მთავარი,სიახლეები

რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა

25.04.2016 • 1426
რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა

„უღირსი შვილები ხანდახან დედასაც გამოსდისო, მოტყუვდნენ თანამდებობის გამო,“ – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ ორი წევრის წასვლას ამ პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მახარაძე. პარტიას გამიჯნული იაგო დიასამიძე და იური მიქელაძე შუახევის საკრებულოს წევრები არიან.

„პარტიაში შესვლაც და გამოსვლაც არის ნებაყოფლობითი. ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავტოვე. ესაა ჩემი კომენტარი,“ – გვითხრა იაგო დიასამიძემ.

„ვიდრე პარტიას დატოვებდა, იაგო დიასამიძეს მთელი დღე კონსულტაციები ჰქონდა „ოცნების“ წარმომადგენლებთან“ – ამბობს მარინა მახარაძე. „რესპუბლიკელების“ შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ იაგო დიასამიძეს სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზეს, რომელიც ვაკანტურია. იაგო დისამიძემ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მანვე დაგვიდასტურა, რომ სოციალურ სააგენტოში მთავარ სპეციალისტად კარგა ხანია მუშაობს.

რატომ დატოვა „რესპუბლიკური პარტია,“ – მიზეზებზე საუბარი იაგო დისამიძეს არ სურს. მან არც ის გვითხრა, რომელ პარტიაში აპირებს გაწევრიანებას: „არც ერთ პარტიაში არ ვაპირებ შესვლას ჯერჯერობით.“

„მე ყოველთვის ვიქნები ხელისუფლების გვერდში,“ – გვითხრა პარტიიდან წამოსულმა იური მიქელაძემ. ის არ აკონკრეტებს, რა იგულისმება „გვერდით დგომაში“, ან რის გამო გაემიჯნა „რესპუბლიკელებს“, რომლის წევრიც ის 11 წელი იყო: „რესპუბლიკური პარტიის“ შუახევის ორგანიზაცია პრაქტიკულად ჩემი დაფუძნებულია. დეტალებზე საუბარი ჯერ არ მინდა, მაგრამ არავისთან გარიგებაში არ ვარ. მთავარი მიზეზი, რის გამოც პარტია დავტოვე ის იყო, რომ რაიონული ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი – მარინა მახარაძე ეჭვის თვალით მიყურებდა“.

იყო თუ არა იური მიქელაძე „საეჭვო“ პარტიისთვის – „ერთხელაც არ წამოვიდა თბილისში პარტიის შეკრებაზე, პარტიამ რა გამიკეთა მეო, ასე იძახდა და აბა, როგორ შევხედავდი?“  – ამბობს „ბათუმელებთან“ მარინა მახარაძე.

როგორ აღიქვეს პარტიის ლიდერებმა პარტიიდან წევრების წასვლა? – გიორგი მასალკინი არ მიიჩნევს, რომ იდეოლოგიის პრობლემაა, როცა „ძველი კადრი“ პარტიას ტოვებს: „ასე რომ ყოფილიყო, ეს სადმე იჩენდა თავს. იური მიქელაძე ნამდვილად დიდი ხნის წევრი იყო, თუმცა შუახევი „რესპუბლიკელების“ სუსტი წერტილი იყო მაინც. ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტი გარანტიები მიიღეს და ეს გადაწყვეტილება მიიღეს ძირითადად საყოფაცხოვრებო მიზეზებით, მაგალითად, თანამდებობის შენარჩუნებით, ან ახლის მიღებით და ასე შემდეგ.“

ფიქრობთ თუ არა, რომ პარტია შესაძლოა იმავე მიზეზით სხვებმაც დატოვონ? – ამ კითხვაზე გიორგი მასალკინმა გვიპასუხა, რომ პარტიაში, პირიქით, შემოსვლის მსურველები არიან და პარტიის დატოვება ვერ მიიღებს ტენდენციის სახეს: „არა მგონია, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს ისეთი მდგომარეობა, რომ სხვა პარტიის წევრებს სთავაზობდეს რამეს ან ხიბლავდეს რაიმეთი.“

სანამ პარტიას წევრებ დატოვებდნენ, მანამდე შუახევის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა. ერთ-ერთი ვერსიით, მათ არ აპატიეს საკრებულოს თავმჯდომარის – ნოდარ ქარცივაძის გადაყენების მოთხოვნაზე ხელის მოწერა. ქარცივაძის გადაყენების აქტიური მხარდამჭერი იური მიქელაძე დღეს „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის არასდროს ყოფილა პარტია „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობაში და ამ პროცესში ის საკრებულოს თავმჯდომარეს პიროვნულად უპირისპირდებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: