სიახლეები

აქვს თუ არა ადგილი თანამშრომლის დისკრიმინაციას ბათუმის უნივერსიტეტში

31.01.2015 • 1338
აქვს თუ არა ადგილი თანამშრომლის დისკრიმინაციას ბათუმის უნივერსიტეტში

 

 

 

 

 

„მეგონა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მხარდასაჭერად დამიბარა (იცით, რომ რექტორის მოვალეობას ასრულებს), მაგრამ შევცდი. აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილზე სასაუბროდ მიბარებდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რესპონდენტი, რომლის შვილიც, ისევე როგორც თავად, ბათუმის უნივერსიტეტში მუშაობს.

 

 

მამის დაბარებიდან მალევე, მომდევნო დღეებში, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ბარამიძესთან საკუთარი ამბის გასაგებად კახა (პირობითი სახელი) მივიდა.

 

 

კახა: „მე ჩემი ინიციატივით მივედი, მას არ დავუბარებივარ. მივედი და ვუთხარი, გავიგე მამაჩემს შეხვედრიხართ, ჩემ თემაზე გისაუბრიათ და მე მითხარით, რაც გაინტერესებთ-მეთქი… როგორც ჩანს, მამაჩემის განაწყენების ამბავი მის ყურამდეც იყო მისული, ჩემს დასაც კომენტარი დაედო ფეისბუქზე იმის შესახებ, რაზეც რექტორი მამას ესაუბარა. მითხრა – რატომ ატეხეთ ამხელა ამბავი, მე სხვაგან უნდა გადამეყვანეო. მე ვფიქრობ, ეს რეალური რომ ყოფილიყო, მე დამირეკავდა და არა მამაჩემს. ან სად უნდა გადავეყვანე, ეს ხომ მაინც უნდა სცოდნოდა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო მისი ტაქტი. სიმართლე გითხრათ, მე არ მინდა ბარამიძეს ხელი დავადო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ისიც თანამშრომლების ზეწოლის ქვეშ მოექცა. ვიღაც სხვა თანამშრომლებმა შეაწუხეს ჩემ გაშვებაზე, ამან კი ჩემი დაცვა ვერ მოახერხა. სულ ეს იყო“.

 

 

კახა ამბობს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრამდეც გრძნობდა თავის კოლეგებთან უხერხულობას:

 

 

„როგორც მამაჩემისგან გავიგე და თანამშრომლებისგანაც მიგრძვნია, ჩემი ეპილეფსიური შეტევები იყო მათი უხერხულობის მომენტი. თორემ სხვა რამეში ვერ დამდებდნენ ბრალს – რასაც ისინი მავალებდნენ, ყოველთვის დროულად და წარმატებით ვაკეთებდი და არავისთვის ზედმეტი არ მიკადრებია, არავინ გამინაწყენებია უნივერსიტეტში.

 

 

იმ თანამშრომლებთან, ვინც ჩემი შეტევებით არ შემიწუხებია, ანუ ჩემთან ერთად კაბინეტში არ სხედან, ყველასთან მქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ვისთანაც კაბინეტში ვიყავი და გულითადად ვცდილობდი დამეგობრებას, ვაღიარებ, მე ეს ვერ მოვახერხე. რამდენჯერმე ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ისინი პასუხს მოკლედ მცემდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ისინი მუშაობდნენ და მე ხელს ვუშლიდი ჩემი შეკითხვებით. ამიტომ ვჩუმდებოდი ხოლმე. შესვენების დროს ან თავისუფალ დღეებში ქუჩაში თუ შემხვდებოდა კოლეგა, ვპატიჟებდი, მაგრამ მან არ მიიღო ეს ჩემი მეგობრობა“.

 

 რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან კახას შეხვედრა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ის სამსახურს ჯერჯერობით ინარჩუნებს. „მე არ ვაპირებ განცხადების დაწერას სამუშაოდან წასვლის თაობაზე და თუ თვითონ დაწერს გათავისუფლების ბრძანებას, წავალ, აბა რას ვიზამ“, – ამობს კახა.

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბარამიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში უარყოფს თანამშრომლის  დისკრიმინაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იგი ამბობს, რომ კახას სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს, თუმცა შესაძლებელია სხვა სამსახურში გადაიყვანოს:

  

 

„სამსახურიდან დათხოვილი არ არის. გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ გადაყვანა, თუ საჭირო დარჩება, შეთანხმდება მასთან“.  

 

 

ირაკლი ბარამიძე არ აკონკრეტებს თანამშრომლის სხვა სამსახურში გადაყვანის მიზეზს:

 

 

„ეგ არ არის ჩემი პრეროგატივა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. არ ხდება ამ ადამიანის დისკრიმინაცია, შიდა სტრუქტურული გადაადგილებები ყოველთვის ხდება ხოლმე, ისე რომ გათვალისწინებული იქნას თანამშრომლის ინტერესი. თუ უარზე იქნება, იმ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას, სადაც არის. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მისი შესაძლებლობები სხვაგანაც მოსინჯოს“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: