მთავარი,სიახლეები

რა ღირს სკოლის დამთავრება

19.05.2016 • 3106
რა ღირს სკოლის დამთავრება

საჯარო სკოლებში ბოლო ზარი უკვე დაირეკა. ახლა მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებიან, რასაც საბოლოოდ სკოლის გამოსაშვები ბანკეტი დაასრულებს. სკოლების დუმეტესობას საბანკეტო დარბაზი ძვირადღირებულ სასტუმროებში აქვთ დაჯავშნული. რა უჯდებათ მოსწავლეებს სკოლის დასრულება და რატომ ჰგავს ყველა გამოსაშვები საღამო ერთმანეთს?

მირანდას კლასი გამოსაშვებ საღამოს სასტუმრო „ჰილტონში“ გეგმავს, სადაც ერთი მოსწავლის საბანკეტო მაგიდა 110 ლარი ღირს. ამ თანხაში არ შედის ვიდეოგადაღება და Dj-ის დაქირავება. როგორც მირანდა გვეუბნება, ბანკეტი მინიმუმ 300 ლარი მაინც დაუჯდება. „ამას ემატება გამოსაშვები საღამოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სალონის მომსახურება“, –  ამბობს მირანდა. თანხა იმის მიხედვით იზრდება, ვინ რა ღირებულების ჩასაცმელს და რამდენად პრესტიჟული სალონის მომსახურებას აირჩევს.

სასტუმრო „ლეო გრანდი“ თამთას კლასმა ხელმისაწვდომი ფასის გამო შეარჩია. რადგან ივენთმენეჯერის, დავით თომაშვილის თქმით, „კურსდამთავრებულებისთვის მიზერული მენიუა გათვლილი“. „მიზერული მენიუ“ – ერთ კაცზე 60 ლარია. ამ თანხაში არ შედის სასმელი, რისთვისაც მე-12 კლასელებს დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევთ.

„ცალკე გვიწევს მუსიკისა და ვიდეომომსახურებისთვის თანხის გადადება. საბანკეტო ტორტისა და რეპეტიციების ფულიც ცალკეა გადასახდელი. 200 ლარის დახარჯვას ვფიქრობ საბანკეტო კაბაში, 100 ლარი კი ფეხსაცმლისთვის მაქვს გათვალისწინებული. თუ დავამატებ ჩანთას, სალონს და სხვა წვრილმანებს, მთლიანობაში 600 ლარი მაინც მჭირდება გამოსაშვები საღამოსთვის“, –  გვეუბნება თამთა.

სასტუმრო „ლეო გრანდის“ საბანკეტო დარბაზი უკვე 36-მა სკოლამ დაჯავშნა.
რატომ არჩევენ მე-12 კლასელები ძვირადღირებულ საღამოებს და განიხილავენ თუ არა ალტერნატიულ წინადადებას კლასელებს შორის? „ორ ბავშვს უნდოდა ექსკურსიაზე წასვლა სხვა ქვეყანაში, მაგრამ უმრავლესობამ, მათ შორის მეც, ბანკეტის გადახდას დავუჭირეთ მხარი“, –  გვეუბნება მირანდა.

არის შემთხვევები, როცა ყველა ვერ წვდება გამოსაშვები საღამოს ხარჯებს, რაც დამატებით ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს. „ასეთ დროს რაღაც გამოსავალს მაინც ვპოულობთ. ჩვენს კლასში ორი და სწავლობდა, ამიტომ სასტუმროს მენეჯერს შევუთანხმდით, რომ ერთი თანხას არ გადაიხდიდა“, –  ამბობს მირანდა. იმ შემთხვევაში, თუკი კლასელი ფინანსების გამო უარს ამბობს ბანკეტზე წასვლაზე, თანაკლასელები ცდილობენ, მისი წილი ხარჯი გადაინაწილონ და კლასელი არ დატოვონ.

ალტერნატიული იდეები ჰქონდა თამთას კლასსაც, თუმცა არჩევანი მაინც ბანკეტზე შეაჩერეს. „ითქვა, რომ ამ თანხით, რომელიმე ქვეყანაში წავსულიყავით სამოგზაუროდ, მაგრამ ეს ვერსია საბოლოოდ გამოვრიცხეთ. მშობლებიც არ გაგვიშვებდნენ და უფრო ძვირიც დაგვიჯდებოდა. თუ თანხა მოგვრჩა, მაჭახელაში ვაპირებთ ექსკურსიას“.

გიორგი ამბობს, რომ გამოსაშვებ საღამოზე წასვლას საერთოდ არ აპირებს. „არ მიყვარს ასეთი რამეები და იმიტომ. ამდენი შესაძლებლობა არ გვაქვს, მშობლებიც ზედმეტად არ უნდა შევაწუხოთ“, –  გვეუბნება ის. კლასელებს ბანკეტის გადახდა „რედისონში“  უნდოდათ, თუმცა სიძვირის გამო უარი თქვეს. გიორგის აზრით, ოპტიმალური გამოსავალი ამ შემთხვევაში ექსკურსიაა. „უფრო საინტერესოც იქნება და უფრო დასამახსოვრებელიც“. 

როგორ აფასებენ გამოსაშვებ საღამოებს შარშანდელი კურსდამთავრებულები და მიაჩნიათ თუ არა საღამოსთვის გაღებული თანხა გონივრულ ხარჯად? 

„ჩემთვის ძალიან მაგარი იყო და ძალიან გვინდოდა ბანკეტი. საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო, მაგრამ გვიღირდა. ექსკურსიებზე ისედაც დავდიოდით, ეს უფრო ახალი იყო ჩვენთვის“, –  ამბობს თეონა. 

ელიკოს თქმით, მის კლასს ბანკეტი არ გაუკეთებია და სამდღიან ექსკურსიაზე წავიდნენ სამცხე-ჯავახეთში. „150 ლარი დაგვიჯდა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო. ამხელა ფულის სუფრაზე დახარჯვას ქველმოქმედება სჯობს ან ექსკურსია, თუმცა გემოვნების ამბავია“, – გვეუბნება ელიკო. 

სალომეც შარშანდელი კურსდამთავრებულია. მისი აზრით, სკოლის დამთავრება განსაკუთრებული დღეა და მისი აღნიშვნა ღირს, თუმცა ფორმატზე შეიძლება დავა. „ის, რაც წესად იქცა, მე არ მომწონს. ერთი საღამოსთვის 500-600 და მეტი ლარის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, – ვფიქრობ, განათლებაში ჩადებული ფული უფრო გონივრული ინვესტიციაა. 

კარგია გამოპრანჭული გოგო-ბიჭების ხილვა და ზეიმები, მაგრამ გასათვალისწინებელია დღეს არსებული სოციალური მდგომარეობა, ბევრი ოჯახისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამხელა თანხა და ვიღაცისთვის ეს ბანკეტი შეიძლება დისკომფორტად იქცეს“. 

სალომეს აზრით, გამოსაშვები საღამო უნდა იყოს „პატარა და ლამაზი, რისთვისაც მშობლებს არ მოუწევთ მთელი წლის დანაზოგის გადახდა“. 

ფსიქოლოგი მარიკა ნათაძე ჩვენთან საუბარში მიუთითებს, რომ სხვადასხვა კულტურაში მოზარდები ხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ სკოლის დასრულებას. „განსხვავებული კულტურა თავისთვის დამახასიათებელ ელემენტს სძენს ამ პროცესს. სავარაუდოდ, საქართველოშიც ამ სახით დანერგვას ხელს შეუწყობდა ჩვენი ტრადიციები. თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოზარდების ასაკში ყალიბდება იდენტობის განცდა, თანატოლების აზრი უპირატეს მნიშვნელობას იძენს, მოზარდების გარეგნობა, სხეულის აღქმა საკუთარ თავზე წარმოდგენის ნაწილად იქცევა. ამიტომ, გამოსაშვები საღამოც იძენს საკრალურ დატვირთვას და ყველაზე მთავარ იდეად იქცევა. აღიარების მოთხოვნილება, თანატოლებში მიმღებლობის სურვილი ჩვეულებრივი შეგრძენებებია და მოზარდებიც ცდილობენ გამოიყურებოდნენ ამ დღეს ისე, რომ არ გახდნენ ჩაგვრისა და დაცინვის ობიექტები. 

სკოლაში ბულინგი ყველაზე გავრცელებული ურთიერთობის სტილია და მოზარდებისათვის ჩაცმა ერთ-ერთი მიზეზი ხდება ჩაგვრისთვის. მნიშვნელოვანია მშობლებს გაცნობიერებული ჰქონდეთ მოზარდების ასეთი მტკივნეული ფიქრები და შფოთვა და გაგებით მოეკიდონ მათ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: