სიახლეები

სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი “აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ

20.05.2016 •
სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი “აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი რომან თავართქილაძე ამბობს, რომ სოფელში რამდენიმე ჭაობი [რომელსაც სარწყავად იყენებდა მოსახლეობა] და მინერალური წყლები [საანას აბანო, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა] მას შემდეგ დაშრა, რაც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის მშენებლობაზე გვირაბების გაყვანა დაიწყო.

რომან თავართქილაძის ოჯახს სასმელი წყალი 2014 წლის დეკემბერში შეუწყდა, რაზეც მან ხულოს საკრებულოსა და კომპანიას [„აჭარისწყალი ჯორჯია“] მიმართა. კომპანიის განმარტებით წყლის შეწყვეტა ან/და სოფელში ჭაოებებისა და მინერალური წყლების დაშრობა სამშენებლო სამუშაოებით არ იყო გამოწვეული. თუმცა მოქალაქესა და კომპანიას შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შუამდგომლობის შემდეგ, კომპანიამ წყლის მილებით და საფილტრი ავზით მუნიციპალიტეტის ცენტრალური ავზიდან მას და რამდენიმე ოჯახს წყალი მიუყვანა, რაც „კეთილი ნების სახელით გააკეთა“.

გვითხრეს, რომ ეს წყალი მოგიყვანეთ დროებით 3-4 თვითო. ბასეინი ამჟამად უკვე აღარ მოქმედებს. არც მაშინ მოდიოდა წესიერად,  ახლა სულ არ მოდის. წყალი და საფილტრი ავზი რად მინდა თუ წყალი არ მოდის?“, – ამბობს რომან თავართქილაძე.

„რაც შეეხება კონკრეტულად  სოფელ ოქრუაშვილებს, მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის მშენებლობასა და რამდენიმე ოჯახში წყლის დაკარგვას შორის მიზანშედეგობრივი კავშირი, შესწავლის თანახმად არ დადასტურდა, კომპანიამ ადგილობრივ გამგეობასთან ერთად, მაინც გააკეთა სპეციალური წყლის სისტემა და სასმელი წყალი მიუყვანა 5 ოჯახს. ვადასტურებთ, რომ სოფელ ოქრუაშვილებიდან, კომპანიაშიც შემოსულია რამდენიმე მოქალაქის საჩივარი წყლის დებიტის კლებასთან დაკავშირებით, რასაც ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად შევისწავლით“, – წერილობით გვიპასუხეს „აჭარისწყალი ჯორჯიადან“.

რომან თავართქილაძის თქმით გვირაბებიდან გამომდინარე წყალი, რომელიც მდინარეში ჩაედინება – მომწამვლელია. კომპანიის მიერ გაკეთებული სპეციალური სალექარები კი არ არის ეფექტური:  „ვითომ გაკეთებულია სალექარები, მაგრამ იმდენად დიდი ნაკადით მოდის ეს გათეთრებული, დაბინძურებული წყალი, რომ მისი გაფილტრვა იმ სალექარებში შეუძლებელია და პირდაპირ ჩაედინება მდინარეში. იქ თევზი ვერ გადარჩება“. 

„რაც შეეხება გვირაბიდან გამომავალ წყლებს, ისინი სპეციალური სალექარების საშუალებით იფილტრება და შემდგომ ჩადის მდინარეში. გარდა ამისა, წყლებს რეგულარულად უტარდება ანალიზი, რომლის დროსაც მოწმდება წყალში შეწონილი ნაწილაკებისა და წყლის ტუტე მჟავიანობის (pH) შემცველობა. დღემდე გადაჭარბების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, წყლის ანალიზი რამდენჯერმე ჩაატარა გარემოს დაცვის ინსპქეციის აჭარის ფილიალმა, რომლის მიხედვითაც არცერთხელ ზღვრულად დასაშვები ნორმების გადამეტება არ დაფიქსირებულა“ – აღნიშნულია „აწარისწყალი ჯორჯიას“ საპასუხო წერილში.

მოქალაქე რომან თავართქილაძეს დახმარებას კვლავ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქრთველო“ უწევს – „თვითონ მოქალაქე ჩივის რომ წყლის მიწოდების შეწყვეტა ერთია, მეორე ჭაობები დაშრა, რეალურად ის ტენიანობა რასაც ინარჩუნებდა ის ადგილი ქრება. შესაბამისად მოსავლიანობაც აღარ იქნება და ეს იქნება ერთგვარი საფუძველი მათი სოფლის დაცლის. სიღრმისეული ანალიზი ითხოვს გეოლოგების,  სპეციალისტების ჩართვას, რათა შეფასდეს რისკები და უკვე დამდგარი შედეგი.  მოვამზადეთ დოკუმენტაცია და მივმართეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს,  არჩილ ხაბაძეს, რომ მან უშუამდგომლოს, ან დაიცვას ამ მოქალაქის უფლებები კომპანიის წინაშე. თუ ნამდვილად დადასტურდება კომპანიის სამუშაოებსა და წყლის მიწოდების შეწყვეტას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი, მაშინ არსებული მემორანდუმისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, რა პასუხისმგებლობაც აქვთ აღებული მთავრობას და კომპანიას უნდა შეასრულონ და აღუდგინონ წყალი“ – ამბობს ორგანიზაციის აჭარის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.

მისივე თქმით, შესაძლოა ის პრობლემები, რაც სოფელ ოქრუაშვილებში დგას, კომპანიის საქმიანობით გამოწვეული არც იყოს, მაგრამ რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ადგილობრივების მხრიდან,  კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს: „ოღონდ ისე რომ მოქალაქეების ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი და კომპანიის მიერ გამოგზავნილი პასუხები გასაგები იყოს მათთვის. აქამდე მოსული წერილობითი პასუხი შეიცავდა აბსოლიტურად ტექნიკურ საკითხებს – ტერმინებს, ნახაზებს… რისი გაგებაც საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას, რომელიც ცხადია არც ჩვენ და არც მოქალაქეს არ გვაქვს. ეს მოითხოვს სპეციალისტის ჩართვას“. 

როგორც მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“  უთხრეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წერილი მთავრობის თავმჯდომარის სახელზე 13 მაისს შევიდა და რეაგირების ვადა ჯერ არ ამოწურულა.

რომან თავართქილაძის თქმით, იგი მეზობლებთან ერთად ითხოვს საკითხის საფუძვლიან მოკვლევას, წყლების მიწოდების აღდგენას ან და შესაბამის კომპენსაციას. იგი სასურველი შედეგის მისაღწევად სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: