დღეს, 2 ივნისს, ქედის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ, მუნიციპალური ბიუჯეტიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის სწავლა დაიფინანსა.
მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში დაადასტურა, რომ მან მუნიციპალური ბიუჯეტიდან მიიღო დოქტორანტურის კურსის ნაწილობრივი დაფინანსება – 2250 ლარი. მისი თქმით, აღნიშნული დაფინანსება კანონიერია.
„მუნიციპალიტეტს მივმართე თხოვნით და ნაწილობრივ დამიფინანსა ჩემი სწავლის ხარჯი, 2250 ლარით. ეს სრული გადასახადის დაახლოებით ნახევარია. 20 წელია ვმუშაობ ქედის მუნიციპალიტეტში მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ვარ ორი საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენის ავტორი, საერთაშორისო ნაშრომის თანაავტორი, არაერთი ძეგლის აღმომჩენი… მასალები დამიგროვდა საიმისოდ, რომ დამეცვა სადოქტორო ნაშრომი. ნაშრომს ვიცავ ქედის მუნიციპალიტეტის მატერიალური კულტურის ძეგლების – ისტორიულ-არქეოლოგიურ საკითხზე,“ – ამბობს ვაჟა ფარტენაძე და დასძენს, რომ დარჩენილი გადასახადის დაფინანსების თხოვნითაც აპირებს მიმართოს მუნიციპალიტეტს – „მაშინ ხელფასი მომცენ ისეთი, რა შრომაც მე ჩავდე, 320 ლარ ხელფასზე მამუშავებენ დირექტორს, მეცნიერ-მუშაკს. შესაბამისი ხელფასი რომ მქონდეს, აღარ მოვითხოვ დაფინანსებას“.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით, მან დღეს გაიგო, რომ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა დოქტორანტურაში სწავლა დაიფინანსა. თუმცა მისივე თქმით, ა(ა)იპ „ქედის ისტორიულ მუზეუმს“ აქვს ბიუჯეტში გაწერილი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის თანხა და მუზეუმის დირექტორს შეეძლო ამ თანხის მიზნობრივი გამოყენება.
„როგორც აუდიტთან გადავამოწმე, კანონით მას არ ეკრძალებოდა დოქტორანტურის დაფინანსება და მორალურ საკითხზე ვერ ვისაუბრებ მე“, – ამბობს ქედის გამგებელი.
როგორც ვაჟა ფარტენაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მუზეუმის ბიუჯეტში თავიდანვე იყო გაწერილი თანხა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღელბისათვის. რაც სულ 2250 ლარს შეადგენდა და მთლიანად მისი [ვაჟა ფარტენაძის] დოქტორანტურაში სწავლის დაფინანსებას მოხმარდა. დირექტორის თქმით, მუზეუმმა სულ ორჯერ გამოყო თანხა [1125 ლარი] კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ორივე შემთხვევაში თავად ვაჟა ფარტენაძის დოქტორანტურაში სწავლება დაფინანსდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას შეფასებით, ამ შემთხვევაში დაფინანსების მიზანშეწონილობის პრობლემა არ დგას, თუმცა კითხვის ნიშნებს იწვევს ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში თანხა გამოყოფილი იქნა უშუალოდ დირექტორის სწავლის დასაფინანსებლად:
„სასურველია, მუზეუმს ჰქონოდა ისეთი პრაქტიკა, რომ სხვა თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც მიმართულიყო თანხები, თუნდაც ეს ყოფილიყო სემინარების, ვორქშოპების, სასწავლებლად მივლინების ან სხვა ტიპის ხარჯების დაფინანსება, რათა დისკრიმანაციული არ იყოს მიდგომა და არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ა(ა)იპ-ის დირექტორი ბოროტად სარგებლოს საკუთარი უფლებამოსილებით და ერთპიროვნულად წყვეტს, რომ მისი სწავლის დაფინანსება პრიორიტეტულია მისივე დაქვემდებარაბაში მყოფი ა(ა)იპ-ისთვის“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.






