კვირის ამბები

“დილის ტალღიდან” ისევ რადიოში

03.11.2014 • 2085
“დილის ტალღიდან” ისევ რადიოში

 

 

 გიორგი მოისწრაფიშვილის ხმას 11 წლის წინ ბათუმში რადიოს მსმენელები კარგად იცნობდნენ, მაშინ ის რადიოში მუსიკალური გადაცემის წამყვანი იყო, დღეს კი გიორგი რადიო “აჭარის” ხელმძღვანელია. ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო: “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ იმ რადიოს მენეჯერი გავხდებოდი, სადაც დაიწყო ჩემი კარიერა. 2002 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დავწერე პროექტი, ყველანი სტუდენტები ვიყავით და ძალიან მოგვწონდა რადიო. პირველად რადიო აჭარის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ შემოვიღეთ მუსიკალური წამყვანის ინსტიტუტი, მაშინ პირველად აღმოვჩნდი წამყვანის ამპლუაში, ორწელიწად-ნახევარი ვიყავი რადიოში. სტუდენტობის პერიოდში ასეთი გამოცდილება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პოპულარობაც ვიგრძენი, მთელი ქალაქი გვიცნობდა, ბევრი მსმენელი დღემდე მეგობრობს ჩემთან,” – ამბობს გიორგი.

 

რადიოეთერიდან ტელეეკრანზე მალევე გამოჩნდა: “პირველი სატელევიზიო ეთერი აჭარის ტელევიზიის გადაცემა “მუსზონა” იყო, მერე გადავედი 25-ე არხზე, მუსიკალური გადაცემის წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, გადაცემას მე დავარქვი “ბარ10″, ეს ის პერიოდი იყო, როცა ეთერის დროს 5000-6000 ესემესი შემოდიოდა, უამრავი ზარი, ახალი ურთიერთობები…” – იხსენებს გიორგი.

 


შემდეგ იყო გადაცემა “დილის ტალღა”, სადაც შვიდი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას გიორგი მოისწრაფიშვილი “დილის ტალღის” მაყურებლის განწყობაზე ზრუნავდა. ახარებს ის, რომ ხასიათის წყალობით არასოდეს ყოფილა რუტინული წამყვანი: “უკვე აღარ ვარ დილის ტალღის გუნდის წევრი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც რომ მთავრდება, იწყება მეორე, ამიტომაც დიდხანს არ მიგრძელდება გულის დაწყვეტის მომენტი. “დილის ტალღა” არის ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება. როცა ხარ ეთერში, ვიღაცას არ მოსწონხარ, ვიღაცას – მოსწონხარ. ამაზე არ ვღელავდი, აბსურდია ყველას მოსწონდე, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შეიძლება მართლა უკეთესი იყოს შენზე” – ამბობს გიორგი.

 

გიორგის გეგმები ახლა ისევ რადიოს უკავშირდება. ფიქრობს, რომ რადიოს სტრატეგიული ნაბიჯები სჭირდება და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს მხოლოდ გასართობ და შემეცნებით არხად ვერ აქცევს: “რადიო საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს სრულად, საჭიროა ბევრი სოციალური და პოლიტიკური პროექტი, საზოგადოებრივი რადიოს ფორმატი ამას მოითხოვს. რადიოში ყველა ინტერესის დაკმაყოფილებას შევეცდებით, იქნება საბავშვო პროექტები, სოციალური პროექტები, პოლიტიკური თოქ-შოუები, ფერმერული პროექტები და ეს ყველაფერი შეიფუთება მუსიკით. რადიოს აქვს უნიკალური საარქივო ფონდი, მაგალითად გალაქტიონ ტაბიძის ხმა აჭარის რადიოში იყო მხოლოდ შენარჩუნებული, ამ ყველაფერს სჭირდება გამოტანა და გამოყენება” – ამბობს გიორგი.

 


გიორგი ფიქრობს, რომ რადიოში მუშაობამ გაუადვილა ტელევიზიაში ყოფნა, ახლა კი დაეხმარება, როგორც ხელმძღვანელს. “რადიო არის საოცარი ინტიმი. მსმენელი ვერ გხედავს, მაგრამ გრძნობ, რომ შენი ხმის ტემბრით აღგიქვამს ისეთს, როგორიც უნდა რომ იყო. შენ ლავირებ ხმით, შენი ფლეილისტით, ფაქტობრივად შენ მიერ შექმნილ სამყაროში ამყოფებ მსმენელს” – ამბობს გიორგი.

 

გიორგი მოისწრაფიშვილი მუშაობას აჭარის ტელევიზიაშიც აგრძელებს, ნოემბრიდან ეთერში გიორგის საავტორო გადაცემა – “მგზავრის წერილები” გავა: “მგზავრი არის გენრე დოლიძე, რომელიც თითქმის არ ჩანს გადაცემაში, ის აკეთებს პროლოგს და ეპილოგს, ის მიდის სოფლებში, სადაც მეგზურობას უწევს სოფლის მკვიდრი, რომელიც მოუთხრობს მას სოფელზე. 25-წუთიანი, საინტერესო გადაცემა გამოვა” – ამბობს გიორგი.

 

 

გიორგი და მუსიკა

 

 

მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, ვარ შემსრულებელიც და ვქმნი საკუთარ მუსიკასაც, მყავდა ბენდი – “მუტაბორი”, ვუკრავდით ჯაზ-ფანკს, ეს ბენდი ახლა უკრაინაში აგრძელებს მუშაობას, მე კი ჯგუფიდან წამოვედი, ოჯახური პრობლემების გამო, რის გამოც მქონდა დეპრესიული მომენტი. ყველაზე მეტად მუსიკასთან გამოთხოვება მიჭირს. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრის ირაკლი შარაძის დამსახურებით ჩემი “აჭარული ბალადა” გამოვფინე. მუსიკით ამბების გადმოცემა მიყვარს, ეს ამბები ძალიან ძველია, ცოტა სევდიანიც. “დილის ტალღა” მაძლევდა საშუალებას მომევლო აჭარის მაღალმთიანეთი, სწორედ იქ მოსმენილი ამბები ხდება ჩემთვის ინსპირაცია, განწყობა, რომელიც ახლავს თან ამ მელოდიებს, ისტორიები… თავისით მოდის ეს თემები. “აჭარული ბალადის” თემატიკა არის საზღვარი, რომელიც გაჩნდა ნათესავებს შორის, ამიტომაც გამოვიდა ბალადა. საინტერესო რაღაცები მაქვს გასაცოცხლებელი, მუსიკით მომაქვს განცდები, ალბათ ამიტომ მოეწონათ ასე “ბალადა”. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა მომინდება ამ ყველაფრის გამოტანა სააშკარაოზე.

 

 

ელენეს მამა

 

 

ელენე ცხრა წლისაა. ვხუმრობ ხოლმე, ჩვენ ერთად გავიზარდეთ-მეთქი, მართლაც ასეა. მე იმ შობლების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ საოცარი შვილი ჰყავს, ის იმდენად კარგი შვილია, რომ მე მხდის კარგ მამად. რა თქმა უნდა, არ მყოფნის დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ, ძალიან სწრაფად იზრდება, ალბათ მალე იმასაც მივხვდები, რომ ელენე ბავშვი აღარ არის, ის ჩემი ტოლია, სკოლის მერე ხომ ისედაც აღარ არის მკვეთრად გამოხატული ასაკობრივი სხვაობა. ვფიქრობ, მე და ჩემი მეუღლე კარგი მშობლები ვართ.

 

ელენე მგრძნობიარეა, ადამიანური ურთიერთობები უკვე აღელვებს. მოსწონს, როცა ეკრანზე ვჩანვარ, თავადაც მოსწონს კამერებთან პოზირება, შოთა გუჯაბიძემ გადაიღო კლიპში, მას მერე სულ ითხოვს შოთა ბიძიასთან სტუდიაში მიყვანას. ბალეტზე დადის ელენე, აინტერესებს არქიტექტურა და დიზაინი, ეს მე განსაკუთრებით მახარებს.

 

მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 14 წლის წინ გავიცანით, ახლა 31 წლის ვარ, ზუსტად ცხოვრების ნახევარი გავატარეთ ერთად, ამიტომ სხვაგვარია უკვე ჩვენი დამოკიდებულებები, ერთად გავიზარდეთ, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ერთად გავიარეთ. მეგობრები ვართ პირველ რიგში, ერთმანეთს ვუჭერთ მხარს.

 

ამერიკული ოცნება

 

ვოცნებობ ამერიკის მოქალაქეობაზე. ვიცი, რომ აუცილებლად გავხდები აშშ-ს მოქალაქე. ამერიკა, თავისი ისტორიითა და ჯაზით ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ბავშვობა გავატარე ამერიკის შესახებ ისტორიების მოსმენით, მამაჩემი იყო მელომანი, მას აქვს განსაკუთრებულად დიდი კოლექცია ვინილის, ამიტომაც ვისმენდი ჯაზს, ვკითხულობდი ისტორიებს ჯაზზე, ამ ყველაფერმა კი ისე ამაფორიაქა, რომ დღემდე ვარ მობილიზებული, რომ აღმოვაჩინო ამერიკა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: