მთავარი,სიახლეები

მოქალაქე თანამდებობის პირისგან მუქარასა და ხე-ტყის უკანონო ჭრაზე

02.05.2016 •
მოქალაქე თანამდებობის პირისგან მუქარასა და ხე-ტყის უკანონო ჭრაზე

აჭარის ყველაზე მაღალი სოფლიდან – მთისუბნიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სოფლის ტყეებში მიმდინარეობს გამალებული უკანონო ჭრა და რომ „სოფელში ბათუმიდან ასულმა გიდებმა მხოლოდ ერთ საათში 53 უკანონო ჭრა გამოავლინეს“. სოფლის მცხოვრების თქმით, ხე-ტყის ჭრა მიმდინარეობს თავად ტყის მცველების, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის სატყეოს ხელმძღვანელის ხელშეწყობით.


photo0089

„დავურეკე ხულოს სატყეოს უფროსს, ასევე ვუთხარი ტყის მცველს, რომ მაგას ნუ აკეთებთ, ასე უმოწყალოდ ნუ აჩეხინებთ ტყეს-მეთქი. ხუთი მანქანა ხე გაყიდეს  აგერ სულ ცოტა ხანში. მაგრამ ხულოს სატყეოს უფროსმა ტელეფონში მითხრა, ნუ ბოდიალობ, თორემ ტვინს გაგიჭეჭყავო და ტელეფონი გამითიშა“, – უთხრა ბათუმელებს“ დანიელ თურაძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ სრულად არის ინფორმირებული რენარი ბოლქვაძე, ხულოს სატყეო სამსახურის უფროსი.

რენარი ბოლქვაძემ მთისუბნელი დანიელ თურაძე შეაურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია  „ბათუმელებთან“ სატელეფონო კომენტარის დაწყებისთანავე, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ სოფელში ნამდვილად არის ხეები უკანონოდ მოჭრილი, „მაგრამ სულ 12 ძირია. აქედან ნაწილი არის ადგილზე. მე ვფიქრობ, რომელიც ადგილზეა, მის მიერ არის მოჭრილი [დანილე თურაძის], მაგრამ ჩვენ ამას გადავცემთ სამართალდამცავებს და ისინი დაადგენენ“.

მოჭრილი ხეები სოფელ მთისუბნის ტყეში

მოჭრილი ხეები სოფელ მთისუბნის ტყეში

რენარი ბოლქვაძე გამორიცხავს როგორც მისი, ისე თავისი თანამშრომლების ჩართულობას უკანონ ხე-ტყის ჭრაში და მას არგუმენტად ის მოჰყავს, რომ, მისი აზრით, „თვითონ ეგ ადამიანი ვინცაა, ეგ დანიელი, საღ ჭკუაზე ნამდვილად არაა“. თუ რის საფუძველზე ამბობს ამას სატყეოს დირექტორი, ასე პასუხობს: „მაგის სამედიცინო ცნობა რაში მაინტერესებს, მისი თვისებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ვამბობ მაგას“.

რენარი ბოლქვაძე უარყოფს მისი მხრიდან მოქალაქის მიმართ „თავის გაჭეჭყვის“ მუქარას: „არაა მასე. მიმართოს სამართალდამცავებს… მე გადავცემ სამართალდამცვებს და გამოიძიებენ. არანაირი 53 ძირი არ არის მოჭრილი, შეიძლება 200 ძირი იყოს ნებართვით და დოკუმენტით გაცემული. 12 ძირი, რაც ზედამხედველობის სამსახურმა ნახა, ეგ იყო უკანონოდ მოჭრილი“.

დანიელ თურაძის თქმით, „ისეთი ამბავია ტყეში, გული მოგიკვდება, სრულიად ახალგაზრდა ხეებია გაჩეხილი.“ დანიელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში შესაბამისი თანამდებობის პირების მხარიდან გულგრილი დამოკიდებულების შემდეგ ის დაუკავშირდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსს დავით დევაძეს.

photo0088
„ბატონ დავითს ვესაუბრე. მან კომისია გამოუშვა. მარტო ერთ ტყეში უკანონოდ მოჭრილი 53 ხე დაითვალეს“, – ამბობს დანიელ თურაძე.

სოფელ მთისუბანში უკანონო ჭრის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობა დავით დევაძემ „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა. მან ასევე დაადასტურა, რომ სამართალდარღვევის ადგილზე შესასწავლად სპეციალური ჯგუფი მიავლინა მთისუბანში. „რეაგირება აუცილებლად გვექნება. უბრალოდ, უნდა დაველოდოთ სადღესასწაულო დღეების გასვლას“, – უთხრა „ბათუმელებს“ დავით დევაძემ.

„ბათუმელები“ ესაუბრა ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებიც მთისუბნის ტყეებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მიავლინეს. ერთ-ერთმა მათგანმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ  ხე-ტყის უკანონო ჭრის 16 ფაქტი გამოავლინეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: