დღეს, 5 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ჟურნალისტები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ღია შეხვედრის ჩასატარებლად მიიწვია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ შეხვედრას დასწრებოდნენ, მერაბ ხალვაში ხარაზს რამდენიმე სტუდენტთან ერთად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რეზო ხარაზმა და მერაბ ხალვაშმა განცხადებები გააკეთეს.
რეზო ხარაზის თქმით, იგი მერაბ ხალვაშისგან ითხოვდა ინფორმაციას მწვანე კონცხის დასახლებაში ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიისა და სასწავლებლის შენობის გასხვისების საკითხებზე.
„სამწუხაროა, რომ დღეს რექტორი უარს ამბობს ჟურნალისტების თანდასწრებით საუბარზე, ის საუბრობდა წლების წინ გასხვისებულ უნივერსიტეტის ქონებაზე. ჩვენ ყოველ დღე მოვალთ აქ და ასეთი ლექტორები თუ დაგვხვდება, მე მზად ვარ, მათთან ერთად ვიბრძოლო. წლების განმავლობაში ჩვენ მათ ვებრძოდით, რადგან ისინი ებრძოდნენ ცოდნას და იყვნენ უნივერსიტეტის კლანურ მმართველობაში“, – განაცხადა რეზო ხარაზმა. მას მხედველობაში ჰყავდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი არმაზ კახიძე, რომელიც მანამდე დაცვას ჟურნალისტებისა და რეზო ხარაზის შენობიდან გაყვანას სთხოვდა. არმაზ კახიძე აცხადებდა, რომ ხარაზს უნივერისიტეტში პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას არ მისცემდა.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის თქმით, უნივერსიტეტის ქონების გასხვისების პროცესი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ უნივერსიტეტთან შეუთანხმებლად გაასხვისა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის შენობა და მიწის ნაკვეთი.
მწვანე კონცხზე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს გასხვისდა, უნივერსიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შორის შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმების თანახმად, მთავრობა უნივერსიტეტს სთავაზობს, რომ „განიხილება დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქ. №25 მდებარე უძრავი ქონების სარგებლობაში გადმოცემის საკითხი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სარგებლობაშია“. ამ პირობით უნივერსიტეტმა აღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობაზე უარი განაცხადა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი იგი „ბიზნეს დეველოპმენტზე“ გაასხვისა.
ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებისთვის გაგზავნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წერილი. 25/08/2015მერაბ ხალვაშის თქმით, უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მომგებიანია მსგავსი გაცვლა, თუმცა „ბათუმელების“ შეკითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ მთავრობა აუცილებლად გადასცემს უნივერსიტეტს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკუთრებაში მყოფ აღნიშნულ უძრავ ქონებას სარგებლობაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ მას სჯერა, ასე იქნება: „მე არ ვფიქრობ, რომ არ გადმოგვეცემა, სხვა გარანტია რა უნდა მოეცათ, ახლა შუა საუკუნეები არ არის, რომ ულვაში მოეცათ ხომ?! წერილია გადმოგზავნილი“. მისივე თქმით, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლებლის შენობა კვლავ უნივერსიტეტის სარგებლობაშია და სარგებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა დღემდე არ მიუღია უნივერსიტეტს.
სტუდენტები, რომლებიც მწვანე კონცხზე სწავლობდნენ, ამ დროისათვის გრიშაშვილის #5-ში მდებარე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობაში სწავლობენ.
ქედაში, სოფელ კოლოტაურში, 30 აპრილს დაკარგული 85 წლის მურთაზ წითელაძე სოფლის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახლობლების ინფორმაციით, სოფელ კოლოტაურში მცხოვრები მურთაზ წითელაძე სახლიდან 30 აპრილს, საღამოს, პირუტყვის საძებრად გავიდა.
26 აპრილს, თბილისში, მოქალაქე ნიკა ბერიძე და მისი მეგობრები საყურეს ტარების გამო უცნობმა პირებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. „ქართველ კაცს საყურე არ შეეფერება“, „ქართველს არ გავხარ“, – მათი თქმით, სწორედ ეს იყო თავდასხმის მოტივი. კაცები საყურეს გამო სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი არაერთხელ გამხდარან საქართველოში. როგორც ჩანს, ადამიანებმა, რომლებიც ლოზუნგით – „ქართველობას გვართმევენ“ ყველა სიახლეს ეწინააღმდეგებიან, არ იციან, რომ საყურეს არაერთი ქართველი მეფე ატარებდა. ეს ისტორიული წყაროებითა და ფრესკებით დასტურდება.
ბათუმელი ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე საყურეს 13 წლიდან ატარებს. „პეტერბურგში სამხატვრო ტექნიკუმში სწავლის დროს ერთი გოგო სიგიჟემდე მომწონდა. იმ გოგომ მითხრა, შენი შეყვარებული ვიქნები, თუ ყურს გაიხვრეტო. 15 წუთში მქონდა საყურე და იმის შემდეგ შემრჩა“, – ასე იხსენებს ყურის გახვრეტის ისტორიას ირაკლი.
ირაკლი ამბობს, რომ საყურე მოსწონს, უხდება და სხვა რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა ამას არ აქვს, „უბრალოდ, ჩემი სიამოვნებისთვის მიკეთია“, – ამბობს ის.
კონფლიქტი საყურის გამო ძირითადად სასულიერო პირებთან ჰქონია. „რატომ გიკეთია, მოიხსენი“, – ხშირად უთქვამთ მისთვის. „ფიქრობენ, რომ კაცი არ უნდა იყოს საყურეთი, თუმცა ისტორიულად საყურე საქართველოში ბევრს ეკეთა, მეფეებსაც კი“, – ამბობს ირაკლი.
ირაკლის აზრით, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კაცს საყურე არ უნდა ეკეთოს, საბჭოთა წარსულიდან აზროვნებენ. „საკუთარი ბებია მეუბნება-ხოლმე, „საყურე იმფერებს უკეთიაო“. რაფერებს-მეთქი და „ცისფერები რომ არიანო“. ეს სტერეოტიპიც საბჭოთა გადმონაშთია, – რაღაც კლიშეები შექმნეს და იქ იყვნენ გაჩხერილები. დიდი სირცხვილია ადამიანს იმიტომ დაარტყა, სცემო, რომ საყურე უკეთია“.
ირაკლი ამბობს, რომ საყურის გამო ფიზიკური დაპირისპირება არავისთან ჰქონია, თუმცა სიტყვიერი კონფლიქტი – კი: „საქართველოში რომ ჩამოვედი, ბათუმში საყურეთი არავინ დადიოდა. ერთი მე ვიყავი და მეორე მუსიკოსი კახა ცისკარიძე. იყო შემთხვევა, როცა ჩემი შვილი სტუდიიდან მოვიდა და მითხრა, რატომ გიკეთია მამა საყურე, საყურე მარტო გოგოებს უკეთიაო. როგორც ჩანს, იქ უთხრეს, რომ საყურეს გოგონები იკეთებენ მხოლოდ. მაგ გაგებით მაშინ შარვალს არ უნდა იცვამდეს ქალი“.
კვირა ტიტანი [ასე გვეცნობა] გვეუბნება, რომ მისთვის საყურე პროტესტის ფორმაა კრიმინალური სუბკულტურის და იმ სტერეოტიპების მიმართ, ვინც ამბობს, რომ „საყურეს ტარება არაკაცურია“.
„ზოგს ვუხსნი, რატომ მიკეთია, ვისაც არ უნდა რომ გაიგოს, იმასთან საუბარი ჩხუბით მთავრდება. ამოვიდა უკვე ყელში ეს „კიკინა რატომ გაქვს, მოტკეცილი შარვალი რატომ გაცვია. მე რომ ვუთხრა ვინმეს, შავი მაისური რატომ გაცვია-მეთქი, კარგი იქნება?“ – გვეუბნება კვირა. მისი აზრით, მსგავსი კომპლექსები ნაკლებად განვითარებულ ადამიანებს აწუხებთ, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი თავის სხვა ფორმით რეალიზებას და თავად იგონებენ „პრობლემას“.
ირაკლი ძნელაძე. ფოტოგრაფი. ელდარ ბერიძის ფოტო
საყურეს ხუთი წელია ატარებს როკ-ჯგუფ „დაგდაგანის“ გიტარისტი გიორგი კოჭლაშვილიც. კვირასგან განსხვავებით, ამბობს, რომ საყურეს გამო კონფლიქტი ჯერ არავისთან ჰქონია: „მხოლოდ უმნიშვნელო შელაპარაკებები ოჯახის წევრებთან, „ბიჭი ხარ და რად გინდა“. ისევე როგორც ირაკლი და კვირა, გიორგიც ფიქრობს, რომ საყურეს მიმართ აგრესია საბჭოთა აზროვნების გადმონაშთია და პროგრესთან კავშირი არ აქვს.
„მე საყურეებიანი კაცები შუა საუკუნეების ქართულ ფრესკებზეც მინახია და ამაზე არავის ჰქონია გართულება“, – გვეუბნება ის.
თათა ცოფურაშვილი. ფილოსოფოსი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი ამ აგრესიის მთავარ მიზეზს იმაში ხედავს, რომ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი. „კლასიკური განმარტებით, სამოქალაქო თავისუფლება უწინარესად განისაზღვრება იმით, რომ საზოგადოება განსხვავებული აზრის თუ რელიგიური შეხედულებების გვერდით უშვებს ინდივიდისთვის იმის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრებისა და თვითგამოხატვის ფორმები, სადაც ერთგვარი „მორალური მარწუხებით“ არ იზღუდება ადამიანის პიროვნული თავისუფლება და მისი პირადი სივრცე.
აგრესია მამაკაცების მიმართ, რომლებიც გრძელ თმას ატარებენ, ან საყურე და პირსინგი აქვთ, ჩვენში ახალი არ არის. მისი საწყისები საბჭოთა პერიოდშიც კი შეიძლება მოვიძიოთ. მაშინ დაკვეთა იყო იმაზე, რომ ყველა ერთნაირი, უნიფიცირებული ყოფილიყო. ის ახალგაზრდები, რომლებიც თავს დასავლური „ჰიპების“ მოძრაობასთან აიგივებდნენ და კონტრკულტურას მიეკუთვნებოდნენ, ხდებოდნენ კომკავშირელებისა თუ მილიციის სპეციალური დანაყოფების დევნის ობიექტი.
დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ უკვე 25 წელია, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, საზოგადოებამ მაინც ვერ მიაღწია თავისუფლების მაღალ ხარისხს და ჯერ კიდევ არსებობს ტოტალიტარული ცნობიერებისთვის დამახასიათებელი დაკვეთა ერთგვაროვნებაზე, რაც თავს იჩენს განსხვავებული აზრის, რელიგიური აღმსარებლობის თუ სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი აგრესიაში.”
როგორც თათა ცოფურაშვილი ამბობს, ეს მთლიანობაში განსხვავებულის მიუღებლობის პრობლემაა. „მოცემულობა, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისას ერთ სივრცეში აიტანონ, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უბრალოდ განსხვავებული გარეგნობისა და თვითგამოხატვის მქონე ადამიანებიც კი, ყველაზე თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ჩვენ დღემდე პოსტტოტალიტარულ საზოგადოებად ვრჩებით და ეს სიმპტომები კონკრეტულ მოცემულობებში სხვადასხვანაირად იჩენს თავს“.
თათა ცოფურაშვილის აზრით, ერთნაირობაზე, ტოტალურ ერთგვაროვნებაზე მოთხოვნა ფუნდამენტალისტური რელიგიური დაჯგუფებებიდანაც მოდის. „ამის გამოხატულება იყო თუნდაც 2013 წლის 17 მაისი და მომდევნო დღეები, როცა ადგილი ჰქონდა ქუჩაში თავდასხმებს ახალგაზრდებზე, რომლებიც ერთგვაროვანი მასისგან იყვნენ გამორჩეული თავიანთი ჩაცმულობითა თუ ვარცხნილობით. ამიტომ მუშაობს წარმატებულად კლიშე, როცა საყურეანი კაცის გაიგივება ხდება სექსუალურ უმცირესობასთან. საყურე ისტორიულადაც არ ყოფილა უცხო ქართველი კაცებისთვის, რადგან ქართველ მეფეებს საყურეც ეკეთათ, გრძელი თმებიც ჰქონდათ, მაგრამ მათ სექსუალურ ორიენტაციასთან ეს არ ყოფილა დაკავშირებული“.
თათა ცოფურაშვილის თქმით, მამაკაცები საყურეს ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში ატარებდნენ ევროპაშიც და აზიაშიც. „შუა საუკუნეებში ჩვენთან აზიური კულტურის დიდი გავლენა იყო და საყურე მამაკაცზე არანაირი ეგზოტიკა არ იყო“.
27 მაისს ბათუმში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ ღია დისკუსიას – „World Cafe“ გამართავს.
ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი თაობის განვითარებას, აზრთა და იდეათა გაცვლას, ნოვატორული იდეების განხორციელებას, აქტუალური პრობლემების გადაწყვეტასა და ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესებში.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხის გარშემო ერთ მაგიდასთან დაჯგუფებული 10-20-კაციანი ჯგუფები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. 15-20-წუთიანი ინტერვალით მონაწილეები შეცვლიან საკითხებს და გადავლენ შემდეგ მაგიდასთან. შეხვედრის დასასრულს შეაჯერებენ მოსაზრებებს და დასახავენ პრიორიტეტებს.
მსგავსი შეხვედრები 10 მაისს თბილისში დაიწყება და სულ საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა.
ხულოს გამგეობის ანგარიშის მიხედვით მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში გამოვლინდა დაავადება, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს კარტოფილის მოსავლიანობას. ჩატარებული კვლევის შედეგად ნიადაგში აღმოჩნდა ე.წ. „კარტოფილის კიბო“ რომელიც ცნობილია კარტოფილზე მძიმე მავნებლური თვისებებითა და გამძლეობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა რეზისტენტული თვისებებით გამორჩეული კარტოფილის ჯიშების მოძიება და მათი ადგილობრივ მოსახლეობაზე გავრცელება.
ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევის პირველი ფაზა, რის მიხედვითაც ხულოს მუნიცპალიტეტის 3 სოფელში არსებულ საცდელ ნაკვეთებზე კარტოფილის 13 სხვადასხვა რეზისტენტული ჯიშები და კლონები დაითესა. დაავადება გამძლე ჯიშებს შორის არის კარტოფილის ელიტური ჯიშები: მარფონა, მარაბელი, მესხური, აგრია, მესხური წითელი, და ჯავახეთური. საცდელ ნაკვეთებზე ადგილობრივ ჯიშებთან ერთად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის 3 კლონი (21, 22, 24) და ჰოლანდიური ჯიშები: სილვანა, ფაბულა და ფარიდა დაითესა.
2016 წლის შემოდგომაზე მოხდება დათესილი მოსავლის აღება და შემდგომ მისი ლაბორატორიული კვლევა. კვლევითი ცენტრის – მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ხიდეშელის განმარტებით დათესილი კარტოფილიდან ახლო მომავალში გამოვლინდება „კარტოფილის კიბოს“ რეზისტენტული და ადგილორივ პირობებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ჯიშები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ახლო პერიოდში მოხდება სათესლე კართოფილის ადგილობრივ ფერმერებზე გადაცემა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე ინგლისური ენის პედაგოგების პროფესიული განვითარების მიზნით, აჭარის განათლების ფონდი, ბრიტანეთის საბჭოს თანადაფინანსებით სპეციალური პროგრამის განხორციელებას გეგმავს.
განათლების ფონდის ინფორმაციით, „პროგრამა მიზნად ისახავს უცხო ენების პედაგოგების ენის კომპეტენციისა და სწავლების მეთოდოლოგიის გამჯობესებას, უზრუნველყოფს ინგლისური ენის ცოდნის ხარისხობრივ და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას ჯერ ამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების სოფლებში, ხოლო შემდგომში, აქ მიღებული გამოცდილების გამოყენებით, სხვა მუნიციპალიტეტებში“.
პროგრამის განსახორციელებლად 64 892 ლარია საჭირო. აქედან 50 229 ლარს განათლების ფონდი გადაიხდის საკუთარი ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში.
საპროექტო წინადადება – „სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ საბჭოს მიერ ფონდისთვის შეთავაზებული იქნა 2016 წლის 3 მაისს, შესაბამისად, ა[ა]იპ აჭარის განათლების ფონდი ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით ითხოვს და შესაბამის თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან 6 მაისამდე ელოდება.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროგრამა განხორციელდება 2016 წლის მაისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
ფონდის ინფორმაციით, „დაქირავებული იქნება 5 ტრენერი და მოხდება მუშაობა მათთან მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარების მიზნით. პროგრამის დასაწყისში ტრენერები ჩაატარებენ პირისპირ შეხვედრებს მასწავლებლებთან, რომლის დროსაც მოხდება პედაგოგთა პროფესიული საჭიროებების კვლევა, პროგრამის განხორციელების გეგმის განხილვა; ტრენერი აწარმოებს მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილების დაგეგმვას, მასწავლებელთა სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვებას, რის შედეგადაც მოახდენს მათი პროფესიული საჭიროებების კვლევას და ანალიზს. მასწავლებლებთან შეხვედრების დროს ტრენერი ჩაატარებს კონსულტაციებს თანამედროვე სასაუბრო ინგლისური ენის ეფექტური სწავლების საკითხებზე. ტრენერი აგრეთვე უზრუნველყოფს მასწავლებელთა მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების და სოციალური ქსელის ეფექტურად გამოყენებას და სხვ.“
ამონარიდი ბრიტანეთის საბჭოს მიერ აჭარის განათლების ფონდში გაგზავნილი წერილიდან
განათლების ფონდში აღნიშნავენ, რომ „ბრიტანეთის საბჭოს მიერ დასმულია საკითხი მისი უახლოეს პერიოდში განხორციელების შესახებ, რაც შეუძლებელი იქნება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რაც გულისხმობს, როგორც ტენდერის გამოქვეყნება-ჩატარების, ასევე ხელშეკრულების გაფორმებისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის აუცილებლობას. ბრიტანეთის საბჭოს პროექტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი თანადაფინანსება, რისი მიღებაც მიმწოდებლისაგან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, დიდი ალბათობით, შეუძლებელი იქნება“.
3 მაისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მესამე და მეოთხე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა.
მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ:
კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“;
რიუნოსკე აკუტაგავა – „წყლის კაცების ქვეყანაში“;
ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“;
გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელიწადი“;
ჰერბერტ უელსი – „უჩინარი კაცი“.
მესამე მეოთხედფინალური თამაში გაიმართა სკოლა „იმედისა“ [ალეკო ბერიძე; სერგი მახარაძე; ანა დიასამიძე] და ბათუმის №10 საჯარო სკოლის [მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე] გუნდებს შორის. ანგარიშით 10:5, ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა ბათუმის №10 საჯარო სკოლა.
სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე] და სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასის“ [ალექსანდრე ბარამიძე, ქეთი მათითაიშვილი და ნოდარ ჯინჭარაძე] გუნდებს შორის გაიმართა ბოლო – მეოთხე მეოთხედფინალური თამაში. აღნიშნულ თამაშში ბლიც ტურის შემდეგ ანგარიში კვლავ თანაბარი იყო, რის გამოც დაისვა დამატებითი კითხვა. პირველი დამატებითი კითხვაც არ აღმოჩნდა თამაშის გამარჯვებულის გამოსავლენად და მეორე დამატებითი შეკითხვის შემდეგ, ანგარიშით – 14:11 ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა სკოლა „ევრო 2000“.
აღნიშნული თამაშებით დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. საბოლოო შედეგებით ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებენ შემდეგი სკოლების გუნდები:
ბათუმის №2 საჯარო სკოლა [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი];
ბათუმის №20 საჯარო სკოლა [სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე];
ბათუმის №10 საჯარო სკოლა[მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე];
სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე];
ნახევარფინალური თამაშები გაიმართება 7-8 მაისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში.
„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.
პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის სკოლის ყოფილი შენობიდან მოქალაქეები პოლიციელებმა დღეს გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პოლიციას ძალის გამოყენება არ დასჭირვებია და რვა ოჯახმა, ვინც გუშინ სახელმწიფო საკუთრება თვითნებურად დაიკავა, ტერიტორია დატოვა“.
სხვა ინფორმაციას გვაწვდიან თავად მოქალაქეები, ვინც ამ დროისთვისაც ბობოყვათის ყოფილი სკოლის შენობის ეზოში არიან და არსად წასვლას არ აპირებენ: „პოლიციამ ძალით გამოგვყარა. ოთხმა პოლიციელმა ამწია ხელში და ისე გამომიყვანა შენობიდან. პოლიციელები უხეშად ექცეოდნენ ფეხმძიმე ქალებსაც. ახლა ეზოში ვართ და არსად არ გვაქვს წასასვლელი. სკოლის შენობას ბოქლომი დაადეს და პოლიციელებიც აქ დგანან. დასახმარებლად და ამბის მოსაკითხად არავინ მოსულა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა“ – ამბობს ვარდო მოწყობილი.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ოჯახების წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, რაც მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, ბინაში, ან სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, 2 წლით გამასწორებელ სამუშაოს ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყოფილი სკოლის შენობის ადგილი / საქართველოს საკადასტრო რუკა
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ტერიტორია, სადაც ბობოყვათის სკოლის ყოფილი შენობა დგას, სახელმწიფო საკუთრებად არაა დარეგისტრირებული და მასზე საკადასტრო კოდი არ არის მინიჭებული.
ბობოყვათის ყოფილი სკოლის შენობაში 8 ოჯახი გუშინ შეიჭრა. მათი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოუხდათ.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ექვსი ოჯახი 5 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი საკუთრების შენარჩუნებას ითხოვენ. „რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ აღსრულების ბიუროდან და გვითხრეს, რომ სახლ-კარი უნდა დავცალოთ, მიწაც თქვენი არ არისო. ღია ცის ქვეშ გვტოვებენ. არადა, ჩემი ბაბუაც და იმის ბაბუაც ამ მიწაზე ცხოვრობდა,” – ამბობს „ბათუმელებთან” თემურ პაქსაძე.
მიწის ნაკვეთები რომ ამ ოჯახებს ეკუთვნით, ადასტურებს სოფელ კორტოხში გამგებლის რწმუნებული, ზვიად პაქსაძეც: „ჩემი მეზობლები არიან და მათი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ. საკომლო წიგნის მიხედვითაც საკუთრება მათ ეკუთვნით. ალბათ, შესაბამისი უწყებები გაარკვევენ, რა მოხდა”.
სოფელ კორტოხის მცხოვრებლები
თემურ პაქსაძის თქმით, პრობლემა იდენტურმა სახელებმა და გვარებმა შექმნა: „მამაჩემი იყო გივი პაქსაძე. სხვა გივი პაქსაძემ, რომელსაც ვალის გადაუხდელობის გამო სასამართლოში უჩივლეს, დავა წააგო და მიიჩნიეს, რომ მამაჩემის მიწის ნაკვეთი მისი საკუთრება იყო. მამაჩემი 2007 წელს გარდაიცვალა. 2008 წელს ჩემი მიწა ვინმე დავით ბერიძეს დაურეგისტრირეს, რომელმაც იმ სხვა გივი პაქსაძეს მოუგო სასამართლოში დავა. დანარჩენი ხუთივე ოჯახის მიწის ნაკვეთები ოთარ პაქსაძეს ეკუთვნის. მათ საკუთრებას პრობლემა სხვა ოთარ პაქსაძემ შეუქმნა, რომელსაც ასევე ვალები ჰქონდა გადასახდელი.“
ამ მოქალაქეებმა უკვე მიმართეს საჯარო რეესტრს და პროკურატურასაც. „საჯარო რეესტრში მითხრეს, სასამართლო გადაწყვეტილებაში რაც იყო მითითებული, ჩვენ ის დავარეგისტრირეთო, პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და სამოქალაქო დავააო, ასე გვითხრეს,“ – გვიყვება თემურ პაქსაძე.
ექვსივე ოჯახი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და როგორც ამბობენ, მათი აქცია ერთადერთ მიზანს ემსახურება – გაირკვეს სიმართლე და დაიცვან საკუთრება: „შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწაა და იმასაც ვერ ვამუშავებთ, თქვენი არ არის, მაინც ჩამოგართმევენო – დადიან აღსრულების ბიუროდან… ერთმა სახლიც კი დაშალა და სხვა ნაკვეთში გადაიტანა შიშით… უფულობის გამო ვერც ადვოკატის აყვანას ვახერხებთ“.
ამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება, შეიძლება თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება, რა გავლენა აქვს სტრესს და რა საკვების მიღება სჯობს მეხსიერების გასაუმჯობესებლად? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი ესაუბრა.
რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება? ამ პროცესის მართვა შესაძლებელია?
დღეს ძალიან გაახალგაზრდავდა ეს პრობლემა. გაუარესებულ მეხსიერებას უჩივიან 30-35 წლამდე ადამიანებიც კი. ეს შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს ცხოვრების წესთან, ინტერესების სფეროსთან, ადამიანის გონებრივ დატვირთვასთან. ამ თემაზე ბევრი კვლევა არსებობს, რომელთა უმრავლესობაში საუბარია იმაზე, რომ მეხსიერება ნელ-ნელა უარესდება 40 წლის შემდეგ, თუმცა ასევე, არის კვლევები, სადაც საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით, არის აქტიური როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად, მან კარგი მეხსიერება 80 წლის ასაკშიც შეიძლება შეინარჩუნოს.
როცა მეხსიერების გაუარესებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რა ტიპის მეხსიერებაში აქვს პრობლემა ადამიანს. არსებობს ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება – ასეა დაყოფილი პირობითად. ხანმოკლე მეხსიერების დროს ინფორმაციას რამდენიმე საათის მანძილზე იმახსოვრებს ადამიანი, ხანგრძლივი მეხსიერებისას კი – შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც.
ზოგადად, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად „ავარჯიშებს“ ადამიანი მეხსიერებას. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთხელ წაიკითხოს, მაგალითად, ლექსი და ზეპირად თქვას, იმიტომ, რომ გავარჯიშებული აქვს ტვინი. ასევე, არის მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია მეხსიერების გაუმჯობესება. ინტელექტის კოეფიციენტის [IQ] შედგენისას ტესტის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა მეხსიერებას. ითვლება, რომ თუ მეხსიერებაში პრობლემა არის, ინტელექტის კოეფიციენტი დაბალია.
თუ ადამიანი ამჩნევს, რომ გაუარესდა მეხსიერება, ისე ადვილად ვერ იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას, როგორც ადრე [არ ვგულისხმობ შორს წასულ ფორმებს, როცა სპეციალისტის ჩარევა ხდება საჭირო], არსებობს რაიმე ტიპის სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად?
ჯერ შესასწავლია გარემო, რა გარემოში ცხოვრობს და მუშაობს ადამიანი. თუ გარემო ზედმეტად სტრესულია, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მეხსიერების გადაღლას, კონცენტრაციის უნარს აქვეითებს. თუ ადამიანს არა აქვს განსაკუთრებული, სტრესული სამსახური, მაშინ მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეიძლება ეფექტური იყოს ახალი ენის შესწავლა, მაგალითად, დღეში რამდენიმე ახალი სიტყვის.
ზოგადად, კითხვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას. კარგია, ასევე, კროსვორდების შევსება, რადგან ვითარდება ასოციაციური მეხსიერება, რომელიც მეხსიერების ცალკე სახეა. იმ სიტყვის გახსენების პროცესი, რომელიც სხვა სიტყვასთანაა დაკავშირებული, პირდაპირ კავშირშია მეხსიერების გავარჯიშებასთან.
მეხსიერების სავარჯიშოდ კარგია ჭადრაკი. განსაკუთრებით ზეპირი, ბლიც-ჭადრაკი, როცა ვიზუალური მეხსიერებაც ერთვება პროცესში.
რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, აქვს თუ არა ამას გავლენა მეხსიერებაზე?
ნამდვილად აქვს. პირველ რიგში – ჯანსაღ კვებას. სასარგებლოა თხილეული, კაკალი. იმასაც ამბობენ ხუმრობით, რომ კაკალი თავის ტვინს ჰგავს, მის ხვეულებს იმეორებს. კაკალი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ლეციტინს, რომელიც ნეიროპროტექტორივით „მუშაობს“ და ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ასევე, კაკალი, თხილი, თუ მზესუმზირა შეიცავს ანტიოქსიდანტებს – ეს ცხიმოვანი, აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც დღის მანძილზე მიღებული საკვების შემდეგ „ალაგებს“ ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში.
ანტიოქსიდანტებს შეიცავს ასევე მოცვი, მოცხარი, თაფლი, პომიდორი… ძალიან სასარგებლოა თევზი, რომელიც ასევე შეიცავს ცხიმოვან მჟავებს. მიიჩნევა, რომ წითელი ღვინოც სასარგებლოა მეხსიერებისთვის, ზომიერად, რა თქმა უნდა. წითელ ღვინოს ალცჰაიმერის დაავადების [დაავადება, რომლის დროსაც ხდება ტვინის ატროფია და მეხსიერების დაქვეითება] პროფილაქტიკისთვისაც კი იყენებენ.
არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ცუდი მეხსიერება, მაგრამ დეტალურად ახსოვთ ბავშვობის ამბები. ეს რით აიხსნება?
ბავშვობა იმდენად მკვეთრადაა ჩაბეჭდილი მეხსიერებაში, რომ იგი იშვიათად ავიწყდება ადამიანს, გამონაკლისს წარმოადგენს ტრავმები. ამიტომაცაა, რომ დაავადების დროს ჯერ ნადგურდება ხანმოკლე მეხსიერება, მაგალითად, შეიძლება ადამიანს არ ახსოვდეს რა ჭამა დღეს, რა მოხდა გუშინ, თუმცა ახსოვს ბავშვობა.
რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქმე, უბრალოდ, გულმავიწყობას კი არა, დაავადებას ეხება და ექიმის ჩარევაა საჭირო?
არსებობს მეხსიერების ისეთი უცნაური დარღვევები, როცა ადამიანს ესაუბრები, ვერაფერს ამჩნევ, მაგრამ იგი შეიძლება ვერ წავიდეს სახლში, რადგან ვერ იხსენებს საკუთარი სახლის მისამართს. ამ დროს მან შეიძლება რთული ამოცანაც ამოხსნას, ოპერაცია გააკეთოს, სტატია დაწეროს, ანუ თავისი საქმე უშეცდომოდ შეასრულოს, მაგრამ სახლისკენ გზა ვერ გაიხსენოს. ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს მსგავსი რამ. ასეთ დროს ადამიანი თავის დაავადებასაც ვერ აღიქვამს სერიოზულად, ვერ აფასებს სიტუაციას. მეხსიერების გაუარესების ასეთი გამოვლინებები არის საშიში, ეს უკვე მნიშვნელოვან დარღვევად მიიჩნევა.
ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, შედარებით ნაკლებად აწუხებთ მეხსიერების პრობლემები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისას ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესებულია და ეს აისახება, ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობაზე და მათ შორის, მეხსიერებაზეც.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა.
ზურაბ ჭურკვეიძე
„სასტუმრო კომპლექსს, რომელიც მწვანე კონცხზე უნდა აშენდეს, არანაირი შემხებლობა არ აქვს ბოტანიკურ ბაღთან. ადგილი, სადაც სასტუმრო შენდება, 200 მეტრითაა დაშორებული ბაღის შესასვლელს და მათ შორის მოსახლეობა ცხოვრობს,“ – განმარტავს ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პროვატიზაციის დეპარტამენტის უფროსი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ახალი სასტუმრო მწვანე კონცხზე მთლიანად ჩაკეტავს ბოტანიკური ბაღის შესასვლელს აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან.
ქედაში არსებულ უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ, განათლების სამსახურის უფროსთან, ეკა ქაჯაიასთან ერთად მიულოცა და მათ საჩუქრად პასკები, კვერცხები და შოკოლადი გადასცა.
მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციართა სააღდგომო საჩუქრებისთვის, მთლიანობაში, 52 პასკა და 130 კვერცხი, ქედის გამგეობამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. საჩუქარი ქედაში სასადილოს ყველა ბენეფიციარს – 26 ადამიანს ერგო. სააღდგომოდ გაცემული ამ საჩუქრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 464 ლარი დაიხარჯა.
ხელვაჩაურის სასამართლო განიხილავს ოჯახური ძალადობის სავარაუდო შემთხვევას, სადაც ქმარი უჩივის ცოლს. საქმის მასალების მიხედვით, ქმარმა პოლიციას მაშინ მიმართა, როცა მას ცოლმა თავში ბოთლი ჩაარტყა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს სახის მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული.
დაცვის მხარის ადვოკატის ინფორმაციით, ამ ოჯახიდან პოლიციისთვის დასახმარებლად ადრეც მიუმართავთ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში შემაკავებელი ან გამაფრთხილებელი ორდერი არ გაცემულა. წინა შემთხვევებში პოლიციას ცოლი ურეკავდა, რომელიც ადგილზე მისულ პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ქმარს იგი არ უცემია და მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდათ, ხოლო პოლიციას აღელვების გამო მიმართა.
„ამ დროისთვის ისინი შერიგდნენ და ისევ ერთად ცხოვრობენ. სასამართლო განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება. ეს შერიგება ალბათ იქნება იმის წინაპირობა, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა მზია დიასამიძემ. მისი თქმით, წყვილი დაახლოებით სამი წლის წინ დაქორწინდა.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
ბათუმში მშობლები იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა ან ერთი შვილი მაინც სწავლობს ამ სკოლაში, მომავალ პირველკლასელ შვილებს ვეღარ არეგისტრირებენ. მიზეზი, როგორც სკოლებში ეუბნებიან, უკვე შევსებული ადგილებია.
ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის დროს ტერიტორიული პრინციპი აღარ მოქმედებს; რაც შეეხება მოსწავლეთა დედმამიშვილებსა და სკოლის თანამშრომელთა შვილებს, მათი რეგისტრაცია აპრილში დასრულდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე მათ რაიმე პრიორიტეტი აღარ მიენიჭებათ. ცენტრის ინფორმაციით, ასეთი 800 მოსწავლე დარეგისტრირდა ბათუმში.
ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმის ცხრა საჯარო სკოლაშია თავისუფალი ადგილები. ეს სკოლებია: N 13, 22, 23, 26, 27, 28, 29, 30, და 31. ეს სკოლები, ძირითადად, ქალაქის გარეუბნებში, ეგრეთ წოდებულ შემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. ამ სკოლების ჩათვლით საერთო რაოდენობა თავისუფალი ადგილებისა, ამ დროისთვის, ჯამში 145-ია [ეს მონაცემი მუდმივად ცვალებადია].
ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრისთვის ბათუმის სკოლებში 1995 პირველკლასელი დარეგისტრირდა, 2014 წელს კი – 1914; შესაბამისად, კლასებისა და ადგილების მიხედვით, წელს 2200 ბავშვის მიღება იყო განსაზღვრული სკოლების მიერ, თუმცა 2055 ბავშვი უკვე დარეგისტრირებულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე 145 ვაკანსიაა. ადგილები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემატება, რაც გამოცხადებული ვაკანსია ბოლომდე შეივსება.
„ჩვენ გვქონდა სიტყვიერი მოლაპარაკება საქართველოს განათლების სამინისტროსთან და დაგვპირდნენ, რომ რამდენიმე კლასის დამატების უფლებას მოგვცემენ; ჯერ წერილობით ოფიციალურად არ მიგვიმართავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქის პირველ, მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში ადგილები სავარაუდოდ ვეღარ დაემატება, იმიტომ, რომ აქ ფიზიკურად ოთახების საშუალება არ აქვთ“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ. მისივე თქმით, არც ერთი მომავალი პირველკლასელი რეგისტრაციის გარეშე არ დარჩება, ვინაიდან მათ სამინისტროს თანხმობით რამდენიმე კლასი ზოგ სკოლაში გასულ წელსაც დაამატეს.
დამატებულ ადგილებზე რა პრინციპით იქნება რეგისტრაცია და როდის, დაზუსტებული არ არის. შესაძლოა ეს ადგილები რეგისტრაციის მესამე ეტაპისთვის დაემატოს, რომელიც 2016 წლის 14 ივნისს დაიწყება და გაგრძელდება 30 ივნისამდე.
საქართველოს მოქალაქეს ან/და იმ პირებს, ვისაც კანონით აქვთ უფლება საქართველოში მუშაობის [არა საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ მცხოვრებს საქართველოში] 14 წლიდან შეეძლება რეგისტრაცია გაიაროს ვებგვერდზე, მიიღოს ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოში გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ და წარადგინოს განაცხადი ვაკანსიაზე [რეგისტრაციისათვის აუცილებელია გააჩნდეს პირადი ნომერი].
ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად კი, აჭარის დასაქმების სააგენტომ, სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის მოდულების ერთიანი პორტალის [მონაცემთა ბაზა და ვებგვერდი] შექმნაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
პორტალის შექმნისთვის სააგენტომ ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამოყო.
„სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი ვებპორტალის ფუნქციონირება, რომელიც დაკავშირებული იქნება მთავარ საინფორმაციო ბაზებთან და სრულ ინფორმაციას მიაწვდის როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს არსებული ვაკანსიების შესახებ,“ – აღნიშნული იყო აუდიტის დასკვნაში.
ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახებულ ბრიგადას მუშა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ იქ მყოფთა მოთხოვნით, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ძალიან დაბნეულები ვართ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ახლა გავიგეთ,” – გვიპასუხეს კომპანია “შველას” სამშენებლო დაფაზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
ადგილზე მყოფი მუშები ამ დროისთვის სამშენებლო საქმიანობას განაგრძობენ. მათი თქმით, გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლის იყო და ხშირად მაღალი წნევა აწუხებდა. მშენებლების თქმით, დაცულია უსაფრთხოების ნორმები და გადმოვარდნის დროს მე-6 სართულზე სხვა მუშა არ იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს.
„საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა ისაკუთრებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც. ყოფილი ტექნიკუმის შენობის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და ახალი სასტუმრო კომპლექსი მთლიანად დახურავს ბოტანიკური ბაღის შესასვლელს,” – ამბობს ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ელგუჯა ბაგრატიონი.
შესაძლოა თუ არა გაუქმდეს ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი? ამ კითხვაზე პასუხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუცია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად 2015 წლის სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ „ბიზნეს დეველოპმენტი“ და ქონება 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა.
აუქციონის პირობების თანახმად, „ბიზნეს დეველოპმენტი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში აქ ააშენოს არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო, ავტოსადგომით, ღია და დახურული ტიპის აუზებით, კვების ობიექტებით, გამაჯანსაღებელი სპაცენტრით. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში რვა ოჯახი შეიჭრა. შენობაში არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც კარ-ფანჯარა. შეჭრილები ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა და ყველას თავ-თავისი ისტორია აქვს. რამდენიმე წარმომადგენელი დღეს ქობულეთის პოლიციაში დაკითხეს.
„ჯერ მოვიდა სოფლის გამგებელი რუსლან ანთაძე, ცუდად არაფერი უთქვამს. დაგვპირდა, თუ რამე შეგვეძლება, გავაკეთებთო. მერე მოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და გვითხრა, პოლიციელი ვარო. წაგვიყვანეს სამი ქალი პოლიციის განყოფილებაში და დაგვკითხეს” – ამბობს „ბათუმელებთან“ ვარდო მოწყობილი.
ვარდო მოწყობილის ოჯახი მარტვილიდანაა. მისი თქმით, ოჯახში „ბევრი დაგროვდნენ“ და იძულებული გახდა, ქობულეთში გადმოსახლებულიყო: „შევთანხმდით, რომ სახლს მოვუვლიდი და ქირის გადახდა არ მომიწევდა. ახლა სახლის პატრონმა ქირა მომთხოვა და ქუჩაში დავრჩი მცირეწლოვან შვილებთან ერთად. აქ ზოგიერთი ეკომიგრანტი ოჯახია წალკიდან, ვინც ასევე ქირის გადახდა ვეღარ შეძლო და აჭარაში დაბრუნდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას ამ მოქალაქეების გამოკითხვის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მათ შენობის დაცლისთვის ვადა ხვალამდე მისცეს “გავითვალისწინეთ ამ ოჯახების მძიმე სოციალური მდგომარეობა. მათ შორის რამდენიმე ფეხმძიმე ქალია. თუკი ისინი ნებაყოფლობით არ დატოვებენ შენობას, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს” – განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.
კომენტარს არ აკეთებენ ქობულეთის გამგეობასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამ უწყებათა პრესსამსახურებში გვითხრეს, რომ ყოფილი სკოლის შენობა ბობოყვათში ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის და ისინი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდი დარბაზი დღეს მოქალაქეებმა სრულად შეავსეს. სავსე იყო სასამართლო დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილი სპეციალური, გისოსებიანი ადგილიც – პროკურატურა ხულიგნობას ხუთ პირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ სლოტკლუბში ბრალდებულები არ შეუშვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად სლოტკლუბის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რაზედაც სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარის ადვოკატის, დავით ჯაფარიძის მტკიცებით, რამდენიმე პოლიციელმა და გამომძიებელმა სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება არ უნდა მისცეს. ამავე სხდომაზე მოწმე ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლებმა სასამართლოს საქმის დეტალები გააცნეს.
ხუთი ბრალდებულიდან სამი მიმალვაში იმყოფებოდა. ხუთივე ადასტურებს დაპირისპირებისa და დაცვის თანამშრომლების ცემის ფაქტს, მაგრამ მათი განმარტებით, ეს არ იყო ხულიგნობა და ბრალდებულები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ [სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.]
დაცვის მხარის კიდევ ერთი ადვოკატი, მზია დიასამიძე ამბობს, რომ მუხლი უნდა შეიცვალოს და ბრალდებულები სსკ-ის 125-ე მუხლით უნდა გასამართლდნენ, რაც ცემას გულისხმობს: „ჩვენ ამ შუამდგომლობით უკვე მივმართეთ სასამართლოს. იმედია, მოსამართლე ამ მოთხოვნას და ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მზია დიასამიძემ.
კანონის მიხედვით, ცემა მხოლოდ ჯარიმით ან საზოგადოებითვის სასარგებლო შრომით ისჯება, ხულიგნობა კი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს 2-დან 5-წლამდე, როცა დანაშაული წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი. ამ საქმეში პროკურატურა სწორედ ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება ბრალდებულებს.
უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს.
პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა.
პირველი კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის საკითხთან დაკავშირებით მოქმედი კანონით გათვალისწინებული რეგულაცია არ იძლევა მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფორმულირებას და ტოვებს ნორმის არაერთგვაროვნად გაგებისა და განმარტების შესაძლებლობას. ამასთანავე, კანონის მოქმედი რედაქცია მთავრობის თავმჯდომარის მიერ უსკოს თავმჯდომარეობის მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას ითვალისწინებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უსკოს წევრი, ასევე უსკოს თავმჯდომარის კონკურსის წესი, პირობები და შერჩევის მექნიზმი იდენტურია უსკოს წევრის მიმართ კანონით გათვალისწინებული წესებისა, მიზანშეწონილია, რომ მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოსათვის მოხდეს უსკოს თავმჯდომარეობის არა მხოლოდ ერთი უალტერნატივო კანდიდატურის წარმოდგენა, არამედ უმაღლეს საბჭოს ჰქონდეს მეტი არჩევანის შესაძლებლობა და უსკოს წევრის კანდიდატურის მსგავსად, უსკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის თავმჯდომარემ წარმოადგინოს ორი კანდიდატი,“ – ნათქვამია კანონპროექტში.
პროექტის მიხედვით, კანონპროექტის მიღების მიზეზს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ კანონი უსკოს თავმჯდომარის/წევრის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებისას არ ითვალისწინებს მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობას: „ჩვენი აზრით, აღნიშნული შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებით კომისიის საქმიანობა გახდება გაცილებით ეფექტური და მის მიმართ მეტი იქნება სანდოობის ხარისხიც.“
პროექტის ავტორების მოსაზრებით, საკონკურსო კომისია სამთავრობო პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით 50- 50-ზე უნდა დაკომპლექტდეს:
„ კომისიის შემადგენლობის ნახევარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომლებსაც უსკოს თავმჯდომარის/წევრის კონკურსის გამოცხადებამდე ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება გააჩნიათ და საზოგადოებაში სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით. თუ ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები უარს განაცხადებენ კომისიაში საქმიანობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკონკურსო კომისიას აკომპლექტებს საკუთარი შეხედულებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.“
კითხვაზე, როგორ უნდა განსაღვროს მთავრობამ გამოცდილების მეტნაკლებობა თუ კომისიაში შესვლის სურვილი ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა ან როგორ უნდა განსაზღვროს ვინ სარგებლობს მაღალი რეპუტაციით? – პროექტის ერთ-ერთი ავტორი თემურ კახიძე პასუხობს – „ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს, შეიძლება იქ სუბიექტური მომენტებიც იყოს, მაგრამ გამოცდილების გათვალისწინებაა აუცილებელი და ჩვენ ამ მხრივ სათქმელი გვენება.“
თემურ კახიძის ინფორმაციით, პროექტის პირველადი ვარიანტი „საიას“ აჭარის ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ , „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ უკვე განიხილეს და პროექტში მათი შენიშვნები გათვალისწინებულია.
მერაბ აბაშიძის ინიციატივა კი, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევას 50+1- ის პრინციპით ითვალისწინებს. კანონპროექტების განხილვა ხვალ, 4 მაისს, ბიუროს სხდომაზეა დაგეგმილი.
„თანხა იხარჯება, კმაყოფლი არავინაა, ეს სამსახური თავის ფუნქციას კარგად არ ასრულებს,“ – ეს შეფასება ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ სხდომის მსვლელობისას ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მისამართით მას შემდეგ გააკეთა, როდესაც განათლების სამსახურის უფროსმა დეპუტატებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა.
ამირან ცინცაძე ამბობს, რომ 2015 წელს ამ სამსახურს 9 000 ლარი ეკონომია დარჩა, წარმატებული სპორტსმენები კი სათანადოდ არ დააჯილდოვა და სამსახურის უფროსს – ეკატერინე ქაჯაიას მოუწოდა წარმატებული სპორტსმენების წასახალისებლად თანხა გაითვალისწინონ.
„ბევრმა ქედელმა სპორტსმენმა წარმატება მოიპოვა, მაგალითად, შოთა ფარტენაძეს, რომელიც ევროპის პრიზიორი გახდა, წახალისება უნდა ჰქონდეს, რომ მომავალში უფრო კარგად იასპარეზოს,“ – ამბობს ამირან ცინცაძე.
თავად სამსახურის უფროსი შენიშვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ამბობს, რომ ეკონომია გარკვეული მიზეზების გამო ჩაუტარებელმა კულტურულმა ღონისძიებებმა გამოიწვია, თუმცა იქვე დასძენს, რომ სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები წინასწარ გათვლილი პროგრამის მიხედვით ხორციელდება.
აღნიშნული სამსახურის გარდა დეპუტატებს პირველ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიშები ზედამხედველობის, სამხედრო აღრიცხვის, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებმა წარუდგინეს.
„პირველ კარტალში 12 ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა, ტენდერებიდან მიღებულმა ეკონომიამ 700 ათასი ლარი შეადგინა,“ – ამბობს ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე.
ქედის საკრებულომ გამგეობის სამსახურების ანგარიში მოისმინა
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე 454 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის 387 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 21 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო, 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 3 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევის გამო.
ფოტოები გადაღებულია, გასული და მიმდინარე კვირის განმავლობაში.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო მომსახურების თანხის გადაუხდელობას ედავება ე.ხ.-ს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. „გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს წარუდგინა გარდაცვალების მოწმობაც,” – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. მან საქმის განხილვა გადადო, ვიდრე მემკვიდრეობის მისაღებად კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არ გაივლის.
„ჩვენთვის ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი არ იყო,” – მიმართა მოსამართლეს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა, ნათია წულაიამ.
ნათია წულაიას განმარტებით, ე.ხ.-ს ქირურგიული ოპერაცია 2013 წელს ჩაუტარდა: „ამ პაციენტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეხებია და ჯამში 1072 ლარი უნდა გადაეხადა. ის ეტაპობრივად იხდიდა ამ თანხას, მაგრამ საბოლოოდ დაახლოებით 250 ლარი დარჩა დავალიანება”.
ყოფილ პაციენტს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სწორედ ამ 250 ლარის გადაუხდელობას ედავება. სარჩელით სასამართლოს სამედიცინო კლინიკამ გასული წლის ნოემბერში მიმართა.
სასამართლოსთვის წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ე.ხ. 2016 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დღევანდელ სხდომაზე განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეობის საკითხი უნდა გაირკვეს და შემდეგ შედგეს საქმის არსებითი განხილვა.
რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მეწარმე სუბიექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ?
პასუხი: – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.
ვინ იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე?
პასუხი: – ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფიზიკური პირი, იმისათვის რომ მოხდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება?
პასუხი: – ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
რა სოციალური შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირი, ბავშვის დაბადების შემთხვევაში?
პასუხი: – 2016 წლის 01 იანვრის შემდგომ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის –ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის – ოდენობის ფულად დახმარებას.
სარგებლობენ თუ არა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული შეღავათებით?
პასუხი: – კანონით დაწესებული შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.
რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დახმარებით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
დავით ფარტენაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, ყოფილი კანდიდატი კი, დავით კვაჭაძე ფიქრობს და ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივლა, უარყოფს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევ კონკურსში კანდიდატების დარეგისტრირების ვადა ორ დღეში, 5 მაისს უნდა დასრულდეს. ამ დრომდე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი, ხოლო წევრობის კანდიდატად ექვსი პირი დარეგისტრირდა.
უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ჯერჯერობით მხოლოდ დავით ფარტენაძეა დარეგისტრირებული.
უსკოს წევრობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: უსკოს იურისტი ფრიდონ ბათნიძე, ხელვაჩაურის საარჩევნო კომისიის წევრი ემა ნაკაშიძე, დავით ფარტენაძე (ის ორივე ვაკანსიაზე დარეგისტრირდა), უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის შვილი – მამუკა ჯაში, ნინო ცენტერაძე და ნაზი ჯინჭარაძე.
ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი, გარიგების საფუძველზე, შპს „კ.მ გრუპმა“ საკუთრებაში შპს „დს გრუპს“ გადასცა.
აღნიშნული ტერიტორია [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა შპს „კ.მ გრუპზე“ [კომპანიის ძირითადი ვალდებულება იყო აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა საცხოვრებელი სახლი]. 2015 წლის ბოლოს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც ტერიტორია შემოღობეს და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით „კ.მ გრუპ“-მა აღნიშნული ტერიტორია 2016 წლის აპრილში მიყიდა შპს „დს გრუპი DS GROUP“-ს. „დს გრუპმა“ კი ტერიტორია საკუთრებაში 2016 წლის 27 აპრილს დაირეგისტრირა.
„კ.მ გრუპ“-ს ვალდებულების შესრულებამდე, ანუ საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, არ ჰქონდა უფლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე განეკარგა ან დაეტვირთა აღნიშნული ქონება. სამინისტროს ინფორმაციით, მათი მხრიდან თანხმობა ქონების გადაცემაზე – ვალდებულების შესრულების პირობით, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიცა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით „დს გრუპი“ „კ.მ გრუპს“ ასაშენებელ სახლში პირველ სართულზე გადასცემს: ორ არასაცხოვრებელ ფართობს – ჯამში 900 კვ/მ-ს; ასევე სხვადასხვა სართულზე 11 ბინას – ჯამში 1449 კვ/მ-ს; მანსარდის სართულზე – 104,1 კვ/მ ბინას და ტერასაზე – 529 კვ/მ ფართობს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, წალენჯიხაში ადგილობრივ ფერმერებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის, ბიოჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოები შეიქმნება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია რეგიონში, სადაც ყველაზე კარგადაა შენარჩუნებული როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციები.
როგორც ოთარ დანელიამ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში გასატანად. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს. პროგრამის ბენეფიციარებისათვის განხორცილდება ტექნიკური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულა. მიმდინარეობს ინფორმაციის წინასწარი გადამოწმება. სხვა დეტალების შესახებ შსს არ საუბრობს.
არსებული ინფორმაციით, ქობულეთში მცხოვრები ოჯახი მეზობელ 65 წლამდე მამაკაცს არასრულწლოვანზე მუქარაში ადანაშაულებს. არასრულწოვანი და-ძმის დედის მონაყოლით, მეზობელმა მამაკაცმა მის 11 წლის ქალიშვილს სთხოვა „თვალით რომ განიშნებ, მანქანაში ჩამიჯექი, გაგაკატავებ და გზაში კანფეტებსაც გიყიდიო. ხოლო 12 წლის ბიჭს ემუქრებოდა – რატომ უკრძალავ შენს დას ჩემს მანქანაში ჩაჯდომას, თავს მოგაჭრი, ძაღლებს გადავუგდებ და დედაშენს მოგიკლავო.“
დედის თქმით, მუქარა მამაკაცის მხრიდან 10 დღის წინ დაიწყო, ამის შესახებ დედას ბიჭმა გაუმხილა. ბოლო დღეებში კი, რაც მას მეზობლები ეძებდნენ, ის ქობულეთში არ გამოჩენილა.
ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, გუშინ, 2 მაისს პოლიციამ აღნიშნული მამაკაცის სახლი დაათვალიერა, გამგებლის თქმით, მამაკაცი გაქცეულია. მოსახლეობა მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებს და მის გასახლებას მოითხოვს.
საქართველოს კანონმდებლობა გასახლებას, როგორც სასჯელის ზომას, არ იცნობს.
აჭარის ყველაზე მაღალი სოფლიდან – მთისუბნიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სოფლის ტყეებში მიმდინარეობს გამალებული უკანონო ჭრა და რომ „სოფელში ბათუმიდან ასულმა გიდებმა მხოლოდ ერთ საათში 53 უკანონო ჭრა გამოავლინეს“. სოფლის მცხოვრების თქმით, ხე-ტყის ჭრა მიმდინარეობს თავად ტყის მცველების, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის სატყეოს ხელმძღვანელის ხელშეწყობით.
„დავურეკე ხულოს სატყეოს უფროსს, ასევე ვუთხარი ტყის მცველს, რომ მაგას ნუ აკეთებთ, ასე უმოწყალოდ ნუ აჩეხინებთ ტყეს-მეთქი. ხუთი მანქანა ხე გაყიდეს აგერ სულ ცოტა ხანში. მაგრამ ხულოს სატყეოს უფროსმა ტელეფონში მითხრა, ნუ ბოდიალობ, თორემ ტვინს გაგიჭეჭყავო და ტელეფონი გამითიშა“, – უთხრა ბათუმელებს“ დანიელ თურაძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ სრულად არის ინფორმირებული რენარი ბოლქვაძე, ხულოს სატყეო სამსახურის უფროსი.
რენარი ბოლქვაძემ მთისუბნელი დანიელ თურაძე შეაურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია „ბათუმელებთან“ სატელეფონო კომენტარის დაწყებისთანავე, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ სოფელში ნამდვილად არის ხეები უკანონოდ მოჭრილი, „მაგრამ სულ 12 ძირია. აქედან ნაწილი არის ადგილზე. მე ვფიქრობ, რომელიც ადგილზეა, მის მიერ არის მოჭრილი [დანილე თურაძის], მაგრამ ჩვენ ამას გადავცემთ სამართალდამცავებს და ისინი დაადგენენ“.
მოჭრილი ხეები სოფელ მთისუბნის ტყეში
რენარი ბოლქვაძე გამორიცხავს როგორც მისი, ისე თავისი თანამშრომლების ჩართულობას უკანონ ხე-ტყის ჭრაში და მას არგუმენტად ის მოჰყავს, რომ, მისი აზრით, „თვითონ ეგ ადამიანი ვინცაა, ეგ დანიელი, საღ ჭკუაზე ნამდვილად არაა“. თუ რის საფუძველზე ამბობს ამას სატყეოს დირექტორი, ასე პასუხობს: „მაგის სამედიცინო ცნობა რაში მაინტერესებს, მისი თვისებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ვამბობ მაგას“.
რენარი ბოლქვაძე უარყოფს მისი მხრიდან მოქალაქის მიმართ „თავის გაჭეჭყვის“ მუქარას: „არაა მასე. მიმართოს სამართალდამცავებს… მე გადავცემ სამართალდამცვებს და გამოიძიებენ. არანაირი 53 ძირი არ არის მოჭრილი, შეიძლება 200 ძირი იყოს ნებართვით და დოკუმენტით გაცემული. 12 ძირი, რაც ზედამხედველობის სამსახურმა ნახა, ეგ იყო უკანონოდ მოჭრილი“.
დანიელ თურაძის თქმით, „ისეთი ამბავია ტყეში, გული მოგიკვდება, სრულიად ახალგაზრდა ხეებია გაჩეხილი.“ დანიელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში შესაბამისი თანამდებობის პირების მხარიდან გულგრილი დამოკიდებულების შემდეგ ის დაუკავშირდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსს დავით დევაძეს.
„ბატონ დავითს ვესაუბრე. მან კომისია გამოუშვა. მარტო ერთ ტყეში უკანონოდ მოჭრილი 53 ხე დაითვალეს“, – ამბობს დანიელ თურაძე.
სოფელ მთისუბანში უკანონო ჭრის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობა დავით დევაძემ „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა. მან ასევე დაადასტურა, რომ სამართალდარღვევის ადგილზე შესასწავლად სპეციალური ჯგუფი მიავლინა მთისუბანში. „რეაგირება აუცილებლად გვექნება. უბრალოდ, უნდა დაველოდოთ სადღესასწაულო დღეების გასვლას“, – უთხრა „ბათუმელებს“ დავით დევაძემ.
„ბათუმელები“ ესაუბრა ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებიც მთისუბნის ტყეებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მიავლინეს. ერთ-ერთმა მათგანმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ ხე-ტყის უკანონო ჭრის 16 ფაქტი გამოავლინეს.
ახლობლების ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში მცხოვრები, 85 წლის მურთაზ წითელაძე სახლიდან 30 აპრილს, საღამოს, პირუტყვის საძებრად გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
დაკარგულს მთელი ღამის განმავლობაში ოჯახის წევრები ეძებდნენ, გუშინ დილიდან კი, სამძებრო სამუშაოებში შს სამინისტროს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
სამი მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში გაიმართება ღია კონფერენცია – ქართული მედიის მიღწევები და გამოწვევები. კონფერენციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებელია.
აჭარის ტელევიზიის განვითარების მენეჯერისა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნათია კაპანაძის თქმით, კონფერენცია სამი ძირითადი პანელისაგან შედგება:
პირველი პანელი დაეთმობა საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლების თავისუფლების საკითხს. საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, მის მიღწევებსა და მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. მეორე პანელი დაეთმობა ქართული მედიის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობის საკითხს. ამ ნაწილში მომხსენებელთა შორის წარმოდგენილნი იქნებიან უშუალოდ მედიის წარმომადგენლები და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.
კონფერენციის ბოლო ნაწილი დაეთმობა საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდაჭერის საკითხს. ნათია კაპანაძის თქმით, ამ ნაწილში მოწვეულნი არიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მოსაზრებები და დამოკიდებულებებიც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს მედიის თავისუფლების სტანდარტზე.
„ ჩვენ გვაქვს შეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ ის სკაიპით ჩაერთვება კონფერენციაზე, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო დადასტურება არ გვაქვს. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი როგორ მიიღებენ მონაწილეობას ამ კონფერენციაში, ამ საკითხებს ვათანხმებთ. ასევე ვათანხმებთ საკითხებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელთა მოსაზრებებიც საინტერესო იქნებოდა ამ დღესთან დაკავშირებით“, – ამბობს ნათია კაპანაძე.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა “ვინდჰუკის დეკლარაციამ” ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.