მთავარი,მთიანი აჭარა

ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს

03.06.2016 • 6491
ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს

ისინი სოფელ ტაბახმელაში, ერთ სახლში ცხოვრობენ – ორი ძმა მეუღლეებთან ერთად, დედა, რომელიც 81 წლის არის და 16 წლის ომარი. 6-სულიან ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 50 ტონა კარტოფილი მაინც მოჰყავს და ყოველდღიურად 50 ლიტრა რძეს ამუშავებს. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ოჯახს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოკიდებულ სოფელში ცხოვრობს, სრულიად უზრუნველყოფილია. ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – არა სიზარმაცეს, შრომობს ყველა შესაძლებლობის მიხედვით.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელაში მცხოვრები გობაძეების ექვსსულიანი ოჯახი შიდა მეურნეობას წლებია ეწევა. კარტოფილის მოყვანა და მესაქონლეობა ამ ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა. აქ საქმე ოჯახის ყველა წევრზეა გადანაწილებული, ყველამ საკუთარი საქმე იცის. ყოველი დილა გობაძეებისთვის ჩვეული გრაფიკით იწყება.

გობაძეებმა შიდა მეურნეობა 16 წლის წინ დაიწყეს. მანამდე, ისევე როგორც სხვა ოჯახები აჭარაში, ისინიც კოლექტიური საქმიანობით იყვნენ დაკავებული და თამბაქო მოჰყავდათ. მას შემდეგ, რაც კოლექტივი დაიშალა და გლეხებს მიწა პირად სარგებლობაში გადასცეს, ოჯახმა კარტოფილის მოყვანა დაიწყო, პირუტყვი მოამრავლა და საყოველთაო გაჭირვების დროს თავის რჩენაც შიდა მეურნეობით გადაწყვიტა.

„ბავშვობიდან მოყოლებული ვშრომობ, ადრე მშობლებს ვეხმარებოდი, ახლა ძმასთან ერთად ვუძღვები საოჯახო მეურნეობას, მოგვყავს კარტოფილი, ვეწევით მესაქონლეობას, ათი სული პირუტყვი გვყავს, საქონლის გამოსაკვებად თივაში თანხა რომ არ გადავიხადოთ, რამდენიმე ჰექტარზე სათიბი გვაქვს, ვუვლით და დროულად ვცელავთ. ზამთრისთვის თივას ვინახავთ, ზაფხულში კი მთაში გადაგვყავს პირუტყვი, მემთეურობასაც ვეწევით. ამ ყველაფრის ერთდროულად კეთება ადვილი არ არის, ბევრ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ დაუძლეველიც არაფერია, ჩვენს ოჯახში ყველამ თავისი საქმე იცის, თუ კარტოფილი დასარგავია, ყველა ერთად ვრგავთ, თუ ბალახია მოსათიბი, კაცები გავდივართ, ქალები მათ საქმეს აკეთებენ, ერთმანეთსაც ვეხმარებით, მაგრამ ერთადერთი საქმე, რასაც აქ მხოლოდ ქალი აკეთებს, ეს ძროხის მოწველაა,“ – ამბობს თემურ გობაძე.

ძროხის მოწველა გობაძეების ოჯახში თემურის ცოლს, მაყვალას ერგო, ამიტომაც მისი ყოველი დღე დილაადრიან იწყება. მემთეურობასაც ის ეწევა.
„ამან არც დასვენება იცის და არც დღესასწაულები, ყველა დღე სისხამ დილით უნდა ადგე, მოწველო, აჭამო და რძეს თავისი ადგილი მიუჩინო. აი, მაგალითად, დღეს დილით შვიდ საათზე რომ ავდექი, პირდაპირ ბოსელში წავედი, მოვწველე, ვაჭამე… რძიდან ყოველდღიურად ყველს ვიღებ და მერე ვადუღებ, რომ ნადუღი გავაკეთო, რომლისგანაც შემდეგ ყურუთს ვამზადებთ. გარდა ამ საქმისა, კარტოფილის გამოყვანით ვარ დაკავებული, ხშირმა წვიმამ საქმეს ჩამოგვტია, ვერ გავმარგლეთ დროულად კარტოფილი და მთაშიც ამიტომ ვერ წავედი,“ – ამბობს მაყვალა.

მაყვალა დღის განმავლობაში 50 ლიტრ რძეს წველის და ყველსა და ნადუღს ამზადებს. მაყვალას ქმარიც ეხმარება, თუმცა თემურის მთავარი საქმიანობა მაინც მეკარტოფილეობაა. საკარტოფილე ტერიტორიის მომზადება, მცენარის შეწამვლა, ბალახის მოცელვა თემურის და მისი ძმის თენგიზის მოვალეობაა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ნიადაგის დასამუშავებელი სპეციალური ტექნიკა შეიძინა, რომელსაც გათოხნის ფუნქციაც აქვს, ეს საქმეც მათზე გადავიდა. თემურსა და თენგიზს ამ საქმიანობაში თენგიზის შვილი, ომარიც ეხმარება.

ომარი მე-11 კლასის მოსწავლეა, უნდა ინჟინერ-არქიტექტორი გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ომარი ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში ყოველდღიურად ეხმარება, ბევრს მეცადინეობს, სწავლასაც ასწრებს და ხატვასაც. ხატვა მისი ჰობია, თავისუფალ დროს ახლობელი ადამიანების თუ ფილმების მთავარი როლის შემსრულებლების პორტრეტებს ქმნის.

„როგორც საუკეთესო მოსწავლეს კომპიუტერი გადმომცეს. მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც ინტელექტუალურ გადაცემაში – „რა? სად? როდის?“ კითხვა გავაგზავნე, რომელიც ვერ გამოიცნეს და 600 ლარი მოვიგე. ეს იყო ჩემი პირველი ჯილდო, რაც სწავლამ მომიტანა ბავშვობაში. კარგად ვსწავლობ და არ მგონია, უნივერსიტეტში ჩაბარება გამიჭირდეს. ვხატავ, ადრე პორტრეტი რომ შემექმნა, ხატვის პროცესში უნდა მეცქირა, ახლა შემიძლია ერთი დანახვით ან აღქმით დავხატო, ჩემებს საოჯახო მეურნეობაშიც ვეხმარები,“ – ამბობს ომარი.

81 წლის ჟუჟუნა გობაძე ამ ოჯახის უხუცესი წევრია. ასაკის მიუხედავად, აქტიურად შრომობს, ბოსტნეულს უვლის. ამბობს, რომ ახლა ბევრი არაფერი შეუძლია, მაგრამ უქმად ყოფნა უჭირს.

„ჩემი ასაკის ქალმა რა საქმე უნდა აკეთო, მაგრამ მიყვარს ლამაზად მოვლილი ბოსტანი რომ ყვავის. კიტრი, ლობიო, პომიდორი, ხახვი და ნიორი გამოგვყავს, მთელი წლის განმავლობაში გვყოფნის და არ ვყიდულობთ. სხვაც რომ არაფერი გავაკეთო, კარტოფილს მაინც გავთლი და ოჯახს ამგვარად შევეხიდები,“ – ამბობს ხანდაზმული ქალი.

სახლის საქმე, სადილის მომზადება, სახლის დალაგება თუ ნამცხვრების მომზადება თენგიზის ცოლსა და ომარის დედას, ხათუნას ერგო.
„საჭმელს ვამზადებ, სახლს ვალაგებ, შიდა საქმეები ჩემზეა, ფიზიკური შრომა არ შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩემი როლი საოჯახო საქმეებში მცირეა. ყანაში სამუშაოდ გასულს საჭმელი ხომ უნდა დახვდეს სახლში? და მეც გემრიელობებს ვახვედრებ საქმით დაღლილებს,“ _ ამბობს ხათუნა.

კარგი მოსავალი რომ მიეღოთ, გობაძეებმა ამისთვის წელს ბევრი თანხა დახარჯეს. მინერალურ და ორგანულ სასუქებთან ერთად დაავადებაგამძლე, ძვირადღირებული კარტოფილის თესლი იყიდეს. დანახარჯის მიუხედავად, ოჯახი კმაყოფილია და კარგ მოსავალს ელოდება. გობაძეები არც მიწის სიმცირეს უჩივიან, ყოველწლიურად კარტოფილს სხვადასხვა ნაკვეთზე, ჯამში, ჰექტარ-ნახევარზე რგავენ. დაახლოებით ამდენივე მიწის ფართობს, როგორც თემური ამბობს, დაუმუშავებელს ტოვებენ.

„ბევრი ნაკვეთი მაქვს, აქაც, სოფლის ბოლოში და ბეშუმთან მისვლამდე, მთა შქერნალზე, სულ სამ სხვადასხვა ადგილზე კარტოფილს სამი წლის განმავლობაში ვთესავ, შემდეგ ორ წელს არ ვამუშავებ, ვასვენებ, მუდმივი დამუშავებით მიწა იფიტება და დასვენება სჭირდება, რასაც ჩვენთან არ აკეთებენ. გარდა ამისა, ნიადაგის გასანოყიერებლად ყოველწლიურად ორგანული სასუქები შემაქვს, წელს 5 000 ლარის ორგანული სასუქი ვიყიდე. საკმაო თანხა გადავიხადე მინერალურ სასუქებში, შხამ-ქიმიკატებშიც. მიწა თუ არ გააძლიერე, მოსავალი არ მოვა, თუ მოვა, არ იქნება ხარისხიანი და ხვავიანი.“

გობაძეების ოჯახი

გობაძეების ოჯახი

გობაძეებს ყოველწლიურად 50 ტონა კარტოფილი გამოჰყავთ. გასულ წელს გავრცელებულმა კარტოფილის დაავადება „ფიტოფთოროზმა“ ეს ოჯახიც მნიშვნელოვნად დააზარალა, 20 ტონით ნაკლები მოსავალი მიიღეს. შესაძლო დანაკლისიც წინასწარ გათვალეს და არსებული კარტოფილი წელს დაავადებაგამძლე ჯიშით ჩაანაცვლეს, რაც 2 000 ლარი დაუჯდათ.

„50 ტონა მოსავალი რომ მომყავდა, გასულ წელს 28 ტონა მივიღე, ჩავარდნა მქონდა. სხვა ორ ჯიშთან ერთად, შარშან „კონდორის“ ჯიშის კარტოფილი მქონდა გაშენებული, ამ ჯიშმა დაავადებას ვერ გაუძლო და დავზარალდი. წელს „ჯელის“ ჯიშით ჩავანაცვლე – 1 კილოგრამ თესლში 1,70 გადავიხადე. ჩვენთან თესლში ამდენს არ იხდიან, ამიტომაც ისეთი მოსავალი ვერ მოჰყავთ, როგორც მე. ზოგს არ სჯერა, რომ 50 ტონა მოსავალი მოგვყავს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი, რაც შემოვიდა ტექნიკა, რომელიც მიწას ამუშავებს – კარტოფილის მიწიდან ამოღება და გათოხნა შეუძლია, ნაკვეთები სრულად ავითვისეთ და ოჯახის შემოსავალიც გავზარდეთ. გარდა კარტოფილისა, წლის განმავლობაში სამ სულ საქონელს ვყიდი, ოჯახში ხორცი მუდამ გვაქვს, არაფერზე გვიჭირს. როცა საქმე გვაქვს, 5 საათზე ნაკვეთში ვართ მთელი ოჯახი, 11 საათამდე ვმუშაობთ. მაშინ, როცა ზარმაცი კაცი იღვიძებს, ჩვენ სახლში ვბრუნდებით,“ – ამბობს თემური.

შემოდგომაზე მოწეული კარტოფილის მოსავალს გობაძეები სპეციალურ სათავსოში ინახავენ და როდესაც ბაზარზე კარტოფილი ძვირდება, მაშინ ჩააქვთ ბათუმში გასაყიდად.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შიდამეურნეობას ეწევა და ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე ცნობილი მეურნეა, მათთვის მნიშვნელოვანია განათლება. თემური გვიყვება, რომ მისი ფიზიკური შრომით ორივე შვილს უმაღლესი განათლება მისცა და ბათუმში ბინის ყიდვაც შეძლო:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების სწავლა-განათლება, ყველა ასე ვფიქრობთ ოჯახში, ჩემი ორივე შვილი უმაღლესგანათლებულია, ჩვენი ფიზიკური შრომით და მათი მონდომებით ორივემ უმაღლესი დაამთავრა, ორივე მუშაობს. ბათუმში ბინა ვიყიდეთ, ამჟამად იქ ჩემი ბიჭი, როლანდი ცოლთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ რომ წავიდეთ, იქ რა უნდა ვაკეთოთ? ზოგი ფიქრობს, სოფელში მხოლოდ მუშაობენ და სწავლას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ასე არ არის, თუ ადამიანს არ უნდა, არც ისწავლის და არც იმუშავებს, ჩვენთან კი ეს ორივე ერთდროულად ხდება, ამის მაგალითი ომარია, რომელიც ყველა საქმეში გვეხმარება და სკოლაშიც ფრიადოსანი მოსწავლეა“.

კარტოფილის პლანტაცია

კარტოფილის პლანტაცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: