აჭარის მთავრობაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

 

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოების, ასევე აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება შშმ პირების დასაქმებისთვის ხელშეწყობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინიციატივით აჭარის სამთავრობო უწყებებში დასაქმდებიან შშმ პირები.

თურქეთის განათლების სამინისტრომ სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა

 

„აღნიშნული პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის („კავკასიის ქარი“) ავტორს, ბატონ ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს, ქალბატონ ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში ქალბატონ ქევსერ რუჰთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

 

საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას“ – ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში. 

შეურაცხმყოფელი შეფასებები სკოლის დირექტორების გასაუბრებაზე

გასაუბრებაზე, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართა აჭარის განათლების სამინისტროში, კომისიის წევრებს სერტიფიცირებული დირექტორების მიერ სკოლის განვითარების სტრატეგია უნდა შეეფასებინათ. კომისიის წევრის მიერ შესავსებ ცხრილში, რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია: სკოლის მისია და არსებული სიტუაცია; განვითარების ძირითადი მიმართულება; სტრატეგია და პრიორიტეტები; შეფასების ინდიკატორ შედეგები, თუმცა კანდიდატის ვიზუალური აღწერილობა არსად არის მითითებული.

კომისიის წევრი ლევან ზარდიაშვილი, რომლის მონიტორზეც, ერთ–ერთი კანდიდატის გარეგნობის შესახებ შეურაცხმყოფელი შეფასებები ჩანს, საქართველოს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელია.

კანდიდატი, რომელსაც ლევან ზარდიაშვილი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით აფასებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორია ბათუმში.

კითხვაზე თუ რამდენად კომპეტენტურია კომისიის წევრი, რომელიც მსგავსი ეპითეტებით აფასებს კანდიდატს, განათლების სამინისტროში პასუხობენ, რომ მის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარებათ. მათივე ინფორმაციით, ბლანკები, რომლებიდანაც შემდეგ მონაცემები უნდა შეჯერებულიყო, განათლების სამინისტროს არ ჰქონია.

“ის ბლანკი, რასაც ის ავსებს, არ არის არანაირი ოქმი ან ოფიციალური დოკუმენტი. ის მისი პირადი ჩანაწერია და მისი გასაჯაროება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ მაინც მოხდა” – ამბობს ნატა ასათიანი, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

„ბათუმელებმა“ კომისიის წევრთან, ლევან ზარდიაშვილთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ჭოროხმა მამაკაცის გვამი გამორიყა

 

გარდაცვლილი მახოს მცხოვრები ზურაბ კაზეიშვილია. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ასევე, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ქობულეთში, გუშინ შტორმის დროს ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს. 

ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე

ჩანჩხალოელი დათო დუმბაძე ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც სოფელში მშენებარე გვირაბის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. დათოს სახლი ინგრევა, ყველა კედელი დაბზარულია. სახლი მეორე სართული ხისაა, რომელიც გადახრილია, ეზო და ახლოს მდებარე საყანე ნაკვეთი კი ორმოებითაა დაქსელილი.

„რაც გვირაბის მშენებლობა დაიწყო, იმის შემდეგ დაიხსნა სახლის კედლები. მშენებლობის დაწყებამდე კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ. სარდაფის კედლებზე „სკოჩები“ მიაკრეს და მითხრეს თუ ეს გაიხა, საშიშიაო. პირველივე აფეთქებაზე დაიხა. სახლში შესვლა აგვიკრძალეს და მეზობელ სახლში გადაგვიყვანეს“, –  ამბობს დათო.

დათო დუმბაძე საკუთარი სახლის კედელთან. სოფელი ჩანჩხალო, შუახევის მუნიციპალიტეტი

სახლი, სადაც ახლა დათო ცხოვრობს, მისი ძველი სახლიდან 10 მეტრითაც არ არის დაშორებული. დათო ამბობს, რომ არც იმ სახლში გრძნობს თავს უსაფრთხოდ. იმ ადგილიდან, სადაც მეწყერსაშიში კერა გაჩნდა, ჩანჩხალოს სკოლა დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ შვილების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ.

„არ ვიცი, ჩემს სახლში კედელი როდის ჩამოინგრევა. ზეწოლას ახდენენ ხალხზე, რომ სკოლაში სწავლა განახლდეს, მაგრამ ხალხი რომ განსახლებას საჭიროებს, ამაზე არ ფიქრობენ. მოვითხოვთ, მოგვცენ ან კომპენსაციები, ან ბინა აგვიშენონ და წავალთ სოფლიდან,“,  – ამბობს მავილი მიქელაძე.

ეს ორმო დათო დუმბაძის ეზოში მას შემდეგ გაჩნდა რაც შუახევი ჰესისთვის საჭირო გვირაბის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ჩანჩხალოში უკვე სამი ათეული წელია მეწყრული პროცესები მიდის. არსებობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც სოფელი  წითელ ზონაში მდებარეობს. სოფელში ახსოვთ 1985 წელს განვითარებული მეწყერი, რომლის შედეგადაც ჩანჩხალოს მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გადასახლდა.

„როცა მე პატარა ვიყავი, მამაჩემმა ვერ იზრუნა ჩემზე, ახლა ისე აღარ არის. ახლა ყველანი ვზრუნავთ ჩვენს პატარებზე, ჩვენ აქ აღარ გვეცხოვრება. გვინდა ერთი საერთო საცხოვრებელი“, – ამბობს ჩანჩხალოს მკვიდრი გუგული მახარაძე.

სოფელ ჩანჩხალოში ორი კვირაა მოსახლეობა ყოველდღე იკრიბება და ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ, ხოლო ბავშვებს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამ დრომდე ჩანჩხალოელებთან მოსალაპარაკებლად მხოლოდ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან იყვნენ წარმომადგენლები. განათლების მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე ამბობს, რომ მან ჩანჩხალოელებს პრობლემის მოგვარების სამი გზა შესთავაზა – მანამ, სანამ აფეთქება შეჩერებულია, სწავლის გაგრძელება სკოლის არსებულ შენობაში, ბავშვების გადაყვანა დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ან ფართობის ქირაობა და დროებით იქ გადასვლა.

„სამივე შეთავაზებაზე თქვეს კატეგორიული უარი. ერთ-ერთმა მოქალაქემ ვეღარ მოითმინა და ორ-სამჯერ გაიმეორა, ბავშვები სკოლაში რომ შევიყვანოთ, ყურადღებას არავინ აღარ მოგვაქცევსო. ამიტომ ძალიან ცუდი დასკვნა გავაკეთე ჩემთვის – ბავშვებს იყენებენ და ეს ძალიან ცუდია. ახლა მდგომარეობა არის ასეთი: დამპირდნენ, სამი დღის შემდეგ სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთო. ვფიქრობ, კვირას კიდევ ერთხელ შევხვდები და  იქნებ ბავშვების სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, სამართალდამცავებს ვთხოვ, რომ ბავშვებისთვის ნორმალური განათლების პირობები შეიქმნას“, – ამბობს სულიკო თებიძე.

„შემოგვთავაზეს ბავშვების გადაყვანა შუახევის სკოლაში, ღამე სად წავიყვანოთ? გზაზეც საშიშია, ქვები მოგორავს. რომ დაეცეს იმ მარშუტკას, მერე რა ვქნა? მთავრობის ხალხი შეხვედრას თავს არიდებს და განათლების ხალხს აგზავნის, რომ რამენაირად სკოლა გახსნას. სკოლის შენობა საშიშია და ვერ შევუშვებთ ბავშვებს. შვილები იმისთვის არ გაგვიზრდია, რომ სინკარებში მოყვნენ“, –  ამბობს ჩანჩხალოს მკვიდრი ნანი მახარაძე.

„ჩვენთან იყო ვიღაც კაცი მოსული და იმას ვკითხე, თავის შვილს ასეთ სკოლაში თუ ასწავლიდა? პასუხი არ გაუცია, მაგრამ ამბობენ, სწავლა აუცილებლად უნდა განაახლოთო. მეც მინდა გავაგრძელო სწავლა, ოღონდ არა ამ სკოლაში, მეშინია“,- ამბობს ნათია დარჩიძე, ჩანჩხალოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და სკოლას გვათვალიერებინებს.

„აი ნახეთ, ეს სულ ახალი ბზარებია. სწავლა რომ დავამთავრეთ, მაშინ არ იყო. ამ დაბზარული კედლის მიღმა სკოლის მუზეუმია, გვერდით კი – ბუფეტი“, – გვიხსნის ნათია და შეღებილ, კრემისფერ კედელზე გაჩენილ ბზარს გვაჩვენებს.

საკლასო ოთახი ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში

„აქციაზე მშობლებს უთხრეს თქვენს ბავშვებს ფარად იყენებთო. ვერავინ დაამტკიცებს, რომ მშობლები ასე იქცევიან, უბრალოდ, ეშინიათ. მშობლებს არ ჰყავთ შვილზე ძვირფასი არავინ და ვერ შეუშვებენ ისეთ ადგილას, სადაც საფრთხე დაემუქრებათ. მე, მაგალითად, უმცროსი ძმა მყავს სკოლაში და ჩემზე მეტად მეშინია მას არაფერი მოუვიდეს. მეზობელ კლასში სწავლობს, ძმაა, მიყვარს და მეშინია, არ მინდა არც ბინა, არც არაფერი, ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად“, – ამბობს ჩანჩხალოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნესტან ზოიძე.

„ბათუმელები“ შეწყვეტილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარისთვის  დაუკავშირდა საქართველოს განათლების სამინისტროს, საიდანაც ისევ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადმოგვამისამართეს.

ჩანჩხალოს საჯარო სკოლა

ნარგიზ შაქარაძის სახლი ჩანჩხალოში ზუსტად იმ მთაზე დგას, რომელი მთის ძირშიც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გვირაბი გაჰყავს. როგორც ნარგიზი ამბობს, სახლის გვერდით მდებარე ყანა გვირაბის მშენებლობის დაწყების შემდეგ შუაზე გაიხსნა. მოგვიანებით კი მიწის ერთმა მხარემ ნახევარი მეტრით დაიწია. შაქარაძეებს საგვარეულო სასაფლაოც სახლთან ახლოს აქვთ, გახსნილია საფლავებიც.

„ორი საფლავი გადახრილია. ერთი საფლავი კი გაიხსნა, ბოსტანი ჩავარდა, ყანა შუაზე გაიხლიჩა. შეხედეთ, პირდაპირ სახლის ქვეშ გადის გვირაბი. აფეთქებების დროს ყველაფერი ზანზარებს“, –  ამბობს ნარგიზ შაქარაძე და სახლის ქვემოთ მშენებარე გვირაბისკენ გვითითებს.

არის თუ არა საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი ის სიტუაცია, რაც დღეს ჩანჩხალოშია. „ბათუმელები“ ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა. აქ გაგვიმარტეს, რომ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც კომპანიას ავალდებულებს აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და  მშენებლობის პროცესში განახორციელოს მონიტორინგი.

„იმ შემთხვევაში, თუ  სამშენებლო სამუშაოების მიზეზით, ადგილობრივი მოსახლეობის ქონებას საფრთხე დაემუქრება, ინვესტორს აქვს ვალდებულება მოსახლეობას მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაუროს და გასცეს კომპენსაცია. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არის გარანტი იმისა, რომ ინვესტორი  ყველა აღებულ ვალდებულებას ზედმიწევნით შეასრულებს“, – განაცხადეს ენერგეტიკის სამინისტროში.

აპირებს თუ არა ხელისუფლება შესაბამისი სტრუქტურების ჩართვას, ჩანჩხალოში ჩასვლას და სიტუაციაში გარკვევას, ან ვინ აიღებს იმ შემთხვევაში პასუხისმგებლობას, თუ ჩანჩხალოში აფეთქების შედეგად უფრო დრამატულად განვითარდება მოვლენები. ამ კითხვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მივმართეთ. პრესსამსახურში გაგვიმარტეს, რომ არ იციან, არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი საქმის კურსში.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა „აჭარისწყალი ჯორჯიას“:

აპირებს თუ არა კომპანია აიღოს სოციალური ვალდებულებები იმ ოჯახებთან მიმართებაში, ვისი სახლიც დაზიანდა გვირაბის მშენებლობის დროს განხორციელებული აფეთქებების შედეგად?  იყო თუ არა რისკები გათვლილი?  ამჟამად რამდენად უსაფრთხოა სოფელში ცხოვრება? კონკრეტულად იმ მონაკვეთების გეოლოგიურ მდგომარეობას თუ სწავლობს კომპანია, სადაც აფეთქებებმა ნიადაგი და სახლები დააზიანა? – ეს არის იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლითაც „ბათუმელებმა“ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიმართა. კომპანიიდან პასუხი არ მიგვიღია.

ჩანჩხალოს სკოლის სპორტდარბაზი

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსი: მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმი, წვიმა

„შტორმი იკლებს, გამოძახებების რაოდენობა შემცირდა, ამჟამად გამოძახებები გვაქვს მხოლოდ პატარა-პატარა კერებზე, სადაც წყალია ამოსატუმბი“ – უთხრა მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებს“.

დღეს ბათუმში პერიოდულად იწიმებს, საღამოს კი გამოიდარებს.   ჰაერის ტემპერატურა 15-19 გრადუსია.

აჭარაში შტორმის სიმძლავრე იმატებს

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით შესაძლოა დაფიქსირდეს ხუთ ბალზე მეტი სიმძლავრის შტორმი, რაც სავარაუდოდ 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი შტორმის სიმძლავრე იკლებს: „ ეს ბუნებრივი პროცესია. შემდეგ წყლის დონე დაიკლებს“ – განუმარტა მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებს“.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დღეს ღამით ნალექინობა დაიკლებს. ხვალ კი სიტუაცია გაცილებით სტაბილური იქნება.  აჭარაში ამ დროისათვის 200-მდე მაშველია მობილიზებული.

შტორმი ბათუმში. მანანა ქველიაშვილი ფოტო

ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად 50 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

დაზიანებული ხიდი
დაზიანებული ხიდი

სტიქიის შედეგად 50 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.  დაზიანდა საავტომობილო ხიდი, მწყობრიდან გამოვიდა შიდა სასოფლო გზები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელში ასევე დაზიანებულია ელექტროგამცემი ტრანსპორმატორი. ზანაქიძეებში არსებულ პრობლემებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი ანზორ ფერცელიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე გაეცნენ – ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფება

მინისტრმა დაათვალიერა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა,  სადაც მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას გაეცნო.

,,მიუხედავად არსებული მდგომარეობისა  საბაჟო და საპატრულო პოლიცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. არ არის რიგები საბაჟოზე. იმედი მაქვს, გზებზე მოძრაობის შეფერხების საფრთხე აღარ იქნება.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ  ტრანზიტულ,   საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების  მოძრაობას ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო ავრცელებს.

შუახევში, სოფელ ჭვანაში გზა დაიმეწყრა

 

დამეწყრილი გზა შუახევში
დამეწყრილი გზა შუახევში

ჭარბი ნალექის შედეგად დაიმეწყრა ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის ცეკვის უბნის გზა, 9 გრძივ მეტრზე ჩამოწვა მიწის მასა.

სოფელ ჭალაში მოქალაქე ბადრი ჯაყელის სახლთან ჩამოვარდა კლდის ლოდი.

 

ძლიერმა წვიმამ და გზებზე მოვარდნილმა წყლებმა საგრძნობლად დააზიანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

 

გამოდარების შემდეგ დაიწყება გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისათვის მნიშვნელოვანი მეწყერი, ქვათაცვენა, გზის დაზიანება არ ფიქსირდება. მუნიციპალიტეტში მუშაობს ყველა დაწესებულება. ელექტროენერგია ყველა სოფელსა და დასახლებულ უბანს მიეწოდება – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

 

შუახევი
შუახევი

ქედაში მეწყრული კერები გააქტიურდა

 

ადიდდა მდინარე აკავრეთა, ადიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა საკალმახე მეურნეობას შპს „აკავრეთას“ სათავე ნაგებობას, წაიღო საკალმახე მეურნეობასთან არსებული რესტორანი და დაბის მიმდებარედ15-მეტრიანი დამცავი ჯებირი.

 

 

სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს. გამგებლის განცხადებით საცხოვრებელ სახლებს საშიშროება არ ემუქრება, მისივე განცხადებით დილიდანვე ადგილზე  მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზების აღდგენა-გაწმენდითი სამუშაოები.

 

 

„მეწყრული მოვლენები განვითარდა, ადიდდა სოფლის მდინარეები, ადგილზე იმყოფება აჭარის საავტომობილო გზების ხელმძღვანელობა, მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა, მუშაობაში  დაგვეხმარნენ კერძო კომპანიებიც, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ ქედაში. რაც შეეხება დაბის დატბორვას, ამის არანაირი საშიშროება არ არის“ – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

 

ამ დრომდე ქედაში გადაუღებლად წვიმს.

მაჭახლის ხეობაში სამანქანო გზა ჩაკეტილია

„სოფლებში პატარა ნაკადულებიც ადიდდა. ამ წუთებშიც ვმუშაობთ და სავარაუდოდ 4-5 საათში გზის გახსნას შევძლებთ. ჩემი ინფორმაციით ამჟამად მოსახლეობას სხვა რაიმე სახის სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს“ – უთხრა მალხაზ სალვარიძემ „ბათუმელებს”.

ქობულეთში მდინარეები ადიდდა

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეჩერდა სოფელ ხალაში, სადაც მდინარე ადიდდა, ამიტომაც მიიღეს სკოლიდან ბავშების ევაკუაციის გადაწყვეტილება.

 

„ჩაქვში, სასტუმრო  „ოაზისის“ მხარეს მოსახლეობა დაიტბორა, მაგრამ უმნიშვნელოა ზარალი, მოსახლეობამ დროულად მოახერხა ნივთებისა და ტექნიკის ატანა მეორე სართულზე.

 

აღმაშენებლის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი წაიღო მდინარემ და სამ ოჯახს ემუქრებოდა საფრთხე, გამოვიყვანეთ ოჯახები,  ბავშვები გადავიყვანეთ მათ ნათესავებთან.

 

ხალაში ორი ძირი ხე მოთხარა მეწყერმა და ჩამოიტანა, მაგრამ მოსახლეობას არ უქმნის საფრთხეს.

 

ქაქუთში მძიმე მდგომარეობაა, ღვარცოფია წამოსული, წითელი ტალახი მოაქვს და უახლოვდებოდა ორ ოჯახს, თუმცა ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არის, გვერდი აუარა ღვარცოფმა სახლებს, ამ სახლებში არავინ ცხოვრობს, დაკეტილია.  

 

გელაურში გადმოვიდა მდინარე, მივიყვანეთ ტექნიკა და ტრაქტორით გავუკვალეთ გზა წყალს, ცოტა წყალი შევიდა პირველ სართულზე, მაგრამ დიდი დატბორვა არ მომხდარა.

 

რთული სიტუაცია სოფელ ზედა სამებაში, გზა გადაკეტა მთლიანად. უხვი ნალექი რომ იყო ორი დღის წინათ, გზა გავწმინდეთ, მაგრამ ისევ ჩამოიტანა გზაზე მოსახლის ბაღი. ანალოგიური სიტუაციაა აჭყვისთავში, მიმდინარეობს სამუშაოები და გზა უკვე გაწმენდილია. სოფელ კვირიკეში იყო გზა გადაკეტილი და იქაც გახსნილია ამ დროისათვის.

 

 ქობულეთში კი ორ ოჯახს ახადა გუშინ ღამე ქარმა სახურავი, სამაშველო სამსახური იყო გასული, ვიყიდეთ ბრეზენტი და გადავაფარეთ, რომ არ დაზიანებული ოჯახში ტექნიკა“ – ამბობს სულხან ევგენიძე.

 

 

შს სამინისტრო: შემოსულია ასზე მეტი ზარი, მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

 

ზვიად ჩხენკელის ფოტო. {ბათუმი}

 

მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადანაწილებულია   ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში. 

სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის საერთო ჯამში ასზე მეტი ზარია შესული, მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ, კოლაშვილის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ყველა ადგილას ახერხებს მისვლას. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 17:00 საათსთვის ხელვაჩურიდან 12 ოჯახის, ქობულეთიდან ორი ოჯახის და ბათუმში, თამარის დასახლებიდან სამი ოჯახის ევაკუაცია პრევენციის მიზნით მოხდა. 

სოფელ სიმონეთში მეწყერი ჩამოწვა

 

სოფლის რწმუნებულის, ხასან კაზეიშვილის თქმით, დაზიანდა ტრანსფორმატორი, რის გამოც ნახევარ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება: „მეწყერი ჩამოწვა გზაზე, გზა გავწმინდეთ, სიმონეთის ხიდი ამ დრომდე აწეულია, ჯერ ვერ მოვახერხეთ აღდგენა, მოსახლეობასაც მიადგა ზარალი, სოფლის მცხოვრებ ჯუმბერ დიასამიძის მთლიანი ყანა წაიღო წყალმა.  

 

მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა, ტექნიკის დახმარებით ვაგრძელებთ გზის წმენდას, ტრანსფორმატორის აღდგენაზე მუშაობენ ენერგო-პროს თანამშრომლები” – ამბობს ხასან კაზეიშვილი, რწმუნებული სოფელ მახოსა და სიმონეთში. 

ქობულეთში მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ

 

დღეს აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი დაფისირდა. აჭარის დაბლობში ძლიერი წვიმაა, რეგიონში რამდენიმე მდნარე ადიდდა, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სხვა სპეცცსამსახურები. 

ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ფოტო გადაღებულია დღეს, ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე

ზვიად ჩხენკელის ფოტო

 

ზვიად ჩხენკელის ფოტო

ხელვაჩაურში მშენებარე „კირნათიჰესი“ დაიტბორა [ფოტო]

„ამწუთას ტექნიკა გაგვყავს. სამწუხაროდ ერთი ამწის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ. მიმდინარეობს სამუშაოები, სატუმბი საშუალებებით ვტუმბავთ წყალს,“- განუცხადეს „ბათუმელებს“ „აჭარ ენერჯი 2007“- ის პრესსამსახურში.

ასევე, მდინარე ჭოროხზე მშენებარე „ხელვაჩაური I“ -თან  მისასვლელი შიდა გზა ჩამოინგრა და მდინარემ წაიღო. „აჭარ ენერჯი 2007“ აცხადებენ, რომ ზარალი მხოლოდ კომპანიას მიადგა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

თამარის დასახლებაში ადიდებულმა მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა

ბენზეში ადიდებულმა მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა. ფოტო “ბათუმელებს” მოქალაქე როინ გორგაძემ მოაწოდა.

როინ გუნდაძის ფოტო

 

 

 

 

როინ გუნდაძის ფოტო

 

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

 

 „იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, სახლში მუხლამდე წყალია. ახლა წითელი ჯვირიდან იყვნენ ბიჭები და ნივთების გამოტანაში დამეხმარნენ, მაგრამ გარეთაც წყალია და სად უნდა შევინახოთ ეს ნივთები, ვეღარ მოვიფიქრე, დივანი დასველდა, მაცივარი დასველდა, იქნებ ვინმე მოვიდეს“, –  უთხრა „ბათუმელებს“ აკაკი არძენაძემ.

 

„ეს არის სამხედრო ბინები, ყველა ოთახში წყალია. წყალში ვდგავარ ახლა, ვედროთი ვერ გამოვიტანთ ამ წყალს, იქნებ დაგვეხმარონ.  აღარც ლები და აღარც დივანი მაქვს მშრალი“, –  უთხრა ლეილა ფასანიძემ „ ბათუმელებს.“ 

ყოროლისწყლის ადიდების გამო ორი ოჯახია ევაკუირებული

 

 

“ორივე ოჯახი უკვე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, გამგეობამ ბინა ვუქირავეთ, თითქმის იდენტური მდგომარეობა გვაქვს ჩაქვშიც, იქედანაც მოვახდინეთ მოქალაქეების ევაკუაცია. პრობლემა ეხება ისეთ ოჯახებს, რომლებიც თვითნებურად არიან ჩასახლებულები მდინარის პირას, მათ უკვე საშიშროება წლებია ემუქრებათ”, – აცხადებს გოგიტა დარჩია, მწვანე კონცხის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი. 

 

კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე სხვა ოჯახებს, იგი ამბობს, რომ  წინა  წვიმის დროს ის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლის მდებარეობა საფრთხის შემცველად მიიჩნიეს, გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნის საფუძველზე მათ საფრთხე არ ემუქრება.

მდნარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. 

სპეცტექნიკა ზღვის პირას – სტიქია აჭარაში [ფოტო/ვიდეო]

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. შტაბი იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირებისათვის მობილიზებულია, როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს შესაბამისი სამსახურები, მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 112.


სტიქია აჭარაში
სტიქია აჭარაში

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩაქვისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა

 

24 სექტემბერს, დღის პირველი საათისათვის სამაშველო სამსახურს 50-ზე მეტი გამოძახება ჰქონდა. მამუკა თურმანიძის თქმით, გამოძახებების ერთ ნაწილზე სამაშველო სამსახურს რეაგირება ჰქონდა, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსახლეობის დახმარება ვერ შეძლეს: „აზრი არა აქვს, სანამ არ ჩადგება წვიმა. წყალი რომ ამოვტუმბოთ, ეს წყალი ხომ უნდა გავიდეს სადმე, ადგილი არ არის წყლის გასასვლელი, ისეთი მდგომარეობაა“.

 

სამაშველო სამსახურს მოქალაქეები ბათუმში ძირითადად  ჭაობში, ბონი-გოროდოკში, ფარეხისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იძახებენ.  

 

მამუკა თურმანიძის თქმით, სამაშველო სამსახურს დახმარებისათვის მიმართეს ხელვაჩაურიდანაც. „რთული მდგომარეობაა ოცნების ქალაქის (ეკომიგრანტების დასახლება) ტერიტორიაზე, რომელიც გზიდან დაბალზეა, იქ ზაფხულშიც დგება წყალი. გამოძახება იყო და წასულია ჯგუფი, მაგრამ ვიცით წინასწარ, რომ იქ ვერაფერს ვერ ვიზამთ.“

 

ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ნაპირას. ადგილზე სამაშველო ჯგუფი იმყოფება.  

 

მამუკა თურმანიძის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში 150-მდე მაშველია მობილიზებული, თუმცა სამაშველო სამსახური რეზერვის დამატებას ელოდება, რის შემდეგაც აჭარაში 200-ზე მეტი მაშველი იმუშავებს უამინდობის პირობებში.   

 

 

ვაკანსიები მასწავლებლებისთვის

 

პროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ინგლისური ენის, ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და  ბიოლოგიის  მასწავლებლების ვაკანსიების შევსება.  

 

პედაგოგები შეირჩევიან კონკურსის წესით  და დასაქმდებიან  ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში. ამ ეტაპზე აჭარის განათლების სამინისტროში მიმდინარეობს საბუთების მიღება.

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ორეტაპიანი კონკურსი, რომელიც შედგება წერითი და ზეპირი გამოცდისაგან. კონკურსში გამარჯვებულები დასაქმდებიან მინიმუმ ერთი სასწავლო წლის ვადით. გარდა სახელფასო ანაზღაურებისა, გამარჯვებული კონკურსანტები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

დასაქმებულები იმუშავებენ შემდეგი პირობებით: ხელფასი 600-დან 700 ლარის ოდენობით; საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაზღვევა; პროფესიული გადამზადების კურსები; უფასო სახელმძღვანელოები; კორპორატიული მობილური კავშირი; სამინისტროს ღონისძიებებში ჩართვა.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია: განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; დიპლომის ასლი (ბაკალავრი/მაგისტრი); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განაცხადის ფორმის შევსებული ვარიანტის წარმოდგენა.

 

მასწავლებლობის მსურველთა საბუთების მიღება წარმოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ.  ბათუმი, ლ.გუდიაშვილის ქ. №4. და ასევე ადგილობრივ რესურსცენტრებში. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: ტელ: 422 24 53 78 , 577  29 99 98

 

 

 

 

ლიტერატურული მარათონი მოსწავლეებისათვის

კონკურსს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის – „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ფარგლებში ატარებს.

კონკურსის პირველი (შესარჩევი) ტური ჩატარდება 2014 წლის 27 სექტემბერს პირველი კატეგორიის მოსწავლეთათვის (VII – IX კლასი) და 2014 წლის 28 სექტემბერს (X – XII კლასი) მეორე კატეგორიის მოსწავლეებისათვის. ორივე კატეგორიისათვის მარათონი დაიწყება დღის 12 საათზე და დასრულდება 15 საათზე.

ლიტერატურული მარათონის პირველი (შესარჩევი) ტური ჩატარდება ელექტრონული ფორმით სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით. კომპიუტერის გამოყენება მონაწილეს შეეძლება ნებისმიერი ადგილიდან (სახლი, სკოლა). პირველი ტურის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია სკოლა და შესაბამისი რესურსცენტრი. 
 
 
მარათონის მიზანი ინტელექტუალური შეჯიბრის საშუალებით მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მარათონში მონაწილეობისათვის ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებების 2354 მოსწავლე დარეგისტრირდა.

პოლონელების დახმარებით აჭარაში ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორია შეიქმნება

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთიანი საინვესტიციო პორტალის შექმნა, რომლის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების აგრეგაცია. ეს იქნება აჭარის ობსერვატორიის ვებგვერდი, რომელიც აგროვებს და წარმოადგენს მონაცემებს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის მართვის თვალსაზრისით, ისევე ცენტრალური თვითმართველობის დონეზე.

გარდა აღნიშნულისა, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული “Polish Aid 2014”-ის კონკურსში გამარჯვების შედეგად მოპოვებული გრანტის საფუძველზე, აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მეწარმეობისა და შრომის ბაზრის მხარდაჭერის პროექტი 2014-2015 წლებში განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს აჭარის დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნას. ასევე დასაქმების ბაზრისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სისტემის გენერალური გეგმის მომზადებას. პროექტის განხორციელებაში ჩართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მალოპოლსკას რეგიონის მარშალის ოფისი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ბათუმის დასაქმების სააგენტო.

პროქტის ფარგლებში მოხდება აჭარაში ეკონომიკური ცვლილებების პროგნოზირებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მოდელის შემუშავება; მომზადდება გზამკვლევი აჭარაში მეწარმეობისა და დასაქმების ბაზრის სისტემის ხელშეწყობის მექანიზმებისა და პროცესების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. შემუშავდება წინადადებები თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ტრანსფერი სამინისტროებიდან და საჯარო ინსტიტუციებიდან ობსერვატორიაში.

აჭარაში ქარმა ხეები წააქცია

მოძრაობა ასევე აღდგენილია ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე და ხელვაჩაურში. 

მამუკა თურმანიძის განმარტებით, 5-ბალიანი შტორმი ბათუმში უკვე დაფიქსირდა. ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც წყლის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს. 

მოსალოდნელი სტიქიის გამო აჭარაში საგანგებო შტაბი შეიქმნა

ბათუმში შტორმს ელოდებიან

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობაში, საგანგებო შტაბის წევრებმა განუცხადეს.

 

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. შტაბი იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირებისათვის მობილიზებულია, როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს შესაბამისი სამსახურები, მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, აჭარის მთავრობა,  ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.


საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 112.

მოქალაქეებს მოუწოდებენ არ გავიდნენ სანაპიროზე და მსუბუქი ავტომანქანებით მოერიდნონ  წყლით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას;

 

აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ხუსეინ სირაბიძემ “ბათუმელებთან” საუბრისას განმარტა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო და სამაშველო სამსახურები სრული შემადგენლობით იმუშავებენ.

 

გარდა ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი ერთეული მძიმე ტექნიკა და ეკიპაჟი თბილისიდან უკვე ბათუმში ჩამოვიდნენ.

 

ბათუმი ხუთ ნაწილდაა დაყოფილი და სამაშველოსა და სახანძროს სამსახურები ყველა უბანში გადანაწილდნენ.

შტაბის წევრების შეხვედრა უკვე დასრულებულია, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ბრიგადები აჭარის სხვადასხვა მუნციპალიტეტებში გადანაწილდებიან.

 

 

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ”ნონა” ევროპის ჩემპიონი გახდა

 

„ნონა” სპეციალურად წლევანდელი ევროპის ჩემპიონატისთვის ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ ბათუმის მერიის დახმარებით. ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კლუბი ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

გიორგი ჭანტურია – დამფუძნებელი;

მარიკა ჯაფარიძე – კაპიტანი;

ხვიჩა სუპატაშვილი – მთავარი მწვრთნელი;

დავით ჯოჯუა – მწვრთნელი;

მოთამაშეები:

ნანა ძაგნიძე,

ბელა ხოტენაშვილი,

სალომე მელია,

ნინო ბაციაშვილი

მირანდა მიქაძე.

 

მირანდა მიქაძე, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია ბათუმიდან არიან.

„ნონამ” პირველივე ტურში დაამარცხა ბოლო წლების ტრიუმფატორი „მონტე კარლო”, შემდეგ სხვა მეტოქეებსაც სძლია, მეექვსე ტურში ისრაელის „რიშონ ლე-ციონი” გაანდგურა – 4:0, უკანასკნელ, მეშვიდე ტურში კი მეორე ადგილზე მყოფ მოსკოვის „ნაშე ნასლეძიეს” 2:1 მოუგო.

დაფების მიხედვით მცირე მედლები მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ (I დაფა, ვერცხლი), სალომე მელიამ (III დაფა, ვერცხლი) და ნინო ბაციაშვილმა (IV დაფა, ბრინჯაო).

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 1996 წლიდან ტარდება. იმ წელს გოგონთა შორის თბილისის „მერანმა” ჩემპიონის ტიტული ბელგრადის „აგროუნივერსალთან” გაიყო, 2004-2005 წლებში კი უძლიერესის სახელი დედაქალაქის ნტნ-მა მოიპოვა.

ვაჟთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტული აზერბაიჯანის „სოკარმა” დაიბრუნა.

 

 

ფოტოები: europeanchessclubcup2014.com-დან

 

შს სამინისტრომ აჭარაში ოპერატიული შტაბი შექმნა

ინფორმაციას ოპერატიული შტაბის შექმნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელშიც შედიან შს სამინისტროს სხავადასხვა ქვედანაყოფის და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

 

დღეს გაიმართა შტაბის სხდომა, რომელზეც განიხილეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობა. ოპერატიული შტაბი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან. 24-25 სექტემბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, ყველა უწყებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
 
 
შტაბის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ბათუმის დატბორვის შემთხვევაში, 7 უბანზე დაწესდეს სპეციალური მონიტორინგი, რათა ვითარების გაუარესების დროს ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.

ჯანდაცვის მინისტრი:სსმ ადამიანებს მუშაობის პირობები უნდა შევუქმნათ

 

ნუგზარ სურმანიძე

“ჩვენ უნდა დავასაქმოთ სსმ პირები, უნდა შევხვდეთ მათ, მოვისმინოთ მათი პრობლემები. მე როცა მოვინდომე მათი დასაქმება, ინფრასტრუქტურის პრობლემას გადავაწყდი, სამინისტროში მათი შესაბამისი სანიტარული კვანძები არ გვაქვს”, – განმარტა ნუგზარ სურმანიძემ მთავრობის სხდომაზე.

 

აჭარის განათლების მინისტრმა თქვა, რომ ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურას ახლა სწორედ სსმ მოსწავლეებისთვის აკეთებენ. 

აჭარის მთავრობაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა

ვინ უხელმძღვანელებს ამ დეპარტამენტს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მთავრობის ამ დეპარტანემტში ოთხი ადამიანი დასაქმდება და როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, დეპარტამენტის უფროსი პროფესიით ეკონომისტი იქნება. 

 

მთავრობის  თავმჯდომარის განმარტებით, ამ დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულობით მუშაობა იქნება.

 

ამის პარალელურად მთავრობაში ეკონომიკური განვითარების საბჭო  შეიქმნა. საბჭოს წევრები მინისტრები არიან, თავმჯდოარეობას კი არჩილ ხაბაძე გაუწევს. კომისიაშია მოიწვევენ სპეციალისტებს (5-6 ადამიანს), რომლებიც ასევე სხვადასხვა ინიციატივაზე იმუშავებენ.

 

 

 მთავრობის წევრებს არა, მაგრამ მოწვეულ სპეციალისტებს შტატგარეშე ხელშეკრულებას გაუფორმებენ და სარგოსაც მისცემენ.

ხაბაძე:ბათუმში ახალი საავადმყოფო და სტადიონი აშენდება

 

აჭარის მთავრობის სხდომა

სტადიონისა და საავადმყოფოს პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი წელს დაიხარჯება. აქედან სამასი ათასი ლარი  საავადმყოფოს პროექტის შესაძენას, დანარჩენი კი სტადიონის პროექტის მომზადებას მოხმარდება.

 

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ახალი საავადმყოფო ბათუმში იქ აშენდება, სადაც  ახლა რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებს. რაც შეეხება სტადიონს, არჩილ ხაბაძის განმარტებით, ის ლეონიძის ქუჩაზე, ელექტრო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 8-9 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება.

 

სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობისთვის თანხა 2015 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

Exit mobile version