ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯალაბაშვილებში გეოლოგიური პროცესები 2000 წლიდან ვითარდება – დაიმეწყრა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. ჯერ კიდევ 2010 წელს ხელისუფლებამ ამ სოფელში მცხოვრებ დაზარალებულებს, მეორე კატეგორიას მიკუთვნებულ (სულ სამი კატეგორია არსებობს) 12 ოჯახს, სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 57 000 ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გამოუყვეს. საკომპენსაციო თანხის ოდენობა ქედის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოქმედმა შვიდკაციანმა კომისიამ 3500-ლარიდან 5000-ით განსაზღვრა. იქედან გამომდინარე, რომ სოფელი გეოლოგიურად აქტიურ ზონად დასახელდა, დაზარალებულები სახლებს თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში ვერ ააშენებდნენ, ამიტომ ხელისუფლება მათ მიწის ნაკვეთის გამოყოფას დაჰპირდა.
ქედის მუნიციპალიტეტში დღეს აცხადებენ, რომ მაშინ მოსახლეობამ იმ მიწაზე უარი თქვა, რისი გადაცემაც იგეგმებოდა. დაზარალებულები კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ საუბარი იყო.
2010 წელს დამეწყრილი 12 ოჯახიდან უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო – სახლი ჩაქვში აიშენა, დანარჩენი 11 ოჯახი კვლავაც ავარიულ სახლებში ცხოვრობს.
სტიქიით დაზარალებული მიშა არობელიძე ამბობს, რომ 2010 წელს მიღებული კომპენსაციით სახლის შეძენა ვერ შეძლო და მხოლოდ არსებული გაამაგრა: „მეწყერმა ქვის ორსართულიანი სახლი თითქმის დამიშალა, სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 5 000 ლარი მომცეს, გვითხრეს მიწას გამოგიყოფთო, მაგრამ მიწის გამოყოფა ვერ მოხერხდა. იმ თანხით სახლს ვერ ვიყიდდი, მიწა რომ მეყიდა, სახლი რით ამეშენებინა? წასასვლელი რომ არ გვქონდა, კომპენსაციით საცხოვრებელი გავამაგრე… გამაგრებული სახლი გასულ წელს მიწისძვრამ ისევ გამოიყვანა მწყობრიდან, ცხოვრება აქ შეუძლებელია, მაგრამ მაინც ვცხოვრობთ, სხვა გზა არ გვაქვს. მიწისძვრის შემდეგ გეოლოგები მოვიდნენ, შეისწავლეს და პირველი კატეგორია მოგვანიჭეს, ანუ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვცხოვრობთ. მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარნენ, მაგრამ მე რატომ არ მომაქციეს ყურადღება, არ ვიცი. ვის მივმართო? სად ვიპოვო სამართალი?“
მიშას მეზობლად მცხოვრებ მანველიძეების ოჯახსაც წლებია ანალოგიური პრობლემა აწუხებს. წელს ისიც დაემატა, რომ სახლის საძირკველში წყალი წამოვიდა და უხვი ნალექის დროს მატულობს. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, წვიმის დროს თავს მეზობელს აფარებენ. „ოჯახში ხუთი სული ვართ, პატარებიც გვყავს. წვიმის დროს სახლში ვერ ვჩერდებით, გვეშინია, რადგან წყალი ამოდის, გამოიდარებს და მერე ვბრუნდებით სახლში, ყოველთვის ხომ ვერ იქნები მეზობელთან“, – ამბობს მზია მანველიძე.
კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა მიწის გამოყოფა დღემდე და რა დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულ ოჯახებს? – ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ასე პასუხობს:
„კომპენსაციასთან ერთად დაზარალებულებს მიწა უნდა გადასცემოდათ. მსჯელობა მიდიოდა სოფლის დასაწყისში, თემის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ნაკვეთზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მოსახლეობამ უარი განაცხადა, თითქოსდა ის მოქალაქეს ეკუთვნოდა. დაზარალებულები ამბობდნენ, სხვის მიწაზე სახლს ვერ დავდგამთ და ვერ ვიცხოვრებთო. გაცემული კომპენსაცია დანგრეული სახლების გამაგრებას მოახმარეს. გეოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე იქვე, საკარმიდამო ადგილზე სახლის მშენებლობა გამორიცხული იყო. მეორე კატეგორიის ზონაში მცხოვრებთა რიცხვი ჯალაბაშვილებში წელს ერთით გაიზარდა, ირაკლი ჩხუბაძის საცხოვრებელი უკვე მეორე კატეგორიაშია. ვერ ვიტყვი საგანგაშო მდგომარეობა არის-მეთქი, მაგრამ არც კარგად გვაქვს საქმე. თვითმმართველობას ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია“, – აცხადებს დავით თედორაძე.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამმართველოს უფროსი, ტარიელ ტუსკია ამბობს, რომ ჯალაბაშვილებში ვითარება ამ ეტაპზე უფრო სტაბილურია, ვიდრე 15 წლის წინ: „სოფლის თავზე არის ტბა, რომელიც ჩვენი დასკვნის საფუძველზე 15 წლის წინ გაიწმინდა და წყალი სადრენაჟე არხებით უსაფრთხო ადგილას იქნა გადაყვანილი. მეწყრული პროცესი რომ შენელდა, ეს ფაქტია, განცხადებები აღარ შემოდის. დღეს ის მდგომარეობა არ არის, როგორიც 15 წლის წინ იყო, მაგრამ თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება, შესაძლებელია ისევ განვითარდეს მეწყერი. მოსახლეობამ ჩვენი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და შეასრულოს. საუბედუროდ მოსახლეობა ჩვენს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს“.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ განცხადებებს მხოლოდ იმიტომ აღარ წერენ, რომ მათი მდგომარეობა არავის აინტერესებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, ჯალაბაშვილებში მცხოვრები ოჯახებისთვის პროგრამა მუშავდება, რომლის ფარგლებში ქედის ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია და ამ 12 ოჯახის გადაყვანა არის დაგეგმილი.