ქუჩის მუსიკოსი ბათუმიდან

 

 

თუ დილით მზე ამოვა, უკვე იცის, რომ ის დღე წარმატებული იქნება. მზიანი დღე იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ხელში გიტარა აიღოს და თავის “სცენაზე” გავიდეს. “სცენა” ყველგან დააქვს, ზღვისპირას უფრო ხშირად უკრავს, ამბობს რომ უცხოელები უფრო მეტად გამოხატავენ მის მიმართ სიმპათიას: “სადაც არ უნდა იყო, იქ უნდა აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს. აი, მაშინ გამოვა ის, რაც მართლა გსურს. ჩემი აზრით, მუსიკას საქართველოში ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მე მუსიკა პროფესიად მექცა. ჩამოვყალიბდი ქუჩის მუსიკოსად, თავს კომფორტულად ვგრძნობ ასე, მაბედნიერებს ის, რომ ქუჩაში მიმავალ ადამიანებს ჩემი მუსიკა აჩერებს, ძალიან რომ ეჩქარებოდეთ მაინც, რამდენიმე წუთს ჩერდებიან, ეს ჩემთვის არის შედეგი” – ამბობს გიორგი რულენკო.

 

გიორგი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ ნახევრად უკრაინელია და ნახევრად რუსი. ქართული 22 წლის ასაკში ისწავლა: “შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კარენოი ბათუმელი ვარ” – იცინის გიორგი, – მამა უკრაინელი მყავს, დედა რუსი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩემი ბებიები და ბაბუები გადმოვიდნენ ბათუმში საცხოვრებლად. სწორედ აქ გაიცნეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი, მამაჩემი რუსულ ჯარში მსახურობს და როცა ჯარი გავიდა საქართველოდან, მამასაც მოუწია წასვლა. სახლში მხოლოდ რუსულად ვლაპარაკობდით, რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ქართული, მერე მუშაობა “რანდში” დავიწყე, იქ ნახევარი წელი ვმუშაობდი, არავინ იცოდა რუსული და 22 წლის ასაკში ავლაპარაკდი ქართულად, ცოტა კი მიჭირს და რაღაცეები მეშლება, მაგრამ ვცდილობ. ქართულის სწავლის სურვილი კი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი რუსეთში წასვლაზე, საქართველოში პერსპექტივას ვერ ვხედავდი, მერე აქაც დავინახე პერსპექტივა და აღარ მომინდა იქ წასვლა, ახლაც აღარ მინდა” – ამბობს გიორგი.

 


მუსიკასთან კავშირი თავად აღმოაჩინა, მაშინ 16 წლის იყო და სკოლის ჯგუფში დრამზე უკრავდა: “სკოლაში შედგა ჩემი კონტაქტი მუსიკასთან, ჩემი ფიქრები სულ მუსიკას უკავშირდებოდა, ცოტა გვიან კი დავიწყე, მაგრამ მაინც ეს იყო ერთადერთი სფერო, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი.
მამაჩემი მხატვარია, პეიზაჟების ხატვა უყვარს, ამით ალბათ განტვირთვას ახდენს სამხედრო სამსახურის შემდეგ. დედა მთელი ცხოვრება ბათუმის ფოსტის შენობაში მუშაობდა, ამით იმის თქმა მინდა რომ მუსიკალური ნიჭი არ გადმომყოლია მშობლებისგან, საერთოდ ჩემი მშობლები განქორწინებულები იყვნენ, მე ბებიამ გამზარდა” – გვიყვება გიორგი.

 

მუსიკალური ჟანრის მიგნება არ გაჭირვებია, დრამზე დაკვრისთანავე მიხვდა, რომ ამით ვერ გადმოსცემდა იმ მუსიკას რაც გულში ჰქონდა. მუსიკას წერს მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მხოლოდ ქავერებზე მუშაობს: “სხვებმა არ იციან, როგორი მუსიკა მაქვს გულში, ძალიან მომწონს ბრიტანული როკი, “პლაცებო” “რადიოჰედი”… ამ ჟანრში თავს კარგად ვგრძნობ, მსმენელსაც მოსწონს. ბევრი ფესტივალია, რომელზეც დაკვრა ოცნებად მექცა, იმედია ბედი მიმიყვანს იმ სცენებამდე” – ამბობს გიორგი.

 


მუსიკაში თუ თავი ადვილად იპოვა, იმავეს ვერ ვიტყვით საქმიანობაზე, ოთხი წელი მეზღვაურად მუშაობდა, არის პიარმენეჯერი, მეთევზე: “ოთხი წელი მეზღვაური ვიყავი, რთული პროფესია არ არის, მაგრამ როცა გყავს ოჯახი, გირთულდება მარტოობა. თვეობით არ შემეძლო მეუღლისგან შორს ყოფნა, ამიტომაც დავანებე თავი ამ საქმეს, ახლა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ქუჩის მუსიკოსობაა.”

 

მუსიკასთან ერთად საქმიანობათ მეორე ჰობი თევზაობაც აქცია, თევზაობა ბაბუამ ასწავლა, პატარა იყო როცა დამოიკიდებლად დაიწყო ეს საქმე: “ვერ წარმომიდგენია უკვე ჩემი თავი ამის გარეშე, მეგობართან ერთად ვთევზაობ, გვყავს ნავი, ძირითადად ნინოშვილზე. როცა ბევრი თევზია, ვყიდი კიდეც, ისე კი ამას სიყვარულის გამო ვაკეთებ, საოცარი აზარტი აქვს, სისხლში მაქვს ეს საქმე უკვე, 24 საათი შემიძლია თევზაობა.”

 


გიორგი შვიდი თვის წინ დაქორწინდა, მისი მეუღლე ნახევარდ რუსია, საქართველოში ხუთი წელია რაც ცხოვრობს: “იქამდე რუსეთში ცხოვრობდა, უკვე საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. შვიდი თვის წინ გავიცანი სოციალურ ქსელში, გაცნობიდან ერთ კვირაში დავქორწინდით, მივხვდით, რომ ეს იყო სიყვარული, რატომ უნდა გვეცადა. შვიდი თვეა ერთად ვართ, გვყავს ძაღლი და კატა, ერთად ვუვლით.”

 

გიორგის რამდენიმე თვის წინ საკუთარი ჯგუფი ჰქონდა, რომელმაც ნახევარი წელი იარსება. ამბობს, რომ საქართველოში წარმატებისთვის ფული და კონტაქტებია საჭირო და რადგანაც ჯერ არც ერთი არ აქვს თავს ბედს მიანდობს: “ხარისხი თუ არ ექნება შესრულებულ მუსიკას, არაფერი გამოვა, არავინ გაჩერდება შენს წინ, ამიტომაც ბევრს ვმუშაობ. “ერედელის” ბარში, ოვერთაიმში, კორპორატიულ საღამოებზე და სადღესასწაულო დღეებში ვუკრავდი ჩემს ჯგუფთან ერთად, ჯგუფმა ნახევარი წელი იარსება, პერსპექტივას ვერ ვხედავდით და დავიშალეთ. თუ გინდა გახდე ვარსკვლავი, ფანატიკურად უნდა გსურდეს ეს. მე მაქვს ეს რწმენა, არ ვტოვებ ოცნებას, წარმოვიდგენ ხოლმე თავს ცნობილ როკ-ფესტივალებზე. ვიცი რომ ერთ დღეს ამ ფესტივალზე გამოვალ ჩემი გიტარით.”

 

რატომ არ განიხილავს სასამართლოს შს სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს?

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა, 6 ნოემბერს სასამართლოში მისულ “ბათუმელების”ინტერესების დამცველს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს, ეკა ციმაკურიძეს უთხრა, რომ საქმის განხილვა 11 დეკემბრამდე გადადო. მიზეზი – მოუცლელობა. 

 

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გადადო “ბათუმელების” მიერ შს სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა. 

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, შს სამინისტრო არის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ უწყება; ასევე დადასტურებულია, რომ სწორედ ამ სამინისტროსგან ჟურნალისტები პრაქტიკულად ვერ იღებენ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღემდე მხოლოდ ის მოახერხა, რომ საქმის მოსამართლე ერთხელ გამოცვალა (თავდაპირველად მოსამართლე თამარ ონიანი იყო) და საქმის მოსმენა მრავალგზის გადადო, ამჯერად უკვე 11 დეკემბრამდე.

 

რამდენად საკმარისი არგუმენტია სასამართლოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის ვერმიღების გამო შეტანილი სარჩელის ვერგანხილვის მოტივად მოუცლელობის დასახელება, მაშინ როცა კანონი ზუსტად განსაზღვრავს ვადებს (2-5 თვეა)? საქმისადმი მსგავსი დამოკიდებულებით ხომ არ ახალისებს სასამართლო შს სამინისტროს ჩაკეტილობას? – ამ კითხვების პასუხად თბილისის საქალაქოს სასამართლოს პრეს სამსახურში შემდეგი განმარტეს: 

 

“ნანა ჭიჭილეიშვილს ამჟამად წარმოებაში აქვს 130-ზე მეტი საქმე, დარბაზი კი კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და პარასკევს. გუშინ მთავარ სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტებები იყო, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებისთვის დრო ამოიწურა, სხვა პროცესი იწყებოდა, ამიტომ მოუწიათ გადადება. რეალურად, ორ-სამ თვეზე ახლო პროცესებს ვერ ნიშნავენ მოსამართლეები, რადგან გადატვირთული გრაფიკი აქვთ. ეს მარტო ამ კონკრეტული მოსამართლის პრობლემა არ არის, ეს სასამართლო სისტემის პრობლემაა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივად ამბობს, რომ მინიმუმ 10 მოსამართლის დამატებაა საჭირო და ამას ვერც შენობა იტევს”.

 

“ბათუმელებმა” 2013 წლის ნოემბერში შს სამინისტროსგან შემდეგი კითხვებზე ვერ მიიღო პასუხი: რა თანხა გაიცა პრემიის სახით შს სამინისტროში 2013 წლის განმავლობაში, რას შეადგენდა მაღალი თანამდებობის პირების ყოველთვიური პრემიის ოდენობა? სამინისტროს “ბათუმელებმა” სასამართლოში სწორედ ამ საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობისთვის უჩივლა. სასამართლოს მხრიდან რეაგირება 11 დეკემბრამდე გადაიდო.

ყოფილი პოლიციელი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში პოლიციას ადანაშაულებს

 

პატიმრის წერილი

პროკურატურაში განმარტავენ, რომ პატიმრის საჩივარი შეისწავლეს, თუმცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი არ დადასტურდა, ამიტომაც გამოძიება არ დაწყებულა. პატიმარი, რომელიც ახლა სასჯელს ბათუმის №3 საპყრობილეში იხდის, შიმშილობს. მის საქმეს საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს.

ბრალდებისა და სასამართლო მტკიცებულებები


ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამოტანილ განაჩენში წერია, რომ 2013 წლის 20 სექტემბერს, 21:55 საათზე ედნარ ძნელაძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გამო დააკავეს. მას ასევე ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ბრალდების მიხედვით, ის ინახავდა 0.215 გრამ “ჰეროინს”, რაც 2013 წლის 20 სექტემბერს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. განაჩენის თანახმად, მხარეებმა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უდაოდ მიიჩნიეს. მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, დაკავებულს სხეულის დათვალიერებისას (ენდოსკოპიური გამოკვლევა) კუჭში აღმოაჩნდა უცხო სხეული, რის გამოც მას კუჭი ამოურეცხეს. კუჭიდან ამოიღეს ლენტით შეკრული პოლიეთილენის ერთი შეფუთვა. ექსპერტიზის დასკვა №ქ/324 თანახმად, ედნარ ძნელაძის კუჭიდან ამოღებული დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილი აღმოჩნდა “ჰეროინი”. დაკავების ოქმის მიხედვით, მას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენია.

 

ბრალდებულისა და ადვოკატის ვერსია

 

„მხარეები მტკიცებულებებს სადაოს არ ხდიან“, – წერია სასამართლო განაჩენში. როგორ ხსნის მოსამართლის ამ წინადადებას დაცვის მხარე? – ადვოკატი ნონა დუმბაძე განმარტავს, რომ საუბარი იყო საპროცესო შეთანხმებაზე, ამიტომაც ედნარ ძნელაძემ ბრალდება აღიარა. მერე გარიგება არ შედგა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბრალდებულმა პოლიციელების მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი.

 

ბრალდებული ირწმუნება, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა მას პოლიციის შენობაში ყელზე ხელის მოჭერით “ჰეროინი” იძულებით გადააყლაპეს, ასახელებს კონკრეტულ სახელსა და გვარს – ვლადიმერ ხ.-ს. მოგვიანებით კი, ასევე იძულებით ბევრი წყლის სმითა და სპეციალური აბების დახმარებით დაკავებულის პირღებინების შედეგად “ჰეროინი”კუჭიდან ამოუღეს.

 

პროკურატურის მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება (საზღვრის კვეთის დრო), რომ ედნარ ძნელაძემ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი გადაკვეთა 2013 წლის 20 სექტემბერს, 03.13 საათზე, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 2013 წლის 20 სექტემბერს 09:24 საათზე, ანუ დილით. დაკავების ოქმში ედნარ ძნელაძის დაკავების დროდ 21:55 საათია მითითებული.
ადვოკატ ნონა დუმბაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2013 წლის 20 სექტემბერს საღამოს 21 საათზე პირადი საქმეების გამო ისევ სარფის საბაჟოზე დაბრუნდა. იგი სამართალდამცავებმა შეაჩერეს 21:55 საათზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა; მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა. 22:45 საათზე ძნელაძე კრიმინალური პოლიციის შენობაში მოწმის სტატუსით დაკითხეს.

 

ამ დაკითხვის შემდეგ მას გადაადგილების უფლება შეეზღუდა. ერთ-ერმა პოლიციელმა კისერში ხელი წაუჭირა და უცნობი ნივთიერება იძულებით გადააყლაპა. 00:10 საათზე ადვოკატის მტკიცებით, მას კუჭიდან ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება. ედნარ ძნელაძე 00:36 საათზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. მას პოლიციაში არ მისცეს უფლება დაკავშირებოდა ადვოკატს.

 

ადვოკატი ირწმუნება, რომ ედნარ ძნელაძის საზღვრის კვეთიდან დაკავებამდე ზუსტად 11 საათი გავიდა. თუ მან “ჰეროინი” გადაყლაპა და საზღვარზე ისე შემოიტანა, მაშინ ეს ნივთიერება წესით ნაწლავებში უნდა ყოფილიყო და არა კუჭში.
ედნარ ძნელაძე ციხეში ერთხელ უკვე მოინახულა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ. დეპუტატის ინფორმაციით, დაკავებული პროკურატურას დაკითხვას სთხოვს. მედეა ვასაძე ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ამ ფაქტის შესახებ აჭარის პროკურორს, შოთა ტყეშელაშვილს წერილობით აცნობა. დეპუტატს პროკურორისგან პასუხი ჯერ არ მიუღია. მედეა ვასაძე პროკურორისთვის წერილის გაგზავნას ისევ აპირებს. ვასაძე ტყეშელაშვილს მოსთხოვს წერილობით აცნობოს, რა რეაგირება (მოქმედება) ჩაატარეს მისი განცხადების საფუძველზე.

ერთი დეტალი

„ბათუმელების” ინფორმაციით, ადამიანი, რომელსაც დაკავებული ედნარ ძნელაძე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს (“ჰეროინის” გადაყლაპვა), შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან 2013 წლის დეკემბერში იძულებით გაათავისუფლა. მიზეზი: ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც სარფის საზღვარზე ნარკოტიკი გადმოჰქონდა, მან აცნობა, რომ იმ მომენტისთვის საზღვარი არ გადმოეკვეთა, რადგან საბაჟოზე თბილისიდან ჩამოსული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.

 

ამ თემაზე შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარისთვის  უწყებამ პროკურატურაში გადაგვამისამართა.
თავად ედნარ ძნელაძე კი აქამდეც იმყოფებოდა პატიმრობაში და 2013 წლის იანვარში ამინისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის ადრე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო იხდიდა სასჯელს. უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

 

 

 

საკადრო გადაადგილება ბათუმის მერიის ორგანიზაციებში

 

ამ დროისთვის შპს „ბათუმის წყალში“ უფროსის მოვალეობას მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე ასრულებს.

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყლის“ უფროსის თანამდებობაზე ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ პატარაიას კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა მერიაში არც ეს ინფორმაცია დაადასტურეს.

 

თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლეს ა(ა)იპ ქ. ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ნათია სურგულაძე, (ა)იპ ბათუმის კორპუსი დერექტორი, არმაზ ვარშალომიძე და შპს „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორი  გელა დეკანაძე.

მერიის ინფორმაციით მათ სამსახურიდან წასვლაზე განცხადებები თავად დაწერეს

 

ნათია სურგულაძის ნაცვლად  დაინიშნა ჯონი საბაშვილი, ზურაბ ნაკაიძე არმაზ ვარშალომიძის ნაცვლად, ხოლო გელა დეკანაძის ნაცვლად დავით მიქაძე.


ბათუმის მერიის ორგანიზაციებში მოსალოდნელი რესტრუქტურიზაციისა და რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიაში ახალი მერის არჩევიდან რამდენიმე დღეში დაანონსეს.

 

დეტალურ ინფორმაციას საკადრო გადაადგილებების შესახებ „ბათუმელები“ ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

ბათუმში საუნივერსიტეტო კლინიკა შენდება

შპს „ბროტჰერს”-ის ხელმძღვანელის თუგრუ თოქმანის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მინიმუმ 300 ადამიანი დასაქმდება. 

კომპანია აღნიშნულ პროექტში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.  „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკის“ მშენებლობის პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი გაეცნენ. 120 პაციენტზე გათვლილ კლინიკაში სულ 70 პაციენტის  ოთახი მოეწყობა. 


ქედაში არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ერთი პირი დააკავეს

 

დაკავებულს ბრალად ედება 14 წლამდე ასაკის გოგონასთან სექსუალური ძალადობა. არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

სამტრედია 1:4 ბათუმის ”დინამო” – დავით ყიფიანის სახელობის თასი

 

დავით ყიფიანის სახელობის თასი – ”სამტრედია” 1:4 ბათუმის ”დინამო” / 1/8 ფინალი / ქობულეთი ”ჩელე არენა” / 17.11.2014

 

 

შეხვედრაში სულ ხუთი გოლი გავიდა. ოთხი გოლი ბათუმმა მიიწერა და სტუმარი სამტრედია 4:1 დაამარცხა.

 

გოლი გაიტანეს:

გიორგი ბერიაშვილმა მე-4 წუთსა და 58-ე წუთზე

თეიმურაზ შონიამ 39-ე წუთზე

დიმიტრი ტატანაშვილმა 64-ე წუთზე

 

 

დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალი, პირველი მატჩების შედეგი ასე გამოიყურება.

დინამო (ბთ) 4 – 1 სამტრედია
ჩიხურა 0 – 0 ზესტაფონი
დილა 0 – 0კოლხეთი
ზუგდიდი 0 – 2 მეტალურგი
მერანი 0 – 3 ტორპედო
სპარტაკი 3 – 0 საპოვნელა
ვიტ ჯორჯია 1 – 0 სიონი

 

მომდევნო მატჩი ხვალ, ქობულეთის „შუქურასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გაიმართება. შეხვედრა „ჩელე არენაზე“ 14:00 საათზე დაიწყება.

 

ქედის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გააუპატიურეს

 

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი 14 წლამდე გოგონაა. „დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდება დღეს. მოწმის სახით, ამ დროისთვის ერთ-ერთი მამაკაცი იკითხება“- აცხადებენ პრესსამსახურში. 

 

 

 

საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ჟურნალისტები აირჩიეს

არჩევნებში სოფო ჟღენტმა თერთმეტი ხმა დააგროვა, ტარიელ ცეცხლაძემ კი რვა ხმა მიიღო. არჩევნებში სულ ექვსი კანდიდატი იყო დასახელებული. ჟურნალიტები საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ორი წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ.  საბჭოში,  ჟურნალისტების გარდა, არასამთავრობო სექტორის და ბიზნესის სფეროს ორი წარმომადგენელიც იქნება არჩეული. ასევე, თითო წარმომადგენელი მერიის ტერიტორიული ერთეულებიდან.

არასამთავრობო სექტორიდან მრჩეველთა სამოქალაქო საბჭოში წარმომადგენლები, ონალინ გამოკითხვის შედეგად შეირჩევიან.

საბჭოს ფუნქციაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს  თვითმმართველობის ბიუჯეტის განხილვაში და ახალი იდეების შემუშავებაში.

შეღავათიანი ტარიფით ყველა სტუდენტი ისარგებლებს

 

გადაწყვეტილება ძალაში დღეს, 17 ნოემბერს შევიდა.   სტუდენტებს citypass ბარათების აღება „ლიბერთი ბანკში“ შეუძლით. ბარათების აღების შემდეგ, სტუდენტები, რომლებიც ბათუმში არსებულ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, მუნიციპალურ ავტობუსებში 15-იდან 20 თეთრიანი  ტარიფით ისარგებლებენ.   ზუსტ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მერიას ჯერ არ მიუღია. 

 

გამაგრებითი სამუშაოები ადლიის სანაპირო ზოლში

 

 

 

 

ინფორმაციას რეგიონალური განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   შენდება  ქვანაყარი ბერმა, რომელიც შტორმისაგან ნაგებობის გამორეცხვას შეაჩერებს. მიმდინარე სამუშაოები, სანაპიროს შენარჩუნებას და მგზავრთა უსაფრთხოდ ტრანსპირტირებას უზრუნველყოფს.

 

 

სამუშაოებზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია. 

 

 

აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა, სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს.

 

 

ადლიის სანაპირო ზოლის გამაგრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს და პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ჯანდაცვის 2015 წლის სოციალური პროგრამები

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამების ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახები არიან. ისინი, რომელთა  სარეიტინგო ქულა ერთიან ბაზაში 0-დან 100 000-ია.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება. პროგრამაში ბავშვის ჩართვა განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

მხედველობადაქვეითებული  მოქალაქეების უზრუნველყოფას ჯანდაცვის სამინისტრო თეთრი ხელჯოხებით აპირებს. პროგრამა პირველად 2015 წელს ამოქმედდება.

სკოლის ჟურნალი და სიები კედელზე უნივერსიტეტში

 

 

 

 

აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ სემინარების დაწყებისთანავე ლექტორები ნიშნებს თავიანთ ე.წ. „სკოლის ჟურნალში“ იწერდნენ. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის სხვაობა რაღაც კუთხით ხომ უნდა არსებობდეს“, – ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ცხოიძე. ის ბათუმში თბილისის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტიდან მობილობით გადმოვიდა. „სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული დამხვდა. ვფიქრობ, ასეთი მარტივი საკითხები ისეთ უნივერსიტეტს, როგორიც ბსუ-ა, მოგვარებული უნდა ჰქონდეს. უხერხულია ნიშანი ლექტორის ჟურნალში ეძებო“, – ამბობს მარიამი.

 

მარიამის წუხილს იზიარებენ სხვა სტუდენტებიც. მარიტა დიასამიძე ამბობს, რომ მისთვისაც არაკომფორტულია დერეფნის კედლებზე საკუთარი შედეგების ძებნა: „დერეფანში ვეძებთ ცხრილსაც და ქულებსაც. ხანდახან, როცა ფურცელი, რომელზეც ქულებია, ჩამოხსნილი გვხდება და დროულად ვერ ვიგებთ ქულებს, ან კიდევ საგამოცდო შუალედებისას უნივერსიტეტში მოვრბივართ, რომ წინა გამოცდის ქულა გავიგოთ. ამას სახლიდან უნდა ვახერხებდეთ. ხუთი წელია მესმის ეს დაპირება, მაგრამ ვერა და ვერ გააკეთეს“.

 

უნივერსიტეტში ირწმუნებიან, რომ სულ რამდენიმე თვეში გადავლენ ელექტრონულ სისტემაზე. „ტემპუსის“ გრანტი მართვის ინტეგრირებული სისტემაზე გადასასვლელად უნივერსიტეტმა 2012 წელს მოიპოვა, გრანტის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული ელექტრონული ჟურნალის ფორმირება, თუმცა, როგორც ლელა თურმანიძე, „ტემპუსის“ პროგრამის კორდინატორი ამბობს, რექტორის თხოვნით ჯგუფი ელექტრონული ჟურნალის შესაქმნელად დამატებით სამუშაოების გაწევს. „ამ პროგრამის დაწერაზე ვინც იმუშავებს, მიიღებს დამატებით პრემიას უნივერსიტეტისგან. თავის დროზე უნივერსიტეტმა გადაიხადა 30 თუ 35 ათასი ლარი, რომელიც ითვილისწინებდა ელექტრონული მართვის სისტემის შექმნას, მაგრამ ის არ იყო ჩვენს უნივერსიტეტზე მორგებული. მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელიც ინდივიდუალურად მოერგება უნივრესიტეტს“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

 

მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანისთვის საჭირო სამუშაოებს უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები ასრულებენ, ელექტრონული ჟურნალი ამ სისტემაში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტია. „ეს სისტემა ჟურნალსაც მოიცავს, პედაგოგისა და სტუდენტის შესახებ ინფორმაციას, ცხრილს. სტუდენტებისა და ლექტორების პირადი ბარათები უკვე მოვაწესრიგეთ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებიც გამართულია სისტემაში. ვმუშაობთ ელექტრონული ჟურნალის ფორმირებაზე. ვფიქრობთ, შუალედური გამოცდების შემდეგ ჟურნალი და საერთოდ ეს სისტემა ამუშავდება“, – ამბობს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გულადი ფარტენაძე.

 

დეკანის თქმით, ამ სასწავლო წელს მხოლოდ პირველი კურსელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი აღნიშნული სისტემა, მომავალი სასწავლო წლიდან კი პროგრამით მეორე კურსელებიც ისარგებლებენ. „ყველაფრის ნახვა შეეძლებათ ნებისმიერი წერტილიდან სტუდენტებს,  –  ქულები, ცხრილი, ტესტირების შედეგები… ვფიქრობ, მომავალი წლიდან წერითი ნამუშევრების დასკანერებულ ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი. მეორე სემესტრში დავამატებთ ალბათ მეორე კურსს, მესამე და მეოთხე კურსი ნამდვილად ვერ შევა ამ სისტემაში, ვერც კურსდამთავრებულების მონაცემები“, – ამბობს გულადი ფარტენაძე.

ირაკლი ბარამიძე, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ამბობს, რომ უნივერსიტეტი აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე მას შემდეგ ზრუნავს, რაც ელექტრონული გამოცდის სისტემა შეიქმნა: „ჯიპიაის“ ავტომატურად დაითვლის, სისტემა მიებმება საგამოცდო ცენტრს, რაც გაამარტივებს მუშაობას“.
ამჟამად უნივერსიტეტში ლექტორები ჩვეულებრივი ჟურნალებით მუშაობენ, ჟურნალების შემდეგ კი ქულები უწყისში შეაქვთ. უნივერსიტეტში არ უარყოფენ, რომ ეს მოძველებული სისტემა ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ ახალ სისტემაზე გადასვლასაც მომზადება სჭირდება. „ვნახოთ, რამდენად მარტივი იქნება გამოსაყენებლად, როგორ აუწყობენ ფეხს ჩვენი თანამშრომლები. ვფიქრობ, დაგვჭირდება ტრენინგების ჩატარება იმათთვის, ვინც გახდება ამ პროგრამის მომხმარებელი“, –  ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

„პროგრამული პაკეტის შექმნაში სტუდენტებიც გვეხმარებიან. თანხა არ სჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას – უნივერსიტეტის კომპიუტერულ დეპარტამენტში არის ის ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ სამუშაოების ჩასატარებლად. გრანტის ფარგლებში მხოლოდ ხდება უცხოური გამოცდილების გაზიარება, ვიყავით გერმანიაში, ბელორუსსა და პოლონეთში“, –  ამბობს გულადი ფარტენაძე.

 

„ტემპუსის“ გრანტის ფარგლებში უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერებათა დეპარტამენტისთვის 15 ათას ევროს ღირებულების ლაბორატორიას მიიღებს, რომელიც მოემსახურება უნივერსიტეტის პერსონალის გადამზადებას სხვადასხვა ინტეგრირებული სისტემის ათვისებაში.

 

ტოლერანტობის დღე ბათუმში

 
აქტივობა ჩატარდა პროექტის ფარგლებში “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” (ANI), რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
 
 

აჭარის ღია პირველობა კალათბურთში ბათუმისა და ერევანის გუნდებმა მოიგეს

12 წლამდელთა შეხვედრა / ბათუმის ”ბათუმი” და თბილისის ”დინამო იბერი”

ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოს ქალაქებიდან.

აჭარის ღია პირველობა აჭარის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელმაც საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სამახსოვრო თასები და სიგელები გადასცა.

გამოვლენილი გამარჯვებულები

11 წლამდელთა შორის

I ბათუმის „ბათუმი“

II ოზურგეთის გუნდი

III ერევანის გუნდი

12 წლამდელთა შორის

I ერევანის გუნდი

II ბათუმის „ბათუმი“

III თბილისის „დინამო იბერი“

 

 

ბათუმის მასწავლებლის სახლმა 3000-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა

 

„ორ კატეგორიად დაიყო ჩვენი ტრენერები. პირველი კატეგორია ეს არის ტრენერი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ჩაატაროს ტრენინგი. ასეთი არის 54 ადამიანი. მეორე კატეგორიის არიან ტრენერები, რომლებსაც შეუძლიათ პირველი კატეგორიის ტრენერებთან ერთად წყვილში ჩაატარონ ტრენინგი. ასეთი გვყავს 19 ადამიანი. გადამზადების ჯგუფიდან მხოლოდ ოთხი ტრენერი დაიწუნეს. მათ რეკომენდაცია მიეცათ, რომ კიდევ გაიარონ გადამზადების ტრენინგები“, –  ამბობს აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.

 

ზოგადი პროფესიული უნარები, განათლების დაწყებითი საფეხური, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ინკლუზიური განათლება, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, მუსიკა, ფრანგული, გერმანული,     ინგლისური, რუსული ენები – ეს არის იმ საგნების ჩამონათვალი, რომელ საგნებშიც მასწავლებელთა სახლის ტრენერები მოქმედ მასწავლებლებს გადაამზადებენ.

 

„ყველა ტრენერმა ჩაატარა ტრენინგი, გარდა გერმანულისა. ამ ეტაპზე, რუსული, ინგლისური და ინკლუზიური განათლების ტრენინგები მიმდინარეობს. მასწავლებლებს არამარტო ბათუმში ვამზადებთ, ძირითადი აქცენტი გადატანილია მუნიციპალიტეტებზე. ტრენინგები ტარდება ადგილზე. მუნიციპალიტეტების ცენტრებში – ხულოს, ქედის, შუახევის, ქობულეთის საჯარო სკოლებში. ტრენერები დადიან და ტრენინგებს იქ უტარებენ“, – ამბობს ლალი ლომთათიძე.

 

მისივე თქმით, აპრილამდე თბილისის მასწავლებლის სახლიდან ჩამოდიოდნე ტრენერები, რომლებიც ადგილობრივ ტრენერებს ტრენინგებს სხვა პედაგოგებთან ერთად უტარებდნენ.

 

„თუ ვთქვათ იყო ოთხი ტრენერი მათემატიკაში გადასამზადებელი, ხოლო ჯგუფში უნდა ყოფილიყო 20 მსმენელი, ჩვენ დამატებით საჯარო სკოლის 16 პედაგოგს ვსვამდით იმ ჯგუფში“, – ამბობს ლალი ლომთათიძე.

 

 

აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილამდე თბილისის მასწავლებელთა სახლის ტრენერების მიერ ჩატარებულ შერეულ ჯგუფებში ტრენინგებზე გადამზადდა 1413 პედაგოგი. ხოლო 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე, მას შემდეგ, რაც ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერებმა დაიწყეს ტრენინგების ჩატარება, გადამზადდა 1771 პედაგოგი.

 

ტრენერები ანაზღაურებას საათობრივად იღებენ. იმ შემთხვევაში თუკი ტრენინგის ჩატარება ბათუმში უწევთ, საათობრივი ანაზღაურება 20 ლარია, ხოლო თუკი მუნიციპალიტეტებში გადიან (ხულო, ქედა, შუახევი, ქობულეთი) საათობრივი ანაზღაურება იზრდება და 30 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხელვაჩაურს, ამ მუნიციპალიტეტების პედაგოგებს ტრენინგების გავლა ბათუმში შეუძლიათ.

 

„პროფესიულ უნარებში ვატარებდი ტრენინგებს. მაისში, ივნისსა და ივლისის დასაწყისში მე და ჩემმა მეწყვილემ მირანდა გორგოშიძემ ერთად ჩავატარეთ ტრენინგები. შუახევში ოთხ ჯგუფთან ვიმუშავეთ, ქედაში სამ ჯგუფთან, ბათუმში კი ორ ჯგუფთან ვიმუშავეთ“, – ამბობს თამთა კვარაცხელია, რომელიც პროფესიული უნარების ტრენერია.

 

სამოქალაქო განათლების ტრენერმა თამარ გოგიშვილმა ტრენინგები ქობულეთსა და ხულოში ჩაატარა. „ქობულეთში ჩავატარე ორი მოდული, ჯამში 48 საათი, მეორე ტრენინგი ჩავატარე ხულოში, ერთი ტრენინგი ჩავატარე მარტომ, მეორე ტრენინგზე მეწყვილე მყავდა“, – ამბობს თამარ გოგიშვილი.

 

მასწავლებელთა გადამზადების პროგრამას აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი ერთ მილიონზე მეტი ლარია. სწორედ ამ თანხიდან  გამოიყოფა ფინანსები მასწავლებელთა გადამზადების პროგრამისთვის.  

ექიმის ეთიკა და პაციენტი

 

ექიმის ეთიკის კოდექსი ექიმს ავალდებულებს აღიაროს პაციენტის უფლება, მონაწილეობდეს მისთვის სამედიცინო დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ეთიკის კოდექსის მიხედვით, ინფორმირებული თანხმობა პაციენტთან ურთიერთობის ფუძემდებელი პრინციპია. გარდა ამისა, ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, „ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“.

 

პრაქტიკაში კი ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს კანონი ავალდებულებს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე მიიღოს პაციენტის თანხმობა, პაციენტს მიაწოდოს (ზოგიერთი გამონაკლისის გათვალისწინებით) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია, ზოგიერთი ექიმი ძალიან ღიზიანდება პაციენტის ამ მოთხოვნაზე; ან ინფორმაციას, მიუხედავად კანონმდებლობით და ეთიკური კოდექსით დაწესებული აკრძალვისა, პაციენტთან შეთანხმების გარეშე გასცემს სხვა პაციენტებთან.

 

ასე მოხდა ნ.ე.-ს შემთხვევაში. ნ.-ე.-მ კარდიოლოგს მიმართა კონსულტაციისთვის. სამედიცინო დაწესებულებაში მეორე დღეს იგივე სპეციალისტთან მისვლისას აღმოაჩნა, რომ ექიმმა მისი მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოში დასაქმებულ ნ-ს ნაცნობებს უამბო. „ძალიან უხერხული იყო. არ მინდა ვინმემ იცოდეს, რომ ავად ვარ და მკურნალობა მჭირდება. ექიმს რომ ვკითხე, რატომ უთხარით სხვებს-მეთქი, სიცილით მითხრა, რა გჭირს ისეთი, დასამალი რომ იყოსო. არ მინდა ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ასე გასცენ ინფორმაცია. მეტს არ მივალ იმ ექიმთან“, – ამბობს ნ.ე.

 

სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების უფროსი, პაატა ბუკია ამბობს, რომ ექიმის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით წელს მათთან 175 განცხადება და საჩივარია შესული – ძირითადი შენიშვნები სამედიცინო მომსახურების ხარისხს უკავშირდება. „როგორც წესი, მომსახურების ხარისხში თავისთავად იკვეთება გარკვეული ეთიკური ნორმების დარღვევის ფაქტებიც, თუმცა გადაწყვეტილება, ექიმისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ეთიკური ნორმის დარღვევის საფუძველზე ჩამოყალიბებულიყოს – არ ყოფილა“, – ამბობს ის.

 

ექიმისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრება, შეიძლება გულისხმობდეს წერილობით გაფრთხილებას, საქმიანობის შეჩერებას და გამონაკლის შემთხვევაში სერტიფიკატის გაუქმება. პაატა ბუკიას თქმით, პირველი ინსტანცია, ვისაც პაციენტმა, ექიმის მიერ ეთიკური ნორმის დარღვევის გამო უნდა მიმართოს, ის სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც მომსახურება გაეწია პაციენტს. სამედიცინო დაწესებულებებში, ამ საკითხს ეთიკის კომისიები განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების სააგენტოს ეთიკური და დეონტოლოგიური (პაციენტთან კომუნიკაციისა და მოპყრობის) საკითხების შესახებ განაცხადით მიმართავს პაციენტი, სააგენტო დეტალურად შეისწავლის საქმეს და განხილვის მასალებს ისევ დაწესებულებას გაუგზავნის.

 

ჯანმრთელობის ცენტრი `მედინას~ ხელმძღვანელი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ ექიმის მიერ ეთიკური ნორმის დარვევის გამო პაციენტები მასაც მიმართავენ. „ეს არც თუ ისე ხშირად ხდება, შეიძლება სულ რამდენიმე განცხადება შემოვიდეს წელიწადში. როგორც წესი, ეს არის ჩივილები იმის შესახებ, რომ ექიმი უხეშად ელაპარაკა, ან კარგად არ გაარკვია პაციენტი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ა.შ.“ ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე არავის სურს ჰყავდეს უხეში პერსონალი, სწორედ ამიტომ, ეთიკური მიზეზების გამო, წერილობითი გაფრთხილების გარდა, ერთ-ერთი კადრი სამსახურიდანაც კი ჰყავთ დათხოვილი.

 

ჯუმბერ უნგიაძის თქმით, გარდა ექიმების მხრიდან ეთიკური დარღვევებისა, ხშირად პაციენტიც არღვევს ნორმებს: „ბევრ უცხო ქვეყანაში ვარ ნამუშევარი და ასე არსად ხდება. როცა პაციენტს ეუბნები, რომ არ შეიძლება რეანიმაციაში შესვლა – არ ესმით, არც ის ესმით, რომ ამ კონკრეტულ დროს პაციენტის ნახვა არ შეიძლება და აქეთ გაგდებენ სინდისზე _ `როგორ, დედასაც არ შეახედებთ ერთი თვალით?~ ვეუბნებით, რომ ხილის მოტანა არ შეიძლება _ მაინც მოაქვთ, ვეუბნებით, რომ პური უფასოა, რამდენიც უნდა პაციენტს იმდენს ვაძლევთ _ მაინც სამი ბუხანკით მოდიან… დარღვევები ორივე მხრიდან არის“.

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში ამბობს, რომ  ეთიკური დარღვევის გამო მას იშვიათად მიმართავენ პაციენტები. ზოგადად კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც ჰყავს ეთიკის კომისია, რომელიც ასეთ შემთხვევებს განიხილავს. მალხაზ ხალვაშის თქმით, ეს პროცესი ხშირად თვითრეგულირებადია: „ჩვენ საკმაოდ პატარა არეალში ვცხოვრობთ, თუ ექიმი არაეთიკურად ექცევა პაციენტს, ამის შესახებ მალევე ხდება ცნობილი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და მას, პაციენტები, უბრალოდ, აღარ მიმართავენ. თუ პაციენტი ამის შესახებ განცხადებით მომართავს ადმინისტრაციას, მაშინ საკითხს ჩვენი ეთიკის საბჭო განიხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

 

აჭარაში პაციენტის უფლებებს მედიაციის დეპარტამენტი იცავს. ჯანდაცვის ომბუდსმენი ანზორ ბალაძე ამბობს, რომ ექიმის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევის გამო მისთვის ჯერ არ მიუმართავთ – „ხოლო იმ განცხადებების განხილვისას, რომლებიც ექიმების მიერ პაციენტის უფლებების დარღვევას შეეხებოდა, უმრავლეს შემთხვევაში ექიმის მხრიდან დარღვევა არ დაფიქსირდა და ადგილი ჰქონდა გაუგებრობას“. მისივე თქმით, აჭარაშიც ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ასეთი განცხადების საფუძველზე გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებს ექიმებთან კონტრაქტი შეუწყვეტიათ.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის განათლების საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

 

აზერბაიჯანის დელეგაციის სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა დელეგატები, ქობულეთის რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების პედაგოგები.

 

კონფერენციის მიზანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება იყო. აზერბაიჯანელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ ქართულ ზოგად საგანმანათლებლო სისტემას დასაჯარო სკოლები მოინახულეს.

 

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს ორგანიზატორებისაგან სერთიფიკატები გადაეცათ.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და Disability Rights International შშმ პირებს შეხვდა

 

 
 
შეხვედრის მიზანია, აჭარის რეგიონში, სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

DRI-ის წარმომადგენლები ერიკ მეთიუსი და ელიზაბეტ ბაუერი საქართველოში პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფების ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში იმყოფებიდან. პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 
DRI საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შშმ პირთა სოციალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს.

ბათუმში ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა ”რეპროარტი ბათუმი” გაიხსნა

 

 

კლინიკის მენეჯმენტის ინფორმაციით, ბათუმის რეპროარტში ყველა ის ტექნოლოგია გამოიყენება, რაც მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ ცენტრებში არის დანერგილი, მათივე ცნობით ბათუმის ქართულ-ამერიკული კლინიკა რეპროარტი მსოფლიოში არსებული რეპროდუქციული კლინიკების იმ 30%-ში მოხვდა, რომლებიც წარმატებით ახდენენ გაყინული ემბრიონის გადატანას.


ქართულ-ამერიკული კლინიკა რეპროარტის ძირითადი მიმართულება ინვიტრო განაყოფიერებაა, თუმცა ბათუმის კლინიკა მოიცავს ყველა იმ სფეროს რაც ქალის ჯანმრთელობას ეხება: უშვილობის მკურნალობა; ქალისა და მამაკაცის გამოკვლევა; ინ ვიტრო განაყოფიერება; ინსემინაცია; გინეკოლოგია; ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; ჰორმონალური ანალიზები და ექოსკოპია. 

რეპროარტის ბათუმის კლინიკაში 20-მდე ადგილობრივი კადრია დასაქმებული, მათი ნაწილი უკვე გადამზადდა და კლინიკაში მუშაობს. უკვე დასაქმებული კადრების გარდა აქტიურად მიმდინარეობს ახალი კადრების მოძიება მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. კლინიკის ამერიკელი და ევროპელი თანამშრომლები კი აჭარაში მომუშავე ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრეინინგებს პერიოდულად ჩაატარებენ. 

კლინიკის პრეზენტაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრებოდნენ, რომლებმაც ლენტის საზეიმო გაჭრის შემდეგ კლინიკის მენეჯმენტთან ერთად კლინიკაც დაათვალიერეს. 

 

”გრონჰოლმის მეთოდი” ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე



თარგმანი თამაზ გოდერძიშვილი. სპექტაკლი ერთ მოქმედებად.


რეჟისორი – თმურ ჩხეიძე. მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი.


მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე, ნიკოლოზ თავაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი.

 

“ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე არც ერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც გალსერანის “გრონჰოლმის მეთოდი”. დეტექტივის პრინციპით დაწერილი (თუმცა დეტექტივი არ არის) პიესა, იმედი მაქვს ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. მე არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის, ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი საკუთარ დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.” – წერს თემურ ჩხეიძე.

 

სპექტაკლის დასაწყისი 19:00 საათი.

კულტურულ-შემეცნებითი ტური ბათუმის მუზეუმებში

 

პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სააგენტომ, 14 ნოემბერს, მუნიციპალიტეტებიდან საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩამოიყვანა. ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში მათთვის შემეცნებითი გაკვეთილი გაიმართა თემაზე: “2014 წლის ნობელიანტები”. 

ძმები ნობელების სახელობის მუზეუმი

 

 

ქობულეთში ჰუმანიტარული დახმარების დარიგება დაიწყო

 

 

 

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ და წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 

 

დაზარალებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სამზარეულოს 1 ნაკრები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ. 

პროექტის ფარგლებში ჰუმანატარული დახმარება სექტმებრის თვეში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 100 ოჯახს დაურიგდებათ.

რატომ არ განიხილავს სასამართლო შს სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს?

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა, 6 ნოემბერს სასამართლოში მისულ “ბათუმელების” ინტერესების დამცველს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს, ეკა ციმაკურიძეს უთხრა, რომ საქმის განხილვა 11 დეკემბრამდე გადადო. მიზეზი – მოუცლელობა.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გადადო “ბათუმელების” მიერ შს სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, შს სამინისტრო არის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ უწყება; ასევე დადასტურებულია, რომ სწორედ ამ სამინისტროსგან ჟურნალისტები პრაქტიკულად ვერ იღებენ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღემდე მხოლოდ ის მოახერხა, რომ საქმის მოსამართლე ერთხელ გამოცვალა (თავდაპირველად მოსამართლე თამარ ონიანი იყო) და საქმის მოსმენა მრავალგზის გადადო, ამჯერად უკვე 11 დეკემბრამდე.

რამდენად საკმარისი არგუმენტია სასამართლოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის ვერმიღების გამო შეტანილი სარჩელის ვერგანხილვის მოტივად მოუცლელობის დასახელება, მაშინ როცა კანონი ზუსტად განსაზღვრავს ვადებს (2-5 თვეა)? საქმისადმი მსგავსი დამოკიდებულებით ხომ არ ახალისებს სასამართლო შს სამინისტროს ჩაკეტილობას? – ამ კითხვების პასუხად თბილისის საქალაქოს სასამართლოს პრეს სამსახურში შემდეგი განმარტეს:

“ნანა ჭიჭილეიშვილს ამჟამად წარმოებაში აქვს 130-ზე მეტი საქმე, დარბაზი კი კვირაში ორჯერ _ ხუთშაბათს და პარასკევს. გუშინ მთავარ სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტებები იყო, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებისთვის დრო ამოიწურა, სხვა პროცესი იწყებოდა, ამიტომ მოუწიათ გადადება. რეალურად, ორ-სამ თვეზე ახლო პროცესებს ვერ ნიშნავენ მოსამართლეები, რადგან გადატვირთული გრაფიკი აქვთ. ეს მარტო ამ კონკრეტული მოსამართლის პრობლემა არ არის, ეს სასამართლო სისტემის პრობლემაა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივად ამბობს, რომ მინიმუმ 10 მოსამართლის დამატებაა საჭირო და ამას ვერც შენობა იტევს”.

“ბათუმელებმა” 2013 წლის ნოემბერში შს სამინისტროსგან შემდეგი კითხვებზე ვერ მიიღო პასუხი: რა თანხა გაიცა პრემიის სახით შს სამინისტროში 2013 წლის განმავლობაში, რას შეადგენდა მაღალი თანამდებობის პირების ყოველთვიური პრემიის ოდენობა? სამინისტროს “ბათუმელებმა” სასამართლოში სწორედ ამ საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობისთვის უჩივლა. სასამართლოს მხრიდან რეაგირება 11 დეკემბრამდე გადაიდო.

ენმ: აქციაზე სუს-ის თანამშრომლები გვაცილებენ

 

ენმ-ის წევრები აჭარიდან თბილისში დღეს დილით გაემგზავრნენ

  

“სუს-ის თანამშრომლები  მოყვებიან  ჩვენს მანქანას, გზაში გვიღებენ ფოტოებს, გვიქნევენ ხელებს, იმყოფებიან შავი ფერის “სედანის” მარკის ავტომობილით, ნომრით 060.  ბათუმის მერმა დღეს და ხვალ დანიშნა თათბირები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების (აიპ. შპს) თანამშრომლები გააფრთხილეს რომ ქალაქიდან არ გასულიყვნენ  “- ამბობს გიორგი კირთაძე.  

 

  

 

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი კატეგორიულად უარყოფს ენმ-ის მიერ გავრელებულ ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ შაბათ-კვირას თათბირი არ არის დაგეგმილი. 

მიყვებიან თუ არა ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის მონაწილეებს თბილისში და რატომ, ამ კითხვაზე პასუხს “ბათუმელები” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.  

გიორგი კირთაძისი ინფორმაციით, აჭარიდან თბილისში ათასზე მეტი ადამიანი მიემგზავრება. 

 

“ბათუმელებს” ფოტოები მიაწოდა გიორგი კირთაძემ

ჭაბუკთა ტურნირი რაგბში ქუთაისის ”აიამ” მოიგო

 

 

 

დღევანდელ შეხვედრაში ქუთაისის „აიამ“ თბილისის „წიქარა“ 33:0, ხოლო „მერანმა“ აჭარის ნაკრები 27:0 დაამარცხა. ტურნირის პირველობა აიამ მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა „მერანი“ მესამეზე კი – აჭარის ნაკრები.

 

16 წლამდე ჭაბუკ მორაგბეთა ტურნირი საქრთველოში პირველად ჩატარდა.

 

ტურნირი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი აკადემიური საბჭო ჰყავს

გიორგი დიასამიძის თქმით, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს ოთხი წლის ვადით ირჩევენ და ისინი აუცილებლად ასოცირებული ან სრული პროფესორები უნდა იყვნენ.

უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში თითო წარმომადგენელი იქნება. აკადემიური საბჭოს თამჯდომარე კი უნივერსიტეტის რექტორი იქნება.

აკადემიური საბჭოს არჩევნების პირველადი შედეგები ასე გამოიყურება:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – მარინე აროშიძე; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტი – რუსუდან ხუხუნაიშვილი; ტექნოლოგიური ფაკულტეტი – თეიმურაზ ქიქავა; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – ვაჟა ვერულიძე; იურიდიული ფაკულტეტი – მალხაზ ნაკაშიძე; ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – შოთა მახარაძე; ტურიზმის ფაკულტეტი – ანზორ დევაძე; განათლების ფაკულტეტზე – გული შერვაშიძე; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – გურამ ჩაგანავა. 

  

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და რსუ-ს წესდების შესაბამისად, აკადემიური საბჭოს პრეროგატივაში შედის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და დამტკიცება; თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორის არჩევა და სხვა. 
 

საახალწლო მოგზაურობა საკრუიზო ლაინერით ბათუმიდან – ფასები და პირობები

 

საკრუიზო კომპანია Paradise Cruise & Ferry-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია აჭარაში ტურისტული კომპანია “ჯემინი“. ამ ეტაპზე ბათუმის პორტიდან  საკრუიზო ლაინერ “Isabella 1”-ის გასვლა იგეგმება შემდეგ თარიღებში:

14.12.2014-26.12.2014 (20% ფასდაკლებით)
26.12.2014-07.01.2015 (ახალი წლის დღეები)
07.01.2015-19.01.2015 (30% ფასდაკლებით)

 

ეს იქნება უვიზო რეჟიმით ორგანიზებული სამი საახალწლო კრუიზი, რომლის ფარგლებშიც მოგზაურებს ერთდღიანი გაჩერების საშუალება მიეცემათ სოჩასა და ლიმასოლში. “Isabella 1”-ს მგზავრებს ელით გასართობი შოუ-პროგრამები, კაზინო, კაფე-ბარები, რესტორნები და დუტი ფრის მაღაზია. ბილეთის ფასში შედის დილის საუზმე, ვახშამი და ორ სადღესასწაულო ბანკეტზე დასწრება. 

 

ტურისტული კომპანია ჯემინის დირექტორის, ლიანა რომანაძის თქმით, 12 დღიანი კრუიზის ფასები დამოკიდებულია კიუტებსა და კრუიზის დროზე.

 

ახალი წლის დღეებში (26 დეკემბერი -7 იანვარი) კრუიზის ფასია:

სუიტი (ოროთახიანი კაიუტა მინიბარითა და ტელევიზორით, ლაინერის საუკეთესო ნაწილში) 2820 ევრო. კვების ფასი კრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო. 

დე ლუქსი – 2400 ევრო. კვების ფასი კრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო. 

კამადორი (სამადგილიანი, კომფორტული კაიუტა) – 2820 ევრო. კვების ფასი კრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო. 

A კაბინა – 1740 ევრო (ორადგილიანი კაიატა ფანჯრით)  საფასურში შედის კვება. 

B კაბინა – 1500 ევრო (ორადგილიანი, ფანჯრის გარეშე) საფასურში შედის კვება.   

 

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე. 

 

რაც შეეხება კრუიზს არასაახალწლო დღეებში, მოქმედებს 20 და 30 პროცენტიანი ფასდაკლება. 

 

14-25 დეკემბერს კრუიზის ფასებია:

სუიტი –  2256 ევრო. (კვების ფასი კრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო.

დე ლუქსი – 1920 ევრო. კვების ფასიკრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო. 

კამადორი – 1344 ევრო. კვების ფასი კრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო. 

A კაბინა – 1392 ევრო, საფასურში შედის კვება. 

B კაბინა – 1200 ევრო, საფასურში შედის კვება.   

 

7-19 იანვარს კრუიზის ფასებია:

სუიტი –  1974 ევრო. (კვების ფასი კრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო._

დე ლუქსი – 1680 ევრო. კვების ფასი კრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო. 

კამადორი – 1176 ევრო. კვების ფასი კრუიზის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, 540 ევრო. 

A კაბინა – 1218 ევრო, საფასურში შედის კვება. 

B კაბინა – 1150 ევრო, საფასურში შედის კვება.   

 

ლიანა რომანაძის თქმით, საკრუიზო კომპანიასთან კავშირი მხოლოდ მათ ტურისტულ კომპანიას აქვს ბათუმში და შესაძლებელია, ბანკის დახმარებით, საგზურის განვადებით შეძენაც. 

სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ბათუმში

 

 

გამოფენის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.



გამოფენის ორგანიზატორი წელს უკვე მეოთხედ შპს „GEONET EXPO” -ა. გამოფენა დღეს გაიხსნა და ის 16 ნოემბერს დაიხურება.

დიაბეტის მსოფლიო დღე

 

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, საქართველოში მუდმივი მედიკამენტოზური დახმარების საჭიროების მქონე დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა 105 110-ს აღწევს.

დიაბეტით დაავადებულ პირთა დახმარების მიზნით ბათუმის მერია ახორციელებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლის ფარგლებში, ყოველთვიურად ხდება მედიკამენტების მიწოდება 0-დან 100 000 ქულის მქონე ბენეფიციარების,  შშმ პირებისა და ასაკით პენსიონერთათვის. მერიის ცნობით, 2015 წლისათვის დაგეგმილია მედიკამენტების პროგრამის გაფართოება და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის პროგრამის ამუშავება, რომლის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პირებს გაეწევათ ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა და ექიმ-ანგიოლოგის კონსულტაცია, საჭიროების მიხედვით. 

 

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება, იგი დიაბეტის ადვოკატირებასა და დაავადებაზე ინფორმირებულობის ზრდას ეძღვნება. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად ახალ თემებს გვთავაზობს, რათა გადაიჭრას დაავადებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები. 2014-2016 წლებისთვის დიაბეტის მსოფლიო დღის თემატიკას წარმოადგენს„ჯანსაღი ცხოვრება და დიაბეტი“, ხოლო კამპანიის მთავარი გზავნილებია:

 

 

  • ჯანსაღი კვება იწყება საუზმით
  • გადააქციე ჯანსაღი საკვები იოლ და მარტივ გადაწყვეტილებად
  • ჯანსაღი კვება: გააკეთე სწორი არჩევანი.

სარემონტო სამუშაოები ტაბიძის ქუჩაზე

 

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის თქმით, ტაბიძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

“სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა უკვე დასრულდა. მიმდინარეობს ტროტუარებზე ფილების დაგება და ბორდიურების მოწყობა, რის შემდეგაც სანაგვე კონტეინერების მოწყობის სამუშაოები დაიწყება. მოეწყობა მწვანე საფარი. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტი” – ამბობს ის.

ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებულია ტაბიძის ქუჩის კეთილმოწყობა ლეონიძიდან აღმაშენებლის ქუჩამდე. 


ტაბიძის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 3 მილიონ 200 ათასი ლარია გამოყოფილი.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. 

პარკირების წესების დარღვევა

 

 

 

 

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. 

სექსიზმი ქართულ რეკლამებში – ლექცია უნივერსიტეტში

 

„ყოველდღიურად, თანამედროვე ადამიანი ასობით რეკლამას ხედავს თავისი სურვილის მიუხედავად, სარეკლამო ინდუსტრია კი უფრო მეტ რამეს ყიდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით გვგონია: პროდუქტის გარდა რეკლამა ყიდის ღირებულებებსაც. ის გვკარნახობს, ვინ ვართ და ვინ უნდა ვიყოთ, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ და რას ვაკეთებდეთ. სწორედ ამიტომ, საინტერესოა განვიხილოთ – რას გვეუბნება თანამედროვე რეკლამა ქართველი ქალების შესახებ? რა გავლენას ახდენს პოპ-კულტურა პატრიარქალური ღირებულებების გამყარებაზე? ლექციის განმავლობაში ვნახავთ და ანალიზს გავუკეთებთ ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ვიდეო-რგოლებს“ – აღნიშნულია ლექციის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. 

 

ეთუნა ნოღაიდელი გენდერის კვლევების მაგისტრია. 2013 წლიდან კითხულობს სამაგისტრო კურსს ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერული კვლევების ფაკულტეტზე. მუშაობს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, გენდერული პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე. 

 

ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ლექციების ღია ციკლის – „ვის ეშინია ფემინიზმის?“-  ფარგლებში ჩატარდება. 

პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

 

 

 

“ამაღელვე“ – გამოფენების ფესტივალის ბოლო დღე

 

„გამოფენების ფესტივალს“  გამოფენა, სახელწოდებით – “ამაღელვე”- დაასრულებს.  ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებმა, სპეციალურად “გამოფენების ფესიტივალისთვის” შექმნეს ფერწერული ნამუშევრები. გამოფენა გიორგი სამსონიას მუსიკის თანხლებით გაიმართება. 

„გამოფენებების ფესტივალის“ ორგანიზატორები დამთვალიერებლებს, ტრადიციულად, ერას მოედანზე დაელოდებიან, საღამოს შვიდის ნახევრიდან შვიდ საათამდე.  ერას მოედნიდან დამთვალიერებლებს ავტობუსი საგამოფენო სივრცემდე მიიყვანს.

 

გამოფენების ფესტივალი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ყოველი გამოფენა არასაგამოფენო, ალტერნატიულ სივრცეში იმართება. ორგანიზატორთა განმარტებით ეს ხელს შეუწყობს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და მის ახლებურად წარმოჩენას.

Exit mobile version