სიახლეები

მასწავლებლები ახალ რეგულაციებზე

01.02.2015 • 1346
მასწავლებლები ახალ რეგულაციებზე

მასწავლებლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის~ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის/ სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული, ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. სხვა დისციპლინური გადაცდომა, რომელიც  სკოლის შინაგანაწესით არის განსაზღვრული.

დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური და სამსახურიდან გათავისუფლება. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება მასწავლებელს დაეკისროს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

რას ფიქრობენ მასწავლებლები ახალ რეგულაციებზე _ ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებს ესაუბრა.

დალი თავართქილაძე, ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის პედაგოგი: „საერთოდ, ვფიქრობ, რომ მასწავლებელი გაწონასწორებული უნდა იყოს. მასწავლებელს მეტი დათმობა მოეთხოვება. ჰუმანური უნდა იყოს, თუმცა ძნელია. რთული პროფესია გვაქვს. როცა უფლებებზე ვლაპარაკობთ, მეორე მხრივ, უფლებები მასწავლებლებსაც უნდა ჰქონდეთ. მოსწავლე არ უნდა გადადიოდეს ზღვარს და არც მასწავლებელს აქვს უფლება ამ ზღვარს გადავიდეს.

ეს რეგულაციები გახდის მასწავლებელს დაუცველს, რადგან მოსწავლეს თავისი უფლებები როცა აქვს, მშობელი სხვანაირად უყურებს. შესაძლოა ას მშობელში მხოლოდ ერთი ფიქრობდეს ისე, როგორც მასწავლებელი ფიქრობს და დაადანაშაულოს თავისი შვილი. დანარჩენი ყველა შემთხვევაში გაამართლებს შვილს. დაიცავს შვილის უფლებებს და დაიწყებს ამ კანონებით ლაპარაკს. ეს ყველაფერი მასწავლებელს გარკვეულწილად შეზღუდავს. მე, პირადად, არ შემქნია ჯერ რაიმე ტიპის პრობლემები მოსწავლეებთან. თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვი. სკოლა ეს ისეთი სტრუქტურაა, ყოველ წუთას შეიძლება მოხდეს რამე, რაც მეც დამაზარალებს. ნებისმიერი ჩემი კოლეგა დგას ამ საფრთხის წინაშე. ჩემს სადამრიგებლო კლასში არის ერთი რთული ბავშვი, რომელთანაც შეიძლება ვერ შეიკავო თავი და რაღაც დისციპლინარული დარღვევა მოგიხდეს. ყოველ შემთხვევისთვის ვმუშაობ საკუთარ თავთან და მასთან უკვე სხვანაირი შეფასების ხერხი გამოვნახე.

ამ სიახლეებით ძალიან გაღიზიანებულია პედაგოგების ფსიქიკა. ზოგს ძალიან უჭირს ფეხის აწყობა. მაინც ყველაფერი მიდის იქამდე, რომ მასწავლებელს არ აქვს ადეკვატური ხელფასი. მასწავლებლებს, რომელთაც მე ვიცნობ, უმრავლესობაზეა დამოკიდებული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ჰქონდეთ სხვა გზა, არ იმუშავებდნენ სკოლაში. შეიძლება სკოლა დარჩეს მასწავლებლის გარეშეც კი.

ერთი მხრივ, არ მომწონს ის, რომ დაუცველი ვრჩებით, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან კანონია, უნდა დავემორჩილოთ. უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავთან, რომ შეცდომები არ დავუშვათ.

ნატო ჯვარშეიშვილი, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის პედაგოგი: „ის, რაც მასწავლებლისთვის არ არის მისაღები და დასაშვები, ადრეც ითვლებოდა გადაცდომად. არც ახლა არ იქნება. თუნდაც ელემენტალური ჩაცმის სტილს რაც შეეხება. ის, რაც მასწავლებლისთვის მიუღებელია, ახლაც მიუღებელია და არავინ ჩათვლის, რომ დიდ პრობლემასთან ექნება საქმე. მე არ ვთვლი, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ რაღაც ძირეული ცვლილებების გატარება მომიწევს ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაში, იმისთვის, რომ არ მომიწიოს ეს დისციპლინური სახდელი.

მაგრამ, აი, დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით შეუცდომელი არავინ არ არის. გააჩნია დარღვევის რა ფაქტი იქნება”.

მარინა გაბაიძე, გეოგრაფიის მასწავლებელი: „მგონი ბევრი არაფერი შეგვიცვლია, რადგან იმ ყველაფერზე, რაზეც ახალ განკარგულებაშია საუბარი, მაინც ძალიან ფრთხილად ვმუშაობდით. ნიშნების გამოყვანა იყო ეს თუ რაც იყო. არაფერი განსაკუთრებული ახლა არ მომხდარა. არ იყო დისციპლინარული კომიტეტი, მაგრამ ჩვენ ვიცავდით დისციპლინას”.

ციალა გოგოლიშვილი, ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგი: „საახალწლო საჩუქარი გამოუვიდა სამინისტროს მასწავლებლებისთვის. კანონის ასე გამკაცრება საჯარო სკოლებში და, საერთოდ, მასწავლებლებისთვის, მიუღებლად მიმაჩნია, რადგან მასწავლებელი 99%-ით არის ეთიკურად ჩამოყალიბებული პიროვნება. რამ განაპირობა ასეთი კანონის მიღება სამინისტროს მხრიდან, ეს არის ჩემთვის საკითხავი.

მე ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ეს რეგულაცია არ მომწონს. არც სხვა მასწავლებლებს არ მოსწონთ. ყველა აღშფოთებულია. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში მომუშავე მასწავლებლების კიდევ შეზღუდვა. იცით როგორი ხელფასი აქვთ მასწავლებლებს? ეს რეგულაცია მასწავლებელს უკრძალავს ნორმალურ ცხოვრებას. მასწავლებელი ექცევა ჩარჩოში. დიახ, ჩარჩოა, რომლის მიღმა არაფერი აღარაა. თავისუფალი ცხოვრება მასწავლებელს აღარ აქვს. სკოლაში ისედაც რთულია მუშაობა, რომ გამოვა მერე კიდევ უნდა აკონტროლოს, ჩარჩოში უნდა მოაქციოს თავისი ცხოვრება. ეს ყოვლად დაუშვებელია.

თუ გონებას მოუხმობს მასწავლებელთა 60% მაინც, გამოსვლები უნდა იყოს ამის შესახებ. უნდა ჩაშალონ სასწავლო პროცესები და მაშინ მიხვდებიან, რომ მასწავლებელსაც აქვს უფლება, დაიცვას თავისი უფლებები.

ჩვენ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონებს ყოველთვის ყურმოჭრილი მონებივით ვემორჩილებით. თითო-ოროლა გამოსვლა შეიძლება არის, მაგრამ ეს არაფერს ცვლის”.

განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, დისციპლინური წარმოება მასწავლებლის მიმართ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი შევა დისციპლინურ კომიტეტში. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გარდა ამისა, მოკვლევა დაიწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: