Batumelebi | ბათუმში კიდევ ერთი ძველი ბელეტაჟის დანგრევა იგეგმება ბათუმში კიდევ ერთი ძველი ბელეტაჟის დანგრევა იგეგმება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში კიდევ ერთი ძველი ბელეტაჟის დანგრევა იგეგმება

ძველ ბათუმში, გორგასლის 25 ნომერში მდებარე ძველ, ბათუმურ ბელეტაჟზე კარ-ფანჯარა ჩამოხსნილია. ადგილი ბანერით არის შემოსაზღვრული, რომელიც იტყობინება, რომ აქ  მშენებლობას კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ იწყებს.

როგორც „ბათუმელებს“ „მარდი ჰოლდინგში“ განუცხადეს, პროექტი არაკომერციულია და აქ კომპანიის სათავო ოფისი შენდება.

„მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ შენობის დემონტაჟის ნებართვა უკვე გაცემულია და ამ ადგილას „მარდი ჰოლდინგი“ ორსართულიანი შენობის აგებას გეგმავს:

„პროექტი არსებობს, შეთანხმებულია და დემონტაჟის ნებართვაც გაცემულია. შენობა იქნება ორსართულიანი, ზემოდან – აივნით. მშენებლობას დავასრულებთ მაქსიმუმ ხუთი თვის ვადაში,“ – აღნიშნა ირაკლი ჯიჯავაძემ „ბათუმელებთან“.

შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია სამშენებლო კომპანიას ძველი ბათუმური ბელეტაჟის დემონტაჟი, ირაკლი ჯიჯავაძემ განაცხადა, რომ ბათუმური ბელეტაჟები მასაც მოსწონს, მაგრამ მათი პროექტი ამ ქუჩის განაშენიანებასთან შესაბამისობაშია:

„რომ ნახოთ პროექტი, შესაძლოა აზრი შეიცვალოთ. გასაგებია, რომ ეს ძველი ბათუმური ბელეტაჟის სახლია, რომელიც მე ძალიან მომწონს, მაგრამ აქ არანაირი გრანდიოზული ნაგებობა არ შენდება, მოხდება ქუჩის იერის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ არქიტექტურული ანსამბლის, რაც ამ კონკრეტულ უბანს გააჩნია. პროექტის ავტორია არქიტექტურული სტუდია „ემ არქიტექტი“, ესკიზებსაც განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე,“ – ამბობს ირაკლი ჯიჯავაძე.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ორგანიზაცია „გეოგრაფიკის“ დასკვნის თანახმად, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური დაცვის არეალშია მოქცეული. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტრიზაცია გასულ წელს ჩაატარა.

სპეციალისტების თქმით, ბათუმური ბელეტაჟების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობისთვის. „ის, რაც ბათუმმა დაკარგა, მაგრამ მაინც, კუნძულების სახით არის შემორჩენილი და მე იმედი მაქვს, რომ ეს კუნძულები შენარჩუნდება – არის ერთსართულიანი ბათუმი, რომელიც იყო ამ ქალაქის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საზღვაო ქალაქისათვის,“ – აღნიშნა ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე გამართულ შეხვედრაზე.

1

2

3

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com