აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთ მხატვრულ და ოთხ დოკუმენტურ ან/და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს შეისყიდის. სამინისტროს განცხადებით, დაფინანსდება ის კინოპროექტები, რომლებსაც კონკურსში გამარჯვებულად სპეციალური კომისია გამოავლენს.
დაფინანსება პროგრამის – აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა – ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 138 840 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის საკონკურსო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაც [3840 ლარი].
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან დაემატა ახალი კომპონენტი კინო ინდუსტრიის წახალისების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით კინოწარმოების ხელშეწყობა რეგიონში, რაც თავის მხვრივ ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, არამედ კინო პროფესიონალების დასაქმებას რეგიონში, ახალი სამუშაო ადგილებისა და ბიზნეს აქტივობების შექმნას, რეგიონში კინოწარმოებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და არსებული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების გამოყენებას…“ – მიაჩნიათ სამინისტროში, თუმცა პროგრამის განხორციელებას ტენდერის გარეშე აპირებენ.
„სამინისტრო ვერ განახორციელებს დაგეგმილი მომსახურების შესყიდვას ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ვინაიდან, კინოპროექტი წარმოადგენს შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და შერჩევა ხორციელდება სამინისტროსთან არსებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული კომისია კი შედგება ამ სფეროს სპეციალისტებისგან. წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რომელი პროექტი გაიმარჯვებს, რა ტიპის ხარჯები იქნება გათვალისწინებული, რა ვადებში განხორციელდება, რა მოცულობით, კინოგადაღებების მონაწილეთა რაოდენობის დადგენა და ა.შ. არის შეუძლებელი. გამომდინარე აქედან, სამინისტრო უფლებამოსილია დააფინანსოს მხოლოდ ის პროექტი, რომელსაც კომისია შეარჩევს. ამჟამად, კინომწარმოებლების დროითი გეგმა წინასწარ არის გაწერილი მომდევნო წლისთვის, პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია, პროგრამის პირველი ეტაპები [პროგრამის პრომოუშენი, კომისიის შექმნა, კონკურსის გამოცხადება] მოესწროს უმოკლეს ვადებში, რათა დროულად მოხდეს გამარჯვებული პროექტების კომისიის მიერ გამოვლენა და მათი დროში შეფერხების გარეშე წარმოება“ – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში „გაფორმდება რამოდენიმე ხელშეკრულება სხვადსახვა მიმწოდებელთან, რომლებიც გამოვლინდებიან კონკურსის საფუძველზე. მოწოდება განხორციელდება პროექტების შესაბამისად 2016 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე კონკურსი ვერ გამოცხადდება, ვიდრე არ იქნება გადაწყვეტილი შესყიდვა განხორციელდება თუ არა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა შემთხვევაში პროგრამა ვერ განხორციელდება“.
სამინისტრომ თანხმობისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, საიდანაც დადებით ან უარყოფით პასუხს 2016 წლის 12 თებერვლამდე მიიღებს.
ბათუმის მერიამ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ისევ გაათავისუფლა, ამჯერად შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში 28 იანვარს დაბრუნებული ლაშა ბერძენიშვილი მერიამ სამსახურიდან 2 თებერვალს ისევ გაუშვა.
ლაშა ბერძენიშვილმა სასამართლო მერიის წინააღმდეგ 2015 წლის 30 სექტემბერს მოიგო. ის „ბათუმის სასაფლაოს“ დირექტორად აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
„მერიის ბრძანებაში საერთოდ არ იყო მითითებული გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლება იყო უკანონო და ეს დაადასტურა სასამართლომ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო სიორიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია ლაშა ბერძენიშვილის ინტერესებს ისევ დაიცავს სასამართლოში. „მერიის შიდა აუდიტის დასკვნას ჯერ არ გავცნობივართ. ეს განსაზღვრავს ამ საქმის სამომავლო პერსპექტივას“ – ამბობს ნინო სიორიძე.
„შიდა აუდიტი მერს ექვემდებარება და ცხადია, ძალიან დიდი ზღაპარია. ეს არის წმინდა პოლიტიკური თემა. მე ვიყავი გიორგი კირთაძის სამდივნოს უფროსი და გია ერმაკოვიც ჩემგან პირდაპირ მოითხოვდა ამ პარტიასთან კავშირი არ მქონოდა. პირველ გათავისუფლებამდე დამიბარა ერმაკოვმა კაბინეტში და მითხრა, საკრებულოს „ნაციონალების“ ფრაქციაში სიარულს უნდა დაანებო თავიო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლაშა ბერძენიშვილი.
ვიდრე ლაშა ბერძენიშვილი სასამართლოს ხელახლა მიმართავს, ხვალ მის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს – ბათუმის მერია 2015 წლის 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მერიას ბერძენიშვილის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა მოუწია.
ბათუმის მერიას ასევე არ დაუკმაყოფილებია სასამართლოს გადაწყვეტილება ააიპ „ბათუმის კორპუსის“ თანამშრომლების – ლაშა კილაბერიას, თომა ხალვაშისა და ირაკლი მექვაბიშვილის შემთხვევაში. „სასამართლოს განმარტებას ველოდებით, რა უნდა ჩაითვალოს ტოლფას თანამდებობებად, ვინაიდან ის შტატები, სადაც ეს სამი ადამიანი მუშაობდა, გაუქმებულია,“ – უთხრა ბათუმელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ნინო სიორიძემ.
ბათუმის მერია არ აკეთებს კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც მერიის მხრიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტები დასტურდება.
„პორტა ბათუმის“ მშენებარე ნაგებობიდან მამაკაცის ჩამოვარდნის გამო, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. 40 წლის მუშა, რომელიც მშენებარე ობიექტის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა, ადგილზევე დაიღუპა. მშენებლობა ბათუმის ცენტრში, ანბანის კოშკის გვერდით მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ობიექტი უცხოელ ინვესტორს ეკუთვნის. როგორც „პორტა ბათუმის“ კადრების განყოფილებაში გვეუბნებიან, ამ დროისთვის სამუშაოთა მწარმოებელი და კომპანიის წარმომადგენლები გამოძიებაზე იმყოფებიან პროკურატურაში.
„იყო თუ არა მშენებლობის წესების დარღვევა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე არაფრის თქმა არ შეგვიძლია“-გვეუბნება კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.
მისივე ინფორმაციით, დაღუპული მუშის ოჯახს, კომპანია კომპენსაციას გადაუხდის.
საშობაო არდადეგებიდან გიმნაზიაში დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო ნაწილის გამგე – ნუგზარ ზოსიძე აღარ დახვდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა. მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილებზე შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე გავიდა. სასწავლო პროცესი გიმნაზიაში სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა ისინი ეპისკოპოს სპირიდონს არ შეახვედრეს. მშობლების სასულიერო პირებთან კამათის ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მშობლები სასულიერო პირების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუ რატომ დააყენეს მათი შვილები კედელთან, დაემუქრნენ და უწოდეს თათრები.
კონკრეტულად რის გამო მოუხდა სკოლის დატოვება სასწავლო ნაწილის გამგეს და რა სახით ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა, ნუგზარ ზოსიძე დაზუსტებებისგან თავს იკავებს. 23 იანვარს გაზეთ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნუგზარ ზოსიძემ თქვა, რომ მასზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და წასვლის შესახებ განცხადება სამჯერ დაწერა: „ბავშვებს სასულიერო პირები ეუბნებიან, რომ კბილებს ჩაგიმტვრევთ, ყბას მოგიმტვრევთო, ეს თვითონ ბავშვებმა მითხრეს. ეს ფაქტები მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. საკუთრი თვალით ვნახე, აქციიდან ძალით ბვშვებს როგორ მიათრევდნენ ვითომც დასალაპარაკებლად. და ამ ყველაფერს მე მაბრალებენ – თითქოს ამის უკან მე ვდგავარ და ჩემ უკან კიდევ ვიღაც სხვა. როგორ შემეძლო ეს ანარქია მომეწყო, როცა იქ [გიმნაზიაში] სისხლი ჩავაქციე“.
სასწავლო პროცესი ხიჭაურის გიმნაზიაში უკვე განახლდა. როგორც ჩანს, ეს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის საკმარისი პირობაა, საქმე გაკეთებულად რომ მიიჩნიოს. „ამ წუთას არსებობს რამე პრობლემა? სწავლა ხომ დაიწყო? საპატრიარქოს სამრევლოს სკოლები არ შემოდის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში“, – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლალი როზამაშვილმა. კითხვაზე, ვინ უნდა იცავდეს მოსწავლეს ძალადობისა და მუქარისგან, თუ არა განათლების სამინისტრო, უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით გვიპასუხეს, რომ სამინისტროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დაინტერესდება ხიჭაურის სკოლით.
პრესსამსახურმა ვერ განგვიმარტა, ფაქტიდან 10 დღის განმავლობაში რატომ არ დაიწყო მოკვლევა განათლების სამინისტრომ ან რატომ შეისწავლის სასულიერო პირებისგან სავარაუდო მუქარისა და ღირსების შელახვის შემცველ მიმართვებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. პასუხი ასევე ვერ მივიღეთ კითხვაზე, რა რეაგირებას მოახდენს განათლების სამინისტრო, თუკი სასულიერო პირებისგან მუქარა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე დადასტურდება.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სახელმწიფოს უჭირს ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების კონტროლი: „განათლების სამინისტრო არსებობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კონსტიტუციური უფლება – მიიღოს ხარისხიანი განათლება. ყველა სკოლას, კერძო იქნება იგი თუ საჯარო, ავტორიზაციას აძლევს სახელმწიფო. შესაბამისდ, სახელმწიფო უნდა ინტერესდებოდეს და აკონტროლებდეს მათ, მით უფრო მაშინ, როცა ფულს ჩვენ ვიხდით, მაგრამ სახელმწიფოს უჭირს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების კონტროლი“.
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ეკა ჭითანავას არ აქვს მოლოდინი, რომ განათლების სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს: „განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შეისწავლოს რასაც ამ სკოლის მოსწავლეები და მშობლები ყვებიან. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ეს სისტემური პრობლემა და ამას უნდა მოყვეს ძალიან მკაცრი რეაგირება, მაგრამ არ მაქვს ეს მოლოდინი – განათლების სამინისტრო ლოიალურია საპატრიარქოს მიმართ. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისში ათეისტობის გამო მოსწავლის ცემის ფაქტის შეფასების დროს თქვა, რომ ერთეული შემთხვევები ყურადღებამისაქცევი არ არის და ეს არაა პრობლემა. აქედან ჩანს, განათლების სამინისტროს ნებელობა დისკრიმინაციის კუთხით: თუ პრობლემას ვერ ხედავ, არც მის მოგვარებაზე იზრუნებ. რასაც ხიჭაურის სკოლის მოსწავლეები ყვებიან, არ მგონია ერთეული შემთხვევა იყოს. ჩვენ გვქონდა კვლევა გასულ წელს, ოღონდ ხიჭაურის უნივერსიტეტში და დადასტურდა რელიგიური ბულინგის თუ ინდოქტრინაციის არაერთი შემთხვევა“.
ხიჭაურის სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების საჯარო განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ამ ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მოკვლევამდე ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებენ.
გრიგოლ ხანძთელის სახელობის ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიაში უკვე იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ ამბის გასაგებად, აჭარის განათლების სამინისტროს შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე. მან `ბათუმელებს~ უთხრა, რომ მას გიმნაზიის „შიდა საქმეებში“ ჩარევის უფლება არ აქვს:
„ეს საპატრიარქოს სკოლაა. მე გამოძიებას სკოლის შიგნით ვერ ჩავატარებდი, არ მაქვს არანარი აღჭურვილობა და არც გამომძიებელი ვარ, რომ დავადგინო, იყო თუ არა მუქარა. სკოლის ადმინისტრაცია ამ ფაქტებს არ ადასტურებს. მე დედა ბარბარეს შევხვდი, ისაა ახლა სასულიერო გიმნაზიის დირექტორი“.
შუახევის რესურსცენტრის დირექტორობამდე ედუარდ გოგრაჭაძე ხიჭაურის სასულიერო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.
ერთ-ერთი სასულიერო პირი, ვისაც სკოლის მოსწავლეებმა კედელთან დაყენებასა და და მუქარაში დასდეს ბრალი, დეკანოზი ლაზარე ძნელაძეა. ის ხიჭაურის სკოლის ყოფილი მოძღვარია. დეკანოზი ადასტურებს, რომ მოსწავლეებს შეხვდა, მაგრამ მუქარას უარყოფს. დეკანოზი ლაზარე მოსწავლეების პროტესტს „ბუნტად“ აღიქვამს: „მსგავსი არაფერი ყოფილა, მაჩვენონ ვიდეო, სადაც ეს ჩანს და მე პასუხს ვაგებ. იქ იყო ბუნტი და ამიტომ მივედი, რომ ბავშვებს დავლაპარაკებოდი. მე მათ მოძღვრის გაკვეთილებს ვუტარებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ დეკანოზმა. მან ასევე უარყო მოსწავლეებისთვის თათრების დაძახება. მოგვიანებით დეკანოზმა ლაზარე ძნელაძემ „ბათუმელების“ ინტერნეტგვერდზე ხიჭაურის სკოლის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებში დაწერა: „ისე, ცნობისთვის, ვინც არ იცის, მეუღლე აჭარელი მყავს და ჩემი შვილები ნახევრად აჭარლები არიან“.
ხიჭაურის სკოლაში ყოველდღიურად მოძღვრის გაკვეთილებს მართლმადიდებელი სასულიერო პირები ატარებენ. სკოლის მოსწავლეების თქმით, მოძღვრის გაკვეთილზე დასწრება სავალდებულო არ არის და მას არამართლმადიდებელი მოსწავლეები ინტერესის შემთხვევაში ესწრებიან.
სასულიერო გიმნაზიაში გამოხატული პროტესტის მიუხედავად, სასწავლო ნაწილის გამგედ ნუგზარ ზოსიძე აღარ დაუბრუნებიათ, თუმცა, როგორც ჩანს, მოსწავლეებისა და მშობლების აზრის გათვალისწინება სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს _ სპირიდონს მაინც მოუხდა: მან სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ ამავე გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იოსებ დიასამიძე დანიშნა. გიმნაზიის მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმაციით, ეპისკოპოსი სპირიდონი ამ თანამდებობაზე გიორგი მშვენიერაძის დანიშვნას გეგმავდა, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან გიმნაზიის მართვაში არაფორმალურად – ბრძანების გარეშე მონაწილეობდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიორგი მშვენიერაძე ეპისკოპოს სპირიდონთან დაახლოვებული პირია. მისი, ისე როგორც ეპისკოპოსის წარმოშობის ადგილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტია.
ხიჭაურის სასულიერო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ეჭვობდნენ, რომ ეპისკოპოს სპირიდონს ადგილობრივი კადრების ჩანაცვლება სურდა თავისი ახლობლებით. ვინაიდან სკოლის ადგილობრივი პედაგოგი დანიშნეს სასწავლო ნაწილის გამგედ, ახლა ისინი პროტესტის მიზეზს ვეღარ ხედავენ და უმრავლესობამ გაჩუმება არჩია.
მაგული ნაკაშიძე, მშობელი: „მეუფე სპირიდონი არ შეგვხდა იმის მიუხედავად, რომ იქ შეკრებილი ბევრი მშობელი მოვითოხვდით ამას. ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან ნუგზარ ზოსიძემ დაბრუნებზე უარი თქვა. ჩვენთვის პრინციპული იყო, დანიშნულიყო ადგილობრივი კადრი.“
ასლან დიასამიძე, მშობელი: „ქედაში ვცხოვრობ, სოფელ ცხმორისში, 100 მეტრში მაქვს სკოლა, მაგრამ ჩემი შვილი ხიჭაურში დადის, ანუ შუახევში.
პროტესტი გვქონდა იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ და არავის აუხსნია, რატომ გაუშვეს წარმატებული სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე… ზეწოლები იყო ბავშვებზე საპროტესტო აქციების დროს. ბავშვები ყვებიან, კედელთან მიგვაყუდეს მამაოებმაო, დაგიმტვრევთ ყბებსო, გაკვეთილებზე შედითო. მერე შესულან გაკვეთილზე, ადექითო, ახლა დაჯექითო, ჯარში ხომ არ იყვნენ ბავშვები? ეს ერთ და ორ ბავშვს არ უთქვამს, ყველამ თქვა“.
გიმნაზიის მოსწავლეებს სასულიერო პირების მუქარაზე საჯაროდ საუბარი აღარ სურთ: „ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ვაგრძელებთ სწავლას. ეგ აქციები და გამოსვლები იყო ჩვენი გულისტკივილი და მეტი არაფერი. მეც იქ ვიყავი, როცა კედელთან დაგვაყენეს მამაოებმა და… მაგრამ ამის გახსენებას ახლა აზრი აღარ აქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხიჭაურის სკოლის მოსწავლე როენა ზოსიძემ.
მედიასთან საუბარი ასევე არ უნდა გიმნაზიიდან წამოსულ კიდევ ერთ პედაგოგს, რამინ შავაძეს: „რაც ვილაპარაკე, ნეტა, ისიც არ მელაპარაკა… გიდასტურებთ, სასწავლო ნაწილის გამგის – ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას უკავშირდება ჩემი წამოსვლა.“
სკოლაში მომუშავე სასულიერო პირებისგან სავარაუდო მუქარის ფაქტებზე ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. მიუწვდომელია ეპისკოპოსი სპირიდონიც. სახელმწიფოსგან დაფინანსებული სკოლის ეზოში შესვლა აკრძალული აქვთ ჟურნალისტებს. სკოლის ადმინისტრაციამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ადმინისტრაცია მხოლოდ საკადრო ცვლილებებს შეეხო და თქვა, რომ ეს ცვლილებები „უკეთესად ფუნქციონირების მიზანს“ ემსახურება.
შესაბამისად უცნობია, რას ფიქრობს ეპარქიის ეპისკოპოსი მოსწავლეების განცხადებაზე, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ და ასევე იმაზეც, ჰქონდა თუ არა ადგილი სასულიერო პირების მხრიდან მოსწავლეების მიმართ მუქარასა და ზეწოლას.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარე მობილობის შედეგები დღეს, 8 თებერვალს, გახდება ცნობილი.
განათლების ხარისხის განვითარების ელექტრონული პორტალის მონაცემებით 2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 25 ვაკანტური ადგილი: 22 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის, 1 – დოქტორანტურისა და 2 – ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. მობილობაზე სულ შევიდა 50 განაცხადი: 46 განაცხადი – ბაკალავრიატის, 1- დოქტორანტურისა და 3 – ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. ყველაზე მაღალი კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზეა, სადაც გამოცხადებული იყო სამი ვაკანტური ადგილი, ხოლო განაცხადების რაოდენობაა 11.
ბათუმის საზღვაო აკადემიაში 134 ვაკანტურ ადგილზე (110 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის და 24 – მაგისტრატურის პროგრამაზე) დარეგისტრირდა 19 განაცხადი. ყველა განაცხადი ბაკალავრიატის პროგრამაზეა. ყველაზე მოთხოვნადი იყო საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტურ ადგილზე 9 განაცხადით.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში წარმოდგენილ 47 ვაკანტურ ადგილზე (40 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის და 7 – მაგისტრატურის პროგრამაზე) 10 განაცხადი (ყველა განაცხადი ბაკალავრიატის პროგრამაზე) დაფიქსირდა.
მობილობის მსურველად დარეგისტრირება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, განათლების ხარისხის განვითარების ელექტრონულ პორტალზე. მობილობის პროცესი ხორციელდება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის რეგისტრაცია 2016 4 თებერვლამდე შეეძლოთ.
„მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ დღეს რვა თებერვალს, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოს და აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიას და უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა. ტარიელ ნაკაიძემ განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შეიტანა.
როგორც „მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პეტიციას მეჩეთის მშენებლობის შესახებ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა და სხვა მუსლიმმა სასულიერო პირებმა მოაწერეს ხელი:
„ვითხოვთ ტერიტორიის გამოყოფას ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის და შემდეგ მშენებლობის ნებართვას. ადგილი ქალაქის ტერიტორიაზე გვინდა რომ გამოიყოს. გვაქვს სავარაუდო ადგილებიც მინიშნებული, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, აღმაშენებელის დასახლება და ან ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე“-გვეუბნება ტარიელ ნაკაიძე.
ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“ მეჩეთის აშენების თაობაზე ხელმოწერებს აგროვებდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით კვაჭაძეს უმაღლეს საბჭოში კენჭი ხელახლა უნდა უყარონ. თუ კანდიდატურა ისევ ვერ გავიდა, მაშინ მესამედაც. უსკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი უმაღლეს საბჭოში კანდიდატურის წარდგენიდან 14 სამუშაო დღეში უნდა გადაწყდეს. დავით კვაჭაძის შემთხვევაში ეს ვადა 18 თებერვალს იწურება.
4 თებერვლის სხდომაზე დავით კვაჭაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. გადაწყვეტილების მისაღებად 11 ხმა იყო საჭირო, კენჭისყრაში კი 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.
დავით კვაჭაძე
„სამჯერ კენჭისყრის შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ კვლავ არ დაამტკიცა დავით კვაჭაძის კანდიდატურა, მაშინ აჭარის მთავრობა ხელახლა ორ კანდიდატს წარუდგენს უმაღლეს საბჭოს, იმ წევრებიდან, რომლებიც აჭარის მთავრობას უსკოს საკონკურსო კომისიამ წარუდგინა“- გვუბნება უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კიმისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე.
ამ ორ კანდიდატს შორის შესაძლებელია იყოს დავით კვაჭაძეც, ან არ იყოს. თუმცა, იურისტები როგორც მთავრობაში, ასევე უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონის მუხლები, რომლებიც თავმჯდომარის არჩევას ეხება, ბუნდოვანია.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო არც დავით კვაჭაძეს დაუჭერს მხარს და არც შემდეგ წარდგენილ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთს, მაშინ უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლდ კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.
არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა 29 იანვარს წარუდგინა. მთავრობის თავმჯდომარემ დავით კვაჭაძე სამ კანდიდატს შორის შეარჩია. მათ შორის ერთი – პაატა ჯალაღონია მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – დავით ქარცივაძე კი, ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში.
აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო სხდომა უახლოეს დღეებში დანიშნული არ არის, თუმცა როგორც თემურ კახიძე ამბობს, ხელმეორე კენჭისყრისთვის რიგგარეშე სხდომა დაინიშნება.
უკვე მეოთხე წელია ბათუმის მერია „იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს” პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. იაფი სახლი სოციალური სახლის ერთ-ერთი სახეობაა და ყველ ქვეყანაში მას, ეროვნული კანონმდებლის შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განმარტავენ. იაფი ანუ სოციალური სახლის მშენებლობის იდეა თავისთავად კეთილშობილურია – სახლი ექნება მას, ვისაც საბაზრო ღირებულების გადახდა არ შეუძლია ან მას, ვინც არასათანადო გარემოში ცხოვრობს და თანხას საერთოდ ვერ გადაიხდის. ბათუმის მერიის სამიზნე პირველი კატეგორიაა ანუ ისინი, ვინც ნაქირავებში ცხოვრობენ, აქვთ შემოსავალი, მაგრამ არა ისეთი, რომ კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდეთ.
ბათუმის მერიის მცდელობა მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან გადაწყვიტა ოთხსართულიანი სახლის მშენებლობა სახურავიდან დაიწყოს – გადახუროს სახურავი, მეოთხე სართული და ასე ჩავიდეს საძირკვლამდე. რატომ შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება? – გიპასუხებთ: იაფი სახლის მშენებლობაზე ერთხელ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, მეორედ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა და საძირკვლის გათხრა დაიწყო. ბათუმის მერიას ერთი სული აქვს, ეს თავსატეხი მოიშოროს – სახლი გეგმის მიხედვით, რამდენიმე თვეში ჩაბარდება, მაგრამ ვისთვის აშენებს ამ სახლს, ჯერ არც მერიამ იცის და, შესაბამისად, არც პოტენციურმა მეპატრონემ – ამ დროისთვის ბენეფიციართა კრიტერიუმები და შეთანხმებული პრინციპები არ არსებობს. ბათუმის მერიამ დაახლოებით 9 თვის წინ შექმნა კომისია, რომელიც ამ კრიტერიუმების დადგენაზე იმუშავებდა.
წესით, ჯერ კრიტერიუმები უნდა დაედგინათ, ტენდერი შემდეგ გამოეცხადებინათ.
ტენდერის პირობებით, სახლს, რომლის ღირებულება 4 430 000 ლარია, ლიფტი არ აქვს. შესაბამისად, ოჯახმა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრი ჰყავს, აუცილებლად პირველ სართულზე უნდა იცხოვროს.
კომისია, რომელმაც კრიტერიუმების დადგენაზე უნდა იმუშაოს, 24-წევრიანია და 9 თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოახერხა შეკრება. ორივეს ვესწრებოდი – კომისიის წევრების უმრავლესობას სოციალური სახლის მშენებლობასთან კი არა, საერთოდ, სახლის აშენებასთან შეხება არ ჰქონია; კომისიაში სოციალური სფეროს წარმომადგენლები თითქმის არ არიან, მას ტენდერის გამოცხადებამდე რომ ემუშავა, ცხადია, ურბანისტები და არქიტექტორების ყოფნასაც აზრი ექნებოდა. სატენდერო პირობები შესაბამისად ჩამოყალიბდებოდა.
ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლებმა კომისიას სამუშაო დოკუმენტი გაუგზავნეს, სადაც ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებია მოცემული, მაგრამ არა მთავარი: რამდენი უნდა იყოს მოქალაქის მინიმალური და მაქსიმალური ანაზღაურება, რომ ამ სახლის ბენეფიციარი გახდეს – 4 წლის განმავლობაში მერიამ ვერ განსაზღვრა თანხა, რაც მომავალმა ბენეფიციარმა გრძელვადიანად უნდა გადაიხადოს. კომისიას არც ბაზრის კვლევის კომპენტეცია აქვს და არც რესურსი.
თავის მხრივ, მიზნობრივი პროგრამა კვლევას უნდა დაფუძნებოდა (საბჭოთა კავშირის დროს ბინათმშენებლობა კვლევის გარეშე ხრუშოვსაც კი არ დაუწყია, სხვა საკითხია იმ ბინების მშენებლობის ხარისხი). არავის გაურკვევია, ბათუმში სოციალური სახლის აშენებაზე იყო მოთხოვნა, თუ იაფ სახლზე. ქალაქში უსახლკაროთა ერთიანი რეესტრი არ არსებობს, არც ის ვიცით, ბათუმში რამდენი ისეთი პირია რეგისტრირებული, რომელიც ნაქირავებში ბოლო 15 წელია ცხოვრობს, აქვს ხელფასი და თან იმდენი, რომ სახლი გამოისყიდოს. ასეთი ძირითადად საჯარო მოხელეები და ბიზნესსექტორში დასაქმებული მოქალაქეები არიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის მერიაში 2000 ოჯახის განცხადებაა შესული თავშესაფრის მოთხოვნით. ისინი დიდი ალბათობით ბათუმის მერიის `იაფი სახლის~ მცხოვრებლები ვერ გახდებიან.
ვთქვათ, ბათუმში ქირით მცხოვრებ ოჯახთა რიცხვი, სულ მცირე, 1000-ია. მერია წელს მხოლოდ 80 მათგანს დააკმაყოფილებს, პროექტი კი ერთწლიანია. ვეკითხები ამ პროექტის ავტორებს: გაუჩნდება თუ არა დანარჩენს, ვინც ამ სახლში ვერ მოხვდება, უსამართლობის განცდა? არა და, ეს პროგრამა რომ გაგრძელდეს, შეექმნება თუ არა პრობლემა სამშენებლო ბიზნესს, რომლის სამიზნე კონტინგენტი საშუალო ფენაა… მერიას აქვს კეთილშობილური სურვილი, აღმოფხვრას პრობლემა, მაგრამ ასე გაუაზრებლად უფრო დიდ პრობლემას შეიქმნის.
ამ პროცესში ყველაზე არასასურველი ყალბი მოლოდინია, არა და, განცხადებებმა (მათ შორის პოლიტიკოსების) ეს ველი ნამდვილად შექმნა, მაგალითად, ასეთმა: `სოციალურად დაუცველების სტატუსის მქონე მოქალაქეებსაც შეუძლიათ და აქვთ მზაობა გადაიხადონ თანხა. თუ მოქალაქეს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ის ამ პროგრამის ბენეფიციარი ვერ გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იაფი სახლის კონცეფცია ირღვევა.
ბათუმის მერიის და საკრებულოს წევრები მივლინებებში ხომ დადიან, საინტერესოა, ასეთი პროექტის ევროპული ან ამერიკული ანალოგით თუ დაინტერესდნენ?!
“მე-20 საუკუნის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოდესმე დადგებოდა საცხოვრისის კრიზისი. აქტიურად შენდებოდა ცათამბჯენები და საცხოვრისი ყველასთვის საკმარისი იყო. ბაზრის ეს სეგმენტი მთლიანად კერძო სექტორით იმართებოდა და სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება არ ჩანდა. ყველაფერი შეიცვალა დიდი დეპრესიის დაწყებისთანავე. სიტუაციის განსატვირთად მთავრობამ დაიწყო იაფი სახლების მშენებლობის სუბსიდირება, მაგრამ ოთხ წელიწადში აშენებული 25 ათასი ბინა როდი იყო საკმარისი. პრეზიდენტ რუზველტის ადმინისტრაციამ სამშენებლო საკითხში სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო. კონგრესმა მიიღო საცხოვრისის აქტი, რომელიც განსაზღვრავდა ღარიბებისთვის საცხოვრისის მშენებლობის პრინციპებს და სოციალური ბინების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებს”, – ეს არის ამონარიდი კოლუმბიის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრის სალომე ნამიჭეიშვილის სახელმძღვანელოდან.
სოციალური სახლები ამერიკაში ახლაც შენდება.
ამით იმის თქმა მინდა, რომ სოციალური სახლების მშენებლობა ყველა ქვეყანაში კანონის მოწესრიგებით დაიწყეს, ბათუმის მერიის “იაფი სახლის” პროგრამა საქართველოსთვის პრეცედენტულია და მსგავსი პროგრამის განხორციელების პროცედურები, კრიტერიუმები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პირობები არ არის გაწერილი. მოწესრიგებული კანონმდებლობის შემთხვევაში, ძირითადად, პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისია ბათუმის მერიაში საჭირო საერთოდ არ გახდებოდა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მარტო ბათუმის მერიის ბრალი არ არის, როცა სახლის აშენება სახურავიდან იწყება.
დღეს რვა თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბუკნარში, იმ ხეებთან რომლის გადატანასაც ბიძინა ივანიშვილი ახალი პარკისთვის გეგმავს, გრძელვადიან მჯდომარე აქციებს იწყებენ.
„დღეს ჩვენ, 30 ადამიანი ვაპროტესტებს ამ ხეების გადატანას ივანიშვილის პარკში. აპირებენ 40 ძირი ხე ტიტას და ორი ცალი ჭაობის კიპაროსის გადატანას. ჩვენ ამ ხეებს ივანიშვილს არ გავატანთ, უკიდურესი ზომები მიღებაც რომ დაგვჭირდეს. აქვე ახლოს არის რკინიგზა თუ საჭირო გახდა, ამ გზასაც გადავკეტავთ“-გვეუბნება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი.
მისი თქმით, ხეებთან მორიგეობა დაწესდება.
200-წლიანი გიგანტური ხეების გადატანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 31 დეკემბრის ბრძანებით ხდება. თუმცა, არჩილ ხაბაძის ბრძანება ორი ერთეული ხის (ჭაობის კიპაროსის ხე) გადატანაზეა გაცემული.
აჭარის მთავრობის ინფორმაცით, ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გააქვთ, რომელიც ოზურგეთში მოეწყობა.
„აჭარაში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება რეგიონში, იქნება ეს პროფესიული გადამზადების საშუალებით თუ სხვა ღონისძიებების განხორციელებით. აღნიშნული დაფინანსება მიემართება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების სააგენტოში“. აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა დასაქმების პროგრამის შედეგების ეფექტიანობის აუდიტი. სააგენტოს პოზიტიური როლის მიუხედავად იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს სააგენტოს უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
ამავე ანგარიშის მიხედვით: „დასაქმების სააგენტოს 2015 წელს არ ჰქონდა შემუშავებული გადამზადების პროგრამის შედეგების შეფასების მექანიზმი. პროგრამაში არ არის გაწერილი დასაქმების მოსალოდნელი მაჩვენებელი, რაც შედეგების მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.
ასევე, უკვე გადამზადებული პირების დასაქმების დონის განსაზღვრის მიზნით სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს.
კერძოდ, მისი ბაზების მიხედვით გადამზადებული 247 მოქალაქიდან დასაქმების მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგნაირად: 2015 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 41% არ არის დასაქმებული, 17% დასაქმებულია, ხოლო 42%-თან დაკავშირება შეუძლებლია იმ მიზეზით, რომ ბენეფიციარების ტელეფონის ნომრები არ არის მითითებული ბაზაში. თუმცა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობა, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არქონის პირობებში, არაზუსტი და გადაჭარბებული იქნებოდა და უფრო მიმართულია შედეგების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით, ვინაიდან შესაძლებელია პირები, რომლებთანაც სააგენტოს განმარტებით „დაკავშირება ვერ ხერხდება“ შესაძლებელია არ იყვნენ დასაქმებულები.
სააგენტომ 2014 წელს განახორციელა მიზნობრივი პროგრამა „შრომის ბაზრის კვლევა“, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლა, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული რეკომენდაციები სააგენტოს უნდა გამოეყენებინა დასაგეგმი, ანუ 2015 წლის გადამზადების პროგრამის დაგეგმვის დროს.
2015 წელს სააგენტომ განახორციელა „პროფესიული გადამზდების“ მიზნობრივი პროგრამა, რომლის დაფინანსება ჯამში განისაზღვრა 100 000 ლარით.
სულ პროგრამის ფარგლებში 250 ბენეფიციარიდან გადამზადდა 247 ბენეფიციარი (3 გაირიცხა) და დაიხარჯა 98 947 ლარი. აქედან სწავლების კურსი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატი მიიღო ბენეფიციარების 80 %-მა.
იმ პროფესიების შერჩევისას, რომელშიც უნდა გადამზადებულიყვნენ ბენეფიციარები სააგენტოს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს გამოყენებული 2014 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები. გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიების და 2014 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დიაგრამის სახით:
ამ დიაგრამიდან ჩანს, რომ გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიებიდან მხოლოდ ორი ემთხვევა შრომის ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ დეფიციტურ და მოთხოვნად პროფესიებს. ესენია: მზარეული და მიმტანი (სარესტორნო საქმის მწარმოებელი).
აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიშში ჩამოთვლილი მოთხოვნადი პროფესიები არ არის სრულად მოცემული. კერძოდ, ჩამონათვალი მთავრდება „და ა.შ.“ ტექსტით, რაც უნდა გულისხმობდეს, რომ კიდევ არსებობს ჩამონათვალი მოთხოვნადი პროფესიებისა, თუმცა კვლევის შედეგებში არ არის აღნიშნული.
სააგენტოს განმარტებით, დანარჩენი პროფესიების, ანუ გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიების აბსოლუტური უმრავლესობის შერჩევა მოხდა მათთან შემოსული ვაკანსიების ანალიზის საფუძველზე.
2015 წელს განხორციელებული „პროფესიული გადამზადების“ პროგრამის მიზანი იყო შრომის ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებულ პროფესიებში ბენეფიციარების გადამზადება. ამ ტიპის პროფესიების შერჩევა კი უნდა მომხდარიყო 2014 წელს განხორციელებული „შრომის ბაზრის კვლევის“ შედეგებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.
აუდიტის რეკომენდაციაა სააგენტომ უზრუნველყოს პროფესიული გადამზადების პროგრამების შეფასების კრიტერიუმების გადახედვა და საბოლოო შედეგების განსაზღვრა, რომელიც იქნება ორიენტირებული სამუშაოს მაძიებლის დასაქმებაზე სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, ასევე პროგრამის განხორციელების პერიოდში ეფექტიანი მონიტორინგი“.
დასაქმების სააგენტოში 2016 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევის მიზნით, განაცხადებების მიღების პარალელურად გასაუბრებაც დაწყებულია.
ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე კვლავ ვერ გაყიდა. ამჯერად ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი იყო. აუქციონი არ შედგა.
აუქციონი არ შედგა მაშინაც, როცა იგივე ქონება სამინისტროს 5 მილიონ 850 ათას აშშ დოლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი [გასული წლის ნოემბერში].
ამჯერად, აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველს შენობაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში სასტუმრო, სამორინე და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტ[ებ]ი უნდა მოეწყო, რაშიც არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
სამინისტროს, აღნიშნული ქონების გაყიდვის პირობებში თავდაპირველად სასტუმროსა და სამორინეს მოწყობა ჩადებული არ ჰქონდა, თუმცა კაზინოს მოწყობის პირობის მიუხედავად, ამ შენობით მაინც არავინ დაინტერესდა.
შენობას, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს გუმბათი მიაშენეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. გუმბათში დამონტაჟებული საათი კი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
ასოციაცია „დეამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „GNNთ ჯგუფთან“ და „სთეფ- ფორვარდთან“ ერთად დაასრულა მუშაობა პროექტზე – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა მონიტორინგის ინსტრუმენტი ინკლუზიური განათლების სფეროში. აღნიშნულ ინსტრუმენტს საფუძვლად დაედო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განვითარების ევროპული სააგენტოს [EADSNE] მიერ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სისტემისათვის შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების მოდელი, ქართული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტების, პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევებისა და შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების პილოტირების შედეგები სამი რეგიონის სკოლამდელ, სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მადონა ხარებავა
გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის დირექტორთან მადონა ხარებავასთან:
ასოციაცია „დეა“ 2004 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გზა ინკლუზიისკენ“, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. პროგრამის ფარგლებში ასოციაციას უკვე რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული. უნდა ითქვას, რომ ინკლუზიური განათლების სისტემის სრულყოფისთვის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეფექტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი ცვლილებები. ამ პროექტის წინაპირობა გახლდათ ისიც, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განვითარების ევროპული სააგენტოს [EADSNE] მიერ 2011 წელს ინკლუზიური განათლების სფეროში ერთიანი საგანმანათლებლო ევროპული სივრცისთვის შეიქმნა მონიტორინგის ინსტრუმენტები და ამდენად, ჩვენ ბუნებრივად მივედით იქამდე, რომ შეგვემუშავებინა საქართველოს ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემისთვის მორგებული მონიტორინგის ინსტრუმენტები. ჩვენ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ინკლუზიური განათლების სფეროში პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად მიმდინარეობს ქვეყნების კულტურული, რელიგიური, წეს – ჩვეულებებისა და სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაციების გათვალისწინებით, ამიტომ საქართველოში მონიტორინგის ინსტრუმენტების ევროპული მოდელის ხელოვნურად გადმოტანა უშედეგო იქნებოდა.
ინსტრუმენტები შემუშავდა საქართველოში ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, პრაქტიკის, რესურსებისა თუ საგანმანათლებლო პროცესების, ჩვენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების, სამ რეგიონში [თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში] საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურზე [სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უნივერსიტეტი] შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების პილოტირების შედეგების გაანალიზებითა და გათვალისწინებით. ევროპული სააგენტოსგან ჩვენ ავიღეთ ევროპული მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და სააგენტოს ანგარიშის გამოყენების ნებართვა, რაც ჩატარებულ საველე კვლევების ანალიზთან ერთად გახდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის საფუძველი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ ასოცირებულ წევრებთან – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებთან – „NNT ჯგუფსა“ და „სთეფ-ფორვარდთან“ ერთად დავიწყეთ მუშაობა მონიტორინგის ინსტრუმენტების შექმნაზე. პროექტში აქტიურად იყო ჩართული ექსპერტი მარტინ როუსი – აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორი შოტლანდიიდან, რომელიც ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა მონიტორინგის ინსტრუმენტების ევროპული მოდელის შემუშავებაში, ჩართულნი იყვენენ ასევე ადგილობრივი ექსპერტები: თამარ მახარაძე და ნინო გოგიჩაძე, რომელთა შრომა და წვლილი მონიტორინგის მოდელის შემუშავების პროცესში უდიდესია და მათ ამ შრომისთვის ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, თუმცა საქართველოში დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი ეფექტური მონიტორინგის სისტემა და არ არსებობს მონიტორინგის ინსტრუმენტები არა მხოლოდ ინკლუზიური განათლების, არამედ, ზოგადად, განათლების სფეროში. ეს იყო სწორედ უმთავრესი გამოწვევა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის და საფუძველი, გნებავთ, მოტივაცია ჩვენი პროექტის განხორციელებისთვის. განათლება, რომელსაც იღებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ან ახალგაზრდა, უნდა იყოს სხვათა თანაბრად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინკლუზიური განათლების სფეროში განათლების ხარისხის ზრდა აპრიორი აისახება ზოგადად განათლების სფეროში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ზრდაზე. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეწყო სკოლამდელი აღზრდის საფეხურიდან, ამდენად, თავისთავად ცხადია, საველე კვლევები და, ზოგადად, კვლევები ჩავატარეთ განათლების ოთხივე საფეხურზე და მონიტორინგის ინსტრუმენტის მოდელიც შევიმუშავეთ ოთხივე საფეხურისთვის. პროექტზე მუშაობისას ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება ოთხივე საფეხურზე სხვადასხვაა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მოსწავლე-ახალგაზრდისთვის, გნებავთ, მოზრდილთათვის თანაბარი შესაძლებლობები. ძირითადი აქცენტი კვლევებისას და მოდელის შემუშავებისას მაინც გავაკეთეთ ზოგად განათლებაზე, ანუ სკოლებზე, თუმცა, ჩვენ მოვახდინეთ ერთიანი მონიტორინგის ინსტრუმენტების მოდიფიცირება და დღეს უკვე ოთხივე საფეხურისთვის გვაქვს შემუშავებული ცალ-ცალკე ინსტრუმენტები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი აისახება ინკლუზიური განათლების სფეროში მომავალში მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებაზე. მიგვაჩნია, რომ ინსტრუმენტები საჭიროებს დახვეწას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებული ინსტრუმენტები იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას შეფასდეს ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული და მიმდინარე პროცესი. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო ასოცირებული ყველა წევრის მიმართ, პარტნიორი ორგანიზაციების, მონიტორინგის ჯგუფების, ექსპერტებისა და პროექტში მონაწილე ყველა სუბიექტის მიმართ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსს ნათია ჯოხაძეს, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს ეკატერინე დგებუაძეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროგრამის დირექტორს მარიკა ზაქარეიშვილს, თამარ ისაკაძეს, რუსუდან ტატიშვილსა და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ყველა თანამშრომელს, რომლებიც პროექტის მიმდინარეობის დროს აქტიურად იყვნენ ჩართულნი და, რაც მთავარია, ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობისთვის.
რამდენიმე თვის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასების სისტემაში ორი კომპონენტი შეიცვალა – სავალდებულო გახდა სალექციო კურსის 50%-ზე დასწრება და უმაღლესი ქულის მოპოვებისთვის ყველა სასემინარო მუშაობაში ჩართვა, როცა ადრე საკმარისი იყო სტუდენტებს მონაწილეობა მიეღოთ სემინარების მხოლოდ მესამედში. ზოგიერთი სტუდენტი ცვლილებებს არაეფექტურად მიიჩნევს, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით კი, უმაღლესი სასწავლებლის აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკებში სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, რაც, მისი აზრით, სტუდენტების სასწავლო პროცესით დაინტერესებაზე მიუთითებს.
„უნივერსიტეტში უფრო მრავალფეროვანი გახდა შეფასების მეთოდებიც, თუ ადრე სემინარზე ძირითადად ზეპირი გამოკითხვა გამოიყენებოდა, ახლა იგი რეფერატს, ქვიზს, წერით და ზეპირ სამუშაოებსაც მოიცავს. ვფიქრობ, ამ ფაქტორმაც იმუშავა და დააინტერესა სტუდენტები“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.
ზოგიერთი სტუდენტი კი მიიჩნევს, რომ შეფასების მეთოდების მრავალფეროვნება მხოლოდ ფორმალობაა, რეალურად კი ლექტორები სტუდენტების გამოსაკითხად კვლავ ძველ მეთოდებს იყენებენ. „შეუძლებელია სტუდენტი ყველა სემინარს დაესწროს, ასეც რომ იყოს, ყველას მიზანია ყველა სემინარზე მიიღოს შეფასება, მაგრამ სემინარზე გამოკითხვის მეთოდი უმეტესად მაინც ვერბალურია და ლექტორს თითოეული მათგანის გამოსაკითხად დრო ფიზიკურად არ ეყოფა“, – ამბობს ბსუ-ს მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი ჯაფარიძე.
სტუდენტური გაერთიანება – „ბსუ კულისებში“ უნივერსიტეტში არსებული სიტუაციის ანალიზისა და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის ონლაინგამოკითხვას აწარმოებს. გამოკითხვის ერთ-ერთი ავტორის დავით ფარტენაძის თქმით, კითხვაზე, თუ რა მეთოდებს იყენებენ ყველაზე ხშირად ლექტორები სემინარის დროს, გამოკითხული 200 სტუდენტიდან დაახლოებით 75% ვერბალურ ანუ ზეპირ მეთოდს ასახელებს.
„სილაბუსებში ყველამ გაწერა გამოკითხვის სხვადასხვა მეთოდი, პრეზენტაციები, ქვიზები, სიტუაციური თამაშები, მაგრამ იშვიათად ხდება ამ ახალი მეთოდებით გამოკითხვა. მე, მაგალითად, სიმულაციური თამაში ამ სემესტრში არ მქონია და ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ეს“, – ამბობს ირაკლი ჯაფარიძე. მისივე თქმით, ზეპირი გამოკითხვების შემდეგ, ლექტორები შეფასების მეთოდებად ყველაზე ხშირად პრეზენტაციებსა და შედარებით უფრო იშვიათად – ქვიზებს იყენებენ.
მერაბ ხალვაშის შეფასებით, სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი ნაწილობრივ ისიც არის, რომ ბსუ-ში სწავლა გართულდა: „ძალიან კარგია, რომ ასეა. ჩვენთან სწავლა შედარებით მარტივი იყო. როცა 15 თემიდან მხოლოდ 5 თემას მოამზადებ და ფრიადს მიიღებ, ეს ნიშნავს, რომ სწავლა მარტივია. კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო მეტმა სტუდენტმა მიაკითხა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს. პრობლემა კომპლექსურია. შეფასების უფრო მოქნილი სისტემა, ლექციების 50%-ზე დასწრება და ქვიზების [გამოკითხვის ფორმა] სისტემის შემოღება ერთ-ერთ მექანიზმად გამოვიყენეთ, მაგრამ ჩვენ სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებაზე უნდა ვიზრუნიოთ, რადგან რამდენიმე მიმართულებით ამის სერიოზული პრობლემა არსებობს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
სტუდენტების უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ ლექციებზე სტუდენტთა არ დასწრების მიზეზი უინტერესო ლექციებია. „თუ ჩვენ გვავალდებულებენ, რომ დავესწროთ ყველა საგანში სალექციო კურსის 50%-ზე მეტს, მაშინ შესაბამისი ხარისხის ლექციაც უნდა დაგვახვედრონ. თუ უნივერსიტეტში იქნება განათლების მაღალი დონე, აღარ იქნება დამატებითი ვალდებულებების შემოტანის აუცილებლობა“, – ამბობს მარკეტინგის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი დავით ფარტენაძე. “მთავარი მოტივი ამ ცვლილებისა იყო ლექციებსა და სემინარებზე სკამებისა და ადგილების შევსება და არა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება“, – მიიჩნევს ის.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი საკმარისი რაოდენობის ლექციას არ დაესწრება, მიუხედავად სემინარული აქტივობებისა, იგი გამოცდაზე არ დაიშვება, თუმცა ადმინისტაციამ გამონაკლისი დაუშვა. „იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან დასაქმებული, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში საშუალება ეძლევათ კონსულტაციის რეჟიმში მივიდნენ პროფესორ/მასწავლებლებთან და გაიარონ ის საათები, რომლებსაც სამსახურის გამო ვერ დაესწრნენ“, – განმარტავს მერაბ ხალვაში.
ფსიქოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ქიქავაც ამჩნევს, რომ ბოლო დროს სტუდენტები ლექციებს ესწრებიან, თუმცა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციამ ცვლილების ფორმულირებისას შეცდომა დაუშვა, როცა ლექციებზე დასწრების მოტივაციად ნეგატიური კონტექსტი გამოიყენა: „სტუდენტები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დაესწრონ ლექციების იმ რაოდენობას, რასაც უნივერსიტეტის სისტემა მოითხოვს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა გაცდენებში კი არ დაწერილიყო „არები“ [რის გამოც ისინი არ დაიშვებიან გამოცდაზე], არამედ დასწრების სანაცვლოდ მიეღოთ ქულები და ამით წახალისებულიყვნენ. ამ შემთხვევაში ახალ რეგულაციას სტუდენტების ასეთი უკმაყოფილება არ მოჰყვებოდა“.
ბსუ-ს მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი ბაგრატიონი მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგი სტუდენტების გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოჩვენებითია: „ის, რასაც ეს რეფორმა ებრძვის, არ წარმოადგენს პრობლემის სათავეს და ეს ცვლილება ემსახურება უნივერსიტეტში არსებული პრობლემის, ამ შემთხვევაში, ლექციების დაბალი ხარისხის გადაფარვას და წარმოსახვითი მდგომარეობის შექმნას. „რეფორმა“ ებრძვის პრობლემის შედეგს და არა პრობლემას.“
ლექციებზე სტუდენტების მოსაზიდად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლების განმავლობაში სხვადასხვა მექანიზმს მიმართავდა. დაახლოებით 10 წლის წინ ბსუ-ში გაცდენებზე ფულადი ჯარიმის ამოქმედებაც კი სცადეს, თუმცა მალევე გააუქმეს.
სტუდენტების მიერ ლექციების გაცდენის საკითხი მხოლოდ ქართული უნივერსიტეტების პრობლემა როდია. რამდენიმე წლის წინ მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამავე უნივერსიტეტში ყოველი ოთხი სტუდენტიდან სამი ლექციების დაახლოებით 75%-ს ესწრებოდა.
გამოკითხული სტუდენტების უმეტესობამ ლექციების გაცდენის ძირითად მიზეზად ლექციების ხარისხი დაასახელა.
ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობს ლექციებზე დასწრების ორივე ფორმის პრაქტიკა – სავალდებულო და თავისუფალიც. დასწრების ფორმა კონკრეტულ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზეა დამოკიდებული.
15 იანვარს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა. მინისტრმა მაშინ თქვა, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა სისტემური ცვლილებები, თუმცა მინისტრის განცხადებიდან ორ კვირაში ირკვევა, რომ ქვეყნის რეგიონებში, ანუ არსებული პოლიციის რეგიონული 10 დეპარტამენტიდან, მხოლოდ სამში – აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში შეიცვალა დირექტორი.
ყველაზე ხმაურიანი ცვლილება მაინც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა – ამ დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, 30 წლის ბესიკ ამირანაშვილი, შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
აჭარაში გადმოსვლამდე ბესიკ ამირანაშვილი კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ზოგადი ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობზე ინიშნებოდნენ პირები, რომლებმაც კარიერა კახეთის რეგიონში დაიწყეს. ქართული მედია მაშინდელ შს სამინისტროს საკადრო პოლიტიკას ხშირად უკავშირებდა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს.
თუმცა, ბესიკ ამირანაშვილმა პრემიერის გადადგომის შემდეგ არამხოლოდ შეძლო თანამდებობის შენარჩუნება, არამედ დაწინაურდა კიდეც.
ბესიკ ამირანაშვილი თავისი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობს – 2014 წლის შემდეგ სესხის სახით ამ ბანკიდან 55 ათასი დოლარი სესხი აქვს აღებული. მინისტრის მოადგილეს ამ თანხით თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, 106 კვადრატული მეტრი ბინა და 40 კვადრატულ მეტრამდე ორი ავტოფარეხი შეუძენია.
კახეთის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის დროს ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობრივი სარგო 96 345 ლარი ანუ თვეში 8 ათასი ლარი იყო.
ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობაზე აჭარაში შეცვალა ასევ 30 წლის ლაშა გოგნიაშვილმა. ლაშა გოგნიაშვილი ბათუმში სამუშაოდ 2015 წელს იმერეთიდან გადმოვიდა, სადაც ის ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო; ბათუმშიც ქალაქის პოლიციის უფროსად დაინიშნა.
2012 წელს ლაშა გოგნიაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ძალადობაში დაადანაშაულეს. 2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიორგი ბერუაშვილმა განაცხადა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ყვებოდა, რომ ლაშა გოგნიაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.
ლაშა გოგნიაშვილს 2014 წლისთვის უძრავი ქონების სახით 61 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი ჰქონდა თბილისში, ხოლო მის მამას – სახლი ქართლის ერთ-ერთ სოფელში. ლაშა გოგნიაშვილს „საქართველოს ბანკიდან“ სესხის სახით 16 ათასი დოლარი აუღია 2011 წელს.
ბოლო ცვლილებებით გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 39 წლის კახა მურადაშვილი დაინიშნა. 2015 წელს ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი იმავე რეგიონში პროკურორად მუშაობდა. კახა მურადაშვილმა ამ თანამდებობაზე კობა ცერცვაძე შეცვალა, რომელიც ბოლო დროს სკანდალში გაეხვა – ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალა.
სამეგრელო, ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კვლავაც 35 წლის გურამ (გიგა) ზესაშვილი რჩება. ის სამეგრელოს პოლიციაში პირველ პირად 2014 წლიდან მუშაობს. ზოგადად, გიგა ზესაშვილის კარიერა სამეგრელოსთან არის დაკავშირებული, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ამ რეგიონში 2010 წლიდან მუშაობს.
ინტერნეტგამოცემები გურამ ზესაშვილთან დაკავირებით წერენ, რომ ის თბილისში 2012 წელს მიტინგის დარბევაში მონაწილეობდა. საძიებო სისტემაში გურამ ზესაშვილის სახელისა და გვარის მითითების შემდეგ იძებნება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც მისი მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისა თუ მისი შედეგების შესახებ ინტერნეტში არაფერი იძებნება.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიგა ზესაშვილს თუ მისი ოჯახის სხვა წევრებს უძრავი ქონება სამეგრელოში არ გააჩნიათ. გიგა ზესაშვილის მეუღლეს ერთი ბინა ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე აქვს დარეგისტრირებული, ხოლო ორი ბინა თბილისში.
რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ გადადგომაზე განცხადება დაწერა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის 42 წლის დირექტორმა მერაბ ჩიხლაძემაც. თანამდებობაზე მერაბ ჩიხლაძე განცხადების დაწერიდან ხუთ დღეში დააბრუნეს. მერაბ ჩიხლაძე იმ იშვიათ პოლიციელთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებსაც უძრავი ქონება თბილისში არ გააჩნიათ. იმერეთის პოლიციის უფროსს სამი ერთეული უძრავი ქონება აქვს ქუთაისში.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ისევ 32 წლის თეიმურაზ კალანდაძე რჩება. თეიმურაზ კალანდაძე რეგიონულ დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოქალაქე, ვისაც რეგიონული პოლიცია აკავებდა, ცემაში სდებდა ბრალს. თეიმურაზ კალანდაძისთვის სასტიკი საყვედური აქვს გამოცხადებული გენერალურ ინსპექციას ერთ-ერთი პატიმრის მეუღლესთან რომანის გაბმის გამო. გენინსპექციამ კალანდაძის ირგვლივ მოკვლევა სწორედ ამ ქალის განცხადების საფუძველზე დაიწყო და დაადასტურა კიდეც, რომ ქალი არ იტყუებოდა.
ეს არ იყო ბოლო სკანდალი, რაც თეიმურაზ კალანდაძეს უკავშირდება – გასულ წელს კიდევ ერთი სისხლის სამართლის დამნაშავის 17 წლის დამ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას პოლიციის უფროსი გაუპატიურებით ემუქრებოდა. თეიმურაზ კალანდაძე ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.
თეიმურაზ კალანდაძის ოჯახის წევრები – მამა და და სამართალდამცავ უწყებებში მუშაობენ თანამდებობებზე – მამა გიორგი კალანდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ანტიკორუფციული სააგენტოს მართვისა და კონტროლის განყოფილების უფროსია, ხოლო და – ქეთევან კალანდაძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობს ინსპექტორად.
ოჯახს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული აქვს თბილისში არსებული სამი ერთეული უძრავი ქონება. უძრავ ქონებას კალანდაძეების ოჯახი მუნიციპალიტეტებშიც ფლობს.
კახეთში პოლიციის ხელმძღვანელი ისევ 35 წლის გიორგი ბუბუნაური იქნება. ეს პოლიციელი კოლეგებს შორის ერთადერთია, ვისაც საკუთარი მობილურის ნომერი პოლიციის ვებგვერდზე აქვს მითითებული და პასუხობს კიდეც სატელეფონო ზარებს. გიორგი ბუბუნაური კახეთში პოლიციის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც დღევანდელი მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა დატოვა აღნიშნული თანამდებობა.
გიორგი ბუბუნაურის ოჯახი სამ ერთეულ უძრავ ქონებას ფლობს თბილისში _ სახლი, მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი. გიორგი ბუბუნაურს „საქართველოს ბანკში“ სესხის სახით 10 ათასი ლარი აუღია 2015 წელს.
15 იანვრის რეორგანიზაციის პირობებში შეიცვალა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ივანე ზურაბაშვილს 40 წლის დიმიტრი ზურაბიშვილი ჩაენაცვლა.
დიმიტრი ზურაბიშვილი მანამდე, სამი წლის განმავლობაში, იმავე დეპარტამენტში მუშაობდა დეტექტივების სამმართველოს უფროსად, უფრო ადრე კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში – სხვადასხვა თანამდებობაზე.
თანამდებობები შეინარჩუნეს ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა – 37 წლის ლევან კვიციანმა და 42 წლის იაგო საურიმ.
იაგო საური შიდა ქართლში პოლიციის უფროსად 2013-2014 წლებშიც მუშაობდა. მის ხელმძღვანელად ყოფნის დროს დაკავებული მოქალაქეების ცემის ფაქტი დაფიქსირდა. უცნობია, რამდენად უკავშირდებოდა 2014 წელს იაგო საურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ამ სკანდალებს.
იაგო საურის ოფიციალურად დარეგისტრირებული ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება – საცხოვრებელი ბინა და საცხოვრებელი სახლი თბილისში. მას, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით არც ერთ ბანკში არ აქვს კრედიტი აღებული.
თავისი კოლეგების უმრავლესობის მსგავსად თბილისშია დაბადებული ლევან კვიციანიც. მას მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს დედაქალაქში.
ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სახლების გადასახურად დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად ქედის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, ანუ ლითონის ფურცლების შესაძენად, საჭირო თანხა არ გაუთვალისწინებია. ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ლითონის ფურცლების შესაძენად პროგრამის შემუშავებას ფიქრობდნენ, თუმცა საჭირო თანხა (გამგეობის გათვლით დაახლოებით 100 000 ლარი) ვერ გამონახეს.
გასულ წელთან შედარებით ქედაში წელს ერთით ნაკლები სოციალური პროგრამა ხორციელდება. გამგეობის მიერ შემუშავებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხრა სოციალური პროგრამის განსახორციელებლად 2016 წელს აქ 207 910 ლარია გაწერილი, რაც გასული წლის სოციალური პროგრამების დაფინანსებასთან შედარებით 31 000 ლარით ნაკლებია.
დავით თედორაძე ამბობს, რომ სახურავების გარდა ქედაში მოსახლეობა ყველაზე ხშირად მკურნალობისა და მგზავრობის დაფინანსებას ითხოვს.
„საყოველთაო დაზღვევა მკურნალობას გარკვეული პროცენტით აფინანსებს, მოსახლეობის ნაწილი დარჩენილი თანხის, ნაწილი კი მგზავრობის დაფინანსებას მოითხოვს, მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამებით მკურნალობისა და ტრანსპორტირების ხარჯები არ ფინანსდება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც უშუალოდ პროგრამით არის გაწერილი“, – ამბობს დავით თედორაძე და დასძენს, რომ წელს ახალი პროგრამა მოქმედებს. – „ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით გასულ წელს ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა გვქონდა, რომლის ფარგლებში ყოველი ბავშვის შეძენაზე ოჯახს ფინანსურად ვეხმარებოდით. ახლა მთის კანონი შევიდა ძალაში – აღნიშნული დახმარება ამ კანონით არის გაწერილი, შესაბამისად, გაორება რომ არ მოხდეს, ჩვენ ეს პროგრამა ამოვიღეთ. წელს ახალი პროგრამით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ 13 შშმ ბავშვს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით რეაბილიტაციის კურსს გადიან ბათუმში, მგზავრობას ვუფინანსებთ თანმხლებ პირთან ერთად. პროგრამის ბიუჯეტი 8 400 ლარია“.
ქედის მუნიციპალიტეტის მსგავსად სოციალური პროგრამების რაოდენობა შემცირებულია შუახევის მუნიციპალიტეტშიც, სამხედრო სავალდებულო სამსახურში, არასაომარ მდგომარეობაში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამას შუახევის გამგეობა წელს აღარ განახორციელებს. გასულ წელს ამ პროგრამით 18-მა ოჯახმა ისარგებლა და ერთჯერადად დახმარება – 150 ლარი მიიღო.
შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე პროგრამის გაუქმებას ასე ხსნის:
„ასეთი 20 ოჯახი გვყავს, შესაბამისად, გასულ წელს პროგრამა 20 ოჯახზე შევიმუშავეთ. ჩვენ ყველა მათგანს ვაცნობეთ პროგრამის შესახებ და ვუთხარით, დახმარების მისაღებად გამგეობაში შემოეტანათ განაცხადი შესაბამის ცნობასთან ერთად. თუმცა ფინანსური დახმარების მისაღებად მხოლოდ 18-მა მოგვმართა,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.
აღნიშნული პროგრამის გარდა შუახევში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ყოველდღიურად ერთჯერადი კვების უზრუნველყოფის, ყოველ მესამე და მომდევნო შვილის შეძენაზე ერთჯერადი დახმარების, ხუთ და მეტ მცირეწლოვან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების, გაჭირვებულ ოჯახთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი დახმარების, 18-წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარების, დიალეზის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა მოქმედებს.
ზაზა ზოიძის თქმით, პროგრამებით შუახევში მცხოვრები ყველა ის მოქალაქე სარგებლობს, ვინც საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ვინც მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართა. ზაზა ზოიძე იმასაც აღნიშნავს, რომ თუ ვინმე სახელმწიფოსგან უფასოდ მედიკამენტების მიღების სურვილს გამოთქვამს და დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, პროგრამაში გაითვალისწინებენ.
„უფასო სადილის პროგრამა მოთხოვნის შესაბამისად 42 ბენეფიციარზე შევიმუშავეთ, თუმცა ამ დროისთვის 38 ბენეფიციარი გვყავს. თუ ვინმე მოინდომებს უფასო სადილი მიიღოს დღეში ერთხელ და პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პროგრამაში ჩავრთავთ,“ – ამბობს სამსახურის უფროსი.
შუახევშიც მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლების გადახურვას სთხოვს. სოციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე გაზაფხულზე დამატებით ორ სოციალურ პროგრამას განახორციელებენ, რომლის ფარგლებში შშმ ბავშვებს რეაბილიტაციისთვის მგზავრობის თანხას დაუფინანსებენ და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების გადასახურად თუნუქის ფურცლებს შეიძენენ.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებიც რეაბილიტაციის კურს გადიან ბათუმში, გვინდა მგზავრობა დავუფინანსოთ, მუნიციპალიტეტში ასეთი პრობლემის მქონე 36 ბავშვია. ვაზუსტებთ, რომელ სოფლებში ცხოვრობენ და ხარჯს დავითვლით. რაც შეეხება მოთხოვნას სახლის სახურავებთან დაკავშირებით, სახურავით დახმარება შუახევში 50-მდე ოჯახს ესაჭიროება, რისთვისაც დაახლოებით 40 000 ლარია საჭირო. სახურავით დახმარების პროგრამა გასულ წელს გვქონდა, რომლის ფარგლებშიც 2300 ცალი თუნუქის ფურცელი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადავეცით,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.
რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ გასულ წელთან შედარებით 2016 წელს დამატებით ორი სოციალური პროგრამა მოქმედებს.
„გასულ წელს ცხრა სოციალური პროგრამა გვქონდა, წელს იმ პროგრამებს ორი – პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის მგზავრობის დაფინანსების პროგრამა დავამატეთ. პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამით 11 ბენეფიციარი სარგებლობს, ვისაც მსგავსი დახმარება სჭირდება, მომართვიანობის შემთხვევაში პროგრამაში ჩავრთავთ. რაც შეეხება მეორე პროგრამას, მისი მოსარგებლე 40 ბენეფიციარი გვყავს,“ – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი ბულბული აბაშიძე.
სოციალურ პროგრამებზე ხულოში წელს 300 132 ლარია გაწერილი.
ქუთაისის შემდეგ „საქართველოს განვითარების ფონდმა“ რეგიონული წარმომადგენლობა ბათუმში გახსნა. საზეიმო ლენტის გაჭრით ოფისის გახსნის შემდეგ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, ფონდის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო „ინტურისტში“ საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდის აჭარის ფილიალის ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორი გიგა ფარტენაძე იქნება.
გიგა ფარტენაძე ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. ის 2012 წელს „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტის, შემდეგ კი „სტუდენტთა ფედერაციის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე და იქვე აღნიშნა, რომ ფონდი არ არის პოლიტიკური:
„ფონდი არ არის პოლიტიკური, ჯერჯერობით ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ პოლიტიკურ საკითხებზე, და ყველა ის თემა, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, სწორედ პოლიტიკურია“.
მისი თქმით, ფონდის მიზანია სამ თვეში შეიმუშაოს საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარების ხედვა და მიაწოდოს მთავრობას.
„ჩვენი მიზანია სამ თვეში დავდოთ ჩვენი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და ეს ხედვა უნდა მივართვათ ჩვენს მთავრობას, თუ ინებებენ და ამას გააკეთებენ, ჩვენ ტაშს დავუკრავთ და მათ გვერდით დავუდგებით, თუ არ ინებებენ და ამას არ გააკეთებენ, მაშინ სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ასე გაჩერება, ასე გაგრძელება მეტი ნამდვილად არ შეიძლება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, აჭარის წარმომადგენლობა ამ ეტაპზე ბოლო რეგიონული ოფისია, რომელიც საქართველოში გაიხსნა. აჭარის წარმომადგენლობის ოფისს ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ ჰყავს.
პაატა ბურჭულაძე „საქართველოს განვითარების ფონდის“ ბათუმის ოფისთანბათუმის ოფისის გახსნაშეხვედრა სასტუმრო „ინტურისტში“შეხვედრა სასტუმრო „ინტურისტში“
სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განხორციელდება 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. გასაწვევთა რაოდენობა ამ ეტაპზე განისაზღვრა 3183 წვევამდელით, აქედან უშუალოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 1000 წვევამდელს გაიწვევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 720-ით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში – 1020-ით; თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1000-ით, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევთა მაქსიმალური რაოდენობა – 443-ით.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაიწვევენ 18-დან 27-წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მთავრობის დავალებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
ბათუმის მერიის მიერ წვევამდელების სატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანის მომსახურებაზე გამოცხადებულ 39600-ლარიან ტენდერში 9 პრეტედენტი მონაწილეობდა. ხელშეკრულება გაფორმდა ინდ/მეწარმე ლაურა შაქარიანთან, 24 937 ლარზე. ამ ფასად ტენდერში გამარჯვებული ბათუმიდან თბილისში ეტაპობრივად გადაიყვანს წვევამდელებს, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში [ხელშეკრულების მიხედვით სულ 72 რეისი].
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამ, მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს [ჯიპი] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი არ უნდა იყოს ჩინური, რუსული, თურქული ან/და ინდური წარმოების.
შესყიდვის ჯამური ღირებულება – მაქსიმუმ 80 ათასი ლარია [კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, ავტომობილის გადაფორმებისა და ავტომობილის ტელევიზიის მიერ მითითებულ სერვისცენტრში შემოწმების ხარჯების ჩათვლით].
მისაწოდებელი ავტომობილები უნდა იყოს განბაჟებული, გამოშვების წელი – არანაკლებ 2008 წლიდან, ხოლო ავტომობილის ფერი მიწოდებამდე წინასწარ უნდა შეთანხმდეს ტელევიზიასთან.
ტელევიზიისთვის შეთავაზებული ავტომანქანა „არ უნდა იყოს ბუნებრივ აირზე [გაზზე] ნამუშევარი, ნაავარიევი, ძარა უნდა იყოს კოროზიის გარეშე, ძრავის მდგომარეობა-გამართულ ქარხნულ მდგომარეობაში, გადაცემათა კოლოფი გამართულ [ქარხნულ] მდგომარეობაში, ძრავის ზეთის კლება ნორმის ფარგლებში… ავტომანქანაში ზეთი, ფილტრები, სამუხრუჭე ხუნდები და ძრავის ღვედი უნდა იყოს ახალი ან/და ახალშეცვლილი.
ავტომობილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში.
გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.
ქობულეთში, მდინარე ჩოლოქში, მამაკაცის გვამი იპოვეს. მამაკაცს, რომელიც დაბა ოჩხამურის მკვიდრი იყო, მეოთხე დღეა ეძებდნენ.
„ჩვენი ინფორმაციით სანადიროდ იყო წასული და აღარ დაბრუნებულა. მაშველები ეძებდნენ და დღეს მდინარეში, სამწუხაროდ, აღმოაჩინეს გვამი. მდინარესთან ერთ ადგილზე მილია გადებული, იმ დღეს ცუდი ამინდი იყო და წყალიც ადიდებული, სავარაუდოდ ფეხი დაუცდა და ვეღარ შეძლო თავის გადარჩენა. თუმცა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ფაქტზე საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბათუმში, ასლან აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას, ამწეზე მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამწე ელექტროგადამცემ ხაზს გამოედო და მამაკაცს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. ჩვენივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აწ უკვე გარდაცვლილი, ინტერნეტის ხაზის გაყვანაზე მუშაობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დაირღვა ელექტროგადამცემ ხაზებთან არსებული დაცვის ზონა.
გარდაცვლილის ცხედარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიტანა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
6 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ორსართულიანი სახლი, რომლის მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი.
ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მაშინ მოხერხდა, როცა ის უკვე სახლის მეორე სართულსაც იყო მოდებული. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი სტრუქტურები ადგენენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, დადგინდება გამომწვევი მიზეზები, ვითარებას შეისწავლის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურიც, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად.
დასაქმების სააგენტოს 2016 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევის მიზნით, განაცხადების მიღების პარალელურად გასაუბრებაც დაიწყო. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 5 თებერვლის მდგომარეობით სულ შესულია 80 განაცხადი. გასაუბრება აჭარის დასაქმების სააგენტოში ტარდება.
სააგენტოს ინფორმაციით „გასაუბრება ჩატარდება დღეჩაგდებით, 10-10 აპლიკანტისთვის. პროგრამისთვის საბოლოოდ 120 ბენეფიციარი უნდა შეირჩეს, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობაში გადამზადდებიან, შეისწავლიან უცხო ენებს [რუსული, ინგლისური] და გაივლიან საწარმოო პრაქტიკის 2-თვიან კურსს.
განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გრძელდება, ადგილები შეზღუდულია“.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს შემდეგ მისამართებზე: ბათუმი – ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. მობ: (+995 558) 793 585
ქობულეთი – დავით აღმაშენებლის ქუჩა #141. მობ: (+995 577) 278 706.
ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა [პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, პედაგოგებისა და ექიმების გარდა] უნდა მიმართოსშესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს. აღსანიშნავია, რომ სტატუსს მიანიჭებენ მხოლოდ იმას, ვინც რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში.
ამასთან პირი ერთი წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან მეტი ხნით, ფაქტობრივად, აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს ამავე დასახლებაში.
სტატუსის მინიჭების წესი და მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო.
მაღალმთიან დასახლებაში 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი, ორი წლის განმავლობაში – 200 ლარი. დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.
რაც შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იმ პირებს, რომლებიც ხელფასს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იღებენ, ჩვეულებრივად დაექვითებათ საშემოსავლო გადასახადი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ასეთი გამონაკლისები არიან მრავალშვილიანები, რომელთა კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი, თუმცა მათთვის ეს შეღავათი „მთის კანონის“ ამოქმედებას არ უკავშირდება და ამ კანონის მიღებამდე ისედაც მოქმედებდა. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის მიერ ამავე დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.
რაც შეეხება იმ პირს, რომლის კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი, საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მთელი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.
„მთის კანონით“ კი, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, შემდეგი შეღავათი დაწესდა: მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან. ეს შეღავათი ამოქმედდა 2016 წლის პირველი იანვრიდან, თუმცა ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ `არ იბეგრება პირის მიერ იმავე დასახლებაში, სადაც სტატუსი მიენიჭა, მიღებული 6 000 ლარამდე შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა~ [ანუ, თუ ეს პირი საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც იღებს ხელფასს, მისი ხელფასი ჩვეულებრივად დაიბეგრება. ასევე, დაიბეგრება მისი სხვა შემოსავლები 6 ათას ლარს ზემოთ, თუმცა ამ შემოსავლებში არ აისახება ხელფასი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციისგან აქვს მიღებული].
მაღალმთიან დასახლებაში [თუმცა არა „მთის კანონით“], საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ნოტარიუსის მიერ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისგან“ ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალიც [ამოქმედდა 2016 წლის 20 იანვრიდან].
ეს აღსანიშნავია იმიტომ, რომ თუ მაღალმთიან დასახლებაში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი – უმაღლესი შეღავათი.
2016 წლის პირველი იანვრიდან, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები არც ერთი პირი [ვისაც აქვს შესაბამისი სტატუსი] მის საკუთრებაში არსებულ, ოღონდ ამავე დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე აღარ გადაიხდის ქონების გადასახადს.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ექიმებს, ექთნებს, მასწავლებლებს [ასევე მწვრთნელებს], ისინი შეღავათებით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ: მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით; სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს – დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით [თუმცა ეს მასწავლებლები არ უნდა იღებდნენ ზემოთ აღნიშნულ 35%-იან დანამატს]; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი, ხოლო ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის იქნება – პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისთვის – პენსიის ოდენობით.
კანონით, 2016 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ვაუჩერებიც უნდა გაზრდოდათ, თუმცა „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ ვაუჩერი ახალი სასწავლო წლიდან ანუ სექტემბრიდან გაიზრდება.
„მთის კანონით“ მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასევე გათბობით. თუმცა რას მოიცავს ეს შეღავათი, ჯერ დაზუსტებული არ არის. ზამთრის პერიოდში [შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით] მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფომ 2016 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებს კი მომავალი წლიდან მიიღებენ. აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.
„მთის კანონით“ მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე ფიზიკური პირები და საწარმოები თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან 10 წლის ვადით [ეს შეღავათიც ამოქმედდა 2016 წლის პირველი იანვრიდან]. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს შეღავათი ეხება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ან საწარმოს მიერ ამ სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, მოგებასა და მათ საკუთრებაში არსებულ იმავე დასახლებაში მდებარე ქონებას.
ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მიზნით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან, ხელშეკრულება, 602 ათას 400 ლარზე გააფორმა.
დოკუმენტების მიხედევით, „დაცვამ“ უნდა უზრუნველყოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობების [შენობები, საწყობები, ხე-მცენარეები და ა.შ.] და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ცეცხლსასროლი [სამსახურეობრივი საშტატო] იარაღის გამოყენებით, ასევე არ დაუშვას ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე ავტო-მოტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და ობიექტის ცენტრალურ ალეაში – გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე“.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.
შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა წინა წლებში ანალოგიური მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით, კერძოდ: „სულ სსიპ „ბათუმის ბულვარის დასაცავ ობიექტებზე დასაქმებულ პოლიციელთა რაოდენობა შეადგენს: ერთი დაცვის განყოფილების უფროსი, სახელფასო განაკვეთით თვეში – 1700 ლარი; ერთი უფროსი ინსპექტორი – 1000 ლარი; სამი ინსპექტორი – 900 ლარი და 64 უმცროსი ინსპექტორი, თითოეულის სახელფასო განაკვეთით თვეში – 700 ლარი“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
დეპარტამენტმა ბულვარის დაცვა 24-საათიან რეჟიმში უნდა უზრუნველყოს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ბაზარზე ახალი საჭიროებების მოთხოვნის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით კრეატიული თუ ნაკლებ კრეატიული იდეა ბევრს ებადება. მათგან დღის სინათლეს მხოლოდ მცირე რაოდენობა ჰპოვებს, სამწუხაროდ იდეების დიდი ნაწილი ჩანასახშივე კვდება. იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესიდეები არ დაიკარგოს და შესაძლებელი გახდეს მისი განხორციელება, აუცილებელია შემდეგი პროცესის თანმიმდევრულად გავლა:
იდეის ფორმირებისათვის აუცილებელია თქვენი ბიზნესიდეებიდან შეირჩეს ისეთი იდეა, რომელიც რეალისტურია და შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
თუ საქმიანობის სფერო ჯერ არ შეგირჩევიათ, გააკეთეთ იდეების შედარებითი შეფასება 1-დან 10-ქულიანი შეფასების სისტემის გამოყენებით (სადაც 1-ცუდია, ხოლო 10-საუკეთესო) ზემოთ მოცემული პარამეტრების შესაბამისად.
ასეთი ანალიზისას რაც მეტ ქულას დააგროვებს ცალკეული ბიზნესიდეა, მით უფრო მომხიბვლელია თქვენთვის.
ბიზნესის სფეროს არჩევისას ყურადღება მიაქციეთ საქმიანობის დასაწყებად საჭირო კაპიტალის მოცულობას. რაც მეტი კაპიტალდაბანდებაა საჭირო, მით მეტ რისკებთანაა დაკავშირებული იდეა.
გააანალიზეთ იდეა, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ერთ მხარეს ჩამოწერეთ ყველა დადებითი ასპექტი, ხოლო მეორე მხარეს – ყველა უარყოფითი მხარე და სირთულე. შეეცადეთ, გააანალიზოთ როგორ გამოასწორებთ უარყოფით მხარეებს და დაძლევთ სირთულეებს. ნუ შეგაშინებთ თქვენ მიერ შერჩეული ბიზნესის ნეგატიური ასპექტები. უმჯობესია, ეს ახლა გააკეთოთ, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაიწყებთ ბიზნესს.
გაესაუბრეთ იმ სფეროში მომუშავე რამდენიმე ადამიანს, რომელშიც საქმის დაწყებას აპირებთ. ჩაინიშნეთ საყურადღებო საკითხები. გააანალიზეთ კონკურენტები, რომლებიც საქმეს თავს კარგად ვერ ართმევენ და ჩამოწერეთ შესაბამისი მიზეზები.
იდეების შეფასებისას ჩართეთ თქვენ გარშემო მყოფი ხალხი, მაგალითად: ოჯახის წევრები, მეგობრები, პოტენციური პარტნიორები, აღნიშნული დაგეხმარებათ იდეა შეაფასოთ ობიექტურად.
დავით არძენაძე
ბიზნესიდეის შერჩევის შემდეგი ეტაპია ბიზნესგეგმის შედგენა. „როგორ შევადგინოთ ბიზნესგეგმა?’’ ამ კითხვას ხშირად სვამენ ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ ახალი ბიზნესის დაწყება ან არსებულის გაფართოება. ყველამ იცის, რომ კარგად შედგენილი ბიზნესგეგმა არის ნებისმიერი საწარმოს წარმატებული განვითარების საწინდარი. საუბარი დავიწყოთ იმით, რომ ბიზნესგეგმა ეს არ არის ,,მონსტრი’’, რომლის შემუშავებაც დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ.
ბიზნესგეგმა არის დოკუმენტი, რომლის შედგენის შემდეგაც ყველა კითხვა, დაკავშირებული თქვენს ბიზნესთან, უნდა იყოს პასუხგაცემული და არ უნდა საჭიროებდეს დამატებით განმარტებებს.
მოცემულ სტატიაში რთულია სრულყოფილად და ამომწურავად ვისაუბროთ ბიზნესგეგმის შედგენის ყველა დეტალზე, თუმცა შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ძირითად რჩევებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ბიზნესგეგმის შედგენისათვის.
დაწერეთ თქვენი ბიზნესგეგმის რეზიუმე
რეზიუმე ერთ გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და მასში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რა არის თქვენს ბიზნესგეგმაში წარმოდგენილი.
ბიზნესგეგმის რეზიუმე ბიზნესის გეგმის დარჩენილი ნაწილისთვის ერთგვარ ფანჯარას წარმოადგენს. ინვესტორი სწორედ ამ რეზიუმეს საფუძველზე გადაწყვეტს, გეგმა საკმარისად საინტერესოა თუ არა მისთვის, რომ ბოლომდე წაიკითხოს. ამიტომ იყავით ლაკონური და ზუსტი, მაგრამ ამავდროულად იყავით რეალისტური და არ დაგავიწყდეთ თქვენი გეგმის ძლიერი მხარეების წარმოჩენა. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ იმ ორგანიზაციებისა ან/და პირების მოხსენიება, რომლებიც გეგმის განვითარებაში დაგეხმარათ. ისინი ბიზნესის განვითარების შემდგომ ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანნი აღმოჩნდნენ!
აღწერეთ ბიზნესიდეა
დეტალურად აღწერეთ თუ რაში მდგომარეობს თქვენი ბიზნესგეგმის მთავარი იდეა: განმარტეთ თუ რა იქნება თქვენი ბიზნესის მთავარი დანიშნულება.
აღწერეთ საქონელი და მომსახურება
ჩამოაყალიბეთ რა სახის საქონლის წარმოებას ან როგორი სახის მომსახურების მიწოდებას გეგმავთ. გამოყავით თქვენი პროდუქციის განსაკუთრებული ნიშან-თვისებები, რომლებიც გამოარჩევს მას კონკურენტებისგან. თუ იგეგმება წარმოებული პროდუქტის შეფუთვა, აღწერეთ შესაფუთი მასალა და შეფუთვის სახეობა, დასაფასოებელი მოცულობა.
გააანალიზეთ სამიზნე ბაზარი
დაახასიათეთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების სავარაუდო მომხმარებელი (მიზნობრივი სეგმენტი); რა მახასიათებლები გააჩნიათ მათ; ასევე მიუთითეთ, იქნებიან ისინი კომპანიები, თუ ფიზიკური პირები.
აღწერეთ ბაზრის ზომა (მაგალითად, არის თუ არა ის მზარდი ბაზარი, არის თუ არა სტაბილური, თუ შეიძლება შეიცვალოს და ა.შ.).
განმარტეთ, თუ ვინ იქნება თქვენი უშუალო კონკურენტი; შეადარეთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების ფასი და ხარისხი კონკურენტების პროდუქტის/მომსახურების ფასს და ხარისხს; გამოყავით თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ის განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან.
შეადგინეთ მარკეტინგული გეგმა
უპასუხეთ კითხვებს: თქვენი მომხმარებლები როგორ შეიტყობენ თქვენი საქონლის შესახებ? რა საშუალებებს გამოიყენებთ (მედია, ბროშურები, რეკლამები, პიარის სხვა მეთოდები) თქვენი მიზნობრივი ბაზრის მოსაზიდად?
დეტალურად იმსჯელეთ თქვენი საქონლის/მომსახურების დისტრიბუციაზე. როგორ შექმნით დისტრიბუციის ქსელს? გამოიყენებთ თუ არა დისტრიბუციის (არსებულ) არხებსა და ქსელებს?
აღწერეთ თქვენი საქონლის ან მომსახურების საწარმოო პროცესი
დეტალურად აღწერეთ პროდუქციის წარმოების ან/და მომსახურების მიწოდების სრული პროცესი, ნედლეულისა თუ მასალების შესყიდვიდან მზა პროდუქციის/მომსახურების მომხმარებლისთვის მიწოდებამდე. აღწერეთ წარმოების ტექნოლოგია. საჭიროების შემთხვევაში წარმოების ციკლის/პროცესის აღწერისას ყურადღება გაამახვილეთ წარმოების სეზონურობაზე (სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის შემთხვევაში – აგროვადებზე). პროცესის აღწერასთან ერთად ჩამოწერეთ ძირითადი საშუალებები (შენობა, მიწა, სხვადასხვა სახის დანადგარი და სხვა) და საბრუნავი საშუალებები (ნედლეული, მასალები), რაც საჭიროა საწარმოო პროცესისათვის. საჭიროების შემთხვევაში მიუთითეთ ინფორმაცია ნედლეულის/მასალის/საბრუნავი საშუალებების, მომწოდებლების შესახებ და დაახასიათეთ აღნიშნული ნედლეული თუ მასალა;
დეტალურად აღწერეთ ბიზნესგეგმით გათვალისწინებული საქმიანობები, ყველა ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისათვის.
აღწერეთ ბიზნესის ორგანიზაციული გეგმა
ამ ნაწილში აღწერილი უნდა იქნას ბიზნესის მართვის სისტემა და საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა (თანამდებობრივი დაქვემდებარება), უნდა განისაზღვროს პერსონალის რაოდენობა და ფუნქცია-მოვალეობები, მათი შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდები.
შეიმუშავეთ ფინანსური გეგმა
ნათლად წარმოადგინეთ თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, რა გჭირდებათ და ზუსტად რა მიზნებისთვის, როგორ გეგმავთ საჭირო კაპიტალის მოპოვებას. აღწერეთ დაგეგმილი შემოსავლები და ხარჯები, დაკავშირებული შემოსავლის მიღებასთან.
გაითვალისწინეთ, რომ გამჭვირვალობა და საიმედოობა გარე დაფინანსებისთვის საუკეთესო საფუძველს ქმნის. თუ დამფინანსებლები 100%-ით დარწმუნებულები არ იქნებიან თქვენსა და თქვენი ინვესტიციის საჭიროებებში, მათ თქვენი დახმარების ნაკლები სურვილი გაუჩნდებათ.
შეაფასეთ რისკები
რისკის შეფასება საჭიროა იმისათვის, რათა ინვესტორს დავანახოთ, რომ რეალურად ვაფასებთ სიტუაციას, წინასწარ შეგვიძლია რისკის განჭვრეტა და შემცირება და რთული სიტუაციებიდან გამოსვლა. აქ მთავარია განვჭვრიტოთ რისკის ტიპები, მათი წყაროები და შევიმუშაოთ დანაკარგების შემცირებების ღონისძიებები.
დაურთეთ დოკუმენტაციები
ბიზნესგეგმას დაურთეთ ყველა ის დოკუმენტაცია და მასალა, რომელიც უკეთ წარმოაჩენს ბიზნესგეგმას და იმოქმედებს ბიზნესის დაფინანსების დადებით გადაწყვეტილებაზე.
და ბოლოს ბიზნესგეგმა უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და იოლად აღქმადი.
P.S. თუ თქვენ გაქვთ კარგი იდეა, შეადგინეთ ბიზნესგეგმა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინებით, მაშინ თამამად შეგიძლიათ მიმართოთ ინვესტორს, მოითხოვოთ დაფინანსება და დაიწყოთ ბიზნესი!
გახსოვდეთ, ბიზნესგეგმა თქვენი სახელმძღვანელოა და მისი ყოველი პუნქტის დაცვა თქვენი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წარმატებებს გისურვებთ!
დავით არძენაძე, ეკონომიკის ექსპერტი
მასალა მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
5 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იონა წითელაძემ აღნიშნა, კომისიის მიზანია მთავრობას შესთავაზოს რეკომენდაციები, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამივე ხეივნის შენარჩუნებას გულისხმობს.
კომისიის სხდომას არ ესწრებოდა ბათუმის ბულვარის დირექტორი, არჩილ კახიძე, რომელსაც უკვე დაწერილი აქვს განცხადება თანამდებობის დატოვებაზე.
არასამთავრობო სექტორიდან სხდომას ესწრებოდნენ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები და საინიციატივო ჯგუფის ერთი წევრი.
სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, კომისიის წევრ გელა ცინცაძის მხრიდან გაჟღერებულ იქნა სარეკომენდაციო იდეა, რომელიც ერთ-ერთ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს.
აღნიშნული ვერსიით, მიმდინარე პერიოდისათვის მხარეებს შორის [ბულვარის ადმინისტრაცია და კომპანია “ЛИТОМ-ი”] გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი 249540,84 ლარის ფარგლებში, რაც ექვემდებარება ბათუმის ბულვარის მიერ ანაზღაურებას. აღნიშნული თანხიდან მე-3 ალეის მიზნებისთვის გახარჯულია 81 000 ლარი, საიდანაც 54 000 ლარი წარმოადგენს მიწის ღირებულებას, ხოლო 27 000 ლარი არის მიწის მომსახურებასთან [გასწორება] დაკავშირებული თანხა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომპანია თანახმაა ეს 27 000 ლარის ანაზღაურება არ მოითხოვოს ბულვარისგან, ხოლო 54 000 ლარი, როგორც მიწის ღირებულება, აუნაზღაურდეს. ბულვარი აღნიშნულ მიწას ვერ გამოიყენებს აღნიშნული პროექტისთვის, თუმცა გამოიყენებს სხვაგან დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად. ხოლო სხვა სამუშაოები აღარ განხორციელდება მე-3 ალეაში მწვანე ბალახის დასაგებად და შესაბამისად არც მისი ღირებულების ანაზღაურება მოუწევს ბულვარს და შევა შესაბამისი ცვლილებები ხელშეკრულებაში, ხოლო მე-3 ალეაზე ფილების დასაგებად საჭირო იქნება ახალი პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვაში ცვლილებების შეტანა, მთავრობისა და შესყიდვების სააგენტოს თანხმობა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს სამუშაოების შესყიდვა, რათა სეზონის დაწყებამდე დასრულდეს სამუშაოები და მესამე ალეაც გაკეთდეს დანარჩენი ორის მსგავსად.
საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი ხიმშიაშვილმა, განაცხადა, რომ საია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაემიჯნა კომისიას. მიგვაჩნია, რომ ამ ფორმატში კომისიის მუშაობა იქნება უბრალოდ დროის დაკარგვა, ვინაიდან ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ჩვენ შეიძლება საბოლოო ჯამში ხეივანი იქ ვეღარ შევინარჩუნოთ. თუ კომისია გააგრძელებს მუშაობას და გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებლად ამ პროცესის მონიტორინგს განვახორციელებთ და საბოლოო შეფასებას, კომისიის გადაწყვეტილებისას, აუცილებლად მოვახდენთ“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნათია ზოიძემ სხდომაზე გაჟღერებულ იდეაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მე სამშაბათს უნდა დავაფიქსირო ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია. ეს იდეა ერთ-ერთი სამართლებრივი გზაა, თუ როგორ გადაწყდეს ეს პრობლემა. თუმცა, ამ კომისიის შექმნა და საერთოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ამ პროცესში ჩართვა, ჩემი აზრით, მოხდა ძალიან გვიან. აქედან გამომდინარე, კითხვაზე – ფინანსურად მოხდება თუ არა ზედმეტი ხარჯის გაწევა – პასუხის გაცემა მთავრობის პრეროგატივაა“.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთვება კომისიის მუშაობაში, ხოლო აღნიშნული იდეა, მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ „ეს პროცესი დაჩქარდეს, მოხდეს კომპანიასთან მოლაპარაკება და შესაბამისად გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელება. თუმცა, როგორ განხორციელდება ყოველივე დოკუმენტურად და როგორ მოხდება ამ ყველაფრის სამართლებივ ჩარჩოებში ჩასმა, ეს სხვა საკითხია“.
საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარის“ წარმომადგენელმა დავით თოფურიძემ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორ და რა გზებით მოახერხებენ, მთავარია სეზონამდე მოასწრონ და გამოასწორონ თავისივე შეცდომა. რაც შეეხება კომისიაში მუშაობას, დავესწრებით უბრალოდ, იმიტომ, რომ თუკი შევძლებთ, დავეხმაროთ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენი, საზოგადოების მოთხოვნა არის, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი; აღდგენის გზები მაგათმა ეძებონ, სამართლებრივი და ფინანსური მხარეებიც მაგათი ვალდებულებაა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ და არ ავიღებთ ჩვენ თავზე. რაც გააფუჭეს, ის გამოასწორონ რაც შიძლება სწრაფად“.
კომისიაზე ითქვა, რომ აჭარის მთავრობა მზად არის ბულვარი მართვაში გადასცეს ბათუმის მერიას, რაზეც ქალაქის მერი ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დასრულებამდე უარს ამბობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჟურნალისტებს თავდაპირველად უარი უთხრეს სხდომაზე დასწრებაზე, თუმცა შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სიტყვიერი რეკომენდაციის საფუძველზე, მაინც დაუშვეს.
არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენა“.
ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია
30 წლის ქალი, რომელიც დღეს, 5 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან გადახტა, შიზოფრენიით იყო დაავადებული – ამის შესახებ „ბათუმელებს“ “მედინაში” უთხრეს.
კლინიკის დირექტორის მოადგილის, ლადო ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტი მათთან ენდოტოქსიური და ჰემორაგიული შოკით ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს. “პაციენტმა 7 იანვარს, “ანგისაზე” – დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. 24 იანვარს, სისხლდენის გამო, ბათუმის სამშობიარო სახლს მიმართა, სადაც მას ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამის შემდეგ გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. მისი მდგომარეობა სამშობიარო სახლში მიმართვამდეც მძიმე იყო. 26-ში მას ჩვენთან ჩაუტარდა ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა), რეანიმაციაში მკურნალობდა 5 დღე, 30-ში კი გადაყვანილი იქნა პალატაში”, – განმარტავს ლადო ურუშაძე.
მისივე თქმით, პაციენტი სტაბილური იყო და ადეკვატურად იქცეოდა: “მას ჰქონდა შიზოფრენია და 2012 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე. იგი ადეკვატური იყო, მაგრამ ასეთი რამ წამიერად ხდება და ძალიან მოულოდნელად მოხდა ეს შემთხვევა.“
გარდაცვლილის ბავშვი ამჟამად ანგისის დასახლებაში მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფება. პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები, თუმცა “ბათუმელების” ინფორმაციით, გარდაცვლილი არ იმყოფებოდა ქორწინებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბათუმში გარდაცვლილი 39 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზად H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა. შესაბამისად, მიმდინარე ეპიდსეზონზე აჭარაში ამ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 5 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 338-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 98 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 18 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 72 ნიმუში, აქედან 48 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p. დადასტურებული შემთხვევებიდან 5 მოთავსებულია რეანიმაციაში, 4 პაციენტი გარდაიცვალა, 39 პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა.
რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა. ინფორმაცია “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შსს კომენტარს არ აკეთებს.
კანონში ზოგადი განათლების შესახებ (მუხლი 213) 2015 წლის დეკემბერში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, პედაგოგობის მსურველებმა უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) პროგრამა. აღნიშნული პროგრამის გავლა სავალდებულოა იმ პირებისთვის, ვისაც დიპლომში არ უწერია რომ სპეციალობით მასწავლებელია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლების გამოცდაზე მასწავლებლობის 700 მაძიებელი დარეგისტრირდა. აჭარის განათლების სამინისტროში, არც რესურსცენტრში და არც სახელმწიფო უნივერსიტეტში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, აჭარაში რამდენი პროფესიით მასწავლებელი ცდილობს სკოლაში მუშაობის დაწყებას და აქედან რამდენი საჭიროებს 60-კრედიტიანი სავალდებულო პროგრამის გავლას. ბათუმში ამ პროგრამის გავლა, სავარაუდოდ, 2 250 ლარი ეღირება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის სოფო ლობჟანიძის განცხადებით, პირს, რომელსაც სურს სკოლაში პედაგოგად მუშაობა, ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის გარდა,
აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი დარგის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი, 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა. ამ პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის.
„აღნიშნული პროგრამა დიდი ხანია არსებობს. მას 12 უნივერსიტეტი ამუშავებს, რომელიც ჩაშენებულია საბაკალავრო კურსში. ეს არის დამატებითი, მაინორ პროგრამა“.
სოფო ლობჟანიძის თქმით, თუ სტუდენტს აქვს გრანტი და მის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, დამატებითი პროგრამის საფასურსაც სახელმწიფო დაუფინანსებს. „უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიეცემა ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი და მასწავლებლობის უფლების სერტიფიკატი ამ პროგრამის გავლის შემდეგ“.
მათ კი, ვისაც აქვთ შესაბამისი დარგის დიპლომი, მაგრამ არ აქვთ გავლილი მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, დამოუკიდებლად მოუწევთ პროგრამის გავლა. „მასწავლებლობის მსურველი როცა აბარებს საგნის გამოცდას ეროვნულ ცენტრში, ამის შემდეგ ის აბარებს მასწავლებლის მომზადების ამ 60-კრედიტიან პროგრამას. ჯერ დაფინანსების საკითხი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ამჟამად სახელმწიფო მუშაობს დეფიციტის გამოვლენაზე და ბიუჯეტიდან მხოლოდ დეფიციტური მიმართულებები დაფინანსდება. დეფიციტურ მიმართულებებზე თვის ბოლოს გვექნება მონაცემები და დაფინანსებაც რანჟირების მიხედვით მოხდება,“ – ამბობს სოფო ლობჟანიძე.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის, მადონა მიქელაძის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტი 60-კრედიტიან ახალ პროგრამაზე მუშაობას დაიწყებს.
მადონა მიქელაძე
„მასწავლებლის მომზადების ახალი, ერთწლიანი პროგრამა ჩვენ მარტის დასაწყისში უნდა წარვადგინოთ აკრედიტაციაზე. იმედი გვაქვს, აკრედიტაციას გავივლით“.
კითხვაზე: მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა, რასაც დღეს გადიან ბაკალავრები, რითი იქნება განსხვავებული იმისგან, რომელსაც ისინი მარტის დასაწყისში წარადგენენ აკრედიტაციისთვის? მადონა მიქელაძე ამბობს: „დღეს მოქმედი პროგრამა ბაკალავრიატის ფარგლებშია მომზადებული, ახალი კი გათვლილი იქნება მათთვის, ვისაც მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი, მაგრამ მასწავლებლის პროგრამა გავლილი არ აქვს. რაღაც ნიუანსები იქნება განსხვავებული, ჯერ სტანდარტი არ არის ჩვენთვის ცნობილი. ამ დეტალებს დავაზუსტებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, როცა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურში გვექნება შეხვედრა“.
მადონა მიქელაძის თქმით, მასწავლებლის მომზადების პროგრამის მიმართ დაინტერესება მაღალია: „პირადად მე სულ ცოტა 60 ზარი მივიღე პედაგოგებისგან, მათ შორის იმ პრაქტიკოსი პედაგოგებისგან, რომლებსაც უნდათ, რომ გაიარონ აღნიშნული პროგრამა. ზუსტი მონაცემი, თუ რამდენ მასწავლებელს არ აქვს გავლილი პროგრამა, არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ დაინტერესება ძალიან დიდი იქნება“.
როგორც სოფო ლობჟანიძე განმარტავს, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სავალდებულო არ იქნება:
„აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მოქმედ მასწავლებლებზე, მათ შორის პრაქტიკოსებზეც. მაგრამ პრაქტიკოსის ვალდებულებაა სქემის ამოქმედებიდან პირველ სამ წელიწადში 5-კრედიტიანი მოდულის გავლა ზოგად დიდაქტიკასა და საგნის სწავლების მეთოდიკაში.“
გარდა ამისა, როგორც სოფო ლობჟანიძე ამბობს, თუ მასწავლებლობის მსურველს ჩაბარებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნის გამოცდა და გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში ის ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით განაწილდება უფროს მასწავლებლად იმ ვალდებულებით, რომ მან ერთი წლის განმავლობაში წარმატებით უნდა გაიაროს გარე საგაკვეთილო დაკვირვება. „სწორედ ამის მერე მიენიჭება მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი“.
რაც შეეხება სწავლის საფასურს, მადონა მიქელაძის თქმით, „განათლების ფაკულტეტზე სწავლა წელიწადში 2 250 ლარი ღირს და ამ პროგრამის საფასურიც ალბათ ამდენივე იქნება“.
განათლების ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ ფაკულტეტზე 100-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლის მომზადების დამატებით პროგრამასაც გადიან.
ბათუმის 26-ე სკოლამ ინკლუზიური ცენტრისთვის ავტობუსის შეძენაზე გამარტივებული ტენდერი 4 თებერვალს მესამედ გამოაცხადა. ამ ეტაპზე ინკლუზიური ცენტრის 40 მოსწავლეს მოძველებული ავტობუსი ემსახურება, რომელიც სატენდერო კომისიის წარმომადგენლის თამარა გოგიშვილის თქმით, ხშირად საჭიროებს შეკეთებასა და სავალი ნაწილების შეცვლას.
ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 25-ადგილიანი [+ 3 ეტლის ადგილით] ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ფასი 150 ათასი ლარია.
„შეძენის თანხა უცვლელად არის 150 000 ლარი, ახალი წლიდან კი დოლარის კურსი ძალიან მერყეობს, ალბათ ამიტომაც გაძნელდა კომპანიების დაინტერესება. გარდა ამისა, ტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები იყო საკმაოდ მკაცრი, თავიდან მაგალითად 30-ადგილიან [+3 ეტლის ადგილით] ავტობუსზე გვქონდა ტენდერი, შემდეგ 5 მოვაკელით. მოთხოვნაში გვაქვს ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც საქართველოში იშვიათად ჩამოაქვთ,“ – ამბობს თამარა გოგიშვილი.
ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ელექტროპანდუსით; მინიმუმ 3 ადგილით ეტლის განთავსებისათვის; უნდა ჰქონდეს სპეციალური სამაგრები, როგორც ეტლისთვის, ასევე ყოველი მგზავრისთვის [ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის]; მძღოლის კაბინა გამოყოფილი უნდა იყოს მგზავრებისგან; უნდა იყოს მაღალი გამავლობის.
„სკოლას ამ დროისთვის დაძველებული ტრანსპორტი ემსახურება, მას უწევს მაღალ ზონაში მოძრაობა… ჩვენს მოსწავლეებს მძღოლი აკითხავს ორთაბათუმში, განთიადში, ერგესა და სხვა სოფლებში. ზოგი ისეთ ადგილას ცხოვრობს რომ, თავად უწევთ ცოტათი ბავშვის ჩამოყვანა, თუმცა ძირითადად მაინც სახლებში აკითხავს მძღოლი,“ – ამბობს თამარა გოგიშვილი.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში 555 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 453 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 14- დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 51 – ნიშანში დგომისთვის, 29 – ტროტუარზე დგომისთვის, 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.
„საქართველოს კანონში შევა ახალი ცნება – „მიუსაფარი ბავშვი“. ამ სტატუსზე იქნება მიბმული მთელი რიგი საჯარო სერვისები. რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება დამოკიდებული მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც ქუჩაში მყოფ ბავშვებს შეეხება. კანონპროექტი 15 იანვარს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. შეცვლის თუ არა სტატუსი ქუჩაში მყოფი ბავშვების ცხოვრებას? ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროგრამის კოორდინატორს ეკა ჯავახიშვილს ესაუბრა.
ქალბატონო ეკა, ახალი სტატუსი კონკრეტულად რას ცვლის ქუჩაში მყოფი ბავშვების ცხოვრებაში?
პირველ რიგში, ამ ბავშვებისთვის უნდა გაიცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩაერთონ სხვადასხვა მომსახურების სერვისებში, მიიღონ არაფორმალური განათლება და გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლეები. მიიღონ ყველა ის სერვისი, რაც ამ ეტაპზე მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მყოფ ბავშვებს მიეწოდება. ამ ბავშვებს ჩავრთავთ არაფორმალურ განათლებაში. ასევე, განათლების სამინისტროს დახმარებით მოხდება მათი შეფასება და შესაბამისი გეგმის მომზადება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ უკვე ფორმალური განათლების პირობებში. ეს დოკუმენტი მათ დაეხმარება იმაში, რომ იყვნენ არამარტო მსმენელები, არამედ ჰქონდეთ ჩვეულებრივ მოსწავლის სტატუსი.
ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს „ბათუმელებთან“ არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვები, რომლებიც ე.წ. „დღის ცენტრებში“ არიან, თითქმის არ ესწრებიან გაკვეთილებს, ის ბავშვებიც კი, რომლებიც სკოლაში დააბრუნეს, ერთი-ორი საათით თუ რჩებიან გაკვეთილებზე, შემდეგ კი ისევ ქუჩაში მიდიან. თუ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ამ პროცესს, მხოლოდ სტატუსი რას შეცვლის?
როცა ამ ბავშვებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექნებათ, ისინი იქნებიან სრულუფლებიანი პირები და სკოლიდან გასვლის შემთხვევაში, თუკი ეჭვი ჩნდება, რომ ისინი შეიძლება იყვნენ რაიმე ანტისაზოგადოებრივ ქცევაში ჩარეული ან ძალადობის მსხვერპლი, პირველი შემტყობინებელი იქნება სკოლა, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი დაიწყებს ამ ბავშვის მოძიებას და თუ საჭირო გახდება, საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება.
იყო საუბარი იმაზე, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვების რესოციალიზაცია რთულად მიმდინარეობს სკოლებში. ისინი ხშირად ბულინგის მსხვერპლიც ხდებიან.
ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების დახმარებით ვმუშაობთ სკოლებთან და თანაკლასელი ბავშვების მშობლებთანაც, მიუსაფარი ბავშვების მიმღებლობა რომ უფრო გაიზარდოს. პროტესტს თავიდან უფრო ჰქონდა ადგილი, რადგან არ ესმოდათ ამ ბავშვების ქცევითი პრობლემები. დღეს ცოტა დასტაბილურებულია სიტუაცია და საფრთხე, რომ ასეთი ბავშვი სკოლაში დაცინვის მსხვერპლი იქნება, მეტ-ნაკლებად დაძლეულია. ქუჩაში მყოფ ბავშვებს პირდაპირ სკოლაში ვერ დავსვამთ, ეს აბსურდია, ამიტომ არსებობს დღის ცენტრები – იქ პროფესიონალების დახმარებით ხდება მათი რესოციალიზაცია. ბავშვს სკოლაში უნდა შეუქმნა შესაბამისი გარემო და ისეთ კლასში უნდა ჩარიცხო, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობს, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ აფასებს ქუჩაში მყოფი ბავშვების პრობლემას, რადგან აქ მხოლოდ სოციალური სიდუხჭირის საკითხი არ დგას – საქმე გვაქვს სხვა პირებთან, რომლებიც ქუჩაში მომუშავე ბავშვებით იღებენ ფინანსურ სარგებელს. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად აქვს სახელმწიფოს ეს პრობლემა გააზრებული?
ჩვენ ვთანამშრომლობთ კრიმინალურ პოლიციასთან, ვცდილობთ გზების გამონახვას, რომლითაც შესაძლებელი იქნება მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ღია ვართ ახალი გამოცდილების გაზიარებისა და მსჯელობისთვის, ასევე ვმუშაობთ გაეროს ბავშვთა ფონდთანაც, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.
ბავშვები, მოზარდები ხშირად მშობლებთან ერთად არიან ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად. იმ მშობლის მიმართ, რომელიც არღვევს ბავშვის უფლებას, რაიმე სანქცია თუ იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან?
როცა ბავშვი ქუჩაში ხვდება, მიზეზი არის დისფუნქციური ოჯახი, რადგან ყველა, ვისაც არ აქვს სოციალური შესაძლებლობა, ქუჩაში არ ხვდება. ამ ბავშვების იდენტიფიცირების პარალელურად, ვმუშაობთ მათი ოჯახების
გაძლიერებაზე. თუ არის დადასტურებული ძალადობის შემთხვევა, ბავშვს მოძალადეს დააშორებენ. მშობელს უჩერდება მშობლის სტატუსი და სოციალური მუშაკი, რომელიც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია, უზრუნველყოფს მისი უფლებების დაცვას. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სოციალურ მუშაკს ეზრდება უფლებამოსილება და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში მას უშუალოდ შეეძლება განაცალკევოს ბავშვი მოძალადისგან, აქამდე საპატრულო პოლიციის ჩართვა გვიხდებოდა. თუ აღსრულებისთვის იქნება რაიმე პროცედურა საჭირო, შემდეგ ჩაერთვება საპატრულო და განისაზღვრება სანქციები მოძალადის მიმართ.
ოჯახის გაძლიერებაში რა იგულისხმება?
სხვადასხვა სოციალური დახმარება, ბავშვი რომ დაბრუნდეს მისთვის საუკეთესო გარემოში, ოჯახში.
როგორია ოფიციალური სტატისტიკა, რამდენ მიუსაფარ ბავშვზეა საუბარი და ახალი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ ამ პროგრამის დაფინანსება თუ გაიზრდება?
2014 წლიდან დღემდე მობილური ჯგუფების მიერ ქუჩაში დაფიქსირებულია 635 ბავშვი. აქედან მომსახურება გაეწია 300-მდე ბავშვს. რაც შეეხება დაფინანსებას, 2016 წლის პროგრამა ჯერ დამტკიცებული არ არის, ამიტომ დაფინანსების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე თბილისში გვაქვს სამი დღის ცენტრი, ორი კრიზისული მომსახურების და ორი ტრანზიტული ცენტრი. ახლა მიდის ცვლილებები ამ მიმართულებით და შესაძლებელია ტრანზიტული მომსახურება კრიზისული მომსახურების ცენტრებად გადაკეთდეს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებაზე უფრო მეტი მოთხოვნაა.
ბათუმს ახალი -№3 სამარშრუტო ხაზი მოემსახურება, რომელსაც №2 სამარშრუტო ხაზის ანალოგიური საწყისი და საბოლოო წერტილები ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს – ”
მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება. კერძოდ, განხორციელდა №2 სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია,” – ნათქვამია განცხადებაში.
განსხვავებით №2 სამარშრუტო ხაზისგან, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა, №3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ადლიის დასახლება – ხიმშიაშვილის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა -მაიკოვსკის ქუჩა -გოგოლის ქუჩა – თამარ მეფის გზატკეცილი – თამარის დასახლება – აფხაზეთის ქუჩა. იგივე უკუმიმართულებით.
მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ მარშრუტებს შორის 13-წუთიანი ინტერვალი იმოქმედებს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ცალკე ხაზის [მიმართულება: „გოროდოკი“ – ბარცხანა – თამარის დასახლება] დანიშვნას ითხოვენ „გოროდოკის“ დასახლებაშიც, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის, პაატა დუმბაძის თქმით, წელს ახალი სამარშრუტო ხაზის დამატება არ იგეგმება.
„ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, არსებული რესურსების გათვალისწინებით მოვახერხეთ ამ მარშრუტის დამატება. ეს მარშრუტიც მოსახლეობის მოთხოვნით, მათი გამოკითხვისა და მარკეტინგული გათვლებიდან გამომდინარე დავნიშნეთ. სამომავლოდ ახალი ავტობუსების შეძენას ვაპირებთ და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შევქმნით ახალ სამარშრუტო ხაზებს, რომლებიც ასევე კომერციულადაც გამართლებული იქნება. წლის ბოლოსთვის ახალი ავტობუსების მიღებას ვგეგმავთ და ვმუშაობთ ამ პროექტზე. სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაემატება ახალი მარშრუტი. თმცა არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია წელსაც მოხდეს,” – ამბობს პაატა დუმბაძე.
ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] დახმარებით აპირებს.
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ცირა ღ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცირა ღ-ს პირადი ჩხრეკისას 25 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით).
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 იანვარს, „აჭარაში მოსული უხვი ნალექის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მუნიციპალიტეტებში პაციენტებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდების პროცესში სამაშველო სამსახურის ბრიგადები ეხმარებოდნენ.
25-27 იანვარს მაშველებმა რეაგირება მოახდინეს 30 გამოძახებაზე, 18 შემთხვევაში კი _ პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია“.