სიახლეები

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკები წინასაარჩევნოდ

03.02.2015 • 1091
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკები წინასაარჩევნოდ

 

 

დაახლოებით ერთ თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა განახლებაში სასმელი წყლის აუზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ამ სამუშაოებისთვის საჭირო თანხა –  63 655 ლარი მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში 27 თებერვლის სხდომაზე გაითვალისწინა. გარდა ამისა, გამგეობამ 24 000 ლარი გამოყო საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დასაფინანსებლად. ხელვაჩაურის გამგეობა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებისთვის საკრებულოს ამ დღეებშიც მიმართავს. მორიგი სხდომა, სავარაუდოდ, 30 მარტს გაიმართება, სხდომაზე საკრებულო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცებასაც გეგმავს.

 

 

„ახლა სოფლების კრების ოქმები მუშავდება, რითაც გამოიკვეთება პრიორიტეტები. დოკუმენტი შემდეგ გაიგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სამინისტრო მიმართავს მთავრობას და უკვე გაწერილი პროგრამის დამტკიცების შემდეგ დავიწყებთ მუშაობას. პროცედურა დაახლოებით აპრილის ბოლომდე მორჩება“, – ამბობს ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე ნოდარ ხალვაში.

 

 

მაისის დასაწყისში კი, მუნიციპალიტეტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი სამუშაოებისთვის შემსრულებელ კომპანიებს დაიქირავებენ.

 

 

გამგებლის მოადგილის განმარტებებით ირკვევა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები მაისში დაიწყება და წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვევა. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 15 ივნისს უნდა ჩატარდეს.

 

 

მარტის ბოლოს საბიუჯეტო ცვლილებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც გეგმავენ. გამგეობის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოფლებში – დაგვაში, ბობოყვათში, კვირიკეში, ზენითში, ქაქუთსა და მუხაესტატეში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, გამგეობა სანაპირო ზოლის სავალი ნაწილის ორკილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობისა და ჯებირის აღდგენის სამუშაოების დაწყებასაც გეგმავს.

 

 

ქობულეთის საკრებულოს მარტის სხდომაზე ქუჩებში საგზაო ნიშნულების დამონტაჟების საკითხზეც იმსჯელებენ, რასაც მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვდა.

 

 

სახეცვლილ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო თანხაც. სიახლეებს შესთავაზებენ მუნიციპალიტეტის სპორტულ საკლუბო გუნდებსაც.

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაამტკიცეს და დავით ნარმანიას უწყებაში განსახილველად გადააგზავნეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებმა. გამგებლის – ბესიკ ბაუჩაძის თქმით, სამინისტროდან პროგრამის დაბრუნების შემდეგ ცვლილებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც შევა.

 

 

იგივე სურათია სხვა მუნიციპალიტეტებში.

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე პროგრამის ამუშავებისა და  წინასაარჩევნო პერიოდის თანხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს. „გასულ წელსაც ამ დროს დავიწყეთ. არჩევნები ამასთან არაფერ შუაშია“, –  ამბობს ნოდარ ხალვაში.

 

 

ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით საბიუჯეტო პროგრამების გამოყენებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები გასულ წლებშიც მუდმივად საუბრობდნენ. იყო შემთხვევები, როცა მუნიციპალიტეტის სოფლებში მძიმე ტექნიკა სამთავრობო პარტიის საარჩევნონომრიანი სტიკერით მუშაობდა, მუშებს კი ამ პარტიის მაისურები ეცვათ.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის ანა ბერძენიშვილის აზრით, „მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილება ხარჯვით ნაწილში, რაც მარტის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, რადგან ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება, როცა პროგრამა არ არის გაწერილი. ახალი პროგრამის დამატება მხოლოდ არჩევნებამდე სამოცი დღით ადრეა შეუძლებელი. რადგან არჩევნებამდე სამოც დღეზე მეტია დარჩენილი, აღნიშნული ცვლილება არ შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო კოდექსის დარღვევად. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არ შეუძლია იმის თქმა, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანია“.

გადაბეჭდვის წესი