Batumelebi | იდეიდან ბიზნესგეგმამდე იდეიდან ბიზნესგეგმამდე – Batumelebi

იდეიდან ბიზნესგეგმამდე

ბაზარზე ახალი საჭიროებების მოთხოვნის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით კრეატიული თუ ნაკლებ კრეატიული იდეა ბევრს ებადება. მათგან დღის სინათლეს მხოლოდ მცირე რაოდენობა ჰპოვებს, სამწუხაროდ იდეების დიდი ნაწილი ჩანასახშივე კვდება. იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესიდეები არ დაიკარგოს და შესაძლებელი გახდეს მისი განხორციელება, აუცილებელია შემდეგი პროცესის თანმიმდევრულად გავლა:

Microsoft Word - ?????-???????? levan gobadze

Microsoft Word - ?????-???????? levan gobadze

იდეის ფორმირებისათვის აუცილებელია თქვენი ბიზნესიდეებიდან შეირჩეს ისეთი იდეა, რომელიც რეალისტურია და შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

თუ საქმიანობის სფერო ჯერ არ შეგირჩევიათ, გააკეთეთ იდეების შედარებითი შეფასება 1-დან 10-ქულიანი შეფასების სისტემის გამოყენებით (სადაც 1-ცუდია, ხოლო 10-საუკეთესო) ზემოთ მოცემული პარამეტრების შესაბამისად.

ასეთი ანალიზისას რაც მეტ ქულას დააგროვებს ცალკეული ბიზნესიდეა, მით უფრო მომხიბვლელია თქვენთვის.

ბიზნესის სფეროს არჩევისას ყურადღება მიაქციეთ საქმიანობის დასაწყებად საჭირო კაპიტალის მოცულობას. რაც მეტი კაპიტალდაბანდებაა საჭირო, მით მეტ რისკებთანაა დაკავშირებული იდეა.

გააანალიზეთ იდეა, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ერთ მხარეს ჩამოწერეთ ყველა დადებითი ასპექტი, ხოლო მეორე მხარეს – ყველა უარყოფითი მხარე და სირთულე. შეეცადეთ, გააანალიზოთ როგორ გამოასწორებთ უარყოფით მხარეებს და დაძლევთ სირთულეებს. ნუ შეგაშინებთ თქვენ მიერ შერჩეული ბიზნესის ნეგატიური ასპექტები. უმჯობესია, ეს ახლა გააკეთოთ, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაიწყებთ ბიზნესს.

გაესაუბრეთ იმ სფეროში მომუშავე რამდენიმე ადამიანს, რომელშიც საქმის დაწყებას აპირებთ.  ჩაინიშნეთ საყურადღებო საკითხები. გააანალიზეთ კონკურენტები, რომლებიც საქმეს თავს კარგად ვერ ართმევენ და ჩამოწერეთ შესაბამისი მიზეზები.

იდეების შეფასებისას ჩართეთ თქვენ გარშემო მყოფი ხალხი, მაგალითად: ოჯახის წევრები, მეგობრები, პოტენციური პარტნიორები, აღნიშნული დაგეხმარებათ იდეა შეაფასოთ ობიექტურად.

დავით არძენაძე

დავით არძენაძე

ბიზნესიდეის შერჩევის შემდეგი ეტაპია ბიზნესგეგმის შედგენა. „როგორ შევადგინოთ ბიზნესგეგმა?’’ ამ კითხვას ხშირად სვამენ ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ ახალი ბიზნესის დაწყება ან არსებულის გაფართოება. ყველამ იცის, რომ კარგად შედგენილი ბიზნესგეგმა არის ნებისმიერი საწარმოს წარმატებული განვითარების საწინდარი. საუბარი დავიწყოთ იმით, რომ ბიზნესგეგმა ეს არ არის ,,მონსტრი’’, რომლის შემუშავებაც დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ.

ბიზნესგეგმა არის დოკუმენტი, რომლის შედგენის შემდეგაც ყველა კითხვა, დაკავშირებული თქვენს ბიზნესთან, უნდა იყოს პასუხგაცემული და არ უნდა საჭიროებდეს დამატებით განმარტებებს.

მოცემულ სტატიაში რთულია სრულყოფილად და ამომწურავად ვისაუბროთ ბიზნესგეგმის შედგენის ყველა დეტალზე, თუმცა შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ძირითად რჩევებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ბიზნესგეგმის შედგენისათვის.

დაწერეთ თქვენი ბიზნესგეგმის რეზიუმე

რეზიუმე ერთ გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და მასში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რა არის თქვენს ბიზნესგეგმაში წარმოდგენილი.

ბიზნესგეგმის რეზიუმე ბიზნესის გეგმის დარჩენილი ნაწილისთვის ერთგვარ ფანჯარას წარმოადგენს. ინვესტორი სწორედ ამ რეზიუმეს საფუძველზე გადაწყვეტს, გეგმა საკმარისად საინტერესოა თუ არა მისთვის, რომ ბოლომდე წაიკითხოს. ამიტომ იყავით ლაკონური და ზუსტი, მაგრამ ამავდროულად იყავით რეალისტური და არ დაგავიწყდეთ თქვენი გეგმის ძლიერი მხარეების წარმოჩენა. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ იმ ორგანიზაციებისა ან/და პირების მოხსენიება, რომლებიც გეგმის განვითარებაში დაგეხმარათ. ისინი ბიზნესის განვითარების შემდგომ ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანნი აღმოჩნდნენ!

აღწერეთ ბიზნესიდეა

დეტალურად აღწერეთ თუ რაში მდგომარეობს თქვენი ბიზნესგეგმის მთავარი იდეა: განმარტეთ თუ რა იქნება თქვენი ბიზნესის მთავარი დანიშნულება.

აღწერეთ საქონელი და მომსახურება

ჩამოაყალიბეთ რა სახის საქონლის წარმოებას ან როგორი სახის მომსახურების მიწოდებას გეგმავთ. გამოყავით თქვენი პროდუქციის განსაკუთრებული ნიშან-თვისებები, რომლებიც გამოარჩევს მას კონკურენტებისგან. თუ იგეგმება წარმოებული პროდუქტის შეფუთვა, აღწერეთ შესაფუთი მასალა და შეფუთვის სახეობა, დასაფასოებელი მოცულობა.

გააანალიზეთ სამიზნე ბაზარი

დაახასიათეთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების სავარაუდო მომხმარებელი (მიზნობრივი სეგმენტი); რა მახასიათებლები გააჩნიათ მათ; ასევე მიუთითეთ, იქნებიან ისინი კომპანიები, თუ ფიზიკური პირები.

აღწერეთ ბაზრის ზომა (მაგალითად, არის თუ არა ის მზარდი ბაზარი, არის თუ არა სტაბილური, თუ შეიძლება შეიცვალოს და ა.შ.).

განმარტეთ, თუ ვინ იქნება თქვენი უშუალო კონკურენტი; შეადარეთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების ფასი და ხარისხი კონკურენტების პროდუქტის/მომსახურების ფასს და ხარისხს; გამოყავით თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ის განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან.

შეადგინეთ მარკეტინგული გეგმა

უპასუხეთ კითხვებს: თქვენი მომხმარებლები როგორ შეიტყობენ თქვენი საქონლის შესახებ? რა საშუალებებს გამოიყენებთ (მედია, ბროშურები, რეკლამები, პიარის სხვა მეთოდები) თქვენი მიზნობრივი ბაზრის მოსაზიდად?

დეტალურად იმსჯელეთ თქვენი საქონლის/მომსახურების დისტრიბუციაზე. როგორ შექმნით დისტრიბუციის ქსელს? გამოიყენებთ თუ არა დისტრიბუციის (არსებულ) არხებსა და ქსელებს?

აღწერეთ თქვენი საქონლის ან მომსახურების საწარმოო პროცესი

დეტალურად აღწერეთ პროდუქციის წარმოების ან/და მომსახურების მიწოდების სრული პროცესი, ნედლეულისა თუ მასალების შესყიდვიდან მზა პროდუქციის/მომსახურების მომხმარებლისთვის მიწოდებამდე. აღწერეთ წარმოების ტექნოლოგია. საჭიროების შემთხვევაში წარმოების ციკლის/პროცესის აღწერისას ყურადღება გაამახვილეთ წარმოების სეზონურობაზე (სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის შემთხვევაში – აგროვადებზე). პროცესის აღწერასთან ერთად ჩამოწერეთ ძირითადი საშუალებები (შენობა, მიწა, სხვადასხვა სახის დანადგარი და სხვა) და საბრუნავი საშუალებები (ნედლეული, მასალები), რაც საჭიროა საწარმოო პროცესისათვის. საჭიროების შემთხვევაში მიუთითეთ ინფორმაცია ნედლეულის/მასალის/საბრუნავი საშუალებების, მომწოდებლების შესახებ და დაახასიათეთ აღნიშნული ნედლეული თუ მასალა;

დეტალურად აღწერეთ ბიზნესგეგმით გათვალისწინებული საქმიანობები, ყველა ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისათვის.

აღწერეთ ბიზნესის ორგანიზაციული გეგმა

ამ ნაწილში აღწერილი უნდა იქნას ბიზნესის მართვის სისტემა და საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა (თანამდებობრივი დაქვემდებარება), უნდა განისაზღვროს პერსონალის რაოდენობა და ფუნქცია-მოვალეობები, მათი შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდები.

შეიმუშავეთ ფინანსური გეგმა

ნათლად წარმოადგინეთ თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, რა გჭირდებათ და ზუსტად რა მიზნებისთვის, როგორ გეგმავთ საჭირო კაპიტალის მოპოვებას. აღწერეთ დაგეგმილი შემოსავლები და ხარჯები, დაკავშირებული შემოსავლის მიღებასთან.

გაითვალისწინეთ, რომ გამჭვირვალობა და საიმედოობა გარე დაფინანსებისთვის საუკეთესო საფუძველს ქმნის. თუ დამფინანსებლები 100%-ით დარწმუნებულები არ იქნებიან თქვენსა და თქვენი ინვესტიციის საჭიროებებში, მათ თქვენი დახმარების ნაკლები სურვილი გაუჩნდებათ.

შეაფასეთ რისკები

რისკის შეფასება საჭიროა იმისათვის, რათა ინვესტორს დავანახოთ, რომ რეალურად ვაფასებთ სიტუაციას, წინასწარ შეგვიძლია რისკის განჭვრეტა და შემცირება და რთული სიტუაციებიდან გამოსვლა. აქ მთავარია განვჭვრიტოთ რისკის ტიპები, მათი წყაროები და შევიმუშაოთ დანაკარგების შემცირებების ღონისძიებები.

დაურთეთ დოკუმენტაციები

ბიზნესგეგმას დაურთეთ ყველა ის დოკუმენტაცია და მასალა, რომელიც უკეთ წარმოაჩენს ბიზნესგეგმას და იმოქმედებს ბიზნესის დაფინანსების დადებით გადაწყვეტილებაზე.

და ბოლოს ბიზნესგეგმა უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და იოლად აღქმადი.

P.S. თუ თქვენ გაქვთ კარგი იდეა, შეადგინეთ ბიზნესგეგმა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინებით, მაშინ თამამად შეგიძლიათ მიმართოთ ინვესტორს, მოითხოვოთ დაფინანსება და დაიწყოთ ბიზნესი!

გახსოვდეთ, ბიზნესგეგმა თქვენი სახელმძღვანელოა და მისი ყოველი პუნქტის დაცვა თქვენი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წარმატებებს გისურვებთ!

დავით არძენაძე,  ეკონომიკის ექსპერტი

ევროკავშირიმასალა  მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
ინტელექტიმისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13, ტელ: 24 16 40;  ფაქსი: 24 16 50 , მობ: 592 57 18 00
ელფოსტა: info@intellect.org.ge;
ვებგვერდი: www.intellect.org.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი