მთიანი აჭარა

აჭარული ქორწილი ქედაში

24.12.2014
აჭარული ქორწილი ქედაში


„აჭარული ქორწილის“ სანახავად მოსულმა მაყურებელმებმა ნახეს, თუ როგორ ირჩევდენ პატარძალს, როგორი იყო  ქორწილი  ძველად აჭარაში, რა სიმღერებს მღეროდნენ და როგორ ერთობოდნენ ქორწილში სტუმრები და როგორ ხდებოდა პატარძლის გამოლოცვა ავი თვალისაგან დასაცავად.  

 

„აჭარული ქორწილი“ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული სასოფლო კლუბების, კულტურის სახლების, ფოლკლორული ანსამბლების: ,,ელესა“, „იაგუნდი“, „მოყვარეს“ წარმომადგენლებთან ერთად  ხალხურმა  მთქმელებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს.

 

ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი ლია მახარაძე ამბობს, რომ ძველი „აჭარული ქორწილის“ სცენარზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საქორწილო ტრადიციებთან, წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია კი ქედის სოფლებში მცხოვრები უხუცესებისგან ჩაიწერეს.

 

„ქედის კულტურის ცენტრი დაარსების დღიდან ფოლკლორის კუთხით მუშაობს. სასოფლო კლუბებისა და კულტურის სახლების დახმარებით მუნიციპალიტეტის სოფლებში დავძებნეთ ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და ჩავწერეთ. 2012 წლიდან გადავწყვიტეთ მასალის დაარქივება. როდესაც ვნახეთ, რომ უამრავი მასალა გვქონდა და ხელთ არსებულ მასალაში ჭარბად იყო საქორწილო ტრადიციები, გადავწყვიტეთ სასცენო სახე მიგვეცა და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, მართალია მთლიანად მუნიციპალიტეტის სოფლებში შეგროვილი ადათ-წესები ვაჩვენეთ „აჭარული ქორწილით“ მაყურებელს, თუმცა მათაგნ  უმეტესი წეს-ჩვეულება მერისულია, [მერისი – სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში], რადგან მკაცრი საქორწილო წესები  მერისიდან წამოვიდა.

 

რთული იყო მაყურებლისთვის იმ სახით მიგვეწოდებინა აჭარული ქორწილი, რაც მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული არსებობადა, მაგრამ მთავარია გამოვიდა.

ჩვენ პატარძალს საუკუნის წინანდელი კაბა ეცვა და თავსახურავი ეხურა, რაც შეეხება დანარჩენ სამოსს, მოძიებულ ეთნოგრაფიულ ფოტომასალას მივამსგავსეთ“ -ამბობს ლია მახარაძე.

 

ქედის კულტურის ცენტრი უძველესი საქორწილო წეს-ჩვეულებების მოძიებას, დამუშავებას და წიგნად გამოცემას აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაშტაბით გეგმავს.

 

 „სურვილი გვაქვს აჭარული საქორწინო წესები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში შევისწავლოთ და შესაძლებელი თუ იქნება, გამოვცეთ ბროშურა „აჭარული საქორწილო წეს-ჩვეულებები“ – აცხადებს ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი.

 

ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე და ანსამბ „ელესას“ ხელმძღვანელი ირაკლი სირაბიძე ამბობს, რომ ქედის კულტურის ცენტრი სამომავლოდ ქედაში აჭარული სიმღერების ფესტივალის ჩატარებას გეგმავს და დასძენს, რომ დღევანდელი ღონისძიება დაგეგმილი ფესტივალის ერთგვარი  რეპეტიცია და არსებული ფოლკლორის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

„აჭარული ქორწილი“ ჩვენს მიერ გაცოცხლებული ისტორიაა, რაც შემდგომში გამოადგებათ როგორც ფოლკლორისტებს, ასევე  ეთნოგრაფიის კუთხით მოღვაწე ადამიანებს“ – აცხადებს ირაკლი სირაბიძე.

 

„საინტერესო ღონისძიება იყო,  სოფლის მოსახლეობა განებივრებულები არ ვართ ამგვარი ჩვენებებით. მართალია, ვიცოდი, როგორი იყო ძველად ქორწილი, თუმცა დღეს რაც ვნახე, მოლოდინზე მეტი იყო. ვფიქრობ ხშირად უნდა გაიმართოს მსგავსი ჩვენებები“ – ამბობს მზიური ბერიძე, მაყურებელი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: