კვირის ამბები,მთავარი

რა ელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს

19.05.2016 • 3166
რა ელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ძველი [რუსთაველის ქუჩაზე უნივერსიტეტის გვერდით] და ახალი [მწვანე კონცხზე] შენობების სარემონტო სამუშაოებზე 720 000 ლარი იხარჯება. ბსუ-ს კანცლერის, ჯემალ ანანიძის თქმით, ამ თანხაში შედის სპეციალური ცენტრების მოწყობაც, რაც ასევე საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს.

ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი 2008 წლიდან მწვანე კონცხზე, ხუთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს. საერთო საცხოვრებლის დირექტორის, თემურ გოგიტიძის ინფორმაციით, შენობა 150 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა აქ ამჟამად 49 სტუდენტი ცხოვრობს.

20160512_143545

ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხზე / ფოტო: თედო ჯორბენაძე

როგორც ბსუ-ს კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა მიღების განსაზღვრული კრიტერიუმები არ აქვს – მომართვის საფუძველზე ყველას ეძლევა ნებართვა. თვიური გადასახადი 15 ლარია. საერთო საცხოვრებელს ემსახურება მიკროავტობუსი დღეში ორჯერ, დილით და საღამოს – უნივერსიტეტამდე და პირიქით.

უნივერსიტეტის კანცლერის თქმით, მწვანე კონცხის საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად მუშაობს. გარდა ამისა, ირგვლივ არ არის მარკეტი ან სხვა ტიპის დაწესებულება, პური რომ დასჭირდეთ, იმის ყიდვის საშუალებაც კი არაა“, – თქვა ჯემალ ანანიძემ და დაამატა, რომ სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა ბათუმში გამოიყოს საერთო საცხოვრებლისთვის შენობა, ეზოთი და მიმდებარე ტერიტორიით [„აუცილებელია ეზო და მიმდებარე ტერიტორია, სტუდენტებს სპორტული ცხოვრებაც რომ ჰქონდეთ“].

კანცლერის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვიერი დაპირება აქვთ, რომ ეს საკითხი განიხილება: „უახლოეს პერიოდში არ ველით, რომ რაიმე ფართობი გამოინახება, ეს ასე მარტივი არ არის… გადმოსვლას რაც შეეხება, სწავლების რომელ თაობას მოუწევს ან ჩემი კანცლერობის პერიოდში მოხერხდება თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ წელს ვიწყებთ განახლებით სამუშაოებს, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად უნდა მოვაწესრიგოთ საერთო საცხოვრებლებში“.

მარიამი, ბსუ-ს პირველი კურსის სტუდენტი, საერთო საცხოვრებელში უკვე მესამეა თვეა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ საერთო საცხოვრებლის პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, თუმცა არსებობს პრობლემებიც…
მარიამის მიერ დასახელებულ პრობლემებზე ჯემალ ანანიძემ თქვა, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, რაც 40 000 ლარი დაჯდა. მაგრამ პრობლემად რჩება სამზარეულოს ინტერიერის რეაბილიტაცია და ასევე სველი წერტილები, რომლებიც გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში 30-მდე ელექტროღუმელი შეიტანეს, საკმარისი არ იყო. შესაბამისად, შიდა გათბობის სისტემის მოწესრიგებაც იგეგმება. ასევე დაგეგმილია ეზოს მოწესრიგება. კანცლერი ამბობს, რომ ყველაფერი წელს, ოქტომბრამდე უნდა მოესწროს, რაც დაახლოებით 60-70 ათასი ლარი დაჯდება.

20160513_180054

ბსუ-ს ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა რუსთაველის ქუჩაზე

უფრო მალე უნდა დასრულდეს საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე. ჯემალ ანანიძის თქმით, ამ შენობის პროექტი გასულ წელს შედგა, თუმცა გარკვეული ხარვეზების გამო ძირითადად წელს ამუშავდება.

პროექტი შეიცვალა იმ ხუთი ოჯახის გამოც [ანანიძის თქმით, მათ შორის არიან უნივერსიტეტის თანამშრომლებიც], რომლებსაც შენობაში 50-მდე ოთახი აქვთ უკანონოდ დაკავებული. კანცლერის თქმით, ამ ეტაპზე სასამართლო დავა მესამე ინსტანციაში მიმდინარეობს [პირველ ორ ინსტანციაში არ დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნა საკუთრების აღიარებაზე] და თუ სასამართლო უნივერსიტეტის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, იმ ფართობის რეაბილიტაციის პროექტი ცალკე იქნება შესადგენი.
მანამდე კი შენობაში ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტი გაფართოვდება. ასევე მოეწყობა სასტუმროს ტიპის ოთხი 25-კვადრატული მეტრი ოთახი, სადაც მოწვეული სტუმრები თუ ლექტორ-მასწავლებლები დაბინავდებიან. ასევე ამ შენობაში გადაინაცვლებს – უცხოენოვან სტუდენტებისთვის ქართული ენის სასწავლო თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა კურსები. მოეწყობა სტუდია ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, კანცლერის თქმით, იგეგმება სტომატოლოგიური კლინიკისა და სოციალურ ფაკულტეტთან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გახსნა. ცენტრი 6-წლამდე დაუნის სინდრომის მატარებელ ბავშვებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსებს ჩაუტარებს.

„ვაწყობთ ინფრასტრუქტურას, შეიქმნა კომისია სოციალური ფაკულტეტის პროფესორებისა და საკრებულოს, მერიის თანამშრომლების ჩართულობით. ისინი მუშაობენ პროგრამაზე. ანალოგიური პროგრამა მოქმედებს თბილისში და პარალელს გაავლებენ ან უკეთესი პროგრამა გამოვა; ცენტრის თანადაფინანსებაში, პირველ ეტაპზე, ბათუმის მცხოვრებლები უნდა ჩაერთონ, რადგან ძვირი ჯდება… სარემონტო სამუშაოებიც მაის-ივნისში დამთავრდება. შესაბამისად, რამდენიმე კარგი ცენტრი შეემატება ქალაქს“, – თქვა ჯემალ ანანიძემ. მისივე თქმით, ამ პროექტის ღირებულება დაახლოებით 650 000 ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: