ტრაილერის მძღოლს პატრული სახლისკენ არ უშვებს

გონიოს ხიდთან ტრაილერს საპატრულო პოლიცია სახლისკენ არ უშვებს.  მძღოლი ამბობს, რომ ის პატრულმა 300 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ პარკირების მოთხოვნას არ დაემორჩილა. „მე და მამაჩემი ვცხოვრობთ  გონიოში, ახალსოფელში, პატრული კი მოითხოვდა, რომ მანქანა პარკირებაზე შეგვეყვანა იძულების წესით. დაჯარიმების შემდეგაც არ გვიშვებს პატრული, მოითხოვენ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანას“, – უთხრა „ბათუმელებს“ გენადი სურმანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მოწმდება, მიდის თუ არა ნამდვილად აღნიშნული პირი საკუთარ ოჯახში: „თუ ეს დადასტურდება, მაშინ მანქანას საჯარიმოზე აღარ გადაიყვანენ, ხოლო დაჯარიმება პატრულის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია“.

გონიოს ხიდთან ორი ფასიანი ავტოპარკია მოწყობილი. ამ შემთხვევაში, პატრული იმ პარკში მოითხოვდა ტრაილერის შეყვანას, რომელიც შპს „ავტო 2015“-ს ეკუთვნის. ეს კომპანია 2015 წლის 27 ივლისს დაფუძნდა და მისი ერთ-ერთი მეწილე, 3%-ი წილის მფლობელი „ქართულ ოცნებასთან“ასოცირებული პირი ჯემალ დუაძეა. მან საპატიმრო პოლიტიკური პატიმრის სტატუსით 2013 წელს დატოვა და არაერთხელ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი. ჯემალ დუაძე 2016 წლის  21 მარტს დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით.

 

ხელნაკეთი ნივთები შშმ პირებისგან

შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატები, ჩანთები და სხვა ნივთები გამოფინეს დღეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. გამოფენა-გაყიდვას ორგანიზება აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ გაუწია. ღინისძიების მხარდამჭერები არიან ასევე განათლების სამინისტრო და ბათუმის მერია.
გამოფენას სხვა სტუმრებთან ერთად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრები და განათლების მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრნენ. მათ შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატები შეიძინეს და ერთად ფოტოები გადაიღეს.

ავთანდილ ბერიძემ მათ აღდგომის დღესასწაული წინასწარ მიულოცა და საჩუქრად პასკები და სუვენირები გადასცა.
ორგანიზატორების თქმით, საჩუქრები უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობითი ხარჯებით შეიძინეს.

შშმ პირების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა- გაყიდვა
შშმ პირების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

13106073_1325739534122136_100470200_o13105973_1325737010789055_68079208_o13105940_1325736954122394_77774502_o13091595_1325738634122226_209877352_o13062758_1325737580788998_2088732577_o13078276_1325739654122124_702385085_o13105988_1325739370788819_1889095245_o13072000_1325737034122386_770926368_o13062702_1325739557455467_332958193_o

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა მაღალმთიან აჭარაში

 

მაღალმთიან აჭარაში (ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში) კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევას, ონკოლოგის კონსულტაციას – დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთა კონსულტაციას, ონომარკერებზე ლაბორატორიულ გამოკვლევას და ციტოლოგიურ გამოკვლევას.

პროგრამის ფარგლებში დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა  არანაკლებ 1600 ბენეფიციარს ჩაუტარდება.

პროგრამას კლინიკა “მედცენტრი” ახორციელებს. უფასო გასინჯვები და კვლევები 2017 წლამდე გაგრძელდება.

 

ახალი ფონდი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად

მთავრობის განკარგულებით, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა. განკარგულების მიხედვით, ფონდის დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო განახორციელებს.

„ფონდი ორიენტირებული იქნება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაზე, გადამზადება-ტრენინგებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე მათი ოჯახების სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებზე,“ – ამბობს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, პაატა პატიაშვილი. მისი თქმით, ფონდისთვის თანხის ჩარიცხვას უკვე აპირებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე რამდენიმე კერძო კომპანია. გადაწყვეტილებას ფონდში საბჭო მიიღებს, რომლის მესამედს თავად სამხედრო მოსამსახურეები წარმოადგენენ.

ვინ მიიღებს დაფინანსებას? – პაატა პატიაშვილის თქმით, კონკრეტული კრიტერიუმები ჯერჯერობით შემუშავებული არ არის.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ჩვენ რამაზ ბერიძის შემთხვევა გავახსენეთ, რომელიც ავღანეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა, სმენა დაუქვეითდა და უსამსახუროდ დარჩა. მას სახელმწიფოსგან არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. პაატა პატიაშვილის თქმით, ფონდის საქმიანობა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზე ვერ აისახება და მათ სამინისტროს ვეტერანთა დეპარტამენტმა უნდა მიხედოს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ფონდი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებს არ დაეხმარება? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე პაატა პატიაშვილმა გვიპასუხა, რომ ფონდის უფლებამოსილება ეს არ არის. მან ასევე დაგვიდასტურა, რომ ამ ფორმით ფონდის შექმნის ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 25 მაისს, 20:00 საათამდე.

უკვე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება ბავშვის პირველკლასელად დარეგისტრირება. ინსტრუქციის თანახმად, ონლაინრეგისტრაციისთვის წინა წლების მსგავსად, წელსაც საჭირო იქნება შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების ზუსტი თარიღი, მშობლების პირადობის ნომრები.  სკოლას, სადაც გსურთ ბავშვის მიყვანა, თუ მინიჭებული ნომერი აქვს, სასურველია სკოლის ნომრის მითითებაც.

რაც შეეხება მოსწავლედ ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების მიღებას – ეს პროცესი დაიწყება 30 მაისიდან და გაგრძელდება 10 ივლისის სამუშაო დღის ბოლომდე.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების  განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

მოსწავლეთა საყოველთაო რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016- 2017 სასწავლო წლისთვის 3 ეტაპად განახორციელებს. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია არის მე-2 ეტაპი.

მე-3 ეტაპი დაიწყება 2016 წლის 14 ივნისი – გაგრძელდება 30 ივნისამდე. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2016-2017 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

 

ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსის ახალი ქონება

„მოიცა, რა“ – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ხვიჩა ღლონტმა შეკითხვაზე – რა დაუჯდა და როგორ მოახერხა საპატრულოს უფროსმა ახალი უძრავი ქონების შეძენა ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში. ამ „პასუხის“ შემდეგ ხვიჩა ღლონტმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს აღარ უპასუხა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხვიჩა ღლონტმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, #21-ში მიწის ფართობი იყიდა მასზე განლაგებულ შენობებთან ერთად. მიწის ფართობი 380 კვადრატული მეტრია. ახალი ქონება საპატრულოს უფროსს 2016 წლის 5 იანვარს დაურეგისტრირებია.

ბინების ყიდვა-გაყიდვების აგენტების ინფორმაციით, ქობულეთის ამ ნაწილში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, საშუალოდ, 100 აშშ დოლარამდე ფასობს. შესაბამისად, საპატრულოს უფროსს ახალი ქონების შეძენა მინიმუმ 38 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებოდა. რა თქმა უნდა, ამ ფასს ემატება კაპიტალური, ორსართულიანი სახლის ფასი, რომელიც ნაყიდ მიწის ნაკვეთზე დგას.

ხვიჩა ღლონტი ქობულეთში კიდევ რამდენიმე ქონებას ფლობს: 2011 წლიდან მას ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორ უძრავ ქონებაზე. მიწის ნაკვეთების მთლიანი ფართობი 2976 კვ. მეტრია. ის ასევე ფლობს მიწის ორ ნაკვეთს 2008 წლიდან აბაშიძისა და რუსთაველის ქუჩებზე.

ქობულეთის საპატრულო სამსახურის უფროსის, ხვიჩა ღლონტის ბიოგრაფიული მონაცემები არ არის განთავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. თანამდებობრივად ხვიჩა ღლონტს არც ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონია. მის შესახებ ასევე არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია შს სამინისტრომ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხვიჩა ღლონტი ქობულეთის საპატრულოს უფროსად 2013 წლიდან მუშაობს. მანამდე იგი რიგითი პატრული იყო.
ხვიჩა ღლონტისთვის ასევე გვსურდა გვეკითხა ივანიშვილებთან მეგობრობის შესახებ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის საპატრულო სამსახურის უფროსი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის – ემზარ ივანიშვილის ნათლულია და ისინი ერთობლივად საწვავის ბიზნესში არიან ჩართული.

ხვიჩა ღლონტმა „ბათუმელებს“ ტელეფონი მას შემდეგ გაუთიშა, რაც ერთობლივ ბიზნესთან დაკავშირებით კითხვები მოისმინა. შესაბამისად, მისგან პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.

უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს

გასული წლის აჭარის ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოში დღესაც ვერ მოისმინეს. სხდომის ჩავარდნის მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. რეგისტრაცია მხოლოდ ათმა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“  და ფრაქცია „თანასწორობის“ წევრებს რიგგარეშე სხდომისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ოპოზიცია დაუსწრებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მომხსენებელი მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ჩაბარებას დეპუტატებისთვის დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის ნაცვლად, მისი მოადგილე – რამაზ ბოლქვაძე აპირებდა.

„მიზეზი არის დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს „ქართული ოცნება“. ეს იყო რიგგარეშე სხდომა და იგი ჩვენთან შეთანხმების გარეშე დაინიშნა. ასევე უცნობი იყო, ამ საკითხზე მომხსენებელი თუ შეიცვლებოდა“ – ამბობს ეკა თარგამაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ოპოზიციის გადაწყვეტილებას ბავშვობად აფასებს ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი: „ოპოზიციას აქვს ბოიკოტის უფლება, მაგრამ არაფერს ემსახურება ეს, გარდა იმისა, რომ თქვან, აი, რა მაგრები ვართო. ბავშვობაა ეს და არა დეპუტატობა. არც განსაკუთრებული პრობლემა იქმნება ამით. ივნისში პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ ბიუჯეტის შესრულებას“.

კითხვაზე – გაიარა თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კონსულტაციები ფრაქციებთან, როცა მან რიგგარეშე სხდომა დანიშნა? – ალექსანდრე ჩიტიშვილმა გვითხრა, რომ ავთანდილ ბერიძეს ამის ვალდებულება არ აქვს: „გაფრთხილებული იყო ყველა და მოსულებიც იყვნენ. შეთანხმება რას ცვლიდა, გაუგებარია. ისინი არ დაესწრნენ სხდომას იმიტომ, რომ არ იყვნენ 10 ან 11. ეს სჭირდებოდათ მათ ძალის დემონსტრირებისთვის“ – განმარტავს ალექსანდრე ჩიტიშვილი.

21 აპრილის, პლენარული სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მომხსენებელი, მინისტრი დავით ბალაძე, უმაღლეს საბჭოში მისული იყო.

 

 

რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში

„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ.

წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე „ჟილინის არხის საქმეში“. გამოძიება არჩილ ვანაძესთან ერთად, ხულოს გამგებლის მოადგილეს – ლაშა ბოლქვაძეს [ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა] სამსახურებრივ გულგრილობასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში სდებს ბრალს.

არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე
არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე

დავის საგანი შპს „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები – მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩაბარდა.

ახალი სასამართლო დავა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბათუმის მერის წინააღმდეგ დაიწყო. არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე აპროტესტებენ წერილს, სადაც გიორგი ერმაკოვი აღნიშნავს, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ავანსის სახით თანხა შემსრულებელი კომპანიისთვის არ უნდა ჩაერიცხა.

ეს წერილი ერმაკოვს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილისთვის ამ უწყების მოთხოვნის საპასუხოდ იქამდე მიუწერია, ვიდრე მაღალჩინოსნებს ბრალს წარუდგენდნენ.

„მერიას არ ჰქონდა უფლებამოსილება მსგავსი შეფასება მოეხდინა, რადგან არც ერთი ინსტრუქციით ეს არ იყო გათვალისწინებული, რომ არ უნდა გადაგვერიცხა. ჩვენს გადაწყვეტილებას გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ ვანაძე, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე.

მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ხულოს გამგებლის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ ერმაკოვის წერილში გამოთქმული შეფასება არანაირ სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნებოდა: „არანაირი საფუძველი არ გვქონდა ამისთვის, რომ არ გადაგვერიცხა. ერმაკოვმა მოსაზრება დააფიქსირა ყოველგვარ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობის გარეშე. მერიას ამ მოსაზრების გაკეთების უფლება არ ჰქონდა.“

მერიის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მათ ამ საკითხზე უშუალოდ მერთან არ უსაუბრიათ. „ვცდილობ, სამართლებრივი ურთიერთობა დავადგინოთ სასამართლოში. ამ საკითხზე გია ერმაკოვთან არ მისაუბრია,“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ.

„არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე ბათუმის მერის წინააღმდეგ,“ – ამ საქმეზე არც ბათუმის მერი გამოცხადდა და არც მისი წარმომადგენელი – ვახტანგ გედენიძე. მერიამ სხდომის გადადება მოითხოვა სხვა სხდომაზე დასწრების მიზეზით, რაც მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ საფუძვლიანად მიიჩნია. რა შეპასუხება აქვს ბათუმის მერს მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის სარჩელზე? – მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ერმაკოვი მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება და ის „ბათუმელების“ ამ შეკითხვას ამიტომ ვერ უპასუხებს. მერიის იურისტი ვახტანგ გედენიძე ამ თემაზე კომენტარს სასამართლოს შემდეგი სხდომის შემდეგ დაგვპირდა.

საქმეზე, სადაც არჩილ ვანაძესა და ლაშა ბოლქვაძეს სამსახურებრივ გულგრილობასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად განხორციელებას ედავებიან, უკვე დაიკითხა მოწმედ შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკური დირექტორი – ნუგზარ ნირიმანოვი. მან სასამართლოს უთხრა, რომ რეგულარულად მოწმდებოდა „ჟილინის არხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„პირველი ეტაპის შესრულებიდან 10 დღის შემდეგ თქვენ მოგვწერეთ, რომ პროექტი უნდა შეჩერებულიყო. მანამდე როგორ არ გამოჩნდა ეს?“ – ლაშა ბოლქვაძის ამ შეკითხვას მოწმემ უპასუხა, რომ ეს შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გამოჩენილიყო და მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ნირიმანოვს დაცვის მხარემ შეახსენა თუ რატომ გაუფორმა მის კომპანიას მერიამ კონტრაქტი და გადაუხადა 61 ათასი ლარი – რომ ეკონტროლებინა არა მხოლოდ ტექნიკური ხარისხი, არამედ გადახდის სერტიფიკატში დაედგინა სამუშაოს ღირებულება. დავის საგანი სამუშაოების მეორე ეტაპის განსახორციელებლად ავანსად ჩარიცხული თანხაა.

ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის ხელშეკრულება 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა „ჟილინის არხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ 108 ათასი ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულებების შემდეგ მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად შპს „ჰიდრომ“ გაიმარჯვა. ამ კომპანიამაც ვერ შეასრულად ვალდებულებები, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, აქ უკვე მერიას წინასწარ არ ჰქონდა გადახდილი თანხა და პირიქით, „ჰიდრო“ 250 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ამჯერად „ჟილინის არხზე“ შპს „მშენებელი 80“ მუშაობს. ეს კომპანია მერიამ ელექტრონული ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია.

აჭარაში პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება

აჭარის რეგიონში 9 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. ორმა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 119 307.00 ლარი.

დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის  -„დანერგე მომავალი“ – მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარაში, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, დავით ცენტერაძის  ბაღის გაშენების პროცესი. დავით ცენტერაძე  პროგრამაში 2015 წლის 2 დეკემბერს ჩაერთო და 4.5  ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57,946.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 48,020.00 ლარი ნერგებზე, ხოლო 9,926.00 ლარი წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის იყო განკუთვნილი.

აჭარაში: ქობულეთის რაიონში 9 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ლურჯი მოცვი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1357 ჰა-ს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,9   მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მოცვი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 წლიდან არის თვითნებურად შესახლებული.

„ვერ გაგცემთ პასუხს, ვინ ცხოვრობს ირგვლივ. ეს არაა ამ საქმესთან კავშირში,“ – თქვა ადვოკატების საპასუხოდ ჯულიეტა მგალობლიშვილმა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტმა. მან ასევე ვერ უპასუხა მოსამართლე თამარ ბურჯანაძის შეკითხვას – რის საფუძველზე მიეწოდებოდა ელექტროენერგია დავით ცინცაძის ოჯახს 2013 წლამდე. ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ელექტროენერგიის მისაწოდებლად პირმა უნდა წარადგინოს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც დაადასტურებს კანონიერ საკუთრებას.

იმიტომ, რომ ყოფილი სანატორიუმის შენობა მწვანე კონცხზე სახელმწიფო საკუთრებაა, ერთ-ერთი მოპასუხე ამ საქმეში ქონების მართვის ეროვნული სააგენტოა. „სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ამ ოჯახს არ გააჩნია ქონების კანონიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი,“ – განაცხადა სააგენტოს იურისტმა, დიანა ჭანტურიამ.

ქონების კანონიერების რა დამადასტურებელი მოწმობა არსებობდა „ოცნების ქალაქის“ შემთხვევაში, როცა იქ თვითნებურად შესახლებულებს ელექტროენერგია მიაწოდეთ? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა სხდომის დასრულების შემდეგ ქონების მართვის სააგენტომ, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უპასუხოდ დატოვეს.

სოციალურ შემწეობაზე მყოფი დავით ცინცაძე ამბობს, რომ მას სამი წლის წინ სამეზობლო დავის შედეგად შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. „მეზობლად მცხოვრებმა ბერიძეებმა გამოგვირთეს შუქი, ისინიც თვითნებურად შესახლებული არიან, მაგრამ ამბობენ, ჩვენია ეს შენობა, რადგან თქვენზე ადრე შემოვედითო. მათგან მქონდა გადმოყვანილი სადენი, მას შემდეგ ნავთის ლამპაზე ვართ,“ – ამბობს დავით ცინცაძე.

-რას სთავაზობს სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სამი წელია უშუქოდ იმყოფება? – ამ შეკითხვით „ბათუმელებმა“ დღეს რამდენიმე უწყებას მიმართა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ სახელმწიფო საკუთრებაზე ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ, ხოლო ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორია აჭარის საკუთრებაა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში გაგვიმარტეს, რომ ისინი არ გასცემენ ნებართვას საკუთრების კანონიერების შესახებ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ვერ დაეხმარებიან და ვერც შუამდგომლობას გაუწევენ თვითნებურად შესახლებულის სტატუსი მქონე ადამიანებს.

სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.კ.-ს. მას ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც მსჯავრდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო, მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ქალმა თქვა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ისინი რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ, რა დროსაც მ.კ. მას ხშირად სცემდა და საბოლოოდ მისგან საერთო შვილის წაყვანა სურდა.

მსჯავრდებულის ადვოკატმა, რამაზ ჯორბენაძემ სასამართლოს წინა სხდომაზე „ბათუმელებთან“ გამოთქვა ეჭვი, რომ ბავშვის საკითხს სავარაუდოდ სოციალური მომსახურების სააგენტო შეისწავლის, რადგან დედამ დაადასტურა, რომ ისევ სექსმუშაკია. „პასუხისგებაში მიცემამდე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაუბრუნდა თავის ოჯახს და თავისი ცოლი თანახმაა გაზარდოს უზბეკ ქალთან გაჩენილი ბავშვი,“ – ამბობდა რამაზ ჯორბენაძე.

„სექსმუშაკობა არაა კანონით აკრძალული საქმიანობა და მარტო იმის გამო, რომ დედა ამ საქმიანობას ეწევა, არ არის ამ საქმის შესწავლის საფუძველი, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე, რუსუდან სალუქვაძე – ჩვენთან ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ არ შემოსულა. თუკი ვინმე ჩათვლის, რომ ბავშვს სათანადო ყურადღება არ ექცევა, მის განვითარებას ხელი ეშლება და ბავშვის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს დედა, სოციალური მუშაკი ფსიქოლოგთან ერთად დეტალურად შეისწავლის ისტორიას და გადაწყვეტილებას ამ პროცესის შემდეგ მივიღებთ.“

ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 [ფოტო]

დღეს, 26 აპრილს,  ხულოს საფეხბურთო კლუბმა „ხიხანმა“ საკუთარ სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2 : 0 დაამარცხა.

ხულოს „ხიხანი“ - წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ - წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ - წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ - წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ - წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი

„მარდი ჰოლდინგის“ პასუხი ბელეტაჟის დანგრევაზე

ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში ძველი, ბათუმური ბელეტაჟის დანგრევასთან დაკავშირებით „მარდი ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას წინ უძღოდა საზოგადოება „ბათომის“ წერილი, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელს, ირაკლი ჯიჯავაძეს, კლასიციზმის ნიმუშის, ასწლოვანი შენობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა წერილის მიღებიდან მეორე დღეს „მარდი ჰოლდინგმა“ ბელეტაჟი დაანგრია.

ბელეტაჟი გორგასლის #25-ში დანგრეულია.
ბელეტაჟი გორგასლის #25-ში დანგრეულია.

„ბათუმელებმა“ კითხვით – რატომ არ გაითვალისწინა „მარდი ჰოლდნგმა“ „ბათომის“ თხოვნა? – ირაკლი ჯიჯავაძეს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ განცხადებას კომპანია გაავრცელებდა. თავის განცხადებაში „მარდი ჰოლდინგი“ იმ გარემოებებს განმარტავს, რის საფუძველზეც მოხდა შენობის დემონტაჟი:

„…ყურადღების არეალში მოქცეული ნაგებობა მხოლოდ და მხოლოდ განთავსებული იყო ქალაქის ძველ უბანში, ისტორიული მემკვიდრეობის ზონაში, მაგრამ მას არც წარსულში და მით უფრო არც დემონტაჟის დროს არ გააჩნდა ძეგლის ან სხვა რამე სახის სპეციალური სტატუსი. ამასთან არ არსებობდა/არსებობს დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შეჯერებული პოზიცია აღნიშნული ნაგებობის უდავო არქიტექტურული ან/და კულტურული ღირებულების შესახებ“ – აღნიშნულია „მარდი ჰოლდინგის“ განცხადებაში.

კომპანია თავის განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს, რომ ძველი, ისტორიული ბელეტაჟის დემონტაჟის და ამ ადგილას ახალი ნაგებობის აგების ნებართვა „განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ (გადაწყვეტილება #03/07/17 4.03.2016). სწორედ საბჭოს პოზიციის გათვალისწინებით გაიცა დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (სმ #001453. 11.04.2016)“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ „მარდი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობას „გააჩნია მტიცე პოზიცია ქალაქის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მათი დაცვა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თითოეული პიროვნებს და მოქალაქის პერსონალური პასუხისმგებლობაა. ამასთან მიაჩნია, რომ ურბანული სივრცის განვითარებათან დაკავშირებული რიგი საკითხები საჭიროებენ სრულყოფას და მეტ სიცხადეს, რაც უპირველესად ხელს შეუწყობს ავთენტური არქიტექტურული ფასეულობების შენარჩუნებას და საფუძველს გამოაცლის ცალკეული ჯგუფების მხრიდან პოპულისტური განცხადებების ტირაჟირებას“.

კითხვაზე, რომელი ცალკეული ჯგუფების პოპულისტურ განცხადებას გულისხმობს, ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში „კონკრეტულ ჯგუფზე არ აპელირებენ“: „უფრო ზუსტად, ეს არის განცხადება და ამ ფორმატში ჩვენ მეტს არაფერს არ ვიტყვით, თუ ვიტყვით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საჯარო დისკუსია. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მხოლოდ საჯარო დისკუსიაში. ეს არის კომპანიის პოზიცია. ამ შემთხვევაში ვინც თავის თავს იგულისხმებს, ასე ვთქვათ ღმერთმა შეარგოს, ჩვენ კონკრეტულად არავის არ ვგულისხმობთ, განსაკუთრებით ალბათ „ბათომს“. ეს არის კომპანიის ოფიციალური პოზიცია. თუ იქნება დისკუსია და ამას „ბათუმელები“ მოაწყობს, ან სხვა, თუნდაც ტელეეთერში, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ“ – განაცხადა ირაკლი ჯიჯავაძემ.

სახლს გორგასლის #25-ში კულტურული მემკვდრეობის ძეგლის სტატუსი არ გააჩნდა, თუმცა იგი ისტორიული შენობა იყო და ორგანიზაცია „გეოგრაფიკის“ დასკვნის თანახმად, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური დაცვის არეალში იყო მოქცეული. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტრიზაცია გასულ წელს ჩაატარა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

„გეოგრაფიკის“ დასკვნის შემდეგ ეს უკვე მეორე ბელეტაჟია, რომელიც დაანგრიეს [მარტის ბოლოს დაანგრიეს XX საუკუნეში აგებული ბათუმური ბელეტაჟი კლდიაშვილის #25-ში, მწერალთა კავშირის გვერდით და აქ 8-სართულიან კოპუსის აშენებას შპს „აჭარა სითი“ გეგმავს] იმის მიუხედავად, რომ სპეციალისტების აზრით, ამ შენობების შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების შესანარჩუნებლად.

კლდიაშვილის 25. ბელეტაჟი ამჟამად დანგრეულია.
კლდიაშვილის 25. ბელეტაჟი ამჟამად დანგრეულია.

ძველი ბათუმის არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი რომ ერთსართულიანი, ბელეტაჟის ტიპის სახლებია, ხელოვნებათმცოდნეებს არაერთხელ აღუნიშნავთ. ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – მათ მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ზოგიერთი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის ჩრდილში ექცევა.

ტურისტების რაოდენობა აჭარაში 2016 წელს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მარტში აჭარაში ტურისტების რაოდენობა 21,75 %-ით არის გაზრდილი. გასული თვის განმავლობაში რეგიონს 16 905 ტურისტი, მათ შორის 11 914 უცხოელი და 4 991 შიდა ტურისტი სტუმრობდა.

რაც შეეხება კვარტალის მონაცემებს, დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვარ-მარტში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,55 % -ით არის გაზრდილი. აჭარას ამ პერიოში 27 264 უცხოელი, ხოლო 13 422 შიდა ტურისტი ესტუმრა.

დეპარტამენტის სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების ინფორმაციას ეყრდნობა.

მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მიმდინარე წლის მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 48 % -ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით კი შესამჩნევიაისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის ზრდა. გასულ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში, 2015 წლის მარტთან შედარებით, 22-ჯერ მეტი ებრალი ვიზიტორი ჩამოვიდა.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, აქ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 10%-ით არის გაზრდილი. სარფის საბაჟოზე ირანიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მატება შეინიშნება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ჯერ არის გაზრდილი.

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი

„გავაფრთხილე, მაგრამ არ მოვიდნენ,“ – უპასუხა ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ მოსამართლის შეკითხვას – რატომ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულები. საქმის მასალების მიხედვით, დ.ბ.-ს სისტემატურად სცემდნენ ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი. ყოფილი ცოლ-ქმარი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ერთ სახლში ცხოვრობს.

„ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის წინ გაშორდა ერთმანეთს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი გაყვეს, მაგრამ კონფლიქტი შემდეგაც გრძელდებოდა. შემაკავებელი ორდერი ერთხელ პოლიციას ყოფილი ცოლის მისამართითაც აქვს გაცემული. ყოფილი ცოლი სცემდა ქმარს, რომელმაც სხვა ცოლი შეირთო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი რამაზ ჯორბენაძე.

ყოფილ ქმარს პროკურატურა ოჯახური ძალადობის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ედავება, რაც არასრუწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. მულსა და დედამთილს კი, გამოძიება რამდენიმე ეპიზოდში ცემას ედავება. „საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნები,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს პროკურორმა ადილარ წირღვავამ, როცა მან მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინა, მათ შორის, დაზარალებული დ.ბ.-ს პოლიციელისთვის მიცემული ჩვენება. ადვოკატმა ყველა მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია. საქმეზე უკვე ჩაინიშნა არსებითი განხილვა, რომელსაც ადვოკატის თქმით, დაესწრებიან ძალადობაში ბრალდებული ყოფილი დედამთილი, მული და ქმარი. ისინი ამ ეტაპზე გირაოს სახით არიან გათავისუფლებულები.

ქალაქი, სადაც კულტურული მემკვიდრეობა შეინარჩუნეს (ფოტო)

ამასია- ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში. ისტორიული წყაროების მიხედვით ეს ქალაქია 1555 წელს ირანსა და თურქეთს შორის ზავის დადების ადგილი.
ამასია- ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ქალაქში 1555 წელს სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის ზავი დაიდო და მრავალწლიანი ომი შეწყდა.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

02

ქალაქში შეინარჩუნეს ძველი ისტორიული ხიდები და სახლები, რაც ადგილობრივების თქმით განსაკუთრებით ხიბლავთ დამსვენებლებს. აქ ჩამოსული ტურისტების უმეტესობა გაჩერებას მდინარის პირას აშენებულ ძველ ისტორიულ სახლებასა და სასტუმროებში ამჯობინებს.
ამასიაში შეინარჩუნეს ისტორიული ხიდები და სახლები, რაც ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით ხიბლავს დამსვენებელს. აქ ჩამოსული ტურისტების უმეტესობა ცხოვრებას მდინარის პირას აშენებულ ძველ ისტორიულ სახლებსა და სასტუმროებში ამჯობინებს.

 

05

ქალაქ

დაბალი, აივნებიანი სახლები, ხის მოაჯირით მდინარე იეშილ ირმაქის გასწვრივ. ამ სახკებს საცხოვრებლად და ტურისტების მისაღებად ან სასტუმროებად იყენებენ. სახლები დაშენებულია ძველი რომაელების მიერ მდინარის გაწვრილ დაშენებულ ქვაზე
დაბალი, აივნებიანი სახლები, ხის მოაჯირით მდინარე იეშილ ირმაქის გასწვრივ. ამ სახლებს საძირკვლად აქვს ძველი რომაელების მიერ მდინარის გასწვრივ აშენებული ქვის ჯებირები.
ღამით მდინარის გასწვივრივ სახლებს სხვადასხვა ფერად ანათებენ. სახლების ჩრდილები კი მდინაის ზედაპეირზე აირეკლება.
სხვადასხვა ფერად განათებული კულტურული მემკვიდრეობის სახლების ჩრდილები მდინარის ზედაპირზე ირეკლება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი ისტორიული შენობაა ტურისტები ყველაზე ხშირად ფოტოკამერით ამ სანახაობას აფიქსირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი ისტორიული შენობაა, ტურისტები ყველაზე ხშირად ფოტოკამერით ამ სანახაობას აფიქსირებენ.

დანგრეული ასწლოვანი ბელეტაჟი – “მარდი ჰოლდინგის“ პასუხი “ბათომს”

ბათუმში, გორგასლის #25-ში მდებარე ბელეტაჟი კომპანია „მარდი ჰოლდნგმა“ დაანგრია. გუშინ, 25 აპრილს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ჯიჯავაძეს საზოგადოება „ბათომმა“ წერილით მიმართა და სთხოვა, შეენარჩუნებინა ბელეტაჟი:

„მოგმართავთ საზოგადოება “ბათომის” სახელით, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და 2011 წლიდან არსებობს.

რამდენადანაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ გეგმავს სათავო ოფისის აშენებას და აქ მდებარე სახლის, ძველი ბათუმური ბელეტაჟის დემონტაჟს.

სახლი, რომლის დემონტაჟსაც გეგმავთ, კლასიციზმის ნიმუშია. იგი მე-19 საუკუნის ბოლოსაა აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ნაწილია ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული მასშტაბებითა და სტილით.

საზოგადოება „ბათომი“ მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნოთ აღნიშნული შენობა, რადგან მისი შენარჩუნება აუცილებელია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანებისათვის. ძველი ბათუმის მატერიალური ავთენტურობის და ისტორიული ღირებულების ამსახველი არქიტექტურული პოტენციალი სწორედ ამგვარ შენობებშია დაცული. ასეთი შენობების განადგურება ისტორიულ ქალაქს, ძველ ბათუმს ანგრევს.

გორგასლის #25-ში მდებარე სახლის შენარჩუნება „მარდი ჰოლდინგის“ მხრიდან იქნება ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა და მხარდაჭერა და სამშენებლო კომპანიის მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ერთადერთი მაგალითი ბათუმში.

ასწლოვანი შენობის შენარჩუნება დადებითად აისახება თქვენი კომპანიის იმიჯზე, რომლის სათაო ოფისიც სტანდარტულ, ახალ შენობაში განთავსების ნაცვლად, განთავსებული იქნება ისტორიულ შენობაში, რომელიც შეინარჩუნებს თავის როლს ქალაქის განაშენიანების ისტორიაში.

მოგეხსენებათ, ისტორიულ შენობებში სათავო ოფისების განთავსების პრაქტიკას ხშირად მიმართავენ ევროპაში. ეს აღიქმება იმიჯის ნაწილად და კომპანიის მაღალი გემოვნების, პროგრესულობის და ღირებულებების ხაზგასმად.

იმედი გვაქვს, ყურადღებით მოეკიდებით ჩვენს მომართვას და მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც “მარდი ჰოლდინგს” წარმოაჩენს როგორც პროგრესულ, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი შენობების აგების პარალელურად შეუძლია იზრუნოს ქალაქის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე.“ – აღნიშნულია წერილში.

წერილის მიღებიდან მეორე დღეს ბელეტაჟი უკვე დანგრეულია.

გორგასლის #25. ფოტო გადაღებულია 24 აპრილს.
გორგასლის #25. ფოტო გადაღებულია 24 აპრილს.
ნანგრევები ბელეტაჟის ადგილას
ნანგრევები ბელეტაჟის ადგილას

ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი მიმართვა კომპანიას დააფიქრებდა და „მარდი ჰოლდინგი“ პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ისტორიული შენობის შენარჩუნებაში თავის როლს, თუმცა ასე არ მოხდა – ამბობენ საზოგადოება „ბათომში“.

„წერილის გადაცემის შემდეგ დამირეკა ირაკლი ჯიჯავაძემ, როგორც მივხვდი, მას არ ჰქონდა წერილი წაკითხული და დააზუსტა ინფორმაცია. ვკითხე, სმენია თუ არა ორგანიზაცია „ბათომის“ შესახებ, რაზეც მიპასუხა, რომ რა თქმა უნდა სმენია. მოკლედ ვუთხარი წერილის შინაარსი, რომ საზოგადოება სთხოვს მას, როგორმე შეინარჩუნოს ეს შენობა. დამოკიდებულება ჰქონდა ისეთი, რომ ვფიქრობდი, რაღაც შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამდა, მინიმუმ შეგვხვდებოდა მაინც. დღეს მითხრეს, რომ შენობა უკვე დანგრეულია. არ დავიჯერე, ჩავთვალე რომ ეშლებოდათ, გავედი და ვნახე, რომ შენობას გადაუარეს ბულდოზერით. გუშინ წერილი არ გავასაჯაროვეთ, რადგან ვფიქრობდით, რომ მოლაპარაკებას აზრი ექნებოდა. როგორც ჩანს, როგორც კი დაინახეს, რომ შეიძლება ამაზე საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს და ამის ნიშნები იყო სოციალურ ქსელში, მარტივად გადაჭრა პრობლემა“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

იგი ამბობს, რომ „მარდი ჰოლდინგის“ ეს „პასუხი“ კომპანიის დამოკიდებულებაზე მეტყველებს: „მარტო ვერ დავაბრალებთ იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო მერიის მიერ და დემონტაჟის უფლება ჰქონდათ… კომპანიის დირექტორს ჰქონდა სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების შანსი, რომელიც კომპანიამ გაუშვა ხელიდან და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობისადმი მტრული დამოკიდებულება გამოამჟღავნა“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

ამ ადგილას „მარდი ჰოლდინგი“ ორსართულიანი შენობის აგებას გეგმავს.

ბათუმური ბელეტაჟები ქალაქის ისტორიული განაშენიანების ნაწილია. ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – მათ მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს.

რატომ არ გაიზიარა “ბათომის” შეთავაზება კომპანიამ – “ბათუმელებს” “მარდი ჰოლდინგში” უთხრეს, რომ ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

გორგასალის #25. შოთა გუჯაბიძის ფოტო. შენობა უკვე დანგრეულია
გორგასალის #25. შოთა გუჯაბიძის ფოტო. შენობა უკვე დანგრეულია

ბათუმის მერიამ ჟიული შარტავას მემორიალისთვის 96 ათასი ლარი გამოყო

მემორიალური პორტრეტის მოდელი
მემორიალური პორტრეტის მოდელი

ჟიული შარტვას მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში [იუსტიციის სახლის მიმდებარედ] დაიდგმება. მემორიალის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. მაქსიმალური თანხა, რასაც მერია მემორიალში გადაიხდის 96 ათას 650 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მემორიალის პროექტი მომზადებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთის საფუძველზე [მემორიალის ავტორი: გ. შხვაცაბაია; არქიტექტორი: ე. კისელიოვი; კონსტრუქტორი: გ. ჭანკვეტაძე]. მემორიალის სიმაღლე 4,5 მეტრი იქნება.

მემორიალის სრული მოწყობა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში. საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს დასრულდება.

Jiuli Sartavas memoriali
მემორიალის ფოტომონტაჟი / „მემორიალი წარმოადგენს პოსტამენტზე განთავსებულ სტელას. ობიექტი გეგმაში კვადრატის ფორმისაა. მისი გაბარიტული ზომებია 4,8 × 4,8 × 4,5 მ. 0,00 ნიშნულზე გათვალისწინებულია 2 საფეხურიანი პოსტამენტი 30 სმ სიმაღლით. სტელას წინა ფასადზე მონტაჟდება სკულპტურული პორტრეტი. სკულპტურული პორტრეტის მასალაა ხელოვნური მარმარილო თეთრი ფერის. სტელა კეთდება ბეტონისგან (მოპირკეთების გარეშე). პოსტამენტის საფეხურები მოპირკეთდება ბაზალტის ფილით. პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობას: დეკორატიული ქვაფენილის მოწყობას და მემორიალის განათებას“

ენმ-ს წევრი არჩილ ხაბაძეს: „მოკიდოს ხელი და წაიყვანოს თავისი დეიდაშვილი“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ქობულეთში აიპი „ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურის და მისი დირექტორის მუშაობას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუვლელი ინფრასტრუქტურითა და დანაგვიანებული ქუჩებით ხვდება. რეზო ხარაზმა დღეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდება, საპროტესტო აქციას უკვე მოსახლეობა გამართავს.

„… აიპი ქობულეთს სანდასუფთავების უფროსად ცოტა ხნის წინ არჩილ ხაბაძემ საკუთარი დეიდაშვილი დანიშნა და გამოუყო ორჯერ მეტი თანხა, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს. მილიონ 500 000 ლარია ქობულეთის დასუფთავებისთვის გათვალისწინებული. სანაცვლოდ კი ზღვისპირა ქალაქში მივიღეთ დაზიანებული სანაგვე ურნები – არც ერთს არა აქვს სახურავი, ახალი ნაგვის პოლიგონები, მოუწესრიგებელია პარკები და სკვერები. ამ ყველაფერს არც გამგებელი აქცევს ყურადღებას. სანდასუფთავის მხრივ ქობულეთში კატასტროფული მდგომარეობაა. ვიცით, რომ 2014-2015 წლებში შეიძინეს ახალი ურნები, მაგრამ ქალაქში ეს ურნები არავის უნახავს. არავინ იცის, რისთვის ხარჯავს ამხელა ბიუჯეტს არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მან ხელი მოკიდოს თავის დეიდაშვილს და წაიყვანოს, სადაც უნდა იქ. გამგებელმა კი მივლინებების ნაცვლად ხანდახან ქობულეთის ქუჩებშიც გაისეირნოს“, – განაცხადა რეზო ხარაზმა.

რეზო ხარაზის ფოტო
ფოტო რეზო ხარაზი
 რეზო ხარაზის ფოტო
ფოტო: რეზო ხარაზი
რეზო ხარაზის ფოტო
რეზო ხარაზის ფოტო
რეზო ხარაზის ფოტო
რეზო ხარაზის ფოტო

აიპი „ქობულეთის სანდასუფთავება“ გამგეობამ გასული წლის დეკემბერში საკრებულოს თანხმობით შექმნა. მანამდე ქობულეთის დასუფთავებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბათუმის სანდასუფთავება“ უზუნველყოფდა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ახალი აიპის შექმნის ინიციატივა ქობულეთის გამგებელს სულხან ევგენიძეს ეკუთვნის. წერილში, რომლითაც მან საკრებულოს თავმჯდომარეს, სულხან ოქროპირიძეს თანხმობის მიღების თხოვნით მიმართა, აიპის შექმნა დასუფთავების სფეროში კონკურენტული გარემოს არარსებობით ახსნა.

აიპის შექმნის შესახებ დოკუმენტის საკრებულოში დარეგისტრირებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის დედიდაშვილისთვის ქმნიდნენ.

რაულ ჩელებაძის და, ზოგადად, ნათესავების საჯარო სამსახურებში დანიშვნასთან დაკავშირებით მაშინ „ბათუმელების” მიერ დასმულ კითხვას არჩილ ხაბაძემ ასე უპასუხა: „აჭარა პატარა რეგიონია და ადვილია ნათესაური კავშირების გამოძებნა. ადამიანები იმის გამო არ უნდა დაიჩაგრონ, რომ ჩემი ნათესავები არიან. თუ კვალიფიკაცია და კომპეტენცია იძლევა საშუალებას, ყველა უნდა დაწინაურდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არ არის საჯარო სამთავრობო სამსახურზე. იგი ამ დროისთვის მუშაობს აიპი სამსახურში და გააგრძელებს მუშაობას თუ არა – გადაწყვეტს დამსაქმებელი“.

დამსაქმებელმაც ასე გადაწყვიტა, აიპი „ქობულეთის სანდასუფთავების“ დირექტორად არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი რაულ ჩელებაძე დანიშნეს.

ამავე თემაძე: მილიონიანი ახალი აიპი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დეიდაშვილისთვის

„ბათომი“ – წიგნი ძველ ბათუმზე ფასდაკლებით saba.com.ge-ზე

„1894 წლის ბათუმი. ქალაქის სათათბიროში დიდი აურზაურია. სათათბირო აზიზიეს მოედანზე დგას და ხალხს ვერ იტევს. ბათუმი თავისი არსებობის მანძილზე პირველ ქალაქისთავს ირჩევს. ქალაქს ამ დროს უკვე ჰყავს მთავარმართებლის მიერ დანიშნული ქალაქისთავი, კ. დ. გავრონსკი, რომელიც წინასწარ იღებს მოლოცვებს. ხმის დამთვლელი კომისია თვალებს არ უჯერებს. გაიმარჯვა ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანმა.“ – ეს ნაწყვეტია შოთა გუჯაბიძის წიგნიდან – „ბათომი“, რომელიც გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2015 წელს გამოსცა.

„ბათომი“  დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით
„ბათომი“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით
„ბათომი“ რეჟისორისა და ფოტოკოლექციონერის, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის სტატიების კრებულია. სტატიები ერთი წლის მანძილზე იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელების“ რუბრიკაში – „ბათომი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუბრიკა იყო გაზეთის მკითხველებს შორის.

„ბათომი“ არის „ამბავი ქალაქზე, რომელიც იყო და აღარ იქნება“ – ასე ახასიათებს თავად ავტორი წიგნს. რაც შეეხება წიგნის სახელწოდებას – ბათომი ერქვა ბათუმს XX საუკუნის 30-იან წლებამდე, სანამ ქალაქს ოფიციალურად უწოდებდნენ ბათუმს და წიგნში გამოქვეყნებული სტატიები და ძველი ფოტოსურათები ძირითადად ქალაქის ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს ასახავს – ბათომიდან ბათუმამდე.

„ბათომი“ წელს ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ ნომინანტია წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში.

გასულ კვირაში, 18 აპრილს კულტურული მემკვდრეობის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელსაც ორგანიზაციები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მუშაობენ, სხვადასხვა ღონისძიებით გამოეხმაურნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება „ბათუმელებიც“, რომელიც წლებია აქტიურად აშუქებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ თემებს და გთავაზობთ უპეცედენტო ფასდაკლებას „ბათომის“ ელექტრონულ ვერსიაზე. წიგნის შეძენა ელექტრონული წიგნების სახლის, „საბას“ ვებგვერდზე 5 ლარად შეგიძლიათ. აქცია ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

რაც შეეხება „ბათომის“ ბეჭდურ ვერსიას, გაზეთ „ბათუმელების“ ბეჭდური ვერსიის 2016 წლის ბოლომდე ხელმოწერის შემთხვევაში წიგნს საჩუქრად მიიღებთ [ხელმოწერის ფასია 60 ლარი, გაზეთს მიიღებთ ყოველ ორშაბათს, თქვენთვის სასურველ მისამართზე, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში], წიგნის შეძენა ასევე შესაძლებელია წიგნის მაღაზიებში.

„ბათომი“  დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით
„ბათომი“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით

ბათუმის ყოფილი მერი პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ირაკლი თავართქილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე სტატუსი გამოაქვეყნა:

„გუშინ ჩემი მეგობრებისა და ყოფილი კოლეგების მოწვევით ვიმყოფებოდი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ბათუმის ოფისის გახსნაზე, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა და ვნებათაღელვა გამოიწვია. მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ არანაირ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ზოგადად, ნაკლებად პოლარიზებულ და ლიბერალურ საზოგადოებაში ოპონენტებთან ურთიერთობა და აზრთა გაზიარება ტრაგედიად არ უნდა აღიქმებოდეს.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს: აჭარის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კულუარულ და ქვეყნიდან გაქცეულ არაფორმალურ მმართველთან იდეოლოგიურ და ღირებულებით ნაწილში რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების გამო აპრილიდან შემიჩერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მრჩევლის თანამდებობა. მაშინ, როცა ჩემი მეგობრები ჯერ კიდევ პოლიტპატიმრების სტატუსით უკანონოდ იხდიან სასჯელს საპატიმროში, ვღებულობ ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და საკუთარი ნებით დროებით ვიჩერებ ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრობას და პარტიის აღმასრულებელი მდივნის უფლებამოსილებას. უკვე სხვა ფრონტზე, სხვა სტატუსით და სხვა გამოწვევებით ვაგრძელებ ბრძოლას ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის, ახალგაზრდებში აკადემიური დონის ამაღლებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდისთვის“, – წერს ირაკლი თავართქილაძე.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან დაპირისპირების შესახებ მეტ დეტალებზე ირაკლი თავართქილაძემ საუბარი არ ისურვა. წყაროს ინფორმაციით კი, პარტიის ყოფილი წევრის განაწყენების ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ ლევან ვარშალომიძე საარჩევნო სიის შედგენას თანაპარტიელების მოსაზრების გაზიარების გარეშე, დამოუკიდებლად გეგმავს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ არ არის გამორიცხული თავად ლევან ვარშალომიძემ იყაროს კენჭი ბათუმის მაჟორიტარად, ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ ვერაფერს იტყვის.

ირაკლი თავართქილაძე ამ დროისთვის კომპანია „მეტრო თრეველის“ დირექტორად მუშაობს და მისივე თქმით, რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს.

ირაკლი თავართქილაძე 2006-2007 წლებში ბათუმის მერი იყო, ხოლო 2007-20012 წლებში საქართველოს ელჩი საბერძნეთში.

აჭარის მთავრობის ყოფილი მოხელეები „გირჩს“ უხელმძღვანელებენ

დღეს, 25 აპრილს, „ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“  რეგიონული ოფისი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნას ესწრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.  „გირჩების“ ბათუმის ოფისს  ყოფილი საჯარო მოხელე, ჯემალ ბერიძე უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ყოფილი ელჩი თურქეთში, ტარიელ ლებანიძე იქნება.

„ბათუმში უამრავი ადამიანი ელოდება ამ ოფისის გახსნას და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მოსახლეობისგან გვინდა იმის მოსმენა, თუ როგორ ხედავენ არსებული პრობლემებიდან გამოსავალს. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაგარი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც ოდესმე დაწერილა ამ ქვეყანაში, ამიტომ ეს ოფისიც გვინდა იმისთვის გამოვიყენოთ, რომ ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ჩვენი ხმა. ჩვენ ოფისებს გავხსნით ყველა რაიონში აჭარაში, რადგან აჭარა პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება მომავალ არჩევნებზე“, -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

DSCN9694

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ახალ პოლიტიკურ ცენტრს“ მთლიანობაში 3 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. „რამდენია კონკრეტულად ბათუმიდან, არ გამიფილტრია“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა. თუმცა, დასძინა, რომ აჭარა ყველაზე აქტიური იყო გამოხმაურების თვალსაზრისით.

„ადამიანები ყველა ახალ საქმეს უყურებენ ეჭვის თვალით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენ დასაწყისშივე გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენს ხედვებში, ღირებულებებში დაინახა მომავალი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ  პარტიაში გაწევრიანების განსაკუთრებული კრიტერიუმები არ აქვთ, თუმცა არ მიიღებენ ფაშისტებს და პრორუსული მიმართულების მოქალაქეებს:

„ჩვენ არ მივიღებთ ფაშისტებს და ადამიანებს, რომლებიც დგანან ოკუპანტი ქვეყნის მხარეს, არ მივიღებთ ჰომოფობებს და ქსენოფობებსაც – ესეც  გაწერილი გვაქვს. მაქვს სურვილი, რომ  პარტია წარმოადგენდენს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“.

DSCN9689

მან დღეს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელად ჯემალ ბერიძე დაასახელა. „შეუძლებელია ხუთი წუთი ესაუბრო და კეთილგანწყობა არ მოიპოვოს თქვენი, მე ხუთ წუთში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბატონი ჯემალი იყო ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიმუშავებდი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯემალ ბერიძე ორი წლის წინ აჭარის მთავრობაში საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. როგორც თვითონ განაცხადა, თანამდებობა რეორგანიზაციის შემდეგ დატოვა, რადგან დეპარტამენტი გაუქმდა. ჯემალ ბერიძეს აქვს სამშენებლო ბიზნესი.

„ეს არის გუნდი, რომლის ძირითადი პოსტულატი ემთხვევა ჩვენს (ბიზნესმენების) აზრს, რომ შეღავათი უნდა ჰქონდეს ბიზნესს. დღესაც ვგრძნობთ, როგორ წნეხშია ბიზნესში. ამ პარტიისგან ველოდები იმას, რომ ბიზნესი რეალურად იქნება თავისუფალი და არ იქნებიან პრივილიგირებული ბიზნესმენები“, – განაცხადა ჯემალ ბერიძემ ოფისის გახსნისას.

ტარიელ ლებანიძეც ორი წელი  აჭარის მთავრობაში მუშაობდა. 2012 წელს იყო თურქეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩიც.

DSCN9688

„მე ავირჩიე დასავლირი კურსი, ნატო და ევროპული გზა, ავირჩიე მეტი თავისუფლება, ამიტომ ავირჩიე  ეს პარტიაც“, – განაცხადა მან ოფისის გახსნაზე.

პარტიის ხელმძღვანელის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ახალ პოლიტიკურ ცენტრს“ დაფინანსების პრობლემა არ აქვს – „ გვყავს ბევრი ბიზნესმენი, ვინც აქტიურად გვეკონტაქტება და გვთავაზობს ფინანსურ დახმარებას”.  „ბათუმელების“ კითხვაზე,  რითი დააინტერესა პარტიამ ბიზნესი, რადგან ისინი დაფინანსებას სთავაზობენ?  ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „ჩვენ ვთავაზობთ იმას, რაც ყველაზე მოსაწონია ბიზნესისთვის, ჩვენი პროგრამის მთავარი არსი არის ის, რომ საქართველო გახდეს დედამიწაზე ყველაზე საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთებისთვის. ცხადია, ეს ესმის ბევრ ბიზნესმენს“.

DSCN9687

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გადასახადების ნაწილი უნდა გაუქმდეს და სახელმწიფო ხარჯები შემცირდეს, უნდა შეიცვალოს სოციალური დახმარების სისტემა, „ფული რომ აღარ იფლანგებოდეს მდიდარ და შეძლებულ ოჯახებზე“.

 

DSCN9683

 

 

გამოფენა და აჭარული ქორწილის იმიტაცია ფოლკლორის ცენტრში

ხვალ, 26 აპრილს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის და დურმიშხან კიკნაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყობა.

პერსონალური გამოფენის პარალელურად, ხვალვე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ქედის კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებული სასოფლო კლუბების ხელმძღვანელებისა და ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით ძველი აჭარული ქორწილის თეატრალიზებული იმიტაცია გაიმართება. ღონისძიება 18 საათზე დაიწყება.

„აჭარული ქორწილი“ პირველად ქედის კულტურის ცენტრში ქედის კულტურის ცენტრთან არსებული სასოფლო კლუბების, კულტურის სახლების, ფოლკლორული ანსამბლების: ,,ელესას“, „იაგუნდის“, „მოყვარეს“ წარმომადგენლებთან ერთად ხალხურმა მთქმელებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა 2014 წლის 24 დეკემბერს დადგეს.

რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა

„უღირსი შვილები ხანდახან დედასაც გამოსდისო, მოტყუვდნენ თანამდებობის გამო,“ – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ ორი წევრის წასვლას ამ პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მახარაძე. პარტიას გამიჯნული იაგო დიასამიძე და იური მიქელაძე შუახევის საკრებულოს წევრები არიან.

„პარტიაში შესვლაც და გამოსვლაც არის ნებაყოფლობითი. ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავტოვე. ესაა ჩემი კომენტარი,“ – გვითხრა იაგო დიასამიძემ.

„ვიდრე პარტიას დატოვებდა, იაგო დიასამიძეს მთელი დღე კონსულტაციები ჰქონდა „ოცნების“ წარმომადგენლებთან“ – ამბობს მარინა მახარაძე. „რესპუბლიკელების“ შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ იაგო დიასამიძეს სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზეს, რომელიც ვაკანტურია. იაგო დისამიძემ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მანვე დაგვიდასტურა, რომ სოციალურ სააგენტოში მთავარ სპეციალისტად კარგა ხანია მუშაობს.

რატომ დატოვა „რესპუბლიკური პარტია,“ – მიზეზებზე საუბარი იაგო დისამიძეს არ სურს. მან არც ის გვითხრა, რომელ პარტიაში აპირებს გაწევრიანებას: „არც ერთ პარტიაში არ ვაპირებ შესვლას ჯერჯერობით.“

„მე ყოველთვის ვიქნები ხელისუფლების გვერდში,“ – გვითხრა პარტიიდან წამოსულმა იური მიქელაძემ. ის არ აკონკრეტებს, რა იგულისმება „გვერდით დგომაში“, ან რის გამო გაემიჯნა „რესპუბლიკელებს“, რომლის წევრიც ის 11 წელი იყო: „რესპუბლიკური პარტიის“ შუახევის ორგანიზაცია პრაქტიკულად ჩემი დაფუძნებულია. დეტალებზე საუბარი ჯერ არ მინდა, მაგრამ არავისთან გარიგებაში არ ვარ. მთავარი მიზეზი, რის გამოც პარტია დავტოვე ის იყო, რომ რაიონული ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი – მარინა მახარაძე ეჭვის თვალით მიყურებდა“.

იყო თუ არა იური მიქელაძე „საეჭვო“ პარტიისთვის – „ერთხელაც არ წამოვიდა თბილისში პარტიის შეკრებაზე, პარტიამ რა გამიკეთა მეო, ასე იძახდა და აბა, როგორ შევხედავდი?“  – ამბობს „ბათუმელებთან“ მარინა მახარაძე.

როგორ აღიქვეს პარტიის ლიდერებმა პარტიიდან წევრების წასვლა? – გიორგი მასალკინი არ მიიჩნევს, რომ იდეოლოგიის პრობლემაა, როცა „ძველი კადრი“ პარტიას ტოვებს: „ასე რომ ყოფილიყო, ეს სადმე იჩენდა თავს. იური მიქელაძე ნამდვილად დიდი ხნის წევრი იყო, თუმცა შუახევი „რესპუბლიკელების“ სუსტი წერტილი იყო მაინც. ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტი გარანტიები მიიღეს და ეს გადაწყვეტილება მიიღეს ძირითადად საყოფაცხოვრებო მიზეზებით, მაგალითად, თანამდებობის შენარჩუნებით, ან ახლის მიღებით და ასე შემდეგ.“

ფიქრობთ თუ არა, რომ პარტია შესაძლოა იმავე მიზეზით სხვებმაც დატოვონ? – ამ კითხვაზე გიორგი მასალკინმა გვიპასუხა, რომ პარტიაში, პირიქით, შემოსვლის მსურველები არიან და პარტიის დატოვება ვერ მიიღებს ტენდენციის სახეს: „არა მგონია, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს ისეთი მდგომარეობა, რომ სხვა პარტიის წევრებს სთავაზობდეს რამეს ან ხიბლავდეს რაიმეთი.“

სანამ პარტიას წევრებ დატოვებდნენ, მანამდე შუახევის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა. ერთ-ერთი ვერსიით, მათ არ აპატიეს საკრებულოს თავმჯდომარის – ნოდარ ქარცივაძის გადაყენების მოთხოვნაზე ხელის მოწერა. ქარცივაძის გადაყენების აქტიური მხარდამჭერი იური მიქელაძე დღეს „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის არასდროს ყოფილა პარტია „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობაში და ამ პროცესში ის საკრებულოს თავმჯდომარეს პიროვნულად უპირისპირდებოდა.

ტურიზმი მახუნცეთში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფონზე

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი ტურისტი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და თამარის ხიდს ჰყავდა. ვიზიტორთა სიმრავლის მიუხედავად, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო.

თამარის ხიდთან და მახუნცეთის ჩანჩქერთან მისულ ტურისტებს ძველი, უსახური შენობები, გაუმართავი საპირფარეშოები თანმდევი ანტისანიტარიით და საცხოვრებელი კორპუსების შელახული ფასადები ამ გაზაფხულზეც დახვდება. პრობლემას აქ არასრულყოფილი გარეგანათებაც ქმნის – თამარ მეფის ხიდზე საერთოდ არ არის გარეგანათება.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების ეზოში განთავსებული სათავსოებისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟი ქედის გამგეობამ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, საკრებულოს გადაწყვეტილებით განახორციელა. მაშინ გამგეობა იქ მცხოვრებ ოჯახებს შეშის შესანახი თანამედროვე სათავსოების გაკეთებას აიძულებდა, თუმცა დემონტაჟის შემდეგ მოსახლეობამ იმავე ტერიტორიაზე, დანგრეული სათავსოების ადგილზე, ალაგ-ალაგ ისევ ნახევრად გადახურული საშეშეები მოაწყო.

მახუნცეთის ჩანჩქერთან, დაახლოებით 20-30 მეტრში, სასტუმროს მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის ივნისში 847,80 კვ.მ არსებული შენობა-ნაგებობა 1 045 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად 20 450 დოლარად აუქციონზე პირობითად გაყიდა. უკრაინელ ინვესტორს აუქციონზე ნაყიდ ტერიტორიაზე 80 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, მინიმუმ 10-ნომრიანი სასტუმრო 12 თვის განმავლობაში უნდა აეშენებინა და 24 თვის განმავლობაში გაეხსნა კიდეც. ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 10 თვე გავიდა, თუმცა ტერიტორიის ახალმა მფლობელმა მშენებლობა აქ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ადგილი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს
ადგილი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს

როდის დაიწყება კეთილმოწყობითი სამუშაოები მახუნცეთში? ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ დაბა მახუნცეთის ტერიტორიის გენგეგმაზე მუშაობენ. მისი თქმით, პროექტის მოსამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო და ტენდერს მალე გამოაცხადებენ. ქედის გამგებლის გათვლებით, გენგეგმის განხორციელებას მახუნცეთში 2 მილიონამდე ლარი დასჭირდება. დავით დუმბაძე ვარაუდობს, რომ პროექტის განხორციელებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებენ.

„წინა წლებში ჩვენ ჩანჩქერთან მისასვლელი გზა მოვაწესრიგეთ, გაკეთდა ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი, დაიდგა ურნები, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ წყლის სისტემის მოწესრიგებასა და პროექტის შემუშავებაზე, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ. გენგეგმის დაპროექტების სატენდერო პირობებში ჩავდებთ მოთხოვნას: იმ შემთხვევაში, თუ პროექტში ცდომილება აღმოჩნდება, დამპროექტებელი ვალდებული იქნება პროექტი გაასწოროს, პროექტის მოსამზადებლად 70 000 ლარი გავითვალისწინეთ. მე მინდა მახუნცეთი სიღნაღის დონეზე გაკეთდეს, ეს შესაძლებელია“, – ამბობს გამგებელი.

დავით დუმბაძის თქმით, გენგეგმაში კორპუსების ფასადების მოწესრიგება, პარკისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, გარემოვაჭრეებისთვის ჯიხურების გაკეთება, კაფე-ბარებისა და თონის მოწყობა გაიწერება.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია
მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია

„ამ ტერიტორიაზე კორპუსებში მცხოვრებთა მცირე ნაწილს ფართობი მიშენებული აქვს, დიდ ნაწილს – არა, მოსახლეობა მოითხოვს შავი სამუშაოები თანადაფინანსებით გავუკეთოთ. ვფიქრობ, ამოშენებულ ფასადს ჩვენ მოვაწესრიგებთ, შიდა ნაწილს კი, როგორც მათ სურთ, ისე გააკეთებენ. გარევაჭრობა ცივილიზებულ სახეს მიიღებს, კაფეები მოეწყობა, იქნება სოფლის პროდუქტებისთვის განკუთვნილი მაღაზია, მოეწყობა ტურისტული ცენტრი, ასევე იქნება ღვინისა და სუვენირების მაღაზია. რაც შეეხება სველ წერტილებს, არსებულს შევცვლით და ერთს დავამატებთ, ჩანჩქერთან მისასვლელ გზაზე დაემატება გარეგანათება,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ, თამარის ხიდთან მისვლამდე ადგილობრივები ქილებით თაფლს, მურაბას, ჩურჩხელასა და ტყლაპს ყიდიან. მახუნცეთის ჩანჩქერისა და თამარ მეფის ხიდის სანახავად ამოსული ტურისტი მახუნცეთის დათვალიერებას სწორედ ამ ადგილიდან იწყებს და შემდეგ ჩანჩქერზე ინაცვლებს. ცენტრალური გზიდან თამარის ხიდთან ჩასასვლელი გზის მხოლოდ ის ნაწილია მოპირკეთებული, სადაც ადგილობრივები ტკბილეულს ყიდიან. ერთ-ერთი მოვაჭრის, მზევინარის თქმით, „დღის განმავლობაში ბევრი ავტომობილი ჩერდება, ეს კი მტვერს იწვევს. ჩვენ, ვინც აქ ვვაჭრობთ, გზის ნაწილი დავასხით, კარგი იქნება, თუ მთლიანად დაასხმება“.

maxunceTi (5)

64 ათასი ლარი ბათუმის საზაფხულო თეატრის შესაკეთებლად

საზაფხულო თეატრის დაზიანებული სახურავის, ფასადის და წყლის საქაჩი ტუმბოს შეკეთების სამუშაოებისთვის ბათუმის მერიას 64 ათას 498 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სამუშაოს მწარმოებელმა „სამშენებლო მოედანი უნდა შემოღობოს დროებითი ინვენტარული ღობის ფარებით სიმაღლით 2 მეტრი, ღობის მთელ პერიმეტრზე საჭიროების ადგილებში უზრუნველყოს დროებითი ტროტუარების მოწყობა არა უმცირეს 1 მ-ის სიგანით, ღობეზე უნდა გამოეკიდოს შემზღუდავი ფირნიშები ღამის განათების უზრუნველყოფით და საინფორმაციო დაფა დაინტერესებულ პირებისათვის ობიექტის მშენებლობის შესახებ“.

xabaZis gankargulebaთეატრის [რომელიც ძველ ბულვარში მდებარეობს] ირგვლივ უნდა დადგინდეს ადამიანებისთვის სახიფათო ზონები, რომელთა ფარგლებში პოტენციურად მოქმედებს ან შეიძლება მოქმედებდეს საშიში ფაქტორები. სახიფათო ზონები აღნიშნული უნდა იყოს უსაფრთხოების ნიშნებით და დადგენილი ფორმის წარწერებით.

ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან.

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოების შესრულებას – ის უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 5 ივნისამდე; საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.

შესაბამისი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 აპრილს უნდა დასრულდეს.

საზაფხულო თეატრი 2013 წელს გაიხსნა.

ამ თემაზე:

სააკაშვილს ბათუმში თეატრის გახსნას უკრძალავენ

შაკიკი, თავბრუხვევა და რადიკულიტი – როდის გჭირდებათ ვიზიტი ნევროლოგთან

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნევროლოგიურ კაბინეტს ყველაზე ხშირად ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შაკიკი და რევმატიზმი აწუხებთ. თუ კი ეს ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები გაწუხებთ, დროა ნევროლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ.

ნევროლოგიური დაავადებების ჯგუფს თავისა და ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები მიეკუთვნება. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმ-ნევროლოგის, ნინო ფილიას თქმით, გაზაფხულზე, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, განსაკუთრებით ხშირად რადიკულიტი მწვავდება. „როდესაც სწრაფად დგება სითბო და სითბო-სიცივის რეჟიმი ერღვევა ადამიანს, ხშირია რადიკულიტის გამწვავების შემთხვევები,” – ამბობს ნინო ფილია.

ნინო ფილია
ნინო ფილია
ნევროლოგიურ კაბინეტს ხშირად მიმართავენ ის პაციენტებიც, რომელთაც შაკიკი აწუხებთ. დაავადება, რომელსაც მწვავე, განმეორებადი და პულსირებადი ტკივილი ახასიათებს, ქრონიკულია, თუმცა ნევროლოგი ამბობს, რომ მისი მართვა სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია:

„შაკიკი არის დაავადება, რომელიც ხშირად გხვდება. მის მკურნალობაში ორი მიმართულებაა: პირველი – არის შეტევის მოხსნა. არის რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, მაგალითად, როდის უნდა მიიღოს გამაყუჩებელი, ტკივილის დასაწყისშივე, თუ მოთმენის შემდეგ – ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეტევის მოხსნის ეფექტურობისთვის. ზოგჯერ პაციენტები ტკივილს ითმენენ, თუმცა შაკიკი არის დაავადება, რომელიც სწრაფად მოითხოვს ტკივილის მოხსნას. მეორე მიმართულებაა პროფილაქტიკური მკურნალობა, რათა შემცირდეს შეტევების რაოდენობა, სიხშირე, სიმძაფრე – მკურნალობას წყვეტს მხოლოდ ექიმი, ამას პაციენტი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, ისევე როგორც ვერ შეარჩევს მისთვის საჭირო მედიკამენტს. ზოგადად, შაკიკი ქრონიკული დაავადებაა და მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ ხანგრძლივი რემისიის მიღწევა რეალისტურია, შეიძლება დაავადების კონტროლი,“ – ამბობს ნინო ფილია. ექიმის განმარტებით, შაკიკი შეიძლება გაამწვავოს სტრესულმა სიტუაციამ, დიეტის დარღვევამ და ასე შემდეგ.

როგორ ხდება ნევროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა? ნინო ფილიას თქმით, მთავარი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას უკავშირდება: „მეტი დრო სუფთა ჰაერზე, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი საკვები სწორ დროს და შესაბამისი ულუფით – ეს არის ნევროლოგიური დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა,“ – ამბობს ნევროლოგი.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნევროლოგიური კაბინეტი ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობს. არ გადადოთ ვიზიტი ნევროლოგთან! ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში და მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნევროლოგიური მიმართულება გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ დახმარებას შემდეგი პათოლოგიების დროს:

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა [ინსულტი]
თავის ტკივილი [შაკიკი, დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი და სხვა]
ვესტიბულური დარღვევები [თავბრუხვევა]
ძილის დარღვევები
პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმი და სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევები
ეპილეფსია
ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები
ქალა ტვინის ტრავმები
თავის ტვინის სიმსივნური დაავადებები
ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები
ზურგის ტვინის ანთებითი და
დეგენერაციული დაავადებები
პოლინეიროპათიები
ნერვ-კუნთოვანი დაავადებები

მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის 14
ტელეფონი: +995 422 21 33 33
ელფოსტა: info@iuhb.ge

IUHB-JPG-GEO

საოჯახო სახლების მომზადება ტურისტული სეზონისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეთა მომზადება იწყება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრენინგო ცენტრში მათ სერვისის ძირითადი სტანდარტების შესახებ, გერმანელმა ექსპერტმა ტრენინგი ჩაუტარეს. „ულიხ ტროსიენმა, რომელსაც ტურიზმის დარგში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ სოფლად ტურიზმის კუთხით თანამედროვე მსოფლიოში დანერგილი ის ძირითადი ნორმები გააცნო, რაც აუცილებელია ტურისტების მოსაზიდად და მათი კმაყოფილების დონის მისაღწევად“.

ამავე ინფორმაციით, ტურისტებისთვის და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველეთათვის მაისში მზად იქნება საოჯახო სახლების ერთიანი ბაზა, რომელიც დეპარტამენტის გვერდზე gobatumi.com განთავსდება. „გარდა ამისა, სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარეობს ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება, მათთვის კონკრეტული სერვისების მიბმა, რაც სუვენირების, სახელოსნოების, ადგილზე წარმოებული პროდუქტების გამოყენებას ითვალისწინებს“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გაწევრიანებულია სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციაში „Eurogites“, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებასა და ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში

„პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში“, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც კონკრეტულ უბანს, დასახლებას თუ მუნიციპალიტეტს გააჩნია. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები მოქალაქეებთან რის შემდეგაც, მოსახლეობის მიერ გამოკვეთილ პრობლემებს მიეცემა პეტიციის სახე და წარდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოებში.

„ეს არის USAID-ის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობას და პეტიციის ინსტრუმენტების ამოქმედებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სადაც  მოსახლეობის მიერ უნად გამოკვეთოს სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც დამუშავდება და პეტიციის სახე მიეცემა. მოსახლეობის მიერ შეირჩევა ლიდერები, რომლებიც შემდგომში უშუალოდ იქნებიან პეტიციის ინიციატორები და მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრობლემებს, პეტიციის სახით წარადგენენ საკრებულოებში“- ამბობს პროექტის კოორდინატორი არჩილ ხახუტაიშვილი.

 

DSCN9659

 

პროექტში როგორც აქტიური მოქალაქე, ჩართულია სტუდენტი სალომე კოსტავა. იგი მიიჩნევს რომ მოქალაქეების აქტიურობა და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნეოვანია, რადგან მოქალაქეებს შეუძლიათ გაველან მოახდინონ თვითმმართველობებზე და პრობლემები მოაგვარონ.

„პირველ რიგში როგორც მოქალაქემ ისე მინდა მივიღო მონაწილეობა პროექტში და  გავაკეთო მაქსიმუმი, რადგან მოქალქეები უნდა მიხვდნე რამდენად დიდი ძალა აქვთ და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ხელისუფლებაზე.  სამწუხაროდ, დღეს მოქალაქეები დღეს ნაკლებ ინტერესს იჩენენ, რადგან ფიქრობენ რომ მათი აქტიურობით არაფერი შეიცვლება. „მოდიან, ყველაფერს გვპირდებიან, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს“,- ასე მეუბნებიან. მათ ცვლილებების იმედი არ აქვთ“.

სალომე კოსტავას აზრით, დღეს ქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა:

„მე როგორც მოქალაქე ვფიქრობ რომ პრობლემაა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სავაჭრო ადგილებში, ბონის დასახლებაში არ არისა გაჩერებები და ნაკლებია სანაგვე ურნებიც. ზოგიერთ ქუჩაზე გათიშულია ღამის განათებები. ასე რომ, ეს საკითხები აუცილებლად უნდა დააყენოს მოსახლეობას საკრებულოს წინაშე“.

აღნიშნული პროექტი ბათუმში ოთხ თვეს გაგრძელდება, პროექტი  სხვა თვითმმართველ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.

 

იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

30 აპრილის ჩათვლით, საქართველოში ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული სლოგანით – „აცერი და დაიცავი!“, რომელიც აღინიშნება  ევროპის მთელს რეგიონში.  „იმუნიზაციის მიზანია ცნობიერების ამაღლება და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

„იმუნიზაციის მიზანია ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა, რომელიც გამიზნულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად და დაავადებათა თავიდან ასაცილებლად.

საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2014-2020) მიმდინარეობის პროცესში, რომელიც შემუშავებულია ვაქცინების გლობალური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. გეგმის მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა, ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გეგმის შედეგად ევროპის რეგიონი უნდა გახდეს თავისუფალი მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციის მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე“- ნათქვამია საზოგადოებრივი ჯანდაცვის განცხადებაში.

იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დღეს,  25 აპრილს შეხვედრებს გეგმავს საბავშვო ბაღების დირექტორებთან და ექთნებთან. 26-27 აპრილს კი შეხვედრა იგეგმება ბათუმის პირველ და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან . ასევე დაგეგმილია საინფორმაციო მასალის გავრცელება ბათუმის ქუჩებში.

სარფში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ოთარ ხ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 21 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 0,1753 გრ ბუპრენორფინს შეიცავს“- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

ყოველ ოთხშაბათს – ბილეთები 5 ლარად ბათუმის “აპოლოში“

ბათუმში მდებარე კინოთეატრი „აპოლო“ აქციას იწყებს. ყოველი კვირის ოთხშაბათს, ნებისმიერ კინოსეანსზე ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება.

„ფასდაკლება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გაიზარდოს მაყურებლების რაოდენობა და ასევე, ფასდაკლების სხვადასხვა აქციას ვამჯობინეთ ერთიანი ფასდაკლება, რომელიც ერთი დღის მანძილზე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება ნახოს ფილმები შეღავათიან ფასად“ – ამბობს ლევან ხუჯაძე, კინოთეატრ „აპოლოს“ მენეჯერი.

მისი თქმით „აპოლოში“ კინოსეანსებზე მაყურებელთა რაოდენობა არ შეცვლილა. „აპოლოში“ ამჟამად 3D კინოჩვენება არ ხდება, რადგან, ლევან ხუჯაძის თქმით, აპარატურა დაზიანებული იყო: „ახლა ველოდებით ახალ აპარატურას, რაც, ვფიქრობთ, გაზრდის მაყურებელთა რაოდენობას.“

კინო „აპოლოს“ მენეჯერს თქმით, ბოლო მონაცემებით, მაყურებელთა ასაკობრივი ჯგუფები ასე ნაწილდება: კინოში ყველაზე ხშირად დადიან 25-34 წლის ადამიანები – 43 პროცენტი; სტუდენტები – 23 პროცენტი; 13-17 წლამდე პირები – 10 პროცენტი, 12 წლამდე ბავშვები – 13 პროცენტი და 35 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები – 11 პროცენტი.

რაც შეეხება ახალ ფილმებს, რომელთა ნახვა მაყურებელს უახლოეს ხანებში შეუძლია „აპოლოში“, ლევან ხუჯაძის თქმით, განსაკუთრებით კომიქსების მოყვარულებისთვის დგება სამოთხე: „წელს ორი კომიქსი ვაჩვენეთ და მალე გამოვა „X-MEN: APOCALYPSE“, ასევე „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“, „WARCRAFT“ და ა.შ.“

ბათუმში კიდევ ერთი ძველი ბელეტაჟის დანგრევა იგეგმება

ძველ ბათუმში, გორგასლის 25 ნომერში მდებარე ძველ, ბათუმურ ბელეტაჟზე კარ-ფანჯარა ჩამოხსნილია. ადგილი ბანერით არის შემოსაზღვრული, რომელიც იტყობინება, რომ აქ  მშენებლობას კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ იწყებს.

როგორც „ბათუმელებს“ „მარდი ჰოლდინგში“ განუცხადეს, პროექტი არაკომერციულია და აქ კომპანიის სათავო ოფისი შენდება.

„მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ შენობის დემონტაჟის ნებართვა უკვე გაცემულია და ამ ადგილას „მარდი ჰოლდინგი“ ორსართულიანი შენობის აგებას გეგმავს:

„პროექტი არსებობს, შეთანხმებულია და დემონტაჟის ნებართვაც გაცემულია. შენობა იქნება ორსართულიანი, ზემოდან – აივნით. მშენებლობას დავასრულებთ მაქსიმუმ ხუთი თვის ვადაში,“ – აღნიშნა ირაკლი ჯიჯავაძემ „ბათუმელებთან“.

შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია სამშენებლო კომპანიას ძველი ბათუმური ბელეტაჟის დემონტაჟი, ირაკლი ჯიჯავაძემ განაცხადა, რომ ბათუმური ბელეტაჟები მასაც მოსწონს, მაგრამ მათი პროექტი ამ ქუჩის განაშენიანებასთან შესაბამისობაშია:

„რომ ნახოთ პროექტი, შესაძლოა აზრი შეიცვალოთ. გასაგებია, რომ ეს ძველი ბათუმური ბელეტაჟის სახლია, რომელიც მე ძალიან მომწონს, მაგრამ აქ არანაირი გრანდიოზული ნაგებობა არ შენდება, მოხდება ქუჩის იერის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ არქიტექტურული ანსამბლის, რაც ამ კონკრეტულ უბანს გააჩნია. პროექტის ავტორია არქიტექტურული სტუდია „ემ არქიტექტი“, ესკიზებსაც განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე,“ – ამბობს ირაკლი ჯიჯავაძე.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ორგანიზაცია „გეოგრაფიკის“ დასკვნის თანახმად, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური დაცვის არეალშია მოქცეული. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტრიზაცია გასულ წელს ჩაატარა.

სპეციალისტების თქმით, ბათუმური ბელეტაჟების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობისთვის. „ის, რაც ბათუმმა დაკარგა, მაგრამ მაინც, კუნძულების სახით არის შემორჩენილი და მე იმედი მაქვს, რომ ეს კუნძულები შენარჩუნდება – არის ერთსართულიანი ბათუმი, რომელიც იყო ამ ქალაქის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საზღვაო ქალაქისათვის,“ – აღნიშნა ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე გამართულ შეხვედრაზე.

1

2

3

ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება

2jბათუმის ქუჩებში ტროტუარებზე ახალი ჯიხურები დაიდგმება, რომლებშიც სუვენირები გაიყიდება. შესაბამისი ადგილები ბათუმის საკრებულომ უნდა განსაზღვროს. ახალი ჯიხურები მოვაჭრეებს სეზონურად, აუქციონის წესით გადაეცემა. ის, თუ რას უპირებს მერია არსებულ ჯიხურებს და იქ მოვაჭრეებს, ამ ეტაპზე გაურკვეველია. „შესაძლოა დამატებით ახალი ადგილები გამოიყოს და ძველი ჯიხურებიც დარჩეს… მერია და საკრებულო ამ საკითხზე მუშაობს“ – განაცხადეს ბათუმის მერიაში.

3jბათუმის მერია ამჯერად 25 სავაჭრო ჯიხურს შეიძენს, რისთვისაც გამარტივებული ტენდერი უკვე გამოაცხადა და ჯიხურებში მაქსიმუმ 125 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

ჯიხურის ესკიზი მერიას მზად აქვს, პრეტენდენტს კი არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში, მერიის მიერ მითითებულ ადგილზე.  ჯიხურების  საგარანტიო პერიოდი შეადგენს მინიმუმ 2 წელს.

4j

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ადგილს უცვლის

ბათუმის მერიამ ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

Exit mobile version