ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის თამარ ქაჩლიშვილის ინფორმაციით, 5 ნოემბერს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იმართება აქცია – „გაიღე სისხლი“.
საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის ინიციატივით, სხვადასხვა დაავადებების და მათ შორის ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს საჭირო სისხლის მარაგის შესაქმნელად ტარდება აქცია: „გაიღე სისხლი – სიცოცხლის გადასარჩენად“.
თამარ ქაჩლიშვილის ინფორმაციით, „4 ნოემბერს 13:00 საათიდან აქციაში ჩაერთვება ოზურგეთში მდებარე კლინიკა „მედალფა“; ნოემბერს 10:00 საათზე აქციას შემოუერთდება ყულევის ტერმინალი 14:00 საათზე კი ფოთის პორტი; 5 ნოემბერს 11:00 – 13:00 საათამდე აქცია ჩატარდება ბათუმის სოკარის ოფისში; საზღვაო ჰოსპიტალი აქციას 5 ნოემბერს 13:00-17:00 საათამდე შეუერთდება“.
ის, ვინც გადაწყვეტს შეუერთდეს ამ აქციას, უნდა დაიცვას შემდეგი წესები:
სისხლის გაღების მსურველთა ასაკია 19–59 წელი. დონორი არ უნდა იყოს:
- B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი;
- ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი);
- სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე;
- თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული გაკეთებიდან ერთი წელი;
- არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის;
- არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი);
- ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია;
- არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში;
- ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში;
- დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები.
ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემდგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.
დონორობის მსურველს უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევები:
- B-ჰეპატიტი
- C-ჰეპატიტი
- შიდსი (HIV)
- სიფილისი
- სისხლის ჯგუფი და რეზუსი
- ჰემოგლობინი სისხლში.