ბათუმი

როგორ ანადგურებენ სამედიცინო ნარჩენებს საქართველოში

03.02.2015 • 2196
როგორ ანადგურებენ სამედიცინო ნარჩენებს საქართველოში

 

 

მეოთხე წელია საქართველოში ხორციელდება პროექტი, რომელიც ინფექციური სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად. სისტემის გამართვა, პირველ რიგში, ნიშნავს სამედიცინო ნარჩენების ადგილზე დახარისხებას, შემდგომ მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას სპეციალურ დაწესებულებამდე და ბოლო ეტაპია ინსინერაცია (ნარჩენების დაწვა) სპეციალურ ინსინერატორში.

 

პროექტს კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უწევს. ამ უწყების ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ნიდერლანდების მთავრობის მიერ 750 ათასი ევრო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ორი ობიექტისთვის არის გამოყოფილი, სადაც განთავსდება ინსინერატორები, რომლებშიც სამედიცინო ნარჩენებს დაწვავენ.

 

„აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის მიმდებარედ იქნება და დასავლეთ საქართველოში _ სამტრედიაში. ქუთაისთან ახლოს უნდა ყოფილიყო, აქედან გამომდინარე შეირჩა სამტრედია. ამჟამად ჰოლანდიური მხარე არჩევს ინსინერატორებს და სპეციალურ მანქანებს ნარჩენების გადასატანად. ივნისიდან უკვე ინსინერატორების შემოტანა დაიწყება. გარკვეული ტრენინგი უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დაწესებულებებს იმისათვის, რომ სწორად დაახარისხონ ნარჩენები,“ – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.

 

ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, ამჟამად რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო ნარჩენები ხვდება თუ არა ღია ნაგავსაყარებზე.
„თუმცა არ არის გამორიცხული, რადგანაც ასეთი მავნე პრაქტიკა არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა სერვისი. სამედიცინო ნარჩენები კლასიფიცირებულია სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებად. თუ არ მოხდა მისი გაუვნებელყოფა, იგი სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაწვა ანუ ინსინერაცია ყველაზე ეფექტური გზაა ამ ტიპის ნარჩენების გასანადგურებლად,“ _ ამბობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი.

 

მსგავსი პროექტი ბათუმში უკვე განხორციელდა. ბათუმის მერიის სამედიცინო ბიოლოგიური მავნე ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმო ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებებიდან ნარჩენები შპს „სანდასუფთავების“ სამსახურს გააქვს.

 

„140 დაწესებულებასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. მათ შორისაა დიდი საავადმყოფოები, საიდანაც ნარჩენები გრაფიკით გაგვაქვს _ სამშაბათს და პარასკევს. გარდა საავადმყოფოებისა, ნარჩენები გაგვაქვს პოლიკლინიკებიდან, სტომატოლოგიური კაბინეტებიდან, თითქმის ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებიდან. გვაქვს სპეციალური, დახურულძარიანი მანქანა და ამ გზით ხდება ტრანსპორტირება საწარმომდე. ინსინერატორში ნარჩენები სრულად იწვის“, _ ამბობს ნინო გიგინეიშვილი, „სანდასუფთავების“ გარემოს დაცვის სპეციალისტი.

 

მისი თქმით, დღეისათვის აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებიდან თვეში დაახლოებით ექვს ტონა ნარჩენს წვავენ სათანადო პირობებში.

 

საქართველოში დღეს სამედიცინო და ბიოლოგიური ნარჩენების განადგურებისთვის განკუთვნილი 10 მცირე ინსინერატორი მოქმედებს.

გადაბეჭდვის წესი