Batumelebi | კონფერენცია ბათუმში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია ბათუმში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით – Batumelebi
RU | GE  

კონფერენცია ბათუმში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

სამი მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში  გაიმართება ღია კონფერენცია – ქართული მედიის მიღწევები და გამოწვევები. კონფერენციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებელია.

აჭარის ტელევიზიის განვითარების მენეჯერისა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნათია კაპანაძის თქმით, კონფერენცია სამი ძირითადი პანელისაგან შედგება:

პირველი პანელი დაეთმობა საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლების თავისუფლების საკითხს. საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, მის მიღწევებსა და  მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. მეორე პანელი დაეთმობა ქართული მედიის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობის საკითხს. ამ ნაწილში მომხსენებელთა შორის წარმოდგენილნი იქნებიან უშუალოდ მედიის წარმომადგენლები და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.

კონფერენციის ბოლო ნაწილი დაეთმობა საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდაჭერის საკითხს. ნათია კაპანაძის თქმით, ამ ნაწილში მოწვეულნი არიან  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მოსაზრებები და დამოკიდებულებებიც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს  მედიის თავისუფლების სტანდარტზე.

„ ჩვენ გვაქვს შეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ ის  სკაიპით ჩაერთვება კონფერენციაზე, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო დადასტურება არ გვაქვს. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი როგორ მიიღებენ მონაწილეობას ამ კონფერენციაში,  ამ საკითხებს ვათანხმებთ. ასევე ვათანხმებთ საკითხებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელთა მოსაზრებებიც საინტერესო იქნებოდა ამ დღესთან დაკავშირებით“, – ამბობს ნათია კაპანაძე.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა “ვინდჰუკის დეკლარაციამ” ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან