუსის ჩირი და ქლიავის ჩირი შესაბამისი დოკუმენტების არქონის გამო

გაბრუნდა უკან;

 

– იტალიიდან იმპორტირებული ვადაგასული ყველი დაექვემდებარა განადგურებას;

 

– ირანიდან იმპორტირებული ყველი ვეტერინარული სერტიფიკატის არქონის გამო დაექვემდებარა განადგურებას;

 

– თურქეთიდან იმპორტირებული ბულიონი დოკუმენტების არქონის გამო განადგურდა;

– ჩეხეთიდან იმპორტირებული ღორის კანჭის ზედმეტი არამარკირებული ერთი ყუთი დაექვემდებარა განადგურებას;

 

– ირანიდან იმპორტირებული თინუსის ერთი სასაქონლო პარტია დოკუმენტების არქონის განო დაბრუნებულია უკან;

 

– დოკუმენტების არქონის გამო რუსეთიდან იმპორტისათვის განკუთვნილ შინაური ცხოველი (ძაღლი) გაბრუნებულია უკან;

 

– ინდოეთიდან იმპორტირებული კამეჩის გაყინული ხორცის ერთი სასაქონლო პარტია გაბრუნებულია უკან, სხვადასხვა იყო ყუთებზე მითითებული საწარმოს დასახელება და საქონლის შეფუთვაზე მითითებული დასახელება.

 

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა:

 

2012 წელს:

1) ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას – 173 ნიმუში;

2) ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებისას – 147 ნიმუში.

 

2013 წელს:

1) ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას – 597 ნიმუში;

2) ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებისას – 662 ნიმუში.

 

2014 წელის 1 იანვრიდან დღემდე:

1) ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას – 152 ნიმუში;

2) ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებისას – 160 ნიმუში.

 

რაც შეეხება ზემოაღნიშნული საქონლის იმპორტიორების ვინაობას, „აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად მიკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას“, – აღნიშნულია საბაჟო დეპარტამენტისგან მიღებულ პასუხში.

ბათუმის სახელმწიფო ანსამბლის მორიგი საპროტესტო აქცია

ანსამბლის წევრები ბოლო ორი თვეა პერმანენტულ აქციებს  მართავენ და  ანსამბლის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, თემურ ქორიძის  თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან იყო ასეთი შემოთავაზება, თემურ ქორიძეს ანსამბლში ან დირექტორის მოადგილის თანამდებობას მისცემენ, ან მთავარი ქორეოგრაფის.   ჩვენ  განვიხილეთ ეს  საკითხი და  გადავწყვიტეთ რომ დავთანხმდეთ მთავარ ქორეოგრაფობაზე,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ანსამბლის  წევრმა  უჩა ჯანგველიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სადაც საბოლოოდ გადაწყდება  დაკმაყოფილდება თუ არა ანსამბლის  წევრთა მოთხოვნები.

 

 

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

 

ბაზრობაზე სხვადასხვა გამომცემლების მიერ გამოცემული საბავშვო, შემეცნებითი და საკითხავი ლიტერატურაა წარმოდგენილი.

 

წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომლის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“  დღეს საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება.   

 

პოეზიის დღე ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში

 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს.  ღონისძიება მუსიკალურად ვაჟა მილორავამ და ლუკა მჟავიამ  გააფორმა. 

 

ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო კლუბი „FS“  იყო. 

 

21 მარტს მსოფლიო პოეზიის დღე 1999 წლიდან აღინიშნება. 1999 წელს, იუნესკოს გენერალური კონფერეციის 30-ე სესიაზე გადაწყდა, რომ ყოველწლიურად, 21 მარტი დაწესებულიყო მსოფლიო პოეზიის დღედ.  პირველი ასეთი დღე პარიზში აღინიშნა.

 

 

 

საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში

 

„განიხილავენ და ჩვენ დავნიშნავთ მდივანს რომელიც  იმუშავებს მთავრობასა და უმაღლეს  საბჭოს შორის კოორდინაციისათვის. ეს იქნება  კადრი, რომელიც ყოველდღიურად ითანამშრომლებს ამ ორ უწყებას შორის.

 

ამას გარდა ვგეგმავთ და თვეში ერთხელ  უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრები. გავივლით პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარე საკითხებს,  რაც რეგიონში ხორციელდება,  გვექნება საერთო პოზიცია და ერთად განვახორციელებთ  ამ საქმიანობას,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

 

მთავრობის თავმჯდომარის თქმით  საპარლამენტო მდივანი პარმენ ჯალაღონია იქნება, რომელიც ამჟამად აჭარის მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ამასთან ერთ კვირაში გახდება ცნობილი რამდენ ადამიანს შეეხება აჭარის მთავრობაში დაწყებული რეორგანიზაცია.

 

„თებერვლის ბოლოს დაეგზავნა ყველა თანამშრომელს აპარატში  გაფრთხილება შესაძლო  რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამას აქვს ერთთვიანი  ვადა, ჩვენ როგორც კი გავა ერთი თვე,  ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს სქემას, ჩვენს გეგმას რეორგანიზაციისა. ნაწილი დეპარტამენტებისა შეიძლება გაერთიანდეს, ნაწილი გაუქმდეს, შეიქმნას ახალი. ეს გამოწვეული არის სხვადასხვა მიზეზებით და რაც მთავარია აპარატის ეფექტური სწორი ფუნქციონირებისათვის. რამდენიმე დეპარტამენტია, რომლის ფუნქციები სხვა სტრუქტურებთანაა გაორებული,  სამინისტროები  მაქვს მხედველობაში. შესაბამისად ის სამსახურები, რომელიც გაორებულია, ანუ აპარატშიც არის და სამინისტროს ფუნქციებშიც შედის  გვინდა  გაერთიანდეს და ერთიან სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. ასე უფრო ეფექტური იქნება,“ – აცხადებს არჩილ ხაბაძე.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით რეორგანიზაციის პროცესი მარტის ბოლოსთვის   დასრულდება.

 

უთხარი არა რასიზმს

 

„21 მარტი  რასიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჩვენს გარშემო ახალგაზრდებს არასწორი შეხედულებები აქვთ რასიზმთან დაკავშირებით.  ხშირად ამჟღავნებენ რასისტულ შეხედულებებს. გვინდა ერთგვარი საინფორმაციო  კამპანია ვაწარმოოთ და  ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შევუწყოთ ხელი,“ – ამბობს „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ კოორდინატორი მარიამ ზაქარაძე.

 

„გვინდა ჩვენს  თაობას  გავაგებინოთ რომ რასიზმი არ არის კარგი.  გამოვფინეთ ფოტოები, რომელიც ასახავს რასიზმს.  გვინდა მივმართოთ საზოგადოებას და გავაგებინოთ რომ რასიზმი არასწორი საქციელია,“ – ამბობს   „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ წევრი ლელა შარაძე.

 

21 მარტი რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1966 წელს დააწესა.

 

წარჩინებულ სტუდენტებს სახელმწიფო დააფინანსებს

უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, კვალიფიკაციის ამაღლება, საჯარო ლექციები  და საჯარო სამსახურებში სტაჟირების გავლა  –  ეს სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი საკითხები იყო.

შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ანგარიში წარმოადგინეს. ასევე სტუდენტები ახალი პროგრამის  „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“   დეტალებსაც  გაეცნენ.

შეხვედრის დასასრულს არჩილ ხაბაძემ სტუდენტებთან შეხვედრას გულახდილი და გამჭვირვალე უწოდა.

”ამ პროექტის ფარგლებში სამასამდე სტუდენტი გვყავს დაფინანსებული და არა მარტო სოციალურად დაუცველი  არამედ წარჩინებული სტუდენტებიც. სტუდენტებს  საჯარო სამსახურებში, სამინისტროებში სტაჟირების საშუალებას ვაძლევთ,  რაც პროფესიული განვითარებისთვის და შემდგომი დასაქმებისთვის გამოადგებათ,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

დადებითად შეაფასეს შეხვედრა სტუდენტებმაც.

”მე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის  მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ორი წელი მსგავსი პროექტით მიფინანსებს განათლების სამინისტრო სწავლის საფასურს. ვაპირებ მივიღო მონაწილეობა კონფერენციებში და  სტაჟირების პროგრამაში,“ –  უთხრა „ბათუმელებს“  სოფიო გოგმაჩაძემ.

”აქამდე არ ვიცოდი განათლების სამინისტრო სტუდენტებს ამ რაოდენობის თანხით თუ უფინანსებდა სწავლის საფასურს, რაც მისასალმებელია. შენიშვნები მას შემდეგ იქნება რაც დაიდება სამუშაო  ვარიანტი,“ –   განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ  საზღვაო აკადემის პრორექტორმა აბდულ კახიძემ.

 

არჩილ ხაბაძე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შესახებ

სტატიაში „ცხელი წყალი კვირაში ორ დღეს“ საუბარი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შესახებ,  სადაც ცხოვრებისთვის საკმაოდ მძიმე პირობებია.

არჩილ ხაბაძე, დღეს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხს შეეხო და განაცხადა რომ მისთვის დღემდე არსებული სიტუაცია უცნობი იყო.

„ამ დღეებში წავიკითხე სტატია, სადაც ნაჩვენებია ფოტოები.  საკმაოდ რთული პიროებია სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის  საერთო საცხოვრებელში.  ამ პრობლემებზე არ ყოფილა არანაირი შეხმიანება და ჩვენ არ ვფლობდით ამის შესახებ ინფორმაციას. თუ იქნება ინციატივა და იდეები ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიმუშავებთ,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

სტატია უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში არსებული პირობების შესახებ „ბათუმელებმა“ გასულ კვირას მოამზადა.

„დარისპანის გასაჭირი“ – პრემიერა თხილნარის კულტურის სახლში

 

სპექტაკლი  კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა დადგეს.   რეჟისორი კობა ფაცურიაა,  ხოლო როლებში  კულტურის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ.  

 

სპექტაკლი თხილნარის კულტურის სახლში 16 საათზე დაიწყება.

 

  დასწრება თავისუფალია.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებს ხვდება

 აჭარის განათლების მინისტრი  სტუდენტებს პროგრამის “უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა”  დეტალებს აცნობს. შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო “რედისონში” იმართება.  შეხვედრაზე ცნობილი გახდა რომ იმ  სტუდენტებს, რომლებმაც ეროვნული გამოცდების დროს ვერ მოიპოვეს დაფინანსება, თუმცა  შემდეგ სწავლის პროცესში  მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოიჩინეს თავი, განათლების სამინისტრო  დააფინანსებს.

 

განათლების მინისტრის განმარტებით პროგრამის ფარგლებში  დაფინანსდება სტუდენტების სწავლა  საზღვარგარეთ, ასევე სამეცნიერო ღონისძიებებში და კონფერენციებში მონაწილეობა. 

 

აღნიშნული პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. 2013-14  სასწავლო წლის ბიუჯეტი  142 ათასი ლარითაა განსაზღვრული.  

 

შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.  

 

დაბა ქედის გამწვანება იწყება

ფიჭვისა და კრიპტომერიის ჯიშის 100 ძირი ნერგი დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე 2 500 მეტრ კვადრატ ფართზე იმ ადგილზე გაშენდება, სადაც გამგეობა სამომავლოდ სკვერის მოწყობას გეგმავს.

მცენარეების გაშენების მთავარი მიზანი ტყის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მწვანე საფარი აჭარის მაღალმთიანეთში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების სამმართველოს მხარდაჭერით მოეწყობა და მონაწილეობას სატყეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის  გამგეობის თანამშრომლებიც მიიღებენ.

ქედა

მეჯინისწყალზე ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია

 

მძიმედ დაშავდა მსუბუქი ავტომობილი. როგორც საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მამუკა თურმანიძე ამბობს, მსუბუქი ავტომობილი მძიმედ დაძიანდა, რის გამოც დაშავებული მძღოლი ავტომობილში გაიჭედა, სააგენტოს მაშეველებმა მანქანა გადახერხეს და მძღოლი ისე ამოიყვანეს. მამაკაცის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

სააგენტოსთვის მისი ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

„ბათუმმა“ უმაღლესი ლიგა შეინარჩუნა

 

 

 

ბათუმის „ბათუმმა“ დღეს გამართულ შეხვედრაზე 4 ქულით თბილისის „აკადემია“ დაამარცხა და ბოლოდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თამაში ბათუმში ანგისის მოედანზე გაიმართა და ანგარიშით 22:18 დასრულდა.


ამჯერად უმაღლესი ლიგის შესანარჩუნებლად „აკადემია“ იბრძოლებს.


საქართველოს რაგბის უმაღლეს ლიგაში ათი კლუბის დღევანდელი მონაცემებით პოზიციები შემდეგნაირია: პირველ ადგილზეა „ლელო“ (თბილისი) 49 ქულით, მას მოჰყვება „აია“ (ქუთაისი) 46 ქულით, „არმია“ (თბილისი) 45 ქულით, „ლოკომოტივი“ (თბილისი) 49 ქულით, „ყოჩები“ (ბოლნისი) 38 ქულით, „არმაზი“ (თბილისი) 35 ქულით, „ჯიქები“ (თბილისი) 35 ქულით, „ხარები“ (რუსთავი) 15 ქულით, „ბათუმი“ (ბათუმი) 14 ქულით და „აკადემია“ (თბილისი) 11 ქულით.


ბათუმის“ მომდევნო შეჯიბრება თვის ბოლოს „ხარებთან“ რუსთავში გაიმართება.

რა არის ბედნიერება?

 

 

“ხშირად აღვნიშნავთ საერთაშორისო დღეებს და გადავწყვიტეთ ამ დღესთან დაკავშირებითაც გაგვეკეთებინა რამე აქტივობა, ბავშვებმა ჩამოთვალეს თავიანთი პასუხები კითხვაზე თუ რა არის მათთვის ბედნიერება, შემდეგ ვიპოვეთ ფეისბუქზე შესაბამისი ილუსტრაციები, ამოვბეჭდეთ და ფოტოები გადავიღეთ. ამით  გამოვხატეთ ჩვენი სათქმელი” – ამბობს მარიამ ზაქარაძე, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი. 

 

 

 

 

 

შეხვედრა არჩილ ხაბაძესთან

 

 
 
ხაბაძემ ისაუბრა აჭარაშ ჰესების მშენებლობაზე და მას წარმატებული პროექტი უწოდა, ასევე დადებითად შეაფასა ციტრუსის სეზონი.
 
შეხვედრის ორგანიზატორი იყო არასამათვრობო ორგანიზაცია “ბორჯღალი”.

ცხელი წყალი კვირაში ორ დღეს

 

 

 

ამჟამად საერთო საცხოვრებელში 48 სტუდენტი ცხოვრობს. მათ უნივერსიტეტის ავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე მიდის უნივერსიტეტში, უკან კი საღამოს ექვს საათზე ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სტუდენტს ლექციები ბევრად უფრო ადრე უმთავრდება. საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ღირებულება თვეში 15 ლარია, აქ ცხოვრება რეგიონებიდან ჩამოსულ ან უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ.


შენობაში არ არის გაზის გაყვანილობა, ამიტომაც აქ ელექტროგამათბობლებით ამზადებენ სადილს და ათბობენ ოთახებს. სამზარეულოს “ავეჯს” წარმოადგენს მხოლოდ ერთი მაგიდა, სტუდენტებს სადილი თავიანთ ოთახებში მიაქვთ და იქ მიირთმევენ. ის ოთახები, რომლებშიც სტუდენტები ცხოვრობენ კეთილმოწყობილია.

 

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის, რევაზ ოკუჯავას თქმით, საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წყალია _ “იქ წყალი მოსახლეობასაც არ აქვს ნორმალურად. თავიდან საერთო საცხოვრებელი და მოსახლეობა ერთ მილზე იჯდა. ცალკე მილი საერთო საცხოვრებლისთვის შარშან გამოვიყვანეთ”.

ცხელი წყალი შენობას მხოლოდ ოთხშაბათსა და კვირას, რამდენიმე საათით მიეწოდება: “ზოგჯერ წყალი ორჯერ ცხელდება, დილით ვინც ვერ მოასწრებს, საღამოს შეუძლია ისარგებლოს”, _ ამბობს უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებლის ხელმძღვანელი თემურ გოგიტიძე. “ჭურჭელს ცივ წყალში ვრეცხავთ, სარეცხს კი მხოლოდ იმ დღეებში, როცა აბანოა/ცხელი წყალია. აქ ზოგიერთს თავისი ელექტრომადუღარა აქვს და როცა ძალიან გვჭირდება, ვთხოულობთ ხოლმე”, _ ამბობს საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მკვიდრი ნათია ზარანდია.

 

 

ხუთსართულიანი შენობის ბოლო, მეხუთე სართული, სადაც ათი ოთახია განთავსებული, მოწვეული მასწავლებლებისთვისაა; მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსებული ოთახები კი, 160 სტუდენტისთვის არის განკუთვნილი. შენობის პირველი სართული გასარემონტებელია და სრულად აუთვისებელია. მიუხედავად იმისა, რომ შენობას ყოველდღიურად რეცხავენ და წმენდენ, ნესტი და გამწოვების არარსებობა მაინც მოქმედებს და ოთახებში, რომლებშიც მზე არ ანათებს, სპეციფიკური სუნი დგას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შრსუ-ს შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის გენო აბულაძის თქმით, ტენდერი ავეჯისა და დიდი სარეცხი მანქანის შესაძენად მარტის შემდეგ, ამ წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება, დაზიანებული ოთახების გარემონტება კი საერთო საცხოვრებლის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზაფხულისთვის იგეგმება. იმის გამო, რომ მწვანე კონცხზე ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის გაყვანილი, შენობის გაზიფიცირება ბევრ თანხასთანაა დაკავშირებული და გენო აბულაძის თქმით, მათ მიერ ამ პრობლემის მოგვარება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას: _ “იმ უბანს საერთოდ არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, როგორც კი ცენტრალურ ხაზს გაიყვანენ, ჩვენს შენობაშიც შევიყვანთ გაზს, იქამდე კი ელექტროენერგიაზე ვამუშავებთ”.

Exit mobile version