მთავარი,სიახლეები

პედაგოგების თვითშეფასების კითხვარს არავინ კითხულობს

19.05.2016 • 2672
პედაგოგების თვითშეფასების კითხვარს არავინ კითხულობს

თვითშეფასების კითხვარის შევსება მასწავლებლებისთვის აუცილებელია, თუმცა, როგორც სკოლის შეფასების ჯგუფის წარმომადგენლები გვეუბნებიან, მასზე წვდომა პედაგოგების გარდა არავის აქვს, მათ შორის არც ფასილიტატორს და არც განათლების სამინისტროს. „შესაბამისად, რა და როგორ შეავსო პედაგოგმა, ამას ვერ ვხედავთ“, – გვეუბნება მე-2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. სავალდებულო კითხვარი სპეციალური კოდით არის დახურული.

თვითშეფასების კითხვარი არის პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სქემა, სადაც პედაგოგი ნაბიჯ-ნაბიჯ ასახავს საგაკვეთილო პროცესს, შედეგებსა და მიზნებს. როგორც აღმოჩნდა, პედაგოგის მიერ შევსებულ თვითშეფასების კითხვართან წვდომა მხოლოდ თავად ამ პედაგოგს აქვს და სხვა პირები მის მონიტორინგს ვერ ახორციელებენ. თუმცა, ამის შესახებ პედაგოგებს ინფორმაცია არ აქვთ.

„თვითშეფასების კითხვარს სკოლის სადამკვირვებლო ჯფუფი ამოწმებს. სამინისტრომაც არ უნდა შეამოწმოს? თუ ეგ გამიარა გულში, რომ ამას არავინ წაიკითხავს, ფურცლის გაშავებისთვის გავაკეთებ მხოლოდ,“ – ამბობს ირმა ცინცაძე, 28-ე საჯარო სკოლის საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

თვითშეფასების კითხვარზე აქვს თუ არა მის გარდა სხვას წვდომა, ბოლომდე ინფორმირებული არც მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი თინიკო ბერიძეა. „დირექტორმა და სასწავლო ნაწილმა გადაიკითხეს. სკოლის იქით არ ვიცი ვინმე კითხულობს თუ არა“, – გვეუბნება ის.

„ითქვა, რომ იქნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეაფასებს შევსებულ კითხვარს. სამინისტროსა და დირექტორს აქვს, რა თქმა უნდა, კოდი და ნახულობე“, –  ამბობს პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთინო რუსია.

თხილნარის საჯარო სკოლის პედაგოგი გულნაზ კარანაძეც ფიქრობს, რომ თვითშეფასების კითხვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში კითხულობენ „და წლის ბოლოს გააკეთებენ შეფასებას.“

მე-2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მირანდა გორგოშაძე, რომელიც სკოლის შეფასების ჯგუფის წევრია, გვეუბნება, რომ თვითშეფასების კითხვარზე წვდომა მათ არ აქვთ, ხოლო პედაგოგების საჭიროებებს პირადი საუბრებიდან იგებენ. „კერძო საუბრების დონეზე ხდებოდა აზრების გაზიარება. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე მასწავლებელმა კათედრაზეც დააყენა ის საკითხები, რაც კითხვარის შევსების დროს პრობლემურად ეჩვენა და მოხდა აზრთა გაზიარება. მაგრამ პრობლემის უფრო ფართო განხილვები არ ყოფილა“, –  გვეუბნება ის.

თვითშეფასების კითხვარის შევსებისას ყველაზე მეტად პედაგოგთან ფასილიტატორი მუშაობს. სწორედ ის ეხმარება პედაგოგებს ამ დავალების შესრულებაში, თუმცა როგორც მე-16 სკოლის ფასილიტატორი ია კუპრაძე გვეუბნება, თვითშეფასების კითხვარზე წვდომა პედაგოგის ნებართვის გარეშე არც მათ აქვთ.

„ჩვენ მხოლოდ მაშინ გვაქვს წვდომა, თუ მასწავლებელი გვანდობს და ძირითადად იმიტომ განდობს, რომ მას ეხმარები. სხვა შემთხვევაში, როგორც ფასილიტატორს, წვდომა არ მაქვს თვითშეფასების კითხვართან; კითხვარი დაცულია კოდით, რომელიც მხოლოდ პედაგოგისთვის არის ხელმისაწვდომი“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის, სოფო ლობჟანიძის განმარტებით, წელს პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარის ანალიზი არ იგეგმება. „ამ ეტაპზე ჩატარდა მხოლოდ მასწავლებელთა გამოკითხვა და შეიქმნა ფოკუსჯგუფები, შესაძლებელია მეორე ეტაპზე კითხვარის ანალიზი დაიგეგმოს. ჩვენთვის მთავარია, მასწავლებელი თვითშეფასების კითხვარის შევსების დროს ობიექტური იყოს“, –  ამბობს სოფო ლობჟანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ან ვინ უნდა დაადგინოს პედაგოგის ობიექტურობა, თუ არავინ ხედავს და აფასებს კითხვარს, სოფო ლობჟანიძე ამბობს, რომ ეს უკვე პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხია.

„თუ კითხვარი გულწრფელად არის შევსებული, პედაგოგის პრაქტიკა გაუმჯობესდება, თუ არ შეავსო გულწრფელად, თვითონ დაზარალდება“, –  ამბობს ის.
სოფო ლობჟანიძის თქმით, მომავალი წლიდან პედაგოგები თვითშეფასების ადაპტირებულ კითხვარს მიიღებენ. „გვქონდა შეხვედრები პედაგოგებთან, გამოკითხვის საფუძველზე ჩავატარეთ კითხვარის თვისებრივი და რაოდენობრივი კვლება, თუ რას ფიქრობენ პედაგოგები, სად წააწყდნენ სიძნელეებს, რა საჭიროებს ცვლილებას, რამ იმუშავა კარგად. ახლა მუშავდება ეს მონაცემები, ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა გონივრულ აზრს და მასწავლებლებს სექტემბერში დახვდებათ ადაპტირებული თვითშეფასების კითხვარი“.

როგორ შეაფასეს პედაგოგებმა თავიანთი პროფესიული შესაძლებლობები მიმდინარე წელს, რა სისუსტეები გამოავლინეს და რას მიიჩნევენ ძლიერ მხარედ, ამაზე ფასილიტატორები მხოლოდ ზეპირი გადმოცემით არიან ინფორმირებული.

„არსებითი პრობლემა, რაც პედაგოგებმა გამოკვეთეს, თვითშეფასების კითხვარის შევსებისას, ეს არის კლასის მართვა, აქტიური მოსმენის ტექნიკა და მესამე სერიოზული პრობლემა, –  განმავითარებელი შეფასების ტექნიკა. ჩვენთან 25-მა მასწავლებელმა თქვა, რომ პრობლემა აქვს კლასის მართვაში. სერიოზული პრობლემაა აქტიური კომუნიკაციაც, რადგან არ იციან, როგორ ჩართონ ბავშვები დიალოგში. ამიტომ მე დავამუშავე რობერტ მარზანოს არაჩვეულებრივი წიგნი „კლასის მართვა“, გავაკეთე სლაიდ-შოუ, კითხვები თვითშეფასებისთვის, მოვიწვიე პედაგოგები და მოვაწყვე პრეზენტაცია. ასევე ვაპირებ მუშაობას „აქტიური მოსმენის“ საკითხზეც, –  ამბობს ია კუპრაძე.

მირანდა გორგოშაძის თქმით კი, მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა თავიანთ პროფესიულ სისუსტედ სასწავლო რესურსების შექმნა დაასახელეს.

„ზოგიერთისთვის სირთულე იყო სასწავლო რესურსების შექმნა, ზოგისთვის კომუნიკაციის პრობლემა მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე. მე, პირადად, ჩემს სუსტ მხარედ შშმ ბავშვებთან მუშაობა მოვნიშნე. დავგეგმე აქტივობები, –  ტრენინგის გავლა, კოლეგებთან კონსულტაცია, შშმ ბავშვთა ცენტრში ვიზიტი და სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა, რომ შევცვალო ჩემი მიდგომები“.

პედაგოგი საგანმანათლებლო რესურსის შექმნას მულტიკულტურული მიმართულებითაც გეგმავს. „ჩვენს სკოლებში არიან განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მოსწავლეები. ამ ბავშვებმა თანასწორ გარემოში რომ იგრძნონ თავი, მათი კულტურის თუ რელიგიის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მოიტანონ სკოლაში და ისაუბრონ“, –  გვეუბნება მირანდა გორგოშაძე.

თვითშეფასების კითხვარის შევსების ვალდებულება პედაგოგებს 2015 წლის ოქტომბრიდან აქვთ. წელს, როგორც სკოლებში ამბობენ, კითხვარის შევსების ვადა უკვე ამოიწურა. თუმცა, როგორც სოფო ლობჟანიძემ განაცხადა, ზოგიერთი პედაგოგი სქემაში გვიან ჩაერთო და მათ ჯერ კიდევ აქვთ კითხვარის შევსების შესაძლებლობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: