სიახლეები

სოფელი, სადაც წვიმის დროს მეწყერი ესიზმრებათ 1

03.02.2015
სოფელი, სადაც წვიმის დროს მეწყერი ესიზმრებათ 1

 

გოგნიძეებში, მთის თავზე, საიდანაც მეწყერი იღებს სათავეს, დაჭაობებული ადგილებია. მოსახლეობა შიშობს, რომ ძლიერი წვიმის დროს შეიძლება აქ წყალი დაგუბდეს, რასაც მოშლილი ქანები ვეღარ გაუძლებს და მთის გარკვეული მასა კვლავ შეძლება დაიძრას სოფლისკენ. მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები სოფელი  დახმარების მოლოდინშია.

 

 „წვიმის დროს ხშირად მესიზმრება, რომ მეწყერი მოდის და მეღვიძება. ასეააქ მცხოვრებთა უმრავლესობა და ფსიქიკაც მოგვეშალა ამ დაძაბულობაში. გვინდა ბავშვები იყვნენ დაცული. ბოლო წლებია ახალგაზრდობა საერთოდ წავიდა სოფლიდან.“ – ამბობს გოგინიძეების მკვიდრი ნანუკა შარაშიძე.

 

2011 წელს, ზვავის განვითარების შემდგომ, 40 დღის მანძილზე, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მაშველები მოსახლეობას საცხოვრებლად სახლებში არ უშვებდნენ, რადგან  ზვავსაშიშროება იყო. 40 დღის შემდეგ, გეოლოგების შეფასებით, ზვავი საშიშროებას აღარ წარმოადგენდა, რის შემდეგაც მოსახლეობას მისცეს უფლება, თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

 

 

 მას შემდეგ სამი წელი გავიდა. მოსახლეობა დღესაც შიშის ქვეშ ცხოვრობს და ყოველი გაწვიმების დროს ზვავის გააქტიურებას ელოდება.

 

 

  მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზვავი განვითარდა, 14 ოჯახს მე-2 კატეგორია მიანიჭეს იმ მოტივით, რომ სახლები დაზიანებული არ იყო. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რომ შეეცვალათ მათთვის მინიჭებული კატეგორია, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციები კატეგორიის შეცვლის საშუალებას არ იძლევა.

 

 

„ალბათ ოდესმე პირველ კატეგორიასაც მოგვანიჭებენ, სახლები როცა დაინგრევა, მაგრამ ამ დროს რამდენი ჩვენგანი დარჩება ცოცხალი, აღარ ვიცი…“  – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

 

 

ნანუკა შარაშიძე, სოფლის მკვიდრი, ასეთ ისტორიას იხსენებს: „სოფლის განაპირას ცხოვრობდა ზურაბ შერვაშიძის ოჯახი. ცოლ-ქმარი იყო ოჯახში მარტო, ორივე შეზღუდული შესაძლებლობების. დიდთოვლობის გამო დაბაში ნაქირავებ ბინაში იყვნენ და ზაფხულობით ამოდიოდნენ აქ. იმ დღეს აპირებდნენ ამოსვლას და რომ ვუთხარით, დიდი თოვლიაო, აღარ ამოსულან. ბედი მაგათ ჰქონიათ, იმ საღამოს მეწყერი დაატყდა სოფელს და  სახლი ჩაიტანა თან მიწაში. გამგეობამ მათ ქედის სოციალურ სახლში ორი ოთახი გადასცა და ახლა იქ ცხოვრობენ“.  

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: