სიახლეები

რატომ გადახტა ქალი საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან

05.02.2016 • 1771
რატომ გადახტა ქალი საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან

30 წლის ქალი, რომელიც დღეს, 5 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან გადახტა, შიზოფრენიით იყო დაავადებული – ამის შესახებ „ბათუმელებს“ “მედინაში” უთხრეს.

კლინიკის დირექტორის მოადგილის, ლადო ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტი მათთან  ენდოტოქსიური და ჰემორაგიული შოკით ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს. “პაციენტმა 7 იანვარს, “ანგისაზე” – დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. 24 იანვარს, სისხლდენის გამო, ბათუმის სამშობიარო სახლს მიმართა, სადაც მას ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამის შემდეგ გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. მისი მდგომარეობა სამშობიარო სახლში მიმართვამდეც მძიმე იყო. 26-ში მას ჩვენთან ჩაუტარდა ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა), რეანიმაციაში მკურნალობდა 5 დღე, 30-ში კი გადაყვანილი იქნა პალატაში”, – განმარტავს ლადო ურუშაძე.

მისივე თქმით, პაციენტი სტაბილური იყო და ადეკვატურად იქცეოდა: “მას ჰქონდა შიზოფრენია და 2012 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე. იგი ადეკვატური იყო, მაგრამ ასეთი რამ წამიერად ხდება და ძალიან მოულოდნელად მოხდა ეს შემთხვევა.“

გარდაცვლილის ბავშვი ამჟამად ანგისის დასახლებაში მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფება. პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები, თუმცა “ბათუმელების” ინფორმაციით, გარდაცვლილი არ იმყოფებოდა ქორწინებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: