მთავარი,სიახლეები

„ბათუმის სასაფლაოების“ უფროსი მერიამ ხელახლა გაათავისუფლა

08.02.2016 • 2101
„ბათუმის სასაფლაოების“ უფროსი მერიამ ხელახლა გაათავისუფლა

ბათუმის მერიამ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ისევ გაათავისუფლა, ამჯერად შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში 28 იანვარს დაბრუნებული ლაშა ბერძენიშვილი მერიამ სამსახურიდან 2 თებერვალს ისევ გაუშვა.

ლაშა ბერძენიშვილმა სასამართლო მერიის წინააღმდეგ 2015 წლის 30 სექტემბერს მოიგო. ის „ბათუმის სასაფლაოს“ დირექტორად აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

„მერიის ბრძანებაში საერთოდ არ იყო მითითებული გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლება იყო უკანონო და ეს დაადასტურა სასამართლომ,“ – უთხრა „ბათუმელებს“  ნინო სიორიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია ლაშა ბერძენიშვილის ინტერესებს ისევ დაიცავს სასამართლოში. „მერიის შიდა აუდიტის დასკვნას ჯერ არ გავცნობივართ. ეს განსაზღვრავს ამ საქმის სამომავლო პერსპექტივას“ – ამბობს ნინო სიორიძე.

„შიდა აუდიტი მერს ექვემდებარება და ცხადია, ძალიან დიდი ზღაპარია. ეს არის წმინდა პოლიტიკური თემა. მე ვიყავი გიორგი კირთაძის სამდივნოს უფროსი და გია ერმაკოვიც ჩემგან პირდაპირ მოითხოვდა ამ პარტიასთან კავშირი არ მქონოდა. პირველ გათავისუფლებამდე დამიბარა ერმაკოვმა კაბინეტში და მითხრა, საკრებულოს „ნაციონალების“ ფრაქციაში სიარულს უნდა დაანებო თავიო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლაშა ბერძენიშვილი.

ვიდრე ლაშა ბერძენიშვილი სასამართლოს ხელახლა მიმართავს, ხვალ მის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს – ბათუმის მერია 2015 წლის 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მერიას ბერძენიშვილის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა მოუწია.

ბათუმის მერიას ასევე არ დაუკმაყოფილებია სასამართლოს გადაწყვეტილება ააიპ „ბათუმის კორპუსის“ თანამშრომლების – ლაშა კილაბერიას, თომა ხალვაშისა და ირაკლი მექვაბიშვილის შემთხვევაში. „სასამართლოს განმარტებას ველოდებით, რა უნდა ჩაითვალოს ტოლფას თანამდებობებად, ვინაიდან ის შტატები, სადაც ეს სამი ადამიანი მუშაობდა, გაუქმებულია,“ – უთხრა ბათუმელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ნინო სიორიძემ.

ბათუმის მერია არ აკეთებს კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც მერიის მხრიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტები დასტურდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: