მთავარი,სპორტი

6 სპორტსმენი აჭარიდან რიოს ოლიმპიადაზე

17.08.2016 • 2934
6 სპორტსმენი აჭარიდან რიოს ოლიმპიადაზე

წელს რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 40 სპორტსმენია წარდგენილი, აქედან ექვსი აჭარიდანაა. მათ წარმატებებსა და შანსებზე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, მუხრან ვახტანგაძეს ვესაუბრეთ.

ბატონო მუხრან, რომელი სპორტსმენები მონაწილეობენ აჭარიდან რიოს ოლიმპიურ თამაშებში და სპორტის რა სახეობებში?

ოლიმპიურ თამაშებში რიო დე ჟანეიროში აჭარიდან სულ ექვსი სპორტსმენია წარდგენილი: ამირან პაპინაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდოში, ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე – მშვილდოსნობაში, შმაგი ბოლქვაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში და ირაკლი თურმანიძე – ძალოსნობაში. მათგან უკვე ოთხმა მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. ამირან პაპინაშვილმა მეხუთე ადგილი მოიპოვა, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ესეც საპრიზო ადგილია და ვფიქრობ, რომ წარმატებაა. ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ძალოსნობაში, ვფიქრობ, მას ოქროს მედლის მოპოვებაც შეეძლო და ეს ნამდვილად სამწუხაროა, მეც სპორტსმენი ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს ვერცხლის მედალი, მაგრამ რეალურად ეს დიდი წარმატებაა, როგორც უშუალოდ მისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი კუთხისთვის. ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე უკვე გამოეთიშნენ ოლიმპიურ თამაშებს გუნდურ შეჯიბრში, ახლა 16 აგვისტოს ველოდებით, როცა შმაგი ბოლქვაძე იჭიდავებს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ ახალგაზრდაა (22 წლის) ძალიან დიდი შანსია, რომ ოქროს ან რომელიმე სხვა ხარისხის მედალი აიღოს, ის მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის და ასევე წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია დიდებში. რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, იგი ძალოსნობაში მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ისიც ოლიმპიური მედლის კანდიდატია.

როგორ ემზადებოდნენ ეს სპორტსმენები ოლიმპიადისთვის?

რა თქმა უნდა, ყველა ოლიმპიელმა განსაკუთრებული მომზადება გაიარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ახლა ოლიმპიურ ნაკრებს ექვსი ფსიქოლოგი ახლავს რიოში და ისინი ნამდვილად მაქსიმალურად იყვნენ მომზადებულნი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ოლიმპიური თამაშები ეს ისეთი ღონისძიებაა, სადაც წინასწარ ვერაფერს იტყვი, ეს თამაშები ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით. ჩვენ წარმატება უკვე გვაქვს ამ თამაშებზე და ორი წარმატების მოლოდინში ვართ.

რა კეთდება აჭარაში ან თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, სპორტის ოლიმპიური სახეობების პოპულარიზაციისათვის და ამ დარგებში წარმატებული სპორტსმენების მოსამზადებლად?

ჯერ იქედან დავიწყებ, რომ არსებობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველაფერს აკეთებს სპორტის ყველა ოლიმპიური (და რა თქმა უნდა, არაოლიმპიური) სახეობის პოპულარიზებისა და განვითარებისთვის. ასევე მუშაობენ საქართველოს ეროვნული ფედერაციები, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ სპორტსმენები მაქსიმალურად მოემზადონ და კარგად გამოვიდნენ შეჯიბრებებზე. რაც შეეხება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სათანადო პირობები შევუქმნათ ამ სპორტსმენებს. ჩვენ გვაქვს ერთჯერადი ჯილდოები, როგორც ოლიმპიური თამაშებისთვის, ისე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ევროპის პირველობებზე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის. მაგალითად, ახლა ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლისთვის 15 000 ლარს მიიღებს, ჩემპიონი რომ გამხდარიყო, 20 000 ლარს მიიღებდა. ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს ნამდვილად არ არის კოლოსალური თანხა, მაგრამ აჭარის რეგიონისთვის ვფიქრობ, ძალიან კარგია, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ წახალისებას.

წინა ოლიმპიადებზე აჭარიდან როგორი შედეგები გვქონდა?

ჩვენ გვქონდა მოპოვებული ერთი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ჭიდაობაში. ეს იყო სიდნეიში, ავსტრალიაში, 2000 წელს [სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი მაშინ სწორედ მუხრან ვახტანგაძე გახდა. ავტ.]. ასევე საბჭოთა კავშირის დროს (1980 წელს, მოსკოვში) აჭარიდან რევაზ ჩელებაძეს ჰქონდა ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ფეხბურთში, ოღონდ იქ ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ 21 წლამდე იყო ფეხბურთელების ასაკი. ასე, რომ აჭარის ისტორიაში ორი ოლიმპიური ბრინჯაოა. ახლა უკვე ვერცხლი ავიღეთ, ანუ გაუმჯობესდა შედეგი. აჭარას ოლიმპიური ოქრო არ აქვს და იქნებ სწორედ შმაგი ბოლქვაძემ და ირაკლი თურამნიძემ მოიპოვონ ეს მედლები, მით უმეტეს, რომ ეს თავისუფლად შესაძლებელია.

თქვენი აზრით, რომელ სახეობებში გვაქვს მეტი შანსი?

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 75-80 პროცენტს აჭარის რეგიონი ავსებს, ამ დონეზეა ჩვენს კუთხეში განვითარებული ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ჩვენს სპორტსმენებს ძალიან ძლიერი მეტოქეები ხვდებათ ახლა (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი), მაგრამ თუ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს ვერ და არ მოუგე, ისე ვერ გახდები ჩემპიონი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: