სიახლეები

ნეტგაზეთი 2015 წლის პრესის ევროპული ჯილდოს მფლობელი გახდა

09.03.2015
ნეტგაზეთი 2015 წლის პრესის ევროპული ჯილდოს მფლობელი გახდა


სულ 2015 წელს რუსეთში, საქართველოსა და უკრაინაში დაჯილდოვდა 6 ჟურნალისტი და მედიასაშუალება”, რომლებიც “ცაიტისა” და ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლების ფონდის განცხადებით, “ცენზურასა და რეპრესიებს არ უშინდებიან”.

 

ნეტგაზეთთან ერთად 2015 წელს ჯილდოს მიიღებენ  ყოველკვირეული გაზეთი “Pskovskaya Guberniya” (რუსეთი), ჟურნალისტი გალინა ტიმჩენკო (რუსეთი), საინფორმაციო სააგენტო Slidstvo.Info (უკრაინა), ასევე ჟურნალისტები: ვალენტინა სამარი (უკრაინა) და სერგეი ჰარმაში (უკრაინა). დასახელებული ჟურნალისტები 10 ათას ევროს, ხოლო მედიასაშუალებები 15 ათას ევროს მიიღებენ.

 

“სერგეი ჰარმაში დონეცკიდან ონლაინ-გაზეთის  Ostro V-ს მთავარი რედაქტორია. ეს პორტალი აღმოსავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნიუს-პლატფორმაა.  ჰარმაში კარგადაა ცნობილი მისი გამჭირახი პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიტიკური მასალებით.  მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პრესის თავისუფლებაში თავისი ობიექტური, კრიტიკული მასალებით უკრაინის კრიზისის საკითხზე.  Ostro V-ს ჟურნალისტების უმრავლესობამ, მათ შორის ჰარმაშმა დონეცკი 2014 წელს დატოვა”, – ნათქვამია ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ განცხადებაში.

 

“ვალენტინა სამარი ყირიმიდანაა. ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირიმი გასულ წელს, რადგან ეშინოდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. იგი არ უშინდებოდა კრიტიკული სტატიების, ასევე ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალების გამოქვეყნებას სახელმწიფო მოხელეების მიერ განხორციელებული კორუფციული ქმედებების შესახებ”.

“გალინა ტიმჩენკო არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ონლაინ-გაზეთის, ლენტა.რუ-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი. ის ამჟამად ლატვიაში მუშაობს რათა ხელი შეუწყოს თავისუფალი რუსული პრესის განვითარებას. რუსეთში არსებული ცენზურის გამო  იძულებული გახდა საქმიანობა რიგაში გაეგრძელებინა, სადაც პორტალი “მედუზა” დააფუძნა”.

“ონლაინ-გამოცემა ნეტგაზეთი მიიღებს 15 ათას ევროს. პოლიტიკურად დამოუკიდებელი ნიუს და მულტიმედია პორტალი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების და ქალების უფლებების დარღვევეის დეტალებს, ასევე ჰომოფობიის საკითხებს აშუქებდა. ნეტგაზეთი ნაციონალურ დონეზე სოციალური პრობლემების გაშუქების ფართო სპექტრს სთავაზობდა მკითხველს, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ამბებს, გამოცემამ თავის მკითხველებს რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მიღების კარგი პლატფორმა შესთავაზა”, – ვკითხულობთ ჯილდოს ორგანიზატორთა განცხადებაში.

 

პრიზის მისაღებად ნომინაციაზე ნეტგაზეთი საქართველოში გერმანიის საელჩომ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისმა წარადგინა. ზემოხსენებული ყოველწლიური პრიზით რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მომუშავე ჟურნალისტები და მედიასაშუალებები ჯილდოვდებიან.


ნეტგაზეთი
ნეტგაზეთი

დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში, კერძოდ ოსლოში ნობელის ინსტიტუტში გაიმართება 2015 წლის 24 ივნისს.


2010 წელს ზემოხსენებული ჯილდო საქართველოდან ჟურნალმა “ლიბერალმა” მიიღო, ხოლო 2009 წელს გაზეთმა “ბათუმელებმა”. ნეტგაზეთი გაზეთ “ბათუმელების” ონლაინ-გამოცემაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: