სიახლეები

ყაჩაღის მიერ დაჭრილ ქალს მკურნალობის ფულს სთხოვენ

02.02.2015 • 1416
ყაჩაღის მიერ დაჭრილ ქალს  მკურნალობის ფულს სთხოვენ

 

ქალბატონო ლიანა, რა სამედიცინო დახმარება გაგიწიათ რეფერალურმა საავადმყოფომ და რა ოდენობის თანხის გადახდას გთხოვენ?


– ზურგში სამი ჭრილობა მაქვს. ეს ჭრილობები იმავე დღეს მომიკერეს, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი. ოპერაცია გამიკეთეს ხელის თითებზე, რომელიც ჯერ არ მაქვს მორჩენილი. ყველა კვირაში გადახვევები მჭირდება, მაგრამ საავადმყოფოში თანხის უქონლობის გამო ვერ მივდივარ, ჩემს რძალს მოჰყავს ექთანი და სახლში მიკეთებს გადახვევებს. მე როგორც ვიცი, საყოველთაო დაზღვევა მომსახურების 70 პროცენტს ფარავს, მაგრამ მე წინასწარ ხომ არ მქონდა ექიმთან მისვლა დაგეგმილი, ახლა ფული არ მაქვს, ის თანხა, რომელსაც საავადმყოფო ითხოვს, დავფარო.

 

რამდენ ლარს ითხოვს საავადმყოფო?

– 290 ლარია დასაფარი, მაგრამ ამ წუთში არ მაქვს ამ თანხის გადახდის საშუალება. ხუთი თვის წინ მეუღლე გარდამეცვალა და შვილი სტუდენტია. ვფიქრობ, რომ მოქალაქის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და ასეთი შემთხვევების დროსაც სახელმწიფომ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა. იქნებ ჯანდაცვის სამინისტრო დამეხმაროს დავალიანების დაფარვაში. 

 

პოლიციამ თუ დაგკითხათ იმ დღის შემდეგ და რა დეტალებია თქვენთვის ცნობილი?

– კი, პოლიცია ხშირად მაკითხავს, მაგრამ ახალი არაფერია. არც ეჭვმიტანილი ჰყავთ, შესაბამისად საქმე ჯერაც არ გაუხსნიათ. როგორც მე ვიცი, ეძებენ. ადგილზე მხოლოდ სისხლის გუბე იდგა, დანა ან რაიმე ნივთმტიკება, როგორც ვიცი, არ ამოუღიათ.

 

როგორ მოხდა ეს ამბავი, შეგიძლიათ დეტალები გაიხსენოთ?

– სამსახურიდან გამოვედი, სახლში ვაპირებდი წასვლას. უცებ მომვარდა და ზურგში დამიწყო ცემა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ვერც გავაცნობიერე რას მიტყამდა.     შემდეგ ჩანთაზე მტაცა ხელი. ვუთხარი, არაფერი მაქვს შვილო ჩანთაში და წადი-მეთქი. ამაზე უფრო აგრესიული გახდა, წამაქცია და უფრო ძლიერად დამიწყო ცემა.

 

როგორ გამოიყურებოდა?

– საშუალო სიმაღლის ბიჭი იყო – გამხდარი, ჯინსები ეცვა. როგორც მახსოვს, სახე არ ჰქონდა დაფარული. კივილზე ერთი კაცი გამოვიდა. ახალგაზრდა იყო, წვერით. როგორც შემდეგ მითხრეს, მღვდლის ძმა ყოფილა. იმ უბანში ეკლესია შენდება და ალბათ იქ იმიტომ იყო. ამ კაცის გამოჩენაზე გაიქცა. როცა ამ კაცმა დაიძახა სასწრაფო გამოიძახეთ ქალი სისხლისგან იცლებაო, მაშინ მოვედი გონს და მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი.

 

პოლიცია და სასწრაფო რამდენ ხანში მოვიდა?

– პოლიცია ნახევარ საათში მოვიდა, შემდეგ მათ გამოიძახეს სასწრაფოც. ქურქი მეცვა და როგორც ჩანს, ამან გადამარჩინა, რადგან ქურქზე გაცილებით მეტი იყო დაზიანება.

 

რამდენად სერიოზულია ჭრილობები?

– თითები სულ დაჩეხილი მაქვს, მყესებია გადაჭრილი, რამდენი ნაკერი მადევს, არ დაითვლება. ერთ ხელზე შუა თითი შეიძლება პარალიზებულიც კი დამირჩეს. ზურგზე ჭრილობა ფილტვამდეა დასული. ასეთ მდგომარეობაში ვარ, ძლივს გადავრჩი და სახელმწიფო ხომ უნდა დამეხმაროს. ჯერ კიდევ მჭირდება მკურნალობა და ამ თანხას როგორ გადავიხდი.

 

თავდამსხმელმა შეძლო რაიმეს წაღება?

– ვერა. ან რა უნდა წაეღო, ჩანთაში ხუთი ლარი თუ მექნებოდა. პატარა აფთიაქში ვმუშაობ და აფთიაქს დიდი შემოსავალი არ აქვს. რომც ჰქონდეს, ფულს ჩანთით ხომ არ ვატარებ. 

 

 

   

გადაბეჭდვის წესი