სიახლეები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით

03.11.2014 • 1388
უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით

„ჯერ კიდევ ზაფხულში, 19 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განვიხილეთ შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის თემის სოფელ ლომანაურის მცხოვრებთა კოლექტიური წერილი, რომელშიც მოსახლეობა სოფლისათვის ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების ზამთრის დადგომამდე აღმოფხვრას მოითხოვდა. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ მათთან „არ განხორციელებულა გამრიცხველიანება, არ შეცვლილა ავარიული ელექტროგადამცემი ბოძები, რომ მწყობრიდან იყო გამოსული და არ მუშაობდა საჰაერო გამთიშველები“,- აცხადებს ჯემალ ფუტაკარძე.

მისი თქმით, კანონმდებლებმა სათანადო მსჯელობის შემდეგ, იმავე დღეს, პრობლემის მოგვარებისა და დროული რეაგირების მიზნით, შესაბამისი წერილით მიმართეს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსს.

„ კომპანიიდან უმაღლეს საბჭოში პასუხი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, 5 სექტემბერს მოვიდა და მასში ნათქვამი იყო, რომ „კომპანიაში მიმდინარეობდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლა“ და რომ ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმოკლეს ვადაში ეცნობებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ არავინ შემოგვხმიანებია, – აღნიშნავს ჯემალ ფუტკარაძე.  მისივე განცხადებით, ამინდის ცვალებადობა სახეზეა და შედეგმაც არ დააყოვნა – მაღალმთაინეთში პირველი თოვლი მოვიდა და როგორც ირკვევა, სოფლებში არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, მათი ნაწილი კვლავ ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი.

ჯემალ ფუტკარაძე ვიდეორგოლში, რომელიც მან  უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, აცხადებს: „საკუთარ  მოსახლეობის აღშფოთებული მიმართვა ხელისუფლების მიმართ (შუახევის გამგეობა, თვითმმართველობის ორგანოები ) ამჯერად სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. წინ მკაცრი ზამთარია, გვახსოვს წინა წლის მწარე გამოცდილება – რეზინის ჩექმებსა და თბილ მოსასხამებში ხელისუფლებისა თუ ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი პირების მწუხარე სახით დადებული დაპირებები, რომ ყველაფერს იღონებდნენ პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამინდი უარესდება, მდგომარეობა კი ისევ უცვლელია. დღეისათვის მაღალმთიანეთის ზოგ სოფელში თოვლი ნახევარ მეტრს აღწევს და ასეთ დროს, დღავნი-კვიახიძეების დამაკავშირებელ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია ბოძები, რის გამოც ენერგიის მიწოდების აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მივმართავ არა მარტო შუახევის, არამედ მაღალმთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ენერგოკომპანიასთან ერთად დაუყოვნებლივ მიიღონ გადამჭრელი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის სამართლიან რისხვას დავიმსახურებთ, – აცხადებს ჯემალ ფუტკარაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: