მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის ყოფილი მოხელეები „გირჩს“ უხელმძღვანელებენ

25.04.2016 • 2418
აჭარის მთავრობის ყოფილი მოხელეები „გირჩს“ უხელმძღვანელებენ

დღეს, 25 აპრილს, „ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“  რეგიონული ოფისი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნას ესწრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.  „გირჩების“ ბათუმის ოფისს  ყოფილი საჯარო მოხელე, ჯემალ ბერიძე უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ყოფილი ელჩი თურქეთში, ტარიელ ლებანიძე იქნება.

„ბათუმში უამრავი ადამიანი ელოდება ამ ოფისის გახსნას და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მოსახლეობისგან გვინდა იმის მოსმენა, თუ როგორ ხედავენ არსებული პრობლემებიდან გამოსავალს. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაგარი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც ოდესმე დაწერილა ამ ქვეყანაში, ამიტომ ეს ოფისიც გვინდა იმისთვის გამოვიყენოთ, რომ ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ჩვენი ხმა. ჩვენ ოფისებს გავხსნით ყველა რაიონში აჭარაში, რადგან აჭარა პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება მომავალ არჩევნებზე“, -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

DSCN9694

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ახალ პოლიტიკურ ცენტრს“ მთლიანობაში 3 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. „რამდენია კონკრეტულად ბათუმიდან, არ გამიფილტრია“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა. თუმცა, დასძინა, რომ აჭარა ყველაზე აქტიური იყო გამოხმაურების თვალსაზრისით.

„ადამიანები ყველა ახალ საქმეს უყურებენ ეჭვის თვალით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენ დასაწყისშივე გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენს ხედვებში, ღირებულებებში დაინახა მომავალი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ  პარტიაში გაწევრიანების განსაკუთრებული კრიტერიუმები არ აქვთ, თუმცა არ მიიღებენ ფაშისტებს და პრორუსული მიმართულების მოქალაქეებს:

„ჩვენ არ მივიღებთ ფაშისტებს და ადამიანებს, რომლებიც დგანან ოკუპანტი ქვეყნის მხარეს, არ მივიღებთ ჰომოფობებს და ქსენოფობებსაც – ესეც  გაწერილი გვაქვს. მაქვს სურვილი, რომ  პარტია წარმოადგენდენს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“.

DSCN9689

მან დღეს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელად ჯემალ ბერიძე დაასახელა. „შეუძლებელია ხუთი წუთი ესაუბრო და კეთილგანწყობა არ მოიპოვოს თქვენი, მე ხუთ წუთში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბატონი ჯემალი იყო ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიმუშავებდი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯემალ ბერიძე ორი წლის წინ აჭარის მთავრობაში საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. როგორც თვითონ განაცხადა, თანამდებობა რეორგანიზაციის შემდეგ დატოვა, რადგან დეპარტამენტი გაუქმდა. ჯემალ ბერიძეს აქვს სამშენებლო ბიზნესი.

„ეს არის გუნდი, რომლის ძირითადი პოსტულატი ემთხვევა ჩვენს (ბიზნესმენების) აზრს, რომ შეღავათი უნდა ჰქონდეს ბიზნესს. დღესაც ვგრძნობთ, როგორ წნეხშია ბიზნესში. ამ პარტიისგან ველოდები იმას, რომ ბიზნესი რეალურად იქნება თავისუფალი და არ იქნებიან პრივილიგირებული ბიზნესმენები“, – განაცხადა ჯემალ ბერიძემ ოფისის გახსნისას.

ტარიელ ლებანიძეც ორი წელი  აჭარის მთავრობაში მუშაობდა. 2012 წელს იყო თურქეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩიც.

DSCN9688

„მე ავირჩიე დასავლირი კურსი, ნატო და ევროპული გზა, ავირჩიე მეტი თავისუფლება, ამიტომ ავირჩიე  ეს პარტიაც“, – განაცხადა მან ოფისის გახსნაზე.

პარტიის ხელმძღვანელის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ახალ პოლიტიკურ ცენტრს“ დაფინანსების პრობლემა არ აქვს – „ გვყავს ბევრი ბიზნესმენი, ვინც აქტიურად გვეკონტაქტება და გვთავაზობს ფინანსურ დახმარებას”.  „ბათუმელების“ კითხვაზე,  რითი დააინტერესა პარტიამ ბიზნესი, რადგან ისინი დაფინანსებას სთავაზობენ?  ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „ჩვენ ვთავაზობთ იმას, რაც ყველაზე მოსაწონია ბიზნესისთვის, ჩვენი პროგრამის მთავარი არსი არის ის, რომ საქართველო გახდეს დედამიწაზე ყველაზე საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთებისთვის. ცხადია, ეს ესმის ბევრ ბიზნესმენს“.

DSCN9687

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გადასახადების ნაწილი უნდა გაუქმდეს და სახელმწიფო ხარჯები შემცირდეს, უნდა შეიცვალოს სოციალური დახმარების სისტემა, „ფული რომ აღარ იფლანგებოდეს მდიდარ და შეძლებულ ოჯახებზე“.

 

DSCN9683

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: