სიახლეები

აჭარის მთავრობის კომენტარი მედეა ვასაძის განცხადებაზე

31.01.2015 • 1251
აჭარის მთავრობის კომენტარი მედეა ვასაძის განცხადებაზე

 

 

 

„ჩემი ინფორმაციით, დელეგაციაში [სტრასბურგში წამსვლელთა] 70-80-მდე ადამიანი შედიოდა. დაპატიჟებული იყო ყველა გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარეები. ასევე, მთავრობაში შემავალი უწყების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი. რაც შეეხება, აჭარის მთავრობის აპარატს, დელეგაციაში ორი ადამიანი მოიაზრებოდა, მათ შორის იყო მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე.

 

როგორც უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, სტრასბურგში ამ შემადგენლობით აჭარიდან დელეგაციის წასვლას, აჭარის მთავრობაში არ დაეთანხმნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მედეა ვასაძის უკმაყოფილება.

 

„ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ ალბათ იმაზეა მოლაპარაკება, რომ ეს ვიზიტი ძალიან ხარჯიანი არ აღმოჩნდეს“, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში აკაკი ძნელაძე. ის  სტრასბურგში აჭარის დღეებზე წასვლას არ აპირებს.  

 

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით ბაციკაძეს, ის ამბობს: „მედეა ვასაძეს უნდოდა, რომ აჭარის დელეგაციის ვიზიტი უფრო პომპეზური ყოფილიყო, ავთანდილ ბერიძე კი არაპომპეზურობის მომხრეა. ალბათ, ამაზეა მედეა გაბრაზებული“.  

 

მედეა ვასაძემ აჭარის დღეებთან დაკავშირებულ ვიზიტზე თავისი მოსაზრება სოციალური ქსელით გაავრცელა. ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს სტრასბურგში რეგიონის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილი ღონისძიების „ ჩაშლაში“ ადანაშაულებდა. „ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ ვერ შეძელით პოზიციის დაცვა“, – ასე მიმართა ავთანდილ ბერიძეს მედეა ვასაძემ.

   

მედეა ვასაძემ ავთანდილ ბერიძისადმი მიმართვის ტექსტში ერთგან წერს: „გამომდინარე აღნიშნულიდან, გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ უარს ვამბობ ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგბლობას ორგანიზაციულ საკითხებზე და იმიტომ, რომ ერთის მხრივ, არცერთი ნაბიჯი, ამ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან შეუთანხმებლად არ გადმიდგამს, ხოლო, მეორეს მხრივ, ყველაფერი ეს, გასული წლის 10 დეკემბრიდან, წერილობით იყო ცნობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისათვის, ორთავე თქვენთაგანს უპირველესად, მოგიწოდებთ, რეგიონში (და არა მარტო რეგიონში) მოღვაწე იმ ფრიად საპატივემულო ადამიანებისათვის ბოდიშის მოხდაზე, რომლებმაც უკვე გამოხატეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა და ჩაატარეს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები“.

 

მედეა ვასაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების შემდეგ, არც მას და არც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტრასბურგში ვიზიტისთვის, რომლის ორგანიზებასაც მედეა ვასაძე თავის გუნდთან ერთად ეწეოდა, დაახლოებით 500 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: