კვირის ამბები,მთავარი

სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი

08.02.2016 • 2803
სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი

საშობაო არდადეგებიდან გიმნაზიაში დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო ნაწილის გამგე – ნუგზარ ზოსიძე აღარ დახვდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა. მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილებზე შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე გავიდა. სასწავლო პროცესი გიმნაზიაში სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა ისინი ეპისკოპოს სპირიდონს არ შეახვედრეს. მშობლების სასულიერო პირებთან კამათის ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მშობლები სასულიერო პირების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუ რატომ დააყენეს მათი შვილები კედელთან, დაემუქრნენ და უწოდეს თათრები.

კონკრეტულად რის გამო მოუხდა სკოლის დატოვება სასწავლო ნაწილის გამგეს და რა სახით ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა, ნუგზარ ზოსიძე დაზუსტებებისგან თავს იკავებს. 23 იანვარს გაზეთ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნუგზარ ზოსიძემ თქვა, რომ მასზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და წასვლის შესახებ განცხადება სამჯერ დაწერა: „ბავშვებს სასულიერო პირები ეუბნებიან, რომ კბილებს ჩაგიმტვრევთ, ყბას მოგიმტვრევთო, ეს თვითონ ბავშვებმა მითხრეს. ეს ფაქტები მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. საკუთრი თვალით ვნახე, აქციიდან ძალით ბვშვებს როგორ მიათრევდნენ ვითომც დასალაპარაკებლად. და ამ ყველაფერს მე მაბრალებენ – თითქოს ამის უკან მე ვდგავარ და ჩემ უკან კიდევ ვიღაც სხვა. როგორ შემეძლო ეს ანარქია მომეწყო, როცა იქ [გიმნაზიაში] სისხლი ჩავაქციე“.

სასწავლო პროცესი ხიჭაურის გიმნაზიაში უკვე განახლდა. როგორც ჩანს, ეს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის საკმარისი პირობაა, საქმე გაკეთებულად რომ მიიჩნიოს. „ამ წუთას არსებობს რამე პრობლემა? სწავლა ხომ დაიწყო? საპატრიარქოს სამრევლოს სკოლები არ შემოდის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში“, – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლალი როზამაშვილმა. კითხვაზე, ვინ უნდა იცავდეს მოსწავლეს ძალადობისა და მუქარისგან, თუ არა განათლების სამინისტრო, უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით გვიპასუხეს, რომ სამინისტროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დაინტერესდება ხიჭაურის სკოლით.

პრესსამსახურმა ვერ განგვიმარტა, ფაქტიდან 10 დღის განმავლობაში რატომ არ დაიწყო მოკვლევა განათლების სამინისტრომ ან რატომ შეისწავლის სასულიერო პირებისგან სავარაუდო მუქარისა და ღირსების შელახვის შემცველ მიმართვებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. პასუხი ასევე ვერ მივიღეთ კითხვაზე, რა რეაგირებას მოახდენს განათლების სამინისტრო, თუკი სასულიერო პირებისგან მუქარა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე დადასტურდება.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სახელმწიფოს უჭირს ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების კონტროლი: „განათლების სამინისტრო არსებობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კონსტიტუციური უფლება – მიიღოს ხარისხიანი განათლება. ყველა სკოლას, კერძო იქნება იგი თუ საჯარო, ავტორიზაციას აძლევს სახელმწიფო. შესაბამისდ, სახელმწიფო უნდა ინტერესდებოდეს და აკონტროლებდეს მათ, მით უფრო მაშინ, როცა ფულს ჩვენ ვიხდით, მაგრამ სახელმწიფოს უჭირს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების კონტროლი“.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ეკა ჭითანავას არ აქვს მოლოდინი, რომ განათლების სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს: „განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შეისწავლოს რასაც ამ სკოლის მოსწავლეები და მშობლები ყვებიან. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ეს სისტემური პრობლემა და ამას უნდა მოყვეს ძალიან მკაცრი რეაგირება, მაგრამ არ მაქვს ეს მოლოდინი – განათლების სამინისტრო ლოიალურია საპატრიარქოს მიმართ. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისში ათეისტობის გამო მოსწავლის ცემის ფაქტის შეფასების დროს თქვა, რომ ერთეული შემთხვევები ყურადღებამისაქცევი არ არის და ეს არაა პრობლემა. აქედან ჩანს, განათლების სამინისტროს ნებელობა დისკრიმინაციის კუთხით: თუ პრობლემას ვერ ხედავ, არც მის მოგვარებაზე იზრუნებ. რასაც ხიჭაურის სკოლის მოსწავლეები ყვებიან, არ მგონია ერთეული შემთხვევა იყოს. ჩვენ გვქონდა კვლევა გასულ წელს, ოღონდ ხიჭაურის უნივერსიტეტში და დადასტურდა რელიგიური ბულინგის თუ ინდოქტრინაციის არაერთი შემთხვევა“.

ხიჭაურის სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების საჯარო განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ამ ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მოკვლევამდე ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებენ.

გრიგოლ ხანძთელის სახელობის ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიაში უკვე იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ ამბის გასაგებად, აჭარის განათლების სამინისტროს შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე. მან `ბათუმელებს~ უთხრა, რომ მას გიმნაზიის „შიდა საქმეებში“ ჩარევის უფლება არ აქვს:

„ეს საპატრიარქოს სკოლაა. მე გამოძიებას სკოლის შიგნით ვერ ჩავატარებდი, არ მაქვს არანარი აღჭურვილობა და არც გამომძიებელი ვარ, რომ დავადგინო, იყო თუ არა მუქარა. სკოლის ადმინისტრაცია ამ ფაქტებს არ ადასტურებს. მე დედა ბარბარეს შევხვდი, ისაა ახლა სასულიერო გიმნაზიის დირექტორი“.

ხიჭაური

შუახევის რესურსცენტრის დირექტორობამდე ედუარდ გოგრაჭაძე ხიჭაურის სასულიერო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

ერთ-ერთი სასულიერო პირი, ვისაც სკოლის მოსწავლეებმა კედელთან დაყენებასა და და მუქარაში დასდეს ბრალი, დეკანოზი ლაზარე ძნელაძეა. ის ხიჭაურის სკოლის ყოფილი მოძღვარია. დეკანოზი ადასტურებს, რომ მოსწავლეებს შეხვდა, მაგრამ მუქარას უარყოფს. დეკანოზი ლაზარე მოსწავლეების პროტესტს „ბუნტად“ აღიქვამს: „მსგავსი არაფერი ყოფილა, მაჩვენონ ვიდეო, სადაც ეს ჩანს და მე პასუხს ვაგებ. იქ იყო ბუნტი და ამიტომ მივედი, რომ ბავშვებს დავლაპარაკებოდი. მე მათ მოძღვრის გაკვეთილებს ვუტარებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ დეკანოზმა. მან ასევე უარყო მოსწავლეებისთვის თათრების დაძახება. მოგვიანებით დეკანოზმა ლაზარე ძნელაძემ „ბათუმელების“ ინტერნეტგვერდზე ხიჭაურის სკოლის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებში დაწერა: „ისე, ცნობისთვის, ვინც არ იცის, მეუღლე აჭარელი მყავს და ჩემი შვილები ნახევრად აჭარლები არიან“.

ხიჭაურის სკოლაში ყოველდღიურად მოძღვრის გაკვეთილებს მართლმადიდებელი სასულიერო პირები ატარებენ. სკოლის მოსწავლეების თქმით, მოძღვრის გაკვეთილზე დასწრება სავალდებულო არ არის და მას არამართლმადიდებელი მოსწავლეები ინტერესის შემთხვევაში ესწრებიან.

სასულიერო გიმნაზიაში გამოხატული პროტესტის მიუხედავად, სასწავლო ნაწილის გამგედ ნუგზარ ზოსიძე აღარ დაუბრუნებიათ, თუმცა, როგორც ჩანს, მოსწავლეებისა და მშობლების აზრის გათვალისწინება სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს _ სპირიდონს მაინც მოუხდა: მან სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ ამავე გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იოსებ დიასამიძე დანიშნა. გიმნაზიის მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმაციით, ეპისკოპოსი სპირიდონი ამ თანამდებობაზე გიორგი მშვენიერაძის დანიშვნას გეგმავდა, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან გიმნაზიის მართვაში არაფორმალურად – ბრძანების გარეშე მონაწილეობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიორგი მშვენიერაძე ეპისკოპოს სპირიდონთან დაახლოვებული პირია. მისი, ისე როგორც ეპისკოპოსის წარმოშობის ადგილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტია.

ხიჭაურის სასულიერო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ეჭვობდნენ, რომ ეპისკოპოს სპირიდონს ადგილობრივი კადრების ჩანაცვლება სურდა თავისი ახლობლებით. ვინაიდან სკოლის ადგილობრივი პედაგოგი დანიშნეს სასწავლო ნაწილის გამგედ, ახლა ისინი პროტესტის მიზეზს ვეღარ ხედავენ და უმრავლესობამ გაჩუმება არჩია.
მაგული ნაკაშიძე, მშობელი: „მეუფე სპირიდონი არ შეგვხდა იმის მიუხედავად, რომ იქ შეკრებილი ბევრი მშობელი მოვითოხვდით ამას. ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან ნუგზარ ზოსიძემ დაბრუნებზე უარი თქვა. ჩვენთვის პრინციპული იყო, დანიშნულიყო ადგილობრივი კადრი.“

ასლან დიასამიძე, მშობელი: „ქედაში ვცხოვრობ, სოფელ ცხმორისში, 100 მეტრში მაქვს სკოლა, მაგრამ ჩემი შვილი ხიჭაურში დადის, ანუ შუახევში.

პროტესტი გვქონდა იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ და არავის აუხსნია, რატომ გაუშვეს წარმატებული სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე… ზეწოლები იყო ბავშვებზე საპროტესტო აქციების დროს. ბავშვები ყვებიან, კედელთან მიგვაყუდეს მამაოებმაო, დაგიმტვრევთ ყბებსო, გაკვეთილებზე შედითო. მერე შესულან გაკვეთილზე, ადექითო, ახლა დაჯექითო, ჯარში ხომ არ იყვნენ ბავშვები? ეს ერთ და ორ ბავშვს არ უთქვამს, ყველამ თქვა“.

გიმნაზიის მოსწავლეებს სასულიერო პირების მუქარაზე საჯაროდ საუბარი აღარ სურთ: „ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ვაგრძელებთ სწავლას. ეგ აქციები და გამოსვლები იყო ჩვენი გულისტკივილი და მეტი არაფერი. მეც იქ ვიყავი, როცა კედელთან დაგვაყენეს მამაოებმა და… მაგრამ ამის გახსენებას ახლა აზრი აღარ აქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხიჭაურის სკოლის მოსწავლე როენა ზოსიძემ.

მედიასთან საუბარი ასევე არ უნდა გიმნაზიიდან წამოსულ კიდევ ერთ პედაგოგს, რამინ შავაძეს: „რაც ვილაპარაკე, ნეტა, ისიც არ მელაპარაკა… გიდასტურებთ, სასწავლო ნაწილის გამგის – ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას უკავშირდება ჩემი წამოსვლა.“

სკოლაში მომუშავე სასულიერო პირებისგან სავარაუდო მუქარის ფაქტებზე ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. მიუწვდომელია ეპისკოპოსი სპირიდონიც. სახელმწიფოსგან დაფინანსებული სკოლის ეზოში შესვლა აკრძალული აქვთ ჟურნალისტებს. სკოლის ადმინისტრაციამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ადმინისტრაცია მხოლოდ საკადრო ცვლილებებს შეეხო და თქვა, რომ ეს ცვლილებები „უკეთესად ფუნქციონირების მიზანს“ ემსახურება.

შესაბამისად უცნობია, რას ფიქრობს ეპარქიის ეპისკოპოსი მოსწავლეების განცხადებაზე, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ და ასევე იმაზეც, ჰქონდა თუ არა ადგილი სასულიერო პირების მხრიდან მოსწავლეების მიმართ მუქარასა და ზეწოლას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: