Batumelebi | ბათუმის ყოფილი მერი პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე ბათუმის ყოფილი მერი პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის ყოფილი მერი პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ირაკლი თავართქილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე სტატუსი გამოაქვეყნა:

„გუშინ ჩემი მეგობრებისა და ყოფილი კოლეგების მოწვევით ვიმყოფებოდი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ბათუმის ოფისის გახსნაზე, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა და ვნებათაღელვა გამოიწვია. მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ არანაირ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ზოგადად, ნაკლებად პოლარიზებულ და ლიბერალურ საზოგადოებაში ოპონენტებთან ურთიერთობა და აზრთა გაზიარება ტრაგედიად არ უნდა აღიქმებოდეს.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს: აჭარის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კულუარულ და ქვეყნიდან გაქცეულ არაფორმალურ მმართველთან იდეოლოგიურ და ღირებულებით ნაწილში რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების გამო აპრილიდან შემიჩერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მრჩევლის თანამდებობა. მაშინ, როცა ჩემი მეგობრები ჯერ კიდევ პოლიტპატიმრების სტატუსით უკანონოდ იხდიან სასჯელს საპატიმროში, ვღებულობ ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და საკუთარი ნებით დროებით ვიჩერებ ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრობას და პარტიის აღმასრულებელი მდივნის უფლებამოსილებას. უკვე სხვა ფრონტზე, სხვა სტატუსით და სხვა გამოწვევებით ვაგრძელებ ბრძოლას ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის, ახალგაზრდებში აკადემიური დონის ამაღლებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდისთვის“, – წერს ირაკლი თავართქილაძე.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან დაპირისპირების შესახებ მეტ დეტალებზე ირაკლი თავართქილაძემ საუბარი არ ისურვა. წყაროს ინფორმაციით კი, პარტიის ყოფილი წევრის განაწყენების ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ ლევან ვარშალომიძე საარჩევნო სიის შედგენას თანაპარტიელების მოსაზრების გაზიარების გარეშე, დამოუკიდებლად გეგმავს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ არ არის გამორიცხული თავად ლევან ვარშალომიძემ იყაროს კენჭი ბათუმის მაჟორიტარად, ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ ვერაფერს იტყვის.

ირაკლი თავართქილაძე ამ დროისთვის კომპანია „მეტრო თრეველის“ დირექტორად მუშაობს და მისივე თქმით, რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს.

ირაკლი თავართქილაძე 2006-2007 წლებში ბათუმის მერი იყო, ხოლო 2007-20012 წლებში საქართველოს ელჩი საბერძნეთში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი