სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ახალ პროექტს იწყებს

10.03.2015 • 2144
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ახალ პროექტს იწყებს

 

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

პროექტის მიზანი, როგორც ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები აცხადებენ, ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა იქნება, რომლის ახალი მიმართულება ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდობის, სტუდენტების და ზოგადად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა ბიორმავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

 

„2015 წელს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი იწყებს სერთიფიცირებული პროექტის – „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეებისათვის სემინარების და სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას ბაღის ტერიტორიაზე.

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქ. ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, IX-XI კლასის მოსწავლეთა შორის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 150-მდე მოსწავლე, რომლებიც გაივლიან 32-საათიან სასწავლო კურსს; ვორქშოფი ჩატარდება შაბათ-კვირას გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე“- ნათქვამია, ბოტანიკური ბაღის წერილობით განცხადებაში.

 

სასწავლო კურში მოიცავს შემდეგ აქტივობებს: სემინარები მცენარეთა მრავალფეროვნებაზე, ჰერბარიუმისა და მეთესლეობის სექტორის გაცნობა, საველე გასვლები ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში და ჰერბარიუმის აღება, თესლების შეგროვება, ჰერბარიუმის დამზადება, დარგვის, გასხვლისა და თესვის პროცესში ჩართულობა.

 

პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. პროექტის მხარდამჭერია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, პარტნიორი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტი წარდგენილია ბოტანიკურ ბაღებში განათლების შესახებ მე-9 საერთაშორისო კონგრესზე.

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, გასულ წელს,  შემდეგი აქტივობები განხორციელდა: სემინარები მცენარეთა მრავალფეროვნებაში, შემეცნებითი ტურები ბაღის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში, ბაღის სახელობითი სტიპენდია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. შემდეგი საფეხური კი საგანმანათლებლო საქმიანობის სისტემური წარმართვაა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: