ასოციაცია „დეამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „GNNთ ჯგუფთან“ და „სთეფ- ფორვარდთან“ ერთად დაასრულა მუშაობა პროექტზე – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა მონიტორინგის ინსტრუმენტი ინკლუზიური განათლების სფეროში. აღნიშნულ ინსტრუმენტს საფუძვლად დაედო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განვითარების ევროპული სააგენტოს [EADSNE] მიერ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სისტემისათვის შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების მოდელი, ქართული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტების, პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევებისა და შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების პილოტირების შედეგები სამი რეგიონის სკოლამდელ, სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის დირექტორთან მადონა ხარებავასთან:
ქალბატონო მადონა, რამ განაპირობა პროექტის – „უწყვეტი განათლება ინკლუზიით“ განხორციელების აუცილებლობა?
ასოციაცია „დეა“ 2004 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გზა ინკლუზიისკენ“, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. პროგრამის ფარგლებში ასოციაციას უკვე რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული. უნდა ითქვას, რომ ინკლუზიური განათლების სისტემის სრულყოფისთვის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეფექტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი ცვლილებები. ამ პროექტის წინაპირობა გახლდათ ისიც, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განვითარების ევროპული სააგენტოს [EADSNE] მიერ 2011 წელს ინკლუზიური განათლების სფეროში ერთიანი საგანმანათლებლო ევროპული სივრცისთვის შეიქმნა მონიტორინგის ინსტრუმენტები და ამდენად, ჩვენ ბუნებრივად მივედით იქამდე, რომ შეგვემუშავებინა საქართველოს ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემისთვის მორგებული მონიტორინგის ინსტრუმენტები. ჩვენ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ინკლუზიური განათლების სფეროში პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად მიმდინარეობს ქვეყნების კულტურული, რელიგიური, წეს – ჩვეულებებისა და სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაციების გათვალისწინებით, ამიტომ საქართველოში მონიტორინგის ინსტრუმენტების ევროპული მოდელის ხელოვნურად გადმოტანა უშედეგო იქნებოდა.
ინსტრუმენტები შემუშავდა საქართველოში ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, პრაქტიკის, რესურსებისა თუ საგანმანათლებლო პროცესების, ჩვენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების, სამ რეგიონში [თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში] საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურზე [სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უნივერსიტეტი] შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების პილოტირების შედეგების გაანალიზებითა და გათვალისწინებით. ევროპული სააგენტოსგან ჩვენ ავიღეთ ევროპული მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და სააგენტოს ანგარიშის გამოყენების ნებართვა, რაც ჩატარებულ საველე კვლევების ანალიზთან ერთად გახდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის საფუძველი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ ასოცირებულ წევრებთან – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებთან – „NNT ჯგუფსა“ და „სთეფ-ფორვარდთან“ ერთად დავიწყეთ მუშაობა მონიტორინგის ინსტრუმენტების შექმნაზე. პროექტში აქტიურად იყო ჩართული ექსპერტი მარტინ როუსი – აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორი შოტლანდიიდან, რომელიც ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა მონიტორინგის ინსტრუმენტების ევროპული მოდელის შემუშავებაში, ჩართულნი იყვენენ ასევე ადგილობრივი ექსპერტები: თამარ მახარაძე და ნინო გოგიჩაძე, რომელთა შრომა და წვლილი მონიტორინგის მოდელის შემუშავების პროცესში უდიდესია და მათ ამ შრომისთვის ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას.
რა იყო პროექტის უმთავრესი მიზანი, გამოწვევები და შედეგები?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, თუმცა საქართველოში დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი ეფექტური მონიტორინგის სისტემა და არ არსებობს მონიტორინგის ინსტრუმენტები არა მხოლოდ ინკლუზიური განათლების, არამედ, ზოგადად, განათლების სფეროში. ეს იყო სწორედ უმთავრესი გამოწვევა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის და საფუძველი, გნებავთ, მოტივაცია ჩვენი პროექტის განხორციელებისთვის. განათლება, რომელსაც იღებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ან ახალგაზრდა, უნდა იყოს სხვათა თანაბრად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინკლუზიური განათლების სფეროში განათლების ხარისხის ზრდა აპრიორი აისახება ზოგადად განათლების სფეროში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ზრდაზე. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეწყო სკოლამდელი აღზრდის საფეხურიდან, ამდენად, თავისთავად ცხადია, საველე კვლევები და, ზოგადად, კვლევები ჩავატარეთ განათლების ოთხივე საფეხურზე და მონიტორინგის ინსტრუმენტის მოდელიც შევიმუშავეთ ოთხივე საფეხურისთვის. პროექტზე მუშაობისას ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება ოთხივე საფეხურზე სხვადასხვაა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მოსწავლე-ახალგაზრდისთვის, გნებავთ, მოზრდილთათვის თანაბარი შესაძლებლობები. ძირითადი აქცენტი კვლევებისას და მოდელის შემუშავებისას მაინც გავაკეთეთ ზოგად განათლებაზე, ანუ სკოლებზე, თუმცა, ჩვენ მოვახდინეთ ერთიანი მონიტორინგის ინსტრუმენტების მოდიფიცირება და დღეს უკვე ოთხივე საფეხურისთვის გვაქვს შემუშავებული ცალ-ცალკე ინსტრუმენტები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი აისახება ინკლუზიური განათლების სფეროში მომავალში მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებაზე. მიგვაჩნია, რომ ინსტრუმენტები საჭიროებს დახვეწას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებული ინსტრუმენტები იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას შეფასდეს ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული და მიმდინარე პროცესი. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო ასოცირებული ყველა წევრის მიმართ, პარტნიორი ორგანიზაციების, მონიტორინგის ჯგუფების, ექსპერტებისა და პროექტში მონაწილე ყველა სუბიექტის მიმართ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსს ნათია ჯოხაძეს, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს ეკატერინე დგებუაძეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროგრამის დირექტორს მარიკა ზაქარეიშვილს, თამარ ისაკაძეს, რუსუდან ტატიშვილსა და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ყველა თანამშრომელს, რომლებიც პროექტის მიმდინარეობის დროს აქტიურად იყვნენ ჩართულნი და, რაც მთავარია, ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობისთვის.