მთავარი,სიახლეები

ექსპერტიზის დასკვნა რეზო ტაკიძის საქმეზე

16.08.2016 • 1809
ექსპერტიზის დასკვნა რეზო ტაკიძის საქმეზე

“ჩემს თვალწინ დააკავეს რეზო ტაკიძე. ეს მოხდა სარფის საბაჟოზე, იქ, სადაც პასპორტებს უმოწმებენ ადამიანებს,” – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე თემურ კახიძემ. ის დღეს, 16 აგვისტოს სასამართლოში დაცვის მხარემ წარმოადგინა. მოწმის მტკიცება იმის შესახებ, რომ რეზო ტაკიძე საბაჟოზე დააკავეს, პრინციპულად განსხვავდება გამოძიების ვერსიისგან – პოლიციელთა ჩვენებების მიხედვით, ბრალდებული თავისი ფეხით მივიდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში.

20 წლის რეზო ტაკიძის სასამართლო პროცესების დაწყებამდე, არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრალდებულის თქმით, იგი პოლიციელებმა განყოფილების შენობაში სასტიკად სცემეს. საქმეში ფიგურირებს ირაკლი შაქარიშვილიც, რომელიც ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსია: „შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ, ბიჭო? მგონი, ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებსო და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“, – ამბობდა რეზო ტაკიძე “ბათუმელებთან” გასული წლის 2 ნოემბერს.

დაცვის მხარის კიდევ ერთი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომელიც ახლახანს დაიდო და რომლის მიხედვით რეზო ტაკიძეს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებები აქვს. ექსპერტიზა დაცვის მხარის მოთხოვნით პროკურატურამ ჩაატარა. გამოძიების ვერსია არც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეცვლილა. პოლიციელთა ჩვენებების მიხედვით, ბრალდებულმა მათ პოლიციის შენობაში წინააღმდეგობა გაუწია.

“ექსპერტიზით მტკიცდება, რომ რეზო ნამდვილად ფიზიკური დაზიანებებით გამოვიდა პოლიციის შენობიდან. პოლიციელები კი ამბობენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის დროს დაშავდა ბრალდებული, მაგრამ ეს დამაჯერებლობას მოკლებულია – რეზოს სახის არეში და სხეულზე არაერთ ადგილას იყო ნაცემი,” – ამბობს ადვოკატი მერი ცინარიძე.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც სასამართლოს წინა სხდომაზე გამოიკვეთა: ექვსმა პოლიციელმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ რეზო ტაკიძე საღამოს ათის ნახევარზე მოწმის სახით დაიბარეს [ეს უწყისში მითითებული ოფიციალური დროა],სოფელ გვარაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის გამო. „თავისი ფეხით მოვიდა პოლიციაში, ვაწარმოებდი ზეპირ გასაუბრებას და ამ დროს ის გახდა აგრესიული, აიღო ჩემი მაგიდიდან კომპიუტერის მონიტორი და დაახეთქა, ხელებს იქნევდა, ფეხი ჩაარტყა პროცესორს. მერე სხვა პოლიციელებსაც აგინა, ვინც იქ შემოვიდა. წაიქცა გასვლის დროს და დავაკავეთ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა პოლიციელმა ბესიკ კაკალაძემ პოლიციის შენობაში რეზო ტაკიძესთან შეხვედრა.

პოლიციელს დამაზუსტებელი კითხვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმაც დაუსვა: „რეზო ტაკიძე მოვიდა პოლიციაში 21 საათსა და 30 წუთზე, დაკავების ოქმში წერია, რომ დაკავება 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა. ორსაათნახევარი რატომ დასჭირდა გასაუბრებას? თან თქვენ აღნიშნეთ, რომ ზეპირ გასაუბრებას ახდენდით“. მაშინ ბესიკ კაკალაძემ მოსამართლეს უპასუხა, რომ კითხვები ბევრი იყო.

რეზო ტაკიძის ოჯახის წევრების მტკიცებით, მათთვის მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ იყო ცნობილი, სად იმყოფებოდა დაკავებული. “პოლიციელები რეზო ტაკიძის სახლშიც მივიდნენ და უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ მშობლებს არ უთხრეს, რომ რეზო უკვე დაკავებული ჰყავდათ,” – აცხადებს ადვოკატი მერი ცინარიძე.

რეზო ტაკიძეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებიან. საუბარია კომპიუტერზე, რომელიც პოლიციელების ჩვენებით, ბრალდებულმა პოლიციის შენობაში დაამტვრია. რეზო ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. სასამართლო დარბაზიდან იგი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გაათავისუფლა – დაკავების პროცედურების აშკარა დარღვევის გამო.

მორიგ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან, რომლის შემდეგაც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: