მთიანი აჭარა

გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში”

15.02.2016 •
გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში”

ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, დაინიშნა. დირექტორის შეცვლასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაშიც: 5 შტატით შემცირდა ადმინისტრაციის შემადგენლობა, რეორგანიზაციის გატარება დაგეგმილია გუნდშიც. ამ დროისთვის კლუბს ხელშეკრულება არც ერთ ფეხბურთელთან არ გაუფორმებია. ვის გაუგრძელდება ხელშეკრულება და ვინ დარჩება თამაშგარეთ, ამას, ადმინისტრაციის განცხადებით, 17 თებერვლამდე ჩატარებული თამაშები განსაზღვრავს.

შპს „ქედის საფეხბურთო კლუბ ბეთლემის~ დირექტორად ქედის გამგებლის მოადგილის მამუკა ფარტენაძის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, ოფიციალურად 10 იანვარს დაინიშნა. მანამდე დირექტორის თანამდებობას საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაში ედიშერ კაკაბაძე იკავებდა, რომელსაც გუნდში დირექტორობამდე მწვრთნელის პოზიცია ეკავა.

სამი წელია რაც „ბეთლემი~ პირველ ლიგაში თამაშობს, გასული წლის თამაშების შედეგებით კი საფეხბურთო კლუბი ქვეყნის მასშტაბით პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის თამაშები რამდენიმე დღეში დაიწყება, „ბეთლემის“ გუნდის შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არ დაკომპლექტებულა, კლუბს ხელშეკრულება გასულ წელს გუნდში მოთამაშე 27 ფეხბურთელიდან არც ერთთან არ გაუგრძელებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ადმინისტრაციას გუნდის დაკომპლექტება ადგილობრივი კადრებით სურს, თუმცა ამ ინფორმაციას ადმინისტრაციაში ოფიციალურად არ ადასტურებენ. ახალდანიშნული დირექტორი ნაზიმ ფარტენაძე ამბობს, რომ ფეხბურთელების შერჩევაში არ ჩაერევიან და ვინ ითამაშებს გუნდში და ვინ არა – ამას მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ კუნჭულია გადაწყვეტს.

„გასულ წელს ბეთლემში 27 ფეხბურთელი თამაშობდა, მათგან ადგილობრივი მხოლოდ რამდენიმე იყო. წელს ხელშეკრულება ფეხბურთელებთან ჯერ არ გაგვიფორმებია, ჩვენ შეგვიძლია გუნდში 30 ფეხბურთელი გვყავდეს, თუმცა, ვფიქრობთ, მაქსიმუმ 22 ფეხბურთელით დაკომპლექტდეს გუნდი. ხელშეკრულებას იმ ფეხბურთელებთან გავაფორმებთ, რომლებიც კარგ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას აჩვენებენ თამაშებში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება. ვინ ითამაშებს გუნდში, ამას საბოლოოდ მთავარი მწვრთნელი ავთანდილ კუნჭულია გადაწყვეტს. ქედელი ფეხბურთელები გუნდს ვერ ავსებენ, შესაბამისად, მოწვეული ფეხბურთელები აუცილებლად იქნებიან, ჩვენ არავისთან არ შეგვიწყვეტია ხელშეკრულება“, – ამბობს ნაზიმ ფარტენაძე.

ავთანდილ კუნჭულია კი ამბობს, რომ გასულ წელს მოთამაშე 27 ფეხბურთელიდან კონტრაქტი წელს შვიდს შეუწყვიტეს, ფეხბურთელების შერჩევისას კი აქცენტი ადგილობრივ კადრებზე გაკეთდება. „წელს ქედის ბეთლემი ორ ასაკობრივ გუნდს დააფინანსებს. ვცდილობთ, ადგილზე აღვზარდოთ პროფესიონალი კადრები, გუნდებს ფორმებს შევუძენთ და გადაადგილების ხარჯებს დავუფინანსებთ, გვინდა „ბეთლემს“ ჰყავდეს ქედელი ფეხბურთელები, თუმცა ოცივე ფეხბურთელი ქედელი ვერ იქნება. წლევანდელ თამაშებში ხუთი ადგილობრივი ითამაშებს, გადაწყვეტილია, რომ გუნდში დარჩება ფერადკანიანი ტელა მაგნოლიც, დანარჩენ თოთხმეტს კი მოწვეული ფეხბურთელებიდან შევარჩევთ. რაც შეეხება შვიდ ფეხბურთელს, მათგან სამს ჩვენ შევუწყვიტეთ კონტრაქტი, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ, არ მინდა ითქვას, კუნჭულიამ დაიწუნა და სხვა გუნდმა მიიღოს ფეხბურთელი, ან პირიქით არ მიიღოს. ფეხბურთში ასეთი საუბარი არ შეიძლება, დანარჩენი ოთხი თავისი სურვილით წავიდა გუნდიდან“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი.

`ბეთლემის~ ყოფილი დირექტორი და მწვრთნელი ედიშერ კაკაბაძე ამბობს, რომ ფეხბურთელთა გადახალისება გუნდისთვის ხელსაყრელია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამისთვის მინიმუმ ხუთი თამაშია საჭირო. „გუნდის გადახალისება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფეხბურთელს ერთი და ორი თამაშით ვერ შეარჩევ, შეიძლება ერთ თამაშში ვერ ითამაშოს, მაგრამ მეორე თამაშში კარგი შედეგი აჩვენოს. ფეხბურთელის შერჩევისთვის მინიმუმ ხუთი თამაშია საჭირო“, – ამბობს ის.

ადგილობრივმა, ქედელმა ფეხბურთელმა, რომა ქობულაძემ ჩაანაცვლა მთავარი მწვრთნელის მოადგილე რამაზ სამნიძე. ავთანდილ კუნჭულიას თქმით, რამაზ სამნიძე გასულ წელს საფეხბურთო კლუბში მწვრთნელის მოადგილესთან ერთად სპორტული დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.

ვიდრე ქედაში ფეხბურთელებს შეარჩევენ, საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დასრულდა და 17 საშტატო ერთეულიდან ადმინისტრაციაში ხუთი შტატი გაუქმდა. საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციასა და გუნდში მიმდინარე რეორგანიზაციას დირექტორი საჭიროებით ხსნის. „ბეთლემის“ ყოფილი დირექტორის ედიშერ კაკაბაძის გათავისუფლების მიზეზად ადმინისტრაციაში სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ, პირად საუბარში ამბობენ, რომ მას მწვრთნელთან ხშირი უთანხმოება ჰქონდა, რაც დირექტორის მწვრთნელის საქმიანობაში ჩარევით იყო გამოწვეული.

„ბეთლემის“ ფეხბურთელი და დღეს უკვე მთავარი მწვრთნელის მოადგილე რომა ქობულაძე ამბობს, რომ დირექტორსა და მწვრთნელს შორის დაპირისპირება არასდროს ყოფილა. „არ ვიცი, ედიშერ კაკაბაძის გათავისუფლების მიზეზი, კონფლიქტი და დაპირისპირება გუნდში არასდროს ყოფილა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ“, – ამბობს რომა.

თავად ედიშერ კაკაბაძე ამბობს, რომ დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
კითხვაზე, რამ განაპირობა რეორგანიზაციის გატარება საფეხბურთო კლუბში და რა დამსახურებით დაინიშნა შპს-ს დირექტორად, ნაზიმ ფარტენაძე პასუხობს:

„პრობლემები იყო გუნდში, კადრები ბლომად, დაფინანსება – ცოტა, მოედანს ხუთი მომვლელი ჰყავდა, რაც საჭირო არ იყო, სწორედ აქედან გამომდინარე შევამცირეთ შტატები, არსებული საშტატო შემადგენლობა სრულიად საკმარისია და პასუხობს მოთხოვნებს, ადმინისტრაციასთან ერთად საჭირო იყო გუნდის გადახალისება, რაც შეეხება ჩემ დანიშვნას დირექტორის თანამდებობაზე, ჩემი შვილის, არჩილ ფარტენაძიდან გამომდინარე მოხდა, როგორც იცით, ჩემი შვილი არჩილი თამაშობდა გუნდში, გუნდის კაპიტანი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ გუნდის გადაწყვეტილებით და მათი სურვილით დავინიშნე დირექტორად“.

საფეხბურთო კლუბი ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წელს გუნდის დასაფინანსებლად 385 000 ლარი გამოიყო, ფეხბურთელის მაქსიმალური ხელფასი აქ – 1000, მინიმალური კი 600 ლარია, რასაც ემატება პრემია, რომელსაც ფეხბურთელები თამაშის შემდეგ, თამაშის ხარისხის მიხედვით იღებენ. მთავარი მოთამაშე პრემიის სახით – 300-ს, შემცვლელი მოთამაშე კი 150 ლარს იღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: