სიახლეები

რას მოუტანს ახალი სტატუსი ქუჩაში მყოფ ბავშვებს

05.02.2016 • 2397
რას მოუტანს ახალი სტატუსი ქუჩაში მყოფ ბავშვებს

„საქართველოს კანონში შევა ახალი ცნება – „მიუსაფარი ბავშვი“. ამ სტატუსზე იქნება მიბმული მთელი რიგი საჯარო სერვისები. რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება დამოკიდებული მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც ქუჩაში მყოფ ბავშვებს შეეხება. კანონპროექტი 15 იანვარს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. შეცვლის თუ არა სტატუსი ქუჩაში მყოფი ბავშვების ცხოვრებას? ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროგრამის კოორდინატორს ეკა ჯავახიშვილს ესაუბრა.

ქალბატონო ეკა, ახალი სტატუსი კონკრეტულად რას ცვლის ქუჩაში მყოფი ბავშვების ცხოვრებაში?

პირველ რიგში, ამ ბავშვებისთვის უნდა გაიცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩაერთონ სხვადასხვა მომსახურების სერვისებში, მიიღონ არაფორმალური განათლება და გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლეები. მიიღონ ყველა ის სერვისი, რაც ამ ეტაპზე მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მყოფ ბავშვებს მიეწოდება. ამ ბავშვებს ჩავრთავთ არაფორმალურ განათლებაში. ასევე, განათლების სამინისტროს დახმარებით მოხდება მათი შეფასება და შესაბამისი გეგმის მომზადება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ უკვე ფორმალური განათლების პირობებში. ეს დოკუმენტი მათ დაეხმარება იმაში, რომ იყვნენ არამარტო მსმენელები, არამედ ჰქონდეთ ჩვეულებრივ მოსწავლის სტატუსი.

 ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს „ბათუმელებთან“ არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვები, რომლებიც ე.წ. „დღის ცენტრებში“ არიან, თითქმის არ ესწრებიან გაკვეთილებს, ის ბავშვებიც კი, რომლებიც სკოლაში დააბრუნეს, ერთი-ორი საათით თუ რჩებიან გაკვეთილებზე, შემდეგ კი ისევ ქუჩაში მიდიან. თუ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ამ პროცესს, მხოლოდ სტატუსი რას შეცვლის?

როცა ამ ბავშვებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექნებათ, ისინი იქნებიან სრულუფლებიანი პირები და სკოლიდან გასვლის შემთხვევაში, თუკი ეჭვი ჩნდება, რომ ისინი შეიძლება იყვნენ რაიმე ანტისაზოგადოებრივ ქცევაში ჩარეული ან ძალადობის მსხვერპლი, პირველი შემტყობინებელი იქნება სკოლა, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი დაიწყებს ამ ბავშვის მოძიებას და თუ საჭირო გახდება, საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება.

იყო საუბარი იმაზე, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვების რესოციალიზაცია რთულად მიმდინარეობს სკოლებში. ისინი ხშირად ბულინგის მსხვერპლიც ხდებიან.

ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების დახმარებით ვმუშაობთ სკოლებთან და თანაკლასელი ბავშვების მშობლებთანაც, მიუსაფარი ბავშვების მიმღებლობა რომ უფრო გაიზარდოს. პროტესტს თავიდან უფრო ჰქონდა ადგილი, რადგან არ ესმოდათ ამ ბავშვების ქცევითი პრობლემები. დღეს ცოტა დასტაბილურებულია სიტუაცია და საფრთხე, რომ ასეთი ბავშვი სკოლაში დაცინვის მსხვერპლი იქნება, მეტ-ნაკლებად დაძლეულია. ქუჩაში მყოფ ბავშვებს პირდაპირ სკოლაში ვერ დავსვამთ, ეს აბსურდია, ამიტომ არსებობს დღის ცენტრები – იქ პროფესიონალების დახმარებით ხდება მათი რესოციალიზაცია. ბავშვს სკოლაში უნდა შეუქმნა შესაბამისი გარემო და ისეთ კლასში უნდა ჩარიცხო, რომელიც მისთვის მისაღები იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობს, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ აფასებს ქუჩაში მყოფი ბავშვების პრობლემას, რადგან აქ მხოლოდ სოციალური სიდუხჭირის საკითხი არ დგას – საქმე გვაქვს სხვა პირებთან, რომლებიც ქუჩაში მომუშავე ბავშვებით იღებენ ფინანსურ სარგებელს. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად აქვს სახელმწიფოს ეს პრობლემა გააზრებული?

ჩვენ ვთანამშრომლობთ კრიმინალურ პოლიციასთან, ვცდილობთ გზების გამონახვას, რომლითაც შესაძლებელი იქნება მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ღია ვართ ახალი გამოცდილების გაზიარებისა და მსჯელობისთვის, ასევე ვმუშაობთ გაეროს ბავშვთა ფონდთანაც, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.

ბავშვები, მოზარდები ხშირად მშობლებთან ერთად არიან ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად. იმ მშობლის მიმართ, რომელიც არღვევს ბავშვის უფლებას, რაიმე სანქცია თუ იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან?

როცა ბავშვი ქუჩაში ხვდება, მიზეზი არის დისფუნქციური ოჯახი, რადგან ყველა, ვისაც არ აქვს სოციალური შესაძლებლობა, ქუჩაში არ ხვდება. ამ ბავშვების იდენტიფიცირების პარალელურად, ვმუშაობთ მათი ოჯახების
გაძლიერებაზე. თუ არის დადასტურებული ძალადობის შემთხვევა, ბავშვს მოძალადეს დააშორებენ. მშობელს უჩერდება მშობლის სტატუსი და სოციალური მუშაკი, რომელიც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია, უზრუნველყოფს მისი უფლებების დაცვას. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სოციალურ მუშაკს ეზრდება უფლებამოსილება და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში მას უშუალოდ შეეძლება განაცალკევოს ბავშვი მოძალადისგან, აქამდე საპატრულო პოლიციის ჩართვა გვიხდებოდა. თუ აღსრულებისთვის იქნება რაიმე პროცედურა საჭირო, შემდეგ ჩაერთვება საპატრულო და განისაზღვრება სანქციები მოძალადის მიმართ.

 ოჯახის გაძლიერებაში რა იგულისხმება?

სხვადასხვა სოციალური დახმარება, ბავშვი რომ დაბრუნდეს მისთვის საუკეთესო გარემოში, ოჯახში.

როგორია ოფიციალური სტატისტიკა, რამდენ მიუსაფარ ბავშვზეა საუბარი და ახალი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ ამ პროგრამის დაფინანსება თუ გაიზრდება?

2014 წლიდან დღემდე მობილური ჯგუფების მიერ ქუჩაში დაფიქსირებულია 635 ბავშვი. აქედან მომსახურება გაეწია 300-მდე ბავშვს. რაც შეეხება დაფინანსებას, 2016 წლის პროგრამა ჯერ დამტკიცებული არ არის, ამიტომ დაფინანსების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე თბილისში გვაქვს სამი დღის ცენტრი, ორი კრიზისული მომსახურების და ორი ტრანზიტული ცენტრი. ახლა მიდის ცვლილებები ამ მიმართულებით და შესაძლებელია ტრანზიტული მომსახურება კრიზისული მომსახურების ცენტრებად გადაკეთდეს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებაზე უფრო მეტი მოთხოვნაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: