სპორტი

ქვიშის ფეხბურთის პერსპექტივა საქართველოში [ვიდეო]

28.08.2015 • 2848
ქვიშის ფეხბურთის პერსპექტივა საქართველოში [ვიდეო]

ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის გუნდი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება

ქვიშის ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ილეთი „მაკრატელაა“. „მაკრატელა“ ჰაერში სრულდება. ამ დროს ფეხბურთელი მიწას სწყდება, ჰაერში მოძრავ ბურთისკენ ხტება და სწრაფი და ძლიერი დარტყმით კარისკენ აგზავნის ბურთს. მოთამაშე ტანით ეცემა ქვიშაში. ქვიშა ყველა მიმართულებით ცვივა. თუკი ზუსტად დაარტყა ფეხბურთელმა ბურთს ფეხი, მის ქვიშაზე დაცემამდე ბურთი ბადეშია გახვეული, სკამებზე მსხდარი ხალხი კი სანახობისგან აღფრთოვანებული წამებში ფეხზე დგას.

„ბურთი უნდა გქონდეს სულ მაღლა ჰაერში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკასა და ფიზიკურ მომზადებას. აქ პლაჟია, სილაა, მუსიკაა, რაც სანახაობრივს ხდის ჩვენს თამაშს. თუმცა კოჭებამდე სილაში ვთამაშობთ და სამმაგი ძალის დახარჯვა გვიწევს, ვიდრე მინდვრის ფეხბურთზე თამაშის დროს. მაქსიმუმ ორი-სამი წუთი ითამაშო, მერე ფეხბურთელის შეცვლაა საჭირო. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გამძლეობას“, – გვიყვება საპლაჟო ფეხბურთის გუნდის – ბათუმის „დინამოს“ 29 წლის უხუცესი წევრი ლევან ნადარაია, რომელიც საპლაჟო ფეხბურთს ბათუმში დაარსების დღიდან, მეხუთე წელია თამაშობს.

საპლაჟო ფეხბურთის გუნდის ფეხბურთელები ბულვარში, ზღვის პირას მდებარე ქვიშის მოედანზე ყოველ საღამოს, შვიდ საათზე დადიან და 2-7 სექტემბერს ბათუმში გასამართ საერთაშორისო ტურნირისთვის ემზაებიან. მათი მთვარი მწვრთნელი ნიკოლოზ თოდაძე ამბობს, რომ ტურნირი ახლოსაა, ამიტომ მხოლოდ ერთჯერადი, დღეში საათ და 45-წუთიანი ვარჯიშებით შემოიფარგლებიან:

„ქვიშის ფეხბურთის ვარჯიშები განსხვავდება მინდვრის ფეხბურთის ვარჯიშებისგან. მთელი თამაშის მანძილზე ბურთი ჰაერშია, ამიტომ ვარჯიშებიც მორგებულია ამ ტექნიკაზე. ვარჯიშის გეგმას მე თვითონ ვწერ, ვიზიარებ უცხოურ გამოცდილებასაც. სხვა ქვეყნებში როცა მივდივართ, ვაკვირდები იქაურ ვარჯიშებს და მერე ჩემი იმპროვიზაციით ვქმნი. არის სტანდარტული ვარჯიშებიც, რომელიც ერთნაირად სრულდება დიდ ფეხბურთში, მინი-ფეხბურთსა და ქვიშის ფეხბურთშიც“.

22 წლის გოჩა ბერიძე ექვსი თვეა შეუერთდა საპლაჟო ფეხბურთის გუნდს, მანამდე კი ბათუმის „დინამოში“ მინდვრის ფეხბურთს თამაშობდა.

„ორი კვირის წინ დავიწყეთ ამ ტურნირისთვის მზადება. ვიბრძვით მხოლოდ გამარჯვებისთვის – პირველი ადგილისთვის და არავითარი სხვა. ამიტომ ვემზადებით ასე მონდომებით“, – გვეუბნება გოჩა.

გოჩა ბერიძისა და ლევან ნადარაიას გარდა ამ ტურნირისთვის კიდევ 13 ფეხბურთელი ემზადება: მეკარეები – კარენ მინასიანი, რომან ასლანიანი,  გუნდის კაპიტანი ზაურ კეკელიძე, ვაჟა ივანიაძე, კახი თოდაძე, დავით ნუნიძე, ლეო ფარტენაძე, გოჩა მახარაძე, ივერი ბერიძე, მიხეილ (მიშა) დავითაძე, ალეკო ნაკაშიძე, ზურაბ (ზურა) შამილაძე, ნუკრი გოგუაძე.

საპლაჟო ფეხბურთის ეს გუნდი საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ბაზაზეა შექმნილი, დაფინანსებასაც კლუბისგან იღებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აჭარის ნაკრების სახელით ასპარეზობს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი აფინანსებს მას.

2-7 სექტებმრის ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ორი გუნდი საქართველოდან, დანარჩენი ექვსი კი ირანიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ტუნისიდან და ყაზახეთიდან იქნებიან. ამ საერთაშორისო შეჯიბრების ხარჯი, რომელიც 28 200 ლარია, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრიდან გამოიყოფა. სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ტენდერი 18 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში კომპანია შპს „საქართველოს სპორტის სააგენტომ“ გაიმარჯვა.

ეს თანხა გადანაწილებულია მსაჯების ანაზღაურებაზე, რომელთა შორის ერთი ფიფას მსაჯიც იქნება, უცხოური გუნდების სასტუმროსა და ტრანსპორტირების მომსახურებაზე, ასევე პრიზების – მედლების, თასებისა და სიგელების დამზადებაზე.

როგორც სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზვიად მელიქაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ეს ტურნირი ცენტრის ორგანიზებით პირველად ტარდება.

გუნდის დირექტორის კახა მიქელაძის ხედვით, ქვიშის ფეხბურთი არამარტო სანახაობრივი, არამედ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების კუთხითაც: „ფეხბურთი მოიცავს სამ ელემენტს“, – ამბობს ის.  „თვითონ სპორტს, გართობასა და ტურიზმს. დიდი ყურადღება ექცევა სპორტის ამ სახეობის განვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც ტურიზმი არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენთან არც ისე განვითარებულია ქვიშის ფეხბურთი – 5 წლის წინ დაიწყეს მუშაობა ბათუმის „დინამოს“ ამჟამინდელმა, ერთ-ერთი ასაკობრივი საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯაბა ჭანტურიამ და პლაჟის ფეხბურთის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ (ნიკა) თოდაძემ. უანგაროდ, მხოლოდ ენთუზიაზმით, მათ შექმნეს ის სიტუაცია, რომ ბათუმში დღეს ტარდება არაერთი ტურნირი, მათ შორის საერთაშორისოც. საპლაჟო ფეხბურთი შევიდა ოლიმპიურ სახეობებში, წელს ის წარმოდგენილი იყო ბაქოს ოლიმპიურ თამაშებზე. ამიტომ ერთგვარი მოკლე გზაც არის ჩვენი ქვეყნის რეკლამირებისთვის. დიდ ფეხბურთში ვერ ვაღწევთ ისეთ წარმატებებს, რომ ვიასპარეზოთ ევროპის წამყვან შეჯიბრებებში, ეს გვაძლევს საშუალებას გავიდეთ ევროსარბიელზე და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს ჩვენი ქალაქი. ევროპის ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობას თუ მოვიპოვებთ, რომელიც 2016 წლის მაისის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე იქნება, აქ ჩამოვა 27 გუნდი. გვქონდა საუბარი ფიფას მასობრივი ფეხბურთის კომიტეტის ხელმძღვანელობასთან. გვთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს, რომ ბათუმმა უმასპინძლოს ევროპის სანაკრებო ან საკლუბო ტურნირს, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის – ფიფას ეგიდით ორგანიზებული ტურნირების დროს ფიფა ღებულობს ვალდებულებას წამყვან სატელევიზიო არხებზე განათავსოს რეკლამა“.

ბათუმის „დინამო“ წელს პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონთა თასზე, რომელიც 2-7 ივნისს ქალაქ კატანიაში გაიმართა. ტურნირი არ მოუგიათ, მაგრამ გუნდში ამბობენ, რომ ეს დიდი გამოცდილება იყო მათთვის. შემდეგ, 8-14 ივლისს ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ბათუმის `დინამომ~ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. აჭარის ნაკრები, რომელიც ძირითადად ისევ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ იტალიაში გაემგზავრა ხალხთაშორის მეგობრობის ტურნირზე, ქალაქ სანელპიდიოში. მასში ხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობდა. აჭარის ნაკრებმა მეოთხე ადგილზე გასვლა შეძლო. ამ ტურნირში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები – როგორიცაა „რომას“ ყოფილი თავდამსხემლი მარკო დელვეკიო, „იუვენტუსის“ ყოფილი ლეგენდა ანჯელო დი ლივიო და საფეხბურთო სამყაროს სხვა ცნობილი პირები.

„ბათუმის „დინამომ“ წელს ერთი ამოსუნთქვით მოიგო საქართველოს პირველობა“, – ამბობს კახა მიქელაძე და დასძენს, რომ ეს გუნდის აქტიური ვარჯიშისა და ტურნირებში მონაწილების შედეგია. „კატანიაში ერთგვარი სურპრიზიც შესთავაზა ორგანიზატორებს, რადგან დებიუტანტმა ბათუმის „დინამომ“ პირველივე შეხვედრის მოგება მოახერხა ბულგარეთის ჩემპიონ „ოდესოსთან“. ის, რომ ჩვენი გუნდი არ გამოაკლდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ბათუმის მერიისა და საკრებულოს დამსახურებაა“.

ბათუმში საპლაჟო ფეხბურთის დამაარსებლისა და აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯაბა ჭანტურიას აზრით, იმისთვის, რომ საპლაჟო ფეხბურთი ეროვნული მასშტაბით განვითარდეს, საჭიროა საპლაჟო ფეხბურთი საქართველოს ეროვნული ფედერაციის პატრონაჟის ქვეშ იყოს, ისევე როგორც მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთია ფიფას შემადგენლობაში და მისი ორგანიზებით ტარდება მსოფლიო ჩემპიონატიც:

„გვაქვს რესურსი განვავითაროთ საპლაჟო ფეხბურთი ანაკლიაში, ფოთში, დიდი სურვილი არის თბილისის ზღვაზეც მოეწყოს ანალოგიური ინფრასტრუქტურა. მთავარია, ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია დაინტერესდეს. „ფიფა“ და საპლაჟო ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენ გვავალდებულებს დავიწყოთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება უფრო ფართო მასშტაბით. ჩვენ ვართ რეგიონული ფედერაცია, ფიზიკურად ვერ შევძლებთ ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებას, ამის გაკეთების საშუალებას არც იურიდიუილი სტატუსი გვაძლევს. საქართველოს ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება, დაფინანსება და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებზე მონაწილეობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ხარჯებით უნდა მოხდეს. ფედერაციაში ცოტა არასერიოზულად უყურებდნენ ამ სახეობის განვითარებას, ეს არის ფიფასა და უეფას მიერ აღიარებული სახეობა და მასობრივი ფეხბურთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ფუტსალთან და ქალთა ფეხბურთთან ერთად. ვფიქრობ, ახლო მომავალში ფიფა და უეფა რეკომენდაციით მიმართავს ეროვნულ ფედერაციას დაფინანსების მოსაცემად და ფედერაცია ჩვენსკენ მოტრიალდება“.

ლევანი ნადარაია მიიჩნევს, რომ ქვიშის ფეხბურთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება: „თავიდან რომ დავიწყეთ, ყველას ხუმრობა ეგონა. ახლა ყველა სერიოზულად უყურებს ჩვენს თამაშს. უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ სახეობით. ბათუმმა წამოიწყო ამ სახეობის განვითარება. მგონი თუ ჩაიდება დიდი სახსრები, დიდ შედეგს მოიტანს ტურისტული კუთხითაც“.

გუნდის დირექტორი კახა მიქელაძე ამბობს, რომ საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან ერთად, სამომავლოდ, ბათუმში ქვიშის სახეობების ცალკე კლუბის  შექმნაც იგეგმება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: