პროპაგანდასთან ბრძოლის ხერხები

რჩევების სერია საზოგადოებას, როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიასაშუალებებში?

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საქმიანობის წარმართვის პროცესში.

propagandaმაქსიმალური ზიანის მოყენება შეუძლია უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებულ პროპაგანდისტულ საქმიანობას, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლა, თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ, როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?

სანდო და ანონიმური წყაროები

გადაამოწმეთ სანდო წყაროსთან – აღნიშნული ხერხი გულისხმობს მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაციის დაზუსტებას  სანდო, შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანებთან. რაც მეტ წყაროსთან გადაამოწმებთ ინფორმაციას, მით მეტად იქნებით დაცული. თუ თქვენ წაიკითხავთ, რომ პენსია ან ხელფასი იზრდება ამის საუკეთესო გადამოწმების გზა სოციალური დახმარების ან ხელფასის გამცემი ორგანოს თანამშრომელია, რომელიც არ მოგცემთ ცრუ დაპირებას და შეეცდება არ შეგიყვანოთ შეცდომაში.

არ ენდოთ ანონიმურ წყაროებს – პროპაგანდისტთა ერთ-ერთ საყვარელ მეთოდს წარმოადგენს ინფორმაციის იმგვარი გავრცელება, როცა მოცემული ფაქტების და ცნობების დასადასტურებლად იყენებენ ეგრეთწოდებულ ავტორიტეტულ წყაროებს, მაგალითად: „მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ…„ავტორიტეტულმა ექსპერტებმა განაცხადეს… მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ გვაცნობა…“ და ა.შ.  თუმცა, შემდეგ სტატიის კითხვისას აღმოვაჩენთ, რომ არსად არის მითითებული თუ ვინ არიან ეს „მეცნიერები“ ან როდის და რომელი ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარეს „კვლევა, არ ჩანს თუ ვინ არის ავტორიტეტული „ექსპერტი“ და აქვს თუ არა მას ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც კონკრეტულ სფეროში მიმდინარე პროცესების შეფასებას ესაჭიროება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის 98% სწორედ პროპაგანდის ნიმუშია და ასეთი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგვიტანს.

დავით ძიძიშვილი
თავდაცვის დაგეგმვისა და
პოლიტიკის დეპარტამენტი

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

მადლობა ერთგულებისთვის ARMY CARD-ის პროექტში ჩართულ ბიზნესკომპანიებს

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ბანკს, ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართ. ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები“ – ARMY CARD  შევქმენით, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით – „მადლობა სამსახურისთვის. მადლობა სამსახურისთვის გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში. ამ კამპანიაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო კუთვნილ ბიზნესსაწარმოებში შეღავათების დაწესებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი შემოუერთდება ამ ინიციატივას. არ არსებობს არც ერთი ბრძოლა დედამიწის ზურგზე, რომელიც ჯარს მარტოს მოუგია, საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა არის ყოველთვის დიდი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის. ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, მათ ეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად ჰყავდეთ ოჯახები, თავად კი ემსახურონ ქვეყანას, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს ახალ პროექტზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი უნიკალური სახელფასო ბარათის შექმნას გულისხმობს.

პროექტში უკვე ჩართულმა ბიზნესკომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ზუსტად ესმით სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომ ჯარი და საზოგადოება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. თითოეული ორგანიზაცია თუნდაც მოკრძალებული წვლილით ამტკიცებს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია. პროექტში მათი მონაწილეობა არის მოტივაცია და სტიმული ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მტკიცე დასტური იმისა, რომ საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

საქართველოს ბანკმა თავდაცვის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა და მათი მეუღლეებისთვის სადებეტო სპეციალური ბარათი – ARMY CARD – ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და პირობებით შექმნა: ფასდაკლებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, მათ შორის კვების, სააფთიაქო და ბენზინგასამართ სადგურებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამასთან, ბარათით შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა.  მნიშვნელოვანია, რომ ARMY CARD-ით გადახდისას (ყოველი გადახდისას კი გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back-ის სახით უკან დაუბრუნდებათ) თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები საქართველოს ბანკისგან თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებას  გადახდის მომენტისას მიიღებენ,  ასევე, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგის სრული ოდენობის შესახებ ეცნობებათ. ვინაიდან ბარათი ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა, ARMY CARD გამოირჩევა უნიკალური დიზაინით. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ ორგანიზაციას, რომელიც უკვე ჩაერთო ან, მომავალში ჩაერთვება ამ მნიშვნელოვან პროექტში. ძლიერი შეიარაღებული ძალებისა და გაცილებით მაღალი თავდაცვისუნარიანობის მქონე სახელმწიფოს შენებაში მათი წვლილი ფასდაუდებელია.

army card

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

აშშ-ში „ძლიერთა თამაშებზე“ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invic­tus Games 2016) მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.  საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN  სპორტულ კომპლექსში გაიმართა.

ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრება – „ძლიერთა თამაშებში“ გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში ვერცხლის მედალი სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო. მჯდომარე ფრენბურთში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გარდა ამისა, სპონსორმა კომპანიებმა LAND ROVER-ის ჯილდო, The Land Rov­er Above and Beyond Award, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდს გადასცეს. როგორც საერთაშორისო თამაშების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა აღნიშნეს, იმის დასტურად, რომ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახვა. რაც „ძლიერთა თამაშების“ სულისკვეთებას ზუსტად გამოხატავს.

ამ თამაშებზე ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევ, მთავარია მოინდომო, მთავარია ძალიან გინდოდეს და მთავარია მოემზადო ამ მიზნისთვის. დიდი მადლობა ამ გამძლეობისთვის, დიდი მადლობა გამარჯვების ჟინისთვის, რომელიც აჩვენეთ, და ის სამაგალითოა მთელი ქვეყნისთვის, სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის, სამაგალითოა სამხედრო მოსამსახურეებისთვის და დანარჩენი საქართველოსთვის“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ნაკრების კაპიტანი მაიორი ბესარიონ ღუდუშაური აღნიშნავს, რომ „ძლიერთა თამაშებზე“ ასპარეზობა დიდი წარმატებაა, როგორც თითოეული სპორტსმენისთვის, აგრეთვე საქართველოსთვის. „ჩამოვიტანეთ 14 მედალი, მათ შორის 13 მჯდომარე ფრენბურთში ბრინჯაოს მედლები და ერთი ვერცხლი 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში. აგრეთვე დაგვაჯილდოეს  LAND ROVER-ის დაწესებული პრიზით, რომელიც გადმოგვეცა საბრძოლო სულისკვეთებისთვის. ჩვენთვის წარმატებული შეჯიბრება იყო, საქართველო ვასახელეთ და შევეცდებით, მომავალში ოქროც ჩამოვიტანოთ.“

მედალოსან 14 სამხედრო მოსამსახურეს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – ანა დოლიძე, ბესიკ ლოლაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე სტუდენტები და ოჯახის წევრები დახვდნენ. “ჩვენი დაჭრილი სამხედროების გამარჯვება არის უდიდესი მნიშვნელობის, ისინი არიან მაგალითები ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვის, მაგალითები არიან ყველასთვის, ვინც შეიძლება ერთი წამით დაფიქრდეს საკუთარ შესაძლებლობებზე, ჩვენ ვაჩვენეთ არაჩვეულებრივი შედეგი, ინდივიდუალურადაც, სხვადასხვა სპორტის სახეობაში და როგორც გუნდმა, ჩვენ ვართ თანაბარ საფეხურზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, უდიდეს ქვეყნებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა ადამიანს მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, დაჭრილს, მათ შორის დაშავებულ სამხედროებს, შეუძლიათ, საკუთარი შესაძლებლობებით მიაღწიონ უდიდეს შედეგს და მოგვცენ საფუძველი, ვიამაყოთ ყველამ მათი წარმატებით. _ განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ. სპორტსმენთა დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობისა და მონაწილეობის დაგეგმვა/ორგანიზება ხდება თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით.“

როგორ შეაფასებდით `ძლიერთა თამაშებში~ ქართველ სამხედროთა ასპარეზობას?

პაატა პატიაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ ქართველმა სამხედროებმა მოიპოვეს ბრინჯაოს მედალი გუნდურ ასპარეზობაში, კერძოდ, მჯდომარე ფრენბურთში, ვერცხლის მედალი 100 მეტრზე სირბილში და რაც მთავარია სპეციალური ჯილდო, რომელიც გადაეცა ჩვენს სამხედროებს, როგორც ყველაზე მებრძოლ და უძლეველთა თამაშების სულისკვეთების მატარებელ გუნდს, შევაფასებდი ძალიან დადებითად, რადგან გაუმჯობესდა შედეგი წინა ასპარეზობასთან შედარებით და სახეზეა ნაკრების განვითარების პოზიტიური დინამიკა. რასაკვირველია იყო ხარვეზები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოსწორდება და შემდგომ თამაშებზე თავდაცვის სამინისტრო წარდგება ბევრად უფრო მომზადებული, კიდევ უფრო მოტივირებული, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის წარმატების შანსებს.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა  სარეაბილიტაციო პროცესებში რა როლი აქვს დეპარტამენტს?       

პაატა პატიაშვილი: ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტი „კარდაკარ, რომლის ფარგლებშიც ხდება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა, რომელიც ხელს უწყობს საჭიროებების გამოვლენას და სამომავლო სამოქმედო გეგმისთვის პრიორიტეტების განსაზღვრას, რაც ითვალისწინებს სარეაბილიტაციო პროცესის უკეთ წარმართვას სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით. მიმდინარეობს დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე მორგებული/ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამსახურებრივი რეინტეგრაციის პროგრამების მოძიება სამხედროს მოთხოვნების, კვალიფიკაციის, უნარების და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით. დაინტერესებული პირების ამა თუ იმ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა და პროცესის მონიტორინგი; აგრეთვე რესოციალიზაციის მიზნით აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება, დაჭრილი/დაშვებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, სასწავლო დაწესებულებებში ვიზიტები, ამასთან ერთად დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების კვალიფიკაციისა და განათლების გათვალისწინებით სამუშაო ადგილების მოძიება.

რა და რა სპორტის სახეობას კურირებს დეპარტამენტი დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით?

პაატა პატიაშვილი: დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობისა და მონაწილეობის დაგეგმვა/ორგანიზება ხდება სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით. ამ ეტაპზე დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები  ჩართულები არიან მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით ფარიკაობაში, კანოე-კაიაკში, მკლავჭიდში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან სპორტის ახალი სახეობების მოზიდვის მიზნით.

დეპარტამენტის უახლოესი გეგმები როგორია?

პაატა პატიაშვილი: იგეგმება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის დაკომპლექტება, რომლის გამგეობის წევრების 1/3 იქნება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ შერჩეული პირები; დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დამატებით სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით; დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეინტეგრაციის პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით ბრძანება 360-ზე მუშაობა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, როგორც დაფინანსების, ასევე სხვადასხვა სახის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

dzlierta tamashebi

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ისტორიული ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016-ის  გახსნა

11 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო.

ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. მათ ერთობლივი წვრთნების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვეს. ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი დაესწრნენ.

_ ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გენერლებო, ოფიცრებო, კაპრალებო, რიგითებო, პატივცემულო ელჩებო, კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ დღეს ვაზიანში, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური და ისტორიული სწავლების გახსნის ცერემონიალიდან განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  თინა ხიდაშელმა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სწორედ ასეთ დღეებში იქმნება ისტორიის საინტერესო ფურცლები. ასეთ დროს იბადება რწმენა, ჭეშმარიტი თანამშრომლობის, პარტნიორობის, ერთად დგომის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს – ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ხელმძღვანელებს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დღეს ეს სწავლება საქართველოში ჩატარებულიყო.

ბატონებო, დღეს, 11 მაისს 2 კონტინენტზე გაისმა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები. სიმბოლურია, რომ დღეს აქ, ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში, წვრთნების გახსნაზე ჩვენ სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს სწორება აქვთ ამ სამი ძალის დროშებზე და აქედან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ძლიერთა თამაშებზე, ასევე, სწორედ, ამ სამი სახელმწიფოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები ისმოდა, სახელმწიფო დროშები ფრიალებდა გამარჯვებულების კვარცხლბეკებთან. მინდა, ამ ტრიბუნიდან და, სწორედ, ამ დღეს მივულოცო ჩვენს ბიჭებს ძალიან დიდი წარმატება „ძლიერთა თამაშებში. მინდა, მადლობა გადაუხადო მათ გამძლეობისთვის, მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, სიძლიერის დემონსტრირებისთვის, ჩვენებისთვის, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ ძალიან მოინდომებ; არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავ. საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა ქვეყანა დიდი მონდომებით და კიდევ უფრო მეტი შემართებით. საქართველო ქვეყანაა, რომელიც მზად არის ყველა გამოწვევის მისაღებად და ღირსეულად გასამკლავებლად. და „ძლიერთა თამაშებზე“ ჩვენმა გუნდმა, ეს დაამტკიცა. სწორედ, ეს აჩვენა საუკეთესოდ.

ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი ნებართვით, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც აქ, ჩვენ მარცხნივ დგანან, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ ამ ღონისძიებას და რომლებიც ჩვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულში.

ორი ძალიან კარგი ამბავი მინდა გითხრათ, ერთზე პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა – საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, აუცილებლად გახდება ამ ერთობის, დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის წევრი. ზუსტად ისე, როგორც ლიტვა და ლატვია, ზუსტად ისე, როგორც ალბანეთი და მონტენეგრო და ზუსტად ისე, როგორც ორად გაყოფილი გერმანია, თავის დროზე – ერთიანი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, თავის შეიარაღებული ძალებით.

რატომ არის ეს წვრთნები ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული? – ძალიან ბევრი მიზეზია ამისთვის, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ, სწორედ, ამ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატოს რეაგირების ძალების შენაერთი. პირველი ნატოს ოფიციალური შენაერთი ნატოს სამკლავურებით და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ სწავლებას თან გასდევს და რომელიც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მაღლა სწევს.

მეორე კარგი ამბავი კი ის არის, რომ ეს ახალგაზრდები, რომელებიც დღეს შემოუერთდნენ სწავლებას, არიან საუკეთესო გზავნილნი მტრისთვის და მოყვრისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ, ამ მიწაზე, არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. აქ, ჩვენს სამშობლოში არასდროს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით. აქ, საქართველოში, სწორედ, ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი არჩევანი, ჩვენი ევრო-ატლანტიკური არჩევანი ურყევი და შეუცვლელი იყოს. თაობებს გაჰყვება ეს მიმართება, ეს შემართება, თაობებს გაჰყვება ეს მცდელობა და საქართველო აუცილებლად გახდება ამ ოჯახის წევრი, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება Noble Partner 2016-ის გახსნის ცერემონიალს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებიც დაესწრნენ. წვრთნების ოფიციალურად დაწყების ცერემონიალს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 400-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016-ის გახსნის ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს – მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.

აღნიშნულ სწავლებაში, პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკ „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ჩართული იქნება ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ფოთის პორტიდან კი ტექნიკა ეშელონებით ვაზიანში 5 მაისს შემოვიდა.

noble partner..

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ში  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქვეყნის დასავლურ პერსპექტივებზე, ქართულ შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა

შეიარაღებული ძალები ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია

– საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე საუკეთესოა. საუკეთესო ნაწილია ქართველი საზოგადოების. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ბოლომდე გაჰყვე, რომლებთან ერთადაც შეგიძლია, იამაყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული ჯარი ქვეყანას მის გარეთაც ღირსეულად წარმოაჩენს და ქართველი სამხედროები სახელმწიფო დროშას ამაყად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ატარებენ.

TINA 2 (2)
თინათინ ხიდაშელი

ქართული ჯარი ზუსტად ისეთია, როგორიც ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფო, რომელიც ქართულ ჯარს, მის მიერ განვლილ ისტორიას ეფუძნება, ეს ორი ამბავი იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ძალიან რთულია თქვა, სად იწყება ერთი და სად გრძელდება მეორე. ქართულ ჯარს დღეს აქვს იგივე პრობლემები, რაც აქვს ნებისმიერ ჩვენგანს, ჩვენს მოქალაქეს. ქართულ ჯარს აქვს იგივე გამოწვევები, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს… ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისინი ქმნიან თანამედროვე ქართული ისტორიის, სწორედ, იმ სასახელო ფურცლებს, რომელსაც ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ და შემდეგ ჩვენ ვსწავლობდით, რომლითაც ვიზრდებოდით, რომლითაც ვამაყობთ. დღეს, ჩვენ თვალწინ, სწორედ, ის ბიჭები და გოგონები ქართულ სამხედრო ფორმაში ქმნიან ამგვარი ისტორიის ფურცლებს, რომლებსაც ქართული სამხედრო ფორმა აცვიათ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა, რაც შეიძლება მეტი გვერდით დგომა გამოვიჩინოთ ქართველი სამხედროების მიმართ. არასოდეს, არსად ჯარს მარტოს არ მოუგია არც ერთი ომი, არასოდეს არსად ჯარი არ ყოფილა ერთადერთი გარანტი თავისუფლების, თუ ყველა მისი მოქმედება, ყველა მისი ნაბიჯი არ იყო მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ. ჩემი ამოცანა და თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ამ ორის ერთობა – ჯარის და საზოგადოების ერთობა, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

რეზერვის კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია ნებაყოფლობითობაზე, პროფესიონალიზმსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე“

„მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის წარმატება და ხიბლი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას შევთავაზეთ, არის ის, რომ ადამიანები აკეთებენ ნებაყოფლობით არჩევანს, რომ იმსახურონ იქ, სადაც ყველაზე კარგად გამოსდით, ისე, როგორც უნდათ და იმ ფარგლებში, როგორც წარმოუდგენიათ; ისე, რომ არავის შეექმნას პრობლემა და ამასობაში იყვნენ საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცები ნებისმიერ დროს, როდესაც ქვეყანას ეს დასჭირდება, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რეზერვის კონცეფციაზე საუბრისას.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კამპანია, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის და მობილიზაციის საკითხზე წამოიწყო, დაფუძნებულია ნებაყოფლობითობაზე, პროფესიონალიზმსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიტანეთ საჯარო განხილვებისთვის კონცეფცია, სადაც წერია, რომ ვქმნით პროფესიულ რეზერვს. რას ნიშნავს პროფესიული რეზერვი? – დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჰიბრიდული ომის პირობებში, რაც ნიშნავს მედიაომს, ანუ პროპაგანდისტულ ომს, კიბერომს, ანუ ინტერნეტსივრცეში ომს. პროფესიული რეზერვი ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თუ გადაწყვეტთ, იყოთ თქვენი ქვეყნის რეზერვისტი ჟურნალისტი, ამის გაკეთება სტუდიიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ზუსტად იქედან, სადაც მუშაობთ, სადაც ყველაზე კარგად გამოგდით თქვენი საქმე და საიდანაც ემსახურებით თქვენს ქვეყანას, – განმარტა გადაცემის წამყვანთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ივნისში მედიარეზერვის პროექტს ყველა ჟურნალისტს შესთავაზებს.

„ვისაც სურვილი და ინტერესი ექნება, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. ჩვენ შევეცდებით, როგორც ჩვენ გვესმის, როგორც ამას თანამედროვე დოქტრინები ამბობს, გასწავლოთ, გაჩვენოთ, თუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან პროპაგანდა და სიმართლე, მოწინააღმდეგის ინტერესი და საკუთარი ქვეყნის ინტერესი. ეს არის ამოცანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია პროპაგანდისტული ომის პირობებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2008 წელს. იგივე ეხება კიბერუსაფრთხოების მიმართულებას. თუ თქვენ მუშაობთ ბანკში, ხართ წარმატებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, გექნებათ სპეციალური კოდები და თუ ქვეყანაზე ხორციელდება კიბერშეტევა, შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ ქვეყანას საკუთარი სამუშაო სივრციდან ან სახლის კომპიუტერიდან, რითაც თქვენ უცბად, ერთ წუთში აღმოჩნდებით თქვენი ქვეყნის ჯარისკაცი… ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს სამხედრო რეზერვს. სამხედრო პროფესიონალებიც ძალიან ბევრნი არიან ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც რამდენიმე კონტრაქტით აქვთ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები, დღეს აღარ არიან შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ხვალ და ზეგ თუ ამის სურვილი ექნებათ, იქნებიან არმიის რეზერვი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს ჩაანაცვლებს დანაკარგებს, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“

„მე ვიცი ზუსტად, ის, რაც წერია დოკუმენტებში, ის, რაზეც საუბრობენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ის, რაც ხდება ნატოს მინისტერიალებზე… მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მონტენეგროს მიწვევა დეკემბერში ნატოს წევრობისთვის არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და არავის ნატოს კარი არ ჩაუკეტავს“. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დეკემბრის მინისტერიალის ტექსტი, სრულიად ცალსახად ამბობს, რომ მაპი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესის ნაწილი.

საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ მაპი არის საქართველოს წარსული და ამას თავის დაზღვევის მიზნით არ ვამბობ… სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ ქვეყანას, რომელიც სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდეგ ნატოს წევრი გახდა, არ ჰქონია არაფერი იმის მსგავსიც კი, რაც 19 მაისს იქნება საქართველოში. 19 მაისს ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი გამოშვების ღონისძიება. ველოდები, რომ წინადადებების პაკეტი, რომელიც თებერვლის თავდაცვის მინისტერიალზე წარვადგინე და, რომელიც ერთადერთი ამოცანის მატარებელია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იყოს გაცილებით ფართო, მეტი ინსტრუმენტით დატვირთული, მეტი შესაძლებლობების მატარებელი შეჩერების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის, იყოს რეალიზებული ვარშავაში. ამ წინადადებებზე მიმდინარეობს მუშაობა, ამ წუთას თითქმის 90%-ზე მწვანე შუქი გვაქვს და დასტური გვაქვს ნატოდან“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ARMY CARD-ის პროექტი სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მხრიდან ქართული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას ARMY CARD-ის პროექტის შესახებაც ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ეს პროექტი სხვადასხვა ბიზნესკომპანიის მხრიდან ქართული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას უკვე 25 კომპანია გამოეხმაურა.

„მომავალი კვირიდან დავიწყებთ ამ კომპანიების დასახელებას და დახმარებისთვის მადლობის თქმას. ეს არის, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ქსელში ფასდაკლებები, ეს არის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა. მთავარი ამოცანა ამ პროექტის არის ის, რომ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ქვეყნის სამსახურში, როდესაც ის არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული. ამას მხოლოდ სახელმწიფო, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გააკეთებს ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლო წარსულსა და აწმყოს შორის ის განსხვავებაა, რომ ბიზნესმენები პროექტში საკუთარი ინიციატივით ერთვებიან და სამთავრობო უწყებები მათ თანამშრომლობას არ აიძულებენ.

„მე პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრს, პრაქტიკულად არც ერთ ბიზნესმენთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, ზუსტად იმ მძიმე გამოცდილებით, რომ თეორიულადაც კი არავის გასჩენოდა რამე ვალდებულების გრძნობა. ეს ვალდებულება ადამიანს ან აქვს, ან – არა. ამას ვერ გაუჩენ, ამას ვერავის დააძალებ. პირველივე დაძახილზე მივიღეთ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები, მომავალი კვირიდან ჩვენ ყველა მათგანს მადლობას გადავუხდით და მათ შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ARMY CARD-ის პროექტზე.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

რატომ არ შეიძლება ვუწოდებდეთ თურქეთს ოკუპანტს, ისევე როგორც რუსეთს?

ბოლო ხანებში ხშირად ვრცელდება მიზანმიმართული მითი იმის შესახებ, რომ რუსეთი ისეთივე „ოკუპანტია, როგორიც თურქეთი. ამ მითის თანახმად, თუ რუსეთს ვამკობთ არასასიამოვნო ეპითეტებით, იგივე უნდა მიეზღოს თურქეთსაც“ – ანუ მასაც ოკუპანტი უნდა ვუწოდოთ იმის გამო რომ „საქართველოს ძირძველი მიწები აქვს მიტაცებული.

რომ გავიაზროთ ის, თუ რითია ეს მოსაზრება მცდარი, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ და რამდენჯერ შეიცვალა მსოფლიო რუკა საუკუნეების განმავლობაში; როგორ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ერთი და იგივე ტერიტორიაზე მმართველები და იმპერიები; როგორ გადადიოდა მიწები ერთი სახელმწიფოსა თუ მმართველის კონტროლიდან მეორეს ხელში. ისტორიულ წარსულში ყველა ქვეყანა ბრძოლითა და ძალადობით იფართოებდა ტერიტორიებს, და ახლა, რომ მსოფლიო რუკის „სამართლიანობის პრინციპით“ გადაკეთებას შევუდგეთ იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო პრეტენზია იჩენს თავს, რომ მესამე მსოფლიო ომს ვერ ავცდებით.

turketi
კახა გოგოლაშვილი

საერთაშორისო წესრიგი მეორე მსოფლიო ომამდე პრაქტიკულად არ ავალდებულებდა ქვეყნებს პატივი ეცათ ერთმანეთის სუვერენული უფლებებისთვის (მცირედ უტრირებას ვახდენ), და საერთაშორისო ხელშეკრულებები ირღვეოდა ნებისმიერი საბაბით,  რასაც მოსდევდა ომების შედეგად ტერიტორიების გადანაწილება და ახალი ხელშეკრულებების დადება. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დიდი სახელმწიფოები ან, სულაც იმპერიები, ერთმანეთის სუვერენიტეტს ცნობდნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც რეალურად სულ სხვა, უფრო მცირე სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ. ამ მუდმივ ქაოსს საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამკვიდრებულმა საერთაშორისო წესრიგმა მოუღო ბოლო.  გაეროსა და მოგვიანებით ეუთოს შექმნამ (ევროპაში), მათგან გამომდინარე უამრავი საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების საშუალებით გაამყარა ქვეყნებს შორის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპების საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრებით.

1992 წელს საქართველო საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა, კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას. ახალმა დამოუკიდებელმა საქართველომ ცნო საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ დროისთვის დამკვიდრებული პრინციპები და ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით აღიარა თავისი მეზობელი სახელმწიფოები იმ დროისთვის არსებულ საზღვრებში, მისცა ამ საზღვრების ხელშეუხებლობის პირობა. იგივე გააკეთეს ჩვენ მიმართაც პრაქტიკულად ყველა მეზობელმა სახელმწიფომ და არავის არ დაურღვევია ეს ვალდებულება, გარდა რუსეთისა. რუსეთმა სწორედ ის ხელშეკრულებები დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შელახვით, რომლებიც ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დაიდო, ან რომლებსაც ამის შემდგომ შეუერთდა თავად (გაეროს ქარტია, ჰელსინკის კონფერენციის 1975 წელის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია). მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის თვალში სწორედ ამიტომ წარმოადგენს რუსეთი „ოკუპანტ“ ქვეყანას და არა იმიტომ, რომ რაღაც ტერიტორიები მიითვისა ოდესღაც ისტორიულ წარსულში.

რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, მაგალითად ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცება, ამ კონტექსტში სწორედ ისტორიულ პრეტენზიებზეა აგებული. ასეთ პოლიტიკას „რედენტიზმს“ უწოდებენ საერთაშორისო ურთიერთობებში. რუსული რედენტიზმი ამ შემთხვევაში განსაკურებულად საშიში ფორმაა, რადგანაც ადრე მის მიერვე აღიარებულ შეთანხმებებს (რომლებსაც ნებაყოფლობით და დაძალების გარეშე მოაწერა ხელი) უბრალოდ აღარ ცნობს ცალმხრივად და ახალ პრეტენზიებს აცხადებს ისტორიული ან სხვა მოსაზრებებით, რაც სრულად ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

სწორედ ამის გამო არ შეიძლება მოვიხსენიოთ თურქეთი ოკუპანტად, ისე, როგორც ამას რუსეთის მიმართ ვაკეთებთ, რადგან პირველი იცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში და მეორე კი უხეშად არღვევს მათ.

კახა გოგოლაშვილი
სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების
კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

მითები NATO-ს შესახებ

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ გერმანიის გაერთიანების დროს, NATO-ს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მცდარია

რეალურად, ასეთი პირობა არასოდეს დადებულა და რუსეთს თავად არასოდეს მოუყვანია ამის დამადასტურებელი არგუმენტი. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება NATO-ში, დაფუძნებულია კონსენსუსის პრინციპზე და ყველა გადაწყვეტილება ინახება წერილობითი ფორმით. ასეთი ჩანაწერი არქივებში არ არსებობს. უფრო მეტიც, გერმანიის გაერთიანების პერიოდში (1989 წელი) ვარშავის პაქტი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. მისი დაშლის გადაწყვეტილება 1991 წელს მიიღეს. ამის გათვალისწინებით, აზრს არის მოკლებული იმის მტკიცება, რომ ვარშავის პაქტის ქვეყნების NATO-ში გაწევრების თემა ვარშავის პაქტის არსებობის პერიოდში დადგა დღის წესრიგში.

თავად საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა დაადასტურა ეს, როცა 2014 წლის 15 ოქტომბერს „როსიისკაია გაზეტაში“ თქვა: NATO-ს გაფართოების საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა და ეს თემა დღის წესრიგში იმ პერიოდში არ იდგა. ამას მე ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანას არ დაუყენებია ეს საკითხი იმ წლებში, არც ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ. დასავლეთის ლიდერებს ეს საკითხი საერთოდ არ წამოუწევიათ.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ქართველმა კარატისტებმა ხუთი ოქრო მოიპოვეს

ბათუმში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე კარატეში, რომელშიც 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ქართველმა კარატისტებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს. აქედან სამი ბათუმელია.

პატარებს შორის ოქროს მედლის მფლობელი გახდნენ: ნიკა გოგუაძე, ირაკლი მოსიძე, მიხაბ ბინალიევი. ოქროს მედლის მფლობელები არიან გიორგი ობოლაძე და არკადი ზუბიაშვილიც.

მეორე ადგილის მფლობელი გახდა ბათუმელი საბა სურმანიძე, მესამე ადგილზე კი ირაკლი ბერიძე გავიდა.

ფინალური შეჯიბრება გაიმართება ხვალ, 22 მაისს, ბათუმში სპორტის სასახლეში.

ამ დონის შეჯიბრი საქართველოში პირველად ტარდება და მასში 2 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს.

ბათუმის ბულვარში ქვაფენილების ნაწილი დააგეს

ბათუმის ბულვარში ფერადი ქვაფენილების ნაწილი დაგებულია, თუმცა მოსაწესრიგებელია გაზონები. ნარჩენი მასალა მწვანე საფარზე, ხე-მცენარეებთან ყრია.

ბულვარში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემაც მოინახულა. მთავრობის ინფორმაციით, ბულვარის სამივე ალეის ბილიკი პირველი ივნისისთვის სრულყოფილად დაგებული და მოწესრიგებული იქნება.

ყატარის პრინცესა ბათუმის სპორტის სასახლეში

დღეს, 21 მაისს, ყატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთანი ბათუმში, საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადაზე იმყოფება. ის სპორტის სასახლეში 15:00 საათზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან ერთად მივიდა.

ყატარის პრიცესა ბათუმში ოლიმპიადაზე
ყატარის პრიცესა ბათუმში ოლიმპიადაზე

ოლიმპიადა ქართული ხალხური ცეკვებით გაიხსნა. სტუმარს კიმანო და საბრძოლო აქსესუარები გადასცეს საჩუქრად. საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადა ბათუმში 19 მაისს გაიხსნა და 22 მაისამდე გაგრძელდება. ოლიპიადაში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ.

საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადის მონაწილეებთან
საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადის მონაწილეებთან

ორგანიზატორთა ინფორმაციით, 33 წლის ყატარის პრინცესა გაეროს მშვიდობის ელჩი და სპორტის გულშემატკივარია. სხვადასხვა ქვეყანაში სპორტის განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ იმყოფება ის კარატეს ოლიმპიადაზე.

სელფი ყატარის პრინცესასთან
სელფი ყატარის პრინცესასთან

 

შეიხა ბინთ ჰამად ალთანი ბათუმის მერთან შეხვედრასაც აპირებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ყატარის პრინცესას ვიზიტს, ისე როგორც საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადას ბათუმში, გავლენიანი არაბული მედია აშუქებს. ოლიმპიადაზე 2 ათასი მონაწილე 30-მდე ქვეყნიდან არის ჩამოსული. მათ შორის არიან მონაწილეები საბერძნეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, იტალიიდან და სხვა. საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადა საქართველოში პირველად ტარდება.

 

საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადა ბათუმში
საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადა ბათუმში

ოფიციალური ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი (კრავმაგის ინსტრუქტორი) გაბი მიხაილი ჩაატარებს სემინარების ციკლს კრავმაგაში (კრავმაგა ახლო კონტაქტურ ბრძოლას ნიშნავს).

ფესტივალის სამსაჯო ნაკრებში არის ასევე ყველაზე ტიტოლოვანი თურქი სპორტსმენი ორჰა ოზაკი, ალი ნაშრალახი ეგვიპტიდან, ტომას გუჯა და მასუდ ჯაფარი პოლონეთიდან, რომელიც ცნობილია ჰოლივუდში გადაღებული არაერთი მხატვრული ფილმიდან.

ყატარის პრინცესა ბათუმში საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადაზე იმყოფება
ყატარის პრინცესა ბათუმში საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადაზე იმყოფება

დღეს მუზეუმები ღამის პირველ საათამდე ღია იქნება

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს 21 მაისს,  დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის პირველ საათამდე  ღია იქნება.

„ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება“ – აცხადებს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2005 წლიდან ევროსაბჭოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა  აქცია „ღამე მუზეუმში“. „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 21 მაისს საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი შეურთდება აქციას. აქციას აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმებიც  შეუერთდებიან.

ღინისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა“.

მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა ასეთია:

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

21 მაისი,  22.00 საათი.

„ცეკვა მხატვრობაში“- რეპროდუქცირებული თემატური გამოფენა;

მოქანდაკე დავით ბოლქვაძის სკულპტურული ნამუშევრის – „ტორსი“ გადმოცემა აჭარის ხელოვნების მუზეუმის ფონდისთვის კატეგორიაში „ნაჩუქრობა“;

„მუზეუმი და აუდიტორია“ – საჯარო ლექცია;

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი:

21 მაისი,  20:30 საათი.

შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის პროგრამა “მე და ჩემი მეგობარი მუზეუმში” ;

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი:

21 მაისი, 21:00 საათი.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად მოეწყობა კოსტიუმირებული თეატრალიზებული პერფომანსი-ანტიკური და თანამედროვე სამოსი ცოცხალი მუსიკის თანხლებით;

გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი:

21 მაისი, გონიოს ციხე:

20:00 საათი – ველოტური „ბათუმი-გონიო“ ;

21:00 საათი – ქაღალდის ფილმი „არგონავტები“

21:30  საათი – სპექტაკლი ანტიკურ თემატიკაზე.

ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ივლისის ბოლოს უნდა ჩატარდეს

ბათუმის პლაჟზე, 2016 წლის 20 ივლისიდან 2016 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი უნდა ჩატარდეს, თუმცა ტურნირის ორგანიზების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. ბათუმის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, სატენდერო თანხა 35 ათასი ლარია.

ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო პლეიოფებში – ოლიმპიური სისტემით. ღონისძიების ჩატარების დეტალური ინფორმაცია გაწერილი იქნება ტურნირის დებულებაში, რომლის მიწოდებასაც პრეტენდენტისათვის უზრუნველყოფს ბათუმის მერია.

ტურნირში არანაკლებ 8 გუნდის მონაწილეობაა დაგეგმილი [აქედან არანაკლებ 5 უცხოური და 3 ადგილობრივი გუნდი].

ბათუმის ზღვისპირა ზოლში საერთაშორისო სტანდარტების ორი ქვიშის მოედანია. მათზე სხვადასახვა ტურნირი იმართება ყოველწლიურად, რომლებსაც შესაბამისი ფედერაციები უწევენ ორგანიზებას. შეჯიბრებებს ფინანსურ ორგანიზებას კი ბათუმის მერია, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ან საკუთარი ძალებით ფედერაციები ახორციელებენ.

ამავე თემაზე:

ქვიშის ფეხბურთის პერსპექტივა საქართველოში [ვიდეო]

 

ბოტანიკურ ბაღში 15 სახეობის ბამბუკი გამოიფინება

დღეს 21 მაისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში 15:00 საათზე,  ბამბუკების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.  ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება თხუთმეტი სახეობის ბამბუკი და მისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, სუვენირები, რომელთა შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება.

„ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა კერძები“-ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დასწრება თავისუფალია (ჩაქვის სალაროს მხრიდან).

ახალი აგრარული ბაზარი ხელვაჩაურში არ ფუნქციონირებს

ახალი აგრარული ბაზარი ხელვაჩაურში, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა, დაკეტილია. გასული წლის ივლისში ამ ბაზრის გახსნის იდეა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ სოფლის მოსახლეობის საჭიროებით დაასაბუთა. გამგებელი ამბობდა, რომ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას საკუთარი პროდუქციის ბათუმში გადატანის პრობლემა ჰქონდა. გარდა ამისა, გლეხს ხელვაჩაურის აგრარულ ბაზარში პროდუქციის რეალიზაციისთვის გადასახადების გადახდა არ მოუწევდა.

ნადიმ ვარშანიძე ვარაუდობდა, რომ ახალი ბაზარი მოსახლეობას წაახალისებდა. „ჯერ ერთი, მიწას დაუბრუნდება ფუნქცია, გლეხი დაინტერესდება, რომ ნამატი პროდუქტი მოიყვანოს, გაიტანოს ბაზარზე და გაყიდოს. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მან ქალაქის ბაზარზეც გაიტანოს და გადამყიდველსაც ჩააბაროს“, – ასე ასაბუთებდა ნადიმ ვარშანიძე 60 ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობას. პროგნოზი არ გამართლდა – აგრარულმა ბაზარმა აქტიურად მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, ამ დროისთვის კი დაკეტილია. ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაზარი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს, შაბათს მუშაობს.

ხელვაჩაურის აგრარული ბაზარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სველი წერტილები და 28 დახლი. სამომავლოდ გამგეობა დახლების იჯარით გაცემას გეგმავს.

IMG_20160213_175208

ძროხები, რომელთა შესაძენად ნახევარი მილიონი დაიხარჯა, კეტოზით დაავადდნენ?

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯიშთა გაუმჯობესების მიზნით მაღალპროდუქტიული ძროხების შესასყიდად გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 913 ლარი დახარჯა და ძროხები ფერმერებსა თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანადაფინანსებით გადასცა. ასოციაცია „მომავლის ფერმერი“ ამბობს, რომ ჯერსის ჯიშის ძროხებს წინასწარი დიაგნოზით კეტოზი სჭირთ და იმ შემთხვევაში, თუ ძროხებს დროულად არ უმკურნალეს, მათ შესაძლოა გამრავლების ფუნქცია დაკარგონ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლევის შედეგებს არ ეთნხმება, თუმცა ალტერნატიული კვლევა სამინისტროს აქამდე არ ჩაუტარებია.

ჯერსის ჯიშის ძროხები, რომლებიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯიშთა განახლების მიზნით, გასული წლის ბოლოს შეისყიდა და თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა, კეტოზით დაავადდნენ. დაავადების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ვეტერინარებმა ხულოში ამ ჯისის ძროხების მდგომარეობა შეისწავლეს და დასკვნა მოამზადეს.

ასოციაციის მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ მათ ძირითადად რამდენიმე ძროხის მდგომარეობა ხულოში კეტოზსა და მასტიტზე, რძის სპეციალური ტესტ-ჩხირებით გამოიკვლიეს. გამოკვლევამ კი ძროხებში, წინასწარი დიაგნოზით, კეტოზის რთული ფორმა გამოავლინა.

„ფერმერთა მიერ წარმოდგენილი რძის ტესტირების შედეგმა ძროხების ორგანიზმში კეტონური სხეულების დაგროვება, ანუ კეტოზ-ავადმყოფობა აჩვენა, რომლის შემდგომი გართულებაა ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, გულის, თირკმლების დაზიანება,“ – ამბობს ვეტერინარი.

სპეციალისტის განმარტებით, კეტოზი ძალიან რთული დაავადება.

ასოციაციის მთავარი ვეტერინარი ჯერსის ჯიშის ძროხების დაავადების ერთ-ერთ მიზეზად ფერმერების არასაკმარის ცოდნას ასახელებს.

„სამინისტროს მხრიდან ამ პროგრამის განხორციელება მისასალმებელი ფაქტია, თუმცა ფერმერებმა თავიანთი მეურნეობა მომგებიანად რომ წარმართონ, მათ უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ძროხის არსებული ჯიშების სამეურნეო-ბიოლოგიურ თავისებურებებზე. აგრეთვე უნდა იცოდნენ, თუ რა კრიტერიუმებს დაეყრდნონ ამ საკითხის გადაწყვეტისას, ეს პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ცოდნას და არა საეჭვო მოსაზრებებს,“ – ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.

ვეტერინარის თქმით, კეტოზი დღეს მსოფლიოში მაღალპროდუქტიული ძროხების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მას კონცენტრირებული საკვებით ხშირი კვება, მზის სხივების ნაკლებობა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა განაპირობებს. გამრავლების ფუნქციის მოშლასთან ერთად, ეს დაავადება ძროხებში რძის შემცირებასა და სიკვდილიანობას იწვევს, იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვნადაა დარღვეული ნივთიერებათა ცვლა და სისხლში კეტონური სხეულების დონე. დაავადება ძროხებში მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. ქვემწვავე კეტოზის დროს ძროხა წველადობას 50%-ით და უფრო მეტით ამცირებს, მძიმე შემთხვევებში კი, ზოგიერთ ძროხას შეიძლება სარძევე ჯირკვალში რძის წარმოქმნა საერთოდ შეუწყდეს.

„მომავლის ფერმერის“ ვეტერინარების რეკომენდაციით, თუ ძროხების გადაყვანა დროულად მოხერხდება კარგ საძოვარზე ან მათ მიეცემა მაღალი ხარისხის იონჯა [შეიძლება თივაც] დაბალანსებულ საკვებთან, შესაძლებელია მდგომარეობა 7-8 კვირაში გამოსწორდეს.

ჯერსის ჯიშის ძროხებისა და მათი რძის ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არც სამინისტროს ბაზაზე არსებულ აგროსერვისცენტრის ვეტერინარებს. მეტიც, ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ძროხების კეტოზით დაავადებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ ძროხები დაავადებული არ არიან, ამის დასტურად კი ძროხების მაკეობა მოჰყავს. მინისტრის მოადგილის თქმით, 57 ძროხიდან შვიდი მაკეა, დაავადებულ ძროხას კი ეს არ შეუძლია.

„ასოციაცია „მომავლის ფერმერმა“ რა დასკვნაც დადო, არ ვეთანხმები. შეიძლება დავეთანხმო, მაგალითად, იმ საკითხში, რომ მზის სხივი დროულად ვერ მიიღო ზამთარში, გარეთ ვერ გამოჰყავდათ ძროხები, რადგანაც მაღალმთიანეთში თოვლი იყო, მაგრამ ახლა გარეთაც უშვებენ,“ – ამბობს მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ იალაღებზე გადაყვანამდე ძროხების მდგომარეობას სამინისტრო შეისწავლის.

„მაისში, ვიდრე ფერმერები მთაში გადარეკავენ საქონელს, მონიტორინგს ჩავატარებთ, შეიძლება თუ არა ამ ძროხების მთაში გადაყვანა. რძეს ლაბორატორიულად შევამოწმებთ და თუ რაიმე პრობლემა გამოიკვეთება, შესაბამის ღონისძიებას გავატარებთ.“

სულიკო ბერიძე ამბობს, რომ ვიზუალურად კეტოზის დაავადების გამოვლენა შეუძლებელია, თუმცა კითხვებზე: თუ სამინისტროს ვეტერინარებს რძის ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებიათ, რატომ არიან დარწმუნებული, რომ ძროხები დაავადებული არ არიან? რატომ არ ჩაუტარდა კვლევა ძროხებს ასოციაციის კვლევის გასაჯაროების შემდეგ? მინისტრის მოადგილემ უპასუხა:

„ლაბორატორიული კვლევაა საჭირო, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს ძროხები დაავადებული არ არიან, ნახევარი მილიონი ლარი რომ დაიხარჯა, ჩათვალეთ, რომ ეს საქონელი ამ წლის ბოლომდე მაგ თანხაზე მეტს ამოიღებს, 22-27 ლიტრას იწველის დღის განმავლობაში“.

ჯერსის ჯიშის 75 ძროხა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით გასულ წელს „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში შეისყიდა. ძროხები აჭარის რეგიონში არსებულ 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და 8 ფერმერს სახელმწიფოს 80%-იანი თანადაფინანსებით გადასცეს.

პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში – 45,  ქედასა და შუახევში – 10, ხოლო ხელვაჩაურსა და ქობულეთში 5 ძროხა გაიცა. ერთი ძროხის შესასყიდად სამინისტრომ ღირებულების 80% ანუ 5332, ხოლო ფერმერმა 20 % – 1333 ლარი გადაიხადა.

ჯერსის ჯიშის ძროხები
ჯერსის ჯიშის ძროხა

სასწრაფოდ იყიდება სამოთახიანი ბინა

სასწრაფოდ იყიდება ბათუმში, ღვთისმშობლის ტაძართან, ახალ აშენებულ სახლში, სამოთახია, 57 კვ/მ ბინა, ტექნიკით და ავეჯით. ფასი.: 33 ათასი აშშ დოლარი. ID 12644

მობ.: 577 071185; 577 071188

 

 

 

 

ორი ავტოგოლი, ოთხი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი და დაჯარიმებული ქედის „ბეთლემი“

პირველ ლიგაში მოთამაშე ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ ოთხ ფეხბურთელს: არჩილ ბაჯელიძეს, კარე მაკარიას, ლევან ბექთაშევს, თეიმურზ ხარებავას და კლუბის მწვრთნელ-ასისტენტს რომა ქობულაძეს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. გარდა დისკვალიფიკაციისა „ბეთლემი“ პირველი ლიგის ნაცვლად თამაშს მეორე ლიგაში გააგრძელებს და კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა – ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, „ბეთლემისათვის“ სანქციების დაკისრების მიზეზი „ბეთლემსა“ და ხობის „კოლხეთის“ 10 მაისს გამართული მატჩი გახდა, რომელიც ანგარიშით 4:1 დასრულდა ხობის „კოლხეთის“ სასარგებლოდ. ამ შეხვედრაში „ბეთლემის“ ფეხბურთელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს. რომლის ვიდეო ჩანაწერის შესწავლის შედეგად სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ „ბეთლემის“ ფეხმურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მანიპულირებას.

„სადისციპლინო კომიტეტმა შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთსა“ და საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ შორის საფეხბურთო მატში დაირღვა სპორტული სამართლიანობის პრინციპი, კერძოდ ქედის „ბეთლემის“ ფეხბურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა თამაშის შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოიხატება ავტოგოლით ფეხბურთელთა მხრიდან, ბრძოლისათვის თავის არიდების, საკუთარ კართან საფრთხის შემცველი მომენტების შექმნას და მწვრთნელის უმოქმედობაში“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კობიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა მის ხელთ არსებული მასალები.

საფეხბურთო კლუბი ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წელს გუნდის დასაფინანსებლად 385 000 ლარი გამოიყო.

ამავე თემაზე:

გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში”

სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი “აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი რომან თავართქილაძე ამბობს, რომ სოფელში რამდენიმე ჭაობი [რომელსაც სარწყავად იყენებდა მოსახლეობა] და მინერალური წყლები [საანას აბანო, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა] მას შემდეგ დაშრა, რაც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის მშენებლობაზე გვირაბების გაყვანა დაიწყო.

რომან თავართქილაძის ოჯახს სასმელი წყალი 2014 წლის დეკემბერში შეუწყდა, რაზეც მან ხულოს საკრებულოსა და კომპანიას [„აჭარისწყალი ჯორჯია“] მიმართა. კომპანიის განმარტებით წყლის შეწყვეტა ან/და სოფელში ჭაოებებისა და მინერალური წყლების დაშრობა სამშენებლო სამუშაოებით არ იყო გამოწვეული. თუმცა მოქალაქესა და კომპანიას შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შუამდგომლობის შემდეგ, კომპანიამ წყლის მილებით და საფილტრი ავზით მუნიციპალიტეტის ცენტრალური ავზიდან მას და რამდენიმე ოჯახს წყალი მიუყვანა, რაც „კეთილი ნების სახელით გააკეთა“.

გვითხრეს, რომ ეს წყალი მოგიყვანეთ დროებით 3-4 თვითო. ბასეინი ამჟამად უკვე აღარ მოქმედებს. არც მაშინ მოდიოდა წესიერად,  ახლა სულ არ მოდის. წყალი და საფილტრი ავზი რად მინდა თუ წყალი არ მოდის?“, – ამბობს რომან თავართქილაძე.

„რაც შეეხება კონკრეტულად  სოფელ ოქრუაშვილებს, მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის მშენებლობასა და რამდენიმე ოჯახში წყლის დაკარგვას შორის მიზანშედეგობრივი კავშირი, შესწავლის თანახმად არ დადასტურდა, კომპანიამ ადგილობრივ გამგეობასთან ერთად, მაინც გააკეთა სპეციალური წყლის სისტემა და სასმელი წყალი მიუყვანა 5 ოჯახს. ვადასტურებთ, რომ სოფელ ოქრუაშვილებიდან, კომპანიაშიც შემოსულია რამდენიმე მოქალაქის საჩივარი წყლის დებიტის კლებასთან დაკავშირებით, რასაც ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად შევისწავლით“, – წერილობით გვიპასუხეს „აჭარისწყალი ჯორჯიადან“.

რომან თავართქილაძის თქმით გვირაბებიდან გამომდინარე წყალი, რომელიც მდინარეში ჩაედინება – მომწამვლელია. კომპანიის მიერ გაკეთებული სპეციალური სალექარები კი არ არის ეფექტური:  „ვითომ გაკეთებულია სალექარები, მაგრამ იმდენად დიდი ნაკადით მოდის ეს გათეთრებული, დაბინძურებული წყალი, რომ მისი გაფილტრვა იმ სალექარებში შეუძლებელია და პირდაპირ ჩაედინება მდინარეში. იქ თევზი ვერ გადარჩება“. 

„რაც შეეხება გვირაბიდან გამომავალ წყლებს, ისინი სპეციალური სალექარების საშუალებით იფილტრება და შემდგომ ჩადის მდინარეში. გარდა ამისა, წყლებს რეგულარულად უტარდება ანალიზი, რომლის დროსაც მოწმდება წყალში შეწონილი ნაწილაკებისა და წყლის ტუტე მჟავიანობის (pH) შემცველობა. დღემდე გადაჭარბების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, წყლის ანალიზი რამდენჯერმე ჩაატარა გარემოს დაცვის ინსპქეციის აჭარის ფილიალმა, რომლის მიხედვითაც არცერთხელ ზღვრულად დასაშვები ნორმების გადამეტება არ დაფიქსირებულა“ – აღნიშნულია „აწარისწყალი ჯორჯიას“ საპასუხო წერილში.

მოქალაქე რომან თავართქილაძეს დახმარებას კვლავ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქრთველო“ უწევს – „თვითონ მოქალაქე ჩივის რომ წყლის მიწოდების შეწყვეტა ერთია, მეორე ჭაობები დაშრა, რეალურად ის ტენიანობა რასაც ინარჩუნებდა ის ადგილი ქრება. შესაბამისად მოსავლიანობაც აღარ იქნება და ეს იქნება ერთგვარი საფუძველი მათი სოფლის დაცლის. სიღრმისეული ანალიზი ითხოვს გეოლოგების,  სპეციალისტების ჩართვას, რათა შეფასდეს რისკები და უკვე დამდგარი შედეგი.  მოვამზადეთ დოკუმენტაცია და მივმართეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს,  არჩილ ხაბაძეს, რომ მან უშუამდგომლოს, ან დაიცვას ამ მოქალაქის უფლებები კომპანიის წინაშე. თუ ნამდვილად დადასტურდება კომპანიის სამუშაოებსა და წყლის მიწოდების შეწყვეტას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი, მაშინ არსებული მემორანდუმისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, რა პასუხისმგებლობაც აქვთ აღებული მთავრობას და კომპანიას უნდა შეასრულონ და აღუდგინონ წყალი“ – ამბობს ორგანიზაციის აჭარის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.

მისივე თქმით, შესაძლოა ის პრობლემები, რაც სოფელ ოქრუაშვილებში დგას, კომპანიის საქმიანობით გამოწვეული არც იყოს, მაგრამ რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ადგილობრივების მხრიდან,  კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს: „ოღონდ ისე რომ მოქალაქეების ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი და კომპანიის მიერ გამოგზავნილი პასუხები გასაგები იყოს მათთვის. აქამდე მოსული წერილობითი პასუხი შეიცავდა აბსოლიტურად ტექნიკურ საკითხებს – ტერმინებს, ნახაზებს… რისი გაგებაც საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას, რომელიც ცხადია არც ჩვენ და არც მოქალაქეს არ გვაქვს. ეს მოითხოვს სპეციალისტის ჩართვას“. 

როგორც მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“  უთხრეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წერილი მთავრობის თავმჯდომარის სახელზე 13 მაისს შევიდა და რეაგირების ვადა ჯერ არ ამოწურულა.

რომან თავართქილაძის თქმით, იგი მეზობლებთან ერთად ითხოვს საკითხის საფუძვლიან მოკვლევას, წყლების მიწოდების აღდგენას ან და შესაბამის კომპენსაციას. იგი სასურველი შედეგის მისაღწევად სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავს.

434 დაჯარიმებული – დღის სტატისტიკა პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე 434 ადამიანი დაჯარიმდა..

მათ შორის – 352 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 44 – ნიშანში დგომისთვის, 27 – ტროტუარზე დგომითვის, 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – წესის დარღვევით სპეცსადგომზე პარკირებისთვის, კიდევ 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

პარკირების წესების დარღვევის დღეს დაფიქსირებული შემთხვევები ბათუმის მერიის შენობის წინ:

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაღებული, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევები:

Jpeg

 

კაპრეშუმში სოციალურ სახლში ფართობის მოთხოვნით განაცხადების მიღება დღეს სრულდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადების მიღება დღეს სრულდება.

საბუთების მიღება 2016 წლის 14 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე გამგეობის შენობის პირველ სართულზე კანცელარიაში მიმდინარეობს.

სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათთან ამ დრომდე 85 განაცხადია შესული.

სოციალური სახლის მშებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „ მშენებელი 80“-მა აწარმოა.

ხვალ 9-დან 18- საათამდე ბათუმის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება

შპს “ბათუმის წყალის” ინფორმაციით, ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მაისს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგ მისამართებზე მცხოვრებ აბონენტებს:
1. იმედაშვილის ქუჩა (ჭავჭავაძის ქუჩიდან – წერეთლის ქუჩამდე);
2. მერკვილაძის ქუჩა;
3. კანდელაკის ქუჩა;
4. ბაქოს ქუჩა;
5. შავშეთის ქუჩა (ბაქოს ქუჩიდან – წერეთლის ქუჩამდე);
6. მაქაცარიას ქუჩა;

რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICS) მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადასცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სტაციონარში ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტომოგტაფი, ციფრული რენტგენის აპარატი და საექსპერტო დონის ექოსკოპი დამონტაჟდა. ეს აპარატურა საშუალებას იძლევა, რომ დაცული იქნას კვლევებისა და დიაგნოსტირების თანამედროვე სტანდარტები.

სამედიცინო დაწესებულებამ თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კვლევების ჩატარება უკვე დაიწყო.

მახინჯაურში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, იყიდება მიწის ნაკვეთი


მახინჯაურში, ცენტრალურ გზასთან, ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში, იყიდება 440 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით- 45კვ/მ. კომუნიკაცია – შუქი, წყალი და კანალიზაციის სისტემა მიყვანილია. მიწის ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელი ასევე, კომერციული დანიშნულებით.

მობ.: 593 94 80 85

უფასო სამედიცინო აქცია წონიარისისა და ზვარეს თემის მოსახლეობისთვის

21 მაისს, წონიარისისა და ზვარეს თემის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული უფასო სამედიცინო აქციების ფარგლებში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას  ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები გაუწევენ.

სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, ენდოკრინოლოგით და ექოსკოპისტით.

 

რა ელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ძველი [რუსთაველის ქუჩაზე უნივერსიტეტის გვერდით] და ახალი [მწვანე კონცხზე] შენობების სარემონტო სამუშაოებზე 720 000 ლარი იხარჯება. ბსუ-ს კანცლერის, ჯემალ ანანიძის თქმით, ამ თანხაში შედის სპეციალური ცენტრების მოწყობაც, რაც ასევე საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს.

ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი 2008 წლიდან მწვანე კონცხზე, ხუთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს. საერთო საცხოვრებლის დირექტორის, თემურ გოგიტიძის ინფორმაციით, შენობა 150 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა აქ ამჟამად 49 სტუდენტი ცხოვრობს.

20160512_143545
ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხზე / ფოტო: თედო ჯორბენაძე

როგორც ბსუ-ს კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა მიღების განსაზღვრული კრიტერიუმები არ აქვს – მომართვის საფუძველზე ყველას ეძლევა ნებართვა. თვიური გადასახადი 15 ლარია. საერთო საცხოვრებელს ემსახურება მიკროავტობუსი დღეში ორჯერ, დილით და საღამოს – უნივერსიტეტამდე და პირიქით.

უნივერსიტეტის კანცლერის თქმით, მწვანე კონცხის საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად მუშაობს. გარდა ამისა, ირგვლივ არ არის მარკეტი ან სხვა ტიპის დაწესებულება, პური რომ დასჭირდეთ, იმის ყიდვის საშუალებაც კი არაა“, – თქვა ჯემალ ანანიძემ და დაამატა, რომ სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა ბათუმში გამოიყოს საერთო საცხოვრებლისთვის შენობა, ეზოთი და მიმდებარე ტერიტორიით [„აუცილებელია ეზო და მიმდებარე ტერიტორია, სტუდენტებს სპორტული ცხოვრებაც რომ ჰქონდეთ“].

კანცლერის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვიერი დაპირება აქვთ, რომ ეს საკითხი განიხილება: „უახლოეს პერიოდში არ ველით, რომ რაიმე ფართობი გამოინახება, ეს ასე მარტივი არ არის… გადმოსვლას რაც შეეხება, სწავლების რომელ თაობას მოუწევს ან ჩემი კანცლერობის პერიოდში მოხერხდება თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ წელს ვიწყებთ განახლებით სამუშაოებს, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად უნდა მოვაწესრიგოთ საერთო საცხოვრებლებში“.

მარიამი, ბსუ-ს პირველი კურსის სტუდენტი, საერთო საცხოვრებელში უკვე მესამეა თვეა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ საერთო საცხოვრებლის პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, თუმცა არსებობს პრობლემებიც…
მარიამის მიერ დასახელებულ პრობლემებზე ჯემალ ანანიძემ თქვა, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, რაც 40 000 ლარი დაჯდა. მაგრამ პრობლემად რჩება სამზარეულოს ინტერიერის რეაბილიტაცია და ასევე სველი წერტილები, რომლებიც გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში 30-მდე ელექტროღუმელი შეიტანეს, საკმარისი არ იყო. შესაბამისად, შიდა გათბობის სისტემის მოწესრიგებაც იგეგმება. ასევე დაგეგმილია ეზოს მოწესრიგება. კანცლერი ამბობს, რომ ყველაფერი წელს, ოქტომბრამდე უნდა მოესწროს, რაც დაახლოებით 60-70 ათასი ლარი დაჯდება.

20160513_180054
ბსუ-ს ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა რუსთაველის ქუჩაზე

უფრო მალე უნდა დასრულდეს საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე. ჯემალ ანანიძის თქმით, ამ შენობის პროექტი გასულ წელს შედგა, თუმცა გარკვეული ხარვეზების გამო ძირითადად წელს ამუშავდება.

პროექტი შეიცვალა იმ ხუთი ოჯახის გამოც [ანანიძის თქმით, მათ შორის არიან უნივერსიტეტის თანამშრომლებიც], რომლებსაც შენობაში 50-მდე ოთახი აქვთ უკანონოდ დაკავებული. კანცლერის თქმით, ამ ეტაპზე სასამართლო დავა მესამე ინსტანციაში მიმდინარეობს [პირველ ორ ინსტანციაში არ დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნა საკუთრების აღიარებაზე] და თუ სასამართლო უნივერსიტეტის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, იმ ფართობის რეაბილიტაციის პროექტი ცალკე იქნება შესადგენი.
მანამდე კი შენობაში ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტი გაფართოვდება. ასევე მოეწყობა სასტუმროს ტიპის ოთხი 25-კვადრატული მეტრი ოთახი, სადაც მოწვეული სტუმრები თუ ლექტორ-მასწავლებლები დაბინავდებიან. ასევე ამ შენობაში გადაინაცვლებს – უცხოენოვან სტუდენტებისთვის ქართული ენის სასწავლო თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა კურსები. მოეწყობა სტუდია ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, კანცლერის თქმით, იგეგმება სტომატოლოგიური კლინიკისა და სოციალურ ფაკულტეტთან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გახსნა. ცენტრი 6-წლამდე დაუნის სინდრომის მატარებელ ბავშვებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსებს ჩაუტარებს.

„ვაწყობთ ინფრასტრუქტურას, შეიქმნა კომისია სოციალური ფაკულტეტის პროფესორებისა და საკრებულოს, მერიის თანამშრომლების ჩართულობით. ისინი მუშაობენ პროგრამაზე. ანალოგიური პროგრამა მოქმედებს თბილისში და პარალელს გაავლებენ ან უკეთესი პროგრამა გამოვა; ცენტრის თანადაფინანსებაში, პირველ ეტაპზე, ბათუმის მცხოვრებლები უნდა ჩაერთონ, რადგან ძვირი ჯდება… სარემონტო სამუშაოებიც მაის-ივნისში დამთავრდება. შესაბამისად, რამდენიმე კარგი ცენტრი შეემატება ქალაქს“, – თქვა ჯემალ ანანიძემ. მისივე თქმით, ამ პროექტის ღირებულება დაახლოებით 650 000 ლარია.

„მეტროს“ მუშების საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, ბათუმში სასტუმრო „პრინცესას“ [ყოფილი ფოსტის შენობაში] მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდა პროფკავშირების იურისტი ნინო უტიაშვილი. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მუშები აპროტესტებდნენ საწყობის ყოფილი გამგის რუსლან ჯაბნიძის გათავისუფლებას და დამსაქმებლების დამამცირებელ დამოკიდებულებას დასაქმებულთა მიმართ:

„ხელშეკრულებებს ჯერ არ გავცნობილვარ, ამისი დრო და საშუალება არ გვქონდა. შევთანხმდით, რომ დაუბრუნებოდნენ სამუშაო ადგილებს. საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ, დაგვიკავშირდებიან და თუ სურვილი ექნებათ დავეხმარებით – ჩავერთვებით დამსაქმებელთან მოლაპარაკებების წარმოებაში, რომ გაუმჯობესდეს მათი შრომითი პირობები. დანარჩენ დეტალებზეც შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რუსლან ჯაბნიძეს. იგი სამსახურში აღდგენას ითხოვდა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მას მკაცრად გადაწყვეტილი პასუხი გასცა კომპანიამ, რომ   ვერასდროს დაბრუნდება მათთან სამუშაოდ. რუსლან ჯაბნიძის თქმით, სამსახურში დამსაქმებელი თანამშრომლებს, როგორც მონებს ისე ექცეოდა. აღნიშნული ქცევა კი „ქედმაღლურ“ მიმართვებში გამოიხატებოდა: „შავ საქმეს ხომ გაკეთებინებდნენ და მერე ხან მეშოკზე მიურტყამდნენ ფეხს – ეს გააკეთე, ის გააკეთეო. კი ის უფროსია , მაგრამ მისი ქცევა იყო შეუსაბამო… ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქართველი მამაკაცის ზნე-ჩვეულებებს აღემატება, ის რომ მაგ ქალისგან მასეთი რეაქცია მიიღოს “.

შეკითხვაზე – იყო თუ არა პრობლემები კვებაზე, ხელფასზე ან/და დამატებით სამუშაო დროით მუშაობაზე, რუსლან ჯაბნიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები არ ყოფილა, დამატებით სამუშაო საათებიც ნებაყოფილობითი იყო და პრობლემურ საკითხს, ძირითადად მხოლოდ მოპყრობა წარმოადგენდა.

როგორც რუსლან ჯაბნიძის მონაყოლიდან ირკვევა, მას პრობლემები ძირითადად მენეჯერთან ჰქონდა, რომელიც ქალია. მისი თქმით, სამსახურიდან გამოშვების შემდეგ მენეჯერი ასახელებს რაღაც მიზეზებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ერთ-ერთია თითქოს ის სამსახურში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო მეორე – პორნოგრაფიის ყურება: „ერთადერთხელ, დეკემბერში მუშაობა რომ დავიწყეთ, მაშინ სამუშაოს დასრულებისას ერთი ჭიქა ლუდი მქონდა მოსმული, მეპატია ეს და არც წერილობითი გაფრთხილება ყოფილა… მერეც ვითომ პორნოებს ვუყურებ, ეს არაა ასე, იქ ხალხია ვინც ამას დაადასტურებს… სიცრუეა ეგ“. სამსახურიდან გაშვების საბაბად კი რუსლან ჯაბნიძე მენეჯერთან შელაპარაკებას ასახელებს.

როგორც ნინო უტიაშვილმა გვითხრა, პროფკავშირებმა გათავისუფლებულ რუსლან ჯაბნიძეს საქმის შესწავლა და იურიდიული დახმარება შესთავაზა, თუმცა თავად რუსლან ჯაბნიძის თქმითი, მას არ აქვს გადაწყვეტილი მიმართავს თუ არა პროფკავშირებს იურიდიული დახმარებისთვის.

IMG13845-e1453127651767ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ ახორციელებს.  „ბათუმელები“ დაუკავშირდა „მეტროს“ წარმომადგენლებს, თუმცა კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

რა ღირს სკოლის დამთავრება

საჯარო სკოლებში ბოლო ზარი უკვე დაირეკა. ახლა მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებიან, რასაც საბოლოოდ სკოლის გამოსაშვები ბანკეტი დაასრულებს. სკოლების დუმეტესობას საბანკეტო დარბაზი ძვირადღირებულ სასტუმროებში აქვთ დაჯავშნული. რა უჯდებათ მოსწავლეებს სკოლის დასრულება და რატომ ჰგავს ყველა გამოსაშვები საღამო ერთმანეთს?

მირანდას კლასი გამოსაშვებ საღამოს სასტუმრო „ჰილტონში“ გეგმავს, სადაც ერთი მოსწავლის საბანკეტო მაგიდა 110 ლარი ღირს. ამ თანხაში არ შედის ვიდეოგადაღება და Dj-ის დაქირავება. როგორც მირანდა გვეუბნება, ბანკეტი მინიმუმ 300 ლარი მაინც დაუჯდება. „ამას ემატება გამოსაშვები საღამოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სალონის მომსახურება“, –  ამბობს მირანდა. თანხა იმის მიხედვით იზრდება, ვინ რა ღირებულების ჩასაცმელს და რამდენად პრესტიჟული სალონის მომსახურებას აირჩევს.

სასტუმრო „ლეო გრანდი“ თამთას კლასმა ხელმისაწვდომი ფასის გამო შეარჩია. რადგან ივენთმენეჯერის, დავით თომაშვილის თქმით, „კურსდამთავრებულებისთვის მიზერული მენიუა გათვლილი“. „მიზერული მენიუ“ – ერთ კაცზე 60 ლარია. ამ თანხაში არ შედის სასმელი, რისთვისაც მე-12 კლასელებს დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევთ.

„ცალკე გვიწევს მუსიკისა და ვიდეომომსახურებისთვის თანხის გადადება. საბანკეტო ტორტისა და რეპეტიციების ფულიც ცალკეა გადასახდელი. 200 ლარის დახარჯვას ვფიქრობ საბანკეტო კაბაში, 100 ლარი კი ფეხსაცმლისთვის მაქვს გათვალისწინებული. თუ დავამატებ ჩანთას, სალონს და სხვა წვრილმანებს, მთლიანობაში 600 ლარი მაინც მჭირდება გამოსაშვები საღამოსთვის“, –  გვეუბნება თამთა.

სასტუმრო „ლეო გრანდის“ საბანკეტო დარბაზი უკვე 36-მა სკოლამ დაჯავშნა.
რატომ არჩევენ მე-12 კლასელები ძვირადღირებულ საღამოებს და განიხილავენ თუ არა ალტერნატიულ წინადადებას კლასელებს შორის? „ორ ბავშვს უნდოდა ექსკურსიაზე წასვლა სხვა ქვეყანაში, მაგრამ უმრავლესობამ, მათ შორის მეც, ბანკეტის გადახდას დავუჭირეთ მხარი“, –  გვეუბნება მირანდა.

არის შემთხვევები, როცა ყველა ვერ წვდება გამოსაშვები საღამოს ხარჯებს, რაც დამატებით ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს. „ასეთ დროს რაღაც გამოსავალს მაინც ვპოულობთ. ჩვენს კლასში ორი და სწავლობდა, ამიტომ სასტუმროს მენეჯერს შევუთანხმდით, რომ ერთი თანხას არ გადაიხდიდა“, –  ამბობს მირანდა. იმ შემთხვევაში, თუკი კლასელი ფინანსების გამო უარს ამბობს ბანკეტზე წასვლაზე, თანაკლასელები ცდილობენ, მისი წილი ხარჯი გადაინაწილონ და კლასელი არ დატოვონ.

ალტერნატიული იდეები ჰქონდა თამთას კლასსაც, თუმცა არჩევანი მაინც ბანკეტზე შეაჩერეს. „ითქვა, რომ ამ თანხით, რომელიმე ქვეყანაში წავსულიყავით სამოგზაუროდ, მაგრამ ეს ვერსია საბოლოოდ გამოვრიცხეთ. მშობლებიც არ გაგვიშვებდნენ და უფრო ძვირიც დაგვიჯდებოდა. თუ თანხა მოგვრჩა, მაჭახელაში ვაპირებთ ექსკურსიას“.

გიორგი ამბობს, რომ გამოსაშვებ საღამოზე წასვლას საერთოდ არ აპირებს. „არ მიყვარს ასეთი რამეები და იმიტომ. ამდენი შესაძლებლობა არ გვაქვს, მშობლებიც ზედმეტად არ უნდა შევაწუხოთ“, –  გვეუბნება ის. კლასელებს ბანკეტის გადახდა „რედისონში“  უნდოდათ, თუმცა სიძვირის გამო უარი თქვეს. გიორგის აზრით, ოპტიმალური გამოსავალი ამ შემთხვევაში ექსკურსიაა. „უფრო საინტერესოც იქნება და უფრო დასამახსოვრებელიც“. 

როგორ აფასებენ გამოსაშვებ საღამოებს შარშანდელი კურსდამთავრებულები და მიაჩნიათ თუ არა საღამოსთვის გაღებული თანხა გონივრულ ხარჯად? 

„ჩემთვის ძალიან მაგარი იყო და ძალიან გვინდოდა ბანკეტი. საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო, მაგრამ გვიღირდა. ექსკურსიებზე ისედაც დავდიოდით, ეს უფრო ახალი იყო ჩვენთვის“, –  ამბობს თეონა. 

ელიკოს თქმით, მის კლასს ბანკეტი არ გაუკეთებია და სამდღიან ექსკურსიაზე წავიდნენ სამცხე-ჯავახეთში. „150 ლარი დაგვიჯდა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო. ამხელა ფულის სუფრაზე დახარჯვას ქველმოქმედება სჯობს ან ექსკურსია, თუმცა გემოვნების ამბავია“, – გვეუბნება ელიკო. 

სალომეც შარშანდელი კურსდამთავრებულია. მისი აზრით, სკოლის დამთავრება განსაკუთრებული დღეა და მისი აღნიშვნა ღირს, თუმცა ფორმატზე შეიძლება დავა. „ის, რაც წესად იქცა, მე არ მომწონს. ერთი საღამოსთვის 500-600 და მეტი ლარის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, – ვფიქრობ, განათლებაში ჩადებული ფული უფრო გონივრული ინვესტიციაა. 

კარგია გამოპრანჭული გოგო-ბიჭების ხილვა და ზეიმები, მაგრამ გასათვალისწინებელია დღეს არსებული სოციალური მდგომარეობა, ბევრი ოჯახისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამხელა თანხა და ვიღაცისთვის ეს ბანკეტი შეიძლება დისკომფორტად იქცეს“. 

სალომეს აზრით, გამოსაშვები საღამო უნდა იყოს „პატარა და ლამაზი, რისთვისაც მშობლებს არ მოუწევთ მთელი წლის დანაზოგის გადახდა“. 

ფსიქოლოგი მარიკა ნათაძე ჩვენთან საუბარში მიუთითებს, რომ სხვადასხვა კულტურაში მოზარდები ხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ სკოლის დასრულებას. „განსხვავებული კულტურა თავისთვის დამახასიათებელ ელემენტს სძენს ამ პროცესს. სავარაუდოდ, საქართველოშიც ამ სახით დანერგვას ხელს შეუწყობდა ჩვენი ტრადიციები. თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოზარდების ასაკში ყალიბდება იდენტობის განცდა, თანატოლების აზრი უპირატეს მნიშვნელობას იძენს, მოზარდების გარეგნობა, სხეულის აღქმა საკუთარ თავზე წარმოდგენის ნაწილად იქცევა. ამიტომ, გამოსაშვები საღამოც იძენს საკრალურ დატვირთვას და ყველაზე მთავარ იდეად იქცევა. აღიარების მოთხოვნილება, თანატოლებში მიმღებლობის სურვილი ჩვეულებრივი შეგრძენებებია და მოზარდებიც ცდილობენ გამოიყურებოდნენ ამ დღეს ისე, რომ არ გახდნენ ჩაგვრისა და დაცინვის ობიექტები. 

სკოლაში ბულინგი ყველაზე გავრცელებული ურთიერთობის სტილია და მოზარდებისათვის ჩაცმა ერთ-ერთი მიზეზი ხდება ჩაგვრისთვის. მნიშვნელოვანია მშობლებს გაცნობიერებული ჰქონდეთ მოზარდების ასეთი მტკივნეული ფიქრები და შფოთვა და გაგებით მოეკიდონ მათ.“

ბათუმში, სასტუმროს ნომერში, კუ იპოვეს

სასტუმრო „ჰილტონ-ბათუმში“ დასუფთავების ჯგუფის თანამშრომლებმა სასტუმროს ნომერში ტბის კუ აღმოაჩინეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, „სტუმარი“ ნომერში მცხოვრებლებმა სასტუმროს წინ მდებარე „6 მაისის“ პარკიდან წამოიყვანეს და ნომერში დატოვეს.

„5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურების მიღების შემდეგ კუ ძალიან კმაყოფილი ჩანდა. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში გატარებული ერთი ღამისთვის მას არაფერი გადაუხდია, ვინაიდან ის ჰილტონ ბათუმის განსაკუთრებული სტუმარი იყო,“ – ამბობენ „ჰილტონში“ და დასძენენ, რომ საუზმის შემდეგ, „სტუმარი“ საკუთარ სახლში, 6 მაისის პარკში „გააცილეს“.

2012a3d9-05de-4560-965c-82da482ee1e9 (1)

გონიოს ყოფილ პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები იწყება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით გონიოში, ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება. „განაღმვითი-გაწმენდითი სამუშაოები აუცილებელი წინაპირობაა უახლოეს მომავალში საინვესტიციო პროცესების დაწყებისათვის. ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ტერიტორიას დღეს ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, შესაბამისად, განაღმვითი სამუშაოების ჩატარების პერიოდში საჭიროა მეპატრონეებმა საქონელი განარიდონ და იქვე მდებარე ალტერნატიული ტერიტორიები გამოიყენონ,“ – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

აჭარის მთავრობა მიმართავს გონიოს მოსახლეობას, ხელი შეუწყონ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც ეტაპობრივად, დაახლოებით სამი თვის მანძილზე გაგრძელდება.

„გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობა ქვეყნისათვის და უშუალოდ ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს,“ –  აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელი“ მუშაობს. „კონცეფციით განისაზღვრება, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის სამომავლო განვითარება,“ – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, განაღმვითი სამუშაოები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და ამისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 470 000 ლარი აქვს გამოყოფილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, პოლიგონის განაღმვითი სამუშაოებისთვის თავდაცვის სამინისტროს წელს 279 ათას 128 ლარი გადაეცემა, ხოლო გასულ წელს 220 ათასი ლარი გადაეცა, საიდანაც, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ათვისებულ იქნა 173 ათას 881 ლარი და 44 თეთრი.

შსს: სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სარფში 1987 წელს დაბადებული ბარლაშ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე  დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 10 აბი და აბის ნატეხი ამოიღეს, რომელიც 1,8975 გრ მდმა-ს [3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს] შეიცავს. ასევე ამოღებულია 0,14319 გრ კოკაინის შემცველი 0,2471 გრ ნარკოტიკი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

უფასო სკრინინგ ტესტირება აივ-ზე

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან, 21 მაისთან დაკავშირებით, 20 მაისს, 10 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია  „იმედი“ გამართავს შეხვედრას. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულნი არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია.

შეხვედრაზე დაარიგებენ საინფორმაციო მასალებს და  ჩაატარებენ ნებაყოფლობით, უფასო სკრინინგ ტესტირებას აივ-ზე, მობილურ ამბულატორიაში.

მრგვალი მაგიდა/შეხვედრა ხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

კავშირი „იმედის“ ინფორმაციით, საქართველოში 2016 წლის 5 მაისის მონაცემებით რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 5 653 შემთხვევა, მათ შორის – 4 177 მამაკაცია,  1476 – ქალი; პაციენტთა უმრავლესობა 29–დან 40 წლამდე ასაკისაა. შიდსი განუვითარდა 3 269 პაციენტს, გარდაიცვალა – 1116.

2016 წელს გამოვლინდა 241 ახალი შემთხვევა. არვ [ანტირეტროვირუსულ] მკურნალობას გადის 3 208 პაციენტი.

ყოველი მაისის თვის მესამე კვირა დღეს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში 1996 წლიდან აღნიშნავენ.

უმაღლესმა საბჭომ ვერც უსკოს წევრი აირჩია

უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე უსკოს წევრი ვერ აირჩია. უსკოს წევრობის ერთადერთმა კანდიდატმა, მამუკა ჯაშმა 10 ხმა მიიღო [ასარჩევად საჭიროა მინიმუმ 11 ხმა]. კენჭისყრაში 11 დეპუტატი მონაწილეობდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს უსკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს. ფარულ კენჭისყრაზე, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.

 

პედაგოგების თვითშეფასების კითხვარს არავინ კითხულობს

თვითშეფასების კითხვარის შევსება მასწავლებლებისთვის აუცილებელია, თუმცა, როგორც სკოლის შეფასების ჯგუფის წარმომადგენლები გვეუბნებიან, მასზე წვდომა პედაგოგების გარდა არავის აქვს, მათ შორის არც ფასილიტატორს და არც განათლების სამინისტროს. „შესაბამისად, რა და როგორ შეავსო პედაგოგმა, ამას ვერ ვხედავთ“, – გვეუბნება მე-2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. სავალდებულო კითხვარი სპეციალური კოდით არის დახურული.

თვითშეფასების კითხვარი არის პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სქემა, სადაც პედაგოგი ნაბიჯ-ნაბიჯ ასახავს საგაკვეთილო პროცესს, შედეგებსა და მიზნებს. როგორც აღმოჩნდა, პედაგოგის მიერ შევსებულ თვითშეფასების კითხვართან წვდომა მხოლოდ თავად ამ პედაგოგს აქვს და სხვა პირები მის მონიტორინგს ვერ ახორციელებენ. თუმცა, ამის შესახებ პედაგოგებს ინფორმაცია არ აქვთ.

„თვითშეფასების კითხვარს სკოლის სადამკვირვებლო ჯფუფი ამოწმებს. სამინისტრომაც არ უნდა შეამოწმოს? თუ ეგ გამიარა გულში, რომ ამას არავინ წაიკითხავს, ფურცლის გაშავებისთვის გავაკეთებ მხოლოდ,“ – ამბობს ირმა ცინცაძე, 28-ე საჯარო სკოლის საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

თვითშეფასების კითხვარზე აქვს თუ არა მის გარდა სხვას წვდომა, ბოლომდე ინფორმირებული არც მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი თინიკო ბერიძეა. „დირექტორმა და სასწავლო ნაწილმა გადაიკითხეს. სკოლის იქით არ ვიცი ვინმე კითხულობს თუ არა“, – გვეუბნება ის.

„ითქვა, რომ იქნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეაფასებს შევსებულ კითხვარს. სამინისტროსა და დირექტორს აქვს, რა თქმა უნდა, კოდი და ნახულობე“, –  ამბობს პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთინო რუსია.

თხილნარის საჯარო სკოლის პედაგოგი გულნაზ კარანაძეც ფიქრობს, რომ თვითშეფასების კითხვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში კითხულობენ „და წლის ბოლოს გააკეთებენ შეფასებას.“

მე-2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მირანდა გორგოშაძე, რომელიც სკოლის შეფასების ჯგუფის წევრია, გვეუბნება, რომ თვითშეფასების კითხვარზე წვდომა მათ არ აქვთ, ხოლო პედაგოგების საჭიროებებს პირადი საუბრებიდან იგებენ. „კერძო საუბრების დონეზე ხდებოდა აზრების გაზიარება. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე მასწავლებელმა კათედრაზეც დააყენა ის საკითხები, რაც კითხვარის შევსების დროს პრობლემურად ეჩვენა და მოხდა აზრთა გაზიარება. მაგრამ პრობლემის უფრო ფართო განხილვები არ ყოფილა“, –  გვეუბნება ის.

თვითშეფასების კითხვარის შევსებისას ყველაზე მეტად პედაგოგთან ფასილიტატორი მუშაობს. სწორედ ის ეხმარება პედაგოგებს ამ დავალების შესრულებაში, თუმცა როგორც მე-16 სკოლის ფასილიტატორი ია კუპრაძე გვეუბნება, თვითშეფასების კითხვარზე წვდომა პედაგოგის ნებართვის გარეშე არც მათ აქვთ.

„ჩვენ მხოლოდ მაშინ გვაქვს წვდომა, თუ მასწავლებელი გვანდობს და ძირითადად იმიტომ განდობს, რომ მას ეხმარები. სხვა შემთხვევაში, როგორც ფასილიტატორს, წვდომა არ მაქვს თვითშეფასების კითხვართან; კითხვარი დაცულია კოდით, რომელიც მხოლოდ პედაგოგისთვის არის ხელმისაწვდომი“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის, სოფო ლობჟანიძის განმარტებით, წელს პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარის ანალიზი არ იგეგმება. „ამ ეტაპზე ჩატარდა მხოლოდ მასწავლებელთა გამოკითხვა და შეიქმნა ფოკუსჯგუფები, შესაძლებელია მეორე ეტაპზე კითხვარის ანალიზი დაიგეგმოს. ჩვენთვის მთავარია, მასწავლებელი თვითშეფასების კითხვარის შევსების დროს ობიექტური იყოს“, –  ამბობს სოფო ლობჟანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ან ვინ უნდა დაადგინოს პედაგოგის ობიექტურობა, თუ არავინ ხედავს და აფასებს კითხვარს, სოფო ლობჟანიძე ამბობს, რომ ეს უკვე პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხია.

„თუ კითხვარი გულწრფელად არის შევსებული, პედაგოგის პრაქტიკა გაუმჯობესდება, თუ არ შეავსო გულწრფელად, თვითონ დაზარალდება“, –  ამბობს ის.
სოფო ლობჟანიძის თქმით, მომავალი წლიდან პედაგოგები თვითშეფასების ადაპტირებულ კითხვარს მიიღებენ. „გვქონდა შეხვედრები პედაგოგებთან, გამოკითხვის საფუძველზე ჩავატარეთ კითხვარის თვისებრივი და რაოდენობრივი კვლება, თუ რას ფიქრობენ პედაგოგები, სად წააწყდნენ სიძნელეებს, რა საჭიროებს ცვლილებას, რამ იმუშავა კარგად. ახლა მუშავდება ეს მონაცემები, ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა გონივრულ აზრს და მასწავლებლებს სექტემბერში დახვდებათ ადაპტირებული თვითშეფასების კითხვარი“.

როგორ შეაფასეს პედაგოგებმა თავიანთი პროფესიული შესაძლებლობები მიმდინარე წელს, რა სისუსტეები გამოავლინეს და რას მიიჩნევენ ძლიერ მხარედ, ამაზე ფასილიტატორები მხოლოდ ზეპირი გადმოცემით არიან ინფორმირებული.

„არსებითი პრობლემა, რაც პედაგოგებმა გამოკვეთეს, თვითშეფასების კითხვარის შევსებისას, ეს არის კლასის მართვა, აქტიური მოსმენის ტექნიკა და მესამე სერიოზული პრობლემა, –  განმავითარებელი შეფასების ტექნიკა. ჩვენთან 25-მა მასწავლებელმა თქვა, რომ პრობლემა აქვს კლასის მართვაში. სერიოზული პრობლემაა აქტიური კომუნიკაციაც, რადგან არ იციან, როგორ ჩართონ ბავშვები დიალოგში. ამიტომ მე დავამუშავე რობერტ მარზანოს არაჩვეულებრივი წიგნი „კლასის მართვა“, გავაკეთე სლაიდ-შოუ, კითხვები თვითშეფასებისთვის, მოვიწვიე პედაგოგები და მოვაწყვე პრეზენტაცია. ასევე ვაპირებ მუშაობას „აქტიური მოსმენის“ საკითხზეც, –  ამბობს ია კუპრაძე.

მირანდა გორგოშაძის თქმით კი, მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა თავიანთ პროფესიულ სისუსტედ სასწავლო რესურსების შექმნა დაასახელეს.

„ზოგიერთისთვის სირთულე იყო სასწავლო რესურსების შექმნა, ზოგისთვის კომუნიკაციის პრობლემა მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე. მე, პირადად, ჩემს სუსტ მხარედ შშმ ბავშვებთან მუშაობა მოვნიშნე. დავგეგმე აქტივობები, –  ტრენინგის გავლა, კოლეგებთან კონსულტაცია, შშმ ბავშვთა ცენტრში ვიზიტი და სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა, რომ შევცვალო ჩემი მიდგომები“.

პედაგოგი საგანმანათლებლო რესურსის შექმნას მულტიკულტურული მიმართულებითაც გეგმავს. „ჩვენს სკოლებში არიან განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მოსწავლეები. ამ ბავშვებმა თანასწორ გარემოში რომ იგრძნონ თავი, მათი კულტურის თუ რელიგიის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მოიტანონ სკოლაში და ისაუბრონ“, –  გვეუბნება მირანდა გორგოშაძე.

თვითშეფასების კითხვარის შევსების ვალდებულება პედაგოგებს 2015 წლის ოქტომბრიდან აქვთ. წელს, როგორც სკოლებში ამბობენ, კითხვარის შევსების ვადა უკვე ამოიწურა. თუმცა, როგორც სოფო ლობჟანიძემ განაცხადა, ზოგიერთი პედაგოგი სქემაში გვიან ჩაერთო და მათ ჯერ კიდევ აქვთ კითხვარის შევსების შესაძლებლობა.

3,7 მილიონი ლარი საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისში, „სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია –  აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით“, საქართველოს საპატრიარქოს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 3 737 400 ლარი გადაეცემა.

შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მიმდინარე წლკის 5 მაისს მოაწერა.

სამებაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 მარტს გაჩნდა. მეორე დღეს კი გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარდა სამებაში ხანძრის შედეგების აღმოფხვრისთვის.

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს პლენარული სხდომა მიმდინარეობს. საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარე ვერ აირჩია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ფარულ კენჭისყრაში 11 დეპუტატი მონაწილეობდა თუმცა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით ქარცივაძეს ხმა მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მისცა [თავჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 11 ხმაა საჭირო].

დღესვე უმაღლესმა საბჭომ უსკოს წევრი უნდა აირჩიოს, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი – მამუკა ჯაშია წარდგენილი.

დღეს დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტსაც უნდა უყაროს კენჭი.

საბაგირო გზით მგზავრობა ბათუმში 15 ლარი გახდება

ბათუმში საბაგირო „არგოს“ ფასი პირველი ივნისიდან გაიზრდება. ამასთან ერთად, აღარ იმოქმედებს  შეღავათები სტუდენტებისთვისაც:

privelistnew

„არგოს“ მფოლობელი კომანია „ჰესტოკ ბათუმის“დირექტორის, გიორგი აბაშიძის თქმით, ფასის ზრდა განპირობებულია საბაგიროს საექსპლუატაციო ხარჯის გაზრდით: „საბაგირო მეოთხე წელია უკვე ექსპლუატაციაშია, ჩვენ ზამთარ-ზაფხულ ვამუშავებთ საბაგიროს.  ზოგიერთი ობიექტი კი ბათუმში, როგორც იცით, წყვეტს მუშაობას ზამთარში და ზაფხულში იხსნება, ამიტომ  საექსპლუატაციო ხარჯი ნაკლები აქვს. თოვლია, წვიმაა, სულ ვამუშავებთ. ეს ყველაფერი კი მოქმედებს იმ დანადგარებზე, იმ საექსპლუატაციო ნაწილებზე, რომლებიც ცვლადია და ცვეთადია. ჩვენ ეს ყველაფერი ავსტრიიდან ჩამოგვაქვს, რადგან  უსაფრთხოების ნორმების თვალსაზრისით, არ გვაქვს უფლება სხვა მომწოდებლისგან მივიღოთ, რომელიც ან იაფია, ან რამე სხვა შეღავათია, ამიტომ ყველაფერი არის საკმაოდ ძვირადღირებული.  11 ახალი კაბინა დავამატეთ, რომ რიგები შეგვემცირებინა. ყველა ეს ხარჯი  ბევრ თანხაზე გავიდა, აქედან გამომდინარე თავისი თავის შენახვის მიზნით, ტექნიკურ გუნდთან მუშაობის შემდეგ დავადგინეთ, რა თანხის ამოღება უნდა მოხდეს, რომ საბაგირო ზამთარში აღარ გავაჩეროთ და მთელი წელი იმუშაოს. უბრალოდ იძულებულები ვართ, რომ ამ გზით წავიდეთ.  ეს არის კერძო ბიზნესი და ამ ბიზნესს სჭირდება თავისი შემოსავლები, რომ იფუნქციონიროს“.

ამასთან, გიორგი აბაშიძის თქმით, „მართალია, კომერციული თვალსაზრისით არაა გათვლილი საბაგირო, ანუ კომერციული დანიშნულება არ აქვს, მაგრამ არც იმისთვისაა გათვლილი, რომ ინვესტორებმა კიდევ დავაფინანსოთ და სულ დაფინანსების ქვეშ იყოს“.

სტუდენტებისთვის შეღავათების გაუქმების შესახებ კი გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ ექნებათ ახალი შეთავაზებები, თუმცა ჯერჯერობით  არაფერია შემუშავებული. მანამდე არსებული  შეღავათები სტუდენტებისთვის კი სასწავლო პერიოდზე იყო გათვლილი; რაც შეეხება ფასის კიდევ უფრო ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი,  ხოლო სეზონურად ფასის ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალი ზაფხულის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით მიიღებენ.

„შემდეგ წელიწადს შესაძლოა ბაგირის გამოცვლის საჭიროებაც დადგეს,  ჩამოვლენ ექსპერტები და შეამოწმებენ. მოგეხსენებათ 5-კილომეტრიანი ბაგირი არ ღირს იაფი“, – ამბობს გიორგი აბაშიძე და დასძენს, რომ გაზრდილი ფასიც კი, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო იაფია და მათ არ აფრთხობს. მისივე ინფორმაციით, იგეგმება მომხმარებლებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროგრამაზე მუშაობა.

დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელს საბაგირო „არგოს“ მომსახურებით დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

Exit mobile version