მთავარი,სიახლეები

გონიოს ყოფილ პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები იწყება

19.05.2016
გონიოს ყოფილ პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები იწყება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით გონიოში, ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება. „განაღმვითი-გაწმენდითი სამუშაოები აუცილებელი წინაპირობაა უახლოეს მომავალში საინვესტიციო პროცესების დაწყებისათვის. ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ტერიტორიას დღეს ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, შესაბამისად, განაღმვითი სამუშაოების ჩატარების პერიოდში საჭიროა მეპატრონეებმა საქონელი განარიდონ და იქვე მდებარე ალტერნატიული ტერიტორიები გამოიყენონ,“ – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

აჭარის მთავრობა მიმართავს გონიოს მოსახლეობას, ხელი შეუწყონ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც ეტაპობრივად, დაახლოებით სამი თვის მანძილზე გაგრძელდება.

„გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობა ქვეყნისათვის და უშუალოდ ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს,“ –  აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელი“ მუშაობს. „კონცეფციით განისაზღვრება, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის სამომავლო განვითარება,“ – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, განაღმვითი სამუშაოები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და ამისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 470 000 ლარი აქვს გამოყოფილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, პოლიგონის განაღმვითი სამუშაოებისთვის თავდაცვის სამინისტროს წელს 279 ათას 128 ლარი გადაეცემა, ხოლო გასულ წელს 220 ათასი ლარი გადაეცა, საიდანაც, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ათვისებულ იქნა 173 ათას 881 ლარი და 44 თეთრი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: