მთავარი,სიახლეები

დასაფინანსებელი კინოპროექტები აჭარაში კონკურსით შეირჩევა

09.02.2016 • 2789
დასაფინანსებელი კინოპროექტები აჭარაში კონკურსით შეირჩევა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთ მხატვრულ და ოთხ დოკუმენტურ ან/და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს შეისყიდის. სამინისტროს განცხადებით,  დაფინანსდება ის კინოპროექტები, რომლებსაც კონკურსში გამარჯვებულად სპეციალური კომისია გამოავლენს.

დაფინანსება პროგრამის – აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა – ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 138 840 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის საკონკურსო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაც [3840 ლარი].

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან დაემატა ახალი კომპონენტი კინო ინდუსტრიის წახალისების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით კინოწარმოების ხელშეწყობა რეგიონში, რაც თავის მხვრივ ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, არამედ კინო პროფესიონალების დასაქმებას რეგიონში, ახალი სამუშაო ადგილებისა და ბიზნეს აქტივობების შექმნას, რეგიონში კინოწარმოებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და არსებული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების გამოყენებას…“ – მიაჩნიათ სამინისტროში, თუმცა პროგრამის განხორციელებას ტენდერის გარეშე აპირებენ.

„სამინისტრო ვერ განახორციელებს დაგეგმილი მომსახურების შესყიდვას ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ვინაიდან, კინოპროექტი წარმოადგენს შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და შერჩევა ხორციელდება სამინისტროსთან არსებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული კომისია კი შედგება ამ სფეროს სპეციალისტებისგან. წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რომელი პროექტი გაიმარჯვებს, რა ტიპის ხარჯები იქნება გათვალისწინებული, რა ვადებში განხორციელდება, რა მოცულობით, კინოგადაღებების მონაწილეთა რაოდენობის დადგენა და ა.შ. არის შეუძლებელი. გამომდინარე აქედან, სამინისტრო უფლებამოსილია დააფინანსოს მხოლოდ ის პროექტი, რომელსაც კომისია შეარჩევს. ამჟამად, კინომწარმოებლების დროითი გეგმა წინასწარ არის გაწერილი მომდევნო წლისთვის, პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია, პროგრამის პირველი ეტაპები [პროგრამის პრომოუშენი, კომისიის შექმნა, კონკურსის გამოცხადება] მოესწროს უმოკლეს ვადებში, რათა დროულად მოხდეს გამარჯვებული პროექტების კომისიის მიერ გამოვლენა და მათი დროში შეფერხების გარეშე წარმოება“ – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში „გაფორმდება რამოდენიმე ხელშეკრულება სხვადსახვა მიმწოდებელთან, რომლებიც გამოვლინდებიან კონკურსის საფუძველზე. მოწოდება განხორციელდება პროექტების შესაბამისად 2016 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე კონკურსი ვერ გამოცხადდება, ვიდრე არ იქნება გადაწყვეტილი შესყიდვა განხორციელდება თუ არა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა შემთხვევაში პროგრამა ვერ განხორციელდება“.

სამინისტრომ თანხმობისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, საიდანაც დადებით ან უარყოფით პასუხს 2016 წლის 12 თებერვლამდე მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: