ქუჩების კეთილმოწყობის პროგრამა შემდეგი სახის სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს:
ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებზე 988 მეტრი სიგრძის მონაკვეთში ახალი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა უნდა მოეწყოს; უნდა გამოიცალოს უვარგისი გრუნტი და დაიგოს 7 სმ. სისქის ასფალტის საფარი.
ესენინის ქუჩის მონაკვეთზე (ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), არსებული გზის საფარისა და ტროტუარების დემონტაჟი მოხდება. განთავსდება რვა სანაგვე კონტეინერი და მოეწყობა ოთხი ერთეული ახალი სანიაღვრე ჭა. ცხრა ერთეულ სანიაღვრე ღია ჭას კი, სახურავი უნდა დაუმონტაჟდეს. პროგრამის მიხედვით, 389 კვ.მ მოცულობის ფართობზე ბეტონის დეკორატიული ფილები უნდა დაიგოს. 190,5 სიგრძის მანძილზე კი ბაზალტის ბორდიურების მოწყობა იგეგმება.
რაც შეეხება ბერიძის ქუჩის მონაკვეთს (ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), აქ დაგეგმილია ხუთი ერთეული ახალი რკინა-ბეტონის მონოლითური სანიაღვრე ჭის კეთილმოწყობა, არსებულ რვა სანიაღვრე ჭას კი სახურავი უნდა გაუკეთდეს. 210 კვ.მ ბეტონის დეკორატიული ფილები უნდა დაიგოს. მოეწყობა ბორდიურებიც.
გორგილაძის ქუჩის რეკონსტრუქცია მხოლოდ შარტავას ქუჩამდე განხორციელდება. ამ მონაკვეთზე უნდა გამოიცვალოს ასფალტის საფარი, მოეწყოს ბაზალტის ბორდიურები და ქუჩის ამ მონაკვეთშიც უნდა დაიგოს ბეტონის დეკორატიული ფილები. პროგრამის მიხედვით, ამ ქუჩაზე მიწისქვეშა სანაგვე კონტეინერებიც უნდა დამონტაჟდეს.
ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მონაკვეთზე, ბაზალტის ბორდიურები მოეწყობა და დაიგება ბეტონის საფარი. რაც შეეხება ზედაღელის ქუჩას, პროგრამის მიხედვით, ამ ქუჩაზეც უნდა დაიგოს ბეტონის საფარი და კეთილმოეწყოს.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცალკეული მონაკვეთები მოასფალტდება, დამონტაჟდება ორი ერთეული გარე განათების ბოძიც.
შეეხება თუ არა რეაბილიტაცია ე.წ. ჭაობის დასახლებას? ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ წლის ბიუჯეტში ასი ათასი ლარი ამ უბნებში არსებული ქუჩების საპროექტო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. არჩილ ვანაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე: „ჩვენ გვინდა გიორგი ბრწყინვალეს (ყოფილი კიროვაკანის) ქუჩის პროექტირებაც და რეაბილიტაციაც 2015 წელს დასრულდეს, მაგრამ თუ კეთილმოწყობა არ მოხერხდება, პროექტირება მაინც გაკეთდება – ბიუჯეტში ჭაობის ყველა ქუჩის პროექტირებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებულია“.


