მთავარი,სიახლეები

„მეტროს“ მუშების საპროტესტო აქცია ბათუმში

19.05.2016 • 1809
„მეტროს“ მუშების საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, ბათუმში სასტუმრო „პრინცესას“ [ყოფილი ფოსტის შენობაში] მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდა პროფკავშირების იურისტი ნინო უტიაშვილი. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მუშები აპროტესტებდნენ საწყობის ყოფილი გამგის რუსლან ჯაბნიძის გათავისუფლებას და დამსაქმებლების დამამცირებელ დამოკიდებულებას დასაქმებულთა მიმართ:

„ხელშეკრულებებს ჯერ არ გავცნობილვარ, ამისი დრო და საშუალება არ გვქონდა. შევთანხმდით, რომ დაუბრუნებოდნენ სამუშაო ადგილებს. საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ, დაგვიკავშირდებიან და თუ სურვილი ექნებათ დავეხმარებით – ჩავერთვებით დამსაქმებელთან მოლაპარაკებების წარმოებაში, რომ გაუმჯობესდეს მათი შრომითი პირობები. დანარჩენ დეტალებზეც შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რუსლან ჯაბნიძეს. იგი სამსახურში აღდგენას ითხოვდა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მას მკაცრად გადაწყვეტილი პასუხი გასცა კომპანიამ, რომ   ვერასდროს დაბრუნდება მათთან სამუშაოდ. რუსლან ჯაბნიძის თქმით, სამსახურში დამსაქმებელი თანამშრომლებს, როგორც მონებს ისე ექცეოდა. აღნიშნული ქცევა კი „ქედმაღლურ“ მიმართვებში გამოიხატებოდა: „შავ საქმეს ხომ გაკეთებინებდნენ და მერე ხან მეშოკზე მიურტყამდნენ ფეხს – ეს გააკეთე, ის გააკეთეო. კი ის უფროსია , მაგრამ მისი ქცევა იყო შეუსაბამო… ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქართველი მამაკაცის ზნე-ჩვეულებებს აღემატება, ის რომ მაგ ქალისგან მასეთი რეაქცია მიიღოს “.

შეკითხვაზე – იყო თუ არა პრობლემები კვებაზე, ხელფასზე ან/და დამატებით სამუშაო დროით მუშაობაზე, რუსლან ჯაბნიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები არ ყოფილა, დამატებით სამუშაო საათებიც ნებაყოფილობითი იყო და პრობლემურ საკითხს, ძირითადად მხოლოდ მოპყრობა წარმოადგენდა.

როგორც რუსლან ჯაბნიძის მონაყოლიდან ირკვევა, მას პრობლემები ძირითადად მენეჯერთან ჰქონდა, რომელიც ქალია. მისი თქმით, სამსახურიდან გამოშვების შემდეგ მენეჯერი ასახელებს რაღაც მიზეზებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ერთ-ერთია თითქოს ის სამსახურში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო მეორე – პორნოგრაფიის ყურება: „ერთადერთხელ, დეკემბერში მუშაობა რომ დავიწყეთ, მაშინ სამუშაოს დასრულებისას ერთი ჭიქა ლუდი მქონდა მოსმული, მეპატია ეს და არც წერილობითი გაფრთხილება ყოფილა… მერეც ვითომ პორნოებს ვუყურებ, ეს არაა ასე, იქ ხალხია ვინც ამას დაადასტურებს… სიცრუეა ეგ“. სამსახურიდან გაშვების საბაბად კი რუსლან ჯაბნიძე მენეჯერთან შელაპარაკებას ასახელებს.

როგორც ნინო უტიაშვილმა გვითხრა, პროფკავშირებმა გათავისუფლებულ რუსლან ჯაბნიძეს საქმის შესწავლა და იურიდიული დახმარება შესთავაზა, თუმცა თავად რუსლან ჯაბნიძის თქმითი, მას არ აქვს გადაწყვეტილი მიმართავს თუ არა პროფკავშირებს იურიდიული დახმარებისთვის.

IMG13845-e1453127651767ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ ახორციელებს.  „ბათუმელები“ დაუკავშირდა „მეტროს“ წარმომადგენლებს, თუმცა კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: