მეკობრეების
ეს ზღვა

-1975 წელს დავამთავრე ბათუმის საზღვაო სასწავლებელი და სამუშაოდ გამანაწილეს ვლადივოსტოკის სათევზაო-სარეფრეჟატორო გემების ბაზაზე. ბათუმიდან ვლადივოსტოკში 10 კაცი გაგვგზავნეს. ჩავედით და თავი ლამის საქართველოში გვეგონა. თვითონ განსაჯეთ: სარეფრეჟერატორო გემების ბაზა დაარსებული იყო ქართველი კაცის, შალვა ნადიბაიძის მიერ და მისივე სახელს ატარებდა. ვცხოვრობდით შალვა ნადიბაიძის ქუჩაზე და პირველ გემს, რომელზეც მოვხვდი სამუშაოდ, `შალვა ნადიბაიძე“ ერქვა. აქ 6 თვე ვიმუშავე. შემდეგ სხვა სარეწაო გემებზე გადამიყვანეს. ვმუშაობდით ბერინგის ზღვაში, ოხოტის ზღვაში, კურილიის კუნძულებთან,იაპონიის ნაპირებთან, ალიასკასთან ბრისტოლის ყურეში. ძალიან კარგი საზღვაო პრაქტიკა მივიღე, კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გავხდი.
– 1978 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოვედი შვებულებით, ოჯახს ძალიან უნდოდა, რომ იმ „დასაკარგავიდან“ სადმე ახლოს გადმოვსულიყავი. იმ პერიოდში ჩვენში სარეწაო თევზჭერას სათავეში ჩაუდგა ბატონი ბორის ლომთაძე, რომელმაც მოკლე დროში ააღორძინა ეს დარგი. ბიძაჩემი ისრაფილ ცინცაძე მასთან მუშაობდა და მეგობრობდა კიდეც. ერთხელაც, როცა ბატონმა ბორისმა ბრძანა, სატრალერო ფლოტი მინდა გავზარდო, მაგრამ კვალიფიციური კადრები მაკლიაო, ბიძაჩემმა უთხრა, ერთ ასეთ კაცს ვიცნობ, შორეული აღმოსავლეთიდან შვებულებით არის ჩამოსული და თუ გინდა, შეგახვედრებო. ასე გავიცანი ბატონი ბორისი. დიდხანს ვისაუბრეთ, ბოლოს მითხრა, თუ თანახმა ხარ, შენ გადმოყვანას მე მოვახერხებო. პირდაპირ რომ მიმეტოვებინა ვლადივოსტოკი და ისე ჩამოვსულიყავი, საზღვარგარეთის ვიზა დამეხურებოდა და თავიდან მომიწევდა ახალი ვიზის ლოდინი. ბატონმა ბორისმა თავისთავზე აიღო ყველაფერი. მეც მინდოდა აქეთ გადმოსვლა, რადგან დაოჯახებას ვაპირებდი. 1979 წლის მარტში ცოლი შევირთე და ვლადივოსტოკში წავედი მუშაობის გასაგრძელებლად. ამასობაში ბატონმა ბორისმა ყველაფერი მომიგვარა საკავშირო თევზჭერის სამინისტროშიც, შორეულ აღმოსავლეთშიც და აგვისტოში უკვე აჭარის თევზჭერის სანაოსნოში გადმომიყვანეს. ვლადივოსტოკში მიღებული გამოცდილება ჩვენთან ძალიან გამომადგა. მალე კაპიტანიც გავხდი.
– 1990 წელს ესპანურმა ფირმამ ჩვენი სანაოსნოს 4 გემი აიყვანა ფრახტით, მათ შორის `ღჩ-ცისკარა“-ც, რომლის კაპიტანიც მე ვიყავი. რვაფეხები უნდა დაგვეჭირა ატლანტის ოკეანეში, მაროკოდან 200 მილის დაშორებით. ყოველ დღე, თითო გემს 300 კგ რვაფეხა უნდა ჩაებარებინა მტრალავ-რეფრეჟერატორისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად მოცურავდა. ჩემი გემის ეკიპაჟი ამ საქმეში გამოცდილი მეზღვაურებისგან შედგებოდა და პირველ 15 დღეში 20 ტონამდე რვაფეხა დავიჭირეთ. საკმაოდ რთული იყო ხუთბალიან შტორმში გემის მტრალავ-რეფრეჟერატორთან მიყენება და ნადავლის გადაცემა, ამის გაკეთება კი ყოველდღიურად გვიხდებოდა. სამწუხაროდ, ეს ესპანური კომპანია ჩავარდა და კონტრაქტი შეწყდა. ოთხი გემის შენახვა საქართველოს თევზჭერის სამმართველოს ემძიმა და ახალი კონტრაქტით, გვინეის ნაპირებთან, კონაკრისთან გადაგვიყვანეს სამუშაოდ. მომსახურებისთვის ტრალერი „საქართველოც“ გამოგვაყოლეს. სამწუხაროდ, იქ საქმე ცუდად წავიდა, რადგან ჩვენს გემებს არ ჰქონდათ სათანადო სიმძლავრე, იქ კი ძალიან ძლიერი დინებაა. 1991 წლის დეკემბერში, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, საერთოდ უპატრონოდ დავრჩით, თავი თვითონვე უნდა გაგვეტანა. თუ ჩვენი დიდი გემები შემოდიოდნენ კონაკრიში, ნაცნობობით და ხათრით ვშოულობდით პროდუქტებს და სასმელ წყალს. ამასობაში პორტის წინაშე დავალიანებაც იზრდებოდა. უპატრონო რომ გვნახეს, გვინეელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ, ერთ მილიონ დოლარს გვთავაზობდნენ, რომ გემი დაგვეტოვებინა და წამოვსულიყავით, სულერთია, ვალების გამო მაინც ჩამოგართმევენო. მართლაც, იმ დროს გემი დაპატიმრებული იყო ჩვენი სანაოსნოს დავალიანების გამო. ჩვენ ერთი პრინციპი გვქონდა, გემი საქართველოს ეკუთვნოდა, ამიტომაც უარი ვუთხარი, არადა ვალი ყოველდღიურად იზრდებოდა და ასე რომ გაგრძელებულიყო, გემი კანონიერადაც დაიკარგებოდა. გადავწყვიტეთ გაქცევა, მაგრამ როგორ? – საწვავი არ გვქონდა. ეს გვინეელებმაც იცოდნენ და მშვიდად იყვნენ. მხსნელად ქართული ბალკერის კაპიტანი დურსუნ ფარსელაძე მოგვევლინა. მან მოგვცა 15 ტონა საწვავი, ჩვენც მაშინვე დავტოვეთ კონაკრის რეიდი და გამოვიპარეთ. ჩვენთან ერთად წამოვიდა `მალთაყვაც“ , რომელსაც კაპიტანი ბუკია მეთაურობდა. მისი ნაწყალობევი საწვავით ჩამოვაღწიეთ ლას-პალმასამდე. იქ კიდევ ექვსი თვე ამაოდ ველოდით ჩვენი სანაოსნოსგან შეწევნას, თანაც ლას-პალმასშიც ჰქონია ჩვენს სანაოსნოს ვალები დაგროვილი და ახლა იქ აღმოვჩნდით დაპატიმრებულნი.
საქართველოდან ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდა სამმართველოს მთავარი ინჟინერი ბატონი ტარიელ კუცია, მაგრამ მანაც ვერაფერი გააწყო. მაშინ, მას შევთავაზე, რომ დავკავშირებოდით ჩემს თანაკურსელს, სლავა გალადიაჟნის, რომელიც საქართველოს სანაოსნოს წარმომადგენელი იყო ინგლისში, რათა გვეთხოვა, რომ გადმოერიცხა თანხა ჩვენი გემის გადასაჩენად და ეს თანხა სესხად მიეცა საქართველოს თევზჭერის სანაოსნოსთვის. ორკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ საკითხი გადაიჭრა, მაგრამ, საქართველოს სანაოსნოს სხვა ვალების გამო მაინც პატიმრობაში და ისევ საწვავის გარეშე დავრჩით.
ეკიპაჟმა ჩვენი საკუთარი ფული შევკრიბეთ და რუსული გემისგან ვიყიდეთ 15 ტონა საწვავი. ლას-პალმასში საწვავით სავსე კასრები გემიდან გემამდე პორტში ღამით ვათრიეთ და ერთ მშვენიერ ღამეს, ორმა გემმა, „ცისკარამ“ და „მალთაყვამ“, ჩუმად დავტოვეთ ლას-პალმასი, გამოვიპარეთ. არავისთან კავშირზე არ გავდიოდით, ღამით სინათლეები გვქონდა ჩამქრალი, მშვიდობიანად გავიარეთ ატლანტის ოკეანე, ჰიბრალტარის სრუტე და ხმელთაშუა ზღვაში შევცურეთ.
გამოპარულები მალტასთან ახლოს დაგვიჭირა… შტორმმა. კურსის გაგრძელება შეუძლებელი იყო და იძულებულები გავხდით ცხვირით ტალღაზე გვევლო, ანუ ტალღის საწინააღმდეგო მიმართულება გვქონოდა. აფრიკისკენ წავედით და ველოდით გამოდარებას. სამი დღის შემდეგ ამინდიც დაწყნარდა და გეზი საბერძნეთისკენ ავიღეთ. როცა ლაკონისის სრუტეს მივაღწიეთ, საწვავიც გამოგველია. რადისტი დავსვი რადიოკავშირზე, რომ ჩვენი სანაოსნოს გემებს დაკავშირებოდა. ერთდღიანი ძებნის შემდეგ მან კავშირი დაამყარა ტანკერ „ფოთთან“, რომლის კაპიტანმა, ბატონმა იაშა გოგიტიძემ, ჩვენთან დალაპარაკების შემდეგ შეცვალა კურსი, მოვიდა ლაკონისის ბუხტაში, დადგა ღუზაზე და მოგვცა საწვავი, საკვები და წყალიც და უკვე თამამად წამოვედით საქართველოში.
კურიოზი ის არის, რომ როცა ჩამოვედით, ერთხანს ბათუმის თევზჭერის ნავმისადგომში არ გვიშვებდნენ, მოიმიზეზეს საბაჟო პროცედურები, საომარი მდგომარეობა და სხვა. ვუთხარი, არ მაინტერესებს თქვენი მიზეზები, გემი დაკარგვას გადავარჩინე, მოგიყვანეთ, თვითნებურად დავაყენებ გემს მისადგომთან და შინ წავალ, წელიწადნახევარია ზღვაში ვართ და ოჯახში როგორ არ გვიშვებთ-მეთქი. ღუზა რომ ამოვიღეთ და ნაპირისკენ წამოვედით, მაშინვე დარეკეს, გაჩერდით, ხუთ წუთში ყველაფერი მოგვარდებაო. ასე დამთავრდა ეს ხანგრძლივი მოგზაურობა: 1991 წლის ოქტომბერში გავედით ბათუმიდან და 1993 წლის თებერვალში დავბრუნდით. აი, ამ ხანგრძლივი ცურვის მონაწილენი: მე – ბადრი ბერიძე, უფროსი თანაშემწე – ნუგზარ კონცელიძე, მეორე თანაშემწე – ავთანდილ გიორგაძე, უფროსი მექანიკოსი – ისმაილ შოთაძე, მეორე მექანიკოსი – ბადრი ვერძაძე, მოტორისტი – ჯუმბერ კირკიტაძე, სტალმაისტერი – ფრიდონ მოსიძე, მატროსები: ზურაბ მაისაია, გელა დოლიაშვილი, მზარეული – როსტომ ბაჯელიძე. კიდევ ერთი – ესპანელი მეზღვაური გვყავდა გემზე, რომელიც ჩვენთან ერთად, ბუნებრივია, არ გამოპარულა, მაგრამ თანაგვიგრძნობდა.
– 1998 წლის თებერვალი იყო. მაშინ უკრაინული, პატარა, მშრალი ტვირთის მზიდველის, სამასტონიანი `სნეჟინკას“ კაპიტანი ვიყავი. ფეოდოსიაში ციტრუსი ჩავიტანეთ და ბათუმისკენ ცარიელი მოვდიოდით. გელენჯიკთან ახლოს, ჩვენი სანაოსნოს გემს, „კარგო- Pთჩ“ -ს მთავარი ძრავა გაფუჭებოდა და საშინელ შტორმში 2,5 -3 მილში დრეიფობდა. ძლიერი ნორდვესტი ქროდა და გემს ყოველ წუთს ნაპირზე გაგდება და დაღუპვა ელოდა. სწორედ ამ დროს ვუახლოვდებოდით იმ ადგილს. „კარგოს“ კაპიტანმა რადიოკავშირით გვამცნო ამ გასაჭირის შესახებ და მაშინვე გავემართეთ მისაშველებლად. მალე მივუახლოვდით, მაგრამ იმ შტორმში, პირველი მიახლოებისას ვერ მივაწოდეთ ბაგირი. ამაო აღმოჩნდა მეორე ცდაც, მხოლოდ მესამე მისვლაზე მივაღწიეთ შედეგს. ამის შემდეგ ბაგირებით გავაკეთეთ ბუქსირი, და წამოვედით სამხრეთისკენ.
შტორმი კი სულ უფრო ძლიერდებოდა. ასეთი საშინელი ნორდვესტი, მართალი რომ ვთქვა, არ მახსოვს. სწორედ იმ დღეს ფოთთან მშრალი ტვირთის მზიდველი „ბეგი“ გამოირიყა ბრეკვოტერზე, რამდენიმე მეზღვაურიც დაიღუპა. გზის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი გახდა, თან ხომ ბუქსირით მეორე გემიც მოგვყავდა. გადავწყვიტეთ, ბიჭვინთასთან ახლოს, ბუხტაში შეგვეფარებინა თავი. ასეც მოვიქეცით, იქ ჩავუშვით ღუზა, რადგან, ბუხტა ნორდვესტისგან დაფარული იყო. დავდექით თუ არა, რუსი სამხედროები რადიოთი დაგვიკავშირდნენ და მოგვთხოვეს ბუხტიდან გასვლა, რადგანაც ქართულ გემებს ეკრძალებოდათ იქ შესვლა. მართალია, „სნეჟინკაზე“ უკრაინული დროშა ფრიალებდა, მაგრამ `კარგო“ ხომ საქართველოს გემი იყო. ვცდილობდი, ამეხსნა, რომ ქარიშხლის წინაშე პოლიტიკა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ამაოდ. ისიც გვითხრეს, ორი სამხედრო კატერი უკვე ემზადება თქვენკენ წამოსასვლელადო. ტყვეობას ისევ სიცოცხლის და გემების საფრთხეში ჩაგდება ვამჯობინეთ და კვლავ აბობოქრებულ ზღვაში გავედით.
როგორც იქნა, მივაღწიეთ ფოთის პორტს, მაგრამ, არ დაგვრთეს შესვლის ნება, ამნაირ შტორმში აქ ახლახან ,,ბეგი“ დაიღუპა და თქვენც იგივე გემუქრებათო. მე კიდევ იმიტომ ვითხოვდი პორტში შესვლას, რომ მეშინოდა, შტორმს ბუქსირი არ გაეწყვიტა და „კარგო“ არ დაღუპულიყო. რა გვექნა? ისევ ბათუმისკენ წამოვედით. სასწაული მოხდა, სუფსას გამოვცდით თუ არა, შტორმი შეწყდა და მგზავრობაც უხიფათო გახდა. ბათუმს რომ მოვადექით, ლამის მთელი ქალაქი გვეგებებოდა, გაუგიათ, ბუქსირით მეორე გემიც რომ მოგვყავდა. შეხვედრა თბილი იყო: ოჯახის წევრები, მეგობრები, ჟურნალისტები. ყველანი გვაამბობინებდნენ, თუ რას და როგორ გადავურჩით.
– 2010 წელს, „როროს“ ტიპის გემის „კორალ მუნის“ კაპიტანი ვიყავი. 10000 – ტონიანი გემი ბერძნულ კომპანიას ეკუთვნოდა და ეკიპაჟიც ძირითადად ბერძნებისგან შედგებოდა, ქართველები კი ოთხნი ვიყავით: მე, ელექტრომექანიკოსი როლანდ თებიძე, მოტორისტი ზაზა თურმანიძე და მატროსი მალხაზ სურმანიძე.
სუეციდან ინდოეთში მივდიოდით. ბაბელმანდების სრუტის გავლის მერე ჩემი ყურადღება მიიქცია სათევზაო გემების ჯგუფმა. ისინი ჩვენგან 4-5 მილის დაშორებით მუშაობდნენ. მე უნდა გადამეჭრა ფარვატერი და გავსულიყავი იემენის ნაპირებისკენ. უცებ შევამჩნიე, რომ მეთევზეთა ჯგუფს ერთი გემი გამოეყო და სწრაფი სვლით ჩვენ შორის მანძილის შემცირება დაიწყო. გადავკვეთე ფარვატერი და ადენის მიმართულებით გავაგრძელე გზა. მეთევზემაც იგივე მანევრი გაიმეორა, თავისი სიჩქარე 14 კვანძამდე გაზარდა და შეეცადა ქარის საწინააღმდეგო ბორტის მხრიდან შემოსვლას. უკვე 3 მილამდე შემცირდა დისტანცია. დაახლოების თავიდან აცილების მიზნით, კურსი 90 გრადუსით გადავხარე მარჯვნივ და ჩვენი გემიც მისთვის მაქსიმალური სიჩქარით – 14 კვანძით წავიყვანე. ორწუთიანი დაკვირვების შედეგად კარგად გამოჩნდა, რომ ამ გემმაც გაიმეორა იგივე მანევრი და ცდილობდა მარცხენა ბორტიდან მოგვახლოებოდა.
ცხადი გახდა, რომ ადენის ყურის მეკობრეებთან გვქონდა საქმე. გამოვაცხადე განგაში, ხალხი პერიმეტრზე დავაყენე, სახანძრო მაგისტრალში გავზარდე წყლის წნევა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძლიერი ჭავლით მოგვეგერიებინა მომხვდური, თუ აბორდაჟზე წამოსვლას გადაწყვეტდნენ (რა უმწეო საშუალებაა წყლის ჭავლი შეიარაღებული მეკობრეების წინააღმდეგ, მაგრამ როცა თავდაცვის სხვა საშუალება არ გაქვს, რა უნდა ქნა?). მდევარი უკვე ნახევარ მილში იყო. აშკარა იყო, რომ ვეღარ გავასწრებდით. ბრძანება გავეცი, საჭე მარჯვნივ გადაგვეწია და ცირკულაცია დაგვეწყო, რათა მდევრისთვის უშუალოდ მოდგომის საშუალება არ მიგვეცა. ისიც აგვყვა და ერთხან ასე ვიტრიალეთ.
ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო, სანამდე უნდა გვეტრიალა ასე?! გადავწყვიტე, მესარგებლა იმით, რომ ჩვენი გემი მომხვდურთან შედარებით საკმაოდ დიდი იყო და თავად გადავსულიყავით შეტევაზე. მესაჭეს ვუბრძანე, საჭე ბოლომდე გადაეწია მარცხნივ და წავსულიყავით ტარანზე, რათა კვერცხივით დაგველეწა მოძალადე. როცა მეკობრეებმა იხილეს, რომ მათი მანევრები და გამოცანები ამოხსნილი იყო და თავად ვაპირებდით მათ ჩაძირვას, სასწრაფოდ შეცვალეს კურსი და 20 კვანძის სიჩქარით მოცოცხეს სომალის ნაპირებისკენ.
ვაკანსია
ჯალაბაშვილები სტიქიის შედეგების პირისპირ
ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯალაბაშვილებში გეოლოგიური პროცესები 2000 წლიდან ვითარდება – დაიმეწყრა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. ჯერ კიდევ 2010 წელს ხელისუფლებამ ამ სოფელში მცხოვრებ დაზარალებულებს, მეორე კატეგორიას მიკუთვნებულ (სულ სამი კატეგორია არსებობს) 12 ოჯახს, სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 57 000 ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გამოუყვეს. საკომპენსაციო თანხის ოდენობა ქედის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოქმედმა შვიდკაციანმა კომისიამ 3500-ლარიდან 5000-ით განსაზღვრა. იქედან გამომდინარე, რომ სოფელი გეოლოგიურად აქტიურ ზონად დასახელდა, დაზარალებულები სახლებს თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში ვერ ააშენებდნენ, ამიტომ ხელისუფლება მათ მიწის ნაკვეთის გამოყოფას დაჰპირდა.
ქედის მუნიციპალიტეტში დღეს აცხადებენ, რომ მაშინ მოსახლეობამ იმ მიწაზე უარი თქვა, რისი გადაცემაც იგეგმებოდა. დაზარალებულები კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ საუბარი იყო.
2010 წელს დამეწყრილი 12 ოჯახიდან უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო – სახლი ჩაქვში აიშენა, დანარჩენი 11 ოჯახი კვლავაც ავარიულ სახლებში ცხოვრობს.
სტიქიით დაზარალებული მიშა არობელიძე ამბობს, რომ 2010 წელს მიღებული კომპენსაციით სახლის შეძენა ვერ შეძლო და მხოლოდ არსებული გაამაგრა: „მეწყერმა ქვის ორსართულიანი სახლი თითქმის დამიშალა, სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 5 000 ლარი მომცეს, გვითხრეს მიწას გამოგიყოფთო, მაგრამ მიწის გამოყოფა ვერ მოხერხდა. იმ თანხით სახლს ვერ ვიყიდდი, მიწა რომ მეყიდა, სახლი რით ამეშენებინა? წასასვლელი რომ არ გვქონდა, კომპენსაციით საცხოვრებელი გავამაგრე… გამაგრებული სახლი გასულ წელს მიწისძვრამ ისევ გამოიყვანა მწყობრიდან, ცხოვრება აქ შეუძლებელია, მაგრამ მაინც ვცხოვრობთ, სხვა გზა არ გვაქვს. მიწისძვრის შემდეგ გეოლოგები მოვიდნენ, შეისწავლეს და პირველი კატეგორია მოგვანიჭეს, ანუ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვცხოვრობთ. მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარნენ, მაგრამ მე რატომ არ მომაქციეს ყურადღება, არ ვიცი. ვის მივმართო? სად ვიპოვო სამართალი?“
მიშას მეზობლად მცხოვრებ მანველიძეების ოჯახსაც წლებია ანალოგიური პრობლემა აწუხებს. წელს ისიც დაემატა, რომ სახლის საძირკველში წყალი წამოვიდა და უხვი ნალექის დროს მატულობს. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, წვიმის დროს თავს მეზობელს აფარებენ. „ოჯახში ხუთი სული ვართ, პატარებიც გვყავს. წვიმის დროს სახლში ვერ ვჩერდებით, გვეშინია, რადგან წყალი ამოდის, გამოიდარებს და მერე ვბრუნდებით სახლში, ყოველთვის ხომ ვერ იქნები მეზობელთან“, – ამბობს მზია მანველიძე.
კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა მიწის გამოყოფა დღემდე და რა დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულ ოჯახებს? – ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ასე პასუხობს:
„კომპენსაციასთან ერთად დაზარალებულებს მიწა უნდა გადასცემოდათ. მსჯელობა მიდიოდა სოფლის დასაწყისში, თემის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ნაკვეთზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მოსახლეობამ უარი განაცხადა, თითქოსდა ის მოქალაქეს ეკუთვნოდა. დაზარალებულები ამბობდნენ, სხვის მიწაზე სახლს ვერ დავდგამთ და ვერ ვიცხოვრებთო. გაცემული კომპენსაცია დანგრეული სახლების გამაგრებას მოახმარეს. გეოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე იქვე, საკარმიდამო ადგილზე სახლის მშენებლობა გამორიცხული იყო. მეორე კატეგორიის ზონაში მცხოვრებთა რიცხვი ჯალაბაშვილებში წელს ერთით გაიზარდა, ირაკლი ჩხუბაძის საცხოვრებელი უკვე მეორე კატეგორიაშია. ვერ ვიტყვი საგანგაშო მდგომარეობა არის-მეთქი, მაგრამ არც კარგად გვაქვს საქმე. თვითმმართველობას ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია“, – აცხადებს დავით თედორაძე.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამმართველოს უფროსი, ტარიელ ტუსკია ამბობს, რომ ჯალაბაშვილებში ვითარება ამ ეტაპზე უფრო სტაბილურია, ვიდრე 15 წლის წინ: „სოფლის თავზე არის ტბა, რომელიც ჩვენი დასკვნის საფუძველზე 15 წლის წინ გაიწმინდა და წყალი სადრენაჟე არხებით უსაფრთხო ადგილას იქნა გადაყვანილი. მეწყრული პროცესი რომ შენელდა, ეს ფაქტია, განცხადებები აღარ შემოდის. დღეს ის მდგომარეობა არ არის, როგორიც 15 წლის წინ იყო, მაგრამ თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება, შესაძლებელია ისევ განვითარდეს მეწყერი. მოსახლეობამ ჩვენი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და შეასრულოს. საუბედუროდ მოსახლეობა ჩვენს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს“.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ განცხადებებს მხოლოდ იმიტომ აღარ წერენ, რომ მათი მდგომარეობა არავის აინტერესებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, ჯალაბაშვილებში მცხოვრები ოჯახებისთვის პროგრამა მუშავდება, რომლის ფარგლებში ქედის ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია და ამ 12 ოჯახის გადაყვანა არის დაგეგმილი.
mustafa ceceli – eksik
უფასო
აჭარაში სურსათის 19 რეალიზატორი დააჯარიმეს
მონიტორინგი 2013 წლის იანვრიდან, მიმდინარე წლის სექტემბრამდეა განხორციელებული. აღნიშნული ინფორმაცია, სურსათის ეროვნული სააგენტოდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ გამოითხოვა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მონიტორინგი ძირითადად იმ პროდუქტებს ჩაუტარდათ, რომლის მიმართაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად გამოთქვამს პრეტენზიას.
კაფე-ბარებს, რესტორნებსა და სასურსათო მაღაზიებს, საქართველოს კანონმდებლობით, ნებართვები არ მოეთხოვებათ, ისინი ვალდებულნი არიან სასურსათო პროდუქციაზე, მხოლოდ ვადის შესახებ არსებული ინფორმაცია მიუთითონ.
უფასო გამოკვლევები
ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი მოსახლე დააზარალა
როგორ ანადგურებენ სამედიცინო ნარჩენებს საქართველოში
მეოთხე წელია საქართველოში ხორციელდება პროექტი, რომელიც ინფექციური სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად. სისტემის გამართვა, პირველ რიგში, ნიშნავს სამედიცინო ნარჩენების ადგილზე დახარისხებას, შემდგომ მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას სპეციალურ დაწესებულებამდე და ბოლო ეტაპია ინსინერაცია (ნარჩენების დაწვა) სპეციალურ ინსინერატორში.
პროექტს კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უწევს. ამ უწყების ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ნიდერლანდების მთავრობის მიერ 750 ათასი ევრო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ორი ობიექტისთვის არის გამოყოფილი, სადაც განთავსდება ინსინერატორები, რომლებშიც სამედიცინო ნარჩენებს დაწვავენ.
„აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის მიმდებარედ იქნება და დასავლეთ საქართველოში _ სამტრედიაში. ქუთაისთან ახლოს უნდა ყოფილიყო, აქედან გამომდინარე შეირჩა სამტრედია. ამჟამად ჰოლანდიური მხარე არჩევს ინსინერატორებს და სპეციალურ მანქანებს ნარჩენების გადასატანად. ივნისიდან უკვე ინსინერატორების შემოტანა დაიწყება. გარკვეული ტრენინგი უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დაწესებულებებს იმისათვის, რომ სწორად დაახარისხონ ნარჩენები,“ – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.
ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, ამჟამად რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო ნარჩენები ხვდება თუ არა ღია ნაგავსაყარებზე.
„თუმცა არ არის გამორიცხული, რადგანაც ასეთი მავნე პრაქტიკა არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა სერვისი. სამედიცინო ნარჩენები კლასიფიცირებულია სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებად. თუ არ მოხდა მისი გაუვნებელყოფა, იგი სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაწვა ანუ ინსინერაცია ყველაზე ეფექტური გზაა ამ ტიპის ნარჩენების გასანადგურებლად,“ _ ამბობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი.
მსგავსი პროექტი ბათუმში უკვე განხორციელდა. ბათუმის მერიის სამედიცინო ბიოლოგიური მავნე ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმო ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებებიდან ნარჩენები შპს „სანდასუფთავების“ სამსახურს გააქვს.
„140 დაწესებულებასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. მათ შორისაა დიდი საავადმყოფოები, საიდანაც ნარჩენები გრაფიკით გაგვაქვს _ სამშაბათს და პარასკევს. გარდა საავადმყოფოებისა, ნარჩენები გაგვაქვს პოლიკლინიკებიდან, სტომატოლოგიური კაბინეტებიდან, თითქმის ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებიდან. გვაქვს სპეციალური, დახურულძარიანი მანქანა და ამ გზით ხდება ტრანსპორტირება საწარმომდე. ინსინერატორში ნარჩენები სრულად იწვის“, _ ამბობს ნინო გიგინეიშვილი, „სანდასუფთავების“ გარემოს დაცვის სპეციალისტი.
მისი თქმით, დღეისათვის აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებიდან თვეში დაახლოებით ექვს ტონა ნარჩენს წვავენ სათანადო პირობებში.
საქართველოში დღეს სამედიცინო და ბიოლოგიური ნარჩენების განადგურებისთვის განკუთვნილი 10 მცირე ინსინერატორი მოქმედებს.
მინერალური წყალი ბალაძეებიდან
„ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობაა, მინერალური წყალი ბათუმის ბაზარზეც გაგვაქვს, თუმცა ჯერ კარგად არ არის ცნობილი. დაახლოებით ორი თვეა რაც საწარმო გაიხსნა და მინერალური წყალი ბაზარზე გაგვაქვს. საწარმოს გახსნით ადგილზე ოთხი ადამიანი დასაქმდა. 16-ტონიანი რეზერვუარი გვაქვს მოწყობილი, სადაც 24 საათის განმავლობაში წყალს რეზერვუარში ვაყენებთ და მერე ვასხამთ პლასმასის ბოთლებში, ეტიკეტიც ადგილზე ეკვრება. ამასთან, ადგილზე ვაწარმოებთ ბოთლსაც“, – ამბობს ქაზიმ ბალაძე.
მისი განმარტებით, წყალს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს და მოსახლეობა წყალს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ იყენებს. „წყლის სამკურნალო თვისებებზე მომხმარებლების ოდენობაც მიუთითებს, წლების განმავლობაში მოსახლეობა საქართველოს სხვადსახვა კუთხეში მიჰქონდა წყალი, დღესაც გააქვს, არის ღია ონკანი, საიდანაც ნებისმიერს შეუძლია წყლის წაღება. დღის განმავლობაში მინიმუმ ნახევარი ტონა წყალი გააქვს მოსახლეობას კასრებითა და ბოთლებით“, – ამბობს ქაზიმ ბალაძე.
„კემისი“ 1-ლიტრიან და 0,5-ლიტრიან ბოთლებში ისხმება, 1-ლიტრიანი ბოთლის საბითუმო ღირებულება 70 თეთრი, 0,5-ის კი – 55 თეთრია.
საწარმოს დამფუძნებლები ადგილობრივი მეწარმეები: ქაზიმ ბალაძე, ლევან ძნელაძე და ანზორ მალაყმაძე არიან. კომპანიის 100% წილის მფლობელი ანზორ მალაყმაძეა, დირექტორი _ ლევან ძნელაძე, საწარმოს უფროსი კი, ქაზიმ ბალაძეა.
გონიოსთან ხანძარი ლოკალიზებულია

ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. გამგებლის განცხადებით, მოსახლეობას რაიმე საფრთხე არ ემუქრება და ხანძრის ხელახლა გავრცელების ალბათობაც გამორიცხულია: „ძირითადად, ეკალ-ბარდებით და ყოფილი ჩაის პლანტაციებით დაფარულ ტერიტორიას მოედო ცეცხლი. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ თბილი ამინდი უნდა იყოს… თუ რაიმე ზარალია, ესეც ხვალ დილით უფრო გვეცოდინება“.
ბათუმში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება
გასულ წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მოიცვა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს ტურისტთა განსაკუთრებული სიმრავლით ბათუმის საბაგირო გზასთან არსებული საინფორმაციო ცენტრი გამოირჩეოდა, რომელიც ზაფხულში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. ასევე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა ბულვარისა და სარფის საინფორმაციო ცენტრები.
სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 69,8%-ით მეტმა ტურისტმა ისარგებლა საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით. ყველაზე მეტი ტურისტული მომსახურება შეიძინეს უკრაინელმა (51%), რუსმა (22%) და ბრიტანელმა (14%) ტურისტებმა. ყველაზე გაყიდვადი ტური აჭარაში იყო მთიანი აჭარის ტური, რომელიც მახუნცეთის ხიდსა და ჩანჩქერს, ზვარეს ეკლესიასა და ღვინის სახლს მოიცავდა. პოპულარობით სარგებლობდა ასევე ქალაქის ტური, ბოტანკური ბაღი და მტირალას ნაციონალური პარკი.

ყაჩაღის მიერ დაჭრილ ქალს მკურნალობის ფულს სთხოვენ
– ქალბატონო ლიანა, რა სამედიცინო დახმარება გაგიწიათ რეფერალურმა საავადმყოფომ და რა ოდენობის თანხის გადახდას გთხოვენ?
– ზურგში სამი ჭრილობა მაქვს. ეს ჭრილობები იმავე დღეს მომიკერეს, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი. ოპერაცია გამიკეთეს ხელის თითებზე, რომელიც ჯერ არ მაქვს მორჩენილი. ყველა კვირაში გადახვევები მჭირდება, მაგრამ საავადმყოფოში თანხის უქონლობის გამო ვერ მივდივარ, ჩემს რძალს მოჰყავს ექთანი და სახლში მიკეთებს გადახვევებს. მე როგორც ვიცი, საყოველთაო დაზღვევა მომსახურების 70 პროცენტს ფარავს, მაგრამ მე წინასწარ ხომ არ მქონდა ექიმთან მისვლა დაგეგმილი, ახლა ფული არ მაქვს, ის თანხა, რომელსაც საავადმყოფო ითხოვს, დავფარო.
– რამდენ ლარს ითხოვს საავადმყოფო?
– 290 ლარია დასაფარი, მაგრამ ამ წუთში არ მაქვს ამ თანხის გადახდის საშუალება. ხუთი თვის წინ მეუღლე გარდამეცვალა და შვილი სტუდენტია. ვფიქრობ, რომ მოქალაქის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და ასეთი შემთხვევების დროსაც სახელმწიფომ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა. იქნებ ჯანდაცვის სამინისტრო დამეხმაროს დავალიანების დაფარვაში.
– პოლიციამ თუ დაგკითხათ იმ დღის შემდეგ და რა დეტალებია თქვენთვის ცნობილი?
– კი, პოლიცია ხშირად მაკითხავს, მაგრამ ახალი არაფერია. არც ეჭვმიტანილი ჰყავთ, შესაბამისად საქმე ჯერაც არ გაუხსნიათ. როგორც მე ვიცი, ეძებენ. ადგილზე მხოლოდ სისხლის გუბე იდგა, დანა ან რაიმე ნივთმტიკება, როგორც ვიცი, არ ამოუღიათ.
– როგორ მოხდა ეს ამბავი, შეგიძლიათ დეტალები გაიხსენოთ?
– სამსახურიდან გამოვედი, სახლში ვაპირებდი წასვლას. უცებ მომვარდა და ზურგში დამიწყო ცემა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ვერც გავაცნობიერე რას მიტყამდა. შემდეგ ჩანთაზე მტაცა ხელი. ვუთხარი, არაფერი მაქვს შვილო ჩანთაში და წადი-მეთქი. ამაზე უფრო აგრესიული გახდა, წამაქცია და უფრო ძლიერად დამიწყო ცემა.
– როგორ გამოიყურებოდა?
– საშუალო სიმაღლის ბიჭი იყო – გამხდარი, ჯინსები ეცვა. როგორც მახსოვს, სახე არ ჰქონდა დაფარული. კივილზე ერთი კაცი გამოვიდა. ახალგაზრდა იყო, წვერით. როგორც შემდეგ მითხრეს, მღვდლის ძმა ყოფილა. იმ უბანში ეკლესია შენდება და ალბათ იქ იმიტომ იყო. ამ კაცის გამოჩენაზე გაიქცა. როცა ამ კაცმა დაიძახა სასწრაფო გამოიძახეთ ქალი სისხლისგან იცლებაო, მაშინ მოვედი გონს და მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი.
– პოლიცია და სასწრაფო რამდენ ხანში მოვიდა?
– პოლიცია ნახევარ საათში მოვიდა, შემდეგ მათ გამოიძახეს სასწრაფოც. ქურქი მეცვა და როგორც ჩანს, ამან გადამარჩინა, რადგან ქურქზე გაცილებით მეტი იყო დაზიანება.
– რამდენად სერიოზულია ჭრილობები?
– თითები სულ დაჩეხილი მაქვს, მყესებია გადაჭრილი, რამდენი ნაკერი მადევს, არ დაითვლება. ერთ ხელზე შუა თითი შეიძლება პარალიზებულიც კი დამირჩეს. ზურგზე ჭრილობა ფილტვამდეა დასული. ასეთ მდგომარეობაში ვარ, ძლივს გადავრჩი და სახელმწიფო ხომ უნდა დამეხმაროს. ჯერ კიდევ მჭირდება მკურნალობა და ამ თანხას როგორ გადავიხდი.
– თავდამსხმელმა შეძლო რაიმეს წაღება?
– ვერა. ან რა უნდა წაეღო, ჩანთაში ხუთი ლარი თუ მექნებოდა. პატარა აფთიაქში ვმუშაობ და აფთიაქს დიდი შემოსავალი არ აქვს. რომც ჰქონდეს, ფულს ჩანთით ხომ არ ვატარებ.
პატრიარქი აჭარაშია

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განუცხადეს, პატრიარქი რამდენიმე დღით, ზოგჯერ ერთი კვირითაც, ხშირად ჩამოდის ბათუმში: „ამჯერადაც, პარასკევს ჩამოვიდა და რამდენ დღეს დარჩება ვერ გეტყვით. ძირითადად, ქობულეთშია. რაიმე ოფიციალური შეხვედრები კი დაგეგმილი არ აქვს“.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები – 2015
2. მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინი დახმარება
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.
• მოსარგებლეები
პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;
200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
შშმ პირები;
ომის ვეტერანები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
უსახლკაროები;
მარტოხელა დედები;
პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას მიიღონ აუცილებელი მკურნალობა, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობით.
• დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
1000 ლარის ჩათვლით–100%-ით;
1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით–90%-ით;
2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით–80%-ით;
3001 ლარი და მეტი–70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარისა.
განხორციელდება ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი – 10 000 ლარი.
3. სახსრების ენდოპროთეზირება
პროგრამა ითვალისწინებს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.
• მოსარგებლეები
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
• დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით.
100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისთვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით;
დანარჩენი ბენეფიციარებისთვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით;
სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%–ით.
დაფინასების ზღვრული თანხა შეადგენს 4000 ლარს.
4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.
• მოსარგებლეები
200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები
• დაფინანსების ფორმა
დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური კვლევების ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:
70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები, 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები–100 %-ით;
70 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები–90 %-ით;
100 001–დან 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები–80%-ით.
შენიშვნა:
• იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.
• თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, დაფინანსება განხორციელდება პროგრამის ტარიფით დადგენილი პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.
5. სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება
• პროგრამის მიზანი
სოფლის მოსახლეობის ადგილზე უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით.
პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით, მედიკამენტებით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით უზრუნველყოფას.
6. სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება
პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის კი 150 ლარის ოდენობით.
7. სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობა
პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენას.
სოციალური დაცვის პროგრამები
1. სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია
მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (178 ლარის ოდენობი), რეაბილიტაციის 1 კურსი მოიცავს 20 დღეს.
• მოსარგებლეები
სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით.
• პროგრამა ითვალისწინებს
სამკურნალო ვარჯიშებს;
მასაჟს;
ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.
2. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია
მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში 1 პაციენტს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 6 კურსი, 1 კურსი მოიცავს 10 დღეს.
• პროგრამა ვრცელდება 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ
ცერებრული დამბლა;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები.
• პროგრამა ითვალისწინებს
ფიზიკურ თერაპიას;
მეტყველების და ენის თერაპიას;
ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას;
ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.
შენიშვნა:
• თუ ბენეფიციარი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო მის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.
3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია
პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.
• დაფინანსების ფორმა
წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, მომსახურება დაფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანხმლები პირი (მშობლის ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) – 10 ლარით დღეში.
4. მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
• მოსარგებლეები
მარტოხელა დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას. მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა
მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (300 ლარი), განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.
• მოსარგებლეები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ასაკით პენსიონერები.
• პროგრამა ითვალისწინებს
სავარძელ–ეტლით უზრუნველყოფას;
ეტლის მორგებას;
ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
საგარანტიო მომსახურებას 24 თვის განმავლობაში.
6. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა
მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (400 ლარი), განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.
• მოსარგებლეები
III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები;
18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით.
• პროგრამა ითვალისწინებს
ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას;
აპარატის მორგებას;
აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.
7. უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა „თეთრი“ ხელჯოხებით
ბენეფიციარებს მომსახურება დაუფინანსდება 100%-ით.
• მოსარგებლეები
უსინათლო მოქალაქეები.
• პროგრამა ითვალისწინებს
უსინათლოთა „თეთრი“ ხელჯოხებით უზრუნველყოფას.
8. 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება
მატერიალური დახმარება-1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
• დაფინანსების ფორმა
დახმარება გაიცემა პირადობის მოწმობის საფუძველზე, თანხის გაცემას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით.
9. ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება
პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.
• დაფინანსების ფორმა
თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.
10. 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება
• პროგრამა ითვალისწინებს
2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.
• დაფინანსების ფორმა
დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებს და მეუღლეებს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 19 მეომრის ოჯახს-თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.
პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს:
განცხადება;
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
ანგარიშფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
ქვეპროგრამის მოსარგებლის დამადასტურებული დოკუმენტი.
შენიშვნა:
• პროგრამის მოსარგებლე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
• პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალ დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
• არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ (0422) 247972, (0422) 24-79-64 ან მომართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისამართზე ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119.
პროგრამების სრული ვერსია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: www.adjara.gov.ge
საქართველოში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: www. moh.gov.ge; www.ssa.gov.ge
მამაკაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა
„ბათუმელების“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. თავის დაწვამდე მან ბათუმის მერიას ერთჯერადი სოციალური დახმარების თხოვნით მიმართა.
როგორც ბათუმის მერიის ჯავახიშვილის უბნის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, განაცხადი ერთჯერად დახმარებაზე მათთან 30 იანვარს შევიდა. გადასამოწმებლად მისულ მერიის თანამშრომლებს კი მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება
ქართული ენა და ლიტერატურა – VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები; მათემატიკა – VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები; ინგლისური ენა – VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები; ფიზიკა – IX, X, XI-XII კლასები; ქიმია – X, XI-XII კლასები; ბიოლოგია – IX, X, XI, XII კლასები.
რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.
საგნობრივ ოლიმპიადაში მსურველთა რეგისტრაცია 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 13 თებერვლამდეა. მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლა საჯარო და კერძო სკოლებში შეუძლიათ.
ქუჩები ბათუმში, რომლებსაც მერია 2015 წელს გაარემონტებს
ქუჩების კეთილმოწყობის პროგრამა შემდეგი სახის სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს:
ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებზე 988 მეტრი სიგრძის მონაკვეთში ახალი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა უნდა მოეწყოს; უნდა გამოიცალოს უვარგისი გრუნტი და დაიგოს 7 სმ. სისქის ასფალტის საფარი.
ესენინის ქუჩის მონაკვეთზე (ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), არსებული გზის საფარისა და ტროტუარების დემონტაჟი მოხდება. განთავსდება რვა სანაგვე კონტეინერი და მოეწყობა ოთხი ერთეული ახალი სანიაღვრე ჭა. ცხრა ერთეულ სანიაღვრე ღია ჭას კი, სახურავი უნდა დაუმონტაჟდეს. პროგრამის მიხედვით, 389 კვ.მ მოცულობის ფართობზე ბეტონის დეკორატიული ფილები უნდა დაიგოს. 190,5 სიგრძის მანძილზე კი ბაზალტის ბორდიურების მოწყობა იგეგმება.
რაც შეეხება ბერიძის ქუჩის მონაკვეთს (ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), აქ დაგეგმილია ხუთი ერთეული ახალი რკინა-ბეტონის მონოლითური სანიაღვრე ჭის კეთილმოწყობა, არსებულ რვა სანიაღვრე ჭას კი სახურავი უნდა გაუკეთდეს. 210 კვ.მ ბეტონის დეკორატიული ფილები უნდა დაიგოს. მოეწყობა ბორდიურებიც.
გორგილაძის ქუჩის რეკონსტრუქცია მხოლოდ შარტავას ქუჩამდე განხორციელდება. ამ მონაკვეთზე უნდა გამოიცვალოს ასფალტის საფარი, მოეწყოს ბაზალტის ბორდიურები და ქუჩის ამ მონაკვეთშიც უნდა დაიგოს ბეტონის დეკორატიული ფილები. პროგრამის მიხედვით, ამ ქუჩაზე მიწისქვეშა სანაგვე კონტეინერებიც უნდა დამონტაჟდეს.
ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მონაკვეთზე, ბაზალტის ბორდიურები მოეწყობა და დაიგება ბეტონის საფარი. რაც შეეხება ზედაღელის ქუჩას, პროგრამის მიხედვით, ამ ქუჩაზეც უნდა დაიგოს ბეტონის საფარი და კეთილმოეწყოს.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცალკეული მონაკვეთები მოასფალტდება, დამონტაჟდება ორი ერთეული გარე განათების ბოძიც.
შეეხება თუ არა რეაბილიტაცია ე.წ. ჭაობის დასახლებას? ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ წლის ბიუჯეტში ასი ათასი ლარი ამ უბნებში არსებული ქუჩების საპროექტო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. არჩილ ვანაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე: „ჩვენ გვინდა გიორგი ბრწყინვალეს (ყოფილი კიროვაკანის) ქუჩის პროექტირებაც და რეაბილიტაციაც 2015 წელს დასრულდეს, მაგრამ თუ კეთილმოწყობა არ მოხერხდება, პროექტირება მაინც გაკეთდება – ბიუჯეტში ჭაობის ყველა ქუჩის პროექტირებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებულია“.
როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს რვაფეხა
ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა კონკრეტული საზღვრები ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. სწორედ ამ საზღვრების დადგენას ცდილობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელმაც პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გადაგზავნა დამტკიცების იმედით. თუმცა, თბილისში აცხადებენ, რომ აჭარიდან გაგზავნილი ინფორმაცია სრულყოფილი არ არის, ამიტომაც სააგენტო „რვაფეხასთვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს არ განიხილავს, რადგან, თუკი „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიის საზღვრებში მოექცევა, იგი ავტომატურად მიიღებს ძეგლის სტატუსს.
„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ წარმოდგენილია ბათუმის ბულვარის ანუ ძეგლის საზღვრების დაზუსტების პროექტი, მაგრამ ეს პროექტი არ მოიცავს დასაბუთებას, რის საფუძველზე განისაზღვრა ამ კონკრეტულ ფარგლებში ობიექტისთვის ძეგლის ტერიტორია. ამას სჭირდება სახელოვნებათმცოდნეო კვლევა – რას მოიცავს ბათუმის ბულვარის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, სად იწყება, სად მთავრდება, რა ტრანსფორმაცია განიცადა და რის გამო უნდა დაუდგინდეს ძეგლს ესა თუ ის საზღვარი. ამის თაობაზე მივმართეთ სააგენტოს აჭარაში და ვთხოვეთ წარმოედგინა დასაბუთება. თუ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ წარმოადგინა ძეგლის საზღვრები ისე, რომ „რვაფეხა“ მოექცევა ამ ტერიტორიაზე, მაშინ მას დამატებით ძეგლის სტატუსის მინიჭება აღარ დასჭირდება. თუ იქნება ფარგლებს გარეთ, მაშინ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა, იმსჯელოს ამ კონკრეტული ობიექტისთვის სტატუსის მინიჭებაზე“, – განმარტა „ბათუმელებთან“ თეა ონიანმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტმა. მისივე თქმით, ისედაც ძეგლის [ბულვარის] ტერიტორიაზე მდებარე „რვაფეხას“ თუ მიანიჭებენ სტატუსს, მაშინ ბულვარში მდებარე ყველა ობიექტს ცალ-ცალკე უნდა მიანიჭონ სტატუსი, რაც არასწორია. თეა ონიანი ამბობს, რომ თბილისში დოკუმენტაციას ელოდებიან, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გაგზავნეს თბილისში.
„ჩვენ რაც მოთხოვნილი იყო, გადავაგზავნეთ, მათ შორის ხელოვნებათმცოდნის კვლევა. ახალი გარემოებების შესახებ არ ვიცით“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტმა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ამ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დააზუსტებს.
ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას „რვაფეხას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა-შენარჩუნებას სთხოვენ. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „რვაფეხას“ წინ მდებარე სასტუმრო „ჰილტონის“ გეგმის – „რვაფეხას“ ადგილას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ გახდა ცნობილი. აქცია სახელწოდებით – „დაიცავი რვაფეხა“ ბათუმში 6 დეკემბერს გაიმართა. აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ქალაქის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
ბათუმის ბულვარის საზღვრების და ამ საზღვრებში თუ მის გარეთ დარჩენილი „რვაფეხასთვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი თბილისში, კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულმა, შვიდი კაცისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ უნდა განიხილოს, რომელიც ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორ-რესტავრატორებისგან შედგება. საბჭოს კახა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ უნდა მოაწეროს. მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ „რვაფეხას“ შემთხვევაში საბჭოს დასკვნას იგი დაეთანხმება.
“ბათუმელები“ #2 – ანონსი
ეკლესიის ბიზნესი კრწანისის ტყე-პარკის ხარჯზე – საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტ სააკაშვილის 2010 წლის განკარგულებით, სიმბოლურ, 1 ლარად გადაეცა თბილისში – კრწანისის ტყე-პარკი და მის მიმდებარედ ფონიჭალაში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში, ასევე ქ. რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიები; მთლიანობაში 7 მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, მიწის გასხვისების უფლების გარეშე, თუმცა ამის უფლება საპატრიარქოს ცოტა ხნის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა მიანიჭა, რითაც საპატრიარქომ უკვე ისარგებლა და მიწის ნაკვეთი მესამე პირს გადასცა.
სახელმწიფო „მოგზაური ჯიჰადისტების“ წინააღმდეგ – ერაყსა და სირიაში საქართველოს მოქალაქეების გადინების წინააღმდეგ ხელისუფლება ბრძოლას იწყებს. „ბათუმელები“ არკვევდა, რა გეგმა აქვს საქართველოს.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები – უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში მონაწილეთა რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება, თუმცა მოქმედი რექტორის გადადგომის შემდეგ არჩევნებისთვის რამდენიმე კანდიდატი უკვე ემზადება.
უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ციხეში ვერ შედის – მედეა ვასაძე აცხადებს, რომ ერთი თვეა სამინსიტროდან პასუხს ელოდება.
ყაჩაღის მიერ დაჭრილ ქალს მკურნალობის ფულს სთხოვენ – 22 იანვარს ბათუმში დაყაჩაღების დროს დაჭრილ ქალს რეფერალურმა საავადმყოფომ შეიძლება სასამართლოში უჩივლოს.
შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის – თამაში თუ რეალობა? – რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამეკავშირეო შეთანხმების ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური პროცესები ძალიან ჰგავს იტალიელი დრამატურგის, ლუიჯი პირანდელოს ცნობილ პიესას – „ჰაინრიხ მეოთხე“. მარია პლიონის სტატია სპეციალურად „ნეტგაზეთისთვის“.
„დიდი მერისი“ ჩვენთანაა – აჯანყება ჭვანის ხეობაში – „დიდი მერისი თქვენთან არის“, – ამ ფრთიან ფრაზას აჭარაში, თანადგომისა და მხარდაჭერის მნიშვნელობით იყენებენ. ფრაზამ დიდი ისტორია შემოინახა, ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდნენ აჭარლები კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში იკიდებდა ფეხს და იკრებდა ძალას – წაიკითხეთ სტატია რუბრიკაში „კულტურული მეხსიერება“.
ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში.
გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
გამოწერის ფასი:
3 თვით – 15 ლარი
6 თვით – 25 ლარი
1 წლით – 50 ლარი
დარეკეთ: 27 99 12
4 თებერვლამდე სანახავი ფილმები
ფილმების ნახვა მოცემული განრიგით 4 დეკემბრამდე გაგრძელდება:
12:00 საათზე – პადინგტონის თავგადასავალი – ბილეთის ფასი 7 ლარი
14:00 საათზე – პადინგტონის თავგადასავალი – ბილეთის ფასი 8 ლარი
16:00 საათზე – პადინგტონის თავგადასავალი – ბილეთის ფასი 8 ლარი
18:00 საათზე – ბრიყვი და უფრო ბრიყვი 2 – ბილეთის ფასი 8 ლარი
20:15 საათზე – ბრიყვი და უფრო ბრიყვი 2 – ბილეთის ფასი 8 ლარი
22:30 საათზე – ჰაკერი – ბილეთის ფასი 8 ლარი
პადინგტონის თავგადასავალი
Paddington

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი
გამოსვლის წელი: 2014
ჟანრი: საბავშვო ფილმები
რეჟისორი: პოლ კინგი
როლებში: ნიკოლ კიდმანი, მაიკლ გემბონი, ბენ უიშოუ, იმელდა სტონტონი, პიტერ კაპალდი
ფილმის შინაარსი: დათვი პადინგტონი ლონდონში ჩადის იმისთვის, რომ იპოვოს ოჯახი და გახდეს ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენი. ამ მისიის შესრულებისას მას მრავალი სახიფათო და სასაცილო თავგადასავალი გადახდება.
ბრიყვი და უფრო ბრიყვი 2
Dumb and Dumber To

ქვეყანა: აშშ
გამოსვლის წელი: 2014
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ბობი ფარელი, პიტერ ფარელი
როლებში: ჯიმ ქერი; ჯეფ დენიელსი; რობ რიგლი; ლაური ჰოლდენი.
ფილმის შინაარსი: 20 წლის შემდეგ ლეგენდარული ლოიდი და ჰარი კვლავ ბრუნდებიან დიდ ეკრანზე ძალიან სასაცილო და საინტერესო თავგადასავლებით.
ჰაკერი
Blackhat

ქვეყანა: აშშ
გამოსვლის წელი: 2015
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, თრილერი, დეტექტივი
რეჟისორი: მაიკლ მანი
როლებში: კრის ჰემსვორტი, ვიოლა დევისი, უილიამ მაპოტერი, ვეი თანგი, ხოლტ მაკელანი, ჯონ ორტიზი
ფილმის შინაარსი: სიუჟეტი ვითარდება სამყაროში, სადაც ყველაზე დიდ საფრთხეს კიბერტექნიკის სფეროში განვითარება წარმოადგენს…
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესი – კანონპროექტს პარლამენტი განიხილვს

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლობის კანდიდატთა შერჩევის, არჩევის და მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ხარვეზიანი და ბუნდოვანი ნორმების შეცვლა.“
კანონპროექტის ავტორი, უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც დღეს პარლამენტშია, განსხვავდება მის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის შეთავაზებული თავდაპირველი ვარიანტისგან: „ინიციატივა ადრე გაკეთდა, მაგრამ უმრავლესობა ეწინაღმდეგებოდა მის მიღებას. არადა სწორდებოდა ის, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლად შექმნის პროცესში იქნა მიღებული ნაჩქარევად, სუბიექტურად და მხოლოდ ვიწრო პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებით“.
პეტრე ზამბახიძის თქმით, კანონის ავტორებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად მისცეს უფლება დაეკომპლექტებინა მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი საკონკურსო კომისია, „შემდეგ კი ყველამ ნახა, რომ ამ კომისიამ ეფექტურად ვერ იმუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიაში იყვნენ ძალიან კარგი ადამიანები, მათ შორის სზოგადოების წარმომადგენლებიც. ამით პრინციპი, რომ ბორდი ყოფილიყო ნეიტრალური და აპოლიტიკური, ჩავარდა“.
კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ ფრაქციებთან და კვოტების გადანაწილებასთან მიმართებშიც მოქმედ კანონში არის ხარვეზი: „ჩვენ შევთავაზეთ უმაღლეს საბჭოს, რომ ყოფილიყო ის მექანიზმი კვოტებთან დაკავშირებით, რაც აქვს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, უმაღლეს საბჭოში თუ უმრავლესობა, როგორც ასეთი, იქნებოდა ჩამოყალიბებული, მიიღებდა 3 ადგილს 5-დან, ხოლო თუ არა, მაშინ ყველა ფრაქცია მიიღებდა თანაბრად. არსებული ნორმით კი, მსხვილ ფრაქციას (მაგრამ არა უმრავლესობად ჩამოყალიბებულს) შეუძლია მიითვისოს ყველა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ბალანსი ისედაც დარღვეულია – 3/2-ზე, ესეც არ იკმარეს და უმრავლესობამ 5-ვე ადგილი მოინდომა. ეს პრაქტიკულად გაკეთეს კიდეც, რისი შეცვლაც შემდეგ სასამართლოს ძალით მოხდა“.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია, 3 თებერვალს, ბიუროს სხდომით გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, მომავალ კვირასვე გაიმართება პარლამენტის პლენარული სხდომებიც.
პრლმენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, პლენალურ სხდომზე დეპუტატებმა 20 თებერვლამდე უნდა განიხილონ.
„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ზუსტად იმ სახით მიიღებს ამ კანონპროექტს, რაც მე მქონდა თავიდან შეთავაზებული უმღლესი საბჭოსთვის. ეს მერე გააფუჭეს მუხლები. წელიწადნახევარი იყო ინიციატივის წარდგენიდან გასული და კიდევ ჩაგდება უნდოდათ. ამიტომ დავთანმხდი, რომ ამ სახით მაინც გაეგზავნათ პარლამენტში. ბევრი შეცდომაა და მე რომც არ ვუთხრა, თავად გაასწორებენ პარლამენტში“, – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.
2013 წლის დეკემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ზაზა ხალვაში აირჩიეს.
მასწავლებლები ახალ რეგულაციებზე
მასწავლებლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის~ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის/ სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული, ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. სხვა დისციპლინური გადაცდომა, რომელიც სკოლის შინაგანაწესით არის განსაზღვრული.
დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური და სამსახურიდან გათავისუფლება. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება მასწავლებელს დაეკისროს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.
რას ფიქრობენ მასწავლებლები ახალ რეგულაციებზე _ ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებს ესაუბრა.
დალი თავართქილაძე, ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის პედაგოგი: „საერთოდ, ვფიქრობ, რომ მასწავლებელი გაწონასწორებული უნდა იყოს. მასწავლებელს მეტი დათმობა მოეთხოვება. ჰუმანური უნდა იყოს, თუმცა ძნელია. რთული პროფესია გვაქვს. როცა უფლებებზე ვლაპარაკობთ, მეორე მხრივ, უფლებები მასწავლებლებსაც უნდა ჰქონდეთ. მოსწავლე არ უნდა გადადიოდეს ზღვარს და არც მასწავლებელს აქვს უფლება ამ ზღვარს გადავიდეს.
ეს რეგულაციები გახდის მასწავლებელს დაუცველს, რადგან მოსწავლეს თავისი უფლებები როცა აქვს, მშობელი სხვანაირად უყურებს. შესაძლოა ას მშობელში მხოლოდ ერთი ფიქრობდეს ისე, როგორც მასწავლებელი ფიქრობს და დაადანაშაულოს თავისი შვილი. დანარჩენი ყველა შემთხვევაში გაამართლებს შვილს. დაიცავს შვილის უფლებებს და დაიწყებს ამ კანონებით ლაპარაკს. ეს ყველაფერი მასწავლებელს გარკვეულწილად შეზღუდავს. მე, პირადად, არ შემქნია ჯერ რაიმე ტიპის პრობლემები მოსწავლეებთან. თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვი. სკოლა ეს ისეთი სტრუქტურაა, ყოველ წუთას შეიძლება მოხდეს რამე, რაც მეც დამაზარალებს. ნებისმიერი ჩემი კოლეგა დგას ამ საფრთხის წინაშე. ჩემს სადამრიგებლო კლასში არის ერთი რთული ბავშვი, რომელთანაც შეიძლება ვერ შეიკავო თავი და რაღაც დისციპლინარული დარღვევა მოგიხდეს. ყოველ შემთხვევისთვის ვმუშაობ საკუთარ თავთან და მასთან უკვე სხვანაირი შეფასების ხერხი გამოვნახე.
ამ სიახლეებით ძალიან გაღიზიანებულია პედაგოგების ფსიქიკა. ზოგს ძალიან უჭირს ფეხის აწყობა. მაინც ყველაფერი მიდის იქამდე, რომ მასწავლებელს არ აქვს ადეკვატური ხელფასი. მასწავლებლებს, რომელთაც მე ვიცნობ, უმრავლესობაზეა დამოკიდებული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ჰქონდეთ სხვა გზა, არ იმუშავებდნენ სკოლაში. შეიძლება სკოლა დარჩეს მასწავლებლის გარეშეც კი.
ერთი მხრივ, არ მომწონს ის, რომ დაუცველი ვრჩებით, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან კანონია, უნდა დავემორჩილოთ. უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავთან, რომ შეცდომები არ დავუშვათ.
ნატო ჯვარშეიშვილი, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის პედაგოგი: „ის, რაც მასწავლებლისთვის არ არის მისაღები და დასაშვები, ადრეც ითვლებოდა გადაცდომად. არც ახლა არ იქნება. თუნდაც ელემენტალური ჩაცმის სტილს რაც შეეხება. ის, რაც მასწავლებლისთვის მიუღებელია, ახლაც მიუღებელია და არავინ ჩათვლის, რომ დიდ პრობლემასთან ექნება საქმე. მე არ ვთვლი, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ რაღაც ძირეული ცვლილებების გატარება მომიწევს ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაში, იმისთვის, რომ არ მომიწიოს ეს დისციპლინური სახდელი.
მაგრამ, აი, დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით შეუცდომელი არავინ არ არის. გააჩნია დარღვევის რა ფაქტი იქნება”.
მარინა გაბაიძე, გეოგრაფიის მასწავლებელი: „მგონი ბევრი არაფერი შეგვიცვლია, რადგან იმ ყველაფერზე, რაზეც ახალ განკარგულებაშია საუბარი, მაინც ძალიან ფრთხილად ვმუშაობდით. ნიშნების გამოყვანა იყო ეს თუ რაც იყო. არაფერი განსაკუთრებული ახლა არ მომხდარა. არ იყო დისციპლინარული კომიტეტი, მაგრამ ჩვენ ვიცავდით დისციპლინას”.
ციალა გოგოლიშვილი, ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგი: „საახალწლო საჩუქარი გამოუვიდა სამინისტროს მასწავლებლებისთვის. კანონის ასე გამკაცრება საჯარო სკოლებში და, საერთოდ, მასწავლებლებისთვის, მიუღებლად მიმაჩნია, რადგან მასწავლებელი 99%-ით არის ეთიკურად ჩამოყალიბებული პიროვნება. რამ განაპირობა ასეთი კანონის მიღება სამინისტროს მხრიდან, ეს არის ჩემთვის საკითხავი.
მე ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ეს რეგულაცია არ მომწონს. არც სხვა მასწავლებლებს არ მოსწონთ. ყველა აღშფოთებულია. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში მომუშავე მასწავლებლების კიდევ შეზღუდვა. იცით როგორი ხელფასი აქვთ მასწავლებლებს? ეს რეგულაცია მასწავლებელს უკრძალავს ნორმალურ ცხოვრებას. მასწავლებელი ექცევა ჩარჩოში. დიახ, ჩარჩოა, რომლის მიღმა არაფერი აღარაა. თავისუფალი ცხოვრება მასწავლებელს აღარ აქვს. სკოლაში ისედაც რთულია მუშაობა, რომ გამოვა მერე კიდევ უნდა აკონტროლოს, ჩარჩოში უნდა მოაქციოს თავისი ცხოვრება. ეს ყოვლად დაუშვებელია.
თუ გონებას მოუხმობს მასწავლებელთა 60% მაინც, გამოსვლები უნდა იყოს ამის შესახებ. უნდა ჩაშალონ სასწავლო პროცესები და მაშინ მიხვდებიან, რომ მასწავლებელსაც აქვს უფლება, დაიცვას თავისი უფლებები.
ჩვენ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონებს ყოველთვის ყურმოჭრილი მონებივით ვემორჩილებით. თითო-ოროლა გამოსვლა შეიძლება არის, მაგრამ ეს არაფერს ცვლის”.
განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, დისციპლინური წარმოება მასწავლებლის მიმართ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი შევა დისციპლინურ კომიტეტში. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გარდა ამისა, მოკვლევა დაიწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი
საჰაერო მიმოსვლა სტამბოლი-ბათუმი მეორე დღეა შეჩერებულია

ქარის გამო დაგვიანებით ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისიდან და დაგვიანებით გაფრინდება ასევე მოსკოვის მიმართულებით.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, რეისი სტამბოლი-ბათუმი ხვალ, 2 თებერვალს განახლდება.
აფრიკაში მიტოვებული ქართველი მეზღვაურები ბათუმში ჩამოვლენ

ბათუმელი მეზღვაურის სულიკო ქამადაძის ინფორმაციით, სახელმწიფოსა და საზღვაო სააგენტოების ჩარევის შემდეგ გემის მფლობელმა ითხოვა მაქსიმუმ ერთი თვე, რათა ხელფასები გასცეს მეზღვაურებზე: „დაგვპირდნენ, რომ ოც დღეში აგვინაზღაურებენ ხელფასებს. რაც შეეხება მეზღვაურებს, ათ მათგანს ბილეთები გემის მფლობელმა აუღო და ჩამოვლენ. ვინაიდან გემების მთლიანად მიტოვება არ შეიძლება, დარჩენილ 10 მეზღვაურს მოგვიანებით გამოუშვებენ“.
აფრიკაში, განაში ოთხ ბერძნულ გემზე ხელფასისა და საკვების გარეშე დარჩენილმა ქართველმა მეზღვაურებმა დამქირავებელთან საქმის გარკვევაში დახმარება და სამშობლოში დაბრუნება ქართულ მხარეს რამდენიმე დღის წინ სთხოვა.
მეზღვაურებს ბათუმში დღეს ელოდებოდნენ, თუმცა „ბათუმელების” ინფორმაციით სტამბოლი-ბათუმის ავიარეისი არ შესრულდა.
პატიმრის ახლობლები სასჯელის გადავადებას ითხოვენ

ზვიად გორაძის დასახმარებლად გამართული აქცია პროკურატურასთან | ბათუმი 01-02-2015
„C ჰეპატიტზე მკურნალობისას აღმოუჩნდა სიმსივნე; აქვს საშინელი ტკივილი და მაღალი სიცხე. თავში აქვს ექვს სანტიმეტრიანი ლიპომა, აწუხებს სხვა ქრონიკული დაავადებებიც. ჩვენ არ ვითხოვთ ზვიად გორაძის განთავისუფლებას, ჩვენ ვითხოვთ სასჯელის გადავადებას, რომ სამოქალაქო სექტორში გავუკეთოთ ოპერაცია. პატიმარმა რამდენჯერმე მიმართა პარლამენტარ ეკა ბესელიას, გადავადების კომისიასაც, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დღეს ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადავადების კომიტეტს, რომ ზვიად გორაძეს პატიმრობის მოხდა გადაუვადდეს“ – განუცხადა „ბათუმელებს“ პატიმრის ახლობელმა თამარ თვაურმა.
მისივე ინფორმაციით ზვიად გორაძე ქუთაისის #2 საპყრობილედან (სადაც ის იხდის სასჯელს) გუშინ გადაიყვანეს თბილისში, სასჯელაღსრულების მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში.

პატიმრის დედა რუსუდან გორაძე აქციაზე პროკურატურასთან | ბათუმი 01-02-2015
პატიმრის დედა რუსუდან გორაძე: „ცხვირიდან სისხლდენა აქვს. 6 იანვარს ვნახე, მძიმედ იყო. ახლაც დამირეკა და მითხრა, რომ ორის ნაცვლად სამ გამაყუჩებელს ვიკეთებ და არ მშველისო“.
40 წლის ზვიად გორაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2010 წლის აპრილში 1,99 გრამი „ჰეროინის“ აღმოჩენის გამო დააკავეს. მას ცხრა წელი და ცხრა თვე მიუსაჯეს. როგორც პატიმრის დედა ამბობს, ზვიად გორაძემ ოთხი წელი და ათი თვე უკვე მოიხადა.
ტრეფიკინგში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნ. აბდულლაევამ 2013 წლის აპრილში, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების დაპირებით, ყირგიზეთიდან ქ. ბათუმში ჩამოიყვანა არასრულწლოვანი უ.ა, რომელსაც ჩამოართვა პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით და ძალადობით ახორციელებდა დაზარალებულის სექსუალურ ექსპლუატაციას.
2015 წლის 31 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ნასიბახონ აბდულლაევა დამნაშავედ ცნო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასაჩუქრე პაკეტი ბათუმის უნივერსიტეტისგან

უნივერსიტეტი ამჯერდ 3 500 კალმის, 3 000 სამაჯურის, 500 ჭიქისა და 3 000 პარკის შეძენას აპირებს.
კალამი უნდა იყოს პოლიგრაფიული გაფორმებით (სატენდერო განაცხადზე თანდართული ესკიზის მიხედვით), პლასტმასის ლურჯი კორპუსით (კალმის სამაგრი და კნოპი მეტალის), ავტომატური, მაღალი ხარისხის, ტამპონური ბეჭდვა ერთ ფერში, შემდეგი ინფორმაციის დატანებით: ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ – 80, ,,Batumi Shota Rustaveli State University” – 80, ,,www. bsu.edu.ge,” უნივერსიტეტის ლოგოთი.
სამაჯურებიც უნდა იყოს პოლიგრაფიული გაფორმებით, ლურჯი ფერის, რეზინის, გრავირებული (ჩაზნექილი) წარწერით – ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ – 80. თეთრი ფერის წარწერა.
ჭიქა უნდა იყოს კერამიკის, უნივერსიტეტის ლოგოთი, სახელურით, სუბლიმაციური ნახატით, თეთრი ფერის. გამოსახული უნდა იყოს უნივერსიტეტის ლოგო (ოთხ ფერში) ორივე მხარეს და წარწერა – 80. ჭიქის მოცულობა – 350 მლ.
რაც შეეხება პარკებს, უნდა იყოს თეთრი ფერის, პოლიეთილენის, ორმხრივი ფერადი ბეჭდვით, ზომა – 34/26/7სმ. მაღალხარისხიანი. გამოსახული უნდა იყოს უნივერსიტეტის ლოგო (ოთხ ფერში), ვებგვერდის მისამართი – ,,www. bsu.edu.ge” და წარწერა – 80 ორივე მხარეს.
წინადადებების მიღება 2 თებერვალს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა ტენდერით გათვალისწინებული პროდუქცია უნდა დაამზადოს მის მიერ წარდგენილი დიზაინის საფუძველზე და უნივერსიტეტთან შეთანხმებით, უნივერსიტეტს კი, ხელშეკრულების დადებიდან 24 თებერვლამდე უნდა მიაწოდოს.

ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის ჩატარება შეწყდა
„საგადასახადო სამსახური ვერ აუდიოდა ათასობით საწარმოს შემოწმებას, ამიტომ შემოიღო ე.წ. ალტერნატიული აუდიტი. ამ მექანიზმით, მართალია, მთლიანობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იმატა შემოსავლებმა ბიუჯეტში, თან ამაში სახელმწიფო არაფერს ხარჯავდა და ეს იყო ერთგვარად დადებითი მხარე“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელმა თემურ ფარცხალაძემ.
მისივე თქმით, კერძო აუდიტორები, რომლებიც ალტერნატიულ საგადასახადო შემოწმებას ატარებდნენ, მეტ-ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ შემოსავლების სამსახურზე, თუმცა, მათ მიმართ საგადასახადოდან მაინც იყო შენიშვნები, რომ ისინი ლმობიერები იყვნენ გადამხდელების მიმართ.
თემურ ფარცხალაძის თქმით, „ბევრი აუდიტორული კომპანია დაფუძნდა, რომელთა თანამშრომლების ნაწილი ისევ საგადასახადოსგან იყო გამოსული და ეს კომპანიები პირდაპირ მიბმულნი იყვნენ ამ უწყებაზე და ასეთი აუდიტის ჩატარებზე. ამიტომ, ამ კუთხით თუ შევხედავთ, ერთგვარად კარგიც კია, რომ ალტერნატიული აუდიტი გაუქმდა“.
აუდიტორული მომსხურების სრული პაკეტი მოიცავდა საინიციატივო, სავალდებულო, საგადასახადო, ფინანსური ანგარიშგებისა და ალტერნატიულ აუდიტს. ალტერნატიული აუდიტი 2011 წლიდან მოქმედებდა.
თუ კომპნიის საგადასახადო შემოწმება გათვალისწინებული იყო ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში, გადამხდელს უფლება ქონდა თავად აერჩია შემმოწმებელი: საგადასახადო ორგანო ან დამოუკიდებელი აუდიტორი (აუდიტორული კომპანია).
ალტერნატიული აუდიტის ჩატარების მიზნით აუდიტორები პირობითად დაყოფილი იყო სამ კატეგორიად: A, B და C.
იურიდიული პირის წლიური ბრუნვა თუ არ აღემატებოდა 300 000 ლარს, მას უფლება ჰქონდა აერჩია C კატეგორიის აუდიტორი; თუ წლიური ბრუნვა არ აღემატებოდა 3 მილიონ ლარს, მაშინ – B კატეგორიის აუდიტორი; ხოლო თუ წლიური ბრუნვა აღემატებოდა 3 მილიონ ლარს, გადამხდელს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ A კატეგორიის აუდიტორი. მომსახურების ღირებულება კი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრებოდა.
ქვეყანში “ალტერნატიული აუდიტი”-ს განმახორციელებელ პირთა სიაში 70-მდე A და B კატეგორიის, ხოლო 300-მდე C კატეგორიის აუდიტორი ირიცხებოდა (აჭარაში C კტეგორიის 11 აუდიტორი იყო). ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან დაწყებული ალტერნატიული აუდიტი დაასრულონ მთთვის ადრე არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
იყო მოსაზრება, რომ ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ შეწყვეტის მიზეზი ალტერნატიული აუდიტის პროექტის დახურვაა.
„კონკრეტულად ვერ გეტყვით რა მოთხოვნებია ასოცირების ხელშეკრულებში ამ კუთხით, მაგრამ ნამდვილდ ვიცი, რომ ასეთი უდიტის პრაქტიკა ბევრ, მთ შორის ევროპის ქვეყნებშიცაა. ამიტომ, ალტერნატიული აუდიტის გაუქმება ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ახირება უფრო მგონია“ – აღნიშნა თემურ ფარცხალაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია გერმანიაში იმყოფება
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის, სასამართლოების უახლესი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვიზიტის ორგანიზატორია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (IRZ)
დელეგაცია გერმანიაში ხვალამდე დარჩება.


აჭარის მთავრობის კომენტარი მედეა ვასაძის განცხადებაზე

„ჩემი ინფორმაციით, დელეგაციაში [სტრასბურგში წამსვლელთა] 70-80-მდე ადამიანი შედიოდა. დაპატიჟებული იყო ყველა გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარეები. ასევე, მთავრობაში შემავალი უწყების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი. რაც შეეხება, აჭარის მთავრობის აპარატს, დელეგაციაში ორი ადამიანი მოიაზრებოდა, მათ შორის იყო მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე.
როგორც უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, სტრასბურგში ამ შემადგენლობით აჭარიდან დელეგაციის წასვლას, აჭარის მთავრობაში არ დაეთანხმნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მედეა ვასაძის უკმაყოფილება.
„ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ ალბათ იმაზეა მოლაპარაკება, რომ ეს ვიზიტი ძალიან ხარჯიანი არ აღმოჩნდეს“, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში აკაკი ძნელაძე. ის სტრასბურგში აჭარის დღეებზე წასვლას არ აპირებს.
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით ბაციკაძეს, ის ამბობს: „მედეა ვასაძეს უნდოდა, რომ აჭარის დელეგაციის ვიზიტი უფრო პომპეზური ყოფილიყო, ავთანდილ ბერიძე კი არაპომპეზურობის მომხრეა. ალბათ, ამაზეა მედეა გაბრაზებული“.
მედეა ვასაძემ აჭარის დღეებთან დაკავშირებულ ვიზიტზე თავისი მოსაზრება სოციალური ქსელით გაავრცელა. ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს სტრასბურგში რეგიონის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილი ღონისძიების „ ჩაშლაში“ ადანაშაულებდა. „ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ ვერ შეძელით პოზიციის დაცვა“, – ასე მიმართა ავთანდილ ბერიძეს მედეა ვასაძემ.
მედეა ვასაძემ ავთანდილ ბერიძისადმი მიმართვის ტექსტში ერთგან წერს: „გამომდინარე აღნიშნულიდან, გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ უარს ვამბობ ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგბლობას ორგანიზაციულ საკითხებზე და იმიტომ, რომ ერთის მხრივ, არცერთი ნაბიჯი, ამ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან შეუთანხმებლად არ გადმიდგამს, ხოლო, მეორეს მხრივ, ყველაფერი ეს, გასული წლის 10 დეკემბრიდან, წერილობით იყო ცნობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისათვის, ორთავე თქვენთაგანს უპირველესად, მოგიწოდებთ, რეგიონში (და არა მარტო რეგიონში) მოღვაწე იმ ფრიად საპატივემულო ადამიანებისათვის ბოდიშის მოხდაზე, რომლებმაც უკვე გამოხატეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა და ჩაატარეს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები“.
მედეა ვასაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების შემდეგ, არც მას და არც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტრასბურგში ვიზიტისთვის, რომლის ორგანიზებასაც მედეა ვასაძე თავის გუნდთან ერთად ეწეოდა, დაახლოებით 500 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო.
7- წლამდელთა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში
აჭარის პირველობა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდება.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კოეფიციენტის შემდეგი სისტემით:
1 . პროგრესი (თავისი რეიტინგი);
2 . ბუჰგოლცი.
აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი პარტიები.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
ტურნირის ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ჭადრაკის ფედერაცია.
ბათუმში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
გამოძახების ფაქტს ადასტურებენ ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში: „ბრიგადა გავიდა, მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულან“, – უთხრეს „ბათუმელებს“.
სასწრაფო დახმარების ექიმის თენგიზ ძირკვაძის ინფორმაციით, მამაკაცს დამწვრობა მთელ სხეულზე აქვს მიღებული:
„როცა მივედი, ბალახზე იწვა. სახე, ტანი, ფეხები მთლიანად დამწვარი აქვს, სხეულის დაახლოებით 80 პროცენტი. მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ“.
ექიმის თქმით, მამაკაცის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის: „დაახლოებით 45 წლის იქნება. თავის დაწვის მიზეზი არ ვიცით, რადგან მამაკაცს საუბარი არ შეუძლია“.

აქვს თუ არა ადგილი თანამშრომლის დისკრიმინაციას ბათუმის უნივერსიტეტში

„მეგონა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მხარდასაჭერად დამიბარა (იცით, რომ რექტორის მოვალეობას ასრულებს), მაგრამ შევცდი. აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილზე სასაუბროდ მიბარებდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რესპონდენტი, რომლის შვილიც, ისევე როგორც თავად, ბათუმის უნივერსიტეტში მუშაობს.
მამის დაბარებიდან მალევე, მომდევნო დღეებში, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ბარამიძესთან საკუთარი ამბის გასაგებად კახა (პირობითი სახელი) მივიდა.
კახა: „მე ჩემი ინიციატივით მივედი, მას არ დავუბარებივარ. მივედი და ვუთხარი, გავიგე მამაჩემს შეხვედრიხართ, ჩემ თემაზე გისაუბრიათ და მე მითხარით, რაც გაინტერესებთ-მეთქი… როგორც ჩანს, მამაჩემის განაწყენების ამბავი მის ყურამდეც იყო მისული, ჩემს დასაც კომენტარი დაედო ფეისბუქზე იმის შესახებ, რაზეც რექტორი მამას ესაუბარა. მითხრა – რატომ ატეხეთ ამხელა ამბავი, მე სხვაგან უნდა გადამეყვანეო. მე ვფიქრობ, ეს რეალური რომ ყოფილიყო, მე დამირეკავდა და არა მამაჩემს. ან სად უნდა გადავეყვანე, ეს ხომ მაინც უნდა სცოდნოდა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო მისი ტაქტი. სიმართლე გითხრათ, მე არ მინდა ბარამიძეს ხელი დავადო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ისიც თანამშრომლების ზეწოლის ქვეშ მოექცა. ვიღაც სხვა თანამშრომლებმა შეაწუხეს ჩემ გაშვებაზე, ამან კი ჩემი დაცვა ვერ მოახერხა. სულ ეს იყო“.
კახა ამბობს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრამდეც გრძნობდა თავის კოლეგებთან უხერხულობას:
„როგორც მამაჩემისგან გავიგე და თანამშრომლებისგანაც მიგრძვნია, ჩემი ეპილეფსიური შეტევები იყო მათი უხერხულობის მომენტი. თორემ სხვა რამეში ვერ დამდებდნენ ბრალს – რასაც ისინი მავალებდნენ, ყოველთვის დროულად და წარმატებით ვაკეთებდი და არავისთვის ზედმეტი არ მიკადრებია, არავინ გამინაწყენებია უნივერსიტეტში.
იმ თანამშრომლებთან, ვინც ჩემი შეტევებით არ შემიწუხებია, ანუ ჩემთან ერთად კაბინეტში არ სხედან, ყველასთან მქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ვისთანაც კაბინეტში ვიყავი და გულითადად ვცდილობდი დამეგობრებას, ვაღიარებ, მე ეს ვერ მოვახერხე. რამდენჯერმე ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ისინი პასუხს მოკლედ მცემდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ისინი მუშაობდნენ და მე ხელს ვუშლიდი ჩემი შეკითხვებით. ამიტომ ვჩუმდებოდი ხოლმე. შესვენების დროს ან თავისუფალ დღეებში ქუჩაში თუ შემხვდებოდა კოლეგა, ვპატიჟებდი, მაგრამ მან არ მიიღო ეს ჩემი მეგობრობა“.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან კახას შეხვედრა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ის სამსახურს ჯერჯერობით ინარჩუნებს. „მე არ ვაპირებ განცხადების დაწერას სამუშაოდან წასვლის თაობაზე და თუ თვითონ დაწერს გათავისუფლების ბრძანებას, წავალ, აბა რას ვიზამ“, – ამობს კახა.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბარამიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში უარყოფს თანამშრომლის დისკრიმინაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იგი ამბობს, რომ კახას სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს, თუმცა შესაძლებელია სხვა სამსახურში გადაიყვანოს:
„სამსახურიდან დათხოვილი არ არის. გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ გადაყვანა, თუ საჭირო დარჩება, შეთანხმდება მასთან“.
ირაკლი ბარამიძე არ აკონკრეტებს თანამშრომლის სხვა სამსახურში გადაყვანის მიზეზს:
„ეგ არ არის ჩემი პრეროგატივა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. არ ხდება ამ ადამიანის დისკრიმინაცია, შიდა სტრუქტურული გადაადგილებები ყოველთვის ხდება ხოლმე, ისე რომ გათვალისწინებული იქნას თანამშრომლის ინტერესი. თუ უარზე იქნება, იმ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას, სადაც არის. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მისი შესაძლებლობები სხვაგანაც მოსინჯოს“.


