თუ გსურთ თქვენს ქუჩას სახელი შეუცვალონ, მიმართეთ საკრებულოს

 

სამუშაო შეხვედრა მერიაში

სამუშაო შეხვედრაზე, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ“ საკითხი განიხილეს.
“უმისამართოდ დარჩენილი ქუჩები განსაკუთრებით ახლად შემოერთებულ უბნებზე, ხშირად მოსახლეობას პრობლემას უქმნის, ამიტომაც საკრებულომ დაიწყო ამ თემაზე აქტიური მუშაობა, რათა შეიქმნას ერთიანი  ბაზა”-წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ქუჩებისთვის სასურველი სახელების შერჩევა ან კიდევ არსებული სახელების გადარქმევა მოქალაქეებსაც შეუძლიათ, მათ წერილობით  საკრებულოს უნდა მიმართონ, საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატები მიიღებენ.

აჭარაში ცხრა ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა

 

დიდთოვლობა ხულოში. ხულოს მუნციპალიტეტის ფოტო

“მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ამინდი გვიშლის ხელს, როგორც კი გამოიდარებს, მაშინვე აღუდგება ელექტრო ენერგიის  მიწოდება მოსახლეობას”, – განაცხადა “ბათუმელებთან” „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელმა გიორგი სურმავამ.

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრები საქართველოს რეგიონებში

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ასეთი ცენტრი უკვე შექმნილია და მას ყოფილი პოლიციელი ხელმძღვანელობს – ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ინფორმაციას თავად ზურაბ ირემაძე უარყოფს. მას ტელეფონით დავუკავშირდით.

 

 

 „მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, არ მაქვს ამ ამბავთან კავშირი“, – ამბობს ის.

 

ხულოში მსგავსი ცენტრის შექმნას უარყოფს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.

 

ქობულეთის გამგებელს სულხან ევგენიძეს კი ქობულეთში მსგავსი ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ აქვს:

 

„რაღაც მსგავსი მსმენია, მაგრამ ვერ მოვასწარი გადამემოწმებინა, თუ რა ცენტრზეა საუბარი“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.  

 

ქედაში პრემიერ ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის შექმნის შესახებ იცის  მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ:

 

„ვიცი, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არც ხელისუფლებასთან და არც პრემიერთან კავშირი არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი საქმიანობით არ დავინტერესებულვარ და არც ის ვიცი, ვინ ხელმძღვანელობს ორგანიზაციას.“

 

„პრემიერის მხარდამჭერთა ცენტრებზე ინფორმაცია დავით ხიზანიშვილთან უნდა გადაამოწმოთ. ცენტრების შექმნას მთელს საქართველოში ის ხელმძღვანელობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის გამგეობაში.

 

დავით ხიზანიშვილის განმარტებით, მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელისაც „საქართველოს ახალი დემოკრატები“ დაარქვა.

 

„როცა ორგანიზაცია დაფუძნდა, იყო ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პოლიტიკოსისა და პრემიერის მხარდამჭერი ორგანიზაცია. ამის შესახებ პრემიერმა არ იცოდა, ჩვენი სურვილით გავაკეთეთ. “

 

 რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას. დამფუძნებლის თქმით, ორგანიზაციას ამ დროისთვის  დაფინანსება და შემოწირულობები არ აქვს: „და არც ქონია დაარსების დღიდან.“

 

დამფუძნებელი არ ამხელს ინფორმაციას ორგანიზაციის მიზნებსა და მიმართულებებზე:

 

„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე განვაცხადებთ ყველფერს.“

 

ორგანიზაციის დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ ოფისების გახსნა რეგიონებშიც იგეგმება, თუმცა ჯერ ამ კუთხით მუშაობა არ დაუწყიათ.

 

 

 

ბათუმში წაქცეული ხე მანქანას დაეცა

 

ბათუმი დღეს

წაქცეული ხის გამო არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: „ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად დროულად მოახდინა ტერიტორიის გადაკეტვა და გაწმენდა. ძლიერი წვიმის და ქარის გამო, ბათუმში დაფიქსირებულია ინტენსიური ავტოსაგზაო მოძრაობა, რის შედეგადაც შენიშნება საცობები ცენტრალური ქუჩების გზაჯვარედინებზე. ყველა ასეთ ადგილებზე საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები და არეგულირებენ ავტომობილების მოძრაობას.”

ბათუმის ქუჩები

 

ხულო ელექტროენერგიის გარეშე

 

ხულო.3.11.2014 წელი. როინ გუნდაძის ფოტო

 “გვაქვს შტაბის სხდომა და ვაზუსტებთ დეტალებს,  სად რა დაზიანებაა და შემდეგ დავიწყებთ აღდგენით სამუშოებს, სოფლებში გვაქვს დაახლოებით ერთ მეტრომდე თოვლი, თემის ცენტრებამდე დაახლოებით 11 ათეული ტექნიკა მუშაობს. გაიწმინდება  ცენტრალური გზები და გადავალთ სოფლებში. ამ დროისთვის ცენტრალური გზატკეცილი არსად არ არის ჩაკეტილი.”


 მისივე ინფორმაციით, ხულოში მეწყრული კერები დაფიქსირებული ჯერ არ არის, თუმცა “კლდეებიდან გზებზე ქვები ცვივა”.

გამგებელი:7 წლის გოგონას დასახმარებლად მაშველები მიდიან

 

დაახლოებით 11.10 წუთზე მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ რომ პირველ კლასელ გოგონას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება. 

7 წლის გოგონას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება

 

პირველკლასელი  გოგონას ნათესავები “ბათუმელებთან” ამბობენ, რომ სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა  დიდთოვლობის გამო ექიმები სოფელში ვერ მიდიან: 

 

“ახლა ველაპარაკე სკოლის დირექტორს, სოფელში მცხოვრებ ერთ მასწავლებელს ავტომანქანა „ვილისი“ ჰყავს და როგორც მითხრა მასწავლებელი შეეცდება ჩაგვაყვანინოს ბავშვი ცენტრის ამბულატორიამდე. ჯერ არ მოსულა, ველოდებით, ადრე ასეთი ტკივილები არასოდეს ჰქონია”, – ამბობს ბავშვის დეიდა.

 

სოფელი წაბლანა სხალთის თემს, ანუ იმ ადგილს, საიდანაც ავტომანქანების მოძრაობა შესაძლებელია, 2 კილომეტრით არის მოშორებული, ხოლო ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. იმის გამო, რომ მთელი ღამე თოვდა, სოფელში მისასვლელი საცალფეხო გზაც კი არ არის. 

ქედაში თოვლში მანქანები ჩარჩა

 

როინ გუდნდაძის ფოტო. მაღალმთიანი აჭარა. 3.11.2014

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მანქანები თოვლიდან უკვე ამოიყვანეს. 

სოფელ ვაშლოვანის გზა ჩაიკეტა, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მიდის

 

ზემო აჭარა. როინ გუნდაძის ფოტო. 2.11,2014

აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურის ცხელი ხაზის ინფორმაციით, გამოძახება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მოქალაქე ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და ამიტომაც სასწრაფო დახმარების მანქანა სოფელში ვერ მიდის. 

ჩელებაძე: ”შუქურა” შესაძლოა უცხოელმა ინვესტორმა შეიძინოს

სკ ”შუქურას” პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე

 

ბატონო რევაზ, რატომ არის სატურინირო ცხრილში შუქურა დაბალ პოზიციაზე და როგორ უნდა შეძლოს დაწინაურება?

– გორის „დილასთან“ შეხვედრის შემდეგ სამი ქულა ჩაგვეთვალა და მეთხუთმეტე ადგილიდან მეთორმეტეზე გადავინაცვლეთ. გუნდი ყველა მატჩს დიდი უპირატესობით თამაშობდა, მაგრამ ბედის ამბავი იყო და ბიჭები უბრალოდ ვერ ავლენდნენ თავიანთ შესაძლებლობას; ვერც ვარჯიშობდნენ ისე, როგორც საჭიროა, რადგან იყო ფინანსური პრობლემები. ქობულეთის გამგეობამ და აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ გუნდი დაფინანსებულიყო. ახლა უკვე შევძლებთ წარმატებით გავაგრძელოთ ასპარეზობა და ვიძლევით სიტყვას, რომ ჩვენი გუნდი სერიოზულ ადგილს დაიჭერს ქართულ ფეხბურთში.

ქობულეთის შუქურას დაფინანსების საკითხს გასულ კვირას დაუჭირა მხარი ქობულეთის საკრებულომ, რითაც კლუბი წლის ბოლომდე 932 ათას ლარს მიიღებს. რას ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ასეთი დიდი კლუბი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე?

– მსოფლიოში კლუბების უმრავლესობა ფინანსდება მუნიციპალიტეტიდან. მაგალითად, „პარის სენტ ჯერმანი“ (Paris Saint German) ფინანსდება მუნიციპალიტეტიდან, ასევე გერმანიის ბევრი კლუბი მუნიციპალურია. არიან, რა თქმა უნდა, სპონსორებიც, მაგრამ სერიოზული თანხა მუნიციპალიტეტიდან იდება. საქართველოში თბილისის „დინამო“, „ვიტ-ჯორჯია“, და ნაწილობრივ ქუთაისის „ტორპედო“ არიან კერძო ინვესტორების ხელში. სხვა დანარჩენი კლუბი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზეა. საფეხბურთო კლუბს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, აუცილებლად გვერდში უნდა ედგას მუნიციპალიტეტი. „შუქურას“ ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება ჰქონდა. აქამდე ფაქტობრივად ჩემი და ჩემი მეგობრების ხარჯებით მიმდინარეობდა მათი შეკრებები, ჩაცმა, კვება. ფინანსური პრობლემა რომ არ გვქონოდა, გუნდი მესამე ადგილზე იქნებოდა, რადგან გუნდში არიან ის ფეხბურთელები, ვისაც შეუძლია კლუბის დაწინაურება.

როცა საკრებულოს ერთერთ დეპუტატს ვესაუბრე, ვინცშუქურასდაფინანსების საკითხი გაიტანა სხდომაზე, მან თქვა, რომ არის შუქურათი დაინტერესებული პირი. ვის უნდა კლუბის შეძენა?

– მას არ სურს ამის გახმაურება და კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ ეს არ გამხდარიყო სალაპარაკო თემა, სანამ საკითხი არ გადაწყდებოდა. ეს პიროვნება არის სერიოზული ოლიგარქი, რომელთანაც მაქვს თბილი ურთიერთობა და რომლის საშუალებითაც შევძელი აქამდე გუნდის მოყვანა.

როდის შეიძენს შუქურას?

– იმ შემთხვევაში, თუ მოვხვდებით უეფაზე. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც დარჩება ჩვენთან და ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში – სტადიონის მოვლა-შენახვაში დაგვეხმარება.

რატომ დაინტერესდაშუქურათი“?

იმიტომ, რომ ვართ მეგობრები და გვაქვს კარგი ურთიერთობა. მალე გუნდს ეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელიც – კონსტანტინ ფრალოვი. უკრაინელი ტრენერი ოდესის „ჩერნომორეცის“ ახალგაზრდული გუნდის უფროსი მწვრთნელი და კლუბ „ჩერნომორეცის“ მეორე მთავარი მწვრთნელი იყო. რაღაც მოხდა და იქ აღარ დანიშნეს მთავარ მწვრთნელად. ბოლოს იყო ყაზახეთის ბავშვთა ფეხბურთში ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი.

რატომ განხორციელდა ეს ცვლილება?

– იმიტომ, რომ მინდა უფრო კარგად თამაშობდეს ჩემი გუნდი. მიმაჩნია, რომ კონსტანტინე ფრალოვი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელია და მჯერა, რომ წარმატებულად გაწვრთნის ჩემს გუნდს.

რამდენად იცნობს ის ადგილობრივ ფეხბურთს და რამდენად შეძლებსშუქურას გაწვრთნას?

– იყო აქ ჩამოსული, უყურა ჩვენს გუნდს და აღფრთოვანებული დარჩა, ძალიან კარგი გუნდი გყავთო. წლის ბოლომდე მთავარი კონსულტანტი იქნება. პირველი იანვრიდან დაინიშნება მთავარ მწვრთნელად. მასთან ექვსთვიან კონტრაქტს ვაფორმებთ, ჩემპიონატის ბოლომდე პლუს შედეგის მიხედვით. თუ შედეგი დავინახეთ, კონტრაქტი სამ წლამდე გაგრძელდება.

ბატონ ამირანთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– კარგი. ამირან გოგიტიძე რჩება გუნდში. ის იქნება კლუბის ერთ-ერთი უფროსი მწვრთნელი და უკრაინელთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

ტრანსფერებზე მინდა გკითხოთ, თქვენ ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობთ. ვინ მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე წარმატებულ ტრანსფერად?

– პირველი, ყველაზე წარმატებული ტრანსფერი იყო შალვა აფხაზავა. სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, „არსენალში“ თამაშობდა და ერთ-ერთი ძლიერი ფეხბურთელი იყო. ეს ტრანსფერი 2002 წელში განვახორციელე. მაგ პერიოდში მქონდა ალეკო ამისულაშვილის ტრანსფერი კიევის „დინამოში“, ოთარ მარცვალაძე, რომელიც ასევე კიევის „დინამოში“ იყო და ახლა რუსეთის ჩემპიონატს თამაშობს (კლუბი „ტოსნო“), ასევე დავით იმედაშვილი და მოსკოვის „სპარტაკში“ ქობულეთელი კახა მჟავანაძე. ერთ-ერთი წარმატებული ტრანსფერი იყო ჯანო ანანიძის ტრანსფერი, რომელიც პატარა იყო მოსკოვის „სპარტაკში“ რომ ჩავიყვანე, მაგრამ ყველაზე წარმატებულ ტრანსფერად მე მიმაჩნია სოლომონ (საბა) კვირკველიას ტრანსფერი, რომელიც ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. გაგიჟებული იყო მასზე რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო – უნდოდა, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიეღო და რუსეთის ნაკრებში ეთამაშა. მაგრამ სოლომონმა გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში დარჩენა. სოლომონ კვირკველია, რომელსაც წლიური ხელფასი აქვს 300 000 დოლარი, რუსეთის ტურში საუკეთესო მცველად დასახელდა, მის უკან დგანან მეორე-მესამე ადგილზე ხუთმილიონევროიანი შემოსავლით ფეხბურთელები, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, „ზენიტის“ არგენტინელი ეზეკილ გარაი და „სპარტაკის“ ბრაზილიელი ჟოაო კარლოსი. მას აქვს საუკეთესო ფიზიკური მონაცემები – სიმაღლეში 1.97 სანტიმეტრია. აბსოლუტურად ყველა მონაცემები აქვს, რომ გახდეს მსოფლიო ვარსკვლავი. ის 22 წლისაა, თამაშობს ძირითადში და რუსეთში უკვე მეორედ დასახელდა საუკეთესოდ.

2014-2015 წლის სეზონიდან უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი გახდა. როგორია თქვენი აზრი ამ ცვლილებაზე და ვინ არის ამ პერიოდისთვის უმაღლეს ლიგაში ყველაზე ძლიერი კლუბი?

– ჩემი აზრით, უნდა იყოს 16-გუნდიანი. ქობულეთში დაახლოებით 400 ბავშვი თამაშობს, რომელთა მიზანია უმაღლეს ლიგაში თამაში. ამიტომ მათ ურჩევნიათ ქობულეთში იყოს გუნდი, ვიდრე, ვთქვათ, სამტრედიაში ან სხვაგან. უმაღლეს ლიგაში ლიდერობს თბილისის „დინამო“, გამორჩეული გუნდია „სამტრედია“, გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“, საჩხერის „ჩიხურა“, ბოლნისის „სიონი“. ერთ-ერთი მათგანი ჩვენაც ვართ – მიმაჩნია, რომ თანაბარი გუნდები ვართ.

რას იტყვით ბათუმისდინამოზე“?

ბათუმის „დინამო“ ძალიან კარგად შეკრებილი, დაბალანსებული გუნდი გააკეთა შოთა ჭეიშვილმა და „დინამოს“ ხელმძღვანელობამ. ალბათ, უფრო გაძლიერდებიან ახალი წლიდან და უფრო კარგი შედეგი ექნებათ. ვფიქრობ, ბათუმის „დინამოც“ ერთ-ერთი წარმატებული გუნდი იქნება წლის განმავლობაში. მომავალი წლისთვის უკეთესი. ჩვენც თუ ასე გაგვიგრძელა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა და აჭარის მთავრობამ მხარდაჭერა, ძლიერი გუნდი ვიქნებით. მაქვს გეგმა, რომ უეფაზე გავიდეს „შუქურა“. დიდი სხვაობა არ არის საქართველოს სხვა გუნდებთან, ჩვენ რომ არ წაგვეფერხა სახლში „სამტრედიასა“ და რუსთავის „მეტალურგთან“, მესამე ადგილზე ვიქნებოდით. წარუმატებლობის მიზეზი არის დაუფინანსებლობა. საბედნიეროდ, ეს პრობლემა გადაწყა, აწი პასუხი მოგვთხოვონ.

სისხლი ძუძუს კიბოს დასამარცხებლად

 

საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის ინიციატივით, სხვადასხვა დაავადებების  და მათ შორის ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს საჭირო სისხლის მარაგის შესაქმნელად ტარდება აქცია: „გაიღე სისხლი – სიცოცხლის გადასარჩენად“.


თამარ ქაჩლიშვილის ინფორმაციით, „4 ნოემბერს 13:00 საათიდან აქციაში ჩაერთვება ოზურგეთში მდებარე კლინიკა  „მედალფა“; ნოემბერს 10:00 საათზე  აქციას შემოუერთდება ყულევის ტერმინალი 14:00 საათზე კი ფოთის პორტი; 5 ნოემბერს  11:00 – 13:00 საათამდე  აქცია ჩატარდება  ბათუმის სოკარის ოფისში; საზღვაო ჰოსპიტალი აქციას 5 ნოემბერს 13:00-17:00 საათამდე  შეუერთდება“.

 

ის, ვინც გადაწყვეტს შეუერთდეს ამ აქციას, უნდა დაიცვას შემდეგი წესები:


სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 1959  წელი. დონორი არ უნდა იყოს:

 

  • B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი;
  • ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი);
  • სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე;
  • თუ აქვს  ტატუ, უნდა იყოს გასული გაკეთებიდან ერთი წელი;
  • არ შეიძლება ორსულისთვის და  მეძუძური დედისთვის;
  • არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი);
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია;
  • არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში;
  • ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში;
  • დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები.

ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემდგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.


დონორობის მსურველს უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევები:

  • B-ჰეპატიტი
  • C-ჰეპატიტი
  • შიდსი (HIV)
  •  სიფილისი
  • სისხლის ჯგუფი და რეზუსი
  • ჰემოგლობინი სისხლში.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებს აფრთხილებს

 

 

 

ზურაბ ფუტკარაძე
ზურაბ ფუტკარაძე

 

 

 „ტემპერატურა  ორ გრადუსამდე დაეცემა.  ამიტომ, მეციტრუსე ფერმერებს მოვუწოდებთ, იყვენენ ყურადღებით მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით. თუ შესაძლებლობა ექნებათ, სასურველია მოიმარაგონ მეორადი საბურავები და ნახერხი, რაც ტემპერატურის რეგულირების საშუალებას მისცემთ“-განაცხადა მინისტრმა.

 

იყიდება ბინა ბათუმის ცენტრში მაკლერის გარეშე (სასწრაფოდ)

 

 

გასაყიდ ბინაში არის საშუალო  რემონტი, ავეჯი (საძინებელი, მისაღები, პიანინო, სამზარეულო აღჭურვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით)  სათავსო ოთახით, სილქნეტის ხაზის ტელეფონით. საწყისი ფასი 65 ათასი დოლარი. 

მობ.: 599537323;  599560334;  599618791


გიორგი ერმაკოვის ბრიფინგი ბათუმის მერიაში

 

 

 

 

„ამ დღეებში მარტო სახანძრო სამსახურმა მიიღო 94 გამოძახება. აქედან,  90 გამოძახებაზე მოხდა რეაგირება. შპს „ბათუმის წყლმა“   ე.წ  ჭაობის დასახლებაში ჩაატარა გაწმენდითი სამუშაოები. განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა მეჯინის წყალთან დაკავშირებით, როდესაც წყლის არხები მდინაარემ დატბორა და დასახლებულ ადგილებსაც მიადგა ზიანი“- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

 

 

მერის ინფორმაციით,  მეწყრული პროცესები განვითარდა ბოტანიკურ ბაღში და ცენტრალურ მაგისტრალზე მახინჯაურში გვირაბთან.  ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

 

 

გიორგი ერმაკოვის განცხადებით, თავდადებულის  ქუჩის 145-147 მცხოვრებ მიქარებიძისა და შენგელიას ოჯახებს მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს:

 

 

„ამ ოჯახებს გავიყვანთ ქირით, ბინის ქირავნობის თანხას მერია აუნაზრაურებს ბიუჯეტიდან რადგან ეს ოჯახები  სოციალურად დაუცველები არიან. მათ მერია არაერთხელ დახმარებია და კიდევ ერთხელ გაუწევს დახმარებას“-აცხადებს მერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრესკონფერენცია მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით

 

 

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. აღწერას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს, რომლის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია.

 

 

საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არის ბოლო ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის აღწერას ათწლიანი დაგვიანებით ატარებს. 

 

 

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს იბფორმაციით, მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი აჭარასა და გურიაში განხორციელდა, ნოემბერ-დეკემბერში იქნება თბილისი და სამეგრელო, მომდევნო 2015 წლის  თებერვალში კი საყოველთაო აღწერაში ქართლი და იმერეთი ჩაერთვება.  

“დილის ტალღიდან” ისევ რადიოში

 

 

 გიორგი მოისწრაფიშვილის ხმას 11 წლის წინ ბათუმში რადიოს მსმენელები კარგად იცნობდნენ, მაშინ ის რადიოში მუსიკალური გადაცემის წამყვანი იყო, დღეს კი გიორგი რადიო “აჭარის” ხელმძღვანელია. ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო: “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ იმ რადიოს მენეჯერი გავხდებოდი, სადაც დაიწყო ჩემი კარიერა. 2002 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დავწერე პროექტი, ყველანი სტუდენტები ვიყავით და ძალიან მოგვწონდა რადიო. პირველად რადიო აჭარის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ შემოვიღეთ მუსიკალური წამყვანის ინსტიტუტი, მაშინ პირველად აღმოვჩნდი წამყვანის ამპლუაში, ორწელიწად-ნახევარი ვიყავი რადიოში. სტუდენტობის პერიოდში ასეთი გამოცდილება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პოპულარობაც ვიგრძენი, მთელი ქალაქი გვიცნობდა, ბევრი მსმენელი დღემდე მეგობრობს ჩემთან,” – ამბობს გიორგი.

 

რადიოეთერიდან ტელეეკრანზე მალევე გამოჩნდა: “პირველი სატელევიზიო ეთერი აჭარის ტელევიზიის გადაცემა “მუსზონა” იყო, მერე გადავედი 25-ე არხზე, მუსიკალური გადაცემის წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, გადაცემას მე დავარქვი “ბარ10″, ეს ის პერიოდი იყო, როცა ეთერის დროს 5000-6000 ესემესი შემოდიოდა, უამრავი ზარი, ახალი ურთიერთობები…” – იხსენებს გიორგი.

 


შემდეგ იყო გადაცემა “დილის ტალღა”, სადაც შვიდი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას გიორგი მოისწრაფიშვილი “დილის ტალღის” მაყურებლის განწყობაზე ზრუნავდა. ახარებს ის, რომ ხასიათის წყალობით არასოდეს ყოფილა რუტინული წამყვანი: “უკვე აღარ ვარ დილის ტალღის გუნდის წევრი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც რომ მთავრდება, იწყება მეორე, ამიტომაც დიდხანს არ მიგრძელდება გულის დაწყვეტის მომენტი. “დილის ტალღა” არის ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება. როცა ხარ ეთერში, ვიღაცას არ მოსწონხარ, ვიღაცას – მოსწონხარ. ამაზე არ ვღელავდი, აბსურდია ყველას მოსწონდე, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შეიძლება მართლა უკეთესი იყოს შენზე” – ამბობს გიორგი.

 

გიორგის გეგმები ახლა ისევ რადიოს უკავშირდება. ფიქრობს, რომ რადიოს სტრატეგიული ნაბიჯები სჭირდება და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს მხოლოდ გასართობ და შემეცნებით არხად ვერ აქცევს: “რადიო საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს სრულად, საჭიროა ბევრი სოციალური და პოლიტიკური პროექტი, საზოგადოებრივი რადიოს ფორმატი ამას მოითხოვს. რადიოში ყველა ინტერესის დაკმაყოფილებას შევეცდებით, იქნება საბავშვო პროექტები, სოციალური პროექტები, პოლიტიკური თოქ-შოუები, ფერმერული პროექტები და ეს ყველაფერი შეიფუთება მუსიკით. რადიოს აქვს უნიკალური საარქივო ფონდი, მაგალითად გალაქტიონ ტაბიძის ხმა აჭარის რადიოში იყო მხოლოდ შენარჩუნებული, ამ ყველაფერს სჭირდება გამოტანა და გამოყენება” – ამბობს გიორგი.

 


გიორგი ფიქრობს, რომ რადიოში მუშაობამ გაუადვილა ტელევიზიაში ყოფნა, ახლა კი დაეხმარება, როგორც ხელმძღვანელს. “რადიო არის საოცარი ინტიმი. მსმენელი ვერ გხედავს, მაგრამ გრძნობ, რომ შენი ხმის ტემბრით აღგიქვამს ისეთს, როგორიც უნდა რომ იყო. შენ ლავირებ ხმით, შენი ფლეილისტით, ფაქტობრივად შენ მიერ შექმნილ სამყაროში ამყოფებ მსმენელს” – ამბობს გიორგი.

 

გიორგი მოისწრაფიშვილი მუშაობას აჭარის ტელევიზიაშიც აგრძელებს, ნოემბრიდან ეთერში გიორგის საავტორო გადაცემა – “მგზავრის წერილები” გავა: “მგზავრი არის გენრე დოლიძე, რომელიც თითქმის არ ჩანს გადაცემაში, ის აკეთებს პროლოგს და ეპილოგს, ის მიდის სოფლებში, სადაც მეგზურობას უწევს სოფლის მკვიდრი, რომელიც მოუთხრობს მას სოფელზე. 25-წუთიანი, საინტერესო გადაცემა გამოვა” – ამბობს გიორგი.

 

 

გიორგი და მუსიკა

 

 

მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, ვარ შემსრულებელიც და ვქმნი საკუთარ მუსიკასაც, მყავდა ბენდი – “მუტაბორი”, ვუკრავდით ჯაზ-ფანკს, ეს ბენდი ახლა უკრაინაში აგრძელებს მუშაობას, მე კი ჯგუფიდან წამოვედი, ოჯახური პრობლემების გამო, რის გამოც მქონდა დეპრესიული მომენტი. ყველაზე მეტად მუსიკასთან გამოთხოვება მიჭირს. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრის ირაკლი შარაძის დამსახურებით ჩემი “აჭარული ბალადა” გამოვფინე. მუსიკით ამბების გადმოცემა მიყვარს, ეს ამბები ძალიან ძველია, ცოტა სევდიანიც. “დილის ტალღა” მაძლევდა საშუალებას მომევლო აჭარის მაღალმთიანეთი, სწორედ იქ მოსმენილი ამბები ხდება ჩემთვის ინსპირაცია, განწყობა, რომელიც ახლავს თან ამ მელოდიებს, ისტორიები… თავისით მოდის ეს თემები. “აჭარული ბალადის” თემატიკა არის საზღვარი, რომელიც გაჩნდა ნათესავებს შორის, ამიტომაც გამოვიდა ბალადა. საინტერესო რაღაცები მაქვს გასაცოცხლებელი, მუსიკით მომაქვს განცდები, ალბათ ამიტომ მოეწონათ ასე “ბალადა”. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა მომინდება ამ ყველაფრის გამოტანა სააშკარაოზე.

 

 

ელენეს მამა

 

 

ელენე ცხრა წლისაა. ვხუმრობ ხოლმე, ჩვენ ერთად გავიზარდეთ-მეთქი, მართლაც ასეა. მე იმ შობლების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ საოცარი შვილი ჰყავს, ის იმდენად კარგი შვილია, რომ მე მხდის კარგ მამად. რა თქმა უნდა, არ მყოფნის დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ, ძალიან სწრაფად იზრდება, ალბათ მალე იმასაც მივხვდები, რომ ელენე ბავშვი აღარ არის, ის ჩემი ტოლია, სკოლის მერე ხომ ისედაც აღარ არის მკვეთრად გამოხატული ასაკობრივი სხვაობა. ვფიქრობ, მე და ჩემი მეუღლე კარგი მშობლები ვართ.

 

ელენე მგრძნობიარეა, ადამიანური ურთიერთობები უკვე აღელვებს. მოსწონს, როცა ეკრანზე ვჩანვარ, თავადაც მოსწონს კამერებთან პოზირება, შოთა გუჯაბიძემ გადაიღო კლიპში, მას მერე სულ ითხოვს შოთა ბიძიასთან სტუდიაში მიყვანას. ბალეტზე დადის ელენე, აინტერესებს არქიტექტურა და დიზაინი, ეს მე განსაკუთრებით მახარებს.

 

მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 14 წლის წინ გავიცანით, ახლა 31 წლის ვარ, ზუსტად ცხოვრების ნახევარი გავატარეთ ერთად, ამიტომ სხვაგვარია უკვე ჩვენი დამოკიდებულებები, ერთად გავიზარდეთ, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ერთად გავიარეთ. მეგობრები ვართ პირველ რიგში, ერთმანეთს ვუჭერთ მხარს.

 

ამერიკული ოცნება

 

ვოცნებობ ამერიკის მოქალაქეობაზე. ვიცი, რომ აუცილებლად გავხდები აშშ-ს მოქალაქე. ამერიკა, თავისი ისტორიითა და ჯაზით ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ბავშვობა გავატარე ამერიკის შესახებ ისტორიების მოსმენით, მამაჩემი იყო მელომანი, მას აქვს განსაკუთრებულად დიდი კოლექცია ვინილის, ამიტომაც ვისმენდი ჯაზს, ვკითხულობდი ისტორიებს ჯაზზე, ამ ყველაფერმა კი ისე ამაფორიაქა, რომ დღემდე ვარ მობილიზებული, რომ აღმოვაჩინო ამერიკა.

 

 

ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე

 

 

 

ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე

 

სახანძრო ცვლის წარმომადგენელის, ლევან სურმანიძის თქმით  სახანძრო სამსახურში შეტყობინება დღის 14:30 შევიდა.  „ შემთხვევის ადგილზე  სამი სახანძრო გავიდა და  გაირკვა, რომ  კერძო სახლის სათავსო იწვოდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ზარალიც მინიმალურია,”-აცხადებს ლევან სურმანიძე.

 

მეზობლების განცხადებით, საცხოვრებელი სახლის სხვენში ცეცხლი გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ გათბობას უკავშირდება:

 

 

„სახლის პატრონი საზღვარგარეთ არის წასული და სახლი მიტოვებულია. სახლის სხვენში უსახლკარო ბიჭი ათევს ხოლმე ღამეს.  სავარაუდოთ შესცივდა,   გათბობა სცადა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი“ – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე, იმედა შარაშიძე.

 

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

შპს,,ჯანტეკსი”-ს (ს.კ. 245621714 )საყურადღებოდ

 

 

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გატყობინებთ  შპს ,,UNLU”-ს თან (ს.კ 248435359) 2011 წლიდან დღემდე ყოველგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, მათ შორის ზეპრი თუ წერილობითი გარიგებებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე.

 განმცხადებელი: შპს ,,UNLU”-ს (ს.კ 248435359)დირექტორი  ალი ჯან უნლუ

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით

„ჯერ კიდევ ზაფხულში, 19 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განვიხილეთ შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის თემის სოფელ ლომანაურის მცხოვრებთა კოლექტიური წერილი, რომელშიც მოსახლეობა სოფლისათვის ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების ზამთრის დადგომამდე აღმოფხვრას მოითხოვდა. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ მათთან „არ განხორციელებულა გამრიცხველიანება, არ შეცვლილა ავარიული ელექტროგადამცემი ბოძები, რომ მწყობრიდან იყო გამოსული და არ მუშაობდა საჰაერო გამთიშველები“,- აცხადებს ჯემალ ფუტაკარძე.

მისი თქმით, კანონმდებლებმა სათანადო მსჯელობის შემდეგ, იმავე დღეს, პრობლემის მოგვარებისა და დროული რეაგირების მიზნით, შესაბამისი წერილით მიმართეს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსს.

„ კომპანიიდან უმაღლეს საბჭოში პასუხი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, 5 სექტემბერს მოვიდა და მასში ნათქვამი იყო, რომ „კომპანიაში მიმდინარეობდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლა“ და რომ ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმოკლეს ვადაში ეცნობებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ არავინ შემოგვხმიანებია, – აღნიშნავს ჯემალ ფუტკარაძე.  მისივე განცხადებით, ამინდის ცვალებადობა სახეზეა და შედეგმაც არ დააყოვნა – მაღალმთაინეთში პირველი თოვლი მოვიდა და როგორც ირკვევა, სოფლებში არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, მათი ნაწილი კვლავ ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი.

ჯემალ ფუტკარაძე ვიდეორგოლში, რომელიც მან  უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, აცხადებს: „საკუთარ  მოსახლეობის აღშფოთებული მიმართვა ხელისუფლების მიმართ (შუახევის გამგეობა, თვითმმართველობის ორგანოები ) ამჯერად სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. წინ მკაცრი ზამთარია, გვახსოვს წინა წლის მწარე გამოცდილება – რეზინის ჩექმებსა და თბილ მოსასხამებში ხელისუფლებისა თუ ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი პირების მწუხარე სახით დადებული დაპირებები, რომ ყველაფერს იღონებდნენ პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამინდი უარესდება, მდგომარეობა კი ისევ უცვლელია. დღეისათვის მაღალმთიანეთის ზოგ სოფელში თოვლი ნახევარ მეტრს აღწევს და ასეთ დროს, დღავნი-კვიახიძეების დამაკავშირებელ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია ბოძები, რის გამოც ენერგიის მიწოდების აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მივმართავ არა მარტო შუახევის, არამედ მაღალმთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ენერგოკომპანიასთან ერთად დაუყოვნებლივ მიიღონ გადამჭრელი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის სამართლიან რისხვას დავიმსახურებთ, – აცხადებს ჯემალ ფუტკარაძე.

თოჯინების თეატრის საქმეში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე დააკავეს

 

ამის შესაცებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

აზერბაიჯანში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ექში ჰალილი დააკავეს.

ექში ჰალილი, საქართველოს ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 20 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც მითვისება/გაფლანგვას და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.


სამინისტროს ცნობით, ექში ჰალილი კომპანია „TEK-EV INSAAT DECORATION TAHHUT ICH EV DISTIJARET LIMITED SIRKETI Ltd.“-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, როდესაც აღნიშნულმა კომპანიამ ბათუმის თოჯინების და ახალგაზრდობის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

 

ბრალდების მტკიცებით, მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ბოლომდე არ შეასრულა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ყალბი ინვოისების გამოყენებით თეატრის ბიუჯეტიდან 86 663, 23 ლარი მიითვისა, რითაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი მიაყენა. 

ამჟამად ექში ჰალილის მიმართ წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მთავრობის საგანგებო სხდომა ბათუმში

 

 

 

 

გამორთულია ჩაქვისა და ჩაისუბნის სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის მომსახურე აბონენტებს, ბენზე-ბონი- გოროდოკის დასახლებებს, ელოდებიან წყლის დაწმენდას.

 

რაც შეეხება გაზის მიწოდებას, გუშინ სარფში ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა მილსადენი და 30 – აბონენტი გამორთულია. 

 

გუშინ ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობდა შერეული კომისია. ამ დროისათვის ყველაზე რთული სიტუაცია მათალმთიან რაიონებში გვაქვს. ახლახანს ვესაუბრეთ “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს, დღის ბოლომდე მაღალმთიან სოფლებს აღუდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება.

 

 

 

 

ქედაში მეწყრული მოვლენებს ჰქონდა ადგილი, შესაძლოა კიდევ განმეორდეს. მიმდინარეობს მონიტორინგი, ტექნიკა მობილიზებულია. 

 

ხულოსა და ქედაში ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დაბაში თოვლის საფარი 10-20 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სმ-ს. სავარაუდოდ ინტენსიური თოვის გამო, გოდერძის უღელტეხილის გაწმენდა არ მოხდება და ჩაიკეტება. გზების გაწმენდას დანისპარაულამდე ვაპირებთ.

 

ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში რამდენიმე სახლი დაიმეწყრა. ოჯახები გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ყველა შიდა-სასოფლო გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

 

აღსანიშნავია, რომ გაწმენდილია ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ჩამოწოლილი მეწყერი და გზა გახსნილია. 

 

მთავრობის და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უწყებები მობილიზებულია და სრულ მზადყოფნაში არიან საჭიროების შემთხვევაში აღმოფხვრან ლოკალური პრობლემები. ისევ მუშაობს აჭარის მთავრობის ცხელი ხაზი. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და გვაცნობოს პრობლემის შესახებ ნომერზე: 27-20-01.  

 

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ზედამხედველობის სამსახურის პასუხი ღია ჭებთან დაკავშირებით

 

 

 

ძლიერი წვიმა ბათუმში. გელა ძნელაძის ფოტო
ძლიერი წვიმა ბათუმში. გელა ძნელაძის ფოტო

 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაალ მამუჭაძე, „ბათუმელებთან“ კომენტარში აცხადებს, რომ ქალაქში არსებულ ღია ჭებს აკონტროლებენ, თუმცა იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული ბაგრატიონის ქუჩაზე, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს:

 

„გადავამოწმებ ინფორმაციას და გავიგებ“- აცხადებს ის. ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებიც მას უნდა მიეღო.

 

„თუ მონიტორინგის დროს ვნახულობთ  კანალიზაციის ღია ჭებს,  ვუკავშირდებით და საქმის კურსში ვაყენებთ მათ, ვისაც ექვემდებარება ეს ჭა. ხალხი ახლაც გაშვებული გვყავს შემოწმებაზე და თუ სადმე კიდევ აღმოჩნდება ფაქტი, დაგვირეკავენ“-აცხადებს სამსახურის უფროსი.  

 

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების დიდი ნაწილი იტბორება, რის გამოც ღია ჭები როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანებსაც საფრთხეს უქმნის.   

მწვანე კონცხზე მეწყერი ჩამოწვა

 

 

 

 

 

„მეწყერია ჩამოწოლილია გზაზე,  გვირაბთან.  გზა გადაიკეტა და საფრთხე სასაფლაოებსაც ემუქრება“- აცხადებს, მწვანე კონცხის დასახლების მაცხოვრებელი, დათო ჯინჭარაძე.

 

მოქალქე აცხადებს, რომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ: „გაფრთხილებულია ქალაქის მერიაც“. 

ბათუმში სამაშველო სამსახური 45 -ჯერ გამოიძახეს

 

ბათუმი, წვიმა
ბათუმი, წვიმა

 

 

 

„ყველა გამოძახებაზე იყო რეაგირება. ძირითადი ზარები  დატბორვის გამო იყო, აეროპორტის მიმართულებით იყო ქუჩები დატბორილი, ჯგუფები გასულია და მუშაოებენ. ქობულეთში, სოფელ ალამბარში მეწყრული პროცესებია განვითარებული, თუმცა მაგისტრალური გზები ჩაკეტილი არ არის, გარდა გოდერძის უღელტეხილისა, რადგან იქ ერთი მეტრო თოვლია“-აცხადებს სამაშველოს უფროსი.

 

 

მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ჯოჭოშიც. მამუკა თირმანიძის ინფორმაციით, ორ ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ზონაში. 

 

 

„მიმდინარეობს მოკვლევა რამდენად უსაფრთხოა იმ ადგილზე ამ ოჯახების დაბრუნება. თუ დასკვნა იქნება დადებითი, მაშინ შეკეთდება დაზარალებულთა სახლები, თუ არა მოხდება მათი სხვაგან გადაყვანა“. 

 

 

მაშველებმა ამ დრომდე ვერ   მიაკვლიეს ქობულეთში წყალში დაკარგულ მამაკაცს, რომელიც მდინარეში ძაღლის გამო შევიდა. 

ხულოს მუნიციპალიტეტს შუქი არ მიეწოდება

 

 

 

 

„ელექტროენერგია არ გვაქვს, ამ დროისთვის მთლიანად გათიშულია მუნიციპალიტეტი. 20 სოფელს კი არც საერთო გათიშვამდე მიეწოდებოდა შუქი.   მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 70 სმ აღწევს, ცენტრალურ მაგიასტრალზე მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა სოფლების მიმართულებით, ჯერ გაწმებდითი სამუშაოები არ დაწყებულა. ტექნიკა მობილიზებულია“- აცხადებს გამგებელი.

 

 

 გამგებლი ამბობს, რომ მოსახლეობისგან მეწყრული პროცესების განვითარების თაობაზე ჯერ-ჯერობით შეტყობინება არ მიუღია.

 

 

გამგებლის  განცხადებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ზამთრისთვის შეშითაც მომარაგებულია:

 

 „დაახლოებით ერთი კვირის წინ, მქონდა ინფორმაცია რომ 90 პროცენტი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფილია. სატყეოს ვესაუბრე და ლიმიტი ამ დროისთვის ამოწურულია“.  

მეწყერი და გახიზნული ოჯახები

“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.

მათივე ცნობით ამ დროისთვის ზარები არ წყდება. მოსახლეობა აჭარის სხვადასხვა მუნციპალიტეტიდან ითხოვს დახმარებას. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კი ინფორმაციას მუნიციპალიტეტების გამგეობებს აწვდიან. 

 ამ წუთებში ბათუმში ისევ წვიმს. 

ბათუმში, ჭაში სამი მანქანა ჩავარდა

 

ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელებს” აჭარის სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით დაშავებული არავინ არ არის და სამივე ავტომანქანა საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით ამოყვანილია. 

ბათუმში სახლებიდან და ეზოებიდან წყალს ტუმბავენ

 

თათბირი ბათუმის მერიაში

მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მერთან შეიკრიბნენ და ქალაქში არსებული მდგომარეობა განიხილეს.  ამ დრომდე მიმდინარეობს დატბორილი ეზოებიდან და სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

გამოდარებისთანავე დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა და ზარალის დათვლა. მერიის წარმომადგენლები სამოქმედო უბნების მიხედვით შეისწავლიან მდგომარეობას და ინფორმაციას მერს წარუდგენენ.

 

ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მწვანე კონცხზე საცობია

 

საცობი მწვანე კონცხზე

ამიტომ ქობულეთისა და ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. რაც შეეხება სატვირთო მანქანებს მათ შემოვლითი გზით არ უშვებენ და ისინი გვირაბთან არიან გაჩერებულები.

 

შემოვლით გზაზე ანუ მწვანე კონცხე კი წვიმს და საცობია. “ბათუმელებს” ფოტო გიორგი გოხიძემ მოაწოდა.

 

გამგებელი: ჩახერგილია გზები, მეწყერი ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან

 

გამგებლი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ ქვედა აჭყვაში მცხოვრებ ერთ ოჯახს ურჩია მეზობლებთან გადასვლა, რადგან მეწყერი საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა.

ქვედა აჭყვა, დაგვა, დაბა ჩაქვი- ამ სოფელში მცხოვრები ოჯახების  სახლებთან 7-8 მეტრში მეწყერი დღეს ჩამოწვა.

მანქანა მეწყერში მოყვა

 

რამდენიმე წუთის წინ  მანქანა მეწყერში მოყვა. მძღოლი გადარჩა. ადგილზე გასულია სამაშველო სამსხაურის თანამშრომლები.

მაღალმთიან აჭარაში ელექტროენერგია გაითიშა

 

ხულოში დღეს მოთოვა. ფოტო როინ გუნდაძე

უწყების ცნობით, ზემო აჭარაში თითქმის ნახევარი მეტრო თოვლი მოვიდა და ყველა დაზიანებულ ტერიტორიასთან მისვლა ამ დროის მონაცემებით ჭირს.

გარდა ამისა, რამდენიმე ადგილას აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა დაზუსტებით არ იციან როდის აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება.

ქობულეთში სტიქიის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა

 

პარალელურად მობილიზებულია ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური მობილური, სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები-ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 

 წინასწარი პროგნოზით ამინდის გაუარესება 24:00 საათიდან არის ნავარაუდები.

 

მუნიციპალიტეტის შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:  0426 26 72 09;    595 70 44 00;   599 85 63 73;   599 85 63 74.


ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მეწყერული კერები გააქტიურდა, ადგილზე ამ წუთებში (17:20 საათი) ქობულეთის გამგებელი სულხნ ევგენიძე  იმყოფება და “ბათუმელები” დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ბათუმში ისევ წვიმს (ფოტო)

 

“მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები, ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა”-წერია ნიუსში რომელიც ქალაქის მერმა სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

 “რთული მდგომარეობაა ე.წ. ჭაობის დასახლებაში. დატბორილია  თავდადებულის, ლერმონტოვის, სულაბერიძის, მალაზონიას, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.


ამ დროისთვის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დატბორვასთან დაკავშირებით 50-მდე ზარი დაფიქსირდა”-წერს ქალაქის მერი ფეისბუქის გვერდზე. 

Exit mobile version