გია ნოდია: რატომ უნდა აღმოვჩნდეთ რუსეთთან ერთად?! – აი, ეს იწვევს ჩემს შეშფოთებას

10 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კრებას არ დაესწრება.

„ის, რომ კრეტაზე არ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანმა ეკლესიამ და მათ შორის რუსეთმა, არის მართლმადიდებლური სამყაროს შიგნით სქიზმის ანუ გაყოფის საფრთხე. სწორედ ამ საფრთხის და ფაქტობრივი გაყოფის ფონზე, ჩვენ რატომ უნდა აღმოვჩნდეთ რუსეთთან ერთად?! – აი, ეს იწვევს ჩემს შეშფოთებას“ – ამბობს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ნოდია. მან 14 ივნისს „ბათუმელების“ შეკითხვას უპასუხა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ.

„მე ნამდვილად არ ვარ ეკლესიოლოგიის სპეციალისტი, მე ვიცი ის, რომ საუკუნეების შემდეგ არის საეკლესიო კრების მოწვევის და მართლმადიდებლურ სამყაროში დაგროვილი საკითხების გადაწყვეტის მცდელობა. ვიცი, რომ ეს კრება, შეიძლება ფორმალურად არ ჩაიშალა [შეიძლება მაინც ჩატარდეს], მაგრამ რეალურად ჩაიშალა იმ თვალსაზრისით, რომ გამაერთიანებელი გადაწყვეტილება დაგროვილი განსხვავებების ნიველირება თუ გაუქმება/გადაწყვეტა არ შედგება. ეს თავისთავად ნეგატიურია მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

მეორე, რაც შეიძლება საეკლესიო გეო-პოლიტიკად მოვნათლოთ და რასაც ყველაზე მეტად მიექცა ყურადღება, არის ის, რომ საქართველოს ეკლესია აღმოჩნდა, არა უბრალოდ იმ ეკლესიათა შორის, რომლებმაც რაღაც მიზეზით გადაწყვიტეს არ წასულიყვნენ კრეტაზე, არამედ ის აღმოჩნდა რაღაც ჯგუფში, რომლის დეფაქტო ხელმძღვანელიც არის რუსეთის ეკლესია, რაც ჩემი აზრით არ არის არანაირად გამართლებული.

რუსეთის ეკლესიას რომ ჰქონდა კრეტის კრების ჩაშლის მოტივაცია, ეს გასაგებია – მას აქვს მესამე რომად ქცევის პრეტენზია და ამბიცია. ამიტომ რუსეთის ეკლესიას არ მოსწონს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იწვევს კრებას და ის არის, ასე ვთქცათ, მართლმადიდებლური სამყაროს, თუ ლიდერი არა, ყოველ შემთხვევაში წინამძღოლი. რუსეთს უნდა, რომ ეს ინიციატივა თავის თავზე აიღოს და ის იქცეს მართლმადიდებლური სამყაროს წინამძღოლად. რუსეთის ეს პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენი ეკლესიის მოტივაცია გაუგებარია – რატომ უნდა აღმოჩნდეს ჩვენი ეკლესია იმ ჯგუფში, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი არის რუსეთის ეკლესია?! სწორედ ეს არის შემაშფოთებელი საქართველოს ეკლესიის მოტივაციის და პოზიციის ახსნისას“ – განაცხადა გია ნოდიამ „ბათუმელებთან.“

თეოლოგებმა, 9 ივნისს, გაავრცელეს ღია წერილი, სადაც მართმადიდებელი ეკლესიის სინოდს მიმართეს, რომ დასწრებოდნენ წმინდა და დიდ კრებას, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე, საბერძნეთში უნდა გაიმართოს

ღია წერილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პროექტის შესახებ – „აწარმოე საქართველოსთვის“

მარინე თურმანიძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი კაპრეშუმი

ბატონო დიმიტრი,

თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, სრულყოფილად ინფორმირებული  ვარ პროექტის შესახებ  – „აწარმოე საქართველოსთვის“. გასული წლის აგვისტოში სწორედ ამ პროექტს ვუწევდი პოპულარიზაციას  მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან – ფლაერებს ვავრცელებდი. ვიცი ასევე იმის შესახებ, რომ ამ პროექტით დიდად ამაყობთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე საჯაროდ გითხრათ ჩემი აზრი პროექტის შესახებ, რომელსაც ჰქვია – „აწარმოე საქართველოსთვის“.

როგორც ბევრმა სხვამ, 2015 წელს მეც დავწერე ბიზნეს-გეგმა. გადავწყიტე მომეწყო ფუნთუშების საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპრეშუმში. ტერიტორია მდებარეობს სამი სოფლის დასაწყისში.

ბიზნეს გეგმა დავწერეთ მე, ჩემმა შვილმა და ჩემმა მეგობარმა ქალბატონმა – გამოცდილმა მზარეულმა. იქვე ვაპირებდი სიმინდის წისქვილის ჩადგმასაც, რაც ძალიან მოთხოვნადია სოფლებში. პროექტის მიხედვით, საცხობისთვის ფართობი მე უნდა ამეგო თანადაფინანსების თანხით, ჩემი ძმაც დამეხმარებოდა.

ამ სოფლებში დაახლოებით 1500 ამომრჩეველი ცხოვრობს.

მაშინ ჩემი ბიზნეს-გეგმა მოიწონეს  „აწარმოე საქართველოსთვის“ კომისიამ და მეორე ეტაპზეც გადავედი. ჩამიტარეს ტრენინგები, რის შემდეგაც დავწერე უფრო დეტალური ბიზნეს-გეგმა, რასაც ითხოვდა პროექტის ფორმატი. პროექტმა გადალახა მეორე ეტაპიც და „აწარმოე საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მოვიდნენ სოფელში ადგილის დასათვალიერებლად. საღამო იყო. მგონი ამ ადგილს მათზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

რამდენიმე დღის შემდეგ, დაურეკეს ჩემს პარტნიორს, ქალბატონ რუსუდან დუმბაძეს და შესთავაზეს მოეძებნა ფართობი ბათუმის ტერიტორიაზე. მასვე უთხრეს, რომ პროექტის ფარგლებში მხოლოდ მას დააფინანსებდნენ, შესაბამისად, მე – არა.

ამბის უკეთ გაგების მიზნით დავურეკე ამ პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია შიშნიაშვილს და ვთხოვე დილით რომ მოსულიყვნენ ტერიტორის ხელახლა დასათვალიერებლად.

მერე ხან  ხან ცხელ ხაზზე ვრეკავდი, ხან ქალბატონ მაიასთან. ამ სატელეფონო გარკვევებში რამდენიმე თვე გავიდა. ბოლოს კი ქალბატონმა მაიამ მითხრა, რომ უფრო რეალისტური გეგმა დამეწერა – უარს არ გეუბნებით, გეგმა შეცვალეთ და დაგაფინანსებთო… ასევე მომთხოვეს, რომ საცხობი გამეხსნა არა სოფელში, სადაც 1500 ამომრჩეველი ცხოვრობს და პრაქტიკულად კონკურენტი არ მეყოლებოდა, არამედ ბათუმში.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მსგავსი დაწესებულებები, მაინც მოვძებნე ფართობი, სადაც გავყიდდი ფუნთუშებს. ეს იყო ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, პირდაპირ სკოლის წინ. ამ შემთხვევაშიც გათვლა გავაკეთე სკოლის მოსწავლეებზე. იდეა ასეთი იყო, – სოფელში იქნებოდა საცხობი, ხოლო ქალაქში – სასადილო-მაღაზია.

ამასობაში წელიც მიიწურა. მე ისევ არ მეუბნებოდნენ უარს, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ არ დამაფინანსეს.

გული არ გავიტეხე და მეორე განაცხადი 2016 წლის მარტში გავამზადე. იდეა იგივე იყო, მაგრამ უფრო დახვეწილი თანაც ყველა შენიშვნა, რაც მანამდე მომცეს გავითვალისწინე. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემმა პროექტმა ამჯერად პირველი ეტაპიც კი ვერ გადალახა  – ცოტა ხნის წინ სმს შეტყობინებით მამცნეს, რომ წელს ჩემმა ბიზნეს იდეამ, რომელიც გასულ წელს დაფინანსების ეტაპზე გავიდა დაიწუნეს.

ისევ დავურეკე ქალბატონ მაია შიშნიაშვილს და ვკითხე, რანაირად მოხდა, რომ წელს პირველი ეტაპიც ვერ გადალახა ჩემმა ბიზნეს იდეამ. იცით რა მიპასუხა – ალბათ გეგმა ვერ შეადგინეთ კარგად, გადავამოწმებ და დაგირეკავთო. ადრე მოწონებულ იდეას ახლა რა მოუვიდა? რატომ არ მომცეს შესაძლებლობა სოფელში გამეხსნა საცხობი, სადაც კონკურენტები არ მეყოლებოდა. რატომ არ მომცეს უფლება საწარმო გამეხსნა ისეთ ტერიტრიაზე, სადაც ფართობი არ მექნებოდა დასაქირავებელ?

დაპირების მიუხედავად ქალბატონ მაია შიშნიაშვილს არც ამჯერად დაურეკია. პროექტის დაწუნების მიზეზების გარკვევას დამპირდნენ ცხელ ხაზზეც, მაგრამ არაც მათ დაურეკიათ…

მე ქმარი 2009 წელს დამეღუპა საპატიმრო დაწესებულებაში. ის სრულიად ჯანმრთელი შევიდა ციხეში და მალევე გარდაიცვალა სასტიკ პირობებში. სამი ბიჭით დავრჩი მარტო, მარტოხელა ქალმა სამ პატარა ბიჭთან ერთად დღემდე მოვაღწიე…

ამას იმისთვის არ გწერთ, რომ ან თქვენ ან ვინმეს სხვას, მით უფრო ქალბატონ მაია შიშნიაშვილს შევაცოდო. მინდა იცოდეთ, რომ მე დაგიჯერეთ, ჩავთვალე, რომ სახელმწიფო ამჯერად მაინც დაგვიდგებოდა გვერდში მე და ჩემს შვილებს და ოდნავ მაინც გავიუმჯობესებდით ცხოვრების პირობებს.

ახლა თქვენ მინდა გთხოვოთ ბატონო მინისტრო, იქნებ გაარკვიოთ და სხვების მსგავსად ჩემი პროექტიც დააფინანსოთ.

45141

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იუსტიციის მინისტრს პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლე ქეთევან ერემაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრმა 11 ივნისს განმარტება ითხოვა – „არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი“. მოსამართლემ თქვა, რომ ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაა და ამ კოლეგიას პოლიტიკურ მიკერძოებულობას წინა ხელისუფლებაც აბრალებდა.

„ბატონი ნიკას პოლიტიკური ოჯახიც, ქალბატონი წულუკიანის მსგავსად, არც თუ ისე იშვიათად მაბრალებდა პოლიტიკურ მიკერძოებულობას მაშინდელი ოპოზიციის და მაშასადამე დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მიზეზი იყო იგივე – ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები. ნიკა გვარამია იყო პოლიტიკაში, ის იყო დეპუტატი, იღებდა კანონებს და მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი კანონი მივიჩნიეთ მაშინ არაკონსტიტუციურად. სტატისტიკის მიხედვით, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები გაცილებით უფრო მეტჯერ იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში,“ – აღნიშნა ქეთევან ერემაძემ.

მოსამართლემ თავისი 10-წლიანი მუშაობის პრაქტიკიდან პირველი საქმე გაიხსენა, სადაც მოსარჩელე პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იყო, იმ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენელი. „სარჩელი შეეხებოდა სასამართლო განხილვებში ზეპირ მოსმენებს. მაშინ ეს სარჩელი დაკმაყოფილდა პარლამენტის წინააღმდეგ და პარლამენტის დეპუტატი ნიკა გვარამია იყო“ – ამბობს მოსამართლე.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიამა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 11 ივნისს აღნიშნა: „ყურადღებით მოვისმენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნიშნით გამოარჩია მოცემული ორი საქმე და დაიწყო მათი სწრაფი განხილვა [საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ დავებზე] მაშინ, როცა სასამართლოს არ გადაუწყვეტია გაცილებით ადრე შესული 15-მდე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი”.

IMG_0008

მხოლოდ რუსული ფირნიშები ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე

მოქალაქემ, რომელმაც „ბათუმელებს“ იმის დამადასტურებელი ფოტოები მოაწოდა, რომ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მხოლოდ რუსულენოვანი ფირნიშებია განთავსებული, ითხოვა, რედაქციამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს. მისივე ინფორმაციით, ქობულეთის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე – რუსთაველზე ფირნიშები არათუ ინგლისურად, არამედ ქართულადაც კი არ არის. სამაგიეროდ – არის რუსულ ენაზე.

20160613_150653„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. გამგეობის პრესცენტრის თქმით, “რუსთაველის ქუჩაზე ახალი ფირნიშების განთავსებას მუნიციპალიტეტი გეგმავს მომავალი წლიდან. ხოლო რუსული ფირნიშები რამდენიმე ადგილას შემორჩენილია ძველი პერიოდიდან”.

 

 

მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

მოსამართლეთა არჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაიწყო არსებითი განხილვა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების”  მომზადებული სარჩელის, რომელიც მოსამართლის არჩევის მოქმედი წესის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

“სამი ყოფილი მოსამართლეა ამ სარჩელის კონკრეტული ავტორი. მათ რამდენჯერმე სცადეს გამხდარიყვნენ მოსამართლეები, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიღეს. პრობლემა არის ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ვინც ირჩევს მოსამართლეებს, არ აქვს არანაირი დასაბუთების ვალდებულება” – უთხრა „ბათუმელებს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

მოსამარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იღვევა “საქართველოს კონსტიტუციის” 29-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას, ასევე 42-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, პირს უნდა შეეძლოს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დაწუნებულ მოსამართლეობის კანდიდატს არ აქვს არც გასაჩივრების უფლება, რადგან მისთვის გაურკვეველია, რის გამო უთხრეს უარი.

საქმეზე მოპასუხე საქართველოს პარლამენტია. პარლამენტის წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. საია-ს იურისტი ამბობს, რომ პარლამენტს კანონის “საერთო სასამართლოების შესახებ” შეცვლა მოუწევს, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო  მათ სარჩელს დააკმაყოფილებს და მოსამართლის არჩევის წესი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდება.

გონიოელებმა მორიგეობა ბათუმის საკრებულოს შენობასთან დაიწყეს

გონიოელებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს. ისინი არ აპირებენ დაშლას, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია სხდომას არ გამართავს და გონიოს მიწების საკითხს არ განიხილავს. საკრებულოს წინ გაშლილ ლეიბებზე გაწოლილი რამდენიმე გონიოელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შიმშილობასაც დაიწყებენ.

„საკრებულოს წევრებისგან ვერ მივიღეთ პასუხი, გვატყუებენ. ირაკლი ჭეიშვილიც დამპირდა, რომ მაისის ბოლომდე იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. პატიოსანი კაცი მეგონა, მაგრამ მის პატიოსნებასაც გაუვიდა ვადა” – მიმართა საკრებულოს მეგაფონიდან ენვერ ირემაძემ, გონიოს მკვიდრმა.

გონიოელები საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომის გამართვას 2014 წლის ნოემბრიდან ელოდებიან, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის სპეციალურმა კომისიამ დასკვნა დადო. დასკვნის მიხედვით, 479 ოჯახიდან 307-ისთვის ქონების ჩამორთმევის მართლზომიერების საკითხი ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უნდა შეისწავლოს. ამ კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილია. ის ირაკლი მიქელაძესთან ერთად [გონიოს მაჟორიტარი ბათუმის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე] გონიოელებს საჯაროდ მიმდინარე წლის 2 მარტს შეხვდა, მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ. მაშინ კინწურაშვილმა შეკრებილებს უთხრა, რომ სადავო მიწა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის და 8 თვის განმავლობაში ამ უწყებასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. კომისიის თავმჯდომარე აქციის მონაწილეებს იმ პირობით დაემშვიდობა, რომ უახლოეს დღეებში კომისია შეიკრიბებოდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა.

რატომ ვერ შეასრულა საჯაროდ გაცემული პირობა ბათუმის საკრებულომ და განსაკუთრებით – საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ? – კითხვაზე პასუხი საკრებულოდან ჯერ არავის გაუცია. საკრებულოს პრესსამსახური კომენტარს დღის ბოლომდე დაგვპირდა.

იმავე 2 მარტს, როცა საკრებულოს წევრებმა აქციის მონაწილეები დაპირებით გაისტუმრეს,  საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა: „მთავრობაში განიხილება ამ მიწებისთვის სტრატეგიული დანიშნულების სტატუსის მინიჭება. ამ პროცესში ჩართულია  მთავრობის ეკონომიკური საბჭოც. ქონების მართვის სააგენტოსგან ჩვენ სწორედ ამ პოზიციის გაგებას ვცდილობდით: უბრუნებდენ თუ არა საკუთრებას ამ ხალხს? ან მეორე შემთხვევაში – თუკი სტრატეგიული გახდება ეს მიწები, მაშინ სხვა მიწის ნაკვეთს, ან კომპენსაციას მიიღებს თუ არა ის, ვისაც მიწა ნამდვილად უკანონოდ ჩამოართვეს“.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ენვერ ირემაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პასუხიც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც სასამართლო დაინტერესებულია საქართველოს მთავრობის პოზიციის გაგებით საქმეზე „ენვერ ირემაძე საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლო იმედოვნებს, რომ მთავრობა მოქალაქესთან მორიგებას მოახერხებს. მიმართვა მხარეებს მიმდინარე წლის იანვარში ჩაბარდათ. ირემაძე ამბობს, რომ მისთვის მთავრობას არაფერი მიუწერია.

რამდენიმე გონიოელს უკვე აქვს საერო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკუთრების საკითხი საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს. ენვერ ირემაძის ინფორმაციით, ბათუმის საკრებულომ ეს გადაწყვეტილებაც საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და თავი აარიდა საქმის ხელახლა განხილვას.

საპროტესტო აქციაზე გონიოელებმა საქართველოს დროშასთან ერთად გამოიტანეს ევროკავშირის, აშშ-ს და პარტია “ქართული ოცნების” დროშები. “ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით არც ერთ მხარეს. ვიზალიბერალიზაციასაც ეს ადამიანები უშლიან ხელს, სწორედ იმიტომ, რომ დაუცველია საკუთრების უფლება” – განმარტავს ენვერ ირემაძე.

IMG_0014

IMG_0021

IMG_0019

IMG_0017

ინფორმაციას ალიკა დავითაძის მკვლელობაზე შს სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბიზნესმენი ალიკა დავითაძე თავისივე სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებაც. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა].

“შეტყობინება შს სამინისტროში დაახლოებით 20:00 შევიდა. ოჯახიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით.  დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და ველოდებით მათ პასუხს”, – აცხადებს შს სამინისტროს პრესცენტრი.

ალიკა დავითაძე აჭარაში გავლენიან ფიგურად ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ითვლებოდა.

ვარდიჭალა მარადიდია თუ კირნათი?

ავტორი: იაშა დიასამიძე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

სოფელი მარადიდი, ძველი ისტორიული სოფელი, მდებარეობს ჭოროხის ხეობის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ბათუმიდან ოცდაექვსი კილომეტრის დაშორებით. ამ სოფლის ნახევარი ზედა მარადიდი მურათლის სახელწოდებით თურქეთის შემადგენლობაშია. ზედა მარადიდს ეკვრის დაბლობი, რომელიც ვარდიჭალის სახელს ატარებს. ქვედა მარადიდი ვარდიჭალის 15 ჰექტარ  მიწასთან ერთად საქართველოს შემადგენლობაშია. წინათ ვარდიჭალის  დაახლოებით  15 ჰექტარი მიწის ფართობი ჭოროხის კალა­პოტს წარმოადგენდა და ითვლებოდა ნეიტრალურ ზონად. ნეიტრალურ ზონაში შესვლა და გადაადგილება საზოგადოდ, აკრძალული იყო. ამ ზონაში მოხვედრა შეიძლებოდა მხოლოდ სპეციალური ნებართვით, ისიც სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცის თანხლებით. მაის-ივნისის თვეში თოვლის დნობით ადიდებული მდინარე ჭოროხი ვარდიჭალის დასახელებულ მიწის ნაკვეთს ხშირად წყლით  ფარავდა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ზედა მარადიდში, ე.ი. თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე დამბების მშე­ნებ­ლო­ბის გამო მდინარემ ძველი კალაპოტი შეიცვალა, გადანაცვლდა უფრო მარჯვენა მხარეს და მისი კალაპოტით შექმნა დაახლოებით 15 ჰექტარი მიწა. მიწის ეს ნაკვეთი იქცა ქვედა მარადიდისა და ზედა მარადიდის შემაერთებელ დაბლობად. მასზე თვითნებურად აღმო­ცენდა მურყანის ტყე და 25-30 წლის  განმავლობაში ბუნებრივად იზრდებოდა. რადგან ეს ტყე  ხეების სიმაღლით და ხეების  სიმსხოთი ერთი ზომისა იყო, ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ამიტომაც მისი ნახვა თვალს, სულსა და გულს ყოველთვის ახარებდა. ქვედა მარადიდის დაბლობში მცხოვრებლები მიწის ამ ნაკვეთს ძროხების საძოვრად იყენებდნენ და ახლაც იყენებენ. ეს ტერიტორია კვლავ ნეიტრა­ლურ ზონად რჩება და ამიტომაც მიწის ამ ნაკვეთზე თავისუფალი მიმოს­ვლა ახლაც გარკვეულნაირად იზღუდება. ხშირად საქონელი ამ ტყეში საბალახოდ კვირაობითაც რჩე­ბა. იყო შემთხვე­ვები, როცა ზედა მარადიდლებს ქვედა მარადიდლები ტელე­ფონით უკავშირდე­ბოდნენ და თხოვდნენ საქონელის ქვედა მარადი­დი­საკენ გადმორეკვას. ისინი ქვედა მარადიდლების ამ თხოვნას ყოველთვის ასრულებ­დნენ. არასოდეს ყოფილა  საქონლის დაკარ­გვის შემთხვევა.

ჰესი, რომელსაც აჭარენერჯი აშენებს. ფოთო: იაშა დიასამიძე
ჰესი, რომელსაც აჭარენერჯი აშენებს. ფოტო: იაშა დიასამიძე

საქართველოსა და თურქეთის მთავრობათა შეთანხმებით მარადიდის ტერი­ტო­რი­აზე თურქულმა ფირმამ აჭარენერჯიმ დაიწო 50 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობა. ბოლო შეთანხმებით გადა­წყვეტილია 15 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა (ადრე სიმაღლე იყო 11 მეტრი).  უნდა შეიქმნას წყალსაცავი რომელიც ტბორავს ქვედა მარადიდის თითქმის მთელ დაბ­ლობს და ვარდი­ჭალის 15 ჰექტარ მიწის ფართობსაც. მარადიდელთა ძველი სასაფლაოდან გადა­სა­ტანია 200-მდე საფლავი (აღვნიშნავ, რომ მარტო დიასამიძეთა საგვარეულოს  11 საფლავია გადასა­ტანი). დაბლობში მცხოვრებ ბევრ მარადიდელს უწევს საკუთარი სახლების დატოვება დაბლობის დატ­ბორ­ვის გამო.

გამოდის, რომ ყველაზე დიდი ზიანი ადგება ძველ ისტორიულ სოფელ მარადიდს და მის მაცხოვ­რებლებს. იწყება სოფლის დაცარიელება, რადგან ბევრმა მისმა მაცხოვრებელმა, მიწების კომპენსაციის თანხებით, უკვე  ხელვაჩაურში ან კიდევ ბათუმში შეიძინა მიწები და ბინები. აუტანელი ხდება ისედაც ნესტიან სოფელში ცხოვრება, სინესტის მატების გამო. კერძოდ, როცა ჭოროხის წყალი გადაკეტილია, განსაკუთ­რებით დილ­დილაობით ხეობაში ჩამოწოლილია ნისლი და ჭოროხის ხეობასთან ახლომდე­ბარე სახ­ლები ნისლი­თაა დაფარული.  სოფელს ორჯერ გადაუარა ქარბორბალამ და რამდენიმე სახლს სახურა­ვიც გადახადა.

კომპენსაციის მიღების მიზნით, რამდენიმე კირნათელმა, სხვადასხვა გზით, სასწრაფოდ შეძლო საჯარო რეესტრში ვარდიჭალის 13 ჰექტრზე მეტი ახლად წარმოქმნილი მიწის ფართის საკუთარ მფლობე­ლობა­ში გაფორ­მება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მარადიდელსაც ხვდა წილად  ბედნი­ერება საჯარო რეესტრში საკუთარ მფლობელობაში დაერეგისტრირებინა 1 ჰექტარზე ცოტა მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი.

აჭარენერჯის ხელმძღვანელობის მიერ შეტანილი სასარჩელო მოთხოვნის შემდეგ ვარდიჭალაში მიწის ყველა ახალ მფლობელებს მიწის საკუთრება გაუუქმდათ. ვარდიჭალაში მიწის ახალმა მფლო­ბელებმა, მიწის მათ საკუთრებაში ყოფნის დროს, მოასწრეს მურყნის ტყის მთლიანად გაჩეხვა.

სოფელ მარადიდის მაცხოვრებლები, იმ მცირე გამონაკლისის გარდა, რომელთაც ადრე დარეგის­ტრი­რებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები ვარდიჭალაში, რომელთა ეს საკუთრება ახლა გაუქმებულია, თვლიან: რადგან აღნიშნული მიწა იყო მდინარე ჭოროხის კალა­პოტი და ჰესის მშენებლობის გამო ზიანდება მხოლოდ სოფელი მარადიდის მაცხოვრებლები, ამიტომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის კომპენსაცია თანაბრად უნდა გაიცეს მხოლოდ მარადიდის მაცხოვრებ­ლებზე.

ამ სახლების ნაწილი უნდა დაიტბოროს. აქვეა სასაფლაოებიც. ფორო: იაშა დიასამიძე
ამ სახლების ნაწილი უნდა დაიტბოროს. აქვეა სასაფლაოებიც. ფოტო: იაშა დიასამიძე

ხალხში მუსირებს აზრი, რომ აჭარენერჯის ხელმძღვანელობაც იზიარებს აზრს, მარადიდის მაცხოვ­რებელებზე კომპენსაციის თანაბრად განაწილების შესახებ. არ მალავენ იმ აზრსაც, რომ მანამდე არ დათანხმდებიან მათი წინაპრების საფლავების გადატანას, სანამ ბოლომდე სამართლიანად არ გადაწყდება კომპენსაციის გაცემაის პრობლემა.

ჩვენ, სოფელ მარადიდის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შევხდით ხელვაჩა­ურის რაი­ონის გამგებელს თხოვნით, მხარი არ დაეჭირა კირნათლებზე კომპენსაციის უკანონო გაცემაზე. მიუხე­დავად იმისა, რომ ხელვაჩა­ურის რაიონის გამგებელი, ფლობდა ინფორ­მაციას ვარდიჭალის ყველა მიწისმფლო­ბელთა საკუთრების გაუქმე­ბის შესახებ, რატომ­ღაც, მან ცალსახად დაუჭირა მხარი კომპენ­საციის გაცემას ვარდიჭალაში მიწის ფართის უკანონო მფლობე­ლებზე. შეხვედრის დროს პირიქით, ჩვენ დაგვისვა შეკითხვა „რატომ თქვენ არ გინდათ ზოგიერთები გამდიდრდესო?“ ხომ საინტერესო მიდგომაა! არაფერში დაზარალებულებს, ყველფერი, ნამდვილ დაზარა­ლე­ბულებს კი მიზერული. ისმის კითხვა: რითაა მისი ეს ქმედება გამოწვეული? ალბათ მას ამაზე სწორი და სამართლიანი პასუხი აქვს და შეძლებს მის სამართლიან მიდგომაში იმ პირთა დარწმუნებას, რომელთაც მისგან განსხვა­ვებული აზრი გააჩნიათ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარადიდიდის წარმომაგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი საკითხს ისე გადაწყვეტენ, როგორც ამას მარადიდის მაცხოვრებლები მოითხოვენ. ისმის კითხვა: ეს შემთვევით საარჩევნო დაპირება ხომ არაა? თუ ეს ასე არ არის! საკითხი სწრაფად  უნდა მოგვარდეს, რათა დროუ­ლად ბოლო მოეღოს ჰესის მშენებლობის ადგილას ვარდიჭალაში მიწის ძველი მფლო­ბელების მიერ მოწყო­ბი­ლი აქციებს.

და ბოლოს, ისმის კითხვა: რატომ მარადიდის ტერიტორიაზე მშენებარე ჰესს ჰქვია კირნათის ჰესი? მარადიდლებს მიაჩნიათ, რომ მშენებარე ჰესის სახელის ასეთი შერჩევა გაკეთებულია ან დაუფიქ­რებლად ან მიზან­მიმართულად. კერძოდ მარადიდის დაცარიელების შემთხვევაში, ისტორიიდან და რუკიდანაც უნდა გაქრეს ისტორიული სოფელი მარადიდის სახელი. ზედა მარადიდს ხომ ჰქვია მურათლი, იქნებ ქვედა მარადიდსაც ვუწოდოთ მურათლი? მაშინ ხომ არავინ გაიხსენებს, რომ სოფელ მარადიდში 130 წლის წინათ, 1886 წელს გაიხსნა პირველი ქართული სკოლა!

ბევრი მარადიდელი ფიქრობს, რომ იგი არ დათანხმდება მათი საგვარეულო საფლავების გადა­ტანას მანამდე, სანამ მარადიდის ტერიტორიაზე აშენებულ ჰესს არ დაერქმევა ისტორიული სოფელის მარადიდის სახელი. რანაირადაც ძნელი არ უნდა იყოს მშენებარე ჰესისათვის სახელის გადარქმევა, მთავრობამ უნდა იზრუნოს ჰესის სახელის შეცვლაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარენერჯის კომპა­ნიას შეიძლება შეექმნას პრობლემები ჰესის მშენებ­ლობის საქმეში.

14 ივნისი – შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრე და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლელა სურმანიძე, შშმ პირთა ცენტრ „თანას“ ეწვევიან, ბენეფიციარებს საჩუქრებს გადასცემენ და ბავშვების მიერ გამართულ კონცერტსაც დაესწრებიან.

სამინისტროს ინფორმაციით: 2016 წელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამედიცინო-რეაბილიტაციის რამდენიმე პროგრამას ახორციელებენ: „უწყებამ წელს პირველად აამოქმედა ადრეული განვითარების პროგრამა, რომელშიც ჩართულია შშმ სტატუსის მქონე 121 ბავშვი, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით დღეისათვის რეაბილიტაციის კურსს გადის 450 ბენეფიციარი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ადაპტაციის პროგრამით ისარგებლა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 16-მა ბავშვმა, სავარძელ-ეტლი გადაეცა 114 შშმ პირს. აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 758 800 ლარი“.

მახინჯაურში, შენობა, რომელშიც წლების წინ ჩვილ ბავშვთა სახლი იყო განთავსებული, 2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა, სადაც „თანამ“ რეაბილიტაციის ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის.

ამავე თემაზე:

შშმ პირების აქცია

ფორუმი ბათუმში „თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შშმ მოქალაქეთათვის

საპატრიარქოს ღობე კლდესა და მეკლდეურებს შორის

საქართველოს საპატრიარქომ 6 ივნისს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უზურფრუქტით გადასაცემ ქონებათა სიაში სამტრედიაში, რობაქიძის ქუჩაზე არსებული სახლები შედის. სამინისტრო არც ქონების მოცულობას და არც ღირებულებას არ აზუსტებს. საპატრიარქო მთავრობას სოფელ კაცხში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემასაც სთხოვს. თუმცა, ოფიციალურ მფლობელობამდე, სასულიერო პირებმა იმ კლდეებთან მისასვლელი ბილიკები და მიწები შემოღობეს, სადაც ათეულობით მეკლდეური და სამხედრო პირი წლებია წვრთნებს გადის.

საპატრიარქოს ოფიციალურ საკუთრებაში არ აქვს ჭიათურაში, სოფელ კაცხის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ადგილები უკვე შემოღობა და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მთავრობას მიმართა. ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელ მიწებზე სასულიერო პირები კელიებს იშენებენ და „ფართოვდებიან“, როგორც ამას ჭიათურის გამგებელი, სულხან მახათაძე ამბობს.

სასულიერო პირების გაფართოებამ საზოგადოებრივი ინტერესების შევიწროვება გამოიწვია. კაცხის სვეტის მოპირდაპირე კლდეზე, სადაც ათეული წლებია მეკლდეურები და თავდაცვის სამინისტროს სამთო ბატალიონის წევრები წვრთნებს გადიან, ასვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სასულიერი პირებმა მათ კლდესთან მისასვლელი გზები გადაუკეტეს. უფრო სწორად, მისასვლელი ტერიტორია შემოღობეს, რის შემდეგაც სპორტსმენებსა და სამხედრო პირებს საპატრიარქოს „კერძო საკუთრებაში“ უნებართვოდ გადაადგილების უფლება აღარ აქვთ.

მეკლდეურები ფაქტს აპროტესტებენ, თუმცა ჯერჯერობით, არც ერთ მხარეს, არც სახელმწიფოს და არც საპატრიარქოს, მათთვის პასუხი ოფიციალურად არ გაუცია.

ნუცა ხუციშვილი მეკლდეურია და წლებია კაცხის სვეტის მოპირდაპირე კლდეზე ვარჯიშობს. მეკლდეური „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პრობლემა დაახლოებით 1-2 წელია გაჩნდა. მას შემდეგ, რაც მონასტერში ახალი ბერები მოვიდნენ და მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებლობები დაიწყეს.
`აქამდე ხელს არავის უშლიდა ჩვენი იქ ყოფნა. კაცხის სვეტი ცალკეა და შეხება არ აქვს მონასტერთან, რადგან კლდე მოპირდაპირე მხარესაა. თუმცა, ორი წელია იქ ახალი მამაოები მოვიდნენ და დაიწყეს მშენებლობები კლდეების მიმდებარე ტერიტორიაზე,“ – გვეუბნება ნუცა.

ნუცას აზრით, ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და ოფიციალურად არ წარმოადგენს საპატრიარქოს ქონებას, მოქალაქეებს გადაადგილება არ უნდა ეზღუდებოდეთ. „აქ მშენებლობების დაწყების უფლება არ ჰქონდათ, ეს არის სახალხო სივრცე და ყველას აქვს უფლება გამოიყენოს, ივარჯოშოს ან თუნდაც წამოწვეს ბალახზე. სულ მოძრაობა იყო, ექსკურსიებით ჩამოდიოდნენ, ჩვენ, სპორტსმენებს საკუთარი ხელით გვაქვს ბილიკები და სხვა ინფრასტრუქტურა ნაკეთები, მონასტრის მცხოვრებლებსაც ვეხმარებოდით ტერიტორიის გაწმენდაში, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ იქ ვარჯიშის უფლება აღარ გვაქვს“.

ოთო მაისურაძეც მეკლდეურია. მისი თქმით, სასულიერო პირებს კაცხის სვეტზე ასასვლელად გზა მათ გაუკვალეს, დღეს კი სპორტსმენებს კლდესთან მისასვლელი გზა აღარ დაუტოვეს.

`ჯერ დაიწყეს პრეტენზიებით, რომ გოგონები ნუ ივარჯიშებენო, შემდეგ კარები ჩასვეს და აღარ გვიშვებენ. არადა, მონასტრის გვერდის ავლით გადავადგილდებოდით, მაგრამ ახლა ის გზა შემოიღობეს“.

ოთო მაისურაძე ამბობს, რომ მათ ვარჯიშის დროს თავისუფლება სჭირდებათ. „ამიტომ დავა აღარ ღირს, ალბათ მაგ ტერიტორიასაც გადაიფორმებენ,“ – ამბობს ის.

კაცხი
კაცხი
ერთ-ერთმა მთამსვლელმა, თორნიკე ბერიშვილმა, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანი და ვახტანგ გორგასლის ორდენოსანია, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ფეისბუქზე ღია წერილით უკვე მიმართა. „ამ ტრასების მომზადებას წლები, დიდი შრომა, სახსრები და ახალგაზრდების ენთუზიაზმი დასჭირდა. გარდა ამისა, კაცხის სვეტის მიმდებარე კლდეები ბევრი პარამეტრით უნიკალურია. მდებარეობით, კლდის ქანის სტრუქტურითა და აგებულებით, სიმყარით, არ არის ადვილი ასეთი კომბინაციის ადგილის მოძებნა,“ – წერს მთამსვლელი ღია წერილში პატრიარქს.

მისი აზრით, საპატრიარქო პირიქით, უნდა უწყობდეს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და არ უნდა უქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს სპორტსმენებს. „კლდეზე ცოცვა არ არის ხმაურიანი სპორტი, სიწყნარესა და მედიტაციისკენ არის მიმართული, ასე რომ, მონასტრის ცხოვრებას ხელი ეშლებოდა, ეს არგუმენტი არ ვარგა… მრჩება შთაბეჭდილება, გადაწყვეტილება მიღებულია ცალმხრივად, სხვისი ინტერესების გაუთვალისწინებლად და საკუთარი უპირატესობისა და ყოვლიშემძლეობის დასამკვიდრებლად,“ – ნათქვამია ღია წერილში.

ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიებს საპატრიარქო ფაქტობრივად ფლობს და არა იურიდიულად.

„მეუფეს ჰქონდა განაცხადი, რომ ეგ ტერიტორია (12 ჰექტარზეა საუბარი), დარეგისტრირდეს საპატრიარქოს საკუთრებაში, მაგრამ მოხდა ტყის ზოლის გადაფარვა ნახაზში. ჩამოსული იყო ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ტყის ფონდთან ერთად უნდა შეესწავლათ ეს საკითხი“.

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ პრობლემა ფართოა, განსაკუთრებით პრივატიზების პოლიტიკის საკითხში, რადგან დაუშვებელია კერძო საკუთრებად იქცეს კლდეები, ტბები, მდინარეები თუ ტყეები. „ან ტერიტორია, რომლის გავლა საჭიროა კონკრეტულ პუნქტამდე. ძეგლებთან თუ კლდეებთან მისასვლელი გზა უნდა იყოს საჯარო მოხმარებაში, რადგან ეს არის საქართველოს საკუთრება და მისი გადაკეტვა არ შეიძლება იყოს ხალხის რჩეული ინსტიტუტის ღირსეული ქცევა,“ – გვეუბნება ის.

გრიგოლ გეგელიას აზრით, მაშინ, როცა საპატრიარქო ასეთ ბარიერს ქმნის, მთავრობა ეკლესიაზე მიწების ჩუქების საკითხს აღარ უნდა განიხილავდეს. „გუშინ ისევ გაიტანეს მთავრობის სხდომაზე ეკლესიისთვის ქონების გადაცემის საკითხი, რაც ყოვლად სამარცხვინო და წინასაარჩევნო პოპულიზმის გაგრძელებაა, როცა მთავრობა ცდილობს ძლიერ ინსტიტუტს ელოლიავოს და არა იმას, რომ მისი მოქალაქეების მდგომარეობა გააუმჯობესოს.

სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებმა დახარჯეს ათასობით ლარი იმისთვის, რომ მოეწყოთ ინფრასტრუქტურა, სადაც ვარჯიშობენ სპორტსმენები და ის ადამიანები, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავს ამ ქვეყნის და მათ შორის სასულიერო პირების სიცოცხლის დასაცავად, საუბარი მაქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. შესაბამისად, მათი ამ ადგილიდან დაბლოკვა არის ანტისახელმწფოებრივი ქმედება და ანტისამოქალაქოც. სამწუხაროა, რომ ამას ვამბობ მე და არა საქართველოს პრემიერი, ან თავდაცვის მინისტრი. სწორედ მათგან უნდა მოდიოდეს საკუთარი სახელმწიფოსა და მოქალაქეების დაცვის მცდელობა“.

გრიგოლ გეგელიას აზრით, იდგე სამართლიანობის მხარეს, ეს არ არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. „როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენს, არამედ ბრძოლა საერთო სივრცისთვის, სადაც ადამიანს აქვს უფლება ივარჯიშოს, კლდეზე იცოცოს და ა.შ. უკვე გაისმა არგუმენტი – „რაღა აქ უნდა იცოცოთ, კლდე დაილია საქართველოში?“ – რაც ძალიან სასაცილოა და გვაგონებს იმ არგუმენტებს, როცა სხვები ადგენენ, თუ სად რა უნდა ვაკეთოთ. იმედია, არ მოვისმენთ იმას, რომ „რაღა კლდეზე გინდათ ცოცვა, სახლში, კედელზე იცოცეთ“, რადგან აქეთკენ მიდის ყველაფერი“.

პოლიტოლოგის აზრით, საჯარო სივრცე ეკუთვნის ყველას, მათ შორის მეკლდეურებსაც და მისი შეზღუდვა ან გადაადგილების უფლების წართმევა, არასახელმწიფოებრივია.

„ბათუმელები“ შეეცადა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გაერკვია, რას უპირებენ სპორტსმენებს. თუმცა როგორც პრემიერის პრესსამსახურში გვითხრეს, „პრემიერის აპარატიდან ამ თემაზე სასაუბროდ არავინ არ არის უფლებამოსილი პირი“.

6 მაისის პარკში ტბა მომწამვლელი წყალმცენარეებით დაიფარა

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია. როგორც ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, გუშინ, ტბის რეგულარული გაწმენდის დროს, შენიშნეს ტბაში წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება, დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე

„ვიზუალური და ჩვენი სამსახურების დაკვირვებით ეს წარმოადგენს წყალმცენარეების ერთ-ერთ ტიპს, რომელსაც ჰქვია ტოქსიკური ციანობაქტერიები [ასევე ლურჯ-მწვანე წყალმცენარე]. ისინი ყველა ტბაში არსებობენ დოზირებით, მაგრამ თუ გამრავლდებიან და დომინირდებიან ტბაზე, მაშინ ხდებიან მომწამვლელნი და  საფრთხის შემცველნი. ამ ეტაპზე ტბის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია“, – თქვა მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, გუშინვე მოხდა ლაბორატორიული სინჯების აღება და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიდან ელოდებიან ზუსტ პასუხებს.

„თუ ეს ის წყალმცენარეა, რომელიც დათვალიერებით იქნა იდენტიფიცირებული, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოადგენს საშიშროებას და სასურველია და აუცილებელი, რომ ის თევზი, რომლის დაჭერაც დღეს აქ  ხდება, არ მიირთვას ადამიანმა. ასევე სახიფათოა ტბის წყალიც და მოსახლეობამ თავი უნდა აარიდოს წყალთან კონტაქტს“.

გაფრთხილების მიუხედავად, მეთევზეები თევზაობას მაინც აგრძელებენ / 6 მაისი პარკი; ტბა / 14.06.2016

მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ სპორტული თევზაობითაა დაკავებული და თევზს ისევ წყალში უშვებს, ზოგი კი აცხადებს, რომ მსგავს წყალში დაჭერილი თევზი უკვე მიირთვა და არ სჯერა რომ მომწამვლელია.

ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ტბის მდგომარეობა ჰაერის მოწამვლას არ გამოიწვევს. აღნიშნული წყალმცენარეები გამოყოფენ დიდი რაოდფენობით გორგირდს.

ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო არსებულ პრობლემასთან გამკლავებას, დილიდან ცდილობს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, მოხდა ტბის ზედაპირზე მოფენილი წყალმცენარეების ამოღება. თუმცა ეს არასაკმარისია და აუცილებელია მოხდეს ტბისთვის ჟანგბადის მიწოდება. მისი თქმით, პროექტი, რომლითაც ეს უნდა მოხდეს, უკვე შემუშავებულია და თვენახევარში უკვე დამონტაჟდება ტბაში საირიგაციო შადრევნები, რომლებიც ტბას ჟანგბადით მოამარაგებენ:

„მანამდე კი მექანიკური ჩარევებით უნდა გავწმინდოთ და დაკვირვება ვაწარმოოთ. მსოფლიოში ამ წყალმცენარეებთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები და ტექნოლოგიები არსებობს. ამ პრობლემას, მხოლოდ ჩვენი ძალებით ვერ მოვერევით, ამიტომ უნდა დავეკონტაქტოთ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ამ დარგში და შევეცადოთ გამოსავლის პოვნა, რათა ნურიგელის ტბას სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნდეს, იმავე დოზით რაც მას ჰქონდა“, – თქვა ალექსანდრე თევზაძემ და იქვე აღნიშნა, ასეთი მასშტაბით ტბას მსგავსი პრობლემა აქამდე არ ჰქონია.

6 მაისის პარკი; ტბა / 14.06.2016
6 მაისის პარკი; ტბა / 14.06.2016
6 მაისის პარკი; ტბა / 14.06.2016
6 მაისის პარკი; ტბა / 14.06.2016
6 მაისი პარკი; ტბა / 14.06.2016
6 მაისი პარკი; ტბა / 14.06.2016
მეთევზეებს აძლევენ გაფრთხილებას, რომ ტბაზე თევზაობა სახიფათოა
მეთევზეებს აძლევენ გაფრთხილებას, რომ ტბაზე თევზაობა სახიფათოა
გაფრთხილების მიუხედავად, მეთევზეები თევზაობას განაგრძობენ
გაფრთხილების მიუხედავად, მეთევზეები თევზაობას განაგრძობენ

აჭარაში გაზი 3 დღით გაითიშება

24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება სამი დღით შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. რეგიონში გაზის მიწოდებას “სოკარ ჯორჯიან გაზი” აღადგენს ეტაპობრივად – ეს პროცესი 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყაროს ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეფერხება კვლავ უკავშირდება „ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს, კერძოდ, ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოების ჩატარებას…

ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება“.

მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: “მივმართავთ მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება”.

მთავრობის ინფორმაციით, ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში: მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46

ბუნებრივი აირის მოწოდება ამ წლის მარტშიც შეუწყვიტეს აჭარას ერთი კვირით. 19 მარტს კი გაზის აფეთქების შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლიც ჩამოინგრა ბათუმში.

ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა [IFC] და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, 14 ივნისს, ბათუმში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

ორგანიზატორთა განცხადებით, ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკის ჯგუფის იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს კერძო სექტორის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად: „განვითარებად ქვეყნებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ახერხებს მის რეალიზაციას ინვესტიციების ნაკლებობის, კონკურენტუნარიანობის დაბალი დონის და მკაცრი რეგულაციების გამო.“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით: „მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და თავისუფალი იქნება ზედმეტი ბარიერებისგან. ამ კონფერენციის ფარგლებში ვიმუშავებთ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან და ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა შევიმუშაოთ ყველასთვის სასარგებლო მექანიზმები ამ მიზნის მისაღწევად.“

1 (1)

როგორც საერთაშორისაო საფინანსო კორპორაციაში აცხადებენ, „მონაწილეები ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 20-მდე ქვეყნიდან ყურადღებას გაამახვილებენ ინვესტიციების სტიმულირების გზებზე, ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრასა და საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნაზე. აგრეთვე არსებული ინვესტორების ინტერესების დაცვისა და ინვესტიციების შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავებაზე“.

20160614_093733„უცხოელი და ქართველი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებს და წარმოების განვითარებას, ასევე იმ უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილოებელია მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის. საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების სფეროში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობების გამოყენებას უწყობს ხელს და ეს კონფერენცია სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება“ – აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენმა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ამ ღონისძიების აჭარაში ჩატარებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობს 20 ქვეყნის წარმომადგენელი და შესაბამისად, ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. რაც შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რეგიონში რამნდენიმე პროექტი მიმდინარეობს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერით, შესაბამისად, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მათთან და ეს ურთიერთობა გაგრძელდება“ – განაცხადა ჟურნალისტებთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი კორპორაციაა, რომელმაც მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში გასულ წელს, თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.

კონფერენცია, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს, 15 ივნისს დასრულდება.

შადრევანი ევროკავშირის დროშის გარეშე

ბათუმში, ევროპის მოედანზე არსებულ შადრევანში, ევროკავშირის დროშის შესაბამისად, ლურჯ ფონზე ვარსკვლავები იყო დახატული. რეკონსტრუქციის შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა, მხოლოდ ცისფერი ფონი დარჩა, ვარსკვლავები კი აღარ არის.

შადრევანში გამოსახული ევროკავშირის დროშა, რეკონსტრუქციის შემდეგ წაიშალა.
შადრევანში გამოსახული ვარსკვლავები რეკონსტრუქციის შემდეგ წაიშალა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ შადრევნის რეკონსტრუქცია კერძო პირმა,  ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ განახორციელა. „შადრევანი ვინც გააკეთა, მანვე აიღო თავზე მისი შეღებვაც. როცა ხელმეორედ შეიღება, ევროკავშირის დროშა იქ აღარ მოიხატა. ვფიქრობ, რომ ეს სიმბოლო შადრევანში უნდა დაბრუნდეს და როგორმე უნდა მოიხატოს თავიდან“ – გვეუბნება მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე.

ალექსანდრე თევზაძის თქმით, ჩაიხატებოდა თუ არა შადრევანში ევროკავშირის დროშა, ეს თენგიზ ბაკურიძის სურვილზე იყო დამოკიდებული. „დავალებით იმ ადამიანს ვერ დავავალებთ აღდგენას, თუმცა, ჩვენ ხელს არ გვიშლის არაფერი, რომ შადრევანი რაღაც პერიოდით გამოვრთოთ და დავაბრუნოთ დროშა“ – გვეუბნება ის.

13410469_1302264819803490_730904012_o
შადერევანი ევროპის მოედანზე რეკონსტრუქციის შემდეგ. 13.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

მანქანების ქურდები, თაღლითები და მათი მსხვერპლი

50 ათასი დოლარი გადაიხადა ავტომანქანაში, რომელიც ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში დგას და ლპება – თაღლითების მსხვერპლი ბათუმელი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძეა. თუმცა ის ერთადერთი ნამდვილად არ არის, ვინც თაღლითებმა დააზარალეს. საქართველო ხდება უსაფრთხო ადგილად თაღლითური ჯგუფებისთვის, რომლებიც მოპარული ან სხვაგვარად მითვისებული ძვირადღირებული მანქანებით ვაჭრობენ.

მოპარული მანქანების საქმეს ბათუმში, ძირითადად, ქალაქის პოლიციის მე-4 განყოფილება სწავლობს. თავად განყოფილება ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზეა განთავსებული ჯავახიშვილის ქუჩაზე. პოლიციის განყოფილების ეზოში, რომელიც საერთოა სამი ხუთსართულიანი კორპუსისთვის, 10 ავტომანქანა დგას – ერთ-ერთი პოლიციამ 3 თვის წინ მიიყვანა და გააჩერა, ზოგიც დაახლოებით 3-5 წლის წინ. მათგან 2 სატვირთო მანქანაა, ერთი მიკროავტობუსი, დანარჩენი კი მსუბუქი მანქანებია. ვიზუალური დათვალიერებით ისე ჩანს, რომ მანქანების უმრავლესობა ერთი დანიშნულებით თუ გამოდგება – ჯართში ჩასაბარებლად.

ჩამორთმეული ავტომანქანები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ყავთ გაჩერებუული.
ჩამორთმეული ავტომანქანები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ყავთ გაჩერებუული.

ეზოში ამბობენ, რომ მიკროავტობუსი, რომელიც პოლიციამ დაახლოებით სამი თვის წინ მოიყვანა და ჩაკეტა, ბავშვების სათამაშო ადგილად იქცა. მანქანას ლუქი მომძვრალი აქვს და კარებიც ნამდვილად ღიაა [მანქანის სალონიდან ბავშვები მას შემდეგ გაიქცნენ, რაც ჟურნალისტები დაინახეს – ავტ.] ეზოში მცხოვრებლებს ეს ნაკლებად აწუხებს, მათი წუხილის საგანი ის არის, რომ როდესაც პოლიციელები თავიანთ მანქანებსაც აჩერებენ განყოფილების წინ, სივიწროვის გამო აქ მცხოვრებლები ეზოში მანქანებით შესვლა-გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

თუმცა ბავშვებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის ავტომანქანა, რომელშიც ბიზნესმენმა ელგუჯა თურმანიძემ – „ელთ კომპანის“ დამფუძნებელმა 50 ათასი დოლარი გადაიხადა. ის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში დგას. ამ ეზოში შესვლა-გამოსვლას კი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

ელგუჯა თურმანიძე ამბობს, რომ მანქანის გაძარცვა გამორიცხულია, მაგრამ ეს არ არის შეღავათი, რადგან „ის მზის გულზე უკვე მეექვსე თვეა ლპება“.

ელგუჯა თურმანიძემ ავტომანქანა 2015 წლის დასაწყისში შეიძინა, საუბარია 2014 წელს გამოშვებულ მერსედეს G-ზე.

„იმპორტიორი იყო გია ბითარიშვილი, რომელიც ლიტვაში ცხოვრობს. თუ არ ვცდები, საქართველოს მოქალაქეა. მან ეს მანქანა ბათუმელ ნოდარ ჯაფარიძის სახელზე განაბაჟა, რომლისგანაც გასხვისდა ჩემზე. საპატრულოში გადმომიფორმეს“, – ყვება ბიზნესმენი, რომელიც თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.

2015 წლის ბოლოს ელგუჯა თურმანიძემ თავისი მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა. საპატრულო პოლიციაში სწორედ ამ მიზნით მისულს უთხრეს, რომ მისი ძვირადღირებული მანქანა ინტერპოლით იძებნებოდა და იქვე ჩამოართვეს.

ელგუჯა თურმანიძის აზრით, თაღლითები აქტიურად იყენებენ ინტერნეტრესურსებს: „პიროვნება, რომელმაც მე მომყიდა ავტომანქანა, მას კანონიერად ფლობდა ლიტვაში და იქვე აპირებდა რეალიზაციას, შესაბამისად, დადო იქაურ საიტზე. მყიდველმა, რომელიც ქალია, ინვოისის საფუძველზე მოახდინა უნაღდო ანგარიშსწორება ავტომობილის შესაძენად, მაგრამ ბითარიშვილმა მანქანა აღარ მიაწოდა ფულის გადამხდელს და წამოიყვანა საქართველოში“.

ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც არც სახელმწიფოს გადაეცა, არც კერძო პირს. ეს მანქანები ახლა გამოუსადეგარია
ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც არც სახელმწიფოს გადაეცა, არც კერძო პირს. ეს მანქანები ახლა გამოუსადეგარია

თაღლითებს საუკეთესო სქემა აქვთ საიმისოდ, თუ როგორ გაყიდონ მანქანა ისე, რომ პოლიციას გვერდი აუარონ. ელგუჯა თურმანიძის შემთხვევაში ეს ასე გამოიყურება:

„გერმანიიდან, ამერიკიდან მანქანის მოწოდებას 2-3 თვე მაინც სჭირდება. ამ პერიოდში პირველ პოტენციურ მყიდველს აჩერებდა – ატყუებდა გზაშია მანქანაო. ლიტვის მოქალაქემაც პოლიციას რამდენიმე კვირის ლოდინის შემდეგ მიმართა თანხის დასაბრუნებლად, თანხა რომ ვერ მიიღო, მერე მოითხოვა მანქანა… ინტერპოლი სანამ ძებნას გამოაცხადებდა, გავიდა 3-4 თვე. თაღლითმა ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ მეორედ გადაეყიდა მანქანა, ანუ ჩამოიყვანა საქართველოში და მე მომყიდა, თანაც ძებნის გამოცხადებამდე. ცხადია, VIN-კოდის შეცვლა არც კი დასჭირვებია. სქემა ასეთია – ორჯერ გაყიდა ერთი მანქანა, მაგრამ რეგისტრაცია მოხდა ჩემთან“.

ელგუჯა თურმანიძის თქმით, მას მერსედესში 50 ათასი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი, ხოლო ლიტვის მოქალაქეს – 49 ათასი ევრო. ამის მიუხედავად ბიზნსმენი გამორიცხავს, რომ ეს მანქანა მისგან წაიყვანონ.

„მანქანის დაბრუნება სხვაზე გამორიცხულია, ამისი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ჩემგან მანქანას ვერ წაიყვანენ“, – აცხადებს ელგუჯა თურმანიძე, რომელმაც პროკურატურას სთხოვა, მისთვის, როგორც კეთილსინდისიერი მყიდველისთვის მიეცათ მანქანით სარგებლობის უფლება. მით უფრო, რომ ამის საშუალებას ქართული კანონმდებლობა იძლევა:

„არის სამართლებრივად იმის საშუალება, ჩემთვის რომ მოეცათ სარგებლობაში, თუნდაც იმიტომ, რომ მანქანა დაზღვეულია და რამე რომ მოსვლოდა, თანხით ანაზღაურდებოდა. მეორე ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები კარგა ხანია ჩატარდა და იმის იქ დგომას აზრი არ აქვს. მესამეც – რამე შემზღუდველი სამართლებრივი ღონისძიება ჩვენს შსს-ს არ აქვს გატარებული, მაგალითად, ყადაღა არ აქვს დადებული… შევხვდი ქალაქის პროკურორს. მართალი ხარ, მაგრამ შევისწავლით საქმეს და მანქანას ისე დაგიბრუნებთო. ვალი მოიხადა – კი ბატონო, ჰო ბატონო, მაგრამ… მე თუ მკითხავთ „დურდომია“ ქვეყანაში“.

ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც არც სახელმწიფოს გადაეცა, არც კერძო პირს. ეს მანქანები ახლა გამოუსადეგარია
ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც არც სახელმწიფოს გადაეცა, არც კერძო პირს. ეს მანქანები ახლა გამოუსადეგარია

მიუხედავად იმისა, რომ ერთ მანქანაში ორ მოქალაქეს აქვს სოლიდური თანხა გადახდილი, ამ ნივთით ვერც ერთი მათგანი ვერ სარგებლობს – მანქანა უკვე ნახევარი წელია საპატრულო პოლიციის ეზოშია გაჩერებული, სხვა მსგავსი ხარვეზის მქონე არაერთ მანქანასთან ერთად. ამის მიუხედავად ელგუჯა თურმანიძე ფიქრობს, რომ მანქანას, რომელშიც 50 ათასი დოლარი გადაიხადა, შემდეგ ერთ თვეში დაიბრუნებს. რა რიგ საკვირველიც არ უნდა იყოს, მას ამის მოლოდინიც იმ ადამიანმა გაუჩინა, ვინც მანქანა თაღლითური გზით მიყიდა 15 თვის წინ:

„ვინც მომყიდა ის ბრძანდებოდა ლიტვაში თავის იურისტთან ერთად. მისი თქმით, სავარაუდოდ, ის ქალბატონი დააკმაყოფილა თანხით და იმანაც უკვე გამოიტანა საჩივარი შსს-დან. მანვე ექვსგვერდიანი წერილი გამომიგზავნა, რომელიც შედგენილია ლიტვურ ენაზე. თითქოს ეს ის წერილი უნდა იყოს, რომელიც ლიტვის პროკურატურამ ჩვენს პროკურატურას გამოუგზავნა – ამა და ამ ადამიანზე აღარ არის სისხლის სამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, არც მანქანა იძებნებაო. თუ ეს სიმართლეა და არ მატყუებს, წერილის ოფიციალურად ჩამოსვლას სჭირდება დრო – ლიტვურ ენაზე შედგენილი წერილი ორი ქვეყნის ინტერპოლის გავლით უნდა მივიდეს აჭარის პოლიციაში. ეს ერთთვიანი პროცესია, მე წერილი დაახლოებით 10 დღის წინ გამომიგზავნა. ცხადია, საეჭვოა, რომ ეს სიმართლე იყოს. შეიძლება, უბრალოდ, კიდევ ერთი თვით გვაჩერებს, რომ გამიშვი-დამაკავე არ გვქონდეს“.

ელგუჯა თურმანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში თაღლითებისგან თავის დაცვის ერთადერთი გზა არსებობს: „არ უნდა იყიდო მეორადი მანქანა. თუ ფული არ გყოფნის, იყიდე თუნდაც ჟიგული, მაგრამ არამც და არამც – მეორადი მანქანა“.

ეს დაზარალებული ბიზნესმენის რეკომენდაციაა.

კიდევ ერთი დაზარალებულია ბათუმელი ნანა [სახელი შეცვლილია, რადგან მას არ სურს საკუთარი თავის იდენტიფიცირება], რომელიც ასევე ბიზნესს უკვე წლებია უძღვება. ნანამ გასული წლის ბოლოს იყიდა 2014 წელს გამოშვებული „აუდის“ ტიპის ჯიპი. მანქანის VIN კოდი არც ამ შემთხვევაში ყოფილა დაზიანებული. ნანამ მანქანაში 25 ათასი დოლარი გადაიხადა.

„მერსედესი მყავდა, მაგრამ აჩემებული მქონდა – ჯიპი თუ გამოჩნდა, ვიყიდი-მეთქი. მეგობრებმა დამირეკეს გუდაურიდან, სულ ახალი ჯიპია ჩამოსული, კაზინოში წაუგიათ და სასწრაფოდ იყიდებაო. მაგ მანქანის რეალური ფასი ბაზარზე 45 ათასი დოლარი მაინც იყო. მანქანა რომ ვნახე, ძალიან მომეწონა, სასწრაფოდ გავყიდე ჩემი მერსედესი, დანარჩენი თანხა ავტოლომბარდიდან ავიღე… ჩვეულებრივად განვაბაჟე“.

ნანამ თითქოს იზრუნა იმაზეც, რომ არ მოტყუებულიყო, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა თავის დაცვა. „რადგან რუსეთიდან იყო [მანქანა ჩრდილო ოსეთის ნომრებით შემოიყვანა მოსკოვში მცხოვრებმა ოსმა] და მსმენოდა რაღაცები, ძალიან ვთხოვე საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოში, რომ ყურადღებით შეემოწმებინათ – მანქანას ყველაფერი სუფთა ჰქონდა“, – ყვება დაზარალებული.

ერთ წელში, ანუ 2016 წლის თებერვალში, ნანამ მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა: „ვიფიქრე, ცოტა მეტს ავიღებ-მეთქი. მივედი მომსახურების სააგენტოში დოკუმენტებით და გამოჩნდა, რომ მანქანას ინტერპოლით რუსეთი ეძებდა. ამ ერთი წლის განმავლობაში დაჯარიმებული ვყავდი პატრულს, მაგრამ, როგორც ჩანს, პატრულს არ აქვს წვდომა მსგავს ინფორმაციაზე, არც მებაჟეებს. ასე გამოდის – ეს მანქანა მთელი ცხოვრება რომ არ გამესხვისებინა, ვერ იპოვიდნენ“.

ეს სატვირთო ახლახანს ამოიღო პოლიციამ, მაგრამ ლუქი ყველას მომძვრალი აქვს. მიკრო ავტობუსი ბავშვებისთვის სათამაშო ადგილად იქცა.
ეს სატვირთო ახლახანს ამოიღო პოლიციამ, მაგრამ ლუქი ყველას მომძვრალი აქვს. მიკრო ავტობუსი ბავშვებისთვის სათამაშო ადგილად იქცა.

ნანას ავტომანქანა ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილებამ ჩამოართვა. „დაპლომბეს და დაიწყეს გამოძიება. როგორც ვიცი, მხოლოდ ჩემი საქმის გამოძიება არ მიდის, რაღაც საქმეებია გაერთიანებული. თუ არ ვცდები, საქმეს პროკურორი ზურაბ კონცელიძე იძიებს“, – ყვება ნანა, რომელმაც უკვე გაიცნო ის ადამიანი, ვისაც მანქანა მოპარეს: – „ერთი თვის უკან გამოჩნდა ჩემი „აუდის“ მეპატრონე – მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მეც მნახა. ვუთხარი, რომ კეთილსინდისიერი მყიდველი ვარ, ფული გადავიხადე. მან თქვა, რომ 31 იანვარს მოპარეს მანქანა. იმ კაცმა, მართალია, მიმართა პოლიციას, მაგრამ სანამ განყოფილებამ აღძრა საქმე, მერე სანამ ინტერპოლს გადაეცა, დრო დასჭირდათ. ესენი კი საქართველოში სადღაც 3 დღეში შემოსულან. მე მანქანა 2015 წლის 1-ელ თებერვალს ვიყიდე“.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოველ მეპატრონეს მანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თან ჰქონდა, ისიც მანქანის გარეშე გაუშვეს უკან.

ქართველი დაზარალებულის თქმით, „აუდთან“ დაკავშირებული ქურდობა-თაღლითობის სქემა ასე გამოიყურება: „მანქანის მოპარვის შემდეგ მოსკოვიდან წამოსულან ოსეთში, სადაც გამოუცვლიათ ნომრები, გაუყალბებიათ ტექნიკური პასპორტი და საქართველოში მანქანა ჩამოუყვანიათ როგორც გამყიდველებს. უნდა მივმხდარიყავი, რომ 25 ათას დოლარად ამ მანქანას არავინ გაყიდდა, მაგრამ იმის გამო შევცდი, რომ მითხრეს კაზინოში აქვს წაგებულიო. ახლა უკვე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მანქანა დგას პოლიციის სამმართველოს ეზოში, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ასეთი პრობლემა. საჭიროა კანონმდებლობის შემუშავება, რადგან თაღლითურ სქემებს უკვე ბევრი მსხვერპლი ჰყავს“.

ელგუჯა თურმანიძისგან განსხვავებით ნანას არ სჯერა, რომ მას ვინმე დაუბრუნებს მანქანას, რომელშიც 25 ათასი დოლარი გადაიხადა: „ძალიან დიდი ზარალი განვიცადე. ყველა მეუბნება, რომ მანქანა ან უკან წავა, ან წლებით გააჩერებენ პოლიციის ეზოში და დალპება, ანუ მე მაგ მანქანას ვერ მივიღებ“.

წითელი ცირკულარით ძებნილი მანქანები ყველაზე ხშირად რუსეთიდან შემოდის.

უსკოს პირველი სხდომა სრული შემადგენლობით

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი 8 ივნისს დაიწყო. უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] დღეს არსებული სრული შემადგენლობა ასეთია:

არჩილ მიქელაძე – თავმჯდომარე,
გუგული დუაძე – თავმჯდომარის მოადგილე,
თამარ ხოზრევანიძე კომისიის მდივანი,
რამაზ გოლომანიძე – წევრი,
ზურაბ გოლიაძე – წევრი,
თორნიკე მჟავანაძე – წევრი,

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის თანახმად პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრები:

საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – მაკა ლომაძე,
საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – ირაკლი გვარამია,
თავისუფალი დემოკრატები – შორენა ჭაღალიძე,
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – კახაბერ ჯაიანი,
ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ – ფიქრია აფაქიძე,
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – მამუკა ჯაში,
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – ნუგზარ ბაჯელიძე.

ამ შემადგენლობით უსკოს სხდომა დღეს, 13 ივნისს, პირველად ჩატარდა. კომისიამ რამდენიმე საკითხი განიხილა.

აჭარის მთავრობამ, სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამჯერად უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში, კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის ერთი წევრის კანდიდატების შესარჩევად ისევ გამოაცხადა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 3,2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამავე თემაზე:

უსკო – არჩევნებისთვის სამზადისი ახალი უფროსის მოლოდინში

 

ნარგიზ ბასილაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვს

ნარგიზ ბასილაძე აჭარის მთავრობისგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვს. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნარგიზ ბასილაძე აჭარის არქივის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე უნდა აღადგინონ და სამი თვის კომპენსაცია გადაუხადონ. აჭარის მთავრობას დეკემბრიდან დღემდე ეს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს მარტში ჩაგვბარდა. დღემდე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე აჭარის მთავრობისგან, რის გამო ვერ სრულდება გადაწყვეტილება. უკვე მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისთვის“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნარგიზ ბასილაძემ. მისივე ინფორმაციით, არქივის უფროსის მოადგილე – თენგიზ სალუქვაძეს [ის ნარგიზ ბასილაძის ადგილას მუშაობს] ყალბი დიპლომი აქვს და მის წინააღმდეგ საქმეს პროკურატურა იძიებს.

„აჭარის მთავრობა ნებაყოფლობით აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას“ – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა. მისი განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე გაგრძელდა, რადგან არქივის უფროსის სამი მოადგილიდან ერთ-ერთი უნდა გათავისუფლდეს, ამას კი დასაბუთება სჭირდება: „არ გვინდა, ვისაც გავათავისუფლებთ, იმანაც სასამართლოს მიმართოს. გპირდებით, კვირის ბოლომდე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“ – ამბობს დავით გაბაიძე.

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძის თქმით, თენგიზ სალუქვაძის წინააღმდეგ მიმდინარე დავაზე ინფორმაცია მას მხოლოდ ნარგიზ ბასილაძისგან აქვს: „ჩვენ გვაქვს თენგიზ სალუქვაძის დიპლომი, რამდენად დადგინდება, რომ ის ყალბია, არ ვიცი, ეს გამოძიების საქმეა“

ნარგიზ ბასილაძე 2013 წლის თებერვალში გაათავისუფლა არქივის სამმართველოს ახლადდანიშნულმა უფროსმა – გურამ სალაძემ. „შრომისუუნარო იყო და ამიტომაც გავათავისუფლე“ – ამ სიტყვებით ახსნა მაშინ სალაძემ სამედიცინო ბიულეტენის მქონე მოადგილის გათავისუფლება. მაშინ ამ საკადრო ცვლილებაში სამოქალაქო სექტორმა პოლიტიკური დევნის ნიშნები დაინახა, რადგან ნარგიზ ბასილაძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. გურამ სალაძე ფინანსურმა პოლიციამ 2014 წლის 7 მაისს დააკავა ქრთამის აღების ფაქტზე. ადვოკატის, პაატა ბოლქვაძის ინჯფორმაციით, გურამ სალაძემ უკვე მოიხადა სასჯელის სახით 2 წელი და 2 თვე. ამჟამად იგი თავისუფალია.

 

 

პატიმრის საკონსტიტუციო სარჩელი ციხიდან

პატიმარი გიორგი ქართველიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. ის “პატიმრობის შესახებ კოდექსის” იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც ხანგრძლივი პაემნის უფლებას არ აძლევს. კანონის მიხედვით, განსაკუთრებული რეჟიმის მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ.

„მოსარჩელის დასაბუთება ეყრდნობა „საქართველოს კონსტიტუციის” მე-16 მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ყველა პიროვნებას აქვს თავისუფალი განვითარების უფლება, ასევე 36-ე მუხლს, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. პატიმარი მოითხოვს, რომ მას ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც სხვა პატიმრებს. ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს მხოლოდ ერთსაათიანი პაემნით სარგებლობის უფლება აქვს, რადგან იგი განსაკუთრებული რეჟიმის მქონე დაწესებულებაში იხდის სასჯელს” – განმარტავს გიორგი დავითური, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი სამართლებრივი მრჩეველი.

ხანგრძლივი პაემანი 23 საათს მოიცავს და მისი სარგებლობის უფლება პატიმარს თვეში ერთხელ ეძლევა. საქართველოში სულ 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა და აქედან ორი განსაკუთრებული რეჟიმის მქონეა, მათ შორისაა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც პატიმრებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ აქვთ.

 

 

პრემიები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის წინასაარჩევნოდ

ქედის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში კორექტირება შეიტანა. კორექტირებისას ბიუჯეტი 843 267 ლარით გაიზარდა.

ქედის საკრებულოს 13 ივნისის გადაწყვეტილებით, გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლები წინასაარჩევნოდ 100% -იანი სახეფასო დანამატის ნაცვლად 50%-ს მიიღებენ და საპრემიო ფონდიდან გამოთავისუფლებული 42 700 ლარით ადგილობრივი თვითმართველობა ქედაში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავების გადასახურად თუნუქის ფურცლებს შეიძენს.

ქედის საკრებულომ საკუთარი პრემიების ნაწილი მოსახლეობისთვის პირველად გაიღო, ამგვარი გადაწყვეტილება დეპუტატებს საკრებულოში დღემდე არასდროს მიუღიათ.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას კორუფციული და ამომრჩევლის მოსასყიდად გამიზნული უწოდა საკრებულოს  „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრმა ვაჟა ბოლქვაძემ, ნაციონალებთან ერთად აღნიშნულ საკითხს არც „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ქედის საკრებულოს სხდომა
ქედის საკრებულოს სხდომა

„დღევანდელ ბიუჯეტის ცვლილებას კორუფციულს ვუწოდებ, რადგან ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოების მოსასყიდათ აკეთებენ“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

ოპოზიციის შენიშვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე საკრებულო დიდი ხანია მსჯელობდა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ამ დროისთვის მიაღწია:

„ყველა თანამშრომელის სურვილი იყო პრემიის ნაწილი მოსახლეობისთვის მიგვემართა, ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული, თუმცა ბიუჯეტის კორექტირება ახლა მოხდა, ეს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით არ მიგვიღია, ხმები ისეც გვაქვს, მოსყიდვას არც ვცდილობთ და არც გვჭირდება.“

ამირან ცინცაძის ინფორმაციით, 42 700 ლარით 25 ოჯახის საცხოვრებელი სახლი გადაიხურება.
 

 

სად შეიძლება წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრა ქედაში

ქედის საკრებულომ 13 ივნისს იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა დაამტკიცა, სადაც შესაძლებელია როგორც წინასაარჩევნო პლაკატების განთავსება, ასევე შეხვედრა-აგიტაციის მოწყობა.

საკრებულომ საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩეველთან შესახვედრად ქედის სასპორტო სკოლა, სოფლის სახლები და სოფლის კლუბები შეარჩია.
რაც შეხება სააგიტაციო მასალის განთავსებას, ამგვარი მასალის განთავსება ნებადართულია ძირითადად მოსაცდელების, სოფლის სახლების ფასადებსა და სოფლის გზების დამცავი კედლების მიმდებარედ.

საარჩევნო პლაკატების განთავსება აკრძალულია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედროს აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის, სატყეო ადმინისტრაციის და სხვა საჯარო დაწესებულებების შენობებზე.

„ჩვენი გადაწყვეტილებით სააგიტაციო მასალის განთავსება უმეტესწილად მოსაცდელებზეა დასაშვები, რაც შეეხება შეხვედრა აგიტაციას ძირითადად ნებადართულია სოფლის სახლებში. იმ შემთხვევაში თუ აკრძალულ ადგილზე მოხდება წინასაარჩევნო აგიტაცია, ან აკრძალულ ადგილზე გაეკვრება პლაკატი, კანონდამრღვევზე საჯარიმო სანქცია გატარდება“  – ამბობს ქედის საკრებულოს სამნადატო საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე ამირან დევაძე.

განკარგულების მიხედვით წინასაარჩევნო პროცესსი სააგიტაციო მასალის განთავსების კანონიერებას გამგეობის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს.
 

ბათუმის პორტში 178 კილო ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – ამის შესახებ დღეს, 13 ივნისს ბათუმის პორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იქნა აღმოჩენილი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში და ბორნით უნდა გასულიყო ევროპაში, ჰოლანდიის მიმართულებით. ტრაილერს ოფიციალურად ბრინჯი გადაჰქონდა.

საბაჟო სამსახურის განცხადებით, სკანირების შედეგად მანქანის ძარაზე საიდუმლო სამალავი გუშინ ღამით დააფიქსირეს და დღეს, გამთენიისას ტრაილერზე აღმოაჩინეს დაახლოებით 178 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ ჰეროინი, სულ 356 ფუთა.

ტრაილერის მძღოლი ჰოლანდიის მოქალაქეა, იგი დაკავებულია.

შს ინფორმაციით გამოძიება 262-ე მუხლით მიმდინარეობს – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა“.

რამდენიმე სოფელი დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს

დღეს 13 ივნისს, საზღვრისპირა სოფლების – მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს. ამ სოფლებში ჰესის მშენებლობის გამო, მათ ზიანის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაცია უნდა მიეღოთ.

„ერთი კვირის წინ გვითხრეს რომ  ფულადი კომპენსაციების გაცემა დაიწყებოდა, თუმცა, შემდეგი კვირა მოვიდა და პროცესი დაწყებული არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს მანამდე, სანამ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს“- გვეუბნება საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სოფელ კირნათის მაცხოვრებელი, რეზო დიასამიძე.

კირნათის, მარადიდის, აჭარისწყლის და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, ჰესების მშენებლობის გამო კომპენსაციას ითხოვს.
კირნათის, მარადიდის, აჭარისწყლის და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, ჰესების მშენებლობის გამო კომპენსაციას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს ამ წუთებში ხელვაჩაურის გამგებელი ხვდება.

ეს „ბათუმარანია“ – ოჯახში დამზადებული ღვინისა და გემრიელი კერძების არჩევანი

ნავებზე დატვირთული ქვევრებით ღვინის გადაზიდვის პროცესი ისტორიულად შავ ზღვას და ვაზით მდიდარ აჭარის რეგიონს უკავშირდება. ეს ისტორია აჭარას საუკუნეების შემდეგ ისევ ზღვიდან, ბათუმელმა მეზღვაურმა დაუკავშირა. თქვენ ისევ ნახავთ ნავებზე დატვირთულ ქვევრებს, ამჯერად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გორგასლის №111-ში. ეს „ბათუმარანია“ – ბათუმელი მეზღვაურის იდეით დაწყებული სარესტორნო ბიზნესი.

ხმაურიანი გარესამყაროდან რესტორანში შესვლისთანავე ქალაქური სიმღერების ფონური მუსიკა სასიამოვნო, ქალაქურ სივრცეში გაგრძნობინებთ თავს. შესვლისთანავე ჩვენი მომღიმარი მენეჯერი, ზაზა დაგხვდებათ და გასაოცრად გიმასპინძლებთ. ზაზა 12 წელია, რაც ტურიზმის სექტორში, მომსახურების სფეროში მუშაობს.

ზაზა სირაძე, მენეჯერი: „სტუმრებთან ურთიერთობა, ვფიქრობ ყველაზე დიდი ხელოვნება და გამოწვევაა. ადრე სასტუმრო სექტორში ვმუშაობდი, თუმცა სარესტორნო ბიზნესი ჩემთვის გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. აქ უშუალო პასუხისმგებლობა გაქვს თითოეული სტუმრის მიღებასა და მის გამასპინძლებაზე. კარგი მუშაობით შედეგსაც სწრაფად იღებ, რაც სერვისის გაუმჯობესების და თვითგანვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბათუმარანის“ მენეჯერი ზაზა სირაძე  სტუმრებთან ერთად
„ბათუმარანის“ მენეჯერი ზაზა სირაძე სტუმრებთან ერთად
ქაბაბი
ქაბაბი

სასიხარულო ამბავი გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისთვის. რესტორანი „ბათუმარანი“ რეკომენდებულია! აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „ბათუმარანს“ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიანიჭა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ბათუმარანი“ ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ყოველივე ეს კი ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ძალიან დიდი სტიმულია რათა გემრიელად და ხარისხიანად ვუმასპინძლოთ ჩვენ სტუმრებს.”

„ბათუმარანის“ საფირმო კერძი
„ბათუმარანის“ საფირმო კერძი

ბათუმარანი“ აჭარის, ვაზის და ზღვის ინტერიერით ქალაქში, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების დიდ მოწონებას იმსახურებს და შეკრების საუკეთესო ადგილადაც იქცა. იყო შემთხვევა, როდესაც უკრაინელმა სტუმრებმა რესტორნის ადმინისტრაციას ინტერიერის ფოტოების გადაღება და გაგზავნა თხოვეს. მსგავსი უკრაინაშიც რომ გაეკეთებინათ.

აჭარაში, მხოლოდ „ბათუმარანშია“ დიდი რაოდენობის ღვინისა და ოჯახში დამზადებული არყების ფართო არჩევანი, რომელიც ტრადიციული მეთოდით მთიანი აჭარის სოფლებში იწურება და მზადდება. „ბათუმარანში“ წარმოდგენილია აჭარაში დაწურული ხუთი სახის ჩამოსასხმელი ღვინო: ჩხავერი, საწური, ცოლიკაური, ალადასტური და ნოე. ასევე აქ არის არყისა და ჭაჭის მრავალი სახეობა – თაფლის არაყი, ტყემლის არაყი, უშაქრო ტყემლის არაყი, ჭაჭა, უშაქრო ჭაჭა, არაყი მუხის არომატით, ასევე თუთის, აკაციის, ხურმის, შერეული ხილის, მსხლის, და ვაშლის არაყი.

რაც მთავარია, ადგილზე დაგემოვნების გარდა, შეგიძლიათ საუკეთესო ღვინო, ჭაჭა ან არაყი აქვე შეიძინოთ.

ალკოჰოლური სასმელები
ალკოჰოლური სასმელები
ღვინის კუთხე
ღვინის კუთხე

ჩვენ სამზარეულოში კი ნამდვილი კულინარიული დუელია. მზარეულები ერთმანეთს საუცხოო გემოს, ინგრედიენტებისა და განსაკუთრებული არომატების აღმოჩენასა და შეზავებაში ეჯიბრებიან. ამიტომაა ჩვენი თითოეული კერძი ასეთი გემრიელი და არომატული. ექსპერიმენტული კულინარიული შედევრების სიაში საფირმო კერძი „ბათუმარანი“ და „სამეფო“ ლიდერობს.

დააგემოვნეთ საფირმოდ მომზადებული ხორცის ასორტი გემრიელ დანამატებთან ერთად.

ერთ-ერთი მადისაღმძვრელი კულინარიული საიდუმლო ჩვენი მომხმარებლებისთვის სულ მალე გასაჯაროვდება.

DSC_5875

„ბათუმარანში“ სტუმრობა ნამდვილი, ბათუმური ყავით გამასპინძლების გარეშე წარმოუდგენელია. კედელზე მიდგმული პატარა ჯეზვეები მხოლოდ ინტერიერის ნაწილი არ არის. აქ ნამდვილ, ქვიშაზე მოხარშულ ბათუმურ ყავას დალევთ საიდუმლო დანამატით და თუ შესაბამისი განწყობა გექნებათ, ყავის ფიგურების გამოცნობით წარსულში, აწმყოსა და მომავალში იმოგზაურებთ.

ინტერიერის ნაწილი
ინტერიერის ნაწილი

„ბათუმარანი“ თავის სტუმრებს სპეციალურ აქციებსაც სთავაზობს. ერთგული მომხმარებლებისთვის კი განსაკუთრებული ფასდაკლების ვაუჩერი მოქმედებს.

დილის საათებში ჩვენთან ბახუს მენიუს აქცია გვაქვს! მიირთვით 100 გრამი ტყემლის ჭაჭა საჩუქრად.

რესტორნის ოთხი სხვადასხვა სივრცე თქვენ შეგიძლიათ დაბადების დღის, კორპორატიული საღამოს, საქმიანი პრეზენტაციის და სხვადასხვა წვეულების ადგილად აქციოთ.

მომსახურება 10%, სიამოვნება 100%!

რესტორანი „ბათუმარანი“ ასევე გთავაზობთ რამდენიმე დამატებით სერვისს ბათუმსა და მის შემოგარენში. ფურშეტის (ქეითერინგის) მომსახურებას თქვენი წვეულების ორგანიზებისთვის და ადგილზე მიტანის სერვისს.

ჩვენ ვებგვერდზე თქვენ ნახავთ დეტალურ ინფორმაციას მენიუსა და ფასების შესახებ. ტურიზმის რეგიონალურ ფორუმზე batumarani.ge საუკეთესო ვებგვერდად დასახელდა.

ჩვენთვის მომხმარებლების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მომსახურების სფეროს გაუმჯობესების მიზნით ვებგვერდზე შევქმენით ბლოგი, სადაც კვების ობიექტების სერვისის თემაზე საინტერესო მოსაზრებები გამოქვეყნდება.

დაგვიწერეთ მოსაზრება ბლოგის სახით batumarani.ge

გამოგვეხმაურეთ ფეისბუქზე

შეგვაფასეთ www.tripadvisor.com-ზე

მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: batumarani@gmail.com

დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება „შთაბეჭდილებების წიგნში“

დაგვირეკეთ: ტელ.: 0 422 22 78 78 ; მობ.: 555 90 30 30

რესტორანი „ბათუმარანი“
რესტორანი „ბათუმარანი“

„საოცრებათა პარკი“ კონცერტის შემდეგ

ასე გამოიყურება ბათუმში „საოცრებათა პარკი“  Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ. პარკის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ფილები დატეხილი და ალაგ-ალაგ მთლიანად ამოყრილი.

„საოცრებათა პარკში“ ფილების დიდი ნაწილი დამტვრეული და ამოყრილია.
„საოცრებათა პარკში“ ფილების დიდი ნაწილი დამტვრეული და ამოყრილია.

„ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ ფილების შეცვლაზე ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვების გამოვლენის შემდეგ, სამუშაოები დაიწყება.

„3 მაისს გამოვაცხადეთ ტენდერი, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლინდა და ტენდერი შეჩერდა“-გვეუბნებიან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

მაგდა ჯაიანის თქმით, ტენდერი 1000 კ/მ-ის დაგებაზეა გამოცხადებული. სატენდერო თანხა 182 700 ლარია.

3 მაისს გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: „NEW GEORGIA“, „ჯ-ლაინი“ და „ნიკარემსტროი“-ის ფილიალი საქართველოში. ამ უკანასკნელს ბულვარის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, კომპანიამ კი ეს გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა. შესაბამისად, ტენდერი შეჩერდა. თუმცა,  მაგდა ჯაიანის თქმით, კომპანია „ნიკარემსტროის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მაგდა ჯაიანის თქმით, „საოცრებათა პარკს“ სამი მეპატრონე ჰყავს. „ნაწილი არის ბათუმის მერიის საკუთრებაში, ნაწილს კერძო კომპანია ფლობს, თუ არ ვცდები ესპანური კომპანიაა, ხოლო ნაწილი არის ბულვარის შემადგენლობაში. ჩვენს საზღვრებში რაც არის იმ ნაწილში ფილები გამოიცვლება, მერია არს გეგმავს ვერ გეტყვით“-ამბობს ის.

Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ, ასე გამოიყურება „საოცრებათა პარკი“ ბათუმში.
Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ, ასე გამოიყურება „საოცრებათა პარკი“ ბათუმში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარში ანბანის კოშკის მიმდებარედ ფილების შესყიდვაზე [მუქი ნაცრისფერი ფილა – 200 კვ/მ. და ღია ნაცრისფერი ფილა – 800 კვ/მ] ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციამ 2016 წლის 2 მარტსაც გამოაცხადა, თუმცა ტენდერი მაშინ არ შედგა [ტენდერში, რომლის სატენდერო თანხა – 75 ათასი ლარი იყო, მონაწილეობა არავის მიუღია]. ზოგადად, დაზიანებული ფილების შეცვლა ბულვარისთვის გეგმიური სამუშაოებია და შესაბამის თანხას ბიუჯეტში წინასწარ ითვალისწინებენ.

ამოყრილია ფილები „საოცრებათა პარკში“
ამოყრილია ფილები „საოცრებათა პარკში“

13410722_10210212095365515_1121882028_o

თვითმმართველობებმა დღეს იმ შენობების ნუსხა უნდა შეადგინონ, სადაც საარჩევნო კამპანიის ჩატარება იქნება შესაძლებელი

უსკოს მიერ დამტკიცებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად, დღეს, 13 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია [აგიტაცია] და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა- ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა, აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს ცესკოს ვებგვერდზე .

თვითმმართველობებს იგივე ვალდებულება აქვთ ცესკოს მიერ დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვითაც.

ამავე გრაფიკით, ცესკომ, 13 ივნისს, თავის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში.

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] 3 216 583 ლარს დახარჯავს.

რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დღეს მოქმედი გაზრდილი ტარიფები სემეკმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგინა. მაშინ ტარიფის გაზრდის მიზეზად, ძირითადად, ვალუტის კურსის ცვლილება [ლარის გაუფასურება] დასახელდა. დღეს, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ფონზე, შეიცვლება თუ არა ტარიფები და რა შემთხვევაში? – სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკვირდებიან სიტუაციას და „ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“ ტარიფებს აუცილებლად დააკორექტირებენ.

ვინაიდან ენერგეტიკის სფერო საქართველოში რეგულირებადია, ტარიფების კორექტირებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისია [სემეკი] გეგმიურად, წელიწადში ერთხელ ახდენს და ფასებს ბაზარი ვერ არეგულირებს. შესაბამისად, ტარიფი, ზედა ზღვარი, რასაც სემეკი უდგენს ენერგოკომპანიებს, იცვლება ან იგივე რჩება. სემეკის მიერ დადგენილი ახალი ან არსებული ტარიფები ძალაში ყოველი წლის პირველი იანვრიდან შედის და ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს. სემეკს აქვს უფლება ტარიფები არაგეგმიურადაც დააკორექტიროს ანუ შეცვალოს.

გასულ წელს ტარიფები ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა, ვინაიდან, როგორც სემეკში აცხადებენ, გამანაწილებელი კომპანიები, რომლებიც ყიდიან ელექტროენერგიას მომხმარებლებზე, ამ ენერგიას ყიდულობენ გენერაციის სხვადასხვა წყაროდან, ასევე ყიდულობენ იმპორტირებულ ელექტროენერგიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ კომპანიას საკუთარი ელექტროსადგურებიც გააჩნია.

„შესყიდვების კალათაში არის ჰიდროსადგურებიდან, თბოსადგურებიდან შესყიდული ენერგია და მათ შორის იმპორტიც. იმპორტირებულ ელექტროენერგიას კი ყიდულობენ აშშ დოლარში [შესაბამისი კურსით ლარში]. რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, ეს სადგურები მუშაობენ ბუნებრივ აირზე, რომელსაც ისინი ასევე დოლარში ყიდულობენ. ამიტომ, ვალუტის კურსის ცვლილება პირდაპირ ურტყამს ამ კომპონენტს. როცა დოლარის კურსი იზრდება _ ლარი უფასურდება, თბოელექტროსადგურების ტარიფები [გასაყიდი ფასი] ძვირდება და იზრდება იმპორტირებული დენის ტარიფიც. თბოსადგურებიდან შესყიდული ენერგიის წილი კი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, გამანაწილებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია. გაიზარდა იმპორტის საფასური, გაიზარდა თბოსადგურების ტარიფები – ამიტომ გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფებიც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

საქართველოში დღეს ოთხი თბოელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომელთაგან მხოლოდ ერთია [გარდაბნის] სახელმწიფო საკუთრებაში, დანარჩენი სამი კი კერძო კომპანიების საკუთრებაშია [მათ შორის ერთი – „ჯი-თაუერი“ „ენერგო-პრო ჯორჯიას~ კუთვნილებაა და მისგან 1 კვტ/სთ ენერგიას 7,5 თეთრად ყიდულობს. ეს ტარიფიც სემეკის მიერაა დადგენილი].

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, გოჩა შონიას თქმით, თუ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, ანუ თუ დაღმავალი მიმართულებით გაგრძელდა პროცესი, კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ტარიფთან დაკავშირებით: „შარშან ტარიფები გავზარდეთ დაახლოებით 30-35%-ით, რადგან 1 აშშ დოლარის შესყიდვის კურსი 1,70-დან ავიდა თითქმის 2,40-ლარამდე“.

კითხვაზე, იმისთვის, რომ დენის ტარიფმა დაიკლოს, აუცილებელია დოლარის კურსი 1,7 ლარამდე დაეცეს? – სემეკის წევრი პასუხობს:  „ასე ცალსახად ვერ ვიტყვით…

ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაში წერია, რომ ტარიფი იცვლება ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში. ანუ, თუ იმავე პროცენტული მაჩვენებლით დავარდება კურსი, როგორც გაძვირდა [ადრე გაიზარდა 30-35%-ით, ამჯერად კი კლება 10-15%-ია] შეგვიძლია ტარიფების კორექტირება“.

გოჩა შონია აცხადებს, რომ გამანაწილებელი კომპანიები ელექტროენერგიის შესყიდვებში არაფერს არც იგებენ და არც აგებენ: „ვთქვათ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  1 კვტ-ის შესყიდვა უჯდება 10 ცენტი, ის იმავე 10 ცენტად ყიდის. მოგება კონკრეტულად ამ შესყიდვის კომპონენტში არ აქვს. მოგება კომპანიას აქვს საკუთარ კომპონენტში – განაწილების ტარიფში, რომელიც არის მისი შემოსავლის წყარო. მაგალითად, „თელასმა“ იყიდა 2 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია სხვადასხვა ელექტროსადგურიდან და დაუჯდა საშუალოდ 10 თეთრი 1 კვტ. ის დაამატებს თავის მარჟას – განაწილების ტარიფს რასაც ვეძახით – სიტყვაზე, 4 თეთრს და მოსახლეობას მიჰყიდის 14 თეთრად. ეს 4 თეთრი არის კალათის შემოსავალი, ხოლო 10 თეთრი ის, რაც უნდა გადაუხადოს შესაბამის გენერაციის ობიექტებს 1 კვტ ენერგიაში“.

გოჩა შონიას თქმით, სემეკი ტარიფების კორექტირების პროცესს წელს, გეგმიურად, აგვისტოდან დაიწყებს; „წესით, იანვრამდე ხუთი თვით ადრე ვიწყებთ ტარიფების გადახედვის პროცედურებს. სემეკი იმუშავებს იმაზე, რომ დაადგინოს კომპანიამ რა მიიღო ზედმეტი, თუ მიიღო რამე [შემოსავლები, ხარჯები] და არსებულ სიტუაციაში რამდენად რეალურია ის ტარიფები, რაც არის როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე. თუ, ვთქვათ, მოხდა ისე, რომ 35-40-50%-ით გამყარდა ლარი, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიმსჯელოთ და დავაკორექტიროთ, ანუ დავწიოთ ტარიფი“.

ამავე თემაზე:

რამდენით შეიძლება მოიმატოს დენის ტარიფმა

ენერგო პრო ჯორჯიას“ გენდირექტორი: ტარიფი ერთი ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა ევროდირექტივებს ეწინააღმდეგება

ბათუმში მეხანძრე-მაშველის დღე აღნიშნეს [ფოტო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით , მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე საქართველოში წელს პირველად აღნიშნეს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, 12 ივნისს, ბათუმში ჩატარდა.

20160612_110839ღონისძიებას უშუალოდ მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, ხოლო სააგენტოს პენსიაზე გასული თანამშრომლები მედალიონებით დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 13 ივნისს, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელი დაერქმევა. ზურაბ მუზაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა თბილისში წყალდიდობის დროს.

ღონისძიების დასასრულს, ხმელეთსა და ზღვაზე სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება გაიმართა.

20160612_10104820160612_10425420160612_10584120160612_10593520160612_11161020160612_11194320160612_11193320160612_11233820160612_10074020160612_11261120160612_112727

მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე ბათუმში აღინიშნა. 12.06.2016 | ფოტო: თედო ჯორბენაძე
მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე ბათუმში აღინიშნა. 12.06.2016 | ფოტო: თედო ჯორბენაძე

დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით,  დღეს 11 ივნისს კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ეს მესამე დელფინია ბოლო სამი დღის განმავლობაში.

„7 ივნისს, რიგით მეორე პატარა, „მონიკას“ შეეძინა (პირველი შვილი ნინია), 10 ივნისის შუაღამით დედა დელფინი სახელად „ბელუჩი“ გახდა, ხოლო 11 ივნისს, გამთენიისას ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი „ცუცამ“  შემატა. პატარების სქესი ჯერჯერობით უცნობია“- აცხადებს ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია.

ამავე ინფორმაციით, ახალშობილებისა და მათი დედების უსაფრთხოების გამო, დროებით შეჩერებულია დელფინებთან ინტერაქტივის სერვისი, „ცვლილებები მოხდა შოუს ნომრებშიც, შესაბამისად ქრონომეტრაჟშიც“.

ადმინისტრაციის განცხადებით, ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა, მსგავსი პრეცედენტი, ბათუმის დელფინარიუმში უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. „ეს ფაქტი უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ“.

ბათუმის დელფინარიუმის ახალი ბინადარი
ბათუმის დელფინარიუმის ახალი ბინადარი

„ახალშობილები და დედები თავს კარგად გრძნობენ. მზრუნველობას არ აკლებენ პატარებს, ჩვეულებისამებრ, გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედები ახალშობილებს წყლის ზედაპირზე ამოაცურებენ ხოლმე. მას შემდეგ კი პატარები დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავენ. მცირე პერიოდის შემდეგ დედა პატარას რძით კვებას იწყვებს. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება“.

დელფინარიუმის ცნობით, მატების სტატისტიკა ფიქსირდება ფეხფარფლიანთა განყოფილებაშიც. „გახსნის დღიდან 5 სელაპი – გუდუნა, გიგუნა, სოსო, პელე და ჯონი დაიბადა.

საპროტესტო აქცია ქობულეთში

დღეს, 11 ივნისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 376-ში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ზღვისპირა პარკის ნაწილის გასხვისებას ეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად დარჩეს და აქ არ აშენდეს მაღლივი შენობები.

სადავო ტერიტორია სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მიმდებარედაა. წინა ხელისუფლების დროს ტერიტორია ყაზახ ინვესტორებს გადაეცა, თუმცა  ინვესტიცია არ განხორციელებულა. „ადრე აქ კარდიოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებდა, რადგან მწვანე ზოლზე არსებული უნიკალური ჯიშის სამკურნალო მცენარეებია დარგული. აპირებენ ამ ტერიტორიის გასხვისებას, რისი წინააღმდეგიც ვართ,“-ამბობს მოსახლეობა.

აქციაზე დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფება. აქციაზე იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, რომელიც გვეუბნება, რომ აქციის მონაწილეებს ქობულეთის გამგებლის მოადგილე შეხვდა. „მან მოსახლეობას მისცა პირობა, რომ ტერიტორია გაიწმინდება, მოწესრიგდება, თუმცა იმის გარანტია მოსახლეობას ვერ მისცა, რომ ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  ეს საკითხი მოლაპარაკების თემაა და მოსახლეობასთან  გარკვეულ პირობებზე შეთანხმება შეიძლება: „როცა მთავრობა უკან დაიბრუნებს ტერიტორიას, შეიძლება ნაწილი დავტოვოთ პარკად, ნაწილი კი ინვესტორზე გასხვისდეს“.

მათემატიკა – ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლი“

2016 წლის საატესტატო გამოცდებზე მათემატიკაში 5 600 მოსწავლე ჩაიჭრა. მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობა აჭარაში წინა წელთან შედარებით 7-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა. დირექტორების აზრით, ის, რომ მასწავლებელმა შედეგი ვერ მიიღო, მისი სკოლიდან გაშვების საფუძველი ვერ გახდება. რაში ხედავენ მათემატიკის მასწავლებლები და დირექტორები წარუმატებლობის მიზეზებს?

უფროსი კატეგორიის მასწავლებელი ქემალ ხიმშიაშვილი ბათუმის 22-ე  საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წელს ამ სკოლაში  მათემატიკის გამოცდა 18-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. აქედან, ექვსი მოსწავლე მეორედ გავიდა გამოცდაზე და მაინც ჩაიჭრა.

მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლიდან საყვედურის მოლოდინი მაინც აქვს. „მაქვს ეს განცდა, რომ შეიძლება არ დამითხოვონ, მაგრამ დიდ საყვედურს მაინც მივიღებ. შევეცდები ყველა ზომა მიიღოს სკოლამ, რომ გაკვეთილები აღარ გაცდეს.“

ზოგიერთი მოსწავლის თქმით, ჩაჭრილ მოსწავლეთაგან 1-2 პედაგოგთან კერძოდაც ემზადებოდა, თუმცა ქემალ ხიმშიაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ტყუილია ეს, აბიტურის საათებიც კი არ მქონია წელს მე-12 კლასელებთან“, –  ამბობს ის.

მასწავლებლის აზრით, ჩაჭრის მიზეზი შეიძლება ემოციური ფონი იყოს, რადგან ერთ მოსწავლეს სასწრაფო დახმარებაც დასჭირდა. „არ მქონდა იმის განცდა, რომ ეს ბავშვები გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ხუთ ქულას რომ ძლივს ვუწერდი“.

პედაგოგის აზრით, წარუმატებლობის მიზეზი დაბალი მოტივაციაცაა: „დაამთავრა უმაღლესი, ვერ დასაქმდა, ოქროს მედალი აიღო და არანაირი პრივილეგია არ აქვს. ამ ყველაფერმა იმოქმედა.“

თუკი მოტივაცია დაბალი აქვთ მოსწავლეებს, მაშინ რატომ გადიან ჩაჭრილები მომდევნო წელს გადაბარებაზე? –  ქემალ ხიმშიაშვილის აზრით, ეს მენტალობის ამბავია: „რა გითხრა აბა, საქართველოა, ხომ იცით“.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ მათემატიკის მასწავლებლის გაშვებას ჩაჭრილი მოსწავლეების გამო არ აპირებს. „იმის გამო, რომ შედეგი ვერ დადო, პედაგოგის სკოლიდან გაშვება არ არის სწორი. უბრალოდ, სკოლა გამოიკვლევს მიზეზებს, რაში დავუშვით შეცდომა და მონიტორინგის შემდეგ გამოვასწორებთ ამ შეცდომების.“

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ მათემატიკა ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლია“, რაშიც ნაწილობრივ პედაგოგების ბრალსაც ხედავს: „ჩვენს სკოლაში 22 მოსწავლე ჩაიჭრა და აქედან 19 მოსწავლე მათემატიკაში.  მიზეზი ის არის, რომ სუსტად არიან მოსწავლეები მომზადებული. პრობლემაა ისიც, რომ კვალიფიციურად ვერ ვასწავლით“.

დირექტორის თქმით, არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც სკოლა ჩაჭრილი მოსწავლეების სიმრავლე-სიმცირის საფუძველზე მასწავლებელს დაითხოვს: „ეს გამორიცხულია, ამის მექანიზმი არ არსებობს. მასწავლებლის კომპეტენციის დადგენა სკოლას არ შეუძლია. სკოლას მხოლოდ ის შეუძლია, რომ მოძებნოს გზები და მათემატიკის სწავლება გააუმჯობესოს“.

მე-16 საჯარო სკოლაში მათემატიკას 64 წლის პრაქტიკოსი მასწავლებელი, ზურაბ ძველაია ასწავლის. მისი აზრით, წელს გამოცდებზე იმიტომ ჩაიჭრა ბევრი, რომ კონტროლი გამკაცრდა. „წინა წლებში ბავშვები ერთმანეთის დახმარებით აბარებდნენ. ამას ნებისმიერი მასწავლებელი დაგიდასტურებთ. წელს კი ამის საშუალება არ იყო“, – გვეუბნება ის.  მასწავლებლის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ამის შესახებ იცოდნენ _ თუმცა, `უწინ თვალს ხუჭავდნენ და წელს არ დახუჭეს თვალი“.

მე-16 საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდებს მთლიანობაში 82 მოსწავლე აბარებდა.

127 მოსწავლიდან ცხრა მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკაში ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაშიც.

50-დან 18 მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკაში, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორის თამარ გოგიშვილის თქმით, წელს მეთორმეტეკლასელების აკადემიური დონე დაბალი იყო: „მასწავლებელი უნდა იყოს კვალიფიციური, რადგან უფროსი კატეგორიის მასწავლებელი მათემატიკაში მყავს ორი, მაგრამ სერტიფიკატი აღებული აქვთ 1-6 კლასების ჩათვლით, მაღალ კლასებში სერტიფიცირებული მასწავლებელი არ მყავს“. დირექტორის თქმით, მოსწავლეები არ იყენებდნენ აბიტურის საათებს მოსამზადებლად, „ათი მოსწავლე ეროვნულ გამოცდებზე იყო დარეგისტრირებული და ალბათ კერძო რეპეტიტორთან ემზადებოდნენ. ერთმა მშობელმა მითხრა, რომ 120 დოლარს იხდიდა მომზადებაში, მაგრამ მარტო რეპეტიტორი ვერ უშველის, თუ მოსწავლემ არ მოინდომა“.

118 მოსწავლიდან 22 ჩაიჭრა ბათუმის #18 საჯარო სკოლაშიც. აქედან დაახლოებით იგივე რაოდენობაა ჩაჭრილი სხვა საგნებშიც. დირექტორი რამაზ ადაძე მიიჩნევს, რომ წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ პედაგოგი არ არის და მოსწავლემ კარგად უნდა გამოიყენოს აბიტურის საათები. „წელს ცოტა გამკაცრებულიც იყო საგამოცდო პროცესი, ყველაფერზე შენიშვნას აძლევდნენ და შეიძლება ამანაც იქონია გავლენა,“-  ამბობს დირექტორი.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის, ირინა აბულაძის შეფასებით, დირექტორმა მასწავლებლის ავკარგიანობაზე გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ხელთ შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს და „ეს მხოლოდ მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა არ არის“.

„ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესის შეფასება, რომელიც სქემაშია განსაზღვრული. სკოლის შეფასების ჯგუფმა უნდა შეაფასოს მასწავლებლის პორტფოლიო და თუ შეფასების ჯგუფი დაინახავს, რომ მასწავლებელი ვერ აუმჯობესებს საგაკვეთილო პროცესს, არ აქვს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც ჰქონდა მიცემული, დირექტორს შეუძლია განიხილოს ეს საკითხი სკოლის სამეურვეო საბჭოსთან და პედსაბჭოსთან ერთად და მიიღოს გადაწყვეტილება პედაგოგის დათხოვნის შესახებ“- ამბობს ის.

რაც შეეხება სკოლებში მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებას, ირინა აბულაძის თქმით, მათემატიკაში შარშან ჩატარდა ეროვნული კვლევა, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.

ირინა აბულაძის თქმით, კურუკულუმი მე-7-დან მე-12 კლასამდე მათემატიკის მიმართულებით მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო სტანდარტებს უწესებს: „მხოლოდ სავარჯიშოების მიცემა მათემატიკურ აზროვნებას ვერ განავითარებს, მოსწავლეს უნდა შეეძლოს მათემატიკური ფიგურების სივრცითი წარმოსახვა, სხვადასხვა სიმულაციები და ა.შ. ამიტომ მასწავლებლებთან უნდა ვიმუშაოთ ამაზე“.

ირინა აბულაძის თქმით, წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში მათემატიკის მასწავლებელთა საგნობრივი ტრენინგებიც არის დაგეგმილი.

20-20 ლარი გიორგი ტატიშვილის სასარგებლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლა დაავალდებულა, გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას – „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციის მიწოდების გარდა 20-20 ლარიც გადაუხადონ. გიორგი ტატიშვილი სარჩელში თითოეულ საჯარო სკოლას არა მარტო საჯარო ინფორმაციას, არამედ 599 ლარს, როგორც ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ბათუმის მე-11 საჯარო სკოლამ მოგვაწოდა, გიორგი ტატიშვილი მათ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით სკოლაში არსებულ ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლს თხოვდა. მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების მასალებს, რომელიც ისედაც საჯაროა და ატვირთულია ვებგვერდზე: სპა.გე

„არ ვიცი, რა არის მისი მიზანი, ინფორმაციის მიღება თუ სხვა რამ, რადგან დოკუმენტაციის დიდი ნაწილი მივაწოდეთ, ნაწილზე მივუთითეთ, რომ ისედაც საჯაროა და ატვირთულია ელექტრონულად, მაგრამ მაინც ქსეროასლებს ითხოვდა. მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გადაეხადა მოსაკერებელი, რადგან დიდ ინფორმაციას ითხოვდა და ამდენი ფურცლის დაქსეროქსება არა მარტო ადამიანურ რესურს და დროს მოითხოვს, ფინანსურადაც ძვირი ჯდება. თუმცა, გიორგი ტატიშვილმა არ გადაიხადა მოსაკრებელი და სასამართლოში გვიჩივლა,“ –  ამბობს დირექტორი მანანა მიქელაძე.

სასამართლოში სკოლის ინტერესებს ბათუმის რესურსცენტრის იურისტი, მიხეილ რიჟვაძე იცავდა. ადვოკატის თქმით, სასამართლოზე, რომელიც 27 მაისს გაიმართა, გიორგი ტატიშვილმა შეამცირა საჯარო ინფორმაციის მოცულობა და მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

„გარდა ამისა, ის ითხოვა 599 ლარს საადვოკატო მომსახურებისთვის (ორგანიზაციის ხელმძღვანელიც და ადვოკატიც თვითონ გიორგი ტატიშვილია). სასამართლომ 20-20 ლარის გადახდა ექვს საჯარო სკოლას დააკისრა,“ – გვეუბნება ადვოკატი.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს არ ჩაბარებია. უცნობია აპირებს თუ არა გიორგი ტატიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„მე ჯერ არ ვაპირებ ამ 20 ლარის გადახდას, რადგან არ ვიცი რას იზამს გიორგი ტატიშვილი,“ –  ამბობს მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია.

საჯარო სკოლები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებენ ჩამოტვირთონ ელექტრონულად ატვირთული, ხელმისაწვდომი ინფორმაცია და შემდეგ ისევ ელექტრონულად გადაუგზავნონ გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას.

საჯარო სკოლები ამბობენ, რომ გიორგი ტატიშვილმა ანალოგიური მოტივით ათეულობით სკოლას უჩივლა, მათ შორის თბილისში.

სტუდენტური მოძრაობის წერილი პრემიერს

დღეს 11 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტუდენტური მოძრაობა – „ავტონომია უნივერსიტეტის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს. სტუდენტები საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს, წერილობით მიმართავენ.

სტუდენტების განცხადებით, წერილი შეეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობების საკითხს და გარე ძალების ჩარევას საუნივერსიტეტო პროცესებში.

„წერილი ასევე შეიცავს ყველა იმ ფაქტის აღწერას, რაც მოხდა უნივერსიტეტში 21 მარტიდან დღემდე. იმას, რომ არ მოხდა პროცესების ობიექტურად შეფასება და დანაშაულების გამოძიება. აქედან გამომდინარე ვითხოვთ პრობლემის გადაჭრის პოლიტიკურ ნებას“ – გვეუბნება სტუდენტური მოძრაობის წევრი, გიორგი ბაგრატიონი.

მისივე თქმით, წერილი განათლების ახალ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავასაც გადაეგზავნება.

ველორბოლა, შეჯიბრი სირბილში – ბულვარსა და „ჰილტონის“ კიბეებზე

დღეს, 11 ივნისს „ჰილტონ ბათუმი“ ყოველწლიურ საქველმოქმედო მარათონში ჩაერთო, რომელსაც „ჰილტონის“ ქსელი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ახორციელებს. მარათონი – „შემოვიაროთ მსოფლიო ერთ დღეში“, ბათუმში სპორტული აქტივობებით დაიწყო. დილის 11 საათიდან, ბათუმის ბულვარში ველომარათონი მიმდინარეობს, სადაც პროფესიონალ ველომრბოლელებთან ერთად, მოყვარულებიც მონაწილეობენ.

„ზოგი 5 კილომეტრს გადის, ზოგი ცხრას. შემდეგ ჩვენ ვაჯამებთ კილომეტრებს და ასე ვაგროვებთ 40075 კმ-ს  დედამიწის გარშემო“ – გვეუბნება ჰილტონ ბათუმის“ მარკეტინგის აღმასრულებელი, თეონა დუმბაძე.

„ჰილტონის“ საქველმოქმედო სპორტული მარათონი ბათუმში
„ჰილტონის“ საქველმოქმედო სპორტული მარათონი ბათუმში

11-საათიდან 14:00 საათამდე ბულვარში გაიმართება სირბილში შეჯიბრი. წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები, უნივერსიტეტიდან მოცეკვავე შადრევნებამდე, დაახლოებით ხუთი კილომეტრის დისტანციაზე ირბენენ. „სასტუმრო „ადმირალიდან“ შემოგვიერთდა 15 ადამიანი და  უკვე ირბინეს“ – გვეუბნება თეონა დუმბაძე.

15-იდან 17 საათამდე კი სასტუმრო „ჰილტონში“ კიბეებზე სირბილია დაგეგმილი.

13412878_841585432613034_9018324899678440361_n

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობისთვის  10-ლარიანი, 25-ლარიანი და კორპორატიული ვაუჩერის შეძენაა აუცილებელი.

პაკეტის გაყიდვიდან შემოსული თანხა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოხმარდება. „ამ დროისთვის 1500 ლარამდეა შემოსული, ზუსტი მონაცემები გვექნება დღის ბოლოს“ – გვეუბნება თეონა დუმბაძე.

უსკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.

ანალოგიური გრაფიკი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 8 ივნისს დაამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც [ცესკო].

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 3,2 მილიონი ლარი დაიხარჯება

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] 3 216 583 ლარს დახარჯავს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი უსკომ 7 ივნისს დაამტკიცა.

უსკოს გადაწყვეტილებით საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაში [ხელფასებში] დაიხარჯება – 2 319 743 ლარი; საქონელი და მომსახურებაში – 888 840 ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივები – 8000 ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

Exit mobile version